„ფიქრობენ, რომ როგორც ადრე, ახლაც მანიპულაციებით მოახერხებენ ამის მოკვარახჭინებას: ჩაახშეს არაერთი პროტესტი, გადაიბირეს, დააშინეს, დაიჭირეს, ახლა ფიქრობენ, რომ როგორმე ამ პრობლემასაც გადალახავენ, მაგალითად, ომის თემის შემოტანით. ამას ფიქრობს სავარაუდოდ ღარიბაშვილი და ივანიშვილი, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი, ეს უკვე მალე გამოჩნდება,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, არმაზ ახვლედიანი.
მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის დღეს, 11 ივნისს გაკეთებული განცხადებების შეფასება ვთხოვეთ. განცხადებების, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებების მნიშვნელობა მინიმუმ გაუფასურდეს.
პრემიერი ღარიბაშვილი ევროკავშირთან ღიად კონფრონტაციის გზას მას შემდეგ დაადგა, როცა გამოქვეყნდა ევროკავშირის კრიტიკული რეზოლუცია, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმაც დაიწყო მთავრობის კრიტიკა.
არმაზ ახვლედიანი, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ და ბიძინა ივანიშვილთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, აღწერს, რატომ არ აწყობს „ქართლ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი და რა სქემით აპირებს მმართველი პოლიტიკური გუნდი ფონს გასვლას.
- ბატონო არმაზ, თქვენი აზრით, რა პოლიტიკური მიზანი ჰქონდა პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს, მათ შორის, მაგალითად, ფრაზას კანდიდატის სტატუსზე: „ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა“?
ჩვენ არ გაგვიმართლა იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, პრემიერი, რომელიც ვერც კი იაზრებს საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას. მას ჰგონია, რომ ასე, ერთი ხელის მოსმით, შესაძლოა ყველაფერს ზურგი აქციო. დღევანდელ განცხადებებში წარმოჩინდა მისი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ, გამოჩნდა, რამდენად ზედაპირულია და გულგრილი, რადგან სხვაგვარად ასეთ რამეს პასუხისმგებლიანი ხელისუფალი არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა.
როცა ადამიანი კარგავს ადეკვატურობას, არ უნდა გაგვიკვირდეს არაადეკვატური განცხადებები. თუ საქართველო ახლა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, შესაძლოა, ერთ-ერთი სცენარის შესაბამისად, იზოლაციისკენ სვლა, რაც ძალიან გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“, თუმცა ამის პერსპექტივა, სამწუხაროდ, არსებობს. მეორეა განვითარების ჩვეულებრივი გზა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიო უარი თქვა, რადგან ეს იმის გზაა, რომ ვაღიაროთ საქართველოში პრობლემები დემოკრატიის, სამართლის კუთხით.
ამ გზით რომ მიდიოდეს ხელისუფალი, ის გადადებდა გვერდით ყველა დაპირისპირებას, წინააღმდეგობას და მინიმუმ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებაში დაბრუნდებოდა, რადგან სახელმწიფო ინტერესს ეს სჭირდება, მაქსიმუმ კი, ეცდებოდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას რეფორმების გზაზე.
ღარიბაშვილის მოსმენის შემდეგ მარტივად ხვდები, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ეს უკვე შეუძლებელია.
არსებობს მესამე სცენარიც, რომ ივანიშვილმა გამოცვალოს ეს პრემიერი, მიაყოლოს კობახიძეც და სახის შესანარჩუნებლად ახალი ფიგურები წარმოაჩინოს „ოცნების“ პოლიტიკურ სცენაზე. იქნება თუ არა ეს რაიმეს მომცემი, რთული სათქმელია, თუმცა შესაძლებელია, გარკვეულ ეტაპზე ამან მეხამრიდის როლი შეასრულოს.
- ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საზოგადოებრივი პროტესტის მასშტაბი იქნება დიდი? ღარიბაშვილმა დღესაც აღნიშნა, რომ საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტი ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.
არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სიტუაცია კიდევ დამძიმდება, ივანიშვილი განცხადებას გააკეთებს, ან განცხადების გარეშეც მივხდებით, მისი აზროვნების ლოგიკიდან გამომდინარე, რას აპირებს. მან შესაძლოა მისივე ნებით საზოგადოებისთვის თავსმოხვეული შავრაზმელები ჩამოაშოროს „ქართულ ოცნებას“ და ამით სცადოს მღელვარების ტალღა დააცხროს.
მეორეს მხრივ კი, სჭირდებათ ახალი ადამიანები იმისთვის, რომ ესაუბრონ დასავლელ პარტნიორებს. ამ განცხადებების შემდეგ განსაკუთრებით, რაც დღეს მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან, ვეღარ წარმომიდგენია, როგორ უნდა ესაუბროს ღარიბაშვილი ბრიუსელს, ან ვაშინგტონს.
- რას აპირებს ივანიშვილი, რა იკითხება თქვენთვის ღარიბაშვილის დღევანდელი გზავნილებიდან?
შესაძლოა, ღარიბაშვილი ამას აკეთებდეს იმ ვარაუდით, რომ ის შეიძლება მოეწონოს ივანიშვილს, მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ სასჯელი ასცდება. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა, ღარიბაშვილი ხედავს, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს თავისივე ჩახლართულ სქემაში და მიდის ფსკერისკენ. ეს განცხადებები მაუწყებელია იმისა, რომ ღარიბაშვილი უკვე „ოცნების“ პოლიტიკურ ფსკერზეა.
- როცა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ იცის, რომ 80 პროცენტი ირჩევს ევროპას, რა ლოგიკით ირჩევს ის ევროპასთან ღიად დაპირისპირებას?
ირაკლი ღარიბაშვილს, კობახიძეს, ივანიშვილს უპირველესი ამოცანაა ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამ ვითარებაში ნათლად გამოჩნდა, რომ დასავლეთმა „ოცნების“ მმართველობას საქართველოში ზურგი აქცია და ისინი ხვდებიან, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მანიპულაციების ჩატარებაა საჭირო. „ოცნება“ ცდილობს გაზარდოს ანტიდასავლური განწყობები საკუთარ მომხრეებსა და რადიკალურ წრეებში, რომელიც მათივე მონდომებით საქართველოში უკვე მრავლად გვყავს. „ოცნება“ ეცდება ამ მანიპულაციის გზით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენას.
ამავდროულად, არ უნდა გამოვრიცხოთ ის, თუ რამდენად მოსწონს კრემლს, რა შავ დღეშიც არის საქართველო ახლა. არ გამოვრიცხავ, რომ ერთგვარ მაშველ რგოლად ივანიშვილის მმართველობას კრემლი მოევლინოს. ეს არ მოხდება პირდაპირ, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც. რუსეთს ახლა განსაკუთრებით სჭირდება მოკავშირეები, როცა მას მოკავშირე მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. კრემლში ისედაც იციან, რომ „ქართული ოცნება“ არსებითად მათი მოკავშირეა, მაგრამ უნდათ, რომ ნოტარიულად დაამოწმონ ეს ამბავი. ეს ყველაზე მძიმე სცენარია, მაგრამ არ გამოვრიცხავ.
- ამ მოცემულობაში რა შანსი რჩება, მოგვცეს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი?
გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის გაერთიანებული დასავლური სივრცის ვერდიქტი საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი და ადეკვატური იქნებოდა, თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ ამ სრული არაადეკვატურობის და მარაზმის შემცველი ქმედებების, განცხადებების მიუხედავად, მაინც მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ბუნებრივია, უმკაცრესი და დროში გაწერილი დათქმებით, რომ ხელშესახები გახდეს კონკრეტული რეფორმების გატარება დემოკრატიის, სასამართლოს, ადამიანის უფლებების, მედიის სფეროში ისე, რომ ამან შედეგად მოგვცეს, არც მეტი არც ნაკლები, მომდევნო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების საშუალება. თუ ამას გააკეთებდა დასავლეთი, ვფიქრობ, უკეთეს დახმარებას ქართველი ხალხისთვის, აი, იმ 80 პროცენტისთვის, ვისაც მყარად აქვს გადაწყვეტილი საქართველოს ევროპული მომავალი, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ.
ამავდროულად, ეს იქნებოდა საუკეთესო წნეხი „ოცნებისთვის“ და მას აღარ დარჩებოდა სხვა გზა, რომ არ მიეღო ეს პირობები. თუ ისევ გაჯიუტდება „ოცნება“, მას უკვე ხალხის რისხვა წალეკავს.
- ქალბატონი სალომეც მტრების ნარატივში ჩაჯდაო, თქვა დღეს ღარიბაშვილმა. თქვენი აზრით, რა მოხდა პრეზიდენტს და მმართველ პოლიტიკურ გუნდს შორის?
ახალი არაფერი არ ხდება, „ქართულ ოცნებაში“ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმე მათგან განსხვავებულ პოზიციებს აჟღერებდეს: მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია 2018 წლის ერთგვარი შეთანხმება, როცა ის პრეზიდენტი გახდა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა არ ისურვა „ოცნებას“ პოლიტიკურ სამარეში ჩაყოლა და გაემიჯნა ამ სრულიად არასახელმწიფოებრივ და მავნებლურ პოლიტიკას. ის უფრო მეტად დგება სახელმწიფოებრიობის განვითარების სწორ ვექტორზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტი, თუნდაც თავისი შეკვეცილი მანდატით, მნიშვნელოვანი ფიგურაა.
- რა ცვლილების გამოწვევა შეუძლია პრეზიდენტის ამგვარი პოზიციონირებით?
წარმოიდგინეთ, ერთი ნინო ლომჯარია რამდენს ცვლის თავისი პრინციპულობით. დასავლეთში საქართველოთი დაინტერესებული ყველა ინსტიტუტი, სამთავრობო უწყება პოლიტიკოსი თუ დიპლომატი იშველიებს ნინო ლომჯარიას დასკვნას. წარმოიდგინეთ, ამას რომ დაემატება პრეზიდენტის პოზიციები, გაათმაგდება, თუ არ გაასმაგდება არამხოლოდ ინფორმირებულობის დონე ჩვენი მოკავშირეების, არამედ დასავლეთის დამოკიდებულების სიხისტე, პრინციპულობა, პირდაპირობა.
ცხადია, ეს კატასტროფულად აშინებს „ქართულ ოცნებას“, რადგან ისინი ხვდებიან, რომ მის, და არა საქართველოს, მოწინააღმდეგე ორბიტაზე უფრო და უფრო მეტი ფიგურანტი იკრიბება.
- ყველაფერს ავხდით ფარდასო – თქვენი აზრით, რატომ დასჭირდება ეს ზოგადი ხასიათის მუქარა, მით უფრო, ევროინტეგრაციაზე საუბრის დროს ღარიბაშვილს?
ის ამას ამბობს მას აქეთ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა 2012 წელს, მას შემდეგ ღარიბაშვილი სულ იმუქრება და ვერ ხვდება მარტივ რამეს, რომ საქართველოში ვერ შექმნის ლუკაშენკოს რეჟიმს. მისი ოცნება ზუსტად ესაა, მაგრამ ეს არ გამოვა სხვადასხვა მყარი მოცემულობის გამო. ამ მოცემულობებს მალე დაემატება საზოგადოების ჩამოყალიბებული და გამოხატული პოზიცია ევროინტეგრაციის საკითხზე. „ოცნება“ იძულებული გახდება, აჰყვეს ამ პროცესს და მიიღოს პირობები, მივიდეთ არჩევნებამდე გამართულად, წესიერად. მეორე გზა „ოცნებისთვის“ უბრალოდ გამოუვალი ჩიხია, რაც ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება.
- ხელისუფლების პოზიციები მკაფიოა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ ამის გამო არავინ გამოსულა ქუჩაში, რატომ?
მარტივია ამის ახსნა: დაინტერესებული საზოგადოება და სხვებიც, რომლებიც ხვალ და ზეგ აუცილებლად დაინტერესდებიან ამ პროცესით, აკვირდებიან, საბოლოო ჯამში როგორი იქნება ბრიუსელის გადაწყვეტილება. უარის შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან მძიმე დღეები დაუდგება „ქართულ ოცნებას“, რადგან არსებობს „წითელი ხაზები“, რომლის გადაკვეთასაც საქართველოში საზოგადოება არცერთ ხელისუფლებას არ პატიობს.
- რატომ არ სურს საზოგადოებას „წითელი ხაზის“ დაცვა ახლა, ვიდრე ბრიუსელში გადაწყვეტილებას მიიღებენ?
ამას შესაძლოა სხვადასხვა ახსნა ჰქონდეს. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი ფიქრობს და მეც ამ აზრზე ვარ, რომ მირჩევნია, პროცესი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, ვნახოთ ბრიუსელის ვერდიქტი. ღმერთმა ქნას, რომ ეს იყოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება იდეალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რომ ამოვიდეთ ამ ავტორიტარული მმართველობის წუმპედან.
ბრიუსელი ამ საკითხს სხვა დროსაც დაუბრუნდება, სტატუსი ახლა რომ არ მოგვცენ, თუკი დაინახავენ, რომ ჩვენ ქვეყანაში ვითარება სასიკეთოდ იცვლება. მე ყველას ვეუბნები, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ, რომ საქართველო გაუმკლავდეს უმთავრეს გამოწვევას და არადემოკრატიულობას უპასუხოს დემოკრატიული გზით. ეს მოცემულობა იმდენად მნიშვნელოვანია, როცა დემოკრატიზაციის გზაზე მხარს გიჭერს და ერთგვარ გარანტად გამოდის პოლიტიკური დასავლეთი, რომ ისტორიული შანსის გამოყენება მართებს დასავლეთსაც.
ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ეს მისთვის დადებითი მაინც ვერ იქნება, რადგან იქ დათქმებიც გაწერილი იქნება. ღარიბაშვილს ამიტომაც ურჩევნია, გადაწყვეტილება იყოს უარყოფითი.
- მაგრამ რატომ არ აშინებს მას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საზოგადოების პროტესტი?
ფიქრობენ, რომ როგორც ადრე, ახლაც მანიპულაციებით მოახერხებენ ამის მოკვარახჭინებას: ჩაახშეს არაერთი პროტესტი, გადაიბირეს, დააშინეს, დაიჭირეს, ახლა ფიქრობენ, რომ როგორმე ამ პრობლემასაც გადალახავენ, მაგალითად, ომის თემის შემოტანით. ამას ფიქრობს სავარაუდოდ ღარიბაშვილი და ივანიშვიილი, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი, ეს უკვე მალე გამოჩნდება.