კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

18.11.2016 • 3069
ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

ეკა: „ღამე სიარულის დროს „სმენას ვაძლიერებ“, რომ ვაკონტროლო ვინ შეიძლება მომიახლოვდეს და საიდან. როცა ხდება ისე, რომ საეჭვო სიტუაციაა, ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს არ მეშინია. ერთი-ორჯერ მე თვითონ შევედი კომუნიკაციაში და ვკითხე, რამე ხომ არ უნდოდა და ამით, როგორც ჩანს, დაფრთხნენ და თავი დამანებეს.“

ლიკა: „საეჭვო ადგილებში ყურსასმენებით აღარ დავდივარ – ასე ვეღარ ვაკონტროლებ, უკნიდან ვინმე ხომ არ მიახლოვდება“.

მაია:ქუჩის იმ მხარეს დავდივარ, რომელიც მანქანების მოძრაობის საპირისპიროა – თუ რამე მოხდება, მეტი შანსია, რომ მომავალი მანქანებიდან დაგინახავენ.“

ღამით ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილების ასეთ სტრატეგიებს ქალები „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ ფეისბუქგვერდზე უზიარებენ ერთმანეთს. 25 ნოემბერს ქალები სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობას თბილისში, ღამის მსვლელობით გააპროტესტებენ. მსვლელობა სახელწოდებით – „არ დავთმოთ ღამე“ სექსუალური და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელსაც საქართველოში კიდევ ერთი მიზანი ექნება – უსაფრთხო საჯარო სივრცესთან ერთად, ქალები სექსუალური შევიწროების დასასჯელად საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითხოვენ.

მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა საქართველოში მეტ-ნაკლებად აღიარებული პრობლემაა, საჯარო სივრცეებში სექსუალური შევიწროება ჯერ კიდევ უხილავ და დაურეგულირებელ პრობლემად რჩება. საქართველოში არსებული არც ერთი ნორმატიული აქტი არ შეიცავს სექსუალური შევიწროების ცნებას და, შესაბამისად, არც მის ფორმებს – შევიწროებას ქუჩასა და სხვა საჯარო სივრცეში.

„ჩვენთან გაცილებით უფრო რთულადაა საქმე, რადგან სექსუალურ შევიწროებას არც ქუჩაში, არც დასაქმების ადგილას, არც საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არც ერთ სხვა სივრცეში კანონი არ არეგულირებს. უფრო მეტიც, სექსუალური შევიწროება, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად, გამორჩენილია კანონში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ანუ ქალები, რომლებიც გახდნენ შევიწროების მსხვერპლი, სამწუხაროდ, ეფექტურ სამართლებრივ დახმარებას ვერ იღებენ“, – ამბობს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” წევრების განმარტებით, სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმა ქალებისა და გოგონებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. „ქალები და გოგონები საჯარო სივრცეებში აწყდებიან სექსუალური შევიწროების, ძალადობის, გაუპატიურებისა და ფემიციდის რისკს. ეს ხდება ქუჩაში, ტრანსპორტში, პარკებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე. გარემო ქალებისა და გოგონების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ხელს უშლის მათ აქტიურ მონაწილეობას საჯარო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ხშირად გამორიცხავს მათ ჩართულობას კულტურულ და რეკრეაციულ ღონისძიებებში“, – წერენ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები.

თუ რა ფორმით ზღუდავს ქალებს საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება, საქართველოში სექსუალური შევიწროების შესახებ, „ქალთა ფონდი საქართველოს“ მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის შედეგებიდანაც ჩანს, სადაც გამოკითხული 130 ახალგაზრდა ქალის 45% ამბობს, რომ თავს არიდებს ქუჩაში ჯგუფურად მოსიარულე კაცებს/ბიჭებს. ასეთ დროს ქუჩიდან გადადის, ან ელოდება მათ ჩავლას, 44% კი ცდილობს „მობირჟავე“ კაცების/ბიჭების წინ არ გაიაროს, 40% ერიდება ღამით მარტო სიარულს ქუჩაში, 24% კი ცდილობს თვალი არ გაუსწოროს მისკენ მომავალ კაცებს/ბიჭებს ქუჩაში.

გარდა რელევანტური რეგულაციების არარსებობისა, შესაბამის უწყებებში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე მიმართვიანობის სიმცირის მიზეზია ისიც, რომ მსხვერპლი ხშირად ვერ ახერხების ქმედების სექსუალურ შევიწროებად იდენტიფიცირებას. „სექსუალური შევიწროება იმდენად „ნორმალიზებულია“, რომ არ აღიქმება სერიოზულად. ხშირად, ძალიან რთული დასამტკიცებელია იმ ადამიანისთვისაც, რომელიც უშუალოდ განიცდის სექსუალურ შევიწროებას“, – განმარტავენ „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრები.

„ბევრისთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას. ძალიან ცოტა თუ შეძლებს სექსუალური შინაარსის შეთავაზებაზე ან ამგვარ მიძახილზე შევიწროების სტატუსის მინიჭებას. ეს პრობლემა ქალებს აქამდეც გვაწუხებდა, მაგრამ გვეგონა, რომ უნდა მოგვეთმინა, რომ ეს იყო ყურადღების გამოხატვის ფორმა, რომელიც სასურველად მიიჩნეოდა და გვეგონა, რომ ყველა ქვეყანაში ასე იყო. ბევრ კაცს ვერ გაუგია, რატომ არ შეიძლება ადამიანს თავს მოახვიო არასასურველი ყურადღება, დაჟინებით უყურო სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, ან უარეს შემთხვევაში, შეეხო და ა.შ. ეს კულტურალური პრობლემაცაა და საზოგადოებას გვჭირდება იდენტიფიცირება, თუ სად ვიჩაგრებით“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

„ქალთა ფონდი საქართველოს“ კვლევაში წერია, რომ მიშტერება ან თვალის გაყოლება რესპონდენტთა 39%-სთვის ცალსახად სექსუალურ შევიწროებას არ წამოადგენდა. ასევე, გამოკითხულთა 27%-სთვის არ მიიჩნეოდა შევიწროებად ვერბალური კომენტარი ქალის ჩაცმულობა/გარეგნობაზე. სხვა ვითარებაა, როდესაც საუბარია ფიზიკურ შეხებაზე. მაგალითად, სტუდენტი ქალების 87%-ის აზრით, ქალის მკერდსა და გენიტალიებზე შეხება ერთმნიშვნელოვნად არის სექსუალური შევიწროება. რესპონდენტები ქალის სხეულზე მოტმასნების ან გახახუნების შემთხვევასაც ანალოგიურად აფასებდნენ.

„მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს სექსუალური შევიწროების ისეთ ფორმებს, სადაც კაცის მიერ ქალისთვის თავისი გენიტალიების წარმოჩენა ფიგურირებს. გამოკითხულთა 86% კაცის მიერ სასქესო ორგანოს დემონსტრირებას, ხოლო 84% კაცის მიერ თავისი გენიტალიების ქალის დასანახად შეხებას/მოსინჯვას, ცალსახად, ქალის სექსუალურ შევიწროებად აღიქვამს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო „თვალსაჩინო“ და ინტენსიურია მინიშნება სექსუალურ აქტზე, მით უფრო მეტად აღიქმება გამოკითხული სტუდენტებისთვის ესა თუ ის ქცევა სექსუალური შევიწროების ეკვივალენტად“, – წერია კვლევაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ქალებს არ აქვთ გარშემომყოფი ადამიანების მხარდაჭერის იმედი, შემვიწროებლის ქცევის იგნორირება ქალებს შორის თავდაცვის გავრცელებული მეთოდია.

„სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება დღეს არა მხოლოდ კანონის დონეზე, არამედ საზოგადოების ღირებულებების დონეზეც კი დასაშვებია.

ხშირად, როცა ქალი ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, მაგალითად, ტრანსპორტში, ამას ბევრი ადამიანი ხედავს, მაგრამ არ აქვს რეაქცია. მეტიც, შევიწროების მსხვერპლმა შესაძლოა თავი დაიცვას, მაგრამ მას მხარს არ დაუჭერენ სხვა მოქალაქეები. მხოლოდ კანონი და სამართალდამცველი არ არის ის, ვისი იმედიც არ აქვთ, საზოგადოების მხარდაჭერაც არ აქვთ. ალბათ ხშირად შესწრებიხართ, როცა მოქალაქეები, მათ შორის ქალებიც, ეძებენ იმ `გამართლებას~, თუ რატომ შეიძლება ქალი გამხდარიყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი – ყველაზე კლასიკური მაგალითია, როცა ამას ქალის ჩაცმულობას აბრალებენ“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

იგი ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის საკითხზეც. „როგორც წესი, როცა ქალი ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, მას არ უჯერებენ. სასამართლო პროცესებზე მისგან ითხოვენ ისეთ რთულად დასამტკიცებელ მოვლენაზე, როგორიცაა სექსუალური შევიწროება (რომელიც შესაძლოა მიუღებელი სიტყვებითა და შეთავაზებების გაკეთებით გამოიხატებოდეს), ჰქონდეს დაფიქსირებული დოკუმენტები, ფოტოები, ექსპერტის დასკვნები და ა.შ.“ – განმარტავს არგანაშვილი.

სექსუალური შევიწროების შესახებ შრომის კოდექსში ცვლილებები, რომელიც ასეთ ქმედებებზე გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებდა, იუსტიციის სამინისტრომ არ წარადგინა. პარლამენტმა კი რამდენიმე თვის წინ უარი თქვა სექსუალური შევიწროვების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევაზე. „ეს პოლიტიკური გუნდი ნამდვილად არ იყო სენსიტიური გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ფაქტობრივად, იმავე რეალობაში ვართ და თუ საზოგადოებას არ გვექნება უფრო სერიოზული მოთხოვნები, სამწუხაროდ, პესიმისტურად ვარ განწყობილი. საჭირო იქნება „საკითხის გაცხელება“ და პრობლემის გამოკვლევა,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრების განმარტებით, მსვლელობა – „დავიბრუნოთ ღამე“ – საქართველოში პირველად ტარდება.

„ამჯერად არ დავგეგმეთ რეგიონებში, რადგან პირველია და არ გვქონდა ამბიცია, რომ უფრო მასშტაბური ყოფილიყო. თანახმა ვართ, რომ ეს იყოს პატარა, მკვეთრად ფემინისტური მსვლელობა, რომელშიც ქალები ერთმანეთს გამოუცხადებენ სოლიდარობას, ერთმანეთს უსაფრთხოდ აგრძნობინებენ თავს და ამით გააკეთებენ განაცხადს, რომ ქუჩა ღამით ქალისთვისაცაა“.

მსვლელობაში ჩართვა ყველა ქალაქს შეუძლია, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრების განმარტებით, საამისოდ მხოლოდ ადგილობრივი ინიციატივაა საჭირო. თბილისში მსვლელობა 9 საათზე, მარჯანიშვილის თეატრიდან დაიწყება და დედაენის ბაღში დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: