მთავარი,სიახლეები

„სავალალოდ გამოიყურება“ – საკონსტიტუციოს ექს-მოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე

13.06.2022 • 945
„სავალალოდ გამოიყურება“ – საკონსტიტუციოს ექს-მოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე

„ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე განაჩენი არის დაუსაბუთებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მან „ნიკა გვარამიას საქმეზე“ სამართლებრივ შეფასება დღეს, 13 ივნისს გამოაქვეყნა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 220-ე მუხლის [უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] შინაარსი არასწორად განმარტა მოსამართლემ და გასცდა მის ფარგლებს გადაწყვეტილება/განაჩენის დასაბუთება, მათ შორის, გულისხმობს, რომ ნორმათა განმარტებისას მოსამართლემ უნდა იმოქმედოს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპის დაცვით, ანუ ნორმის გამოყენების/განმარტების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სამართლის სხვა ნორმებთან/დარგებთან,“ – წერს მაია კოპალეიშვილი და საქმის ეპიზოდებს ცალ-ცალკე აფასებს:

ქიბარ ხალვაშის ეპიზოდი – მოსამართლე მიიჩნევს, რომ 2015 წელს ხელშეკრულების დადებით ქიბარ ხალვაშს გამიზნულად მიადგა ზიანი. ეს ეპიზოდი განაჩენში სავალალოდ გამოიყურება. სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების პუნქტებს და სხვადასხვა წლის შესაბამისი თვეების მიხედვით სხვაობებს, მოსამართლე გამიზნულად აფასებს იმგვარად, რომ ნიკა გვარამიას მოქმედება დაუქვემდებაროს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას.

ავტომანქანის ეპიზოდი -მოსამართლის მსჯელობა ავტომანქანის ეპიზოდში არის დაუსაბუთებელი, მხოლოდ გარიგების დადების პროცესის აღწერა და გარიგების შინაარსის გადმოცემა საკმარისი არ არის ქმედების დანაშაულებრივად მიჩნევისათვის. მოსამართლემ არც კი შეაფასა მის მიერ მტკიცებულებად მიჩნეული ინფორმაციის სიმყარე. მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობა არის ფაქტების მშრალი აღწერა, ყოვლგვარი სამართლებრივი სტანდარტებისა და ანალიზის გარეშე, ვერ დასტურდება მტკიცებულებათა სარწმუნოობა, სანდოობა და რელევანტურობა (შემხებლობა).

მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურ დამკვირვებელს სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის საფუძველიც კი არ უნდა გააჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული პირის სასარგებლოდ.

2015 წლის ხელშეკრულების ეპიზოდის შემთხვევაში მოსამართლე ფაქტობრივი ვითარების დადგენისას და შეფასებისას სპეციალურად უვლის გვერდს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს და მათ შეფასებას, რომლებზეც მიუთითებდა დაცვის მხარე. მოსამართლემ ასევე არ შეაფასა ის ფაქტობრივი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარება, რომელიც იმ პერიოდში რუსთავი 2-ის ირგვლივ იყო,“ – წერს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

მაია კოპალეიშვილის შეფასებით, „ნიკა გვარამიას საქმის“ განხმხილველმა მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საერთოდ შეფასების გარეშრე დატოვა. საია-ს შეფასებით, ინტერესეთა კონფლიქტის გამო ლაშა ჩხიკვაძეს ამ საქმის განხილვის უფლებაც არ ჰქონდა.

„მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არცერთი რელევანტური არგუმენტი, სამაგიეროდ, გაითვალისწინა ბრალდების სასარგებლოდ მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაცია.

სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასების გარეშე დატოვება, არათანაბარი ყურადღება მხარეების არგუმენტებისადმი, მხარეების მიერ წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებიდან ერთ-ერთის გათვალისწინება და სხვა არგუმენტების უარყოფა უარყოფის მიზეზის მითითების გარეშე, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს.

სსსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. როგორც განაჩენის სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს, ვერ დასტურდება ნიკა გვარამიას ბრალეულობა, განზრახ ბოროტი განზრახვა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ ქმედება, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზანი. შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა და დაუშვებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა,“ – წერს მაია კოპალეიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: