მთავარი,სიახლეები

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით – ზელენსკი

10.08.2022
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით – ზელენსკი

„რუსეთის ომი უკრაინის და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ დაიწყო ყირიმით და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ, 9 აგვისტოს,  საღამოს ტრადიციულ მიმართვაში.

მან აღნიშნა, რომ დღეს შეუძლებელია თქმა, ზუსტად როდის მოხდება ეს, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინა მუდმივად ამატებს აუცილებელ კომპონენტებს „ყირიმის გათავისუფლების ფორმულას“.

მან ხაზი გაუსვა ყირიმის გათავისუფლების საკითხს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით:

„რუსი ოკუპანტების ყირიმში ყოფნა საფრთხეს უქმნის მთელ ევროპასა და გლობალურ სტაბილურობას. შავი ზღვის რეგიონი არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია.

რუსებმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, აქციეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად. რუსეთმა ყირიმში მოიტანა მასშტაბური რეპრესიები და ეკოლოგიური პრობლემები,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ეს განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე მომხდარი ძლიერი აფეთქებიდან რამდენიმე საათში. სწორედ აქ მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, საიდანაც მიფრინავდნენ რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები უკრაინის სამხრეთისკენ.

გუშინ უკრაინული მედია ინტენსიურად ავრცელებდა რუკებს, რაც ასახავდა უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მანძილს ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომამდე. თუ დადასტურდება, რომ აეროდრომი უკრაინამ ააფეთქა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას უკვე მიღებული აქვს ჰაიმარსის რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრზე მიფრინავენ.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფეთქება უკრაინული მხარის თავდასხმის შედეგად არ მომხდარა და მან აფეთქების მიზეზად იარაღის საცავში „დეტონაცია“ დაასახელა. თავის მხრივ, აფეთქებასთან კავშირს არ ადასტურებენ უკრაინის ოფიციალური პირები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: