განათლება,მთავარი,სიახლეები

„ბებია სულ მეუბნებოდა, ფიზიკაზე ჩააბარე, მომავლის პროფესიააო“ – ბსუ-ს სტუდენტის პროექტი

10.06.2022 • 2521
„ბებია სულ მეუბნებოდა, ფიზიკაზე ჩააბარე, მომავლის პროფესიააო“ – ბსუ-ს სტუდენტის პროექტი

20 წლის ლანჩხუთელი მარიკა ცინცაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე სწავლობს. იგი მეორეკურსელია.

გასული წლის ოქტომბერში მარიკამ კონკურში, Social Impact Award-ში 2 000 დოლარი მოიპოვა, რითაც პროექტის განხორციელება დაიწყო.

მის პროექტს „კიურის ლაბორატორია“ ჰქვია. მარიკა 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამეცნიერო ყუთებს შექმნის, რის დახმარებითაც ბავშვებს მცირე ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.

სამეცნიერო ყუთებში ბავშვებს ყველა ხელსაწყო, ჭურჭელი და სხვადასხვა რეაქტივი დახვდებათ, რაც მცირე ექსპერიმენტებს შეიძლება დასჭირდეს.

იდეის ავტორის თქმით, ექსპერიმენტები ბავშვებისთვის უსაფრთხო, მარტივად ჩასატარებელი, შემეცნებითი და საინტერესო იქნება.

მარიკა გვიყვება, რომ ყუთების დამზადებასა და მომხმარებლებისთვის სხვა ბევრი სიახლის შეთავაზებას აქტიურად ახლა იწყებს, რადგან უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად პროექტზე მუშაობა მისთვის რთული აღმოჩნდა.

მარიკა ცინცაძეს „კიურის ლაბორატორიის“ შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ლოკდაუნი იყო. „გადავწყვიტე რაღაც ისეთი შემექმნა, რაც ბავშვებს სახლის პირობებში საინტერესო სამეცნიერო გარემოს შეუქმნიდა“ – გვიყვება მარიკა.

მის სურვილს ხელი Impact Hub Tbilisi -ს მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა შეუწყო, რომელიც ახალგაზრდა სტარტაპერებს იდეის დახვეწაში ეხმარებოდა და გამარჯვებულებს ფინანსურ მხარდაჭერასაც უწევდა.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მის ფარგლებში მარიკამ ორთვიანი მენტორის პროგრამაც გაიარა, რომლის განმავლობაში „კიურის ლაბორატორიის“ იდეა ისე დახვეწა, რომ საბოლოოდ ჟიურიმ ის კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულად გამოავლინა.

მარიკა ცინცაძე ბავშვებს მცირე ექსპერიმენტების გაკეთებას ასწავლის

„კიურის ლაბორატორიას“ მარიკას მეგობარიც შეუერთდა. მარიკას არ უნდა, რომ ლაბორატორია მხოლოდ ბიზნესიდეა იყოს და გუნდის გაზრდაზე ფიქრობს.

„გვინდა, რომ ჩვენი ლაბორატორია მეცნიერების ელჩი გახდეს და ახალგაზრდებს, თუნდაც უფროსებს, მეცნიერების შესახებ მცდარი წარმოდგენები შეუცვალოს. მეცნიერება მხოლოდ წიგნებში ჩაწერილი ფორმულები არ არის. მეცნიერება სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობთ.

მეცნიერება ექსპერიმენტის გარეშე, მხოლოდ თეორიული მასალით, რთული წარმოსადგენია. მცირე ექსპერიმენტები ყველას მისცემს საშუალებას დაინახოს, როგორ მუშაობს პრაქტიკაში და რა შედეგს იძლევა მეცნიერული თეორიები. ისინი ნახავენ, რომ ფორმულა მხოლოდ ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულება და რაღაც ჰაერიდან მოტანილი რიცხვები არ არის“, – ამბობს მარიკა.

მარიკას დიდი იმედი აქვს, რომ „კიურის ლაბორატორია” ბავშვების დიდ სიმპათიას დაიმსახურებს. მათი თქმით, მსგავსი პროექტი საქართველოში სიახლეა, თუმცა უცხოეთში ბევრი ანალოგი არსებობს და წარმატებულადაც მუშაობს.

მარიკა გვიხსნის, რომ სამეცნიერო ყუთები 8-დან 14 წლამდე ბავშვებისთვისაა, რადგან ამ ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ინსტრუქციების  დამოუკიდებლად წაკითხვა და მცირე ექსპერიმენტების გაკეთება. „ცხადია, ამ ყუთებთან ურთიერთობა შედარებით პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ, თუმცა მშობლების დახმარებით“ – ამბობს მარიკა.

აბიტურიენტობის დროს მარიკასთვის ფიზიკის სპეციალობაზე ჩაბარების გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა.

„თვალებგაფართოებული მიყურებდნენ ხოლმე – „უი, ფიზიკაზე აბარებ?“ რაღაც გენიოსის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. რეალურად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არც რაიმე განსაკუთრებული უნარები არ მაქვს. ხალხის მსგავს მოსაზრებებს ისიც ემატებოდა, რომ გოგო ვარ.

მეუბნებოდნენ ხოლმე – „უი, გოგოს რა უნდა ფიზიკაზე? შემდეგ დიდი სათვალეების ტარება მოგიწევს კითხვისგან“. ხშირი იყო შეკითხვაც – „მერე მასწავლებელი უნდა გახდე?“ ვაპირებ, რომ წარმატებული სამეცნიერო ცხოვრება მქონდეს“, – გვიყვება მარიკა.

მარიკას თქმით, პატარაობიდანვე განსაკუთრებით მათემატიკა უყვარდა. მერე ფიზიკას ძალიან კარგი მასწავლებელი ასწავლიდა, რომელმაც ამ საგნის სიყვარულიც გადასდო და მარიკას ცხოვრებაში მათემატიკასთან ერთად ფიზიკაც შევიდა. საბოლოოდ მარიკამ ფიზიკა აირჩია მომავალ პროფესიად.

მარიკას გადაწყვეტილება ოჯახის წევრებს არ გაჰკვირვებიათ და ყველანი მხარს უჭერდნენ. მისი მთავარი გულშემატკივარი ბებია იყო, რომელიც, მარიკას თქმით, ძალიან დაეხმარა ნაბიჯის გადადგმაში, რადგან სამედიცინოზე ჩაბარებაზეც  ფიქრობდა და არჩევანის გაკეთება უჭირდა:

„ვორჭოფობდი, სამედიცინოზე ჩამებარებინა თუ ფიზიკაზე. ბებიაჩემი სულ მეუბნებოდა, ფიზიკაზე ჩააბარე, მომავლის პროფესიააო“.

მარიკა სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას ბიოფიზიკის ან რადიოფიზიკის მიმართულებით აპირებს.

„ბიოფიზიკაში თუ სამედიცინო ფიზიკაში ბევრი რამ შეუსწავლელია. ძალიან მინდა ამ მიმართულებით გავაგრძელო კვლევითი და აკადემიური ცხოვრება.

ტყუილი იქნება ვთქვა, რომ ამ პროფესიაში წარმატების მიღწევა მარტივი საქმეა. იმდენად აზარტულია ამ პროფესიაში ახალი რაღაცების შეცნობა, ერთხელ თუ მოიწამლე, უძილო ღამეების გადატანაც გიმარტივდება და ახალი ველოსიპედის ხელახლა აღმოჩენაც გაბედნიერებს“ – ამბობს მარიკა.

მარიკას აზრით, საქართველოში საკმაოდ დიდი ფუფუნებაა მეცნიერების კარგად მომზადება, რადგან მათთვის საჭირო ტექნოლოგიები თუ ხელსაწყოები ძვირი ღირს. მისი სურვილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავდეს არამარტო სკოლების, არამედ უნივერსიტეტების სამეცნიერო ინფრასტრუქტურით აღჭურვაზეც.

„მეცნიერება კვლევის გარეშე ალბათ კითხვის სწავლაა ისე, რომ ანბანი არ იცოდე.

ძალიან საინტერესოა, როცა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით ექსპერიმენტებს ატარებ უნივერსიტეტში. ამ დროს ყველაფერი ნათელია და ხვდები, რა როგორ ყოფილა.

ხანდახან, როცა დამოუკიდებლად ვაკეთებთ პატარა ექსპერიმენტებს, იმ წუთებში, თავი ნამდვილი მეცნიერები გვგონია. მოტივაცია გემატება და უფრო დიდი ნაბიჯებით გინდება იარო მიზნისკენ“, – ამბობს მარიკა.

მარიკა სიცილით გვიყვება, რომ მის კურსზე ბორბალი უკუღმა დატრიალდა. მის კურსზე სულ ექვსნი არიან და აქედან მხოლოდ ერთია ბიჭი, მაშინ როცა პირველ კურსზე ყველა ბიჭია.

ინტერვიუს ბოლოს მარიკა ცინცაძე ახალგაზრდებს, რომლებსაც ნამდვილად აინტერესებთ ფიზიკა, ურჩევს, რომ პროფესიის არჩევისას არ იყოყმანონ:

„არ შეიძლება ცხოვრების იმ შანსის გამოტოვება, რასაც მეცნიერებაში ჩხირკედელაობა ჰქვია.

ახლა ალბათ ძალიან გულდაწყვეტილი ვიქნებოდი, თუ არჩევანს სხვა პროფესიაზე გავაკეთებდი“.

მარიკა მალე ქალთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ 10 გოგონასაც გადაამზადებს. მისი თქმით, ეს გოგონები შემდეგ მათ რეგიონებში ჩაატარებენ პატარა ექსპერიმენტებს და მეცნიერების მნიშვნელობაზე მათ ირგვლივ მყოფებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას.

მარიკა ცინცაძე ბავშვებს მცირე ექსპერიმენტების გაკეთებაში ეხმარება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: