მთავარი,სიახლეები

პლაჟის მეიჯარეებმა ბათუმში აქცია გამართეს, ისინი აუქციონის გაუქმებას ითხოვენ

12.06.2022
პლაჟის მეიჯარეებმა ბათუმში აქცია გამართეს, ისინი აუქციონის გაუქმებას ითხოვენ

„აუქციონი თუ ჩატარდება, ვერ გავიმარჯვებთ, წინა წლებში კი, როცა პანდემია იყო, ჩვენ არ ჩავაგდეთ ტურისტული სეზონი, ვიმუშავეთ, ახლა კონკურენტუნარიანი აღარ ვართ“, – ამბობს ბექა გუგუნავა. ის პლაჟის მეოიჯეარია ბათუმში და ზაფხულოლობით შეზლონგებს აქირავებს. დღეს, 12 ივნისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ პლაჟის მეიჯარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, აუქციონის ნაცვლად მათთან ისევ პირდაპირი ხელშეკრულებები გაფორმდეს.

მეიჯარეები განმარტავენ, რომ პანდემიის პერიოდში, ანუ 2020 და 2021 წლებში აქუციონი საპლაჟე სერვისების შექმნაზე აღარ გამოცხადებულა და მათ გაუფორმეს პირდაპირი ხელშეკრულებები, რაც თითოეული მეიჯარის შემთხვევაში წლიურად დაახლოებით 10 ათასი ლარია. ასეთი სულ 150 მეიჯარეა.

„ჩვენ შევიძინეთ ინვენტარი, ბანკიდან ფული გამოვიტანეთ იმიტომ, რომ დაგვპირდნენ, ამ წელსაც იქნებოდა პირდაპირი ხელშეკრულება, ახლა გვითხრეს, რომ ცხადდება აუქციონი. იმდენი ფულიანი ბიზნესმენია შემოსული, ჩვენ როგორ მოვუგებთ აუქციონს?“ – კითხულობს მეიჯარე ჯაბა გოხიძე.

მეიჯარეების თქმით, მათ აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრისგან, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისსგან შეხვედრებზე მოისმინეს დაპირება, რომ აუქციონი წელსაც არ გაიმართება, რადგან ეს ჯგუფი პანდემიის დროს ზღვის სეზონის ჩავარდნის დროს დაზარალდა.

„გასაგებია, რომ აუქციონი არის აპრობირებული ფორმა და არ ვდაობთ იმაზე, რომ აუქციონი უნდა ჩატარდეს, მაგრამ რადგან ჩვენც დავზარალდით, ამიტომაც ვითხოვთ, რომ ეს ერთი წელიც არ ჩატარდეს აუქციონი“, – გვითხრა ბექა გუგუნავამ.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ დღეს არასამუშაო დღეა და მათ ხვალ შეხვდებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.