მთავარი,სიახლეები

ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური

11.06.2022 • 1630
ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური

დაბა ოჩხამურის მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. წყალი, რომელიც დაბას მიეწოდება, სასმელად არ ვარგა. მოსახლეობას დაბაში მდებარე ერთადერთი წყაროდან უწევს სასმელი წყლის ზიდვა.

70 წლის მზევინარ ბათმიძე დაბა ოჩხამურში ცხოვრობს. მისი სახლიდან წყარომდე, საიდანაც სასმელი წყალი მოაქვს, ორი კილომეტრია. ამბობს რომ ფეხი სტკივა. ამიტომ ხან ვის სთხოვს დახმარებას და ხან ვის. წყალი, რომელიც მის ონკანში გრაფიკით მოდის, სასმელად გამოუსადეგარია.

„ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, საჭმელს ვერ გააკეთებ. თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება. მღვრიე წყალი მოდის, ბინძური.

გაყვითლებულია ვედროები, წყალი აყვითლებს. ამ წყლით ტანსაც რომ ვიბან მეშინია, კიდევ არ დამაყაროს ტანზე-მეთქი. ერთხელ მოვიწამლე, ტანზე დამაყარა. მივედი ექიმთან, ალერგია მოუცია რაღაცასო. ვკვდებოდი ისეთ დღეში ჩამაგდო წყალმა. ერთადერთი მოთხოვნა მაქვს – ერთხელ და სამუდამოდ გვაღირსონ, რომ წყალი შემოვიდეს ოჯახში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზევინარ ბათმიძემ.

მარცხნივ ჭიქაში ასხია წყალი, რომელიც ონკანიდან მოდის, მარჯვნივ კი წყაროს წყალი

დაბა ოჩხამურში ცხოვრობს გულნარა გაბაიძეც. მის სახლში მრავლადაა ჭურჭელი, რომლებშიც წყალი ასხია. როცა წყალი მოდის, ცდილობს დააგროვოს, დღის განმავლობაში რომ გამოიყენოს.

„სასმელი წყალი არ გვაქვს. სულ არ გვაქვს-მეთქი ვერ ვიტყვი, გრაფიკით მოდის წყალი, მაგრამ დასალევად არ ვარგა. ბინძურია. ათასნაირი ჯანდაბა მოჰყვება. დალევით ვერ დალევ. თეთრეულს ვერ გარეცხავ. გარეცხავ და ყვითელი სარეცხი გამოვა. დასალევად, ვისაც მანქანა ჰყავს დადის და მანქანით მოაქვს, ან ყიდულობს,“ – გვიყვება გულნარა.

დაბა ოჩხამურში მცხოვრები 2000 ოჯახი წყალს ჯიხანჯურის წყალსაქაჩიდან იღებს. ადგილობრივების თქმით, წყალსაცავში წყალი მდინარიდან იქაჩება. ხშირად ფუჭდება წყლის საქაჩი, რის გამოც მოსახლეობას დღეობით, ხშირად ერთი კვირითაც წყალი არ მიეწოდება.

მოსახლეობა წყალს ბალონებით ეზიდება

მოსახლეობისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ააიპ „სოფლის წყლის“ დირექტორი სულიკო თხილაიშვილი. „სოფლის წყალი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაციაა. სულიკო თხილაიშვილის მტკიცებით, წყალი, რომელიც დაბა ოჩხამურში ოჯახების ონკანებში მოედინება, სასმელად ვარგისია.

„სასმელი წყალია. სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. იქლორება და არის კონტროლის ქვეშ,“ – ამბობს სულიკო თხილაიშვილი.

მისივე მტკიცებით დღემდე არავის მიუმართავს „სოფლის წყლისთვის“ და არ უცნობებია, რომ წყალი სასმელად უვარგისია.

რაც შეეხება გრაფიკს, „სოფლის წყლის“ დირექტორი ამბობს, რომ მოსახლეობა ხშირად ზედმეტ წყალს მოიხმარს, ამიტომ გრაფიკი ირღვევა.

„გრაფიკით მიეწოდებათ წყალი, მაგრამ რადგან მრიცხველები არაა და გადასახადი, დაახლოებით ერთ ოჯახზე დღეის მდგომარეობით მინიმუმ ერთი ტონა წყალი იხარჯება.

გრაფიკი ხშირ შემთხვევაში ირღვევა, რადგან 9 საათზე რომ გაუშვა წყალი, სამ საათამდე არისა, მაგრამ თუ უფრო მეტი გაიხარჯა, შეიძლება დაიკეტოს პირველზე ან ორზე. შემდგომ წყლის რაოდენობის შევსების შემთხვევაში ხუთი-ექვსი საათისკენ კიდევ გავუშვებთ,“ – ამბობს სულიკო თხილაიშვილი.

შესაბამისად ვითარება ასეთია: დაბა ოჩხამურში წყლის ხარისხზე პასუხისმგებელი კომპანიის დირექტორი ამტკიცებს, რომ წყალი სასმელად ვარგისია, მოსახლეობა სასმელ წყალს ან ყიდულობს, ან წყაროზე დადის.

მერი ქარჩაიძეს დაბა ოჩხამურში, წყაროსთან შევხვდით. მან თქვა, რომ წყალს, რომელიც ონკანში მოდის, ხანდახან ქლორავენ და მოსახლეობის მცირე ნაწილი სასმელადაც იყენებს.

„95 % მოდის წყაროზე და აქედან მიაქვს წყალი. ბევრი არ იყენებს ონკანის წყალს სასმელად. ახლა ჩვილი ბავშვი მყავს დატოვებული, გამოვიქეცი წყლის მისატანად. ამას გამოვხარშავ, გავაცივებ და მერე დავალევინებ ბავშვს. აქამდე ვყიდულობდი, მაგრამ ამდენი საშუალება აღარაა“, – გვითხრა მერი ქარჩაიძემ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, როდის შეიძლება მოგვარდეს დაბა ოჩხამურში სასმელი წყლის პრობლემა.

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველსაყოფად 60 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროექტს აჭარაში „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ განმარტა, ამ პროექტის ფარგლებში  ქობულეთში, დაბა ოჩხამურში დაგეგმილია ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობა.

ის, რაც ჯერ დაზუსტებული არაა, არის ვადები – საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული, რომლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება უშუალოდ პროექტზე მუშაობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: