მთავარი,სიახლეები

70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილ მგზავრობის ფასს მერია ისევ არ განიხილავს

13.06.2022 • 2563
70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილ მგზავრობის ფასს მერია ისევ არ განიხილავს

ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მერიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც მიკროავტობუსის მძღოლები 2022 წლის დეკემბრამდე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასს არ გადაიხდიან. რაც შეეხება მგზავრობის ფასს, ოფიციალურად ის კვლავ 50 თეთრია ბათუმის ფარგლებში, თუმცა მძღოლები გასული წლიდან მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ერთ მიკროავტობუსზე 20 ლარითაა განსზღვრული, თუმცა ამ თანხას 2021 წლის მარტიდან ნებართვის მფლობელი კომპანიები ფაქტობრივად არ იხდიან. საკრებულოს გადაწყვეტილებით ისინი სიმბოლურად 10 თეთრს იხდიდნენ ერთ მიკროავტობუსზე.

ეს 10 თეთრი სანებართვო გადასახადი დარჩება 2022 წლის დეკემბრამდეც.

საკრებულო საკითხს 17 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, „2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის განისაზღვროს 0,1 ლარით“.

„მიმდინარე ეტაპისათვის აღნიშნული სახის ცვლილება განპირობებულია ბაზარზე საპოხი და საწვავი მასალების, სათადარიგო ნაწილების ფასების საგრძნობი ზრდით, რამაც მგზავრთა გადამყვან კომპანიებში დასაქმებულ მძღოლებზე და მათ საქმიანობაზე მოახდინა ნეგატიური გავლენა. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე ეტაპზე დაუწესდეთ ნებართვის ფასის გადახდის სიმბოლური თანხა 0.10 ლარის ოდენობით“ – აღნიშნულია მერიის მიერ მომზადებული პროექტის განმარტებით ბარათში.

საწვავისა თუ სხვა მასალების ფასების ზრდის გამო, ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს და დაწესებული 50 თეთრის ნაცვლად მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ.

მგზავრობის ტარიფის ცვლილებაც საკრებულოს კომპეტენციაა, თუმცა ქალაქის მერია ამ ეტაპზე არ გეგმავს მიმართოს საკრებულოს ამ საკითხზე.

„ქალაქის ფარგლებში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი რჩება იგივე – 50 თეთრი. ამ ეტაპზე მერიას საკრებულოსთვის არ მიუმართავს ამ ტარიფის ცვლილებაზე. ჯერ საკრებულომ ნებართვის ფასთან დაკავშირებით უმდა იმსჯელოს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება იმას, რომ მიკროავტობუსებში მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ, ამ კუთხით ალბათ მუნიციპალური ინსპექცია გააძლიერებს კონტროლს“ – უთხრეს დღეს მერიაში „ბათუმელებს“.

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2022 წლის იანვარში ექვსივე შპს დააჯარიმა, რომლებსაც ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვთ.

გააგრძელა თუ არა, იანვრიდან დღემდე, ამ კუთხით კონტროლი მუნიციპალურმა ინსპექციამ და რა ზომები მიიღო მიკროავტობუსებში მგზავრობის ფასის 50-ის ნაცვლად 70 თეთრამდე თვითნებურად გაზრდის გამო? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ინსპექციას მიმართა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფასურის თვითნებურ გაზრდასთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. მიმდინარე წელს პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 91-ჯერ დააჯარიმა მგზავრების გადაყვანაზე პასუხისმგებელი შეპესეები.“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან დღეს, 13 ივნისს.

მერიის სატრანსპორტო სამსახურში „ბათუმელებს“ 5 თვის წინ უთხრეს, რომ კომპანიებმა, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან სამარშრუტო მიკროავტობუსებით, მგზავრობის ტარიფის 80 თეთრამდე გაზრდის მოთხოვნით მერიას 2021 წლის დეკემბერში მიმართეს.

მოგვიანებით მერიაში გვითხრეს, რომ საკითხის განხილვის გაჭიანურება გამოიწვია იმან, რომ ბათუმის საკრებულო ვერ იკრიბებოდა.

ბათუმის საკრებულო 30 მაისს შეიკრიბა და თავმჯდომარეც აირჩია.

ამავე თემაზე:

ბათუმში „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებას საკრებულოს გვერდის ავლით ცდილობენ

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: