მთავარი,სიახლეები

ხმოვანი აღმოჩნდა პისტოლეტი, რომლითაც ბანკის დაყაჩაღება სცადეს – რას ამბობს ბრალდებული

12.06.2022
ხმოვანი აღმოჩნდა პისტოლეტი, რომლითაც ბანკის დაყაჩაღება სცადეს – რას ამბობს ბრალდებული

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა ბათუმში ბანკის დაყაჩაღებას ედავება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 ივნისს გაიმართა.

საუბარია 10 ივნისს მომხდარ ამბავზე – როცა ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელი შევიდა. ის სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

„ეს პისტოლეტი არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი, ის იყო სასიგნალო, ხმოვანი პისტოლეტი, რომელიც უბრალოდ იგივე ხმას გამოსცემს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ეს იარაღი დამაზიანებელი არ არის,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ იარაღი ცეცხლსასროლი არ არის, პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებას და გამოყენებას აღარ ედავება ბრალდებულს. თავდაპირველად მას ორი მუხლით წარუდგინეს ბრალი.

ამ ეტაპზე ბრალდებულს გამოძიება მხოლოდ ყაჩაღობის ჩადენას ედავება, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაცვის მხარის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი ამბობს, რომ პოზიციის შესახებ მას ბრალდებულთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ „ბრალდება აბსურდულია“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: