მთავარი,სიახლეები

უკრაინელებმა უკვე გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ერთგვარი პლაცდარმი – ინტერვიუ

11.06.2022 • 21643
უკრაინელებმა უკვე გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ერთგვარი პლაცდარმი – ინტერვიუ

„უკრაინელებმა უფრო ფართო სურათიდან უნდა შეხედონ ვითარებას“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სევეროდონეცკში ბრძოლების გაჭიანურებაზე. მას ამაოდ მიაჩნია უკრაინის მცდელობა აქ, როცა მდინარის მეორე ნაპირზე ლისიჩანსკია მაღალი ნაპირით და დასაცავია სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულება, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დონბასისთვისო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი.

ვახტანგ კაპანაძე დარწმუნებულია, რომ სევეროდონეცკის შემდეგ რუსეთი ოპერატიულ პაუზას აიღებს და ომის მესამე ეტაპზე ის მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების დაცვას ეცდება. ომის გადამწყვეტ ეტაპზე გადამწყვეტი ხდება დასავლეთიდან მიღებული სამხედრო აღჭურვილობა – რამდენად შეძლებს უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას, თუ ის სხვა გამოსავალს დათანხმდება, რასაც უკრაინას სცენარების სახით უკვე სთავაზობენ?

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, გაგვიზიარეთ თქვენი დაკვირვება ომის რუტინაზე, რაც უკვე უკრაინაში შეიქმნა: რა გავლენას ახდენს იგი მხარეებზე? რუტინის ფონზე იგივე უკრაინაში იგრძნობა ის შემართება და თავდადება, რაც ომის დასაწყისში იყო, თუ უკრაინელ ჯარისკაცები დაიღალნენ და მათი თავდადების მაქსიმუმ უკვე ვნახეთ?

მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცები კი არა, მთელი მსოფლიო დაიღალა უკვე, სამ თვეზე მეტია გრძელდება ომი… უკრაინელები უკვე 8 წელია შეეჩვივნენ კიდეც ამ ვითარებაში ყოფნას. ჩემი დაკვირვებით, ეს დაღლა მაინც არ აისახება უკრაინელების საბრძოლო მოქმედებაზე და ვხედავთ აქტიურ დაპირისპირებას, სისხლისღვრას.

  • უკრაინა ხშირად აკეთებს აქცენტს საკუთარ დანაკარგზეც. ეს თქვენთვის რას აჩვენებს? 

ციფრები, რასაც აქვეყნებს უკრაინა, ასევე რუსეთი, არის მიახლოებითი. როგორც წესი, საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დგება ანგარიში, სადაც არის მითითებული საკუთარი და  მოწინააღმდეგის დანაკარგები აღნიშვნით: „დადასტურებული“, „დაუდასტურებელი“, ეს მიახლოებითი ციფრია, მაგალითად, თუ განადგურდა ტანკი T 72, ითვლიან, რომ დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი, თუ განადგურდა T 64, მაშინ 4 კაცია დაღუპული.

როცა საქმე BMP-ს ეხება, იქ შეიძლება იყოს ეკიპაჟის სამი წევრი და შესაძლოა იყოს დამატებით 7 კაცი დესანტი. ეს არავინ იცის ზუსტად, რამდენი იჯდა მანქანაში, რომელიც ააფეთქეს, მაგრამ წერენ დაახლოებით 10 კაცს. ამას ემატება ადგილობრივი მეთაურების მონაყოლი და ასე შემდეგ. ეს დანაკარგები, ბუნებრივია, უფრო მტკივნეულია უკრაინისთვის, რომელსაც მაღალი მგრძნობელობა აქვს. რუსებში ნაკლებია სენსიტიურობა ამ კუთხით. ამ ეტაპამდე უკრაინელების დანაკარგები გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე რუსების, ვინაიდან უკრაინა აქტიურად თავდაცვაშია, ხოლო თავდაცვის დანაკარგები ზოგადად ერთი სამთან იანგარიშება შეტევაში მყოფ დანაყოფთან შედარებით.

  • ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო ამბობდა, რომ მის გვერდით 20-21 წლის ბიჭები იბრძვიან, ანუ იმ ასაკის ადამიანები, რომელიც 2014 წელს – ომის დაწყების ეტაპზე 11, 12 წლის ბავშვები იყვნენ. სამხედროს მიაჩნია, რომ ეს თაობა ვალდებულია, ახალ თაობას აღარ დაუტოვოს ომი გადაუჭრელ პრობლემადო, თუმცა როცა მეორე მხარე რუსეთია, ეს მიღწევადია? რა ჩანს დღევანდელი გადასახედიდან? 

რა თქმა უნდა, არ უნდა დაუტოვოს და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუტოვოთ მომავალ თაობას ის პრობლემა, როცა თავის დროზე საომარი წარმატება, რაც უნდა მოგვეპოვებინა, ვერ მოვიპოვეთ.

თუმცა უკრაინაში ძირითადად ომობს გამოცდილი თაობა, დაახლოებით 40 – 45 წლის ადამიანები. ასაკობრივად თუ შევადარებთ, რუსებთან შედარებით, ასაკობრივი ჩარჩო უკრაინელ მებრძოლებში უფრო მაღალია, ვიდრე რუსებში, განსაკუთრებით ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში. ეს მნიშვნელოვანია გამოცდილების კუთხით.

  • თქვენი აზრით, როგორია კიბერომის გავლენა რეალურ ომზე – თუ სოცქსელებს გადავხედავთ, სავარაუდოდ რუსეთის პროპაგანდის შედეგად მსოფლიოში ადამიანები ცალსახად აღარ უჭერენ უკრაინას მხარს. ზოგი ორჭოფობს, ზოგიც ხმამაღლა აცხადებს, რომ რუსეთს სახე უნდა შევუნარჩუნოთ. რა ხდება ამ ფრონტზე? 

არსებობს ასეთი გამონათქვამი, რომ „ომი პოპულარულია მოსახლეობაში პირველი ორი თვე“. ბუნებრივია, ევროპაში ზოგიერთი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ ომობს უკრაინა. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოშიც არიან ასეთი ადამიანები, არ ესმით, რატომ ომობს უკრაინა. ამ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ალბათ გვეტყვიან, რომ ხელებაწეული უნდა დახვედროდნენ რუსებს და საქართველოსაც იმავეს მოუწოდებენ, რომ დავხვდეთ ხელებაწეული. კიდევ კარგი, რომ ასეთი აზრის მქონე ბევრი არ არის.

რაც შეეხება კიბერომის გავლენას – ყველა აცნობიერებს, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია დომინირება საინფორმაციო სივრცეში: აქ ვინც მიაღწევს წარმატებას, ის მიაღწევს დიდწილად წარმატებას ომშიც, თუმცა პროპაგანდა, ჩემი აზრით, მუშაობს მაშინ, როცა რეალურად გაქვს ხელშესახები სამხედრო წარმატება. თუ მარცხდები და ამ დროს იძახი, რომ მოწინააღმდეგევ, დაგვნებდი, დაყარე იარაღი! – ეს  ვერ იმუშავებს.

მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსებს წარმატება აქვთ საინფორმაციო სივრცეში. ამ ნაწილში შემიძლია მაგალითად სევეროდონეცკი მოვიყვანო, სადაც ბრძოლები გრძელდება და იმის გამო, რომ სევეროდონეცკი უკრაინელებმა არ დატოვეს, რუსების საბრძოლო წარმატების დინამიკა კარგად არ ჩანს. ჩემი დაკვირვებით, უკრაინამ უფრო ფართო სურათიდან უნდა შეხედოს ვითარებას და მეტი მხნეობის მაგალითი მისცეს ომში ჩართულ ადამიანებს. არ არის საჭირო ყოველ დღე ამის თქმა, რომ ამდენი კაცი დაგვეღუპა, ევროპა არ გვეხმარება და ასე შემდეგ.

  • იქნებ იმიტომ ახსენებს დასავლეთს უკრაინა, რომ მცირეა შანსი, ბოლომდე დაამარცხოს რუსეთი? ცხადია, უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს მაინც უკრაინაზეა დამოკიდებული, შეუპოვრობაზე, რასაც ის ამ დრომდე გვაჩვენებს? 

მნიშვნელოვანია, რა ჩაითვლება დამარცხებად და რა იქნება მარცხის საზომი – რუსეთი მთლიანად ჩამოიშალოს, თუ რუსეთმა მხოლოდ უკრაინა დატოვოს? მე მგონია, რომ მეორე ვერსიაზე მუშაობს დასავლეთი და უნდათ მიაყენონ რუსეთს ისეთი დანაკარგი, რომ მან საკმაოდ დიდი დრო მოანდომოს, ან საერთოდ ვეღარ მოახერხოს აგრესიული პოტენციალის აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს ომის ისევ დამოკიდებულია თავად უკრაინელების აქტიურობაზე. უკრაინისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება, თუ რუსებს აიძულებს და დააბრუნებენ ომის საწყის ფაზაზე არსებულ პოზიციებზე. შემდეგ კი, უკვე მოქმედებები გადავა პოლიტიკურ ჭრილში.

  • რა სცენარით ელოდებით თქვენ მოვლენების განვითარებას? მაგალითად, ამერიკელი სამხედრო სტრატეგი – ედ ლუტვაკი ზელენსკის ურჩევს, ფსონი რუსული ელიტის რეპუტაციის რყევაზე დადოს. ლუტვაკი გამოსავალს ხედავს დემოკრატიული პლებისციტის ჩატარებაში ლუგანსკი-დონეცკში, რაც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ამას რუსეთიც დათანხმდება, თუ მას სანქციებს მოუხსნიან. 

ვფიქრობ, ეს სწორი რჩევაა და სწორი ხედვა ამ გადასახედიდან. ლუტვაკი ძალიან ცნობილი სამხედრო სტრატეგია. სწორედ ის არის ავტორი ისეთი ცნობილი წიგნების, როგორიცაა „გადატრიალების მეთოდიკა“ და „ სტრატეგია, ომის და მშვიდობის ლოგიკა“… ჩემი აზრით, დაშლილი რუსეთი არანაკლებ საფრთხის შემცველია, რადგან უცნობია, ვის ხელში მოხვდება ბირთვული იარაღი. მოგეხსენებათ, რუსეთში ბევრი ეთნიკური ჯგუფია, ისტორიულად, კულტურულად, რელიგიურად, სოციალურად, ეკონომიკურად განსხვავებული ხალხი და რთული სათქმელია, რა პროცესი შეიძლება წავიდეს იქ. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა უნდა გაჩერდეს, მაგრამ ქვეყნის ნგრევა და ხალხის დაღუპვა უნდა შეჩერდეს. უკრაინა უნდა მოემზადოს უფრო ფართომასშტაბიან, გლობალურ ასპარეზზე მოქმედებისთვის, თანაც არამხოლოდ სამხედრო მეთოდების გამოყენებით.

  • ამ ეტაპზე უკრაინაში ყველაზე აქტიური ბრძოლის რაიონებად რჩება სევეროდონეცკი და ბახმუტი. წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ რამდენიმე დღეში დასრულებოდა ბრძოლა ამ მიმართულებით. რა მოხდა, თქვენი ვერსიით?

მეგონა, რომ უკრაინა მიიღებდა სევეროდონეცკის დატოვების გადაწყვეტილებას და გამაგრდებოდა უფრო კარგ პოზიციებზე. სტრატეგიულად არაფრის მომცემია სევეროდონეცკი, როცა მდინარის მეორე მხარეს კარგად გამაგრებული ლისიჩანსკია უფრო მაღალი ნაპირით. რუსები სევეროდონეცკის აღების შემდეგ აიღებდნენ ოპერატიულ პაუზას. რაც უფრო გვიან აიღებს რუსეთი ოპერატიულ პაუზას, მით უფრო რთული იქნება მისთვის შემდეგი, მესამე ეტაპისთვის მომზადება.

უკრაინასაც სჭირდება ეს მომზადება, მაგრამ მან დიდი ალბათობით, პოლიტიკური გადასახედიდან სევეროდონეცკი არ დათმო. რუსებს სჭირდებათ რაღაც პოზიტივი მაინც პაუზის მიღებამდე და განაგრძეს ბრძოლა, უკრაინის შემთხვევაში კი, როგორც ვიცი, სამხედროები უმაღლეს მთავარსარდალს სთავაზობდნენ გამოეყვანათ ჯარი სევეროდონეცკიდან. მთავარსარდლის ეს პოზიცია, რომ ვიბრძვით თითოეული გოჯა მიწისთვის, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ არსებობს ასეთი გამოთქმა სამხედრო ხელოვნებაში – „ძალების ეკონომია“, რაც გულისხმობს არა ძალების შენახვას, არამედ ძალებისა და საშუალებების რაციონალურად გამოყენებას სწორ ადგილას და სწორ დროს.

ასევე, ცნობილი სამხედრო გამოთქმაა: „თუ შენ იცავ ყველაფერს, შენ იცავ არაფერს“. სევეროდონეცკში უკრაინელებმა ზარალი მიაყენეს რუსებს, მაგრამ მისი დანაყოფებიც ზარალდება. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, უკრაინელებმა უკვე დაიწყეს გამოსვლა თანდათან სევეროდონეცკიდან.

უკრაინისთვის ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გაამაგროს სლავიანსკი-კრამატორსკის თავდაცვის რაიონის მიმართულება, რაც გადამწყვეტია დონბასისთვის.

  • თქვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა კიევსა და ლვოვზე სარაკეტო თავდასხმას?

კიევზე თავდასხმა მოაწყვეს დარნიცის რაიონში, სამრეწველო ზონაში, სადაც არის დეპოები, სარემონტო საამქროები. საბჭოტა პერიუოდში აქ ტანკის სარემონტო ქარხანაც იყო. რუსები იძახიან, რომ იქ ტანკებია, უკრაინელები ამას უარყოფენ. ლვოვის მიმართულებით კი, რუსეთმა სცადა დაერტყა აღჭურვილობაზე, რომელიც შემოდიოდა დასავლეთიდან უკრაინაში.

  • რა ხდება ხერსონში, სადაც უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და ამით გარკვეულწილად სცადეს რუსული ძალის კონცენტრაციის შემცირება სევეროდონეცკში?

ამ მიმართულებით უკრაინელებმა უკვე გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ერთგვარი პლაცდარმი, რომელსაც ახლა აფართოებენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები აქ არტილერიასთან ერთად ავიაციასაც იყენებენ.

რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებითაც შეწყვიტეს აქტიურობა… ამ მიმართულებით წინსვლაზე, როგორც ჩანს, რუსები აღარ ფიქრობენ.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება პოპასნაია, სადაც რუსებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ მცირე ტაქტიკური ალყა მოაწყონ. ამ მიმართულებით ბახმუტის ტრასას უკრაინელები პრაქტიკულად ვეღარ იყენებენ, რადგან რუსები მას სწვდებიან საარტილერიო ცეცხლით.

რუსები ცდილობენ გააქტიურებას ხარკოვის მიმართულებით და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. მოგეხსენებათ, აქ უკრაინა იძულებული გახდა დანაყოფი გადაესროლა იზიუმის მიმართულებით და შეეჩერებინათ იზიუმიდან მომზადებული შეტევა სლავიანსკის მიმართულებაზე. რუსები ცდილობენ ისარგებლონ ამ ვითარებით და დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, თუმცა ჯერჯერობით წარმატება ამ მიმართულებით არ გააჩნიათ.

  • კუნძულ ზმეინზე რუსეთმა მაინც გადაისროლა საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, SA-15 და SA-22. ეს რამდენად ზრდის ალბათობას ოდესის და დნესტრისპირეთის მიმართულებით თავდასხმის გააქტიურების შესაძლებლობას?

ჩანს, რომ უკრაინელები ამ ეტაპზე საშიშ მიმართულებად არ თვლიან ზმეინს და ყურადღება სხვა მიმართულებებზე აქვთ გადატანილი. არც რუსული სამხედროების აქტიურობა ჩანს შავ ზღვაში, თუ არ ჩავთვლით რაკეტების გაშვებას. ფაქტია, რომ რუსები უკრაინის ნაპირებს 200 კმ-ზე ახლოს მაინც ვერ უახლოვდებიან… უკრაინას გაუჭირდება ხორბლით დატვირთული გემების გამოყვანა ექსპორტის მიზნით, თუ არ იქნება საერთაშორისო კონვოინირება და დანაღმული რაიონების გაწმენდა, რაც ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

  • რა ჩანს ომის დინამიკიდან: რუსეთი სევეროდონეცკის შემდეგ გადავა თავდაცვით მდგომარეობაში ოკუპირებულ მიწებზე, თუ დაიწყებს  იერიშს ახალი მიმართულებით? 

რუსები ცდილობენ, რაღაც წარმატებას მიაღწიონ და ეს შეიძლება იყოს სევეროდონეცკი. არა მგონია, სლავიანსკიზე რუსეთს რამე წარმატება ჰქონდეს. სევეროდონეცკის შემდეგ რუსეთს მოუწევს ოპერატიული პაუზის აღება და დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების ორგანიზება, თუმცა ლოკალური შეტევები გარკვეული მიმართულებებით ისევ იქნება. ომი მიიღებს უფრო სტაბილურ სახეს, იქნება პოზიციური დაპირისპირება, ცხელი ფაზები, ნელთბილი ფაზები, პოლიტიკური ვაჭრობა და ამ პირობებში თანდათან რუსეთი ეცდება გაიუმჯობესოს სამხედრო პოტენციალი.

უკრაინაც დღე-დღეზე მიიღებს „ლენდ-ლიზის“ და როგორც თქვენთან წინა ინტერვიუში აღვნიშნე, ივლისის შუაში გამოჩნდება, რა რესურსი ექნება უკრაინას მესამე ფაზის ეტაპზე, მოახერხებს თუ არა ჩამოაყალიბოს პირობები, რათა განახორციელოს ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა.

  • რატომ ფიქრობთ, რომ პაუზის შემდეგ რუსეთი ახალი მიმართულებით შეტევაზე აღარ იფიქრებს და მხოლოდ დაკავებული ტერიტორიის დაცვას ეცდება? 

ამას სჭირდება ძალები და საშუალებები, რაც არ ჩანს. თუ გამოჩნდება ეს, შემდეგ ეტაპზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე ეჭვი მეპარება, ამის უნარი და რესურსი ჰქონდეთ რუსებს. ზოგადად, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება იქნებოდა ოდესა-ბესარაბია, თუმცა ახლა რუსეთს ურჩევნია გავიდეს ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომ რაღაც პოზიტიური მაინც უთხრას საკუთარ მოსახლეობას – „აი, ჩვენ რაღაც შევძელით და ამხელა მსხვერპლის გაღება თითქოს საჭირო იყოო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: