მთავარი,სიახლეები

„ხელისუფლებამ ქსენოფობიით სპეკულირება დაიწყო“ – შიში სახელმწიფო უსაფრთხოებაზე

05.08.2022 • 1324
„ხელისუფლებამ ქსენოფობიით სპეკულირება დაიწყო“ – შიში სახელმწიფო უსაფრთხოებაზე

საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ბოლო დღეებია აკრიტიკებენ იმ ადამიანებსა და ჯგუფებს, ვისაც აშინებთ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში „უკონტროლო შემოსვლა“. ხელისუფლება ამ შიშს აფასებს როგორც ქსენოფობიას და შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებასაც გეგმავს. ბოლო წლებში ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიის წყარო, განსაკუთრებით აზიური ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, არაერთხელ გამხდარა თავად ხელისუფლება.

რა შეიცვალა ახლა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რუსეთის მოქალაქეების სიძულვილში, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობოებიც დაადანაშაულა. მისი აზრით, „ზოგიერთი NGO ქსენოფობიას ახალისებს“.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მატება არ უკავშირდება ოკუპაციის საფრთხეს და აქ რუსეთის მოქალაქეები „სტაბილურობისა და დემოკრატიის გამო მოდიან“.

4 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა ამ თემაზე განცხადება და თქვა, რომ დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილება, რაც „ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული“.

დღეს, 5 აგვისტოს, ის კიდევ გამოეხმაურა რუსეთის მოქალაქეების თემას და თქვა, რომ „საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია“. მან საქართველოს მოქალაქეების შიშს უსაფრთხოებაზე ისევ შოვინისტური კამპანია უწოდა.

„ბათუმელებმა“ გადახედა რა წერია საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში საქართველოში „ქსენოფობიისა და რასიზმის შესახებ“. აღმოჩნდა, რომ წინა წლებში ანგარიშებში ხშირად ახსენებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც ქსენოფობიის წყაროს.

მაგალითად, ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ 2016 წლის ანგარიშში მოხვდა ახლანდელი კულტურის და მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომელიც ქსენოფობიად შეფასდა.

წულუკიანმა ქსენოფობიური კონოტაციით ისაუბრა ირანის, ერაყის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. მაშინ წულუკიანი ამბობდა, რომ „ტურიზმის სააგენტო ვერ იქნება ბედნიერი ამ მასშტაბის (საიმიგრაციო) რეფორმის გამო“, რადგან ჩვენ 2014 წელს 42 000-ით შევამცირეთ ტურისტების ნაკადი. საუბარი იყო ჩინელების, ერაყელების, ირანელებისა და ეგვიპტელების საქართველოში შემოსვლაზე.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მაშინ გამოეხმაურა კიდეც წულუკიანის ამ განცხადებას და დისკრიმინაციული უწოდა, რადგან წულუკიანმა თქვა: „ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია”.

უფრო ადრე, 2014 წელს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თამაზ ავდალიანმა, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც იყო, თქვა: „ამ კანონპროექტის [მოქალაქეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები] არსი და მიზანია, რომ საქართველოში დაბადებულმა ადამიანებმა, მათმა შთამომავლებმა მიიღონ მოქალაქეობა გართულებებისა და პრობლემების გარეშე. ხოლო დანარჩენები, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ შეხება საქართველოსთან, მაგალითად, ვინც აფრიკიდან ჩამოვიდა, მათ უკვე სულ სხვა კრიტერიუმები ექნებათ… იმის ფონზე, რომ ჩვენ ვვითარდებით, ზედმეტი მუქთახორები ნამდვილად არ გვჭირდება“.

2012 წლის ოქტომბერში ასევე საჯაროდ გავრცელდა ვიდეო, სადაც „ქართული ოცნების“ წევრმა დავით დარახველიძემ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად დანიშნეს თქვა, რომ „ყველა ზანგი, რომელსაც თბილისში შეხვდებით, მოქალაქეა. ასე არიან ინდოელები და ჩინელებიც“.

საზოგადოების მხრიდან პროტესტის მიუხედავად, ეს ადამიანი მაინც დანიშნა „ოცნებამ“ მინისტრად.

მაგალითად, 2018 წელს ქვეყანაში შემოშვებაზე უარი უთხრეს რეპატრირებული მესხების შვილს, 28 წლის ხალილ სარვაროვს, რომელსაც საქართველოში სტუდენტის სტატუსი აქვს.

ხალილი სახლში, ბაქოში, აზერბაიჯანში დაბრუნდა. შემოდგომაზე, 7 ოქტომბერს, სწავლის დასრულების მიზნით თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც ქართულმა მხარემ უარი უთხრა საზღვრის კვეთაზე. ამბობს, რომ ადგილზე მიზეზი არ დაუსახელებიათ – უბრალოდ უთხრეს, რომ მის „შეშვებაზე უარი იყო“. ხალილს ორჯერ, დაუსაბუთებელი მიზეზით, უთხრეს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე.

2017 წლის (MDF/USAID/UNAG) ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოში სიძულვილის ენასა და ქსენოფობიასაც შეეხებოდა,  დისკრიმინაციული შინაარსის 1926 კომენტარი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე დიდი წილი – 49,1% ქსენოფობიაზე მოდის.

პარტიების ათეულში, რომლებიც ყველაზე ხშირად აღვივებდნენ სიძულვილის ენას, იყო „ქართული ოცნებაც“. ანგარიშის თანახმად, მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ქსენოფობიის 45 შემთხვევა გამოვლინდა.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯავახელ სომხებს უთხრა, რომ „ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”. რაც ასევე დისკრიმინაციად შეფასდა.

2019 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტჯერ უთხრა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე აზიური ქვეყნების მოქალაქეებს. მაგალითად:

  • ირანის (576)
  • ინდოეთის (366)
  • აზერბაიჯანის (124) მოქალაქეს.

2019 წლის თებერვალში:

  • ირანის (564),
  • ინდოეთის (428),
  • აზერბაიჯანის (141) მოქალაქეს.

2019 წლის მარტში:

  • ირანის (1815),
  • ინდოეთის (404),
  • აზერბაიჯანის (228) მოქალაქეს.

2019 წელს იუსტიციის სამინისტრო დაუსაბუთებელი მოტივით უარს ეუბნებოდა ერაყის მოქალაქეს ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ საინვესტიციო კომპანიაში შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა.

რატომ შიშობენ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების „უკონტროლო შემოსვლით“? – რუსეთის ფედერაციას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დარღვეული აქვს, ქვეყნის 20 პროცენტი კი – ოკუპირებული. საოკუპაციო ზოლიდან პერმანენტულად იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. რუსეთი ყოველგვარი „პროვოკაციის“ გარეშე შეიჭრა უკრაინაში და უკვე დახოცა ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა კი, ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებმა პეტიციაც შეადგინეს, სადაც ხელისუფლებას სთხოვენ, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას.

დღეს, 5 აგვისტოს, 16:00 საათზე, პეტიციას 18 505 ადამიანი აწერდა ხელს.

მოქალაქეები ითხოვენ, რომ სავიზო რეჟიმის შემოღების პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებს არ მიეცეთ საქართველოში 3 თვეზე მეტი დროით ყოფნის უფლება და ისიც მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, რუსეთის მოქალაქეები მიდიან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 247 000 ვიზიტორია შემოსული. ირაკლი კობახიძის თქმით კი, „რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 000-ზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს“.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არეგისტრირებენ კერძო კომპანიებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას, ხსნიან გასართობ და კვების ობიექტებსაც, სადაც მომხმარებლებთან ურთიერთობისას არ იყენებენ საქართველოს სახელმწიფო ენას.

„ქსენოფობია არის დაუშვებელი, რომელი ქვეყნის წარმომადგენლის მისამართითაც არ უნდა იყოს. თუმცა საქართველოს მოქალაქეებში არსებული შიშები საფუძვლიანია, რადგან გვაქვს მიმდინარე ოკუპაცია, მიმდინარე ომი უკრაინაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ შეაფასა როგორც ჩვენი ომი, ასევე, ის საფრთხეები, რომლებიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეეხება. ამიტომ კითხვები და შიშები არის ლეგიტიმური“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაკო ღავთაძე „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

მაკო ღავთაძე

მისი თქმით, დღეს, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე უწევთ ადამიანებს გავლა, რომ ემოციები არასწორად არ მიმართონ: „ხელისუფლებამ ქსენოფობიით სპეკულირება დაიწყო, რადგან მე არ მახსენდება შემთხვევა, ოდესმე სწორი შეფასებები გაეკეთებინა მაშინ, როცა მართლა არსებობდა ქსენოფობიის არაერთი შემთხვევა ქვეყანაში. ეს განცხადება ხელისუფლებამ გააკეთა რუსებისთვის სავიზო რეჟიმის მოთხოვნის საპასუხოდ, ხომ?

ეს მოთხოვნა ვერ შეფასდება ქსენოფობიად ამ კონკრეტულ სიტუაციაში. სხვა დროს, ვთქვათ, მოწმენდილ ცაზე, მშვიდობიან სიტუაციაში რომ ამოერჩია რომელიმე ქვეყანა რაიმე ნიშნით და დაეწესებინა სავიზო რეჟიმი, მაშინ შესაძლოა ასე გვემსჯელა. მაგრამ ახლა უკრაინასთან ერთად ვართ ჩვენც ომში, რადგან ვართ ოკუპაციაში და ახლაა ლაპარაკი იმაზე, რომ სანქციების არიდების ერთ-ერთი გზა რუსების მხრიდან შეიძლება იყოს საქართველო.

სასაზღვრო და საემიგრაციო კონტროლი ქსენოფობიად ვერ შეფასდება, რადგან ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, რასაც მოქალაქეები კი არა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკონტროლებდეს.

მე უფრო დიდ საფრთხეებსაც ვხედავ, რადგან ხელისუფლება ღიად უპირისპირდება დასავლეთს, სტრატეგიულ პარტნიორებს – აშშ-ს და ევროკავშირს. მთელი პოლიტიკა ამაზეა აგებული, ამიტომ არ ვიცი, რამდენად საკმარისი იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო კონტროლის დაწესება“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მისი თქმით, მოქალაქეების კითხვებიც და შიშიც ლეგიტიმურია, რადგან ჩვენი სახელმწიფო წლებია ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობს: „შესაძლოა, ხელისუფლებას უფრო აწყობდეს, რომ ჩვენი, მოქალაქეების ემოციები ამაზე იხარჯებოდეს და ნაკლებად იმაზე, ვთქვათ, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გვაქვს ევროკომისიისგან დაწესებული, როგორ სრულდება. ფაქტობრივად, დღეები გვაქვს დაწესებული ამ პუნქტების შესრულებისთვის და ჩვენ ყურადღება და ემოცია კი სავიზო რეჟიმზე გადაგვატანინეს. რეალურად, ჩვენი მოთხოვნების ადრესატი არის ხელისუფლება. რუსს კი არ უნდა ვუთხრათ – რატომ შემოხვედი აქ? ხელისუფლებას უნდა დავუსვათ კითხვა, მაგალითად, შეამოწმა თუ არა, ხომ არ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული რუსეთის მოქალაქეებს?

შესაძლოა ხელისუფლებას აწყობდეს კიდეც, რომ ჩვენ ამ ყოფითი საკითხების ირგვლივ ვტრიალებდეთ“.

მაკო ღავთაძის თქმით, „ოცნების“ ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიები ყოველთვის ქსენოფობიაზე, თურქოფობიაზე იყო აგებული და წესით, კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ქსენოფობია.

„აბსურდია, საქართველოს მოქალაქეების რეაქციები ქსენოფობიად შეაფასო, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების და სასაზღვრო რეგულაციების მოთხოვნები, რასაც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ დაცულობის განცდა, ამიტომ სვამენ ამ კითხვებს და ხელისუფლების რეაგირებას ითხოვენ“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: