მთავარი,სიახლეები

რატომ გარეცხა გამწვანების სამსახურმა ბათუმის საკრებულოს წევრის ეზო და ბეტონის ღობე

10.08.2022 • 2583
რატომ გარეცხა გამწვანების სამსახურმა ბათუმის საკრებულოს წევრის ეზო და ბეტონის ღობე

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის სახლის ეზო და ბეტონის ღობე გარეცხეს.

ადგილზე სამსახურის მანქანით ჯერ წყალი მიიტანეს, შემდეგ კი სამსახურის ტექნიკა ეზოს და ბეტონის რეცხვისთვისაც გამოიყენეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძეა. მისი თქმით, სამსახურს ორი სარწყავი მანქანა აქვს და მათ დღეს არ უმუშავიათ:

„ჩვენი მანქანა არ იქნებოდა, ვარიანტი არ არის. იმიტომ, რომ ჩემი მანქანები ღამე მუშაობდნენ გუშინ, ოთხის ნახევრამდე, ახლა სძინავთ მძღოლებს და საღამოს შვიდამდე არ გამოვლენ სამსახურში. ასეა ჩემთან.“

მას შემდეგ, რაც თამაზ სალუქვაძეს ვუთხარით, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეო მოგვეპოვება, მან გვითხრა, რომ დილით სამსახურიდან შინდისის სკვერში წავიდა, რადგან იქ ღონისძიებას გეგმავენ და მის წასვლამდე მანქანები ადგილზე იყო გაჩერებული:

„ასეთი სამუშაოს შესრულების უფლება არ გვაქვს. არა, როგორ გეკადრებათ, გზად თუ ვართ გასული და იქვე თუ მოვიდა ვინმე და ადამიანურად მთხოვა, რომ რაღაც დაისვარა და არ აქვს სათანადო ტექნიკა და ერთი ხუთი წუთი მომეხმარეო… საკრებულოს წევრს რომ რაღაცა ეთხოვოს, არ ყოფილა ჯერ ასეთი შემთხვევა, არავის უთხოვია ჯერ, მასეთი არ მახსოვს. თუ მასალაც არსებობს, ფაქტი გქონიათ თქვენ.“ 

თამაზ სალუქვაძემ გვითხრა ისიც, რომ პერიოდულად მისი სამსახურის მანქანები „სანდასუფთავების“ სამსახურს ეხმარებიან:

„როცა არ ჰყოფნით მანქანები გადარეცხვის სამუშაოებისთვის. ღამით მუშაობენ ძირითადად, დილამდე და შემდეგ ბრუნდებიან. ჩვენი მანქანებით ძირითადად ყვავილები და ხე-მცენარეები ირწყვება. დღეს სანდასუფთავებას მანქანები არ წაუყვანია. დამიზუსტეთ მისამართი, გავარკვევ ყველაფერს და დაგიკავშირდებით“.

მოგვიანებით თამაზ სალუქვაძემ გვითხრა, რომ ყველაფერი გაარკვია და მისი ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე გუშინ, 9 აგვისტოს, ღამით, წყლის მილი გასკდა: „იმ მონაკვეთში, ადგილზე იმუშავა შპს ბათუმის წყალმა, რის გამოც ადგილზე ეზო და კედელი დაისვარა. ამიტომაც მორეცხეს“.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დებულების მიხედვით, სამსახურს სამეწარმეო საქმიანობის უფლება აქვს, თუმცა ამავე დებულებით განსაზღვრულია, რომ ეს საქმიანობა მცენარეების მოვლა-პატრონობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ქუჩების მორეცხვა, მით უმეტეს, კერძო პირის სახლის ეზოს და ბეტონის ღობის გარეცხვა, ან მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად სამსახურის ტექნიკით წყლის მიწოდება ამ სამსახურის ფუნქცია არ არის.

„ჩვენმა მანქანამ, რომელიც მიდიოდა წყლის ასაღებად, გადაასხა წყალი. გადარეცხა ქუჩა და კედელი. მეტი არაფერი არ ყოფილა. იყო მხოლოდ 15 წუთით შეჩერებული.  მაქ დეპუტატი ცხოვრობს თუ სხვა, არავის მოუკითხია. წყალკანალმა გააჩერა და სთხოვა კოლეგიალურად, რომ გაეკეთებინა ის სამუშაო, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ“, – დააზუსტა თამაზ სალუქვაძემ.

თავად ლევან დოლიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ არ იცის:

„შეიძლება ჩემს ეზოსთან ქუჩას რეცხავდა. ჩემს ეზოში არაფერი არ ესაქმება, მასეთ ფაქტს არ შევსწრებივარ. მე ვარ ვიდეოში? – გამწვანების მანქანას ვამუშავებ და ეზოს ვრეცხავ? – ბეტონის კედლებს შეიძლება მიესხა წყალი. მე რაში მჭირდება გამწვანების სამსახურის მანქანა ეზოს ჩასარეცხად?  – არაფერში არ მჭირდება.

ჩემი ეზო ბათუმის გამწვანების მანქანას ნამდვილად არ გაურეცხია. დილით რომ გამოვედი, შემდეგ სახლში არ მივსულვარ. სასაცილოდ მეჩვენება. შეიძლება გარეთ ქუჩაში იყო, წყალკანალის მანქანაც მუშაობდა სამი დღის წინ. მთელ ქუჩაზე მუშაობს, მილები ჩაყარეს მაჭავარიანის ქუჩაზე. დაერთებებს აკეთებენ. სახლთან გათხარეს, ისე, როგორც დანარჩენ მთელ ქუჩაზე გადათხრილია. დაახლოებით ერთი თვეა მუშაობენ ახალი წყლის დაერთებაზე“.

გამწვანების სამსახურის მანქანა საკრებულოს წევრის სახლთან

ლევან დოლიძე ბათუმის საკრებულოში კახაბრის, სამრეწველო ზონისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარია. ამ უბნის მაჟორიტარად ის „ოცნებამ“ წარადგინა.  საკრებულოში არჩევამდე ლევან დოლიძე ააიპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე კი, 2019-2020 წლებში, 25 წლის ლევან დოლიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო ინფრასტრუქტურის საკითხებში.

ლევან დოლიძე

ლევან დოლიძის მამა ბიზნესმენი ნუკრი დოლიძე ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის ახლა სამშენებლო ბიზნესშია და მისი კომპანიები სახელმწიფო სტრუქტურებისგან მილიონობით ლარის ღირებულების დაკვეთებს ყოველწლიურად იღებენ.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან დოლიძე შპს „გრად მაისონის“ 20 პროცენტის მფლობელია. ეს კომპანია ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, „კალიგრაფ თაუერს“ აშენებს. 2018 წელს მას კიდევ ერთი კომპანია – შპს „ლდ. გროუპიც“ დაუფუძნებია, თუმცა 2019 წლიდან ამ კომპანიის წილებში აღარ ფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: