მთავარი,სიახლეები

საჯარო უწყებებმა ქვეკონტრაქტორების აყვანის მანკიერი პრაქტიკა არ შეცვალეს – TI

11.08.2022 • 791
საჯარო უწყებებმა ქვეკონტრაქტორების აყვანის მანკიერი პრაქტიკა არ შეცვალეს – TI

„სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქვეკონტრაქტორი კომპანიების აყვანის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს პრაქტიკა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დამატებით კორუფციულ რისკებს და საჯარო ფინანსების მანკიერი მართვის პრაქტიკას აძლიერებს.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში და პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა ქვეკონტრაქტის გაფორმების წესი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა შემოღებულიყო.

„ამ წესის თანახმად, სახელმწიფო, მუნიციპალური და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები ძირითადი მიმწოდებლისგან ინფორმირებული უნდა ყოფილიყვნენ, სამუშაოების რა მოცულობას შეასრულებდნენ ქვეკონტრაქტორები, რამდენად სტაბილური იყვნენ ფინანსურად, ასეთის არქონის შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ძირითადი მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორი კომპანიის ჩანაცვლებას“, – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის განმარტებით, შეისწავლეს აჭარაში მოქმედი 14 საბიუჯეტო დაწესებულების 2020-2021 წლების იმ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები, რომელთა შესყიდვის ღირებულება 100 000-ზე მეტი ლარი იყო. მათი განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლინდა არაერთგვაროვანი მიდგომები.

„დადებითად უნდა შეფასდეს, რომ თითქმის ყველა უწყება ტენდერით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებლისგან ითხოვს ქვეკონტრაქტორის აყვანის შეთანხმებას.

ერთადერთი საჯარო უწყება, რომელიც არ ითხოვს მიმწოდებლისგან ქვეკონტრაქტორთან გაფორმებულ შეთანხმებას, ბათუმის მუნიციპალიტეტის  „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოა“. იგი მხოლოდ ცნობის სახით ითხოვს ინფორმაციას ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მიმწოდებელი კომპანია დააჯარიმა ქვეკონტრაქტორის აყვანის შეუთანხმებლობის გამო. აუდიტის სამსახურმა კი ორი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ისე გაუფორმეს ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორებს, რომ ამის შესახებ სამინისტროს ინფორმაციაც კი არ მიაწოდეს:

ერთ შემთხვევაში მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „მარდმა“, რომელმაც ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია „დიდა“; მეორე შემთხვევაში კი, ქედასა და შუახევში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ალიგატორმა“ ქვეკონტრაქტორად შეარჩია „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯია“.

არც ერთ საჯარო უწყებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მიმწოდებელი კომპანიების მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ აუტვირთავს“, – წერს „გამჭვირვალობა“. მათი განმარტებით, მართალია, ამას კანონმდებლობა არ ითხოვს, თუმცა პროცესის გამჭვირვალობისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მოკვლევის პროცესში, როგორც „გამჭვირვალობა საქართველო“ ამბობს, მხოლოდ სამმა საჯარო უწყებამ – ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და ბათუმის ბულვარმა მიაწოდა ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებს კი მსგავსი ხელშეკრულებები არ გაუგზავნიათ, რადგან უწყებების თქმით, მათ ეს ხელშეკრულებები არ აქვთ.

„საჯარო უწყებებს განსხვავებული პრაქტიკა აქვთ ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზედა ზღვართან დაკავშირებით. მხოლოდ განათლების სამინისტრო ადგენს ქვეკონტრაქტორისთვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ზედა ზღვარს – 30%-ს;

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეკონტრაქტორებისთვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ზედა ზღვრად უმრავლეს შემთხვევაში 40%-ს განსაზღვრავს.

დეპარტამენტის მიერ გამართული 6 ტენდერიდან 5 შემთხვევაში გამარჯვებულმა კომპანიებმა ამ პირობით გაუფორმეს ხელშეკრულებები ქვეკონტრაქტორებს. მხოლოდ  ერთ შემთხვევაში მიაღწია ზედა ზღვარმა 60%-ს“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის განცხადებით, სრულიად უსისტემო მიდგომა აქვს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება მიმწოდებელს ზოგ შემთხვევაში ნებას რთავს აიყვანოს ქვეკონტრაქტორი (სამუშაოების ზედა ზღვრის მითითების გარეშე), ზოგან კი ქვეკონტრაქტორის აყვანას დაუშვებლად მიიჩნევს.

„ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზღვარს საერთოდ არ ადგენს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. ამ სამმართველოს ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა ქვეკონტრაქტორებთან 16 კონტრაქტი გააფორმეს და მათგან 10 შემთხვევაში ქვეკონტრაქტორებს ტენდერის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების 90%-ზე მეტის შესრულება უწევთ.

გამოდის, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მხოლოდ შუამავლები არიან შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის, გამოცდილებას ჰყიდიან და ამ მომსახურებაში ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10-15%-ს იღებენ, სამუშაოებს კი ნაკლებად გამოცდილი კომპანია ასრულებს.

„საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ტენდერები, რომელთა გამარჯვებულმა კომპანიებმა ქვეკონტრაქტორები დაიქირავეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების კონტრაქტორ 9 კომპანიასთან დაკავშირებულმა 16-მა პირმა (მეწილე, დირექტორი) „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 1 090 000 ლარი შესწირეს.

„შემსყიდველი საჯარო ორგანიზაციები დეტალურად არ იკვლევენ, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მონაწილეობენ კომპანიები ტენდერებში.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუპოვერმა“ შემდგომში ქვეკონტრაქტორად აიყვანა ამავე შესყიდვაში მონაწილე კომპანია „გზა“. მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 741 000 ლარზე გაფორმდა, თავის მხრივ, კი „ნიუპოვერმა“ ქვეკონტრაქტი „გზას“ 284 981 ლარზე გაუფორმა.

ქობულეთში გარე განათების სერვისის მისაღებად 2020 წელს გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა – შპს „მეოხმა“ ტენდერში გაიმარჯვა და მეორე კომპანია, შპს „ზომა“ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, შეიქმნა რისკი, რომ  „მეოხი“ და „ზომა“ ტენდერში შეთანხმებულად, მეტი სარგებლის მიღების მიზნით მონაწილეობდნენ.

ქედასა და შუახევში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ალიგატორმა“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას, „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების 95%-მდე შეასრულებინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ამ ტენდერში შესრულებული სამუშაოები მოგვიანებით „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიამ“ გამოცდილებად მიითვალა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივ რეაბილიტაციას და ახალი კორპუსის მშენებლობას ეხებოდა“.

„გამჭვირვალობის“ თქმით, გაუგებარია, სამინისტროები და მუნიციპალიტეტები რატომ არ ითხოვენ ხელშეკრულებებს ქვეკონტრაქტორებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უწყებები მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებაზე აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვებს და, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, მიმწოდებელ კომპანიებს ქვეკონტრაქტორების აყვანის აუცილებლობა ობიექტურად უჩნდებათ.

„განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში არსებული პრაქტიკა, როცა ტენდერში გამარჯვებული და უმეტესად, „ქართული ოცნების“ შემწირველი კომპანიები პრაქტიკულად შუამავლის როლს ასრულებენ შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის.

გაუგებარია, რატომ უნდა ჩაეთვალოს გამოცდილებად და ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებად კომპანიას ის სამუშაო, რომელსაც პრაქტიკულად ქვეკონტრაქტორი ასრულებს, კონტრაქტით განსაზღვრულ ძირითად მიმწოდებელს კი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ამ შუამავლობიდან ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10%-დან 15%-მდე რჩება“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: