ნეტგაზეთი • RU

„არ შემეხო“ – ლევან სონღულაშვილი, როგორც მხატვარი და მოქალაქე

8 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ვიზუალური არტისტის, ფერმწერისა და გრაფიკოსის ლევან სონღულაშვილის ერთი ტილო გამოიფინა. გამოფენა 25 აგვისტომდე გასტანს და მისი ნახვა ყველას შეუძლია.

ლევან სონღულაშვილი ბათუმში ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში მან 5 ტილო შექმნა, რომლებიც მალე ევროპისა და ამერიკის საგამოფენო სივრცეებში იქნება წარდგენილი. თუმცა სანამ მის ნამუშევრებს უცხოელი დამთვალიერებელი ნახავს, ხუთიდან ერთი, მთავარი ნამუშევარი – Noli me tangere – ბათუმში გამოიფინა.

ლევან სონღულაშვილთან ინტერვიუ მის ახალ ნამუშევარზე საუბრით დავიწყეთ.

  • ბატონო ლევან, მოგვიყევით Noli me tangere-ს, თქვენი ტილოს შესახებ, რომელიც ბათუმში შეიქმნა და პირველად აქ გამოიფინა.

სახელებს ყოველთვის სიმბოლურად ვარჩევ. სახელწოდება – Noli me tangere შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს, რადგან ეს ფრაზა სახარებიდანაა ცნობილი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ეუბნება მარიამ მაგდალინელს – „არ შემეხო“. თუმცა ჩემთვის ეს სათაური არ არის სახარებისეული. იგივე კოვიდპანდემიის შემთხვევაშიც ფრაზა Noli me tangere გახდა საკმაოდ აქტუალური და ხშირად გამოიყენებდნენ ადამიანები, რომლებსაც ეშინოდათ ვირუსი არ გადასდებოდათ. ზოგი ხუმრობითაც ამბობდა – „არ შემეხო“.

შეხების კონცეფცია, ზოგადად, საინტერესოა, იმიტომ, რომ შეხება დღეს კიდევ უფრო მეტი ფორმით შეიძლება იყოს გადააზრებული. შეხება შეიძლება იყოს აგრესიული. იგივე უამრავი ქალის შემთხვევაში, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში.

შეხება შეიძლება იყოს სიყვარულით დატვირთული, დედაშვილური. ასევე არსებობს ინტელექტუალური შეხება.

როდესაც საინფორმაციო ომია მსოფლიოში, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არასწორად მიეწოდება საზოგადოებას, ან სწორად მიწოდებული ინფორმაციის ინტერპრეტირება ხდება არასწორი ფორმებით, აქაც უკვე შეხების ობიექტი ვხდებით.

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი Noli me tangere ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 08/08/2022

ყველა იქექება ჩვენს გონებაში, ყველა ცდილობს აფათუროს ჩვენს პირად ცხოვრებაში ხელები. ეს შეიძლება ოჯახის წევრი იყოს, მეზობელი თუ სხვა.

ნებისმიერ საკითხზე, პოლიტიკით დაწყებული, რელიგიით გაგრძელებული და დასრულებული პირადი ცხოვრებით, მუდამ ვახდენთ ერთმანეთზე გავლენას, ვეხებით ერთმანეთს. ზოგჯერ უბრალოდ გვსურს, რომ დავისვენოთ ამ ყველაფრისგან და პირად სივრცეში მარტო დავრჩეთ ისე, რომ არავინ შეგვეხოს და საკუთარ თავთან განვმარტოვდეთ.

ეს მომენტი დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, როდესაც ადამიანებისთვის დრო ლიმიტირდა და ხელშეუხებლობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველასთვის საოცნებო გახდა. ყველას უნდა, რომ თავისუფალი დრო ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი თავისათვის. ამ ნამუშევარშიც სწორედ იმ დროს შეშდებიან გაქვავებული ფიგურები, როდესაც მოძრავი სხეულები ერთმანეთს ეხებიან. ამ დროს სრულდება თითქოს პირადი სივრცე, გადავდივართ ერთმანეთის სივრცეში, სადაც ერთმანეთის ცხოვრებასაც კი ვაკონტროლებთ გაუაზრებლად და ვწირავთ საკუთარს.

ფრაგმენტი ლევან სონღულაშვილის ნამუშევრიდან Noli me tangere. ფოტო: ლევან სონღულაშვილი

ჩემს შემოქმედებაში უკრაინის საკითხიც აქტუალურია, მაგრამ მე ასე პირდაპირ უკრაინას არ ვეხები. უბრალოდ დავხატე ის ბავშვი, რომელიც ძალიან ცნობილი გახდა.

როდესაც პირველად ვნახე ეს კადრი [ატირებული უკრაინელი ბავშვი მწვანეკუბიკებიანი ქურთუკით პოლონეთის საზღვარზე], სანამ გავიგებდი რეალურ ისტორიას, აღიქმებოდა, რომ ეს ბავშვი მარტო იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვის მშობლები ცოცხალი არიან, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა იმ წუთას აღარ ჰქონდა.

ამ ბავშვმა დაკარგა საკუთარი სახლი, საკუთარი კარ-მიდამო, შესაძლოა მეგობრებიც და სამშობლო, ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა და მოუწია იძულებით გადასახლება ძალიან პატარა ასაკში. ის ვერც კი აანალიზებს, რომ ახლა ომში იმყოფება და მისი ოჯახი ლტოლვილია. მან სერიოზული ტრავმა მიიღო.

მეც, ახლო წარსულში, როგორც შვილმა, მსგავსი სიმძაფრის ტრავმა მივიღე. შეიძლება ჩემს თავზე ბომბები არ ცვიოდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი დარტყმა მივიღე საყვარელი ადამიანის დაკარგვით. ვიცი რა განცდაა, როდესაც ადამიანი სრულიად მარტო რჩება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გრძნობს თავს, უნდა გამოერკვეს და გააგნოს გზა ახალ საზღვრებში, ახალ ტერიტორიებში.

ეს ტერიტორიები ჩემს შემთხვევაში უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე ფიზიკური. ამ ბავშვის შემთხვევაში უფრო ფიზიკურია, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს.

ამ ბავშვის ადგილას წარმოვიდგინე ჩემი თავი და რაღაცნაირი იდენტიფიკაცია მოვახდინე მასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნახატი უფრო ჩემს ახლო წარსულში განცდილ პირად გამოცდილებებს ეყრდნობა, ვიდრე პოლიტიკურს ან რელიგიურს, შესაბამისად, უფრო ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ნაწილია.

მაგრამ ასე ვაზოგადებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელოვანმა საკუთარი პირადი ისტორია ისე განაზოგადოს, რომ მხოლოდ მისი არ იყოს და ის საყოველთაო გახდეს. ამის მიღწევა საკმაოდ რთულია. სწორედ ამას ვეჭიდები, რომ ჩემი ძალიან პირადი, კონკრეტული ისტორია ისე საყოველთაო გავხადო ნამუშევარში, რომ ყველასთვის სხვადასხვა იყოს.

გუშინ ვისმენდი საზოგადოების პირველ რეაქციებს და ყველას განსხვავებული წაკითხვის ფორმა ჰქონდა ჩემი ნამუშევრის.

ისეთი საინტერესო იყო, რომ ნახატი ავტორისგან, ანუ ჩემგან დამოუკიდებლად აგრძელებს ურთიერთობას მნახველებთან, ისე, რომ მათ არ სჭირდებათ ჩემი ახსნა-განმარტება…

უფრო საინტერესოა, როდესაც თავისუფალი გონება ავტორისგან დამოუკიდებლად, თავად ჭვრეტს სრულიად განსხვავებულად და ეს ძალიან კარგია.

  • ამ დანაკარგის გამოა, რომ საკუთარ სახელთან ერთად დედის სახელსაც აწერთ ყოველთვის ნამუშევრებს?

2020 წლიდან – ყოველთვის. როცა ცოცხალი იყო, ვუთხარი, რომ სიმბოლურად ჩემს ყველა ნახატს მის სახელსაც დავაწერდი, რომ ამით მისი უდიდესი ამაგი დამეფასებინა.

ის მარტოხელა დედა იყო, ერთი შვილი ჰყავდა, მთელი თავისი ცხოვრების ინვესტიცია ჩადო ჩემში, შეიძლება ითქვას. ის იყო მებრძოლი, რომანტიკოსი, არასდროს არ აზროვნებდა პრაგმატულად, თავის შინაგან შეგრძნებებს და ინსტინქტებს ენდობოდა, რისი შედეგიც ვარ ახლა მე. მას ჩემი სჯეროდა. ის, რომ დღეს ეს ყველაფერი ხდება ჩემ გარშემო, პირველ რიგში, მართლა მხოლოდ მისი დამსახურებაა.

ეს არ არის ლამაზი სიტყვები.

იმიტომ, რომ სხვა ადამიანი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მარტო დედაჩემი იყო. დედაჩემიც არ ყოფილა, ვთქვათ, დიდი კონტაქტების მქონე, რომელიც დამეხმარებოდა ცხოვრების გაკვლევაში. არა, ის უბრალოდ უყურებდა მე საით მივდიოდი და გვერდით მედგა, რომ ამ გზიდან არ გადამეხვია.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზედმეტად არ ერეოდა ჩემს ცხოვრებაში. თავისუფლებისა და ზრუნვის ძალიან კარგი ოქროს შუალედი, ბალანსი სწორად ტრანსფორმირდა ჩემს ცხოვრებაში. ამის შედეგია ზუსტად ისიც, რომ მძიმე ემოციური დარტყმებიდან გამოსვლაში ისევ ხელოვნება დამეხმარა. დედაჩემი მთელი ცხოვრება ხელს უწყობდა, რომ მე მუდამ მეხატა და ყველაზე მძიმე სოციალური პრობლემები თავის თავზე ისე აეღო, მე ვერც კი მეგრძნო.

ხშირად მეკითხებიან, რატომ ვხატავდი მთელი ბავშვობა შავ-თეთრ და გრაფიკულ ნამუშევრებს. ხშირად ვამბობდი, რომ მე ეს მომწონდა, მაგრამ ეს სიმართლე არ არის.

პასუხი ძალიან მარტივი იყო – დედაჩემს არ ჰქონდა საშუალება, რომ საღებავები შეეძინა.

ფოტო ლევან სონღულაშვილის ოფიციალური გვერდიდან

21-ე საუკუნის ხელოვნება სიმულაკრებით, ვიზუალური კოდებით არის დატვირთული. მხატვრობა ხომ ყველაზე ჩუმი ხელოვნებაა, რომელსაც სჭირდება მზერა. მზერის შეხების მომენტში უნდა გაიაზრო ვიზუალური ნაწარმოები.

ხშირ შემთხვევაში პოსტმოდერნული ხელოვნება ასეა – რასაც ხედავ, რეალურად, იმაზე მეტია, ვიდრე ჩანს. იგივე ვან გოგის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ფეხსაცმელს ან სკამს, ეს არ არის უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნივთი ან ტანსაცმელი. მას ამ გაგებით არ შეუქმნია. ის ამ საკითხებით იკვლევს და ეხება იმ ყოფას, რომელშიც ის ცხოვრობდა, ანუ სოციალურ საკითხებს.

ჩემი ხელოვნება ზუსტად ასეა – მე შეიძლება ერთი კონკრეტული იდეიდან ამოვიდე, რომელიც მრავალ სხვა იდეას მოიცავს და ეს კონცეფცია იშლება სხვადასხვა ფორმით.

ჩემთვის მნიშვნელოვანია შევქმნა ისეთი ნამუშევარი, რომელთან მიმართებაში ერთი დამოკიდებულება მექნება, თუმცა ასი კაციდან ასივეს განსხვავებული მიმართება ექნება ნამუშევრისადმი და ყველა ერთნაირად არ წაიკითხავს.

ვიღაცამ შეიძლება საკუთარ პირად გამოცდილებასთან გაავლოს პარალელი, ვიღაცამ – გლობალურ კატაკლიზმებთან, ვიღაცამ შეიძლება ომს დაუკავშიროს, იმიტომ, რომ დღეს ომის თემა აქტუალურია…

შეიძლება ვიღაცამ, ვინც ჩემ შესახებ იცის, უფრო ჩემს წარსულთან დააკავშიროს, ან იმასთან, რაც აქამდე შემიქმნია, იმიტომ, რომ ამ ნამუშევარში თავს იყრის ჩემი აქამდე შექმნილი რამდენიმე ნამუშევრის ფრაგმენტი. მაგალითად, Idem et Idem-ი.

ხშირად არიან ხოლმე ჩემს ნამუშევრებში ადამიანები, რომლებიც სივრცეში უჩინარდებიან. ასეთი იყო, მაგალითად, კარდინალების სამოსში გამოწყობილი წითელი ჰორიზონტების სერია, რომელიც მადრიდში შევქმენი და შეიძლება ითქვას, უფრო დასავლური სამყაროს სახეა ჩემთვის.

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი “წითელი ჰორიზონტები” ფოტო ლევან სონღულაშვილის ოფიციალური გვერდიდან

უფრო აღმოსავლური სამყაროსკენ მიდის Idem et Idem-ი. სხვათა შორის, გია ყანჩელმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაწარმოებს ამ ნახატის ნახვის შემდეგ დაარქვა სახელწოდება Idem et Idem-ი.

განსხვავებით „წითელი ჰორიზონტებისგან“, სადაც მხოლოდ მამაკაცების ხროვა მიდის ამ სივრცეში, Idem et Idem-ში მხოლოდ თეთრებში გამოწყობილი ქალები ზურგშექცევით მიემართებიან სივრცეში.

Noli me tangere-ში გვხვდება ეს საზოგადოება, გარკვეული ფრაგმენტი ზედა სივრცეში, როდესაც ადამიანები მიასვენებენ ქალის გვამს, რომელიც ნახატის ცენტრალური ნაწილია. საკმაოდ მცირე ზომის ფიგურაა, რომელიც შეიძლება ვერც კი შენიშნოს ადამიანმა მონუმენტური ფიგურების ფონზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევრის ამოსავალი წერტილი სწორედ ამ ფიგურიდან იწყება, რომელიც იშლება მერე კომპოზიციაში და მთელ ისტორიად იქცევა.

  • ნახევარი წელი გაატარეთ ბათუმში. მოგვიყევით, როგორია ეს ქალაქი თქვენთვის, რა შეიძინეთ ან რა დაკარგეთ ამ ქალაქში?

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს თბილისი, ჩემი მშობლიური ქალაქი, ის ყოველწლიურად მძიმდება და ქაოსური ხდება ჩემთვის, ენერგეტიკულად, განაშენიანების თუ ეკოლოგიის კუთხით.

თბილისის გარემოს მსურდა გავცლოდი და ისეთი ადგილი მეპოვა საქართველოში, სადაც თან ვიმუშავებდი, თან ქალაქში ვიქნებოდი, ურბანულ სივრცეს არ მოვწყდებოდი, იმიტომ, რომ ურბანული გარემო მიყვარს. თან იქნებოდა წყნარი, მშვიდი, სუფთა ადგილი. ასეთი ბათუმი აღმოჩნდა ჩემთვის.

მანამდე ბათუმი ასოცირდებოდა საზაფხულო, დასასვენებელ კურორტთან. ახლა, როცა ექვსი თვე გავატარე ამ ქალაქში, სრულიად შევიცვალე დამოკიდებულება. ჩემი აქ გადმოსვლა დაემთხვა ახალი წლის დასაწყისს. ზამთარში სრულიად არასეზონურ, წყნარ ადგილას ვიყავი. ძალიან მომეწონა ადგილობრივებთან ურთიერთობა, შავ ზღვასთან, აი, ამ გარემოსთან ადაპტაცია.

დამითმეს დიდი სახელოვნებო სივრცე, სადაც შევქმენი 5 მონუმენტური ტილო.

ჩემს შემოქმედებით გამოცდილებებზე ყოველთვის გავლენას ახდენდა ის გარემო, რომელშიც ვიმყოფებოდი. როდესაც სხვა ქალაქში გადავდივარ, ეს იქნება ნიუ იორკი, სინგაპური, ბერლინი, მადრიდი თუ სხვა, ყოველ ქალაქს აქვს თავისი სუნი, თავისი განსხვავებული ესთეტიკა, რასაც ქმნიან, პირველ რიგში, ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, არქიტექტურასთან და ლანდშაფტთან ერთად. ბათუმი ჩემთვის, ჩემსავე ქვეყანაში აღმოჩნდა ისეთი ადგილი, თითქოს სხვა ქვეყანაში, სხვა გარემოში ვიყავი.

საქართველოში მეტ დროს თბილისში ვატარებ, მაგრამ ბათუმი სრულიად ახალი გამოცდილებაა. მსურდა, განსხვავებული გამოცდილება მიმეღო ჩემსავე ქვეყანაში და შემოქმედებითად ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ბათუმში მუშაობა.

რა დავკარგე, არ ვიცი. ალბათ უფრო ნეგატიური ემოციები გავატანე ზღვას, მაგრამ პოზიტიური ემოციებითაც დავიმუხტე.

ეს ხუთი ახალი მონუმენტური ტილო, რაც შევქმენი, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ეტაპია ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში, რაც შეიძლება ფრაგმენტულად გვხვდება სხვადასხვა, აქამდე შექმნილ ტილოებში. მნახველი მიხვდება, რომ ჩემი ხელოვნების გაგრძელებაა, მაგრამ ასევე მიხვდებით, რომ ეს არის სრულიად ახალი ეტაპი. ახალი პალიტრა შემოვიდა, ახალი ფერები, უფრო მეტი ექსპრესია გაჩნდა. სრულიად სხვა დინამიკაში წავედით. ზომები კიდევ უფრო გაიზარდა და მასშტაბური გახდა.

ამაზე გავლენა ბათუმმა მოახდინა. ვფიქრობ, თბილისში სრულიად სხვა ტიპის და სხვა დინამიკის ნამუშევრებს ვქმნიდი და ბათუმში სრულიად ვტრანსფორმირდი.

ჩემი ნამუშევრების სინგაპურის სერია იაპონური ტუშით და ჩინური კალიგრაფიის ფუნჯებით არის შექმნილი. წარმოიდგინეთ, სინგაპურში ჩადიხარ და ზეთის საღებავებით მუშაობ, რომელიც არის დასავლური, ევროპული კულტურის მონაპოვარი – ეს ვერ წარმომიდგენია. როცა იაპონიაში ჩადიხარ, ჩინეთში ან სინგაპურში, მგონია, რომ უნდა ადაპტირდე აზიურ ტექნიკებთან, აზიურ გამოსახულებებთან. გადავწყვიტე, რომ ბრინჯის ქაღალდზე დამეხატა. ეს არის აზიური სამხატვრო მასალა, ბრინჯისგან კეთდება, არის ძალიან თხელი და გამჭვირვალე, დიდი ოდენობით წყალი რომ დაასხა, გაიხევა. წყალი და ტუში ისე უნდა გამოიყენო, რომ არ გაიხეს, მაგრამ თუ ეს სისველე გაშრა, ქვასავით მაგრდება. თხელია, მაგრამ ძალიან ძლიერი. დავეუფლე ამ ტექნიკას და ასე შევქმენი სინგაპურული სერია.

რომ არა სინგაპური, მე ამ სერიას არასდროს არ შევქმნიდი. იმავეს ვიტყვი ბათუმზე – რომ არა ბათუმი, ალბათ არასდროს არ დაიხატებოდა ეს ხუთი ტილო. ეს ფერებიც, ეს პალიტრაც, ეს მასშტაბებიც ნაკლებად გაჩნდებოდა ჩემს შემოქმედებაში.

  • თქვენ დეცენტრალიზაციით ახსენით მოტივი, თუ რატომ იმუშავეთ ბათუმში. როგორ ფიქრობთ, რამდენად გახდებით სხვა ხელოვანებისთვის მისაბაძი მაგალითი?

ძალიან მომწონს გერმანია. მაგალითად, როდესაც ვკითხულობ, სად არის საუკეთესო უნივერსიტეტი, უჭირთ პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ ყველა ქალაქში არის საუკეთესო განათლების მიღების საშუალება, იქნება ეს ფრანკფურტი, ბერლინი თუ მიუნხენი. გააჩნია შენს ინტერესებს და კონკრეტულ პროფესორს, ვისთან გინდა მოხვედრა. იგივე არის ჰოსპიტალზე, ყველგან კარგი სამედიცინო დაწესებულებაა. ანუ აუცილებლობას არ წარმოადგენს მთელმა ქვეყანამ ერთ ქალაქში მოიყაროს თავი, რათა საუკეთესო განათლება, საუკეთესო მედიცინა, საუკეთესო ჯანდაცვა მიიღონ ადამიანებმა.

როდესაც ჩვენ ვართ ასე პატარა ზომის სახელმწიფო, მგონია, რომ უფრო მარტივი უნდა იყოს ამ პატარა ტერიტორიის ფართოდ დატვირთვა და ხელმისაწვდომობა, რომ ყველაფერი არ იყოს თავმოყრილი თბილისში, სადაც უკვე შეუძლებელია დიდხანს გაჩერება. ეკოლოგიურადაც კატასტროფა ხდება თბილისში.

ყველას უნდა მიეცეს საშუალება… თუნდაც თბილისიდან სტუდენტები რომ ჩამოვიდნენ ბათუმში და აქ მიიღონ განათლება, ან პირიქით, ბათუმელები ჩავიდნენ თელავში და იქ ისეთი უნივერსიტეტები შეიქმნას, რომლებიც ბათუმელისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდება.

ამ ფონზე, როცა მე ეს სურვილები მაქვს, კითხვა ისმის – „რატომ აწყობ გამოფენას თბილისში და რატომ არ აწყობ ან რატომ არ ქმნი ნამუშევარს ბათუმში ან თელავში?“

ამ შემთხვევაში ბათუმი იქცა ჩემთვის მორიგ ადგილად, სადაც გადმოვედი საცხოვრებლად და ექვსი თვე დავყავი.

გადმოსვლისთანავე ხატვა არ დამიწყია, დავიწყე ადაპტირება გარემოსთან, გავიცანი აქაური საზოგადოება და მერე უკვე ნელ-ნელა დავიწყე შესვლა სახელოსნოში. შემდგომ უკვე დაიწყო მთელი ეს ძალიან საინტერესო თავგადასავალი.

ახლა, როცა ეს ნამუშევრები შევქმენი და უნდა გაიგზავნოს საზღვარგარეთ, მორიგი პასუხისმგებლობაა ის, რომ სწორედ იმ ქალაქში გააკეთო გამოფენა, სადაც მთელი ეს პერიოდი იმუშავე და ასე გამოხატო მადლიერება ქალაქისადმი, იმ ადამიანებისადმი, ვინც დაგითმო ეს სივრცე და ვისაც ინტერესი აქვს ნახოს ეს ნამუშევრები.

მიხარია, რომ უამრავი ადამიანი ჩამოვიდა თბილისიდან, თელავიდან, ხაშურიდან, ქუთაისიდან იმისათვის, რომ ენახათ ეს ნამუშევარი, თანაც ერთი ნახატი. აქ ხომ არ გაკეთებულა დიდი ექსპოზიცია. ერთი ნახატი გამოიფინა მხოლოდ, ისიც სიმბოლურად – მთავარი ტილო, რომელიც აქ შეიქმნა. ერთი ნამუშევრის სანახავად ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიარა ხალხმა გზა საქართველოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.

ეს მიდგომა თუ გაგრძელდება, ვფიქრობ, ბათუმს აქვს პოტენციალი გახდეს ოთხი სეზონის ქალაქი.

  • ხშირად წერთ, რომ თქვენი მეორე სახლი ნიუ იორკია. რა მოგცათ ამერიკამ და ზოგადად, დასავლეთმა?

ვარ საკმაოდ თავისუფალი, არავისზე დამოკიდებული, არც ერთი პარტიის მიმართ არ მაქვს სიმპათია და კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ და ასევე ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც მე მაწუხებს და ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, მნიშვნელოვანია.

ჯერ მოქალაქე ვარ და მერე მხატვარი. სადაც არ უნდა ვიყო, ვფიქრობ და მადარდებს ამ ქვეყნის ბედი და მიმდინარე მოვლენები.

მრავალი წელია მაქვს რუსეთიდან შემოთავაზება გამოფენისთვის, წამყვან მუზეუმებში. მე არ მიმაჩნია, რომ ვინც იქ ჩადის, გამოფენას აკეთებს ან კონცერტს მართავს, საქართველოს მოღალატე ან მტერია, ვემიჯნები ამ აზრს, თუმცა ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ სანამ საქართველო ოკუპირებულია, სანამ ასე დანაწევრებული ვიქნებით, მგონია, რომ გამოფენას არ უნდა ვმართავდე იმ ქვეყანაში, რომლის ჯარიც ჩემი ქვეყნის ოკუპაციას ახდენს.

ჩემი პირადი პოზიციაა ეს.

დედამიწა საკმაოდ დიდია, უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება გამოიფინოს ნამუშევრები, ჩატარდეს კონცერტები. ოკუპანტი რომ იყოს ამერიკა ან დიდი ბრიტანეთი, იგივე პოზიცია მექნებოდა მათდამი. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მტერი არის რუსეთი, რომელსაც ჩვენი მიწების საკმაოდ დიდი ნაწილი, 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და ახლა იგივე ხდება უკრაინაში.

პოლიტიკის ექსპერტი მე არ ვარ, მაგრამ ეს არის ის, რასაც მე ვხედავ, ვგრძნობ და რაც თუნდაც ჩემი რუსი ხელოვანი მეგობრებისგან მესმის, რომლებიც ემიჯნებიან ამას, გმობენ და ყოველთვის პროტესტს გამოხატავენ. ოღონდ უკრაინის ომამდეც გამოხატავდნენ პროტესტს. ძალიან ბევრი ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად, რომ გასცლოდნენ მოსკოვს.

რა მომცა დასავლეთმა? დასავლეთმა მომცა ძალიან ბევრი რამ, მაგრამ მთავარი მაინც არის ცოდნა. მაინცადამაინც ბიბლიოთეკაზე, წიგნსა და ლიტერატურაზე არ არის აქ აქცენტი, უფრო იმ საერთაშორისო აუდიტორიას ვგულისხმობ, რომელიც იქ იკრიბება. მაგისტრატურაზე შენ გვერდით არიან ლონდონის, პარიზის, სინგაპურის და მსოფლიოს სხვა წარმატებული, განვითარებული ქალაქების საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები.

  • რა არის თემები, რომლებიც გაღელვებთ?

განათლება არის ყველაზე მთავარი თემა ჩემთვის.

განათლება, პირველ რიგში, რა არის ხომ?! საკუთარი თავის კონტროლსაც უკეთ სწავლობ, სხვებისადმი დამოკიდებულებაც იცვლება. ვფიქრობ, რომ განათლება არის მთავარი. განათლებით მოდის ეკონომიკაც. ქვეყანა ვერ განვითარდება, დამოუკიდებელი ვერ გახდება სუსტი და ღარიბი ეკონომიკით.

ასევე, კულტურის მიმართულებით ხელშეწყობა. ის, რაც მთავარია ჩვენთვის და ქვეყნისთვის, არის კულტურა და კულტურის სწორი პოლიტიკა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი