მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქუჩაში ვინმე აგეკიდათ

09.08.2022 • 1326
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქუჩაში ვინმე აგეკიდათ

ქუჩაში გაცილების ან გაცნობის მიზეზით აკიდება/ადევნება სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ღირსების შელახვის გარდა, განსაკუთრებით ღამის საათებში, საკმაოდ საშიში გამოცდილებაა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროებისა და ადევნების შემთხვევებში მსხვერპლი ძირითადად ქალია, დამნაშავე კი – კაცი. სწორედ ამიტომ  ქალები გვიან ქუჩაში მარტო გადაადგილებას ერიდებიან, გოგონების მშობლები კი ერთგვარ „კომენდანტის საათს“ უწესებენ შვილებს.

შედეგად, ქალებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, ირიყებიან საჯარო სივრცეებიდან და, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების წესზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი კრძალავს სექსუალურ შევიწროებას, მათ შორის, ქუჩაში აკიდებას და ადევნებას, ამ გამოცდილების შესახებ ქალები დღემდე საუბრობენ.

„ადევნება განსაკუთრებით დამაშინებელი დანაშაულია, რადგან გაურკვეველია მოძალადის შემდგომი გეგმა, შევიწროება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზრდება, თუ უბრალოდ გააგრძელებს დევნას.

ადევნების ერთ-ერთმა მსხვერპლმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეგონა აჭარბებდა შეფასებაში, შიშობდა, ცრუ განგაშის ატეხვა არ გამოსვლოდა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც გვაიძულებს ან სურვილს გვიჩენს გავერიდოთ სივრცეს, გავიქცეთ, დავიმალოთ, ჩავიკეტოთ – საკმარისი პირობაა საიმისოდ, რომ მოვითხოვოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

უსაფრთხოდ გადაადგილების უფლება ყველას თანაბრად გვაქვს“, – ჰყვება აქტივისტი მარიამ ქაჯაია, სათემო ორგანიზაცია „იდენტობა იუსის“ ბათუმის ოფისის მენეჯერი.

უცხო პირის მიერ გაცნობის, გაცილების ან სხვაგვარი კომუნიკაციის დამყარების მიზნით ქუჩაში აკიდება/ადევნება სექსუალური შევიწროების ფორმაა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით რეგულირდება.

გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151¹ მუხლი ცალკე განსაზღვრავს ადევნებას, როგორც „პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას,  ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს”.

ამის მაგალითებია შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა, ასეთივე შინაარსის შემცველი ან საერთოდაც უხმო სატელეფონო ზარები; ხეტიალობს ან გელოდებათ სახლთან, სამუშაო ადგილთან ან სკოლასთან საპატიო მიზეზის გარეშე, ან დაგყვებათ მიზანმიმართულად.

„მობილურით გადაუღე მოძალადეს“, „ხალხმრავალი ადგილისკენ ან მაღაზიების კამერებისკენ წადი“, „სხვა გამვლელს გამოელაპარაკე და ერთად გააგრძელეთ გზა“, ასეთ რჩევებს ფეისბუქჯგუფებსა და ფორუმებზე შეხვდებით. თუმცა სოციალური სამართლიანობის ცენტრის უმცროსი იურისტი, ნესტან ანანიძე განმარტავს, რომ პირველი ქმედება უცხო თუ ნაცნობი პირის მიერ აკიდება – ადევნების დროს არის პოლიციაში დარეკვა.

„ადევნების საფრთხე, როგორც წესი, მსხვერპლს ნაცნობი ადამიანებისგან აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული სრულიად უცნობი ადამიანიც აგეკიდოთ ქუჩაში.

ამ დროს აუცილებელია დავრეკოთ პოლიციაში, 112-ზე.

თუ ეს იყო ერთჯერადი ხასიათის, ამაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება. როგორც წესი, პოლიცია აფრთხილებს, რომ შეწყვიტოს აღნიშნული ქცევა. გაფრთხილების მიუხედავად პირი თუ კვლავ აგრძელებს დევნას ავტომანქანით, კომუნიკაციის გამოყენებით ან მის გარეშე, არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლოა გამოიცეს დამცავი ორდერი, დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება. ასევე გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები“, – განმარტავს იურისტი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს ჩატარებულმა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ყოველ მე-5 ქალს (20%) განუცდია სექსუალური შევიწროება ერთხელ მაინც ცხოვრების განმავლობაში. სექსუალური შევიწროება 2019 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის ჩადენაც სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ მცირედი ზრდის მიუხედავად, კვლავ მწირია სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველისა და სასამართლოსთვის მიმართვიანობა. „ამდენად, დღესდღეობით, საქართველოში, სექსუალური შევიწროების რეალური მასშტაბი უცნობია“.

ღამით ქალებისთვის საფრთხისშემცველი გარემოს გასაპროტესტებლად 2016-2017 წლებში ქართველი ფემინისტები შეუერთდნენ საერთაშორისო მოძრაობას „არ დავთმოთ ღამე“ [Reclaim the Night – დავიბრუნოთ ღამე], რომელიც მოიცავდა ქალების ღამის მსვლელობებსა და ონლაინ კამპანიას. ეს გამოსვლები 1970-იანი წლებიდან დღემდე 30-ზე მეტ ქვეყანაში იმართება.

მოძრაობა „დავიბრუნოთ ღამე“ დიდ ბრიტანეთში 40-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. 1977 წელს ქალაქ ლიდსში ქალები გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ პოლიციის განცხადება, რომელიც სთხოვდა ქალებს, დაბინდების შემდეგ დარჩენილიყვნენ სახლებში [იმ პერიოდში], პიტერ სატკლიფის მიერ 13 ქალის მკვლელობის გამო. „არა ქალებისთვის კომენდანტის საათს – კომენდანტის საათი კაცებისთვის“ – ეწერათ ქალებს პლაკატებზე.

„ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაწყობთ ასეთ მსვლელობებს, მაგრამ არ გავჩერდებით, სანამ ღამით ქუჩებში არ ვივლით გაუპატიურების შიშის გარეშე“, – წერენ ბრიტანელი ფემინისტები მოძრაობის ვებგვერდზე.

„საქმე ის არის, რომ კაცების მხრიდან ქალების მიმართ ძალადობის ბევრი ფორმა დღემდე ნორმალიზებულია ჩვენს საზოგადოებაში. ჩვეულებრივ და ბუნებრივ ამბად აღიქმება ზოგიერთი ძალადობრივი, შემავიწროებელი და ქალისთვის დამთრგუნველი ქცევის ჩადენა კაცის მხრიდან, მიუხედავად მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელთა მიზანი ძალადობის ამ ფორმების დასჯა და აღკვეთაა“, – ამბობს მარიამ ქაჯაია.

მისივე თქმით, ხშირად ქალებიც არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა სახის რეაგირებაა შესაძლებელი ამა თუ იმ სახის ძალადობის შემთხვევაში, როგორ იცავს კანონი მსხვერპლს და რა ღონისძიებას გაატარებს მოძალადის მიმართ.

„პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიც დგას ზოგიერთ შემთხვევაში. პოლიციის ჰიპერმასკულინურობა, ის, რომ ძირითადად კაცებითაა მისი რიგები დაკომპლექტებული, რომელთა მიმართ მოლოდინი გაქვს, რომ შენს შიშებს, საფრთხეებს ვერ გაიზიარებენ, დამატებითი ფაქტორი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ არ მიმართო პოლიციას, არ დააფიქსირო ფაქტი“, – ამბობს ის.

სექსუალური შევიწროება 2019 – 2022 [Iკვარტალი] | შსს

ქალთა მიმართ ძალადობის ბოლო ეროვნული კვლევა საქართველოში მოწმობს, რომ 15-64 წლის ქალთა 4 პროცენტს გამოუცდია სიცოცხლის მანძილზე ადევნების ერთი ფორმა მაინც. „რესპონდენტების თანახმად, ადევნების ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებები ან ელექტრონული ფოსტა (2%), გაყოლა (1%) და შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები (1%)“.

კანონმდებლობით, სექსუალური შევიწროება და ადევნება გენდერულად ნეიტრალური დანაშაულია, თუმცა სტატისტიკა მოწმობს, რომ გადაკიდება თუ ქუჩაში ადევნება ძირითადად ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულია, სადაც დამნაშავე უმრავლეს შემთხვევაში კაცია.

მაგალითად, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში შს სამინსიტროს მიერ დაფიქსირებული სექსუალური შევიწროების 753 შემთხვევიდან 730 შემთხვევაში დამნაშავე იყო კაცი.

ქუჩაში აკიდებისას მსხვერპლის ყველაზე გავრცელებული რეაქცია ამ მუქარისშემცველი საქციელის არ შემჩნევაა იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან მოძალადე/საეჭვო პირი ჩამოშორდება.

რთულია, ყოველთვის მზად იყო მიმართო სამართალდამცავებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსხვერპლი თავად ხარ. თუმცა დაიგნორებამ და დათმენამ შესაძლოა დაუსჯელობის განცდა გაუჩინოს ამდევნებელს – შეიძლება მან სხვა ქალის ან გოგოს მიმართაც გაიმეოროს მსგავსი ქმედება ამ ან სრულიად სხვაგვარ გარემოში; შეიძლება სხვა შემთხვევაში შევიწროების სიმძიმე გაზარდოს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს გარემო და რამდენად ექნება მსხვერპლს თავის დაღწევის შესაძლებლობა. ამიტომ რეაგირება აქტივიზმის ტოლფასია. ჩვენ შეიძლება სხვა ქალი და გოგონა ვიხსნათ შევიწროების ტრავმისგან“, – ამბობს მარიამ ქაჯაია.

ამავე თემაზე:

ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: