დღეს, 11 აგვისტოს, ლატვიის სეიმმა რუსეთის ძალადობა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ტერორიზმად აღიარა, ხოლო რუსეთი – ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.
განცხადების თანახმად, ლატვია რუსეთის საომარ მოქმედებებს უკრაინაში ტერორიზმად აფასებს.
ლატვიის პარლამენტის განცხადება შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის მიმართ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიმართ.
„რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა მხარს და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებსა და ორგანიზაციებს სხვადასხვა გზით – პირდაპირ და ირიბად, როგორც იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელი სირიაში, ასადის რეჟიმისათვის და როგორც შემსრულებელი, მაგალითად, სკრიპალების მოწამვლა ან ავიარეის MH17 [მალაიზიური ლაინერი, რომელიც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის თავზე ჩამოაგდო] ჩამოგდება.
ახლა რუსეთმა გამოიყენა იგივე, დაუნდობელი, ამორალური და უკანონო ტაქტიკა უკრაინაში, რამდენადაც იგი იყენებს არაზუსტ და საერთაშორისო დონეზე აკრძალულ იარაღსა და საბრძოლო მასალას და არაპროპორციული სისასტიკით ურტყამს სამოქალაქო პირებს და საზოგადოებრივ ადგილებს“, – განაცხადა რიჰარდს კოლსმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
„სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქვეკონტრაქტორი კომპანიების აყვანის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს პრაქტიკა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დამატებით კორუფციულ რისკებს და საჯარო ფინანსების მანკიერი მართვის პრაქტიკას აძლიერებს.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში და პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა ქვეკონტრაქტის გაფორმების წესი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა შემოღებულიყო.
„ამ წესის თანახმად, სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები ძირითადი მიმწოდებლისგან ინფორმირებული უნდა ყოფილიყვნენ, სამუშაოების რა მოცულობას შეასრულებდნენ ქვეკონტრაქტორები, რამდენად სტაბილური იყვნენ ფინანსურად, ასეთის არქონის შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ძირითადი მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორი კომპანიის ჩანაცვლებას“, – წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაციის განმარტებით, შეისწავლეს აჭარაში მოქმედი 14 საბიუჯეტო დაწესებულების 2020-2021 წლების იმ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები, რომელთა შესყიდვის ღირებულება 100 000-ზე მეტი ლარი იყო. მათი განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლინდა არაერთგვაროვანი მიდგომები.
„დადებითად უნდა შეფასდეს, რომ თითქმის ყველა უწყება ტენდერით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებლისგან ითხოვს ქვეკონტრაქტორის აყვანის შეთანხმებას.
ერთადერთი საჯარო უწყება, რომელიც არ ითხოვს მიმწოდებლისგან ქვეკონტრაქტორთან გაფორმებულ შეთანხმებას, ბათუმის მუნიციპალიტეტის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოა“. იგი მხოლოდ ცნობის სახით ითხოვს ინფორმაციას ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მიმწოდებელი კომპანია დააჯარიმა ქვეკონტრაქტორის აყვანის შეუთანხმებლობის გამო. აუდიტის სამსახურმა კი ორი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ისე გაუფორმეს ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორებს, რომ ამის შესახებ სამინისტროს ინფორმაციაც კი არ მიაწოდეს:
ერთ შემთხვევაში მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „მარდმა“, რომელმაც ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია „დიდა“; მეორე შემთხვევაში კი, ქედასა და შუახევში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ალიგატორმა“ ქვეკონტრაქტორად შეარჩია „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯია“.
არც ერთ საჯარო უწყებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მიმწოდებელი კომპანიების მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ აუტვირთავს“, – წერს „გამჭვირვალობა“. მათი განმარტებით, მართალია, ამას კანონმდებლობა არ ითხოვს, თუმცა პროცესის გამჭვირვალობისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მოკვლევის პროცესში, როგორც „გამჭვირვალობა საქართველო“ ამბობს, მხოლოდ სამმა საჯარო უწყებამ – ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და ბათუმის ბულვარმა მიაწოდა ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებს კი მსგავსი ხელშეკრულებები არ გაუგზავნიათ, რადგან უწყებების თქმით, მათ ეს ხელშეკრულებები არ აქვთ.
„საჯარო უწყებებს განსხვავებული პრაქტიკა აქვთ ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზედა ზღვართან დაკავშირებით. მხოლოდ განათლების სამინისტრო ადგენს ქვეკონტრაქტორისთვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ზედა ზღვარს – 30%-ს;
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეკონტრაქტორებისთვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ზედა ზღვრად უმრავლეს შემთხვევაში 40%-ს განსაზღვრავს.
დეპარტამენტის მიერ გამართული 6 ტენდერიდან 5 შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიებმა ამ პირობით გაუფორმეს ხელშეკრულებები ქვეკონტრაქტორებს. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიაღწია ზედა ზღვარმა 60%-ს“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
ორგანიზაციის განცხადებით, სრულიად უსისტემო მიდგომა აქვს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება მიმწოდებელს ზოგ შემთხვევაში ნებას რთავს აიყვანოს ქვეკონტრაქტორი (სამუშაოების ზედა ზღვრის მითითების გარეშე), ზოგან კი ქვეკონტრაქტორის აყვანას დაუშვებლად მიიჩნევს.
„ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზღვარს საერთოდ არ ადგენს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. ამ სამმართველოს ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა ქვეკონტრაქტორებთან 16 კონტრაქტი გააფორმეს და მათგან 10 შემთხვევაში ქვეკონტრაქტორებს ტენდერის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების 90%-ზე მეტის შესრულება უწევთ.
გამოდის, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მხოლოდ შუამავლები არიან შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის, გამოცდილებას ჰყიდიან და ამ მომსახურებაში ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10-15%-ს იღებენ, სამუშაოებს კი ნაკლებად გამოცდილი კომპანია ასრულებს.
„საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ტენდერები, რომელთა გამარჯვებულმა კომპანიებმა ქვეკონტრაქტორები დაიქირავეს
„შემსყიდველი საჯარო ორგანიზაციები დეტალურად არ იკვლევენ, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მონაწილეობენ კომპანიები ტენდერებში.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუპოვერმა“ შემდგომში ქვეკონტრაქტორად აიყვანა ამავე შესყიდვაში მონაწილე კომპანია „გზა“. მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 741 000 ლარზე გაფორმდა, თავის მხრივ, კი „ნიუპოვერმა“ ქვეკონტრაქტი „გზას“ 284 981 ლარზე გაუფორმა.
ქობულეთში გარე განათების სერვისის მისაღებად 2020 წელს გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა – შპს „მეოხმა“ ტენდერში გაიმარჯვა და მეორე კომპანია, შპს „ზომა“ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, შეიქმნა რისკი, რომ „მეოხი“ და „ზომა“ ტენდერში შეთანხმებულად, მეტი სარგებლის მიღების მიზნით მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ამ ტენდერში შესრულებული სამუშაოები მოგვიანებით „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიამ“ გამოცდილებად მიითვალა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივ რეაბილიტაციას და ახალი კორპუსის მშენებლობას ეხებოდა“.
„გამჭვირვალობის“ თქმით, გაუგებარია, სამინისტროები და მუნიციპალიტეტები რატომ არ ითხოვენ ხელშეკრულებებს ქვეკონტრაქტორებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უწყებები მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებაზე აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვებს და, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, მიმწოდებელ კომპანიებს ქვეკონტრაქტორების აყვანის აუცილებლობა ობიექტურად უჩნდებათ.
„განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში არსებული პრაქტიკა, როცა ტენდერში გამარჯვებული და უმეტესად, „ქართული ოცნების“ შემწირველი კომპანიები პრაქტიკულად შუამავლის როლს ასრულებენ შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის.
გაუგებარია, რატომ უნდა ჩაეთვალოს გამოცდილებად და ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებად კომპანიას ის სამუშაო, რომელსაც პრაქტიკულად ქვეკონტრაქტორი ასრულებს, კონტრაქტით განსაზღვრულ ძირითად მიმწოდებელს კი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ამ შუამავლობიდან ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10%-დან 15%-მდე რჩება“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 10 აგვისტოს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა და სთხოვა მათ, არ დაუჯერონ ოკუპანტების დაპირებებს.
„რასაც არ უნდა დაგპირდნენ ოკუპანტები, მათი გზა ერთია – ისინი საუკეთესო შემთხვევაში გაიქცევიან, თუ მოასწრებენ. ისინი უკვე გრძნობენ, რომ მოვიდა ხერსონიდან და ჩვენი ქვეყნის სამხრეთიდან გაქცევის დრო. მოვა დრო, როცა ისინი გაიქცევიან ხარკოვიდან, დონბასიდან და ყირიმიდან,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ქალაქი ხერსონი, რომელსაც უკრაინელებისთვის სიმბოლური და პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რუსეთის არმიამ ომის დაწყებიდან პირველივე კვირაში დაიპყრო. რუსეთი ამ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგადაც ხერსონის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.
რუსეთის არმია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის ბრძოლების შემდეგ დაუძლურებულია, რის გამოც რუსები ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას ვერ ახერხებენ და ფრონტის წინა ხაზზე კერძო სამხედრო დაჯგუფებების დაქირავებულ მებრძოლებს უშვებენ.
ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ.
„რუსეთის არმია ვერაფრით ახერხებს ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას – ისე, რომ არამხოლოდ სიტყვით, არამედ რეალურადაც გააკონტროლოს ლუგანსკის ოლქი სრულად. ჩვენს დამცველებს მყარად უჭირავთ თავდაცვის ხაზი. ვხედავთ, რომ რუსეთის არმიის რეგულარული ძალები ძალაგამოცლილნი არიან და ბრძოლებში, ძირითადად, დაქირავებულ მებრძოლებს გზავნიან,“ – ამბობს გაიდაი.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე – არ არის სასმელი წყალი; ხალხი იძულებულია საჭმელი ღია ცის ქვეშ, კოცონზე მოამზადოს, იქვე გვერდით კი ნაგვის გროვებია, რადგან ნაგავი არავის გააქვს. არავინ აპირებს დანგრეული შენობების აღდგენას; „სამაგიეროდ, რაშისტები მუდმივად ახსენებენ ე.წ. რეფერენდუმს და რუსეთთან შეერთებას“.
გაიდაის თქმით, მოქალაქეები, რომლებიც მანამდე უარს ამბობდნენ ევაკუაციაზე, ახლა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას ცდილობენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე ბრძოლების შემდეგ, 3 ივლისს, ლისიჩანსკი დატოვეს. ამის მერე რუსებმა ლუგანსკის ოლქის სრულად დაკავების შესახებ გამოაცხადეს, თუმცა ოლქის ნაწილი კვლავაც უკრაინელთა კონტროლქვეშ რჩება.
ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შედეგად განადგურებული რუსული ტექნიკის რაოდენობაზე ინფორმაციას სამი უცხოური წყარო ავრცელებს.
პორტალი Oryx-ი, რომელიც ღია მონაცემებსა და სადაზვერვო ცნობებს სწავლობს, წერს, რომ განადგურდა სულ მცირე 4 თვითმფრინავი სუ 30 CM და 6 მოიერიშე-მზვერავი სუ 24 M/MP (5 განადგურდა, ერთი დაზიანდა.)
List Of Aircraft Losses During The 2022 Russian Invasion Of #Ukraine 🇷🇺🇺🇦
OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსი, ოლივერ ალექსანდერი ტვიტერზე აქვეყნებს აეროდრომის სატელიტურ ფოტოს, რომელზეც რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და მათი განლაგების ადგილებია მონიშნული. მისი თქმით, 9-დან 14-მდე თვითმფრინავია განადგურებული.
Finally we have imagery of Saki Airbase. Serious losses for Russian aviation. At least 3 Su-30s and 6 Su-24s have been destroyed. Imagery isn’t good enough to confirm, but possibly 2 additional Su-24s and 3 additional Su-30s destroyed.
სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს ტვიტერზე საგამოძიებო პროექტ Bellingcat-ის დამფუძნებელი ელიოტ ჰიგინსიც. ის შედარებისთვის აეროდრომის 9 და 10 აგვისტოს ფოტოებს ავრცელებს. 10 აგვისტოს ფოტოზე კარგად ჩანს აფეთქების კვალი, განადგურებული ტექნიკა და დანგრეული შენობები.
„არ მახსენდება, რომ რუსეთს როდისმე ამდენი საავიაციო ტექნიკა დაეკარგა ერთ დღეში. ისინი ძალიან შეშფოთებული უნდა იყვნენ უკრაინის შესაძლებლობით, განახორციელოს ასეთი დარტყმა სადმე, განსაკუთრებით კი ყირიმის ხიდზე“, – წერს ჟურნალისტი.
9 აგვისტოს ყირიმში, ნოვოფედოროვკასთან მდებარე „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ მომხდარი უკრაინულ მხარეს არ უკავშირდება და აეროდრომზე საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა. უწყების ცნობით, არ დაზიანებული სამხედრო ტექნიკა და არ არის მსხვერპლი.
უკრაინის თავდაცვის უწყებამ 9 აგვისტოს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ხანძრის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და რუსებს „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და არასათანადო ადგილებში მოწევის აკრძალვის შესახებ“ შეახსენა.
„ერთდროულად ორ სხვადასხვა ობიექტზე აფეთქება, სავარაუდოდ, გამორიცხავს რუსეთის ოფიციალურ ვერსიას, შემთხვევითი ხანძრის შესახებ, მაგრამ არ გამორიცხავს არც დივერსიას და არც შორ დისტანციაზე სარაკეტო შეტევას“, – აღნიშნავენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
სამხედრო აეროდრომი აფეთქებამდესამხედრო აეროდრომი აფეთქების შემდეგ
ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთს იმიტომ არ შეუძლია დაადანაშაულოს უკრაინა ნოვოფედოროვკას ავიაბაზაზე თავდასხმაში, რომ ეს იქნება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის არაეფექტურობის კიდევ ერთი დადასტურება, როგორც ეს უკვე მოხდა კრეისერ „მოსკვას“ შემთხვევაში.
___
მთავარი ფოტო: ნოვოფედოროვკას აეროდრომი, „საკის“ სამხედრო ავიაბაზაზე ყირიმში – სატელიტური ფოტო, რომელსაც ოლივერ ალექსანდერი ტვიტერზე აქვეყნებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის სამხედრო წარმოების სირთულეებია. უწყების ცნობით, რუსეთი, ჯავშანმანქანებზე საექსპორტო შეკვეთების შესრულებას ვეღარ შეძლებს – ერთი მხრივ, დასავლური სანქციების მზარდი ეფექტის გამო, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ მას თვითონ სჭირდება დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა უკრაინასთან ომში.
დაზვერვა მიუთითებს, რომ ახლახან ბელარუსმა საკუთარი ძალებით გამოუშვა განახლებული საბრძოლო ტანკის T-72B-ის დეტალები, რადგან ამის გაკეთება რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ურალვაგონზავოდთან“ არსებული საბრძოლო ტექნიკის მოდიფიკაციის პროგრამის ფარგლებში ვეღარ შეძლო.
„რუსეთი სამხედრო ინდუსტრიას დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა თავისი ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად, თუმცა მისი სამხედრო წარმოების შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად შემცირებული, მისი შეიარაღებული სისტემებისადმი ნდობა კი შერყეულია,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 11 აგვისტოს რელიზში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყებამ დაადასტურა მანამდე რუსულ და უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობები, რომ რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით „მოხალისეთა“ ბატალიონებს ქმნის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 846 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 4 100 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 974 ერთეული [+3]
MLRS – 261 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 134 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 232 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 772 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 018 ერთეული [+13]
სპეცტექნიკა – 90 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
267 თვითმფრინავი
145 ვერტმფრენი
1 727 უპილოტო საფრენი აპარატი
365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 287 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
797 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 290 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 820 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
საჯაროდ არაფერია ცნობილი საბოლოოდ რა გაირკვა ნავთობის სუნზე, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ. ვინ რას და რატომ არღვევს? მოჰყვება თუ არა ამას რაიმე სახის რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან?
პერიოდულად ნავთობის სუნი განსაკუთრებით მკვეთრად თამარის დასახლებაში იგრძნობა.
საკითხის გარკვევის მიზნით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გარემოს დაცვის სამმართველოს ოფიციალურად, სადეპუტატო კითხვის ფარგლებში მიმართა და პასუხიც მიიღო, თუმცა ამ პასუხით მაინც არაფერი გაირკვა.
აი, რა კითხვებით მიმართა გარემოს სამმართველოს დეპუტატმა გია აბულაძემ:
რით არის გამოწვეული ნავთობის სუნი?
სამმართველოს უფროსის პასუხი პირველ წერილზე
რამდენი განცხადება (სიტყვიერი, წერილობითი) შემოვიდა ზემოაღნიშნულ პრობლემასთან
დაკავშირებით 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე თვეების მიხედვით და რა რეაგირება
მოახდინეთ თითოეულ განცხადებაზე?
შეისწავლეთ თუ არა ადამიანის ჯანმრთელობის რა რისკებთან არის დაკავშირებული
შექმნილი მდგომარეობა? ასეთის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ
შესაბამისი დოკუმენტების ასლები.
მოსახლეობასთან გქონდათ თუ არა შეხვედრა და მიაწოდეთ თუ არა ინფორმაცია გარემოს დაბინძურებასთან და მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით.
ეს კითხვები აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ჯემალ ნაკაშიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრისგან, გია აბულაძისგან 20 ივნისს მიიღო.
სამმართველოს უფროსმა უმაღლეს საბჭოს წევრს მისწერა, რომ ნავთობის სუნის მიზეზის დადგენა მისი კომპეტენცია არ იყო და იქვე დაუმატა, რომ ნავთობის სუნის პრობლემასთან დაკავშირებით სამმართველოში განცხადება არ შესულა.
დეპუტატმა მას კიდევ ერთი წერილით მიმართა. გია აბულაძე დაინტერესდა, მოქმედი პროგრამა [„ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი“] ითვალისწინებს თუ არა ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების მდგომარეობის კვლევას, შეფასებას და რეაგირებას.
2022 წლის 6 ივლისს გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა გია აბულაძისგან კიდევ ერთი წერილი მიიღო. დეპუტატს ამჯერად აინტერესებდა, მიმდინარე წლის განმავლობაში როდის განხორციელდა პროგრამით გათვალისწინებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი და რა დარღვევები გამოვლინდა. დეპუტატმა შესაბამისი დოკუმენტებიც მოითხოვა.
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ, ჩემი სადეპუტატო კითხვის მიღების შემდეგ რა რეაგირება მოახდინეთ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებისათვის?“ – მიმართა გია აბულაძემ სამმართველოს უფროსს.
20 ივლისს სამმართველოს უფროსმა გია აბულაძეს აცნობა, რომ „გარემოსდაცვითი პროგრამის“ ქვეპროგრამით – „ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი“ – გათვალისწინებული იყო ატმოსფერული ჰაერის 132 სინჯის ანალიზის მომსახურების შესყიდვა. თუმცა შესაბამისი კომპანია ვერ შეარჩიეს – ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.
ამის შემდეგ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანეს და გააუქმეს ღონისძიება – „ატმოსფერული ჰაერის სინჯების ანალიზი“.
სამმართველოს უფროსმა დეპუტატი დაამშვიდა, ატმოსფერული ჰაერის სინჯების ანალიზი „სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული და მისი განხორციელება 2023 წელს გაგრძელდებაო.
„რაც შეეხება წინა წლებს, ქვეპროგრამის „ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგის“ შედეგად გამოვლენილ „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებს, შედეგები სათანადო რეაგირებისთვის გადაგზავნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში“, – ნათქვამია სამმართველოს უფროსის წერილში.
ჯემალ ნაკაშიძე ასევე წერს, რომ გარემოსდაცვითი ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. თუმცა ეს დოკუმენტები მოთხოვნის მიუხედავად მან დეპუტატს არ გადაუგზავნა.
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის სახლის ეზო და ბეტონის ღობე გარეცხეს.
ადგილზე სამსახურის მანქანით ჯერ წყალი მიიტანეს, შემდეგ კი სამსახურის ტექნიკა ეზოს და ბეტონის რეცხვისთვისაც გამოიყენეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა.
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძეა. მისი თქმით, სამსახურს ორი სარწყავი მანქანა აქვს და მათ დღეს არ უმუშავიათ:
„ჩვენი მანქანა არ იქნებოდა, ვარიანტი არ არის. იმიტომ, რომ ჩემი მანქანები ღამე მუშაობდნენ გუშინ, ოთხის ნახევრამდე, ახლა სძინავთ მძღოლებს და საღამოს შვიდამდე არ გამოვლენ სამსახურში. ასეა ჩემთან.“
მას შემდეგ, რაც თამაზ სალუქვაძეს ვუთხარით, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეო მოგვეპოვება, მან გვითხრა, რომ დილით სამსახურიდან შინდისის სკვერში წავიდა, რადგან იქ ღონისძიებას გეგმავენ და მის წასვლამდე მანქანები ადგილზე იყო გაჩერებული:
„ასეთი სამუშაოს შესრულების უფლება არ გვაქვს. არა, როგორ გეკადრებათ, გზად თუ ვართ გასული და იქვე თუ მოვიდა ვინმე და ადამიანურად მთხოვა, რომ რაღაც დაისვარა და არ აქვს სათანადო ტექნიკა და ერთი ხუთი წუთი მომეხმარეო… საკრებულოს წევრს რომ რაღაცა ეთხოვოს, არ ყოფილა ჯერ ასეთი შემთხვევა, არავის უთხოვია ჯერ, მასეთი არ მახსოვს. თუ მასალაც არსებობს, ფაქტი გქონიათ თქვენ.“
თამაზ სალუქვაძემ გვითხრა ისიც, რომ პერიოდულად მისი სამსახურის მანქანები „სანდასუფთავების“ სამსახურს ეხმარებიან:
„როცა არ ჰყოფნით მანქანები გადარეცხვის სამუშაოებისთვის. ღამით მუშაობენ ძირითადად, დილამდე და შემდეგ ბრუნდებიან. ჩვენი მანქანებით ძირითადად ყვავილები და ხე-მცენარეები ირწყვება. დღეს სანდასუფთავებას მანქანები არ წაუყვანია. დამიზუსტეთ მისამართი, გავარკვევ ყველაფერს და დაგიკავშირდებით“.
მოგვიანებით თამაზ სალუქვაძემ გვითხრა, რომ ყველაფერი გაარკვია და მისი ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე გუშინ, 9 აგვისტოს, ღამით, წყლის მილი გასკდა: „იმ მონაკვეთში, ადგილზე იმუშავა შპს ბათუმის წყალმა, რის გამოც ადგილზე ეზო და კედელი დაისვარა. ამიტომაც მორეცხეს“.
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დებულების მიხედვით, სამსახურს სამეწარმეო საქმიანობის უფლება აქვს, თუმცა ამავე დებულებით განსაზღვრულია, რომ ეს საქმიანობა მცენარეების მოვლა-პატრონობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ქუჩების მორეცხვა, მით უმეტეს, კერძო პირის სახლის ეზოს და ბეტონის ღობის გარეცხვა, ან მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად სამსახურის ტექნიკით წყლის მიწოდება ამ სამსახურის ფუნქცია არ არის.
„ჩვენმა მანქანამ, რომელიც მიდიოდა წყლის ასაღებად, გადაასხა წყალი. გადარეცხა ქუჩა და კედელი. მეტი არაფერი არ ყოფილა. იყო მხოლოდ 15 წუთით შეჩერებული. მაქ დეპუტატი ცხოვრობს თუ სხვა, არავის მოუკითხია. წყალკანალმა გააჩერა და სთხოვა კოლეგიალურად, რომ გაეკეთებინა ის სამუშაო, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ“, – დააზუსტა თამაზ სალუქვაძემ.
თავად ლევან დოლიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ არ იცის:
„შეიძლება ჩემს ეზოსთან ქუჩას რეცხავდა. ჩემს ეზოში არაფერი არ ესაქმება, მასეთ ფაქტს არ შევსწრებივარ. მე ვარ ვიდეოში? – გამწვანების მანქანას ვამუშავებ და ეზოს ვრეცხავ? – ბეტონის კედლებს შეიძლება მიესხა წყალი. მე რაში მჭირდება გამწვანების სამსახურის მანქანა ეზოს ჩასარეცხად? – არაფერში არ მჭირდება.
ჩემი ეზო ბათუმის გამწვანების მანქანას ნამდვილად არ გაურეცხია. დილით რომ გამოვედი, შემდეგ სახლში არ მივსულვარ. სასაცილოდ მეჩვენება. შეიძლება გარეთ ქუჩაში იყო, წყალკანალის მანქანაც მუშაობდა სამი დღის წინ. მთელ ქუჩაზე მუშაობს, მილები ჩაყარეს მაჭავარიანის ქუჩაზე. დაერთებებს აკეთებენ. სახლთან გათხარეს, ისე, როგორც დანარჩენ მთელ ქუჩაზე გადათხრილია. დაახლოებით ერთი თვეა მუშაობენ ახალი წყლის დაერთებაზე“.
გამწვანების სამსახურის მანქანა საკრებულოს წევრის სახლთან
ლევან დოლიძე ბათუმის საკრებულოში კახაბრის, სამრეწველო ზონისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარია. ამ უბნის მაჟორიტარად ის „ოცნებამ“ წარადგინა. საკრებულოში არჩევამდე ლევან დოლიძე ააიპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე კი, 2019-2020 წლებში, 25 წლის ლევან დოლიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო ინფრასტრუქტურის საკითხებში.
ლევან დოლიძე
ლევან დოლიძის მამა ბიზნესმენი ნუკრი დოლიძე ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის ახლა სამშენებლო ბიზნესშია და მისი კომპანიები სახელმწიფო სტრუქტურებისგან მილიონობით ლარის ღირებულების დაკვეთებს ყოველწლიურად იღებენ.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან დოლიძე შპს „გრად მაისონის“ 20 პროცენტის მფლობელია. ეს კომპანია ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, „კალიგრაფ თაუერს“ აშენებს. 2018 წელს მას კიდევ ერთი კომპანია – შპს „ლდ. გროუპიც“ დაუფუძნებია, თუმცა 2019 წლიდან ამ კომპანიის წილებში აღარ ფიქსირდება.
„დაფინანსებულია ქართული ოცნების მიერ“ – ამ წარწერას დაინახავთ ყველა გამოქვეყნებული პოსტის ზემოთ, რომლებიც ფეისბუქგვერდ „სინამდვილეში“ ქვეყნდება. შინაარსის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი გვერდი ძირითადად კრიტიკული მედიის, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევა.
გვერდზე გამოქვეყნებულ ყველა პოსტს „ქართული ოცნება“ არეკლამებს, 149 ასეთი პოსტის რეკლამირებაში კი 7 503 დოლარი გადაიხადა.
ფეისბუქგვერდი სახელწოდებით – „სინამდვილეში“, 2021 წლის 9 ივნისს შეიქმნა და კატეგორიაში მითითებული აქვს „პოლიტიკური ორგანიზაცია“.
აღნიშნულ პოლიტიკურ გვერდზე გამოქვეყნებული ყველა პოსტი დეზინფორმაციას, სიყალბეს და მანიპულაციას უწოდებს ყველაფერს, რაც მმართველი პარტიის და მთავრობის წევრების კრიტიკას შეიცავს.
პოსტების უმრავლესობა შეეხება რუსეთის აგრესიას საქართველოში, რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების თემას და ასე შემდეგ.
ბოლო პოსტი, მაგალითად, გუშინ, 9 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ბლოგს შეეხება, სადაც ჟურნალისტი აგვისტოს ომის დაწყების თარიღს ეხება და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს რუსული ნარატივის გამო აკრიტიკებს.
„08.08.08 – ლამაზი და იოლად დასამახსოვრებელი თარიღი და რუსული პროპაგანდის პირმშოა“, – წერს ჟურნალისტი. ბლოგში ასევე ვკითხულობთ, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს ომის დაწყება 7 აგვისტოს დადასტურებულია, როგორც საქართველოს სპეცსამსახურის მიერ მოპოვებული სატელეფონო ზარების ჩანაწერებით, ასევე ომის შემდგომ რუსულ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით“.
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი გვერდი კი ამ ბლოგის გამო ჟურნალისტს და მედიაგამოცემას მანიპულაციაში ადანაშაულებს და წერს – ციტატა: „რადიო თავისუფლება“ პირდაპირ იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტულ იარაღად და ძირს უთხრის საკუთარ რეპუტაციას“.
პარტიული ფეისბუქგვერდი იქვე წერს, რომ 8 აგვისტოს ომის დაწყების დღედ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიხსენიებდა.
5 აგვისტოს გამოქვეყნებული პოსტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების – ISFED“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის წინააღმდეგაა მიმართული.
პარტიის მიერ დაფინანსებულ პოსტში ნინო დოლიძეს ქსენოფობიაში ადანაშაულებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე ისაუბრა.
„როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და არის ოკუპანტი სახელმწიფო, ამდენი ადამიანის შემოდინება, ბუნებრივია იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას და შეკითხვებს…
ეს არ არის ქსენოფობია, ეს არის შიში, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია რუსეთთან მიმართებაში, ეს არის იგივე ემოციები, რაც გავრილოვის დროს და ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი და არა ქსენოფობია”-ამბობს ნინო დოლიძე.
დაფინანსებული პოსტები „ფაქტჩეკერის“, ნინო დოლიძის და ნიკა სიმონიშვილის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნება“ რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლას დეზინფორმაციას უწოდებს.
ოფიციალური ინფორმაციით, რასაც ტურიზმის ეროვნული სააგენტო და შს სამინისტრო აქვეყნებენ პერიოდულად, ნათქვამია, რომ მარტო ბოლო ორ თვეში (ივნისი-ივლისი) საქართველოს საზღვარი რუსეთის 292 194-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
ხოლო ის ფაქტი, რომ რუსები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით არ შემოდიან, ეს დასტურდება მათივე კომენტარებით სხვადასხვა მედიასაშუალებასთან, როცა ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ბიზნესკომპანიებს არეგისტრირებენ და ამ ქვეყანაში აპირებენ ცხოვრებას.
ერთ-ერთ დასპონსორებულ პოსტში საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ქსენოფობის წახალისებაშია დადანაშაულებული. თემა ამ შემთხვევაშიც რუსეთის მოქალაქეებს ეხება.
ქარდზე გამოტანილია ფრაზა სიმონიშვილის სახელით, სადაც წერია: „რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობია ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად დასახელებული პრობლემაა“.
პარტიული გვერდი კი წერს, რომ ეს განცხადება ქსენოფობიის წახალისებაა, თუმცა რატომ, არ აკონკრეტებს.
პარტიულ გვერდს ასევე დაფინანსებული აქვს პოსტი, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კრიტიკაა. პარტიამ ომბუდსმენი ქსენოფობიაში ამ განცხადების გამო დაადანაშაულა: „რატომ უკვირთ მმართველი პარტიის პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ”.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფეისბუქის გვერდი ამავე პოსტში ლომჯარიას რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიური განწყობის გამოხატვაში ადანაშაულებს.
ამის პარალელურად გვერდზე განთავსებული დარეკლამებული პოსტები „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების, ხელისუფლების მაღალჩინოსნების და დეპუტატების განცხადებების შინაარსის გამართლებას ცდილობს.
„ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული აზრის წინააღმდეგ პოსტების დაფინანსებაში 7 503 დოლარი დახარჯა
„ქართულ ოცნებას“ ასევე დაფინანსებული აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტები, სადაც წერს, რომ თითქოს აღნიშნული ორგანიზაცია კორუფციის ინდექსში საქართველოს შესახებ ყალბ აღქმებს უწყობს ხელს.
ხოლო იქ, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, ევროკავშირის წევრობის სიკეთეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროკავშირთან დაახლოებით შესაძლოა აშშ-სთანაც მივიღოთ უვიზო რეჟიმი, ამ გამონათქვამს „ოცნება“ სიცრუეს უწოდებს და პოსტში წერს, რომ ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ყალბი მოლოდინების შექმნა.
და ეს ხდება „ამ ეტაპზე სტატუსის არმონიჭების გამო საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევის და საპროტესტო მუხტის აწევის მიზნით“.
გვერდზე ასევე ნახავთ „ღია საზოგადოების ფონდის“ წინააღმდეგ დაფინანსებულ პოსტებს, სადაც „ქართული ოცნება“ ფონდს მოიხსენიებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული კამპანიის გამგრძელებელს. ფონდს ასევე ხელისუფლების დისკრედიტაციაშიც სდებს ბრალს.
მაგალითად, როცა ირაკლი კობახიძემ უსამშობლო და უღმერთო უწოდა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მყოფ ადამიანებს, პარტიული გვერდი შეეცადა შეელამაზებინა კობახიძის განცხადება და მხოლოდ ვიდეოს ის ნაწილი ატვირთა, სადაც კობახიძე ამბობს, რომ უსამშობლო და უღმერთოში მხოლოდ ის ხალხი იგულისხმა, რომლებიც „იმ დღეს სცენაზე იდგა“.
დაფინანსებული პოსტები პოლიტიკოსების წინააღმდეგ
კიდევ ერთი პოსტი, რომელიც დაფინანსებულია „ქართული ოცნების“ მიერ, დამოუკიდებელ დეპუტატს თამარ კორძაიას შეეხება. „საქართველოს ხელისუფლება ვეღარ მალავს იმას, რომ მის ტერიტორიაზე გაურკვეველი გზებით შემოდის სანქცირებული პროდუქცია“. კორძაიამ ეს შეფასება ბათუმის პორტში რუსული ტანკერის სანქცირებული ნავთობის შემოსვლაზე დაწერა.
„ოცნების“ მიერ დაფინანსებული გვერდი წერს, რომ კორძაიას ეს განცხადება სიცრუეა.
პროპაგანდისტული გვერდი ასევე სიცრუეს უწოდებს პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის ირაკლი კობახიძის კომენტარს ეხმაურება იმის თაობაზე, თუ რატომ არ იყო კობახიძის განცხადებით საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეული.
„ქართული ოცნება“ მის მიერვე დასპონსორებულ პოსტში წერს, რომ აქუბარდია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევა და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზის გაგრძელებაა.
ამ გვერდზე დაფინანსებულ პოსტებს შეხვდებით ელენე ხოშტარიას შესახებაც და მას სიცრუის გამავრცელებელს ეძახის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ისევ რუსეთს შეეხება.
გვერდზე შეხვდებით თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტსაც, ერთ-ერთ პოსტში ხიდაშელი დადანაშაულებულია ზიზღის ენის გამოყენებაში. ხიდაშელმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი რუსეთის მიმართ ლოიალობის გამო გააკრიტიკა.
„თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა რუსეთიდან, რაც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“, – „ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანი ეს განცხადება გააკრიტიკა თინა ხიდაშელმა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ფეისბუქგვერდზე ასევე შეხვდებით „ფაქტჩეკის“, სამოქალაქო აქტივისტების, კრიტიკული მედიის, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დისკრედიტაციას. ქარდებს კონკრეტული პირების ფოტოებით, რომლებსაც აწერია – „სიცრუეა“, „ქსენოფობია“, „ქსენოფობიის წახალისება“, „ტყუილია“, ზიზღის ენა“ და ასე შემდეგ.
გვერდზე განთავსებული ყველა პოსტი მმართველი პარტიის წარმომადგენლების ინტერესების დაცვას და ოპონენტების კრიტიკას ემსახურება.
___
მთავარი ფოტო: „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ქარდი, რომელიც „რადიო თავისუფლების“ დისკრედიტაციას ახდენს
8 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ვიზუალური არტისტის, ფერმწერისა და გრაფიკოსის ლევან სონღულაშვილის ერთი ტილო გამოიფინა. გამოფენა 25 აგვისტომდე გასტანს და მისი ნახვა ყველას შეუძლია.
ლევან სონღულაშვილი ბათუმში ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში მან 5 ტილო შექმნა, რომლებიც მალე ევროპისა და ამერიკის საგამოფენო სივრცეებში იქნება წარდგენილი. თუმცა სანამ მის ნამუშევრებს უცხოელი დამთვალიერებელი ნახავს, ხუთიდან ერთი, მთავარი ნამუშევარი – Noli me tangere – ბათუმში გამოიფინა.
ლევან სონღულაშვილთან ინტერვიუ მის ახალ ნამუშევარზე საუბრით დავიწყეთ.
ბატონო ლევან,მოგვიყევით Noli me tangere-ს, თქვენი ტილოს შესახებ, რომელიც ბათუმში შეიქმნა და პირველად აქ გამოიფინა.
სახელებს ყოველთვის სიმბოლურად ვარჩევ. სახელწოდება – Noli me tangere შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს, რადგან ეს ფრაზა სახარებიდანაა ცნობილი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ეუბნება მარიამ მაგდალინელს – „არ შემეხო“. თუმცა ჩემთვის ეს სათაური არ არის სახარებისეული. იგივე კოვიდპანდემიის შემთხვევაშიც ფრაზა Noli me tangere გახდა საკმაოდ აქტუალური და ხშირად გამოიყენებდნენ ადამიანები, რომლებსაც ეშინოდათ ვირუსი არ გადასდებოდათ. ზოგი ხუმრობითაც ამბობდა – „არ შემეხო“.
შეხების კონცეფცია, ზოგადად, საინტერესოა, იმიტომ, რომ შეხება დღეს კიდევ უფრო მეტი ფორმით შეიძლება იყოს გადააზრებული. შეხება შეიძლება იყოს აგრესიული. იგივე უამრავი ქალის შემთხვევაში, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში.
შეხება შეიძლება იყოს სიყვარულით დატვირთული, დედაშვილური. ასევე არსებობს ინტელექტუალური შეხება.
როდესაც საინფორმაციო ომია მსოფლიოში, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არასწორად მიეწოდება საზოგადოებას, ან სწორად მიწოდებული ინფორმაციის ინტერპრეტირება ხდება არასწორი ფორმებით, აქაც უკვე შეხების ობიექტი ვხდებით.
ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი Noli me tangere ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 08/08/2022
ყველა იქექება ჩვენს გონებაში, ყველა ცდილობს აფათუროს ჩვენს პირად ცხოვრებაში ხელები. ეს შეიძლება ოჯახის წევრი იყოს, მეზობელი თუ სხვა.
ნებისმიერ საკითხზე, პოლიტიკით დაწყებული, რელიგიით გაგრძელებული და დასრულებული პირადი ცხოვრებით, მუდამ ვახდენთ ერთმანეთზე გავლენას, ვეხებით ერთმანეთს. ზოგჯერ უბრალოდ გვსურს, რომ დავისვენოთ ამ ყველაფრისგან და პირად სივრცეში მარტო დავრჩეთ ისე, რომ არავინ შეგვეხოს და საკუთარ თავთან განვმარტოვდეთ.
ეს მომენტი დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, როდესაც ადამიანებისთვის დრო ლიმიტირდა და ხელშეუხებლობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველასთვის საოცნებო გახდა. ყველას უნდა, რომ თავისუფალი დრო ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი თავისათვის. ამ ნამუშევარშიც სწორედ იმ დროს შეშდებიან გაქვავებული ფიგურები, როდესაც მოძრავი სხეულები ერთმანეთს ეხებიან. ამ დროს სრულდება თითქოს პირადი სივრცე, გადავდივართ ერთმანეთის სივრცეში, სადაც ერთმანეთის ცხოვრებასაც კი ვაკონტროლებთ გაუაზრებლად და ვწირავთ საკუთარს.
ფრაგმენტი ლევან სონღულაშვილის ნამუშევრიდან Noli me tangere. ფოტო: ლევან სონღულაშვილი
ჩემს შემოქმედებაში უკრაინის საკითხიც აქტუალურია, მაგრამ მე ასე პირდაპირ უკრაინას არ ვეხები. უბრალოდ დავხატე ის ბავშვი, რომელიც ძალიან ცნობილი გახდა.
როდესაც პირველად ვნახე ეს კადრი [ატირებული უკრაინელი ბავშვი მწვანეკუბიკებიანი ქურთუკით პოლონეთის საზღვარზე], სანამ გავიგებდი რეალურ ისტორიას, აღიქმებოდა, რომ ეს ბავშვი მარტო იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვის მშობლები ცოცხალი არიან, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა იმ წუთას აღარ ჰქონდა.
ამ ბავშვმა დაკარგა საკუთარი სახლი, საკუთარი კარ-მიდამო, შესაძლოა მეგობრებიც და სამშობლო, ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა და მოუწია იძულებით გადასახლება ძალიან პატარა ასაკში. ის ვერც კი აანალიზებს, რომ ახლა ომში იმყოფება და მისი ოჯახი ლტოლვილია. მან სერიოზული ტრავმა მიიღო.
მეც, ახლო წარსულში, როგორც შვილმა, მსგავსი სიმძაფრის ტრავმა მივიღე. შეიძლება ჩემს თავზე ბომბები არ ცვიოდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი დარტყმა მივიღე საყვარელი ადამიანის დაკარგვით. ვიცი რა განცდაა, როდესაც ადამიანი სრულიად მარტო რჩება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გრძნობს თავს, უნდა გამოერკვეს და გააგნოს გზა ახალ საზღვრებში, ახალ ტერიტორიებში.
ეს ტერიტორიები ჩემს შემთხვევაში უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე ფიზიკური. ამ ბავშვის შემთხვევაში უფრო ფიზიკურია, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს.
ამ ბავშვის ადგილას წარმოვიდგინე ჩემი თავი და რაღაცნაირი იდენტიფიკაცია მოვახდინე მასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნახატი უფრო ჩემს ახლო წარსულში განცდილ პირად გამოცდილებებს ეყრდნობა, ვიდრე პოლიტიკურს ან რელიგიურს, შესაბამისად, უფრო ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ნაწილია.
მაგრამ ასე ვაზოგადებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელოვანმა საკუთარი პირადი ისტორია ისე განაზოგადოს, რომ მხოლოდ მისი არ იყოს და ის საყოველთაო გახდეს. ამის მიღწევა საკმაოდ რთულია. სწორედ ამას ვეჭიდები, რომ ჩემი ძალიან პირადი, კონკრეტული ისტორია ისე საყოველთაო გავხადო ნამუშევარში, რომ ყველასთვის სხვადასხვა იყოს.
გუშინ ვისმენდი საზოგადოების პირველ რეაქციებს და ყველას განსხვავებული წაკითხვის ფორმა ჰქონდა ჩემი ნამუშევრის.
ისეთი საინტერესო იყო, რომ ნახატი ავტორისგან, ანუ ჩემგან დამოუკიდებლად აგრძელებს ურთიერთობას მნახველებთან, ისე, რომ მათ არ სჭირდებათ ჩემი ახსნა-განმარტება…
უფრო საინტერესოა, როდესაც თავისუფალი გონება ავტორისგან დამოუკიდებლად, თავად ჭვრეტს სრულიად განსხვავებულად და ეს ძალიან კარგია.
ამ დანაკარგის გამოა, რომ საკუთარ სახელთან ერთად დედის სახელსაც აწერთ ყოველთვის ნამუშევრებს?
2020 წლიდან – ყოველთვის. როცა ცოცხალი იყო, ვუთხარი, რომ სიმბოლურად ჩემს ყველა ნახატს მის სახელსაც დავაწერდი, რომ ამით მისი უდიდესი ამაგი დამეფასებინა.
ის მარტოხელა დედა იყო, ერთი შვილი ჰყავდა, მთელი თავისი ცხოვრების ინვესტიცია ჩადო ჩემში, შეიძლება ითქვას. ის იყო მებრძოლი, რომანტიკოსი, არასდროს არ აზროვნებდა პრაგმატულად, თავის შინაგან შეგრძნებებს და ინსტინქტებს ენდობოდა, რისი შედეგიც ვარ ახლა მე. მას ჩემი სჯეროდა. ის, რომ დღეს ეს ყველაფერი ხდება ჩემ გარშემო, პირველ რიგში, მართლა მხოლოდ მისი დამსახურებაა.
ეს არ არის ლამაზი სიტყვები.
იმიტომ, რომ სხვა ადამიანი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მარტო დედაჩემი იყო. დედაჩემიც არ ყოფილა, ვთქვათ, დიდი კონტაქტების მქონე, რომელიც დამეხმარებოდა ცხოვრების გაკვლევაში. არა, ის უბრალოდ უყურებდა მე საით მივდიოდი და გვერდით მედგა, რომ ამ გზიდან არ გადამეხვია.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზედმეტად არ ერეოდა ჩემს ცხოვრებაში. თავისუფლებისა და ზრუნვის ძალიან კარგი ოქროს შუალედი, ბალანსი სწორად ტრანსფორმირდა ჩემს ცხოვრებაში. ამის შედეგია ზუსტად ისიც, რომ მძიმე ემოციური დარტყმებიდან გამოსვლაში ისევ ხელოვნება დამეხმარა. დედაჩემი მთელი ცხოვრება ხელს უწყობდა, რომ მე მუდამ მეხატა და ყველაზე მძიმე სოციალური პრობლემები თავის თავზე ისე აეღო, მე ვერც კი მეგრძნო.
ხშირად მეკითხებიან, რატომ ვხატავდი მთელი ბავშვობა შავ-თეთრ და გრაფიკულ ნამუშევრებს. ხშირად ვამბობდი, რომ მე ეს მომწონდა, მაგრამ ეს სიმართლე არ არის.
პასუხი ძალიან მარტივი იყო – დედაჩემს არ ჰქონდა საშუალება, რომ საღებავები შეეძინა.
ფოტო ლევან სონღულაშვილის ოფიციალური გვერდიდან
21-ე საუკუნის ხელოვნება სიმულაკრებით, ვიზუალური კოდებით არის დატვირთული. მხატვრობა ხომ ყველაზე ჩუმი ხელოვნებაა, რომელსაც სჭირდება მზერა. მზერის შეხების მომენტში უნდა გაიაზრო ვიზუალური ნაწარმოები.
ხშირ შემთხვევაში პოსტმოდერნული ხელოვნება ასეა – რასაც ხედავ, რეალურად, იმაზე მეტია, ვიდრე ჩანს. იგივე ვან გოგის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ფეხსაცმელს ან სკამს, ეს არ არის უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნივთი ან ტანსაცმელი. მას ამ გაგებით არ შეუქმნია. ის ამ საკითხებით იკვლევს და ეხება იმ ყოფას, რომელშიც ის ცხოვრობდა, ანუ სოციალურ საკითხებს.
ჩემი ხელოვნება ზუსტად ასეა – მე შეიძლება ერთი კონკრეტული იდეიდან ამოვიდე, რომელიც მრავალ სხვა იდეას მოიცავს და ეს კონცეფცია იშლება სხვადასხვა ფორმით.
ჩემთვის მნიშვნელოვანია შევქმნა ისეთი ნამუშევარი, რომელთან მიმართებაში ერთი დამოკიდებულება მექნება, თუმცა ასი კაციდან ასივეს განსხვავებული მიმართება ექნება ნამუშევრისადმი და ყველა ერთნაირად არ წაიკითხავს.
ვიღაცამ შეიძლება საკუთარ პირად გამოცდილებასთან გაავლოს პარალელი, ვიღაცამ – გლობალურ კატაკლიზმებთან, ვიღაცამ შეიძლება ომს დაუკავშიროს, იმიტომ, რომ დღეს ომის თემა აქტუალურია…
შეიძლება ვიღაცამ, ვინც ჩემ შესახებ იცის, უფრო ჩემს წარსულთან დააკავშიროს, ან იმასთან, რაც აქამდე შემიქმნია, იმიტომ, რომ ამ ნამუშევარში თავს იყრის ჩემი აქამდე შექმნილი რამდენიმე ნამუშევრის ფრაგმენტი. მაგალითად, Idem et Idem-ი.
ხშირად არიან ხოლმე ჩემს ნამუშევრებში ადამიანები, რომლებიც სივრცეში უჩინარდებიან. ასეთი იყო, მაგალითად, კარდინალების სამოსში გამოწყობილი წითელი ჰორიზონტების სერია, რომელიც მადრიდში შევქმენი და შეიძლება ითქვას, უფრო დასავლური სამყაროს სახეა ჩემთვის.
ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი “წითელი ჰორიზონტები” ფოტო ლევან სონღულაშვილის ოფიციალური გვერდიდან
უფრო აღმოსავლური სამყაროსკენ მიდის Idem et Idem-ი. სხვათა შორის, გია ყანჩელმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაწარმოებს ამ ნახატის ნახვის შემდეგ დაარქვა სახელწოდება Idem et Idem-ი.
განსხვავებით „წითელი ჰორიზონტებისგან“, სადაც მხოლოდ მამაკაცების ხროვა მიდის ამ სივრცეში, Idem et Idem-ში მხოლოდ თეთრებში გამოწყობილი ქალები ზურგშექცევით მიემართებიან სივრცეში.
Noli me tangere-ში გვხვდება ეს საზოგადოება, გარკვეული ფრაგმენტი ზედა სივრცეში, როდესაც ადამიანები მიასვენებენ ქალის გვამს, რომელიც ნახატის ცენტრალური ნაწილია. საკმაოდ მცირე ზომის ფიგურაა, რომელიც შეიძლება ვერც კი შენიშნოს ადამიანმა მონუმენტური ფიგურების ფონზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევრის ამოსავალი წერტილი სწორედ ამ ფიგურიდან იწყება, რომელიც იშლება მერე კომპოზიციაში და მთელ ისტორიად იქცევა.
ნახევარი წელი გაატარეთ ბათუმში. მოგვიყევით, როგორია ეს ქალაქი თქვენთვის, რა შეიძინეთ ან რა დაკარგეთ ამ ქალაქში?
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს თბილისი, ჩემი მშობლიური ქალაქი, ის ყოველწლიურად მძიმდება და ქაოსური ხდება ჩემთვის, ენერგეტიკულად, განაშენიანების თუ ეკოლოგიის კუთხით.
თბილისის გარემოს მსურდა გავცლოდი და ისეთი ადგილი მეპოვა საქართველოში, სადაც თან ვიმუშავებდი, თან ქალაქში ვიქნებოდი, ურბანულ სივრცეს არ მოვწყდებოდი, იმიტომ, რომ ურბანული გარემო მიყვარს. თან იქნებოდა წყნარი, მშვიდი, სუფთა ადგილი. ასეთი ბათუმი აღმოჩნდა ჩემთვის.
მანამდე ბათუმი ასოცირდებოდა საზაფხულო, დასასვენებელ კურორტთან. ახლა, როცა ექვსი თვე გავატარე ამ ქალაქში, სრულიად შევიცვალე დამოკიდებულება. ჩემი აქ გადმოსვლა დაემთხვა ახალი წლის დასაწყისს. ზამთარში სრულიად არასეზონურ, წყნარ ადგილას ვიყავი. ძალიან მომეწონა ადგილობრივებთან ურთიერთობა, შავ ზღვასთან, აი, ამ გარემოსთან ადაპტაცია.
დამითმეს დიდი სახელოვნებო სივრცე, სადაც შევქმენი 5 მონუმენტური ტილო.
ჩემს შემოქმედებით გამოცდილებებზე ყოველთვის გავლენას ახდენდა ის გარემო, რომელშიც ვიმყოფებოდი. როდესაც სხვა ქალაქში გადავდივარ, ეს იქნება ნიუ იორკი, სინგაპური, ბერლინი, მადრიდი თუ სხვა, ყოველ ქალაქს აქვს თავისი სუნი, თავისი განსხვავებული ესთეტიკა, რასაც ქმნიან, პირველ რიგში, ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, არქიტექტურასთან და ლანდშაფტთან ერთად. ბათუმი ჩემთვის, ჩემსავე ქვეყანაში აღმოჩნდა ისეთი ადგილი, თითქოს სხვა ქვეყანაში, სხვა გარემოში ვიყავი.
საქართველოში მეტ დროს თბილისში ვატარებ, მაგრამ ბათუმი სრულიად ახალი გამოცდილებაა. მსურდა, განსხვავებული გამოცდილება მიმეღო ჩემსავე ქვეყანაში და შემოქმედებითად ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ბათუმში მუშაობა.
რა დავკარგე, არ ვიცი. ალბათ უფრო ნეგატიური ემოციები გავატანე ზღვას, მაგრამ პოზიტიური ემოციებითაც დავიმუხტე.
ეს ხუთი ახალი მონუმენტური ტილო, რაც შევქმენი, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ეტაპია ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში, რაც შეიძლება ფრაგმენტულად გვხვდება სხვადასხვა, აქამდე შექმნილ ტილოებში. მნახველი მიხვდება, რომ ჩემი ხელოვნების გაგრძელებაა, მაგრამ ასევე მიხვდებით, რომ ეს არის სრულიად ახალი ეტაპი. ახალი პალიტრა შემოვიდა, ახალი ფერები, უფრო მეტი ექსპრესია გაჩნდა. სრულიად სხვა დინამიკაში წავედით. ზომები კიდევ უფრო გაიზარდა და მასშტაბური გახდა.
ამაზე გავლენა ბათუმმა მოახდინა. ვფიქრობ, თბილისში სრულიად სხვა ტიპის და სხვა დინამიკის ნამუშევრებს ვქმნიდი და ბათუმში სრულიად ვტრანსფორმირდი.
ჩემი ნამუშევრების სინგაპურის სერია იაპონური ტუშით და ჩინური კალიგრაფიის ფუნჯებით არის შექმნილი. წარმოიდგინეთ, სინგაპურში ჩადიხარ და ზეთის საღებავებით მუშაობ, რომელიც არის დასავლური, ევროპული კულტურის მონაპოვარი – ეს ვერ წარმომიდგენია. როცა იაპონიაში ჩადიხარ, ჩინეთში ან სინგაპურში, მგონია, რომ უნდა ადაპტირდე აზიურ ტექნიკებთან, აზიურ გამოსახულებებთან. გადავწყვიტე, რომ ბრინჯის ქაღალდზე დამეხატა. ეს არის აზიური სამხატვრო მასალა, ბრინჯისგან კეთდება, არის ძალიან თხელი და გამჭვირვალე, დიდი ოდენობით წყალი რომ დაასხა, გაიხევა. წყალი და ტუში ისე უნდა გამოიყენო, რომ არ გაიხეს, მაგრამ თუ ეს სისველე გაშრა, ქვასავით მაგრდება. თხელია, მაგრამ ძალიან ძლიერი. დავეუფლე ამ ტექნიკას და ასე შევქმენი სინგაპურული სერია.
რომ არა სინგაპური, მე ამ სერიას არასდროს არ შევქმნიდი. იმავეს ვიტყვი ბათუმზე – რომ არა ბათუმი, ალბათ არასდროს არ დაიხატებოდა ეს ხუთი ტილო. ეს ფერებიც, ეს პალიტრაც, ეს მასშტაბებიც ნაკლებად გაჩნდებოდა ჩემს შემოქმედებაში.
თქვენ დეცენტრალიზაციით ახსენით მოტივი, თუ რატომ იმუშავეთ ბათუმში. როგორ ფიქრობთ, რამდენად გახდებით სხვა ხელოვანებისთვის მისაბაძი მაგალითი?
ძალიან მომწონს გერმანია. მაგალითად, როდესაც ვკითხულობ, სად არის საუკეთესო უნივერსიტეტი, უჭირთ პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ ყველა ქალაქში არის საუკეთესო განათლების მიღების საშუალება, იქნება ეს ფრანკფურტი, ბერლინი თუ მიუნხენი. გააჩნია შენს ინტერესებს და კონკრეტულ პროფესორს, ვისთან გინდა მოხვედრა. იგივე არის ჰოსპიტალზე, ყველგან კარგი სამედიცინო დაწესებულებაა. ანუ აუცილებლობას არ წარმოადგენს მთელმა ქვეყანამ ერთ ქალაქში მოიყაროს თავი, რათა საუკეთესო განათლება, საუკეთესო მედიცინა, საუკეთესო ჯანდაცვა მიიღონ ადამიანებმა.
როდესაც ჩვენ ვართ ასე პატარა ზომის სახელმწიფო, მგონია, რომ უფრო მარტივი უნდა იყოს ამ პატარა ტერიტორიის ფართოდ დატვირთვა და ხელმისაწვდომობა, რომ ყველაფერი არ იყოს თავმოყრილი თბილისში, სადაც უკვე შეუძლებელია დიდხანს გაჩერება. ეკოლოგიურადაც კატასტროფა ხდება თბილისში.
ყველას უნდა მიეცეს საშუალება… თუნდაც თბილისიდან სტუდენტები რომ ჩამოვიდნენ ბათუმში და აქ მიიღონ განათლება, ან პირიქით, ბათუმელები ჩავიდნენ თელავში და იქ ისეთი უნივერსიტეტები შეიქმნას, რომლებიც ბათუმელისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდება.
ამ ფონზე, როცა მე ეს სურვილები მაქვს, კითხვა ისმის – „რატომ აწყობ გამოფენას თბილისში და რატომ არ აწყობ ან რატომ არ ქმნი ნამუშევარს ბათუმში ან თელავში?“
ამ შემთხვევაში ბათუმი იქცა ჩემთვის მორიგ ადგილად, სადაც გადმოვედი საცხოვრებლად და ექვსი თვე დავყავი.
გადმოსვლისთანავე ხატვა არ დამიწყია, დავიწყე ადაპტირება გარემოსთან, გავიცანი აქაური საზოგადოება და მერე უკვე ნელ-ნელა დავიწყე შესვლა სახელოსნოში. შემდგომ უკვე დაიწყო მთელი ეს ძალიან საინტერესო თავგადასავალი.
ახლა, როცა ეს ნამუშევრები შევქმენი და უნდა გაიგზავნოს საზღვარგარეთ, მორიგი პასუხისმგებლობაა ის, რომ სწორედ იმ ქალაქში გააკეთო გამოფენა, სადაც მთელი ეს პერიოდი იმუშავე და ასე გამოხატო მადლიერება ქალაქისადმი, იმ ადამიანებისადმი, ვინც დაგითმო ეს სივრცე და ვისაც ინტერესი აქვს ნახოს ეს ნამუშევრები.
მიხარია, რომ უამრავი ადამიანი ჩამოვიდა თბილისიდან, თელავიდან, ხაშურიდან, ქუთაისიდან იმისათვის, რომ ენახათ ეს ნამუშევარი, თანაც ერთი ნახატი. აქ ხომ არ გაკეთებულა დიდი ექსპოზიცია. ერთი ნახატი გამოიფინა მხოლოდ, ისიც სიმბოლურად – მთავარი ტილო, რომელიც აქ შეიქმნა. ერთი ნამუშევრის სანახავად ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიარა ხალხმა გზა საქართველოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.
ეს მიდგომა თუ გაგრძელდება, ვფიქრობ, ბათუმს აქვს პოტენციალი გახდეს ოთხი სეზონის ქალაქი.
ხშირად წერთ, რომ თქვენი მეორე სახლი ნიუ იორკია. რა მოგცათ ამერიკამ და ზოგადად, დასავლეთმა?
ვარ საკმაოდ თავისუფალი, არავისზე დამოკიდებული, არც ერთი პარტიის მიმართ არ მაქვს სიმპათია და კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ და ასევე ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც მე მაწუხებს და ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, მნიშვნელოვანია.
ჯერ მოქალაქე ვარ და მერე მხატვარი. სადაც არ უნდა ვიყო, ვფიქრობ და მადარდებს ამ ქვეყნის ბედი და მიმდინარე მოვლენები.
მრავალი წელია მაქვს რუსეთიდან შემოთავაზება გამოფენისთვის, წამყვან მუზეუმებში. მე არ მიმაჩნია, რომ ვინც იქ ჩადის, გამოფენას აკეთებს ან კონცერტს მართავს, საქართველოს მოღალატე ან მტერია, ვემიჯნები ამ აზრს, თუმცა ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ სანამ საქართველო ოკუპირებულია, სანამ ასე დანაწევრებული ვიქნებით, მგონია, რომ გამოფენას არ უნდა ვმართავდე იმ ქვეყანაში, რომლის ჯარიც ჩემი ქვეყნის ოკუპაციას ახდენს.
ჩემი პირადი პოზიციაა ეს.
დედამიწა საკმაოდ დიდია, უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება გამოიფინოს ნამუშევრები, ჩატარდეს კონცერტები. ოკუპანტი რომ იყოს ამერიკა ან დიდი ბრიტანეთი, იგივე პოზიცია მექნებოდა მათდამი. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მტერი არის რუსეთი, რომელსაც ჩვენი მიწების საკმაოდ დიდი ნაწილი, 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და ახლა იგივე ხდება უკრაინაში.
პოლიტიკის ექსპერტი მე არ ვარ, მაგრამ ეს არის ის, რასაც მე ვხედავ, ვგრძნობ და რაც თუნდაც ჩემი რუსი ხელოვანი მეგობრებისგან მესმის, რომლებიც ემიჯნებიან ამას, გმობენ და ყოველთვის პროტესტს გამოხატავენ. ოღონდ უკრაინის ომამდეც გამოხატავდნენ პროტესტს. ძალიან ბევრი ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად, რომ გასცლოდნენ მოსკოვს.
რა მომცა დასავლეთმა? დასავლეთმა მომცა ძალიან ბევრი რამ, მაგრამ მთავარი მაინც არის ცოდნა. მაინცადამაინც ბიბლიოთეკაზე, წიგნსა და ლიტერატურაზე არ არის აქ აქცენტი, უფრო იმ საერთაშორისო აუდიტორიას ვგულისხმობ, რომელიც იქ იკრიბება. მაგისტრატურაზე შენ გვერდით არიან ლონდონის, პარიზის, სინგაპურის და მსოფლიოს სხვა წარმატებული, განვითარებული ქალაქების საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები.
რა არის თემები, რომლებიც გაღელვებთ?
განათლება არის ყველაზე მთავარი თემა ჩემთვის.
განათლება, პირველ რიგში, რა არის ხომ?! საკუთარი თავის კონტროლსაც უკეთ სწავლობ, სხვებისადმი დამოკიდებულებაც იცვლება. ვფიქრობ, რომ განათლება არის მთავარი. განათლებით მოდის ეკონომიკაც. ქვეყანა ვერ განვითარდება, დამოუკიდებელი ვერ გახდება სუსტი და ღარიბი ეკონომიკით.
ასევე, კულტურის მიმართულებით ხელშეწყობა. ის, რაც მთავარია ჩვენთვის და ქვეყნისთვის, არის კულტურა და კულტურის სწორი პოლიტიკა.
„ჩინეთი ეცდება, რუსეთთან გარკვეულ ურთიერთობების გაუმჯობესებით დასაჯოს აშშ“, – ამბობს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“ (PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი.
რა საფრთხეებს შეიცავს ტაივანის კრიზისი მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, როგორ ეხმიანება იქაური მოვლენები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ომს და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდეთ, – „ბათუმელები“ მარჩინ პჩიხოდნიაკს ამ საკითხებზე ესაუბრა.
დავიწყოთ ვიზიტით. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი რანგის ვიზიტია აშშ-იდან ტაივანში. მოვისმინეთ ყველა არგუმენტი და მიზეზი. თუმცა როდესაც მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი და მსოფლიო ამხელა კრიზისების წინაშეა, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ იყო ეს ვიზიტი ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ უნდა შემდგარიყო მაინცადამაინც ახლა?
ეს შეკითხვა ალბათ უფრო ნენსი პელოსის უნდა დავუსვათ და არც ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებდა პასუხის გაცემას. რასაკვირველია, მან განმარტა ვიზიტის მიზნები და მიზეზები, თუმცა ნამდვილად არ განუმარტავს, რატომ ახლა და რატომ ასე გადაუდებლად.
რაც შეეხება ჩემს პასუხს, მისი პირველი ნაწილი არის ის, რომ პელოსის ვიზიტში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, მესმის ყველა არსებული ნარატივი, მდგომარეობა და კონტექსტი, თუმცა ვფიქრობ, ცოტა წინ უნდა წავიდეთ – დავინახოთ, თუ რამდენად ჩვეულებრივია პარლამენტის სპიკერი ესტუმროს სხვა ქვეყანას, თუნდაც ეს ტაივანი იყოს.
პასუხის მეორე ნაწილი ისაა, რომ ნენსი პელოსი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის ნაწილი სავარაუდოდ ემთხვევა კიდევაც პრეზიდენტ ბაიდენის დღის წესრიგს. აქვე უნდა გვესმოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ორპარტიული დაყოფა – რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის განსხვავება, მოახლოებული შუალედური არჩევნები და ის, რომ პრეზიდენტისა და პელოსის დღის წესრიგები სულაც არ არის სავალდებულო ზუსტად იგივე იყოს. შესაძლოა ტაივანში ვიზიტის გადაწყვეტილება სწორედ ამ ყველაფრით ყოფილიყო მოტივირებული, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი.
მესამე ნაწილი, ან შეიძლება მას ფაქტორიც ვუწოდოთ, სწორედ რუსეთის ომია უკრაინაში. გლობალური სურათი, რომელსაც დღეს ვხედავთ, გვაძლევს ძალთა გადანაწილებას და ერთგვარ დაპირისპირებას – დასავლეთი VS ჩინეთი-რუსეთი.
ამ მდგომარეობაში შეიძლება უკრაინა-ტაივანის შედარებაც – ამან შესაძლოა გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ პელოსი სწორედ ახლა ჩასულიყო ტაივანში და ხაზი გაესვა აშშ-ის სურვილისთვის, გაამყაროს ტაივანთან ურთიერთობები.
თქვენ თქვით, რომ სპიკერის ვიზიტი ჩვეულებრივი მოვლენაა; ამაზე აპელირებს აშშ და დასავლეთიც – ამბობენ, რომ ჩინეთი „აზვიადებს“ და მისი რეაქცია გადაჭარბებულია. თავიდანვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჩინეთის რეაქცია ასეთი – „გაზვიადებული“ იქნებოდა და მაინც არ შეიცვალა გეგმები. რა იყო ამის მიზანი, აშშ-ის ჩინეთის გამოცდა სურდა? მისი ძალები მოსინჯა?
დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ში კოორდინირებული და შეთანხმებული პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. რასაკვირველია, აშშ-ში არის კოორდინაცია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო გარკვეული დამოუკიდებლობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, კონგრესი და თეთრი სახლი ძალაუფლების სხვადასხვა შტოა.
ნენსი პელოსის ვიზიტის შემთხვევაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო გაცხადებული, პენტაგონი და თეთრი სახლი არ იყვნენ დადებითად განწყობილები, მაგრამ ნათელია, უარს ვერ ეტყოდნენ სპიკერს, ამიტომ მოუწიათ კოორდინირება. შესაბამისად, ეს არ არის ერთიანი და კოორდინირებული პოლიტიკით დაგეგმილი ვიზიტი, კოორდინაცია მხოლოდ აუცილებელ დონეზე მოხდა.
ვფიქრობ, საერთო ჯამში, არსებობდა ორი მთავარი მიზანი.
პირველი – თავად ტაივანელებში პესიმიზმის გაქარწყლება და მათთვის მტკიცე მესიჯის მიტანა, რომ აშშ მხარს დაუჭერს მათ, თუ ტაივანის სრუტეში ჩინეთი გადაწყვეტს იმოქმედოს სამხედრო გზით. ეს აუცილებელი იყო, რადგან გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ტაივანელები პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი, არ სჯეროდათ, რომ თუ ჩინეთი, მაგალითად, თავს დაესხმოდა ტაივანს, აშშ თავდაცვაში დაეხმარებოდა.
ძალიან მაღალი დონის ვიზიტია აშშ-დან და გზავნილები, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და რეჟიმების წინააღმდეგ ერთად დგომაზე. პელოსიმ ვიზიტის დროს მსგავსი გზავნილები გააჟღერა და ვიზიტამდეც გამოაქვეყნა ედიტორიალი „ვაშინგტონ პოსტში“, რომელიც ამაზე იყო კონცენტრირებული.
მეორე მიზეზი ემყარება ჩემს თეორიას – აშშ რაღაცნაირად დარწმუნებულია, რომ ტაივანის სრუტეში სტატუსკვოს შენარჩუნება შეუძლებელია. შეიძლება ის არ შეიცვალოს უახლოეს მომავალში, მაგრამ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში დანამდვილებით მოსალოდნელია.
რა თქმა უნდა, აშშ-ს ამ წამში არ ენდომება აღნიშნული სტატუსკვოს შეცვლა, მაგრამ [აშშ-ის] ადმინისტრაცია ცდილობს გლობალურად შეამზადოს მდგომარეობა ამისთვის. ის ცდილობს შექმნას მოცემულობა – ასეთი ვიზიტები შეიძლება გახდეს ნორმალური, როდესაც ჩინეთის ნარატივი ტაივანის შესახებ იქნება გაბათილებული გლობალურად.
„საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი
ვფიქრობ, ეს არის ტრენდი და უამრავი მაგალითი გვაქვს, რომლებიც ადასტურებენ, რომ აშშ-ის რწმენით არ არსებობს გზა, რომლითაც ამ სტატუსკვოს შენარჩუნებაა შესაძლებელი და ამიტომაც უნდა იმოქმედონ, ინიციატივა უნდა აიღონ.
ნენსი პელოსის ვიზიტსა და ჩინეთის რეაგირებაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიდგომა გარკვეულწილად მუშაობს. უკვე დაიწყო დებატები იმაზე, რა უნდა მოხდეს მომავალში ტაივანთან დაკავშირებით. თუ საერთაშორისო განცხადებებს გადავხედავთ, განსაკუთრებით რეგიონში, ქვეყნები იმეორებენ, რომ ისინი მიჰყვებიან „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“, რომ სტატუსკვოს შენარჩუნება სურთ. ეს გასაგებია და ძალიან ცხადიცაა, რომ ეს [სტატუსკვოს შეცვლა] ძალიან სერიოზული საკითხია გამოსაწვევად. მჯერა, ეს შესაძლოა იყოს პირველი ნაბიჯი გრძელვადიან პროცესში, რომელიც არაა აუცილებელი ომით დასრულდეს, თუმცა შეიძლება ასეც მოხდეს.
ასე, რომ ვფიქრობ, ეს იყო გეგმის ნაწილი – მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან პატარა ნაბიჯის გადადგმა ტაივანის სრუტეში მდგომარეობის გარდაქმნასა და იქაური სტატუსკვოს შეცვლაში.
პეკინს არ სჭირდება რაიმე დამატებითი მიზეზები, რომ მიჰყვეს თავის პოლიტიკას ტაივანის მიმართ. „კვლავ გაერთიანების“ მიზნით ჩინეთის რადიკალიზებისა და აგრესიული პოლიტიკის გამოსაწვევად, სულ არ იყო საჭირო ნენსი პელოსის ვიზიტი, ჩინეთი ისედაც ამ პოლიტიკას აწარმოებს, რა თქმა უნდა, განსხვავებებით – ადრე სამხედრო წვრთნების ეს დონე არ იყო. სხვა მხრივ, ეს არსებული პოლიტიკაა.
ჩვენ დავინახეთ ჩინეთის მოქალაქეების რეაქცია სოციალურ ქსელებში და მედიაში – ეს იყო ცალსახად ნაციონალისტური და შეიძლება ითქვას, „პროსაომარიც“, რამდენად აწყობდა მსგავსი გამწვავება თავად ჩინეთს?
ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური მახეა, რაც ჩინეთის მმართველმა ძალამ დაუგო საკუთარ თავს. ერთი მხრივ, მათ უნდა მოახდინონ საზოგადოების მობილიზება, მიჰყვნენ მთელ ამ ნაციონალისტურ იდეებსა და პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება მინიმუმ 10 და უფრო მეტი წელია.
„კვლავ გაერთიანება“, „ჩინეთის ყველა ყოფილი მიწის სამშობლოსთვის დაბრუნება“ – ამ ნარატივმა აღარ დაუტოვა [ჩინეთის ლიდერებს] არჩევანი, მათ უნდა ემოქმედათ სახის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით, როცა საკმაოდ დაძაბული შიდა მდგომარეობა აქვთ და პარტიის კონგრესიც მოახლოებულია. ამიტომ მათ უნდა ჰქონოდათ ძლიერი რეაქცია, მობილიზება სოციალურ ქსელებში თუ საერთაშორისო დიპლომატიაში. ვნახეთ მთელი ეს რეაქცია და გამოხმაურება, როგორიცაა მინისტრი ვან ი, რომელიც სხვადასხვა რამეს აცხადებს [ტაივანის] პრეზიდენტ ცაი ინ-ვენის შესახებ, ჩინეთის ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც მედიაში აქვეყნებენ წერილებს, სტატიებს და განმარტავენ, თუ „როგორ ახდენს აშშ სიტუაციის დესტაბილიზებას“.
მეორე მხრივ, ისინი საკუთარ მახეში გაებნენ – ეს იგივე არაა, მაგრამ ცოტათი მაინც ჰგავს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. თავიდან ეს იყო ძირითადად ნარატივები, აზრთა სხვადასხვაობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის, ახლა კი გვაქვს მტკიცებულება, როგორ იქცევა ჩინეთი და რა არის მისი რეალური მიზნები: სამხედრო წვრთნები ისეა დაგეგმილი, რომ ბლოკადას ჰგავდეს და ეს წვრთნები, როგორც გამოაცხადეს, განგრძობითი იქნება.
ჩინეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი მიზანი იყო „კვლავ გაერთიანება“. რასაკვირველია არ უთქვამთ, რომ ცალსახად სამხედრო გზით, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში არც ძალისმიერ მეთოდს გამორიცხავდნენ.
დიახ, იყო ეს საუბრები. როგორც ვთქვი, ეს არ არის იგივე, ამ საუბრებს გარდა ახლა უკვე გვაქვს მაღალი აქტივობის სამხედრო ოპერაცია – არა პირდაპირი, ეს არ არის შეჭრა, არ ყოფილა ორმხრივი ცეცხლი, მაგრამ ეს ნამდვილად მეტია, ვიდრე განცხადებები. ეს ჩვენებაა, როგორ მოიქცევა ჩინეთი, თუ ეს დასჭირდება.
პელოსიმ ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ „შესაძლოა ჩინეთმა ეს ვიზიტი საბაბად გამოიყენა“ მდგომარეობის სამხედრო დონეზე ასაყვანად, ღია საცეცხლე წვრთნების ჩასატარებლად. ამ მსჯელობიდან შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ჩინეთს ეს ისედაც უნდოდა და პელოსის ვიზიტი ერთგვარი საჩუქარი იყო, რომელიც საბაბად გამოიყენა, ეჩვენებინა თავისი ძალები?
ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო პელოსის ვიზიტი, იქნებოდა სხვა რამე. ეს ვიზიტი მოსახერხებელი მიზეზი იყო ჩინეთისთვის, მაგრამ არა მგონია ემსახურებოდეს ჩინეთის ინტერესებს.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩინეთი საჭირო შემთხვევაში ასე მოიქცეოდა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ჩინეთი თავს მაინც მშვიდობის მაძიებელ ქვეყნად წარმოაჩენს, რომელიც ერიდება საომარ მდგომარეობებში ჩართვას. რა თქმა უნდა, ტაივანი განსაკუთრებული შემთხვევაა, რასაც თავად ჩინეთიც უსვამდა ხაზს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტაივანის სრუტეში ჩინეთის ეს აგრესიული რეაქცია შესაძლოა არ იწვევდეს რევოლუციურ განსხვავებებს საერთაშორისო ხედვებში – გზავნის გარკვეულ სიგნალს იმაზე, თუ რაზეა წამსვლელი ჩინეთი.
ჩვენ ვახსენეთ უკრაინა და შედარებები ტაივანთან, მაგრამ ჩინეთი ამბობს, რომ არ შეიძლება შედარება, რადგან უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, ტაივანი – არა. მკითხველისთვის რომ უფრო ნათელი გავხადოთ, გვითხრათ, რა მსგავსებები და განსხვავებებია ამ კონტექსტში?
მთავარი განსხვავება, როგორც ვთქვით, ისაა, რომ უკრაინაში გვაქვს რუსეთის სამხედრო შეჭრა და მიმდინარე ომი. მეორე მხრივ, ეს არ მომხდარა ტაივანსა და ჩინეთს შორის.
მე არ გავამახვილებდი ამდენ ყურადღებას ჩინეთის ნარატივზე [ტაივანი არაა სუვერენული ქვეყანა]. რა თქმა უნდა, მათ სურთ წარმოაჩინონ ეს ორი სრულიად განსხვავებულ მდგომარეობად, რადგან სურთ თავიდან აირიდონ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ზეწოლა სუვერენიტეტის საკითხზე. როგორც უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, სუვერენიტეტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, დასავლეთი ცდილობს დაეხმაროს უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში სწორედ სუვერენიტეტის არგუმენტით.
ჩინეთს სურს თავიდან აიცილოს ტაივანის სუვერენიტეტზე დებატები: ჩინეთი რამდენადაც არ უნდა უარყოფდეს ტაივანის სუვერენიტეტს და ამბობდეს, რომ ის ჩინეთის ნაწილია, თუ შევხედავთ ლეგალური პერსპექტივიდან, ტაივანს ყველა გარემოება აქვს, სახელმწიფო რომ ერქვას.
მას აქვს ტერიტორია, ჰყავს მოსახლეობა, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, არმია, აქვს ვალუტა და რა თქმა უნდა, ცოტა, მაგრამ მაინც, დიპლომატიურად აღიარებულია დაახლოებით 14 ქვეყნის მიერ [13 ქვეყანა და ვატიკანი].
ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ტაივანს აქვს უფლება, საკუთარი თავი ჩვეულებრივ ქვეყნად ჩათვალოს ყველა პრივილეგიით. ეს კი, ვფიქრობ, სუვერენიტეტის საკითხს უკრაინასთან შესადარებელს ხდის და თუ უგულებელვყოფთ ჩინურ ნარატივებს, მაშინ ამ მოცემულობაში ჩინეთის მოქმედებები და ასევე, გეგმებიც, როცა ჩინეთი ამბობს, რომ მისი მიზანია „კვლავ გაერთიანება“, ემუქრება ტაივანის სუვერენიტეტს.
„კვლავ გაერთიანების“ ნარატივი თავისთავად არასწორია, რადგან ტაივანი არასდროს ყოფილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი. ჩინეთის ნაწილად ყოფნა სახალხო რესპუბლიკამდეც სადებატოა, ასე, რომ აქ არაფერია „კვლავ გასაერთიანებელი“. მარტივად რომ ვთქვათ, ჩინეთის ეს პოლიტიკა არის ტაივანის დაპყრობის მიზანი, რომელიც, როგორც ვთქვი, სუვერენული ქვეყანაა, მართალია, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის მიერ არაღიარებული, მაგრამ მაინც.
მეორე შედარება არის რუსეთ-ჩინეთის ურთიერთთანამშრომლობა – ჩინეთი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკურ გეგმებს ევროპაში და რუსეთი, რომელიც მხარს უჭერს ჩინეთის გეგმებს ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს თანამშრომლობა შემაშფოთებელია არა მხოლოდ უკრაინისა და ტაივანისთვის, არამედ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლისკენაა მიმართული. ეს ქვეყნებს აძლევს უფლებას „გამოიყენონ ძალა, თუ მათი უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები საფრთხეშია“. ეს დაშვება თავად სი ძინპინის საერთაშორისო უსაფრთხოების ინიციატივის გამოხატულებაა.
ეს შეიძლება ახლა არ არის აქტუალური, თუმცა შესაძლოა ძალიან მარტივად გახდეს ერთი მონეტის ორი მხარე: ჩინეთი ავითარებს და აღწევს თავის გეგმებს ინდოეთი-წყნარი ოკეანეების რეგიონში და უკვე მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში. ჩინეთსა და რუსეთს შორის შესაძლოა ლიმიტირებული, ფრთხილი, ჩახლართული, მაგრამ მაინც თანამშრომლობაა. ეს შეიძლება სერიოზული გამოწვევა გახდეს.
სწორედ ამიტომ არის ტაივანის სრუტეში მიმდინარე მოვლენები ასე სერიოზული გლობალურ აღქმაში და მნიშვნელოვანი კითხვებია: თუ ამ რეგიონში ვითარება გამწვავდება, როგორ მოიქცევა აშშ. ეს შეკითხვები აკავშირებს უკრაინისა და ტაივანის საკითხებს ერთმანეთთან.
აშშ-მ, დასავლეთმა და თავად ტაივანის პრეზიდენტმაც თქვეს, რომ არ არიან დაინტერესებული არსებული სტატუსკვოს შეცვლით. თქვენ თქვით, რომ ეს იყო პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი შორეულ პერსპექტივაში სტატუსკვოს შეცვლისკენ. უფრო ნათელი რომ გავხადოთ, როგორია თავად ტაივანის პერსპექტივა და მიზნები, ტაივანი როგორ ხედავს თავს მომავალში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩინეთის რესპუბლიკა?
თუ მოუსმენთ ტაივანელ ექსპერტებს, პოლიტიკის ავტორებს, მედიას, გამოკითხვებს, ნახავთ, რომ დამოუკიდებელ ქვეყნად გახდომის საკითხი არ დგას, რადგან ისინი უკვე გრძნობენ თავს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ მომენტში ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა. არ არსებობს მსგავსი დისკუსია, უნდა გამოაცხადოს თუ არა ტაივანმა დამოუკიდებლობა, რადგან სინამდვილეში, ის ყველასთვის არის დამოუკიდებელი ქვეყანა.
ეს ხომ ძალიან დიდი რამაა, ვგულისხმობ გაეროს, საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებს და ასე შემდეგ.
დიახ, ეს ალბათ ტაივანური დიპლომატიის მთავარი გამოწვევაა, რომ გაფართოვდეს ურთიერთობებში, მაგრამ არ არსებობს დებატები ტაივანის დამოუკიდებლობაზე, ისინი თავიანთი აღქმით უკვე არიან დამოუკიდებლები.
რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა საერთაშორისო აღიარება, მაგრამ ტაივანი არც ეძებს ქვეყნებს დიპლომატიური კავშირების დასამყარებლად. მას ესმის თავისი შეზღუდვები, სწორედ ამიტომ საუბრობს პრეზიდენტი ცაი სტატუსკვოს შენარჩუნებაზე. ამავდროულად, ისიც და მისი პარტიაც ეფუძნებიან ამ პოლიტიკურ განაცხადს, რომ ტაივანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩინეთის რესპუბლიკაა, მაგრამ ეს არის ტაივანი ჩინეთის რესპუბლიკა.
საზოგადოება შეიცვალა ტაივანის კუნძულებზე: უკვე არსებობს განცდა, რომ ისინი არიან არა ჩინელები, არამედ ტაივანელები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მდგომარეობა შეუძლებელს ხდის რაიმე სახის ინტეგრაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ჩინეთი ბევრს საუბრობს „კვლავ გაერთიანებაზე“, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს, თუ ტაივანი გადაწყვეტს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. იყო და სავარაუდოდ იქნება იდეები, როგორ მოხდეს მშვიდობიანი ინტეგრაცია, მაგრამ მსგავსი რამ არ არის აღიარებული ტაივანის საზოგადოებაში. ის დამოუკიდებელი ქვეყანაა და სურთ ეს ასე დარჩეს.
რა თქმა უნდა, ტაივანელებმა იციან თავიანთი ლიმიტები და სიტუაცია, იციან, რომ მდგომარეობა არ არის სტაბილური, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ აქვთ სერიოზული შესაძლებლობა, სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიონ და თავი დაიცვან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. ამიტომ ტაივანი შეეცდება თავიდან აიცილოს დესტაბილიზაცია, სერიოზული მოვლენები, რასაც სტატუსკვოს შერყევა შეუძლია.
თუმცა, მეორე მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან შედარებით, ტაივანმა მოახერხა პოზიტიური საერთაშორისო იმიჯის შექმნა კოვიდთან ბრძოლის დროს, როგორც ქვეყანამ, რომელმაც ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გარეშე მოახერხა პანდემიის მართვა. ამაზე დაყრდნობით გააგრძელეს ევროპაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებით შეხედულებების შეცვლა, გააძლიერეს ურთიერთობები ბევრ ევროპულ ქვეყანასთან, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში. ტაივანი აგრძელებს ამ მიდგომას, საკუთარი ლიმიტების გათვალისწინებით.
რაც მოხდა ჰონკონგში, იყო ძალიან დრამატული ცვლილება – ამან დიდი გავლენა მოახდინა ტაივანში. უამრავი რამ შეიცვალა ბოლო 4-5 და მეტი წლის განმავლობაში. ნაციონალურმა პარტიამაც კი, რომელიც ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობაზე, შეცვალა პოლიტიკა, რადგან ხედავენ, რომ ტაივანის საზოგადოება ნებისმიერი სახის ინტეგრაციის წინააღმდეგია.
მოდი, ვისაუბროთ სამხედრო წვრთნებსა და იმ ყველაფერზე, რაც პელოსის ვიზიტის შემდეგ მოხდა: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრაქტიკულად ყველა ოფიციალური პირი ღიად იმუქრებოდა პელოსის ვიზიტის წინააღმდეგ. როგორი იყო საბოლოო რეაგირება?
განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ძალიან აგრესიული და შემტევი იყო, მოველოდი, რომ ყველაფერი ძალიან სერიოზულად იქნებოდა. ასეც მოხდა. სინამდვილეში, სერიოზულად დაიძაბა რიტორიკის, მიმართვების ნაწილი, თუმცა ნაკლებად სერიოზულად – სამხედრო მოქმედებები. ეს არის, რასაც ვხედავთ ახლა.
ვიზიტი, თავისთავად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მას სინამდვილეში დიდად არ შეუცვლია სიტუაცია, იგივე ინსტრუმენტებია, რასაც ჩინეთი იყენებდა.
ჩინელებს სჯერათ, რომ აშშ-ს სურს შეცვალოს მდგომარეობა ტაივანის სრუტეში. მართალია, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო, მაგრამ ბაიდენმა რამდენჯერმე თქვა, რომ აშშ დაიცავდა ტაივანს. ჩინელებმა ეს დაინახეს ისე, რომ შესაძლოა აშშ-ს პოლიტიკაში ცვლილებები იყოს სტატუსკვოს რეკონსტრუირების მიმართულებით.
ჩინელებს თავიანთი რეაქციით სურთ შეამოწმონ, რა არის აშშ-ს გეგმები. ასევე სურთ, როგორღაც გამოხატონ ამაზე თავიანთი უკმაყოფილება.
ეს რეაქცია დიდწილად შიდა საკითხებითაც იყო მოტივირებული – გამოიყურებოდეს ძლიერად, აჩვენოს მისი თავდადება ჩინეთის ინტერესების დაცვაში. ნათელია, ისინი იმაზე უფრო მკაცრ რეაგირებას მოახდენდნენ, ვიდრე საჭირო იყო და ასეც მოხდა.
ვნახეთ ძალიან აგრესიული და შემტევი მიმართვები, თუმცა არა იმდენად დინამიკური სამხედრო მოქმედებები. დიახ, სამხედრო წვრთნები ბევრად უფრო გაძლიერებულია, ვიდრე 90-იანებში და ამჯერად ეს იყო უფრო დიდ ტერიტორიაზე, გამოიყენებოდა როგორც ბლოკადა [თუმცა სინამდვილეში ეს არ იყო ბლოკადა]. რასაკვირველია, წვრთნების ნაწილი ტარდებოდა ტაივანის ექსკლუზიურ ზონებში და არა მხოლოდ ტაივანის, არამედ იაპონიის ექსკლუზიურ ზონებშიც, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, სადამდეც ჩინეთს შეუძლია წავიდეს.
მე არ მექნებოდა მეტი ესკალაციის მოლოდინი. ვფიქრობ, საკმაო ხანს შეინარჩუნებენ ესკალაციის ამ დონეს; პელოსის ვიზიტზე რეაგირება გრძელი პროცესი იქნება და ერთ თვეში არ დასრულდება, ეს ამ მხრივ ცვლის ტაივანის სრუტეში არსებულ მდგომარეობას.
წავიკითხე ანალიზი, რომ წვრთნებმა თითქოს აჩვენა ჩინეთის სამხედრო პოტენციალის ზრდა. თქვენი აზრით, დასავლეთმა რა უნდა დაინახოს ამ რეაქციით, ის არც ისეთი ძლიერი გამოჩნდა, როგორც თავად ისურვებდა, ასეა?
ჩვენ დეტალები ჯერ კიდევ არ ვიცით. განსაკუთრებით არ ვიცით სამხედრო დეტალები. ვიცით, რომ იყო ეს წვრთნები, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე დეტალურ ანალიზს, იყვნენ თუ არა ისინი წარმატებულები და რა დონეზე შეასრულეს დასახული მიზნები წვრთნების დროს.
დანამდვილებით რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს აუცილებლად მოხდებოდა რაიმე სხვა მიზეზით და ძირითადად ეს განპირობებულია შიდა მდგომარეობით. სი ძინპინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყურებოდეს ძლიერად. ასე, რომ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, შეექმნათ წარმოდგენები ამაზე.
პრინციპში, ეს იყო კარგი შესაძლებლობაც ჩინეთზე დასაკვირვებლად და მათ გასაზომად – დასავლეთისთვის, ტაივანისთვის, აშშ-სთვის, ავსტრალიისთვის, მათთვის, ვისაც სამხედროები ჰყავთ იქ. იაპონიისთვის, რომელიც ძალიან ფრთხილად და კარგად აკვირდება, თუ რას მოიმოქმედებს ჩინეთი, ეს კარგი შესაძლებლობა იყო. იაპონელებს ჩინეთის ფლოტზე დაკვირვებაც შეეძლოთ, თუნდაც ეს მხოლოდ წვრთნები ყოფილიყო.
ჩანს, რომ ჩინეთი აშშ-სთან წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს რიგ საკითხებში, რაც უფრო დაძაბულს ხდის მდგომარეობას. ჩინეთსა და აშშ-ს შორის ეს რა ტიპის ურთიერთობა იქნება?
ჩინეთის მხრიდან ეს რეაქცია არაფერია ისეთი, რაც არასდროს მომხდარა. ასეთი რამ მანამდეც ყოფილა – დიალოგის უდიდესი ნაწილი, რაც შეწყდა, არც ყოფილა არსებითი, შედეგების მომტანი. მაგალითად, კლიმატის ცვლილების თემაზე ჩინეთთან თანამშრომლობას და მის როლს დიდი სიფრთხილით მოპყრობა სჭირდება. საერთო ჯამში, ეს ჩინეთის სტანდარტული რეაგირებაა, რაც აშშ-ჩინეთის ურთიერთობას დიდად არ ცვლის. სავარაუდოდ, კონგრესის შემდეგ ეცდებიან დაალაგონ [ურთიერთობა].
როგორ აღიქვეს ჩინეთის რეაგირება თავად ჩინეთში. რა გავლენას მოახდენს ეს განსაკუთრებით სი ძინპინზე, ამ შემოდგომაზე პარტიის კონგრესია და მას უნდა, რომ ხელახლა აირჩიონ. სი ძინპინს ეს მოვლენები პოზიტიურ შედეგებს მოუტანს, თუ ნეგატიურს?
დაველოდოთ და დავაკვირდეთ. ვიზიტი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ვიცით, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია, ჩვენ შორს ვართ რეაგირების პროცესის დასასრულისგან.
ამ მომენტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის ლიდერების და სი ძინპინის რეაგირება იყო ისეთი, როგორიც შეიძლებოდა და სჩვევიათ ხოლმე ასეთ სადავო სიტუაციებში. სი ძინპინისთვის ეს იყო „აუცილებელი“.
რა თქმა უნდა, რთულია იმის შეფასება, რა ხდება პარტიის შიგნით, მაგრამ ვფიქრობ, მან ამ დრომდე გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. კონგრესი ნოემბრის დასაწყისშია, ჯერ კიდევ არის ორი თვე.
პირადად არ მექნებოდა სიტუაციის ძალიან სერიოზული რადიკალიზების მოლოდინი, მათ შორის, კონფლიქტი ჩემთვის გამორიცხულია, მაგრამ მე ვსაუბრობ როგორც ჩინეთის საკითხების ექსპერტი ევროპაში, ჩემი რაციონალურობიდან გამომდინარე და არ ვარ დარწმუნებული, თუ აქვს სი ძინპინს იგივე რაციონალურობა, მისი ლოგიკაც თუ იგივენაირად ხედავს ჩინეთის ინტერესს…
არ ვფიქრობ, რომ კონფლიქტის ესკალაცია ჩინეთის ინტერესებშია, მაგრამ, სამწუხროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სი ძინპინი ამ აზრს იზიარებს. მან შესაძლოა სცადოს კიდევაც ესკალაცია რაღაც დონეზე. თუმცა ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენთვის, სინამდვილეში, უცნობიცაა. რთულია პროგნოზირება.
ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ სი ძინპინს კიდევ ერთხელ აირჩევენ, სწორად გავიგე?
დიახ, ამაზე ფსონსაც დავდებდი. თუმცა კოვიდის და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ისეთივე დარწმუნებით ვერ გეტყვით, როგორც, მაგალითად, ერთი წლის წინ შემეძლო ამის თქმა. მიუხედავად ამისა, მაინც მას აირჩევენ.
ბოლო ინტერვიუს დროს ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტის გათვალისწინებით. მას შემდეგ თითქმის 5 თვე გავიდა. რა შეიცვალა ამ მიმართულებით? გახდა ის უფრო მკაფიო და თამამი, თუ პირიქით, შესუსტდა?
ვფიქრობ, იგივე დონეზე ვართ: ეს გულისხმობს ძალიან ახლო პოლიტიკურ კოორდინაციასა და თანამშრომლობას – ჩინეთი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის შეჭრას, საერთო ინიციატივებს, თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასე, რომ პოლიტიკურად კარგ ურთიერთობაში არიან.
ჩინეთმა ახლახან გამოაქვეყნა ეკონომიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა უბრუნდება იმ დონეს, რაც ომამდე იყო. ეს აჩვენებს, რომ ჩინეთის რუსეთისადმი ფრთხილი ქცევის პერიოდის შემდეგ, ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ გამონახონ ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების გზები, რადგან რუსეთს სჭირდება ჩინეთის პროდუქციაც და ფულიც.
ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ ჩინეთის შესაძლებლობებში არ შედის, ჩაანაცვლოს ის ეკონომიკური დანაკარგები, რაც რუსეთმა დასავლეთის სანქციების გამო განიცადა: შეიძლება იყიდოს მისი ნავთობი და ენერგოპროდუქტები, მაგრამ ეს არაა საკმარისი ზარალის დასაბალანსებლად.
უნდა ველოდეთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო თამამი და მკაფიო გახდება, ვთქვათ, კონგრესის შემდეგ?
არ ვიცი. უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში – მოახერხებს თუ ვერა უკრაინა რუსეთის შეჩერებას და კონტრშეტევაზე გადასვლას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა პოლიტიკას განახორციელებს დასავლეთი ჩინეთის მიმართ.
ასევე, შესაძლოა ვიხილოთ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების გაძლიერება ტაივანის სრუტეში მიმდინარე მოვლენების გამო – ჩინეთი ეცდება, რუსეთთან გარკვეულ სექტორებში ურთიერთობების გაუმჯობესებით დასაჯოს აშშ. თუმცა ეს არ იქნება პოლიტიკის ცვლილების ნიშანი.
რომ შევაჯამოთ, რა მდგომარეობაა ახლა ტაივანში – ეკონომიკურადაც და ზოგადად. ჩინეთი წვრთნებს გააგრძელებს და იქნება გრძელვადიანი პროცესი. როგორ აისახა ეს ყველაფერი ტაივანელების ცხოვრებაზე?
გამოკითხვებს თუ გაეცნობით, ნახავთ – მათ კარგად იციან, რომ რთული სიტუაციაა. იციან, რომ უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება თავდაცვის საკითხებზე. ტაივანის მთავრობა ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ უნდა მოემზადონ… აქედან გამომდინარე, ტაივანმა გამოაცხადა საზოგადოებისთვის სამხედრო წვრთნების ორგანიზება, მათ შეცვალეს ხედვა, თუ როგორ უნდა ოპერირებდეს ტაივანის არმია და რა ტიპის სამხედრო აღჭურვილობა სჭირდება, ყველაზე ცუდი სცენარის – თავდასხმის შემთხვევაში.
ვფიქრობ, მათ ესმით მდგომარეობა, თუმცა არ მიიჩნევენ, რომ ომი ძალიან ახლოსაა. უკრაინის და იმის შემდეგ, რაც ახლა ხდება, დიახ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა განვიხილოთ [ომის შესაძლებლობა], მაგრამ ყველა იმ შეზღუდვისა და ლიმიტის გათვალისწინებით, რაც არსებობს, ეს არ იქნება ახლო პერიოდის სცენარი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო სისტემა, „გეპარდი“ მიიღო – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით.
გერმანიის მთავრობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯამში 15 „გეპარდს“ გადასცემს.
ამ დროისთვის უკრაინამ უკვე მიიღო 12 გეპარდი, 49 ათასი ჭურვი „გეპარდისთვის“, სამი ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა სახის სამხედრო და სამედიცინო აღჭურვილობა.
ახალი სპორტული ობიექტი 2795 კვ/მ ფართობზე შენდება. სამსართულიანი შენობა მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს, სასტუმრო ნომრებსა და კვების ობიექტს.
ამ ეტაპზე კეთილმოეწყობა სველი წერტილები, საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო და დამხმარე სათავსოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის მოპირკეთების სამუშაოები, მოეწყობა პანდუსები, დასასვენებელი და საპარკინგე ადგილები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
მიმდინარეობს შენობის გადახურვა, ექსტერიერისა და ინტერიერის მოპირკეთება.
ობიექტზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული.
4 406 083 ლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი “ ასრულებს. პროექტის დასრულება 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
ინდოეთში, ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა მეორე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოლიმპიურ მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. ეს მის კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქზე წერს, რომ „განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოს ფენომენალური შედეგი ფინიშზე – ბოლო ოთხ ტურში – ოთხი გამარჯვება გადამწყვეტ პარტიებში“.
საქართველოს ქალთა ნაკრები 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ფინიშამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფრედ დაასრულა შეხვედრა პოლონეთის გუნდთან. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, პოლონეთთან მარცხს გუნდი ნინო ბაციაშვილმა გადაარჩინა, 5-საათიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ მოგებული პარტიით.
ბაციაშვილი საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია ჭადრაკში ქალთა შორის. იგი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის. ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქალია საქართველოში, რომელმაც ეს წოდება მიიღო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით $89 მილიონს გამოუყოფს უკრაინას 2022 წლის ფისკალურ წელს ტერიტორიების განაღმვისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო აქვეყნებს უკრაინაში.
„გამოყოფილი ფინანსური რესურსით შესაძლებელია 100 გამნაღმველი ჯგუფის უზრუნველყოფა. ეს თანხა მოხმარდება უკრაინის ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის საშუალებითაც უკრაინის ტერიტორიაზე ფეთქებადი და საბრძოლო მასალის განაღმვა-განადგურება იგეგმება“, – წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს უკრაინაში ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მათივე შეფასებით, ამგვარი მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები სირიაში შეინიშნებოდა ISIS-ის მხრიდან.
დეპარტამენტის განცხადებით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები უნაყოფოს ხდის სასოფლო სამეურნეო მიწებს უკრაინაში, ართულებს აღდგენით სამუშაოებს, ხელს უშლის დევნილ მოსახლეობას შინ დაბრუნებაში და გრძელდება მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის ხოცვა.
უკრაინის მთავრობის შეფასებით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაბინძურება ემუქრება ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 160 000 კვადრატულ კილომეტრს. მათივე შეფასებით ეს დაახლოებით იმხელა ტერიტორიაა, რამდენიც ერთად აღებული ვირჯინიის, მერილენდისა და კონექტიკუტის შტატები.
მთავარი ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემიდან: Armyinform
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) გუშინ ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას აფასებს.
ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთი არ ადანაშაულებს უკრაინას ყირიმზე თავდასხმაში, რათა არ აღიაროს საკუთარი საჰაერო თავდაცვის უძლურება.
ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთს იმიტომ არ შეუძლია დაადანაშაულოს უკრაინა ნოვოფედოროვკას ავიაბაზაზე თავდასხმაში, რომ ეს იქნება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის არაეფექტურობის კიდევ ერთი დადასტურება, როგორც ეს უკვე მოხდა კრეისერ „მოსკვას“ შემთხვევაში.
„ერთდროულად ორ სხვადასხვა ობიექტზე აფეთქება, სავარაუდოდ, გამორიცხავს რუსეთის ოფიციალურ ვერსიას, შემთხვევითი ხანძრის შესახებ, მაგრამ არ გამორიცხავს არც დივერსიას და არც შორ დისტანციაზე სარაკეტო შეტევას“, – აცხადებენ ISW ანალიტიკოსები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ გუშინ რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა.
გუშინ ყირიმში ის აეროდრომი ააფეთქეს, საიდანაც ინტენსიურად ბომბავდნენ მიკოლაევის მხარეს.
ხულოში, სოფელ ბეღლეთისა და დიოკნისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კლდე ჩამოიშალა.
ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.
„ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ და გვაცნობებენ, როდის გაიწმინდება გზა და რა სამუშაოები ჩატარდება.
„რუსეთის ომი უკრაინის და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ დაიწყო ყირიმით და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ, 9 აგვისტოს, საღამოს ტრადიციულ მიმართვაში.
მან აღნიშნა, რომ დღეს შეუძლებელია თქმა, ზუსტად როდის მოხდება ეს, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინა მუდმივად ამატებს აუცილებელ კომპონენტებს „ყირიმის გათავისუფლების ფორმულას“.
მან ხაზი გაუსვა ყირიმის გათავისუფლების საკითხს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით:
„რუსი ოკუპანტების ყირიმში ყოფნა საფრთხეს უქმნის მთელ ევროპასა და გლობალურ სტაბილურობას. შავი ზღვის რეგიონი არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია.
რუსებმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, აქციეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად. რუსეთმა ყირიმში მოიტანა მასშტაბური რეპრესიები და ეკოლოგიური პრობლემები,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ეს განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე მომხდარი ძლიერი აფეთქებიდან რამდენიმე საათში. სწორედ აქ მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, საიდანაც მიფრინავდნენ რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები უკრაინის სამხრეთისკენ.
გუშინ უკრაინული მედია ინტენსიურად ავრცელებდა რუკებს, რაც ასახავდა უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მანძილს ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომამდე. თუ დადასტურდება, რომ აეროდრომი უკრაინამ ააფეთქა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უკვე მიღებული აქვს ჰაიმარსის რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრზე მიფრინავენ.
რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფეთქება უკრაინული მხარის თავდასხმის შედეგად არ მომხდარა და მან აფეთქების მიზეზად იარაღის საცავში „დეტონაცია“ დაასახელა. თავის მხრივ, აფეთქებასთან კავშირს არ ადასტურებენ უკრაინის ოფიციალური პირები.
სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU 2023 წლის სექტემბრიდან, სტუდენტებს შესთავაზებს საერთო საცხოვრებლის სერვისს.
1300-ადგილიანი, სტუდენტური საცხოვრებელი შEU-ს კამპუსის მახლობლად (ფეხით სავალ მანძილზე), სიმწვანით გარშემორტყმულ გარემოში, უახლესი სტანდარტებით შენდება,რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციით, ინტერიერის დიზაინითა და კომფორტული საცხოვრებელი სივრცით.
სტუდენტური საცხოვრებელი სრულად აღჭურვილი იქნება საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით;
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბის მარჯვენა მხარეს გაშენებული საკურას ხეები დაავადდა.
როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში უთხრეს, საკურას მავნებელი მწერი, ამერიკული პეპელა გაუჩნდა.
დაავადებული საკურა ბათუმის ცენტრალურ პარკში.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, მავნე მწერების წინააღმდეგ მცენარეებს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე წამლავენ.
„მცენარეები ბიფეტრონის შემცველი ინსექტიციდით იწამლება. 20 დღეა, რაც შევნიშნეთ დაავადება და პერიოდულად უტარდება მცენარეებს შეწამვლა,“- გვითხრეს მერიაში.
საკურას ხეები ბათუმის ცენტრალურ პარკში
მერიის გამწვანების სამსახურის განმარტებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, შეწამვლა ღამის საათებში ხორციელდება.
ცენტრალურ პარკში 100-მდე ძირი საკურას ხეა დარგული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, გუშინ, 9 აგვისტოს, უკრაინამ 9 თვითმფრინავი გაუნადგურა რუსეთს. გუშინ აფეთქება მოხდა ნოვოფედოროვკას აეროდრომზე, თუმცა უკრაინის გენშტაბი ამ აფეთქების შესახებ დღეს არაფერს წერს.
გუშინ მომხდარ აფეთქებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს. მან უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ გუშინ უკრაინა არ მონაწილეობდა ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებში. ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს იყოს პარტიზანების საქმე.
ჟურნალისტის კითხვაზე, იღებს თუ არა კიევი პასუხისმგებლობას ყირიმში მომხდარ აფეთქებებზე, პოდოლიაკმა თქვა: „რა თქმა უნდა, არა. ჩვენ რა შუაში ვართ. ეს, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არაეფექტური მმართველობის მაკომპენსირებელი მექანიზმია“.
გუშინ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ „საცავი აფეთქდა“: „დაახლოებით 15:20 საათზე აეროდრომ „საკის“ ტერიტორიაზე, ნოვოფედოროვკას დასახლებასთან, საცავში აფეთქდა საავიაციო საბრძოლო მასალა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა“.
გუშინ უკრაინული მედია ინტენსიურად ავრცელებდა რუკებს, რაც ასახავდა უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მანძილს ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომამდე. თუ დადასტურდება, რომ აეროდრომი უკრაინამ ააფეთქა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უკვე მიღებული აქვს ჰაიმარსის რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრზე მიფრინავენ.
დღემდე საჯაროდ ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ უკრაინას არ აქვს რაკეტები, რომლებიც ამ მანძილზე მიფრინავენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა; დღისით
უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12 და 13 აგვისტოს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორმოები ასფალტით ამოავსეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ელოდნენ და არა „ასფალტის დაკერებას“.
ბაგრატიონის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიამ 8,6 მილიონი ლარის ხელშეკრულება 2021 წლის მარტში კომპანია „ზიმო 7“-თან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტა. ბაგრატიონის ქუჩა ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო ჯავახიშვილისა და შარტავას ქუჩებს შორის მონაკვეთი ცალმხრივად გადაკეტილი დარჩა.
მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ „ზიმო 7“-მა 2,7 მილიონის სამუშაოები შეასრულა. ახალი ხელშეკრულება კი მერიამ, ხელახალ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – „ნიუპოვერთან“ – 6,6 მილიონ ლარზე გააფორმა.
ასფალტის დაკერებას რაც შეეხება, ვინაიდან მოძრაობა ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში აკრძალული არ არის, დაზიანებული ადგილები კომპანიამ [ნიუპოვერმა] დროებით შეაკეთა. სამუშაოები კომპანიის ხარჯებით შესრულდა და დამატებითი თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან არ იხარჯება. გზის დროებით მოასფალტებული მონაკვეთები ტენდერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეტაპობრივად აუცილებლად შეკეთთება კაპიტალურად“, – გვითხრეს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.
ბაგრატიონის ქუჩაზე ასფალტი დააკერეს / 10.08.2022
სამმართველომ შპს „ნიუპოვერთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 29 ივნისს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 6 688 876 ლარია.
ხელშეკრულების ფარგლებში ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს – შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ხელშეკრულების პირობის მიხედვით, 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 9 152 784 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160]
ტანკი – 1 832 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 4 086 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 971 ერთეული [+7]
MLRS – 261 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 232 ერთეული [+9]
ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 766 ერთეული [+9]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 005 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 89 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
267 თვითმფრინავი
145 ვერტმფრენი
1 720 უპილოტო საფრენი აპარატი
365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 283 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
795 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 286 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 807 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის თანახმად, რუსეთის სარდლობა კვლავაც დილემის წინაშეა, როგორ გადაანაწილოს ოპერატიული პრიორიტეტები – მას, ერთი მხრივ, სჭირდება შეტევის გაძლიერება დონბასში, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინელთა კონტრშეტევების მოგერიება ქვეყნის სამხრეთში.
უწყება ადასტურებს მანამდე რუსულ და უკრაინულ მედიაში გამოჩენილ ინფორმაციას, რომ რუსეთი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეთა ბატალიონებს ქმნის.
„უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, რუსეთმა შექმნა სახმელეთო ძალების ახალი შეანერთი, მე-3 საჯარისო კორპუსი (3 AC), რომელიც მულინოში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქშია ბაზირებული.
მოსკოვი ამ ახალი შენაერთის შევსებას გეგმავს „მოხალისეთა“ ბატალიონებით, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ქმნის და რომლებიც ერთი და იმავე რეგიონებიდან მიღებულ ახალწვეულებს აერთიანებს,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და მიუთითებს, რომ 3 AC-ის ახალწვეულებს უკრაინაში წასვლის სანაცვლოდ სარფიან ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობენ.
უწყების ცნობით, „მოხალისეთა“ ბატალიონებში საშუალო განათლების მქონე 50 წლამდე ასაკის კაცებს იღებენ.
„რუსეთის საჯარისო შენაერთი, როგორც წესი, 15-20 000 სამხედროსგან შედგება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხალხი უკრაინაში ბრძოლის დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს, რუსეთს თავისი ახალი სამხედრო ნაწილისთვის ამდენი ადამიანის მოზიდვა გაუჭირდება,“ – ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, 3 AC-ის ეფექტიანობა რუსეთის სამხედრო კამპანიისთვის გადამწყვეტი ვერ გახდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინასთან ომისთვის რუსეთის 20 რეგიონში უკვე „მოხალისეთა“ 40 ქვედანაყოფი შექმნეს. მსურველთა მიღება რაზმებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზაფხულიდან დაიწყო.
„მოხალისეებს“ რუსეთის თავდაცვის უწყება უფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც სამსახურის მინიმალურ ვადად რამდენიმე თვეა მითითებული.
დაპირებული ხელფასი ომში მონაწილეობისთვის კონკრეტულ რეგიონზეა დამოკიდებული და 130-დან 300 ათას რუბლამდე მერყეობს ( 2000 – 5 000 დოლარი).
უფრო მეტ ანაზღაურებას ჰპირდებიან კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ახალწვეულებს. გამოცემა Verstka-media-ს ცნობით, რუსეთის 17 რეგიონის კოლონიებიდან „ვაგნერმა“ უკრაინასთან ომში გასაგზავნად სულ მცირე 1 500 პატიმარი გამოიყვანა. გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ პატიმართა პირველი ჯგუფი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, 20 ივლისს გაგზავნეს.
ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება შედარებით დასტაბილურდა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთმა თავისი ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებაზე გადაისროლა.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, ომის მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინის სამხრეთზეა.
კალი დასძენს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი კონფლიქტია, რომელშიც ორივეს მხარეს უდიდესი დანაკარგი აქვს.
„ამ კონფლიქტის ყოველ ეტაპზე, ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით უკრაინის საჭიროებებზე, იმის მიხედვით, როგორც ბრძოლის ველზე იცვლებოდა ვითარება. გაუჩერებლად ვმუშაობთ, რომ დავაკმაყოფილოთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები,“ – განაცხადა კოლინ კალმა.
8 აგვისტოს ვაშინგტონმა გამოაცხადა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც სხვა შეიარაღებასთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რადიოლოკაციის საწინააღმდეგო რაკეტების გადაცემასაც ითვალისწინებს, საუბარია AGM-88 (HARM) რაკეტებზე, რომლებსაც რადარების ანტენებისა და გადამცემების განადგურება შეუძლია.
დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის: დამატებითი აღჭურვილობა „ჰაიმარსებისთვის“, 155მმ-იანი არტილერიის 75 000 ჭურვი, 20 ერთეული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი თავისივე 20 000 ნაღმით, 1 000 „ჯაველინი“ და სხვა შეიარაღება.
თავდაცვის მდივნის მოადგილემ დასძინა, რომ აშშ-მა უკვე გაუგზავნა უკრაინას რაკეტები თვითმფრინავებისთვის, რომლებიც რუსულ შეიარაღების სისტემებს ანადგურებს, თუმცა კალს არ დაუზუსტებია რაკეტების რაოდენობა და თარიღი, როდის გაიგზავნა შეიარაღება.
„ჩვენ არასდროს ვამბობთ რაკეტების ზუსტ რაოდენობას, არ გვინდა რუსეთს ყველა დეტალი შევატყობინოთ“, – დასძინა კალმა.
ქუჩაში გაცილების ან გაცნობის მიზეზით აკიდება/ადევნება სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ღირსების შელახვის გარდა, განსაკუთრებით ღამის საათებში, საკმაოდ საშიში გამოცდილებაა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროებისა და ადევნების შემთხვევებში მსხვერპლი ძირითადად ქალია, დამნაშავე კი – კაცი. სწორედ ამიტომ ქალები გვიან ქუჩაში მარტო გადაადგილებას ერიდებიან, გოგონების მშობლები კი ერთგვარ „კომენდანტის საათს“ უწესებენ შვილებს.
შედეგად, ქალებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, ირიყებიან საჯარო სივრცეებიდან და, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების წესზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი კრძალავს სექსუალურ შევიწროებას, მათ შორის, ქუჩაში აკიდებას და ადევნებას, ამ გამოცდილების შესახებ ქალები დღემდე საუბრობენ.
„ადევნება განსაკუთრებით დამაშინებელი დანაშაულია, რადგან გაურკვეველია მოძალადის შემდგომი გეგმა, შევიწროება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზრდება, თუ უბრალოდ გააგრძელებს დევნას.
ადევნების ერთ-ერთმა მსხვერპლმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეგონა აჭარბებდა შეფასებაში, შიშობდა, ცრუ განგაშის ატეხვა არ გამოსვლოდა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც გვაიძულებს ან სურვილს გვიჩენს გავერიდოთ სივრცეს, გავიქცეთ, დავიმალოთ, ჩავიკეტოთ – საკმარისი პირობაა საიმისოდ, რომ მოვითხოვოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
უსაფრთხოდ გადაადგილების უფლება ყველას თანაბრად გვაქვს“, – ჰყვება აქტივისტი მარიამ ქაჯაია, სათემო ორგანიზაცია „იდენტობა იუსის“ ბათუმის ოფისის მენეჯერი.
უცხო პირის მიერ გაცნობის, გაცილების ან სხვაგვარი კომუნიკაციის დამყარების მიზნით ქუჩაში აკიდება/ადევნება სექსუალური შევიწროების ფორმაა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით რეგულირდება.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლი ცალკე განსაზღვრავს ადევნებას, როგორც „პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს”.
ამის მაგალითებია შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა, ასეთივე შინაარსის შემცველი ან საერთოდაც უხმო სატელეფონო ზარები; ხეტიალობს ან გელოდებათ სახლთან, სამუშაო ადგილთან ან სკოლასთან საპატიო მიზეზის გარეშე, ან დაგყვებათ მიზანმიმართულად.
„მობილურით გადაუღე მოძალადეს“, „ხალხმრავალი ადგილისკენ ან მაღაზიების კამერებისკენ წადი“, „სხვა გამვლელს გამოელაპარაკე და ერთად გააგრძელეთ გზა“, ასეთ რჩევებს ფეისბუქჯგუფებსა და ფორუმებზე შეხვდებით. თუმცა სოციალური სამართლიანობის ცენტრის უმცროსი იურისტი, ნესტან ანანიძე განმარტავს, რომ პირველი ქმედება უცხო თუ ნაცნობი პირის მიერ აკიდება – ადევნების დროს არის პოლიციაში დარეკვა.
„ადევნების საფრთხე, როგორც წესი, მსხვერპლს ნაცნობი ადამიანებისგან აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული სრულიად უცნობი ადამიანიც აგეკიდოთ ქუჩაში.
ამ დროს აუცილებელია დავრეკოთ პოლიციაში, 112-ზე.
თუ ეს იყო ერთჯერადი ხასიათის, ამაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება. როგორც წესი, პოლიცია აფრთხილებს, რომ შეწყვიტოს აღნიშნული ქცევა. გაფრთხილების მიუხედავად პირი თუ კვლავ აგრძელებს დევნას ავტომანქანით, კომუნიკაციის გამოყენებით ან მის გარეშე, არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლოა გამოიცეს დამცავი ორდერი, დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება. ასევე გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები“, – განმარტავს იურისტი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს ჩატარებულმა ეროვნულმა კვლევამაჩვენა, რომ საქართველოში ყოველ მე-5 ქალს (20%) განუცდია სექსუალური შევიწროება ერთხელ მაინც ცხოვრების განმავლობაში. სექსუალური შევიწროება 2019 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის ჩადენაც სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
სახალხო დამცველის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიწერია, რომ მცირედი ზრდის მიუხედავად, კვლავ მწირია სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველისა და სასამართლოსთვის მიმართვიანობა. „ამდენად, დღესდღეობით, საქართველოში, სექსუალური შევიწროების რეალური მასშტაბი უცნობია“.
ღამით ქალებისთვის საფრთხისშემცველი გარემოს გასაპროტესტებლად 2016-2017 წლებში ქართველი ფემინისტები შეუერთდნენ საერთაშორისო მოძრაობას „არ დავთმოთ ღამე“ [Reclaim the Night – დავიბრუნოთ ღამე], რომელიც მოიცავდა ქალების ღამის მსვლელობებსა დაონლაინ კამპანიას.ეს გამოსვლები 1970-იანი წლებიდან დღემდე 30-ზე მეტ ქვეყანაში იმართება.
მოძრაობა „დავიბრუნოთ ღამე“ დიდ ბრიტანეთში 40-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. 1977 წელს ქალაქ ლიდსში ქალები გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ პოლიციის განცხადება, რომელიც სთხოვდა ქალებს, დაბინდების შემდეგ დარჩენილიყვნენ სახლებში [იმ პერიოდში], პიტერ სატკლიფის მიერ 13 ქალის მკვლელობის გამო. „არა ქალებისთვის კომენდანტის საათს – კომენდანტის საათი კაცებისთვის“ – ეწერათ ქალებს პლაკატებზე.
„ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაწყობთ ასეთ მსვლელობებს, მაგრამ არ გავჩერდებით, სანამ ღამით ქუჩებში არ ვივლით გაუპატიურების შიშის გარეშე“, – წერენ ბრიტანელი ფემინისტები მოძრაობის ვებგვერდზე.
„საქმე ის არის, რომ კაცების მხრიდან ქალების მიმართ ძალადობის ბევრი ფორმა დღემდე ნორმალიზებულია ჩვენს საზოგადოებაში. ჩვეულებრივ და ბუნებრივ ამბად აღიქმება ზოგიერთი ძალადობრივი, შემავიწროებელი და ქალისთვის დამთრგუნველი ქცევის ჩადენა კაცის მხრიდან, მიუხედავად მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელთა მიზანი ძალადობის ამ ფორმების დასჯა და აღკვეთაა“, – ამბობს მარიამ ქაჯაია.
მისივე თქმით, ხშირად ქალებიც არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა სახის რეაგირებაა შესაძლებელი ამა თუ იმ სახის ძალადობის შემთხვევაში, როგორ იცავს კანონი მსხვერპლს და რა ღონისძიებას გაატარებს მოძალადის მიმართ.
„პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიც დგას ზოგიერთ შემთხვევაში. პოლიციის ჰიპერმასკულინურობა, ის, რომ ძირითადად კაცებითაა მისი რიგები დაკომპლექტებული, რომელთა მიმართ მოლოდინი გაქვს, რომ შენს შიშებს, საფრთხეებს ვერ გაიზიარებენ, დამატებითი ფაქტორი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ არ მიმართო პოლიციას, არ დააფიქსირო ფაქტი“, – ამბობს ის.
სექსუალური შევიწროება 2019 – 2022 [Iკვარტალი] | შსს
ქალთა მიმართ ძალადობის ბოლო ეროვნული კვლევა საქართველოში მოწმობს, რომ 15-64 წლის ქალთა 4 პროცენტს გამოუცდია სიცოცხლის მანძილზე ადევნების ერთი ფორმა მაინც. „რესპონდენტების თანახმად, ადევნების ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებები ან ელექტრონული ფოსტა (2%), გაყოლა (1%) და შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები (1%)“.
კანონმდებლობით, სექსუალური შევიწროება და ადევნება გენდერულად ნეიტრალური დანაშაულია, თუმცა სტატისტიკა მოწმობს, რომ გადაკიდება თუ ქუჩაში ადევნება ძირითადად ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულია, სადაც დამნაშავე უმრავლეს შემთხვევაში კაცია.
მაგალითად, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში შს სამინსიტროს მიერ დაფიქსირებული სექსუალური შევიწროების 753 შემთხვევიდან 730 შემთხვევაში დამნაშავე იყო კაცი.
ქუჩაში აკიდებისას მსხვერპლის ყველაზე გავრცელებული რეაქცია ამ მუქარისშემცველი საქციელის არ შემჩნევაა იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან მოძალადე/საეჭვო პირი ჩამოშორდება.
„რთულია, ყოველთვის მზად იყო მიმართო სამართალდამცავებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსხვერპლი თავად ხარ. თუმცა დაიგნორებამ და დათმენამ შესაძლოა დაუსჯელობის განცდა გაუჩინოს ამდევნებელს – შეიძლება მან სხვა ქალის ან გოგოს მიმართაც გაიმეოროს მსგავსი ქმედება ამ ან სრულიად სხვაგვარ გარემოში; შეიძლება სხვა შემთხვევაში შევიწროების სიმძიმე გაზარდოს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს გარემო და რამდენად ექნება მსხვერპლს თავის დაღწევის შესაძლებლობა. ამიტომ რეაგირება აქტივიზმის ტოლფასია. ჩვენ შეიძლება სხვა ქალი და გოგონა ვიხსნათ შევიწროების ტრავმისგან“, – ამბობს მარიამ ქაჯაია.
„ამ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამ დამარწმუნა, რომ ლამაზი ომი არ არსებობს. ის არც შეიძლება არსებობდეს. ეს ყოველთვის საშინელება და სისასტიკეა. არ დაივიწყოთ უკრაინა. ჩვენ ყურადღების ცენტრში უნდა დავრჩეთ. თუ ფოკუსიდან ამოვვარდებით – დავიღუპებით. ამის დაშვება არ შემიძლია,“ – უთხრა ოლენა ზელენსკამ იაპონურ ტელერადიოკომპანია NHK-ს, რომელმაც უკრაინის პირველ ლედისთან ინტერვიუ ჩაწერა.
ოლენა ზელენსკამ იაპონურ ტელევიზიასთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იბრძვის და ცხოვრობს უკრაინა რუსეთის შეჭრის შემდეგ, ილაპარაკა კონგრესში თავის ემოციურ გამოსვლაზე, პრეზიდენტ ქმარზე, რომელსაც ინტერვიუმდე ზუსტად 2 წუთით შეხვდა და იმ პროექტებზე, რომელთა დაწყებასაც უკრაინა ომის დასრულებისთანავე გეგმავს.
ინტერვიუსთვის უკრაინის პირველმა ლედიმ შეარჩია ღია ცისფერი პიჯაკი, რომელიც ძალიან წააგავს ტრადიციულ იაპონურ კიმონოს.
ოლენა ზელენსკა ბოლო პერიოდში არაერთხელ შეხვდა საერთაშორისო მედიას. უკრაინის პირველმა ლედიმ ინტერვიუ მისცა ბრიტანელ წამყვან პირს მორგანს, ამერიკულ გამოცემა Vogue-ს, BBC-ს და ესპანურ El Pais-ს, ოლენა ზელენსკა გამოჩნდა ჟურნალ Time-ის გარეკანზე და ომის შესახებ მოუთხრო შვეიცარიულ Le Temps, ბრიტანულ The Economist-სა და The Guardian-ს.
აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვართან ახლოს, ვაჟა ფშაველას #1-ში, მდებარე მიწის ნაკვეთი საიჯარო წესით გასასხვისებლად უპირობო აუქციონზე გაიტანა. ნაკვეთი 6636 კვ.მეტრია, მთავრობა მხოლოდ 341 კვ.მეტრს ასხვისებს. ბოლო წლებში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებს.
აუქციონში გამარჯვებულს ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა 2025 წლის 8 ივლისამდე ვადით ექნება. სარგებლობის საფასური გამარჯვებულმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან წლის განმავლობაში თანაბარწილად, ყოველ მესამე თვეს უნდა გადაიხადოს.
ქონების საწყისი ფასი 80 000 ლარია, ბიჯი – 200 ლარი. აუქციონი დღეს 9 აგვისტოს გამოცხადდა და 24 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტი“ ნაწილების არქონის გამო თვითმფრინავებს შლის, რათა ეს ნაწილები შემდეგ სხვა თვითმფრინავებისთვის გამოიყენოს. დეფიციტი დასავლურმა სანქციებმა შექმნა – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უკვე დაიწყეს „აეროფლოტის“ ორი თვითმფრინავის დაშლა – რუსული „Sukhoi Superjet 100“ და Airbus A350. გარდა ამისა, „აეროფლოტმა“ აპარატურის ნაწილი მოხსნა Boeing 7370-დან და Airbus A320-დან ისეთივე მოდელების სხვა თვითმფრინავებისთვის – ეუბნება სააგენტოს კიდევ ერთი წყარო.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ივლისის შემდეგ, „აეროფლოტის“ დაახლოებით 50 თვითმფრინავი ფრენას ვეღარ ახერხებს, ეს კომპანიის ავიაპარკის თითქმის 15%-ია.
Reuters-ის ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში არ უფრენია „აეროფლოტის“ საკუთრებაში არსებულ სამ Airbus A350-ს, რომლებსაც ახლა ნაწილებად შლიან.
რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მალევე ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. რუსული კომპანიები ვეღარ იღებენ თვითმფრინავებსა და მათ დეტალებს დასავლეთიდან, ასევე ვეღარ ახერხებენ საკუთარი ფრენების დაზღვევას.
BBC Украина-ს ცნობით, ივლისის შუა რიცხვებისთვის, რუსულ ავიაკომპანიებს ლიზინგით მიღებული 515 თვითმფრინავიდან უცხოური კომპანიებისთვის მხოლოდ 80 თვითმფრინავი ჰქონდათ დაბრუნებული.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში (ბელტური), დუმბაძეების დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი დაახლოებით სამი წლის წინ ააშენეს, რაზეც ბიუჯეტიდან ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თუმცა, როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები გვეუბნება, ხიდი დაზიანების საფრთხის წინაშეა ინერტული მასალების ამოღების გამო.
„რამდენიმე წელია ხიდის ირგვლივ ინერტული მასალის მოპოვება მიმდინარეობს, თავიდან ხიმინჯები დაფარული იყო წყლით და ინერტული მასალაც ამაგრებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხიდთან ახლოს ინერტული მასალების ამოღება ინტენსიურად დაიწყეს, წყლის დონემ შესამჩნევად იკლო და ხიმინჯები ახლა მიწის ზედაპირზე დგას.
არაერთხელ მივმართე მერიას, ბევრი კამათის და ჩხუბის შემდეგ, ხიდიდან მოშორებით გადაიწიენ [იგულისხმება ინერტული მასალის ამოღება], მაგრამ ამ ყველაფერმა მაინც გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგი.
მერიაში გვეუბნებიან, რომ ინერტული მასალების ამოღების უფლება აქვთ და თუ ხიდს დააზიანებენ, თვითონ გააკეთებენო. რისი უფლება აქვთ, სადამდე აქვთ ეს უფლება, რა სიღრმეებზე აქვთ, 2-3 წელია იღებენ ამ ინერტულ მასალას და ეს ხიდი დაგვრჩა ჰაერში,“- ამბობს სოფლის მცხოვრები მალხაზ დუმბაძე.
აღნიშნული ხიდი რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან. დიდი ხანია აქ ხიდი არ ყოფილა და სოფლის მცხოვრებლებს საცალფეხო ხიდით უწევდათ გადაადგილება.
მალხაზ დუმბაძე ამბობს, რომ თავადაც ხიდების მშენებლობაზე მუშაობს და მისთვის თვალსაჩინოა საფრთხე, რომელიც ხიდს ემუქრება:
სოფელში ამბობენ, რომ ხიდთან ახლოს, მდინარეში, ინერტული მასალების მოპოვების შემდეგ წყალმა 5-6 მეტრით დაიწია და ხიდის ხიმინჯები გამოჩნდა.
„ვიცი, როგორი მდგომარეობა იყო აქ თავიდან და როგორია ახლა. წყლის დონე 5-6 მეტრომდე დაიწია, ხიმინჯები კი ჰაერშია. მოიყვანონ მაშინ ექსპერტი და დადონ დასკვნა, რომ ხიდისთვის უსაფრთხოა ეს მდგომარეობა. მე აქ ვცხოვრობ და გული შემტკივა, ყოველ დღე ამ ხიდზე დავდივარ. წლებია ხიდი არ გვქონდა და გატანჯული ვიყავით, ახლა ააშენეს ახალი, მაგრამ რად გინდა, ამასაც ანგრევენ. აღარც ბალასტია და აღარც წყალი ხიდის ქვეშ,“ – გვითხრა მან.
„ბათუმელები“ ესაუბრა ქედის მერს როლანდ ბერიძეს. მუნიციპალიტეტის მერს ვკითხეთ, მისი ინფორმაციით, უქმნის თუ არა ხიდის მდგრადობას საფრთხეს ინერტული მასალის ამოღება. მერის თქმით, ხიდს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება.
„არანაირი საძირკველი არ არის გამოღებული, ეგ ხიდი ჩასულია კიდევ 8 მეტრ სიღრმეში, ასე, რომ პრობლემა არ არის,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.
ქედის მერის თქმით, პრობლემებს არც ხიდის მიმდებარედ ინერტული მასალის ამოღება ქმნის.
„ბათუმელები“ დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს მანუჩარ კოჩაძესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ხიდთან „დაზიანება არის“, თუმცა დასძენს, რომ ხიდი უშუალოდ მის ადმინისტრაციულ ერთეულში არ შედის. მან გვირჩია მახუნცეთის თემს დავკავშირებოდით, რადგან ხიდი სწორედ ამ ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის.
„დაზიანება არის, წყალმა დაიწია ქვემოთ, გამოჩნდა ხიმინჯის ძირები, თუმცა ხიმინჯები მიწის ქვემოთ ღრმადაა და წაქცევა გამორიცხულია. მოსახლეობა ღელავს, რადგან დიდი ხანია ამ სოფლებს ხიდი არ ჰქონდა,“ – ამბობს მანუჩარ კოჩაძე.
„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირებოდა მახუნცეთში მერის წარმომადგენელს, თუმცა მან ტექნიკური პრობლემების მიზეზით ტელეფონი რამდენჯერმე გათიშა.
სოფელ ქოსოფლის ხიდი
აღნიშნული ხიდის მშენებლობის საკითხი 2020 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.
აუდიტი წერს, რომ ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდა მდინარე აჭარისწყალზე, ოთხ ბურჯზე, სამმალიანი, 18-მეტრიანი, ჯამში, 60.2 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობას.
„შესყიდვაში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი – შპს „სინათლე -2006“, რომელსაც გამოცდილების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს 5 ხელშეკრულების ფარგლებში 1 289 557 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოს მასალები.
წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდილება, კერძოდ, მას არ აქვს ოთხ ბურჯზე სამმალიანი და ჯამში, 60,2 მეტრი სიგრძის ახალი ხიდის მშენებლობის გამოცდილება, თუმცა სატენდერო კომისიას აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია, აღიარეს გამარჯვებულად და 958,325 ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმებულია ხელშეკრულება,“- წერდა მაშინ აუდიტი.
დასკვნაში ასევე წერია, რომ ხიდის ვიზუალური დათვალიერებით, ხიდის პირველ ბურჯზე, ბეტონის კონსტრუქციულ ნაწილზე შეინიშნება ბზარები.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება – 958 325 ლარი დადასტურებულია ექსპერტის მიერ და წარმოდგენილია ინსპექტირების ანგარიში, სადაც ასახულია, რომ ფარული სამუშაოების აზომვა არ განხორციელებულა.
წარმოდგენილი დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ მთლიან შესრულებულ სამუშაოებში 133 დასახელების, 953,503 ლარის სამუშაოები ფარულია, ანუ ექსპერტის მიერ ფაქტობრივი აზომვა განხორციელდა მხოლოდ სამუშაოების 0,5%-ზე. ამასთანავე, ფარული სამუშაოს აქტებიც არასრულყოფილადაა შედგენილი,“ – წერს აუდიტი.
ამავე წყაროს ცნობით, 61 ფარული სამუშაოს აქტიდან 27 აქტზე არ არის ასახული სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების თარიღი, მით უმეტეს, რომ აქტებში ასახულია დიდი მოცულობის სამუშაოები, როგორებიცაა: გრუნტის ტრანსპორტირება – 3,902 ტ, გრუნტის გატანა ნაყარში – 464,1 ტ, ბეტონის ტრანსპორტირება 20 კმ-დან და სხვა, „ასევე წარმოდგენილია აქტი არმირების მოწყობაზე, თუმცა რა სახის არმირება განხორციელდა, არ დგინდება“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირველ კომენტარს აკეთებს ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში აფეთქებების შესახებ.
სამინისტრო ირწმუნება, რომ აფეთქება არ უკავშირდება უკრაინულ მხარეს.
„დაახლოებით 15:20 საათზე, აეროდრომ „საკის“ ტერიტორიაზე, ნოვოფედოროვკას დასახლებასთან, საცავში აფეთქდა საავიაციო საბრძოლო მასალა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა“ – აცხადებს სამინისტრო.
დღეს, 9 აგვისტოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, საუბარია აფეთქებებზე, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების აეროდრომზე გაისმა.
უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, საიდანაც მიფრინავენ გამანადგურებლები და ბომბდამშენები უკრაინის სამხრეთისკენ.
უკრაინის ოფიციალურ პირებს ამ დრომდე [18 სთ] კომენტარი არ გაუვრცელებიათ. აფეთქებას ყირიმში ფეისბუქზე ირონიული პოსტით გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი:
„ბაზასთან მოწევის რუსული ჩვევა ბოლოს და ბოლოს მათ დაღუპავს. სახასიათო, რომ ანბანის თანმიმდევრობითაა: ბ – ბელგოროდი, ვ – ვორონეჟი, კ – კურსკი, კ – კრიმი [იგივე ყირიმი]. კ-კრემლი მოემზადოს?“
არესტოვიჩი გულისხმობს ყველა იმ შემთხვევას, როცა რუსეთმა იარაღის საწყობების დაწვა შემთხვევითობას დააბრალა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული ჯავშანმანქანების Kirpi-ს პირველი პარტია მიიღო – 50 მანქანა. მედიის ცნობით, უკრაინა ჯამში 200 Kirpi-ს ელოდება.
ჯავშანმანქანების ვიდეო ფეისბუქგვერდზე ოპერატიულმა ჯგუფმა „კახოვკამ“ გამოაქვეყნა. თურქული მანქანების შესახებ დაწერა რადის დეპუტატმა იური მისიაგინმაც.
„საზღვაო ქვეითების ორი ბრიგადა უკვე იყენებს მანქანებს. ველოდებით კიდევ 150 ერთეულს! ტყვიამფრქვევი, რომელიც ხელით იმართება და რომელიც 360 გრადუსით ტრიალებს, ცეცხლჩამქრობი სისტემა, კარგი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა, ჯავშანი B6, 12-კაციანი ეკიპაჟი,“ – წერს იური მისიაგინი.
Kirpi-ს, რომელსაც თურქული კომპანია BMC-ი აწარმოებს, ჯავშნიანი კაბინა და ტყვიაგაუმტარი ოთხი ფანჯარა აქვს. ჯავშანმანქანის წინა ნაწილში განთავსებულია ძრავა, შუა ნაწილში კი ეკიპაჟის ადგილია. მანქანა აღჭურვილია ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვის მქონე სავარძლებით. Kirpi 4×4-ს შეუძლია დაიტიოს 13 ადამიანი, მათ შორის, მძღოლი, მეტყვიამფრქვევე და მეთაური.
პლატფორმის სიგრძე 7,35 მეტრია, სიმაღლე – 3,2 მეტრი, სიგანე – 2,64 მეტრი. Kirpi-ს სტანდარული ვერსია 19 710 კილოგრამს იწონის, მისი ტვირთამწეობა კი, 1 625 კილოგრამია.
მანქანას აქვს საავარიო კარი, რომელიდანაც ავარიის დროს დესანტს მისი დატოვება შეუძლია.
დღეს, 9 აგვისტოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომასალა უკრაინულ და რუსულ მედიაში ვრცელდება.
რამდენიმე აფეთქება ყირიმში ნოვოფედოროვკას რაიონში მოხდა. ასევე, პირველადი ინფორმაციით, საუბარია აფეთქებებზე, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების აეროდრომზე გაისმა.
უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, საიდანაც მიფრინავენ გამანადგურებლები და ბომბდამშენები უკრაინის სამხრეთისკენ.
აფეთქებიდან მოკლე ხანში განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
სამინისტრო ირწმუნება, რომ აფეთქება არ უკავშირდება უკრაინულ მხარეს და აფეთქება დეტონაციამ გამოიწვია.