სიახლეები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრს შეხვდა

10.06.2022 • 1045
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, საბერძნეთში საქართველოს ელჩ დავით დონდუასთან ერთად, საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრს იოანის პლაკიოტაკისს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება მეტ დადებით შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.

ბერძენი გემთმფლობელები ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლები არიან. შესაბამისად, მხარეებმა დიდი ყურადრება დაუთმეს მეზღვაურთა დასაქმებას და ასევე, დაინტერესდნენ საზღვაო განათლებისა და წვრთნის მიმართულებით არსებული სიახლეებით. ქართულმა მხარემ, ამ სფეროში დანერგილ სიახლეებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საქართველოს მიერ წარმატებით გავლილ საერთაშორისო აუდიტებზე გააკეთა აქცენტები.

ბერძნულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, ქართველი მეზღვაურების კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე და ასევე, ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა ქართული დოკუმენტების სანდოობის მაღალი ხარისხი.

2013 წლის შემდეგ საქართველოში გატარებული სისტემური რეფორმების და განხორციელებული პროექტების წყალობით, მეზღვაურის ქართული დოკუმენტაციის გაყალბების ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც განაპირობებს კიდეც დამსაქმებელთ მხრიდან ნდობას და ქართველი მეზღვაურების მაღალ რეპუტაციას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და საბერძნეთს შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) თანამშრომლობასაც. საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას IMO-ს სამართლებრივ კომიტეტში ნაყოფიერი მუშაობისათვის, სადაც ვიცე-თავმჯდომარე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძეა.

თამარ იოსელიანის შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მომავალში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას მოემსახურება.

შეხვედრა საერთაშორისო საზღვაო გამოფენა – POSIDONIA2022-ს ფარგლებში შედგა, სადაც საქართველო ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი.

გადაბეჭდვის წესი