მთავარი,სიახლეები

„იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს არ გქონდეს დიდი მომავალი“

13.06.2022 • 1095
„იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს არ გქონდეს დიდი მომავალი“

ეკატერინე გურგენიძე 23 წლისაა. ის იმ თაობას წარმოადგენს, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა. ცხოვრობს ბათუმში. ხელოვანია – მოცეკვავე და მომღერალი. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. მამა სუხიშვილების სოლისტი იყო. ამბობს, რომ პროფესია, როგორც უმცროს თაობას, ისე გადაეცა.

ამბობს, რომ მიზანდასახული თაობის წარმომადგენელია, რომელსაც არ ეზარება მუშაობა და თავდაუზოგავად შრომობს.

ეკატერინესთან ინტერვიუ სწორედ შრომაზე საუბრით დავიწყეთ. რადგან ეს, მისი თაობისათვის დამახასიათებელ მთავარ ნიშნად დაასახელა.

  • ეკატერინე რამდენ ადგილას გიმუშავიათ დღემდე და სად?

თუკი რამე სამსახური არსებობს ბათუმში, ყველგან მიმუშავია. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე მუშაობა. 13-14 წლის ვიყავი, როცა ფლაერებს ვარიგებდი. არასდროს არ მინდოდა რომ სახლში ვყოფილიყავი. ზუსტად იმისკენ ვიყავი მოტივირებული, რომ მემუშავა და ჩემი გამომუშავებული თანხა მქონოდა.

15-16 წლის რომ გავხდი, სერიოზულად მოვკიდე ცეკვას ხელი. თავიდან ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლ „ბათუმში“ დუბლებში მივედი. ახლა იქ მოცეკვავე-მსახიობი ვარ. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ მქონია სიმღერის ნიჭიც. მივედი ერთ-ერთ ბენდში და ეს ორი პროფესია ერთმანეთს შევუთავსე. არ მესმის, როცა ამბობენ, რომ ერთ საქმეს უნდა მოკიდო ხელი და მიიყვანო ბოლომდე. არა.

შეიძლება, რომ ორი-სამი საქმე აიღო და ისინიც მიიყვანო ბოლომდე. შეძლებ ყველაფერს თუკი ამის სურვილი გაქვს.

  • თქვენ გამონაკლისი ხართ თქვენი თაობაში თუ სხვებიც თქვენს მსგავსად მუშაობენ?

არა, არ ვფიქრობ, რომ გამონაკლისი ვარ. თუ ხელოვნებაში არა სხვა სფეროში მაინც ჩემი თაობის წარმომადგენელი ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაფერს მიაღწიონ და განვითარდნენ.

  • როგორია თქვენი თაობა?

ორი სიტყვა, რომლითაც მინდა შევაფასო ჩემი თაობა – შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა. წინა თაობისგან განსხვავებით ვფიქრობ, რომ ჩემი ასაკის ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი ჩადონ შრომაში. ისე რომ მერე ინვესტიციურად ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდეთ. ჩემი თაობის ბავშვები ძალიან შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან.

  • ტიკტოკზე პოპულარული ხართ. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ მოხდა ეს?

ეს იყო მართლა ძალიან სპონტანურად. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ტიკტოკზე დავაჭერ ვიდეოს დაწყებას, გიტარას ავიღებ და ვუკრავ ხოლმე. ასე გადავიღე ვიდეო და დავდე. გეფიცებით, რომ ავტვირთე არ მინახავს რამდენმა ნახა ან რამე. წავედი სამსახურში. სამსახურებიდან რომ დავბრუნდი სახლში, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათასი ნახვა ჰქონია იმ დღესვე. მერე ისე აიტაცეს, მილიონ ნახევრამდე ავიდა. სხვადასხვა ექაუნთები იღებდნენ ამ სიმღერაზე ტიკტოკს. მერე რაღაცა კომპანიები გამოჩნდა, ტელევიზიები გამოჩნდნენ და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა მიცნობს ამ სიმღერით.

თავიდან ძაან გაშტერებული დავდიოდი ხოლმე გარეთ. ახლა უკვე მცნობენ. მეუბნებიან – შენ ის არა ხარ და ეგრევე  სიმღერას იწყებენ „ლალები, „ლალები“. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მართლა სერიოზული წარმატება მომიტანა „ლალებმა“.

ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა.

არასდროს არ მეგონა, რომ სიმღერით გამიცნობდა ხალხი. იმიტომ, რომ ჩემი ძირითადი პროფესია არის ცეკვა-მსახიობობა.

მაინც ვთვლი, რომ პოპულარობა მარტივია საქართველოში. რაღაცა არაპროგნოზირებადია. ვერც მიხვდები რამ შეიძლება გაგხადოს პოპულარული. წარმოიდგინეთ, 4 წლიდან ვცეკვავ, ვარ პროფესიონალი მოცეკვავე. უცებ ერთი „ლალები“ ჩავწერე და აღმოჩნდა, რომ მთელმა საქართველომ გამიცნო.

  • რა არის თქვენთვის ტიკტოკი?

პირველ რიგში გართობის პლატფორმაა. ჩემი უდიდესი მოწიწება ნამდვილ ტიკტოკერებს. იმიტომ, რომ თავიდან ვიძახდი, რომ რას შვრებიან [განსაკუთრებულს], თავისუფალ დროს ატარებენ, ერთ-ორ ვიდეოს დებენ და ამით როგორ გახდნენ ინფლუენსერები-მეთქი.

თურმე იმხელა შრომა ნდომებია…. თუნდაც 10-15 წამიან ცეკვის ვიდეოს რომ ვწერ ხოლმე, დიდი შრომა სჭირდება.  ტიკტოკი მე მაქვს გართობისთვის. არ მაქვს იმის დრო, რომ სულ ტიკტოკი ვიღო და ამაზე ვიყო ორიენტირებული.

როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, რომ ეს თავისუფალი დრო სახალისოდ გავიყვანო. ხალხმა აიტაცა [ჩემი ნამღერი] და ძალიან მომწონს, რომ 47 ათასი გამომწერი მყავს.

ვფიქრობ, რომ ბათუმელი, პატარა დასავლეთელი გოგოსთვის არ არის ძალიან ცოტა.

ვნახოთ იმედია მომავალში მეტი ფოლოვერი მომემატება.

  • ტიკტოკს საქველმოქმედოდაც იყენებთ. რამდენიმე ვიდეო გაქვთ, სადაც ბებოებს თანხას აძლევთ…

მე მყავს ბებო კოვიდით გარდაცვლილი. ბებო რომ გარდაიცვალა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ არ ვუკრავდი გიტარაზე.

არც ვმღეროდი. რამდენიმე თვე რომ გავიდა, გადავწყვიტე გამეკეთებინა საქველმოქმედო ლაივი ტიკტოკზე. მეთქი ხალხი როგორაც შედის ლაივებზე, მეც ისე შევალ, მივუთითებ საქველმოქმედო ანგარიშის ნომერს, რომ ჩარიცხოს თანხა ლაივის მაყურებელმა.

პირველ ლაივზე 55 ლარი აგროვდა. გავიქეცი და მაშინვე მოვხსენი. მინდოდა იმ ბებოებს დავხმარებოდი, ვინც ბათუმში, გარეთ იჯდა და [ფულს ითხოვდა]. პირველად საკონდიტრო „დონასთან“ რომ ბებო იჯდა იმას დავეხმარეთ. საოცარი ემოციებით გამოგვაცილა. მეორე ლაივზე ასი ლარი აგროვდა. ბარბარეს ეკლესიასთან რომ ბებო ზის, იმას დავეხმარე. მესამე საქველმოქმედო ლაივზე ცოტა მეტი თანხა შემოვიდა, ამიტომ გავყავი თანხა და ძველ ბათუმში ორ უსაყვარლეს ბებოს დავეხმარე.

  • რა ინტერესები გაქვთ, სად დადიხართ, როგორ ერთობით?

ტიკტოკის გარდა, პირველ რიგში, იქ ვერთობი, სადაც ვუკრავ ხოლმე, რესტორანში. როცა ვმღერი, თავისით მოდის ეს გართობაც და დროის კარგად გატარებაც.

საგანგებოდ გართობას იშვიათად ვგეგმავ, რადგან ამდენი სამსახურის გამო დროც არ მაქვს, რომ პარასკევობით ან შაბათობით გავიდე.

საკუთარი სტუდია მაქვს. ცეკვას ვასწავლი. ამიტომ ყოველთვის სპონტანურად ხდება გართობა, რაც ნიშნავს სადმე ყავაზე ჩამოჯდომას, ან ჩაის დალევას, მეგობრებთან ჭორაობას და ა.შ.

  • რამდენად ბრძოლისუნარიანია თქვენი თაობა?

საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, მეც ხომ ვარ ამ თაობის წარმომადგენელი, ძალიან ბრძოლისუნარიანი ვარ.

არასდროს არ ვნებდები და ყოველთვის მგონია, რომ ბრძოლა შედეგს გამოიღებს. თუ ერთხელ არ გამოვიდა, მეორეჯერ გამოვა, თუ მეორედ არ გამოვიდა, მესამედ გამოვა. თუ ეს საქმე არ გამოვა, შეიძლება ვიპოვო სხვა საქმე, რომელიც აუცილებლად გამომივა.

თაობაზე რომ ვთქვა, კი, ძალიან ბრძოლისუნარიანი თაობა ვართ.

  • იყო ახალგაზრდა საქართველოში…

იყო ახალგაზრდა საქართველოში ნიშნავს, სამწუხაროდ, არ გქონდეს დიდი მომავალი. მართლა.

მაგრამ ისევ თაობას რომ დავუბრუნდეთ, მჯერა, იმედი მაქვს… ზოგადად, მე ძალიან მიჭირს ქვეყნის დატოვება. მეუბნებიან ხოლმე მეგობრები, რა გინდა მღერი, ცეკვავ, ხელოვანი ხარ, გთხოვ დატოვე ეს საზღვრები და გადი. არა, მართლა აი, ჩაქვის გვირაბს რომ გავცდები, არათუ საქართველოს, არამედ ბათუმის დატოვებაც მიჭირს ხოლმე.

იმდენად შესისხლხორცებული ვართ მე და ეს ქალაქი, რომ აქედან გასვლა მართლა ვერ წარმომიდგენია.

ასევე საქართველოს დატოვებაც ვერ წარმომიდგენია ამ ეტაპზე. არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ საქართველოსაც ვერ ვტოვებ.

ვიცი სამწუხარო რეალობა ამ ქვეყნის, რომ არ გვაქვს უზრუნველყოფილი მომავალი… რომ რაც არ უნდა იშრომო, მაინც შეიძლება ვერაფერი გამოვიდეს.

ვიყო ამ ქვეყნის მოქალაქე, ნიშნავს ალბათ იმასაც, მქონდეს იმედი, რომ ძალიან კარგი მომავალი გვექნება ყველას.

  • რამდენად გაძლევთ ეს ქვეყანა საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას?

ამ ეტაპზე არ ვარ უკმაყოფილო. იმდენ რამეს ვაკეთებ, ყველაფერს მართლა ისე ვედები… არ შეიძლება ადამიანი ესე ელემენტარულითაც უკმაყოფილო იყოს. რა თქმა უნდა, არის უფრო მეტი პოტენციალი სხვა ქვეყნებში და შეიძლება უფრო მეტად განვითარდე, მაგრამ იმდენად მიყვარს საქართველო, რომ ამ ეტაპზე არ მაქვს წუწუნის დრო.

ყველას ვეუბნები, რომ არ არის წუწუნის დრო. იმუშავეთ და რაც იქნება შედეგი, იმით იყავით კმაყოფილი.

რა თქმა უნდა, მინიმალური და ძალიან ცუდი შედეგით არ უნდა იყო კმაყოფილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე მაინც ყველა მიაღწევს შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მარტივი ამ ქვეყანაში გზა გაიკვალო.

უფრო მეტი დანახვა სჭირდება ალბათ სახელმწიფოს მხრიდან. იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე უფრო ნიჭიერები არიან,  მაგრამ უფრო არ ჩანან. ხალხში გასვლა და კომუნიკაცია უჭირთ. ვფიქრობ, რაღაც დაწესებულებები უნდა არსებობდეს, რომელიც ამ ბავშვების და ამ ახალგაზრდების ნიჭს წინა პლანზე წამოწევს და დაინახავს.

  • თქვენი ინდივიდუალური თვითაღქმა როგორია?

ძალიან ცუდი ხანდახან. ახლა მე ხომ თან ვმღერი ცეკვასთან ერთად. ცეკვა არის ჩემი პროფესია. 4 წლის ვიყავი რომ დავიწყე. ყოველთვის ვეუბნები ჩემს თავს – იმუშავე და ყველაფერი გამოგივა. სიმღერას არ ვუყურებ ასეთი თვალსაზრისით. ყოველთვის რაღაცა საკუთარ თავს ვაკნინებ ხოლმე. ყველა მეუბნება – რატომ ეკატერინე? შეგიძლია და რატომაც არა?

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ფიქრობს და გონია, რომ განვითარებულია, განვითარებას ვერასდროს ვერ მიაღწევს. ადამიანი, რომელიც მუდმივ შრომაშია და საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა აქვს – ვერ ვარ, არ შემიძლია და რაღაცა, ვფიქრობ ის უფრო მეტს აღწევს, რადგან ის მუდმივ შრომაშია და განვითარებისთვის მუდმივი შრომაა საჭირო.

  • საყვარელი სიმღერა თუ გაქვთ?

საყვარელი სიმღერა არ მაქვს. მაგრამ გააჩნია დღეს. თუ გავიღვიძე და ჰოპ, ჩამერთო რომ ტაშ-ფანდურებს უნდა ვუსმინო და კარგ ხასიათზე ვარ, აუცილებლად ვუსმენ ქართულს. სარესტორნოსაც ძალიან გემრიელად ვუსმენ ხოლმე, როცა რესტორანში ვარ და ცოტა  ნასვამი.

ვუსმენ გია ყანჩელს, ჯანსუღ კახიძეს, გოგი დოლიძეს. თანამედროვეებიდან ვუსმენ ჯანგოს და ნინი ნუცუბიძეს.

უცხოელი მომღერლებიდან ემი ვაინჰაუსს. ვისურვებდი ცოცხალი ყოფილიყო. მის ლაივს ერთხელ მაინც დავესწრებოდი.

ჩვენი თაობა იმიტომაც მომწონს, რომ ქართულს უსმენს. მაგალითად, ჩემი დის თაობა კი უსმენდნენ 90-იანების სიმღერებს ლექსენი, თიკა ჯამბურია და ა.შ. მაგრამ მიხარია, რომ ისევ წამოვიდა ეს ტენდენცია, ყველა, ჩემი თაობის წარმომადგენელი უსმენს ქართულს და არ უსმენს რუსულს ან ინგლისურს.

ჰო, კიდევ მიყვარს ჯაზის მოსმენა. რენდი კროუფორდი მიყვარს ძალიან და ნებისმიერი ქართული.

  • სიგარეტს და ალკოჰოლს რამდენად მოიხმარს თქვენი თაობა?

ვფიქრობ, ჩემს თაობაში არავინ აღარ თვლის, რომ სიგარეტის მოწევა დღეს რამეს ნიშნავს ან პრობლემაა. არ ვეწევი პროფესიიდან გამომდინარე და ვთვლი, რომ ჯანსაღი ცხოვრება ყველაზე კარგია. ხანდახან ცოტა ალკოჰოლი მიყვარს ხოლმე. ვფიქრობ ამ საკითხზე ძველებური შეხედულება ამ თაობას არ აქვს. არ არის ჯანსაღი და სასარგებლო, მაგრამ ნუ რას ვიზამთ.

  • რამდენად თავისუფალი თაობა ხართ?

არ ვიცი. თავისუფალი თაობა ვართ თუ არა, ეგეც არ ვიცი. ყველას ჰგონია ის, რომ თავისუფლება არის რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მე ასე არ ვფიქრობ. რაღაცნაირად შინაგანი დამოკიდებულება, შინაგანი ქცევა უნდა გკარნახობდეს, რომ ხარ თავისუფალი. მე ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვარ. ალბათ ეს თაობაც თავისუფალი იქნება. ის, რომ სიგარეტს ეწევა და ალკოჰოლს სვამს, ეს არ მიმაჩნია თავისუფლებად. არც ის, ვიღაცას, რომ სხეული ტატუთი აქვს მოხატული.

  • პოლიტიკით რამდენად ხართ დაინტერესებული?

ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. საერთოდ ვერ ვერკვევი. არ მგონია, რომ ეს გამართლებული იყოს ამ ქვეყანაში, როდესაც გქვია ამ ქვეყნის მოქალაქე, იყო აპოლიტიკური. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან აპოლიტიკური ვარ. არც ის ვიცი ჩემი თაობის ადამიანებს თუ აინტერესებთ პოლიტიკა.

  • თუმცა ცვლილებების სურვილი გაქვთ…

კი. ამ ქალაქში რაღაცები არსებობს, რომელიც უნდა შეიცვალოს. იმდენად პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, რომ ამდენი მანქანის გამონაბოლქვში ცხოვრება მართლა შეუძლებელია. ძალიან არ მომწონს მაღლივი კორპუსები. იმიტომ, რომ ბათუმს ძალიან უხდება ეს პატარა, ლამაზი და მოხატული [სახლები]. თითქოს ამ დიდი შენობებით, ვცდილობთ ვიყოთ თანამედროვე ქალაქი.

არადა ისედაც ვიქნებოდით ამ მაღლივი კორპუსების გარეშე. ამხელა და ამდენი გამონაბოლქვის გარეშე.

„მე რომ სათავეში მოვალ“, მოვიტან იმ კანონს, თითო ოჯახს ჰყავდეს ერთი, მაქსიმუმ ორი მანქანა. რაღაცა აჭარაში მგონია ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ოჯახს თავისი მანქანა უნდა ჰყავდეს. ეს ჩემთვის ცოტა მიუღებელია.

ვფიქრობ, ცოტა ქალაქის უპატივცემულობაა, არ გვიყვარს და ვაწვალებთ ამ ისედაც პატარა, საყვარელ ქალაქს.

ზღვასაც გვაძლევს, მთასაც გვაძლევს, ყველანაირად ცდილობს, რომ კომფორტში ვიცხოვროთ. ჩვენ ყველანაირად ხაზს ვუსვამთ და ჩვენი კომფორტისთვის ვიქცევით ძალიან, ძალიან ცუდად. ამიტომ „მე რომ სათავეში მოვალ“ თან მოვიტან იმ კანონს, რომ ოჯახში იყოს ცოტა მანქანა. არ დაინგრეს, მაგრამ აღარ აშენდეს ესე კორპუსები, რაც ამ ეტაპზე ძალიან მაწუხებს. ვფიქრობ რომ არცერთი არ არის საჭირო ბათუმისთვის.

პოლიტიკური არ ვარ მეთქი და რა თემებზე ვლაპარაკობ ხედავთ?

  • პროტესტი თუ გიჩნდებათ ხოლმე ამ ყველაფრის გამო?

ალბათ ისევ საკუთარ თავთან მხოლოდ. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში რაღაც აქციებზე გამოსვლა თუნდაც მშვიდობიანი იყოს… თუ გასაკეთებელია მაინც გააკეთებს სახელმწიფო და ის აქციები არაფერს შეცვლის.

მესმის, რომ ძალიან ცუდი შეხედულებაა ეს… ამდენი ხანი ვილაპარაკე ცვლილებაზე და მგონია, რომ ჩემი თაობა ყველაფერს შეცვლის-მეთქი, მაგრამ აი, არ ვიცი. შეიძლება შეიცვალოს დრო ისე, რომ მართლა ყველაფერი მოხდეს უკეთესობისკენ და ჩვენმა ერთმა სიტყვამაც იმოქმედოს ისე, რომ ყველაფერი შეიცვალოს.

ამიტომ ჰო, ხანდახან მაქვს ხოლმე ეს პროტესტის გრძნობა. რამდენად შედეგიანი იქნება ეგ მომავალში ვნახოთ.

იმიტომ, რომ არამარტო ჩემი პროტესტია. დარწმუნებული ვარ მთელი თაობის პროტესტია ის, რომ არ აშენდეს ამ ქალაქში მაღლივი კორპუსები და არ იყოს ამდენი მანქანა. მოგვიწევს ერთ დღეს მანქანების გაჩერება.

მე ვცდილობ, როცა კარგი ამინდია, სულ ფეხით გამოვიდე. ამ დათმობაზეც რომ წავიდეს საზოგადოება… მარტო სახელმწიფო არაფერ შუაშია. საზოგადოებას თვითშეგნებაც უნდა კარნახობდეს იმას, რომ მზიან ამინდში უნდა იარო ფეხით ან თუნდაც ველოსიპედით. ძალიან უხდება ჩვენს ქალაქს ველოსიპედი. ამიტომ ვფიქრობ საზოგადოებაც უნდა დაფიქრდეს ამაზე.

გადაბეჭდვის წესი