ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, „კოტიჯვარზე“, იმ ადგილზე, საიდანაც მდინარე აჭარისწყალის ხეობის ხედი იშლება, ახალ ტურისტულ ბილიკს და გადმოსახედს მოაწყობენ. პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიზნობრივი ტრანსფერის დაფინანსებით ახორციელებს.
სასეირნო ბილიკთან ერთად უნდა მოეწყოს თანამედროვე არქიტექტურის მქონე ინფრასტრუქტურა: ფანჩატური, გარეგანათება და მოსასვენებელი სკამები.
სოფელი ჩაო აჭარისწყალის ხეობაში, ვაშლოვნის თემში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 1 120 მეტრ სიმაღლეზეა და დაბა ხულოდან 6 კილომეტრითაა დაშორებული.
ვაშლოვნის თემი აერთიანებს სოფლებს: ქვემო და ზემო ვაშლოვანს, სხანდარას, ჩაოს, შურმულსა და თაგოს.
—
სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტს 166 320 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
ხულოს სოფელ ჩაოში 166 ათას ლარად გადმოსახედი – ახალი ტურისტული ადგილი მოეწყობა