მთავარი,სიახლეები

„ხიდი დაგვრჩა ჰაერში“ – ქედაში ამბობენ, რომ ინერტული მასალის ამოღებამ ხიდს საფრთხე შეუქმნა

09.08.2022 • 2905
„ხიდი დაგვრჩა ჰაერში“ – ქედაში ამბობენ, რომ ინერტული მასალის ამოღებამ ხიდს საფრთხე შეუქმნა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში (ბელტური), დუმბაძეების დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი დაახლოებით სამი წლის წინ ააშენეს, რაზეც ბიუჯეტიდან ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თუმცა, როგორც სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები გვეუბნება, ხიდი დაზიანების საფრთხის წინაშეა ინერტული მასალების ამოღების გამო.

„რამდენიმე წელია ხიდის ირგვლივ ინერტული მასალის მოპოვება მიმდინარეობს, თავიდან ხიმინჯები დაფარული იყო წყლით და ინერტული მასალაც ამაგრებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხიდთან ახლოს ინერტული მასალების ამოღება ინტენსიურად დაიწყეს, წყლის დონემ შესამჩნევად იკლო და ხიმინჯები ახლა მიწის ზედაპირზე დგას.

არაერთხელ მივმართე მერიას, ბევრი კამათის და ჩხუბის შემდეგ, ხიდიდან მოშორებით გადაიწიენ [იგულისხმება ინერტული მასალის ამოღება], მაგრამ ამ ყველაფერმა მაინც გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგი.

მერიაში გვეუბნებიან, რომ ინერტული მასალების ამოღების უფლება აქვთ და თუ ხიდს დააზიანებენ, თვითონ გააკეთებენო. რისი უფლება აქვთ, სადამდე აქვთ ეს უფლება, რა სიღრმეებზე აქვთ, 2-3 წელია იღებენ ამ ინერტულ მასალას და ეს ხიდი დაგვრჩა ჰაერში,“- ამბობს სოფლის მცხოვრები მალხაზ დუმბაძე.

აღნიშნული ხიდი რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან. დიდი ხანია აქ ხიდი არ ყოფილა და სოფლის მცხოვრებლებს საცალფეხო ხიდით უწევდათ გადაადგილება.

მალხაზ დუმბაძე ამბობს, რომ თავადაც ხიდების მშენებლობაზე მუშაობს და მისთვის თვალსაჩინოა საფრთხე, რომელიც ხიდს ემუქრება:

სოფელში ამბობენ, რომ ხიდთან ახლოს, მდინარეში, ინერტული მასალების მოპოვების შემდეგ წყალმა 5-6 მეტრით დაიწია და ხიდის ხიმინჯები გამოჩნდა.

„ვიცი, როგორი მდგომარეობა იყო აქ თავიდან და როგორია ახლა. წყლის დონე 5-6 მეტრომდე დაიწია, ხიმინჯები კი ჰაერშია. მოიყვანონ მაშინ ექსპერტი და დადონ დასკვნა, რომ ხიდისთვის უსაფრთხოა ეს მდგომარეობა. მე აქ ვცხოვრობ და გული შემტკივა, ყოველ დღე ამ ხიდზე  დავდივარ. წლებია ხიდი არ გვქონდა და გატანჯული ვიყავით, ახლა ააშენეს ახალი, მაგრამ რად გინდა, ამასაც ანგრევენ. აღარც ბალასტია და აღარც წყალი ხიდის ქვეშ,“ – გვითხრა მან.

„ბათუმელები“ ესაუბრა ქედის მერს როლანდ ბერიძეს. მუნიციპალიტეტის მერს ვკითხეთ, მისი ინფორმაციით, უქმნის თუ არა ხიდის მდგრადობას საფრთხეს ინერტული მასალის ამოღება. მერის თქმით, ხიდს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება.

„არანაირი საძირკველი არ არის გამოღებული, ეგ ხიდი ჩასულია კიდევ 8 მეტრ სიღრმეში, ასე, რომ პრობლემა არ არის,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.

ქედის მერის თქმით, პრობლემებს არც ხიდის მიმდებარედ ინერტული მასალის ამოღება ქმნის.

„ბათუმელები“ დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს მანუჩარ კოჩაძესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ხიდთან „დაზიანება არის“, თუმცა დასძენს, რომ ხიდი უშუალოდ მის ადმინისტრაციულ ერთეულში არ შედის. მან გვირჩია მახუნცეთის თემს დავკავშირებოდით, რადგან ხიდი სწორედ ამ ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის.

„დაზიანება არის, წყალმა დაიწია ქვემოთ, გამოჩნდა ხიმინჯის ძირები, თუმცა ხიმინჯები მიწის ქვემოთ ღრმადაა და წაქცევა გამორიცხულია. მოსახლეობა ღელავს, რადგან დიდი ხანია ამ სოფლებს ხიდი არ ჰქონდა,“ – ამბობს მანუჩარ კოჩაძე.

„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირებოდა მახუნცეთში მერის წარმომადგენელს, თუმცა მან ტექნიკური პრობლემების მიზეზით ტელეფონი რამდენჯერმე გათიშა.

სოფელ ქოსოფლის ხიდი

აღნიშნული ხიდის მშენებლობის საკითხი 2020 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.

აუდიტი წერს, რომ ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდა მდინარე აჭარისწყალზე, ოთხ ბურჯზე, სამმალიანი, 18-მეტრიანი, ჯამში, 60.2 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობას.

„შესყიდვაში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი – შპს „სინათლე -2006“, რომელსაც გამოცდილების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს 5 ხელშეკრულების ფარგლებში 1 289 557 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოს მასალები.

წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდილება, კერძოდ, მას არ აქვს ოთხ ბურჯზე სამმალიანი და ჯამში, 60,2 მეტრი სიგრძის ახალი ხიდის მშენებლობის გამოცდილება, თუმცა სატენდერო კომისიას აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია, აღიარეს გამარჯვებულად და 958,325 ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმებულია ხელშეკრულება,“- წერდა მაშინ აუდიტი.

დასკვნაში ასევე წერია, რომ ხიდის ვიზუალური დათვალიერებით, ხიდის პირველ ბურჯზე, ბეტონის კონსტრუქციულ ნაწილზე შეინიშნება ბზარები.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება – 958 325 ლარი დადასტურებულია ექსპერტის მიერ და წარმოდგენილია ინსპექტირების ანგარიში, სადაც ასახულია, რომ ფარული სამუშაოების აზომვა არ განხორციელებულა.

წარმოდგენილი დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ მთლიან შესრულებულ სამუშაოებში 133 დასახელების, 953,503 ლარის სამუშაოები ფარულია, ანუ ექსპერტის მიერ ფაქტობრივი აზომვა განხორციელდა მხოლოდ სამუშაოების 0,5%-ზე. ამასთანავე, ფარული სამუშაოს აქტებიც არასრულყოფილადაა შედგენილი,“ – წერს აუდიტი.

ამავე წყაროს ცნობით, 61 ფარული სამუშაოს აქტიდან 27 აქტზე არ არის ასახული სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების თარიღი, მით უმეტეს, რომ აქტებში ასახულია დიდი მოცულობის სამუშაოები, როგორებიცაა: გრუნტის ტრანსპორტირება – 3,902 ტ, გრუნტის გატანა ნაყარში – 464,1 ტ, ბეტონის ტრანსპორტირება 20 კმ-დან და სხვა, „ასევე წარმოდგენილია აქტი არმირების მოწყობაზე, თუმცა რა სახის არმირება განხორციელდა, არ დგინდება“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: