მთავარი,სიახლეები

„არ უნდა გადავყვეთ ივანიშვილს“ – პრეზიდენტს მთავრობამ ევროპაში ვიზიტები შეუჩერა

10.06.2022 • 1897
„არ უნდა გადავყვეთ ივანიშვილს“ – პრეზიდენტს მთავრობამ ევროპაში ვიზიტები შეუჩერა

„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 10 ივნისს, მან განაცხადა, რომ ბრიუსელში იმყოფება და საქართველოს მთავრობამ მას ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას საშუალება არ მისცეს დაიცვას საქართველოს პოზიცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. სალომე ზურაბიშვილი აპირებდა ვიზიტებს საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში.

„მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ოფიციალური, სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ იტალიიდან, იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში, შესაძლებელია უკრაინაში, ვისთან ერთადაც  ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ და ვის გარეშეც არ იქნებოდა დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი. მე მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას საქართველოს მთავრობის წევრებმა უთხრეს, რომ „ზედმეტი აქტიურობა“ საჭირო არ იყო.

„მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონ ჩავთვალე, რომ  არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა. მე ვთვლი, რომ ვალდებული ვარ კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.

მე არ მჯერა, რომ არსებობდეს საქართველოსთვის რამე სხვა მომავალი, თუ არა ევროპული მომავალი… ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

____________

ფოტოზე: სალომე ზურაბიშვილი. ფოტო: EPA/ADAM BERRY

გადაბეჭდვის წესი


ასევე: