მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს. მას აქვს 2 არჩევანი – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან 

10.06.2022 • 4412
ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს. მას აქვს 2 არჩევანი – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან 

„ახლა ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს, ერთგვარ აფექტშია“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მას „ბათუმელებთან“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის პირით გახმოვანებულ პოზიციაზე ვკითხეთ – რომელმაც თქვა, რომ თუკი EU სტატუსს „უსამართლო ვალდებულებებით“ მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ სტატუსზე.

  • ბატონო გია, აქამდე თითქმის არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირში გაიხსნებოდა დისკუსია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. ახლა რა შეიცვალა თქვენი აზრით?

სამწუხაროდ ასეთი მოცემულობაა, რომ კონსენსუსია ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც იმაზე, რომ ქვეყანაში არის ასეთი არაინსტიტუციური ჩრდილოვანი მმართველობა დამკვიდრებული. თუმცა, ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც დისტანციურად უყურებდნენ, რადგან ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა თითქოს აქამდე იყო პროევროპული, დასავლური, თითქოს რაღაც კეთდებოდა, მაგრამ უკრაინის ომთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ყველაფერი უფრო მეტად გააშიშვლა და, შესაბამისად, ამ ლუსტრაციის საფუძველზე გამოჩნდა პრობლემა.

  • რა არჩევანი აქვს დღეს ივანიშვილს თქვენი აზრით – ვთქვათ ის, რომ კარგავს ქონებას სანქციების შემთხვევაში, ან მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რადგან ის არის პუტინის მძევალი?

ივანიშვილს აქვს ორი არჩევანი. დღეს, ვითომ დამალვა და იმის ძახილი, რომ ვითომ პოლიტიკაში არ არის, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, ის მონაწილეობს თუ არა დღეს პოლიტიკურ მართვაში ან რა დოზით მონაწილეობს.

რადგან არსებობს კონსენსუსი და ისტორიამ მას დააკისრა პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და თუნდაც აი ამ ძირითად დილემაზე, თუ საით მიდის ქვეყანა ბოლოს და ბოლოს, დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ.

მისი მხრიდან ამ ვითარებაში დამალვას და ისევ იმის ძახილი, რომ თავი გამანებეთ, აზრი არ აქვს, მასზეა ეს პასუხისმგებლობა. ისტორიული პასუხისმგებლობაც, შეიძლება ეწოდოს ამას. ახლა დადგა დრო, რომ ის გამოჩნდეს და წაიყვანოს ქვეყანა ამ ორიდან ერთ-ერთი მიმართულებით.

ერთი მიმართულება, რომ ის დაბრუნდეს ცივილიზებული განვითარების გზაზე, მიიღოს ის პირობები, რასაც გვიყენებს დასავლეთი ან მეორე – დაჯდეს „ალტ-ინფოს“ ტალღაზე, გამოაცხადოს, ვისჯები იმის გამო, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ ევროპელებს საქართველოშიო. ხალხო მე თქვენთვის მშვიდობა მინდოდა და ამის გამო მსჯიანო. ორ ცხენზე ვიჯდე და თან ისე, რომ თითქოს მე არაფერ შუაში ვარ და თურმე ორი ირაკლი მართავს ქვეყანას, ამას უკვე აზრი აღარ აქვს. რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ეს ორი ირაკლი (კობახიძე, ღარიბაშვილი), კიდევ უფრო დიდ პრობლემებში შევა ივანიშვილი სამომავლოდ.

  • ხუნდაძის დღევანდელი განცხადება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა უკვე აირჩია რუსული გზა?

„ქართული ოცნების“ პოზიცია ივანიშვილის პოზიციის გარეშე არ არსებობს, ხელისუფლება ახლა აკეთებს მოსინჯვებს, რომ უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში როგორ უნდა ელაპარაკონ ხალხს.

ხუნდაძესაც ეს იმიტომ ათქმევინეს, რომ ჯერ ძირითადი სპიკერები არ უნდათ გამოიყვანონ არენაზე და გატესტეს სრული აბსურდი. რა „უსამართლო პირობებზეა“ აქ საუბარი? დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ თუ გინდათ ჩემს სახლში ცხოვრება, მე პირობებს გიყენებ. გეუბნები, რომ ჩემს ოჯახში სიგარეტს არ ეწევიან, მაგიდაზე არ ცეკვავენ, შუაღამისას არ ხმაურობენ, – ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს არის უსამართლო პირობები, რადგან ეწევა ან სხვანაირად ცხოვრობს. როგორ შეიძლება აქ სამართლიანობაზე ან უსამართლობაზე საუბარი, ეს არის პირობა, ხომ? ეს არის ერთ ოჯახში თანაცხოვრების წესი. შეასრულებ პირობას იცხოვრებ, არადა კარგად იყავი. ამაზეა საუბარი.

ესენი ახლა პრევენციულად ცდილობენ და შეიძლება იქეთ წაიყვანონ საქმე, რომ სანამ ევროპაში მიიღებენ გადაწყვეტილებას, მანამდე გამოაცხადონ, ჩვენ თვითონ ვამბობთ უარსო. სხვათა შორის, ასეთი ისტორია ერთხელ გაითამაშეს კიდეც, 315 მლნ დოლარის დახმარება მოგვიხსნეს და სანამ ამას ოფიციალურად გამოაცხადებდა ევროკავშირი, ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ „არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვთქვით უარიო“.

ახლაც შეიძლება თქვან იგივე, გააგრძელონ „ომი გინდათ?“ ისტორიით – რომ ევროკავშირი ჩვენ ასეთ პირობებს გვთავაზობდა, გახსენით მეორე ფრონტი თუ გინდათ კანდიდატის სტატუსი მოგცეთ, ჩვენ ამაზე უარი ვუთხარით და ამის გამო დავისაჯეთო.

  • ამას „ქართული ოცნება“ ხომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულ იმეორებს, მაგრამ საზოგადოების მაინც ვერ მოახდინა გავლენა.

თქვენ გგონიათ ვერ მოახდინა? „ომი გინდათ“ რიტორიკამ არ იმუშავა? იმუშავა, სამწუხაროდ.

  • უკრაინაში მოაწყეს მაიდანი, როდესაც იანუკოვიჩმა ხალხს უთხრა, რომ ევროკავშირზე უარს ამბობდა. საქართველოს მოქალაქეები ძალიან გაბრაზდნენ, როცა პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატი ჩაჯდა. ივანიშვილმა წესით იცის, რამაც გამოიწვია „გავრილოვის ღამე“. გამოდის ვა-ბანკზე მიდის თუ ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება რეაქცია თუკი ევროპულ კურსზე უარს იტყვის ხელისუფლება?

რა თქმა უნდა, ეშინია ხალხის წინააღმდეგობის. ის ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ბევრი პრობლემა აქვს და მარტო ეს კი არა: ვიცით, რომ Credit Suisse-თან დავა აქვს უზარმაზარ თანხაზე. ბუნებრივია, Credit Suisse-ს არ უნდა ამის გადახდა და ცდილობს რაღაც სასანქციო სიაში მოახვედროს ივანიშვილი. შესაბამისად, მათთვის ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საჩუქარი, ისინი გააძლიერებენ ამ მხრივ მუშაობას. ბიძინა ივანიშვილს მარტო პოლიტიკაში კი არ აქვს პრობლემები, პრობლემები აქვს პირად უსაფრთხოებაში და კეთილდღეობაში. ბევრი პრობლემა აქვს ძალიან. ეშინია, მაგრამ რა ქნას, უნდა ჩამოყალიბდეს რა გზით მიდის.

პირადი პრობლემები მისი გადასაწყვეტია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პრობლემები ქვეყნის პრობლემებზეა გადაჯაჭვული. ამიტომ, ჩვენ ქართულ საზოგადოებას გვინდა, რომ მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.

  • ვთქვათ ივანიშვილი დასანქცირდა, გაუყინეს ანგარიშები, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

მე ასე შორს არ წავიდოდი, ამ ეტაპზე არ ვისაუბრებდი, რადგან ეს მრავალმდგენელიანი პრობლემაა, – არის პირადი თემები, არის პოლიტიკური. თუ გაუყინავენ, ეს მისი პირადი პრობლემაა ხომ?

  • „ქართული ოცნების“ არა? ის ხომ ივანიშვილისგან ფინანსდება, როგორი იქნება მისი მომავალი?

ესენი ფულს ახლაც კარგად შოულობენ, ისწავლეს ფულის კეთება. როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტს ხელს არ ახლებენ?

პროცესები დღეს არის უკვე ძალიან მძიმე. ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა ახლა არის ის, თუ საით მიდის ქვეყანა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რკინის ფარდა დაეშვა. სამყარო ისევ ორ ნაწილად გაიყო. ჩვენ ან მივდივართ ევროპაში ან მივდივართ რუსეთში. სხვა არჩევანი არ გვაქვს. სხვა არჩევანი კიდევ შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული 3+3 ანუ რუსეთს ირანი რომ დაემატოს კიდევ. შესაბამისად, თუ ევროპას ვშორდებით, ესე იგი ავტომატურად მივდივართ რუსეთში. ანუ გარანტირებული გვაქვს „ტრაქტატი 2“. (მით უმეტეს, ერეკლე მეორეს თემა ახლა ძალიან აქტუალურია ამ ბოლო პერიოდში).

  • ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი სათანადოდ ვერ აფასებს ივანიშვილის ფსიქოტიპს, – რომ ივანიშვილი „შეეგუა კიდეც ამ ზეწოლას“. რას ნიშნავს ეს „შეგუება“ როგორ შეიძლება ავხსნათ?

ფსიქიატრია ეს კაცი თუ ადვოკატი, რა ფსიქოტიპაჟებზე ლაპარაკობს, რაზე საუბრობს საერთოდ, აზრზე არ არის კაცი. ადვოკატის ლაი-ლაი ჰქვია ამას. არაფერს არ შეჰგუებია, როგორ შეიძლება ამას შეეგუოს ადამიანი.

  • პრინციპში, რის შეცვლასაც ითხოვს ევროპა საქართველოს მთავრობისგან ეს გაახმოვანა დეპუტატმა კრამონმა: „შეწყვიტეთ მაპოლარიზებელი ენის გამოყენება, დაუბრუნდით 19 აპრილის [შარლ მიშელის] შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეწყვიტეთ რუსული დეზინფორმაცია“. როგორ ფიქრობთ, რას დათმობთ აქედან ივანიშვილი?

მე ვთვლი, რომ არ დათმობს – მივდივართ რუსეთში, დათმობს – დავბრუნდებით ნორმალური განვითარების გზაზე. ახლა ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს, ერთგვარ აფექტშია, მშვიდად კი არ არის. აფექტურ მდგომარეობაში ადამიანი როგორ მოიქცევა ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

ჩვენ შეიძლება მას შევთავაზოთ, რომ მოიქცეს სწორად, რაც ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და მისთვისაც, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანს თვითონ აკეთებს, სამწუხაროდ.

  • დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ ივანიშვილს მთელი საქართველო მძევლად ჰყავს. ხუნდაძის განცხადებაც ხომ ამაზე მიანიშნებს. ამას როგორ ბედავენ?

საზოგადოებას აქვს ინსტრუმენტი, რომ აიძულოს ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ამას ვერ იყენებს სათანადოდ.

საზოგადოება ქირაობს ხელისუფლებას ხომ? ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, საზოგადოება, როგორც დამქირავებელი ვალდებულია, აიძულოს ხელისუფლება მოიქცეს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას.

თუ ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს, მაშინ უნდა გაუშვას ის და დაიქირაოს ისეთი, რომელიც გააკეთებს. თუ ამას ვერ ახერხებს საზოგადოება, მაშინ ჩვენც არ ვვარგივართ, მაშინ ჩვენც პასუხისმგებლები ვართ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში.

  • როგორ ელოდებით პირადად თქვენ, მოვლენების განვითარებას?

ბევრი რამ დამოკიდებულია თუნდაც იმაზე, როგორ განვითარდება უკრაინაში ომი, საით წავა ეს პროცესი. ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი მუშაობს. არსებობს ძალიან ნეგატიური სცენარები, მაგალითად ის, რაც ვახსენე – „ტრაქტატი 2“ და შესაძლოა აქეთ წავიდეს პროცესი. არსებობს პოზიტიური სცენარიც, რომ ქვეყანამ დაიწყოს შემობრუნება ცივილიზებული განვითარებისკენ.

ბევრი რამ კულუარებში ხდება და არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია რომ შევაფასოთ. არ ვიცით, რუსეთისგან არსებობს ზეწოლა თუ უბრალოდ მენტალური პრობლემაა, თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომ ორ სკამზე იჯდეს ერთად, არ ვიცით და არც აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ვუყურებთ პროცესს როგორ მიდის. პროცესი მიდის ძალიან ცუდად, მაღალი რისკის ზონაში ვართ დღეს.

ასე, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ იქცეოდეს ნორმალურად. ხმა მივეცით და შემდეგ 4 წელი დავიძინეთ, ასე არ მუშაობს საზოგადოება ცივილიზებულ ქვეყნებში. საზოგადოებას მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომ მას ემსახუროს და არა იბატონოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: