მთავარი,სიახლეები

რა გაარკვია ქალაქში ნავთობის სუნზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – ვრცელი მიმოწერები 

10.08.2022 • 1173
რა გაარკვია ქალაქში ნავთობის სუნზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – ვრცელი მიმოწერები 

საჯაროდ არაფერია ცნობილი საბოლოოდ რა გაირკვა ნავთობის სუნზე, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ. ვინ რას და რატომ არღვევს? მოჰყვება თუ არა ამას რაიმე სახის რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან?

პერიოდულად ნავთობის სუნი განსაკუთრებით მკვეთრად თამარის დასახლებაში იგრძნობა.

საკითხის გარკვევის მიზნით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გარემოს დაცვის სამმართველოს ოფიციალურად, სადეპუტატო კითხვის ფარგლებში მიმართა და პასუხიც მიიღო, თუმცა ამ პასუხით მაინც არაფერი გაირკვა.

აი, რა კითხვებით მიმართა გარემოს სამმართველოს დეპუტატმა გია აბულაძემ:

  • რით არის გამოწვეული ნავთობის სუნი?

                    სამმართველოს უფროსის პასუხი პირველ წერილზე

  • რამდენი განცხადება (სიტყვიერი, წერილობითი) შემოვიდა ზემოაღნიშნულ პრობლემასთან
    დაკავშირებით 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე თვეების მიხედვით და რა რეაგირება
    მოახდინეთ თითოეულ განცხადებაზე?
  • შეისწავლეთ თუ არა ადამიანის ჯანმრთელობის რა რისკებთან არის დაკავშირებული
    შექმნილი მდგომარეობა? ასეთის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ
    შესაბამისი დოკუმენტების ასლები.
  •  მოსახლეობასთან გქონდათ თუ არა შეხვედრა და მიაწოდეთ თუ არა ინფორმაცია გარემოს დაბინძურებასთან და მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით.

ეს კითხვები აჭარის  გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ჯემალ ნაკაშიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრისგან, გია აბულაძისგან 20 ივნისს მიიღო.

სამმართველოს უფროსმა უმაღლეს საბჭოს წევრს მისწერა, რომ ნავთობის სუნის მიზეზის დადგენა მისი კომპეტენცია არ იყო და იქვე დაუმატა, რომ ნავთობის სუნის პრობლემასთან დაკავშირებით სამმართველოში განცხადება არ შესულა.

დეპუტატმა მას კიდევ ერთი წერილით მიმართა. გია აბულაძე დაინტერესდა, მოქმედი პროგრამა [„ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი“] ითვალისწინებს თუ არა ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების მდგომარეობის კვლევას, შეფასებას და რეაგირებას.

2022 წლის 6 ივლისს გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა გია აბულაძისგან კიდევ ერთი წერილი მიიღო. დეპუტატს ამჯერად აინტერესებდა, მიმდინარე წლის განმავლობაში როდის განხორციელდა პროგრამით გათვალისწინებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი და რა დარღვევები გამოვლინდა. დეპუტატმა შესაბამისი დოკუმენტებიც მოითხოვა.

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ, ჩემი სადეპუტატო კითხვის მიღების შემდეგ რა რეაგირება მოახდინეთ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებისათვის?“ – მიმართა გია აბულაძემ სამმართველოს უფროსს.

20 ივლისს სამმართველოს უფროსმა გია აბულაძეს აცნობა, რომ „გარემოსდაცვითი პროგრამის“ ქვეპროგრამით – „ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი“ – გათვალისწინებული იყო ატმოსფერული ჰაერის 132 სინჯის ანალიზის მომსახურების შესყიდვა. თუმცა შესაბამისი კომპანია ვერ შეარჩიეს – ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.

ამის შემდეგ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანეს და გააუქმეს ღონისძიება – „ატმოსფერული ჰაერის სინჯების ანალიზი“.

სამმართველოს უფროსმა დეპუტატი დაამშვიდა, ატმოსფერული ჰაერის სინჯების ანალიზი „სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული და მისი განხორციელება 2023 წელს გაგრძელდებაო.

„რაც შეეხება წინა წლებს, ქვეპროგრამის „ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგის“ შედეგად გამოვლენილ „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებს, შედეგები სათანადო რეაგირებისთვის გადაგზავნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში“, – ნათქვამია სამმართველოს უფროსის წერილში.

ჯემალ ნაკაშიძე ასევე წერს, რომ გარემოსდაცვითი ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. თუმცა ეს დოკუმენტები მოთხოვნის მიუხედავად მან დეპუტატს არ გადაუგზავნა.

____
ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: