მთავარი,სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა – ბრიტანეთის დაზვერვა

10.08.2022
რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი რელიზის თანახმად, რუსეთის სარდლობა კვლავაც დილემის წინაშეა, როგორ გადაანაწილოს ოპერატიული პრიორიტეტები – მას, ერთი მხრივ, სჭირდება შეტევის გაძლიერება დონბასში, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინელთა კონტრშეტევების მოგერიება ქვეყნის სამხრეთში.

უწყება ადასტურებს მანამდე რუსულ და უკრაინულ მედიაში გამოჩენილ ინფორმაციას, რომ რუსეთი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეთა ბატალიონებს ქმნის.

„უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, რუსეთმა შექმნა სახმელეთო ძალების ახალი შეანერთი, მე-3 საჯარისო კორპუსი (3 AC), რომელიც მულინოში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქშია ბაზირებული.

მოსკოვი ამ ახალი შენაერთის შევსებას გეგმავს „მოხალისეთა“ ბატალიონებით, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ქმნის და რომლებიც ერთი და იმავე რეგიონებიდან მიღებულ ახალწვეულებს აერთიანებს,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და მიუთითებს, რომ 3 AC-ის ახალწვეულებს უკრაინაში წასვლის სანაცვლოდ სარფიან ფინანსურ ანაზღაურებას სთავაზობენ.

უწყების ცნობით, „მოხალისეთა“ ბატალიონებში საშუალო განათლების მქონე 50 წლამდე ასაკის კაცებს იღებენ.

„რუსეთის საჯარისო შენაერთი, როგორც წესი, 15-20 000 სამხედროსგან შედგება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხალხი უკრაინაში ბრძოლის დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს, რუსეთს თავისი ახალი სამხედრო ნაწილისთვის ამდენი ადამიანის მოზიდვა გაუჭირდება,“ – ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, 3 AC-ის ეფექტიანობა რუსეთის სამხედრო კამპანიისთვის გადამწყვეტი ვერ გახდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინასთან ომისთვის რუსეთის 20 რეგიონში უკვე „მოხალისეთა“ 40 ქვედანაყოფი შექმნეს. მსურველთა მიღება რაზმებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზაფხულიდან დაიწყო.

„მოხალისეებს“ რუსეთის თავდაცვის უწყება უფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც სამსახურის მინიმალურ ვადად რამდენიმე თვეა მითითებული.

დაპირებული ხელფასი ომში მონაწილეობისთვის კონკრეტულ რეგიონზეა დამოკიდებული და 130-დან 300 ათას რუბლამდე მერყეობს ( 2000 – 5 000 დოლარი).

უფრო მეტ ანაზღაურებას ჰპირდებიან კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ახალწვეულებს. გამოცემა Verstka-media-ს ცნობით, რუსეთის 17 რეგიონის კოლონიებიდან „ვაგნერმა“ უკრაინასთან ომში გასაგზავნად სულ მცირე 1 500 პატიმარი გამოიყვანა. გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ პატიმართა პირველი ჯგუფი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, 20 ივლისს გაგზავნეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: