უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
ტანკი – 2 180 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 4 665 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 1 290 ერთეული [+11]
MLRS – 311 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 167 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 246 ერთეული [+2]
ვერტმფრენი – 215 ერთეული [+2]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 908 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 233 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 501 ერთეული [+32]
სპეცტექნიკა – 120 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
293 თვითმფრინავი
155 ვერტმფრენი
1 948 უპილოტო საფრენი აპარატი
374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 921 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
835 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 386 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 552 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა უახლესი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქციაა:
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების ნაწილი დახმარების სახით თვეში 300 ლარს იღებს, თუმცა დახმარებას იღებენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში იყვნენ დაბინავებული რამდენიმე თვის განმავლობაში.
300-ლარიანი დახმარების გარეშე დარჩნენ უკრაინიდან ლტოლვილი ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დროებით შეიფარეს ნაცნობ-მეგობრებმა, ახლა კი მათ წასასვლელი არსად არ აქვთ.
მათ შორისაა ოქსანა ვასილენკო, რომელიც მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად მარტში ჩამოვიდა ბათუმში მარიუპოლიდან.
უკრაინიდან ლტოლვილი სხვა ოჯახების მსგავსად მანაც მიაკითხა ბათუმში სოციალური დაცვის სააგენტოს, სადაც ოქსანას უთხრეს, რომ რადგან სასტუმროში არ უცხოვრია, დახმარებას ვერ მიიღებს.
ოქსანა ბათუმში დასაქმდა, ხელფასი 500 ლარი აქვს, რითაც ბინის ქირაც უნდა გადაიხადოს, შვილებიც უნდა ატაროს სკოლაში, საკვებით უზრუნველყოს ოჯახი და ტანსაცმელიც უნდა იყიდოს.
„მარიუპოლიდან გამოვიქეცით იმით, რაც გვეცვა. 4 მარტიდან აქ ვართ, საერთოდ უფულოდ ჩამოვედით, თავიდან ნაცნობმა ქართველებმა შეგვიფარეს და ამიტომ არ მოვითხოვეთ მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში ღამის გასათევი, ნაცნობებმა ბინა დაგვიქირავეს 2 კვირით.
ამ პერიოდში სამსახური ვიპოვე, მაგრამ 500 ლარი ბინას და საკვებს ძლივს ჰყოფნის, ძალიან დიდი იმედი გვქონდა ამ 300-ლარიანი დახმარების.
ბავშვები რამდენიმე დღეში სკოლაში წავლენ. მათთვის ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვყიდულობ. ჩვენც იგივე საბინაო და საყოფაცხოვრებო პრობლემები გვაქვს, რაც იმ უკრაინულ ოჯახებს, დახმარება ვისაც გამოუყვეს.
ახლა ნაქირავები ბინის პატრონი სახლიდან გვიშვებს, გვეუბნება, რომ ასე იაფად ბინის გაქირავება არ უღირს. ახალ ბინას ამ ფასად ვერსად ვპოულობ“ – გვითხრა ოქსანამ.
ოქსანა ვასილენკო
ბინას დასაქირავებლად ვერც ვიქტორია ზაზიულჩიკი პოულობს. თავიდან, როცა ბათუმში ჩამოვიდა ორ შვილთან და დედასთან ერთად, მათ ბათუმში ბინა დროებით დაუთმეს, თუმცა უკრაინაში ომი მეექვსე თვეა გრძელდება და ვიქტორიას ბინის მეპატრონე ბინის დაცლას სთხოვს.
ალიონა ზაზიულჩიკი ორი შვილის დედაა, მისი ერთი შვილი 8 წლისაა, მეორე – 9 თვის. ალიონამ გვითხრა, რომ უმცროსს შვილს, 9 თვის დანიელს რაქიტის დიაგნოზი აქვს და ეპილეფსიის ნიშნები აღმოაჩნდა. ბავშვი მუდმივად საჭიროებს მასაჟებს და ექიმის მეთვალყურეობას. მაგ გვითხრა, რომ რამდენჯერმე დასჭირდა სასწრაფოს გამოძახება, რადგან ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა უსასყიდლოდ დახმარება ვერ გაუწიეს.
ალიონა პენსიონერ დედასთან და შვილებთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. მან გვითხრა, რომ ოჯახის ოთხივე წევრს ერთ საწოლზე სძინავს.
ალიონა მარტოხელა დედაა, დამხმარე არავინ ჰყავს, ცხოვრობს ადგილობრივების შემოწირულებებით.
„საბავშვო ეტლსაც კი ვერ ვატევთ, ისეთი ვიწრო ოთახი გვაქვს. არ ვიცი, ვის უჭირს ჩვენზე ძალიან, რომ ჩვენ არ დავიმსახურეთ ეს 300-ლარიანი დახმარება.
ჩვილით საქართველოდან ვერსად მივდივართ, არ ვიცით სად რა დაგვხვდება, მარიუპოლში ახლა ვერ დავბრუნდებით. კარგი იქნებოდა ჩვენც ჩავერთეთ სახელმწიფოს დახმარების ამ პროგრამაში, პურის ფული ხომ მაინც გვექნებოდა“ – ამბობს ალიონა.
ვიქტორია ზაზიულჩიკი შვილებთან და დედასთან ერთად
ოლენა მეხუთეკლასელ შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ბავშვის დედა სამხედრო პირია და უკრაინაში იბრძვის. ბებია და შვილიშვილი ერთმა სასტუმრომ შეიფარა, თუმცა ოლენა ამბობს, რომ არ იცის, როდის გამოასახლებენ. მას ხშირად აფრთხილებენ, რომ დატოვოს სივრცე და რამე სხვა იპოვოს, თუმცა ქალი დასაქმებას და ბინის დაქირავებას ვერ ახერხებს:
„სოციალურ სააგენტოში მივედით. როგორც ყველა უკრაინელი ლტოლვილი, გაგვაფორმეს, გვითხრეს, რომ შეგვეძლო გაგვეხსნა საბანკო ანგარიში ნებისმიერ ბანკში, მერე გვითხრეს, რომ მხოლოდ ლიბერთი ბანკში გაგვეხსნა.
გაგვიხსნეს ანგარიში, დიდი სიხარულით ველოდი როდის ჩამერიცხებოდა პირველი 300 ლარი. ყოველდღე მივდიოდი ბანკში და ვამოწმებდი, რამე ხომ არ იყო ანგარიშზე. არაფერი გამოჩნდა, არავის არაფერი ჩაურიცხავს. რატომ მომცეს ტყუილი იმედი? რატომ მარეგისტრირებდნენ თუ დახმარება არ მეკუთვნოდა?“ – ამბობს ოლენა.
ოლენა, უკრაინელი ლტოლვილი შვილიშვილთან ერთად
ოლენას მეხუთეკლასელი შვილიშვილი 15 სექტემბერს დაიწყებს სწავლას საქართველოში, ბებიას კი ბავშვისთვის აუცილებელი სასკოლო-საკანცელარიო ნივთების და შემოდგომისთვის შესაფერისი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს.
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით უკრაინელ ლტოლვითა დასახმარებლად საანგარიშო პერიოდში 1 336,5 ათასი ლარია გამოყოფილი.
პროგრამის ფარგლებში უკრაინის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის კოორდინაციით, 25 თებერვლიდან დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში განთავსება და კვებით უზრუნველყოფა. ჯამში საანგარიშო პერიოდში შესაბამისი მომსახურებით ისარგებლა 487 უკრაინის მოქალაქემ.
„ეს რეკლამა არ არის“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის თოქ-შოუს წამყვანი და დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი რეკლამის შესახებ, სადაც ის ერთ-ერთი კომპანიის თმის გადანერგვის მომსახურებას არეკლამებს და ამით კანონს არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“.
საუბარია სარეკლამო ვიდეორგოლზე, რომელიც სოციალურ ქსელში კომპანიამ „DeaMed“-მა 11 აგვისტოს გაავრცელა და რომელშიც აჭარის ტელევიზიის გადაცემის – „თავისუფალი სივრცე“ – წამყვანი მონაწილეობს. ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ვიდეორგოლში თმის გადანერგვის სერვისით კმაყოფილებას გამოხატავს და ამბობს, რომ თავადაც ემზადება შესაბამისი ოპერაციისთვის. „იყო ბევრი ვარიანტი, მაგრამ ავირჩიე DeaMed“, – ამბობს ჟურნალისტი იმ ვიდეოში, რომელიც ჟურნალისტის შეფასებით, რეკლამა არ არის.
ვიდეორგოლი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემის ქუდით იწყება იმის ხაზგასასმელად, რომ ის აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია, ეთერში ხშირად ჩანს, მისი ვიზუალი მნიშვნელოვანია და ამ კომპანიას ენდობა.
სარეკლამო რგოლში მონაწილეობს აჭარის ტელევიზიის გასართობი გადაცემების ხელმძღვანელი აკაკი გოგიჩაიშვილიც. ის, ვიდეორგოლის მიხედვით, კლინიკაში მოულოდნელად აკითხავს ვახო ხუზმიაშვილს. მისი გზავნილი მაყურებლისთვის ესაა – „ტელევარსკვლავი“ სარგებლობს კონკრეტული კომპანიის მომსახურებით, რომლის სერვისსაც აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები არეკლამებენ. „აქ უნდა იყოს სადღაც ჩვენი ტელევარსკვლავი ვახო ხუზმიაშვილი,“ – ამბობს ვიდეოში აკაკი გოგიჩაიშვილი.
საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“, მუხლი 63:
„იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.“
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მუხლი 30-ე: „მაუწყებელი არ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას რომელიმე ორგანიზაციის, მისი პროდუქტის, ქმედებების ან მომსახურების მიმართ. ჟურნალისტს არ აქვს უფლება მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის“.
იმის მიუხედავად, რომ ამ ვიდეოს გავრცელებიდან, ანუ 11 აგვისტოს შემდეგ, ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა, კომუნიკაციების კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ჩვენგან გაიგეს. აჭარის ტელევიზიაში კი წარმოებაც არ დაუწყიათ მინიმუმ იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა გადაცემის წამყვანმა კანონი.
„ეს რეკლამა არ არის… ამ მოტივით თუ ვისაუბრებთ, გამოდის, რომ მთელი პანდემიის განმავლობაში ექიმებს რომ მადლობებს ვუცხადებდით, ესეც ყოფილა რეკლამა, თანამშრომლებს რომ საკუთარ ფეისბუქგვერდებზე უწერიათ, ბინებს ვაქირავებთ და სხვადასხვა ობიექტებს, ესეც რეკლამა გამოდის. „პრივეტთან“ რომ ვსხდებით ყავის დასალევად და ფოტოს ვაქვეყნებთ ფეისბუქში, ესეც რეკლამაა,“ – ასეთია ჟურნალისტის და აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ვახო ხუზმიაშვილის დასაბუთება იმაზე, თუ რატომ არაა მისი აზრით რეკლამა ვიდეო, როცა ის კონკრეტულ კომპანიაში თმის გადანერგვის სერვისს აქებს: „ერთი ადამიანიც არ მინახავს, რომელიც უკმაყოფილო არ არის“, – ამბობს ვიდეორგოლში ვახო ხუზმიაშვილი.
ვახო ხუზმიაშვილის მტკიცებით, ვიდეორგოლისთვის მას ფინანსური სარგებელი არ მიუღია, გაწეულ მომსახურებაში თანხა გადაიხადა, ვიდეორგოლში კი მონაწილეობა იმიტომ მიიღო, რომ კომპანიის „DeaMed“-ის პრესსამსახურმა სთხოვა, ვინც მისი ყოფილი კოლეგაა.
ვახო ხუზმიაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლში მისი მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის, რადგან ეს ვიდეო რეკლამადაც რომ მივიჩნიოთ, ის განთავსდა არა მაუწყებლის ეთერში, არამედ სოციალურ ქსელში. „არ დამირღვევია არანაირი კანონი, დანარჩენი იურისტებს ჰკითხეთ. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, მიჩივლოს შესაბამის სამსახურებში,“ – აღნიშნა ვახო ხუზმიაშვილმა „ბათუმელებთან“.
„დამატებით მოკვლევა არც სჭირდება ამას, ჩანს, რომ წამყვანი მონაწილეობს რეკლამაში და ეს არის დარღვევა. დარღვეულია მაუწყებლობის შესახებ კანონი,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, იურისტი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, არ არის „საპირწონე არგუმენტი“ ის, რომ რეკლამა მაუწყებლის ეთერში კი არ გავიდა, არამედ სოციალურ ქსელში გავრცელდა. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონი არ აკონკრეტებს პლატფორმას – სად გავრცელდება რეკლამა და კანონისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჟურნალისტი და წამყვანი არ მონაწილეობდეს რეკლამაში.
„ნორმა არ გულისხმობს მაინცადამაინც სატელევიზიო ეთერში გასულ რგოლს, ეს კანონშიც არაა დაკონკრეტებული… ჩვენ უნდა ამოვიდეთ ნორმის შინაარსიდან, რომელიც ამბობს, რომ ნდობის ფაქტორი არსებობს ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანის მიმართ და ამიტომ არ უნდა მონაწილეობდეს წამყვანი, ან ჟურნალისტი რეკლამაში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს რეკლამა ფასიანი იქნება, თუ უფასო. ასევე მნიშვნელობა არ აქვს, სად განთავსდება ეს რეკლამა – სატელევიზიო სივრცეში, თუ ონლაინპლატფორმაზე,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.
„მოკვლევა დაწყებული არ არის, წინასწარი შეფასება მოხდება და თუ გამოჩნდება შესაბამისი იურიდიული საფუძველი, დაიწყება წარმოება,“ – გვითხრა ფირუზ ბოლქვაძემ. ის აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია. მან არ დაგვიკონკრეტა, როდის გაიგო აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციამ ამ ფაქტის შესახებ, როცა ვიდეოს გავრცელებიდან ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა.
„კომისია საჩივარს, რომელიც ონლაინ შემთხვევას ეხება, არ განიხილავს,“ – მოგვწერეს კომუნიკაციის კომისიიდან, სადაც ვიკითხეთ, რატომ არ განიხილა კომისიამ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის მონაწილეობა რეკლამაში.
„კომუნიკაციების კომისია ონლაინ სივრცეს არ ამონიტორინგებს, ონლაინ სივრცე საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა, ჩვენს მიერ მოწოდებული კონკრეტული მუხლი – „იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში“ ეხება მხოლოდ სატელევიზიო მაუწყებლობას“, – მოგვწერეს კომუნიკაციების კომისიიდან და უპასუხოდ დატოვეს შემდეგი კითხვა: სად ჩანს კანონში, რომ ის არ ეხება და რეგულირების მიღმა ტოვებს ონლაინსივრცეში გავრცელებულ რეკლამას?
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ამ შემთხვევაში პირდაპირი საკანონმდებლო რეგულირება არ გვაქვს, თუმცა კანონის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერი იქნება, თუკი კომუნიკაციების კომისია ამ შემთხვევაზე აჭარის ტელევიზიის რეაგირებით დაინტერესდება.
„ის უნდა დაინტერესდეს მაუწყებლის რეაგირებით, როდესაც დაირღვა მაუწყებლობის შესახებ კანონი… კომისია ვალდებულია აკონტროლოს მაუწყებელი რამდენად იცავს არსებულ საკანონმდებლო ნორმებს,“ – დასძინა მარიამ გოგოსაშვილმა „ბათუმელებთან“.
____
მთავარი ფოტო: სქრინი სარეკლამო რგოლიდან, რომელში ვახო ხუზმიაშვილი მონაწილეობს. რეკლამაში გამოყენებულია აჭარის ტელევიზიის ლოგო.
„არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო,“ – კატეგორიულია პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის გამოწვევებზე ვესაუბრეთ: რა გვჭირდება თავდაცვისთვის დღეს?
პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა რუსულ აგრესიას მხოლოდ პროფესიული ჯარით ვერ გაუმკლავდება და აუცილებელია საზოგადოების მობილიზება, მათთვის შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა. „ამის ნაცვლად პრორუს მამაოებს უსმენს ხალხიო,“ – დასძენს პოლკოვნიკი და 2008 წლის ომი ახსენდება, ადამიანებს რომ სამშობლოს დაცვა სურდათ, მაგრამ სისტემა მათ ვერაფერს ახვედრებდა.
„ნახეთ, უკრაინაში სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობას ებრძოლა და მოსახლეობამაც იბრძოლა, მომზადებული დახვდნენ მტერს და შედეგიც ვნახეთ,“ – ამბობს პოლკოვნიკი.
რა გეგმით უნდა იმოქმედოს საქართველომ, რომ თავდაცვა შევძლოთ? რა სახის აღჭურვილობა გვჭირდება? – „ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ბატონო ლაშა, პირველ რიგში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ სამხედრო დაპირისპირებაზე რომ გვითხრათ: რასთან გვაქვს საქმე, თქვენი ინფორმაციით?
ჯერ კარგად არ ჩანს, რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თუმცა ფაქტია, რომ აზერბაიჯანი ცდილობს დასუსტებული რუსეთის სიტუაცია გამოიყენოს. ვფიქრობ, თუ ეს მიმართულია იქითკენ, რომ აზერბაიჯანმა დაასრულოს ყარაბაღის დეოკუპაცია და საბოლოო ჯამში შემოიერთოს ეს ტერიტორია, მისასალმებელია, მაგრამ თუ აზერბაიჯანი ცდილობს, რომ სომხეთის გარკვეულ ტერიტორიაზე გადაიტანოს კონფლიქტი, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება და ისედაც კონფლიქტურ რეგიონს კიდევ უფრო მეტად შეიყვანს ჩიხში. ჯერ არ ვიცით ზუსტად, ვინ რა პროვოკაციას აწყობს, ერთმანეთს აბრალებენ…
ჩვენ უნდა მივესალმოთ იმას, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა შესუსტდეს და აზერბაიჯანმა თავისი დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს, მაგრამ არანაირად არ არის მისასალმებელი შურისმაძიებლური პოზიციები სომხეთზე.
სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთმა ომი უკრაინაში რომ წააგოს და დასუსტდეს, ამ შემთხვევაშიც კი, დიდია რისკი „ცხელ გულზე“ საქართველოს მაინც შეუტიოს. თქვენც ხედავთ ამ რისკს?
როცა რუსეთზე ვსაუბრობთ, რისკი მუდმივად არსებობს… აქ ძალთა გადანაწილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. როგორ რას გააკეთებს რუსეთი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ მუდმივად.
რა სჭირდება საქართველოს ეფექტური თავდაცვისთვის? მაგალითად, ამერიკელი პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა „მაქსიმალურად დიდხანს გაუძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე“.
უკვე 8 წელია წამოსული ვარ შეიარაღებული ძალებიდან და ვცდილობ, დისტანცირებულად შევაფასო მოვლენები. ვიდრე მე ვმუშაობდი, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გვქონდა თავდაცვის გეგმა, რაც გულისხმობდა გარკვეული პერიოდით თავდასხმის შეკავებას. მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი გეგმა დღესაც არსებობს, მაგრამ არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, არ არის ცნობილი გეგმის შესახებ.
შეიძლება ეს გეგმა იყოს საიდუმლო დოკუმენტი და ამის შესახებ არ იცოდეს საზოგადოებამ? ეს სწორი მიდგომაა?
გეგმის ნაწილი ყოველთვის არის საიდუმლო, მაგრამ ჩვენთან მუდმივად არასწორად ესმოდათ მსგავსი გეგმის მნიშვნელობა და ძირითადად მას ასაიდუმლოებდნენ ხოლმე მაშინ, როცა გეგმის გარკვეული ნაწილი ნამდვილად უნდა იყოს საჯარო. თუ რუსეთი დაგვესხმება ისევ თავს, ჩვენ მართლაც რეალისტურად უნდა ვიცოდეთ, რამდენი ხანი შეგვიძლია მისი შეჩერება და როგორ. გეგმა თუ გასაიდუმლოებულია, ეს გარკვეულწილად სახელმწიფოს ავტორიტარულ მიდგომას აჩვენებს, პოლიციურ სახელმწიფოს, სადაც არ არის გააზრებული, რისთვის სჭირდებათ შეიარაღებული ძალები.
ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები არასწორადაა მოწყობილი, ჩვენი მოსახლეობა არასდროს არის მზად თავდაცვისთვის. ეს გამოჩნდა 2008 წლის ომშიც, აფხაზეთის ომშიც, როცა მოსახლეობას ჰქონდა მუხტი, დაეცვა სამშობლო, მოდიოდნენ ადამიანები მოხალისეებად, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ აქვს სისტემა, რომელიც მოამზადებს ხალხს ომისთვის, არ არსებობს სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას დაიცვან სამშობლო. ერთია, რომ მინდა სამშობლოს დაცვა და მეორე: რამდენად ვარ მზადყოფნაში?
ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა შეიქმნას ეროვნული სამსახური და ყველამ იცოდეს, რომ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა ნებისმიერი მოქალაქის ვალია. სადავო საკითხია, მაგრამ განსაკუთრებით მამრობით სქესის მოქალაქეებისთვის სამხედრო სამსახური უნდა იყოს სავალდებულო. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სისტემა, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება მოსახლეობის, რეზერვების მომზადება.
რუსეთ-უკრაინის ომმა გაფიქრებინათ ეს, სადაც გამოჩნდა, რომ უკრაინაში მოქალაქეებიც აქტიურად ემზადებოდნენ ომისთვის, ვნახეთ წინააღმდეგობაც…
დიახ, უკრაინა ემზადებოდა ინტენსიურად 2014 წლიდან, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები ჰყავდათ აქტიურად ჩართული ამ პროცესში და იქმნებოდა ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები. უკრაინაში სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობას ებრძოლა და მოსახლეობამაც იბრძოლა, მომზადებული დახვდნენ მტერს და შედეგიც ვნახეთ.
რა ქმნის თავდაცვისთვის ეფექტური მომზადების სირთულეს? – არ არის სათანადოდ შეფასებული რუსეთის აგრესიის საფრთხე ხელისუფლების მხრიდან, თუ პრობლემაა მართვა, ან შესაბამისი კანონმდებლობა?
ჩვენთან კანონს „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ“ უნდა განეცადა ევოლუცია, მაგრამ პირიქით, განიცადა დეგრადაცია. ფაქტობრივად, დღევანდელი კანონი კარგად განათლებულ ახალგაზრდას, ნავარჯიშევს და მომზადებულს, არიდებს სამხედრო სამსახურს. კანონში პირდაპირ იკითხება, რომ განათლებული, რეალიზებული და მდიდრის საქმე არ არის „სამშობლოს დაცვა“. ფული გაქვს, გადაიხდი და გადაავადებ სამხედრო სამსახურს. ვინ დაიცავს სამშობლოს?
საკონტრაქტო სამსახური ყველასთვის არაა. პირველ რიგში, ამისთვის უნდა გქონდეს მოტივაცია, შენი ცხოვრება და კარიერა დაუთმო სამხედრო სამსახურს. მაგალითად, მე, ლაშა ბერიძე, მზად ვარ, ეს საქმე იყოს ჩემი კარიერა, მაგრამ ჩემს შვილს არ სურს იგივე, თუმცა მას სურს სამშობლო დაიცვას. სამშობლოს დაცვა კი, არ არის ის კურსი, რასაც გადიხარ სავალდებულო სამსახურის გავლის დროს. ეს დროის ხარჯვაა მხოლოდ და ვერაფერს სწავლობ, იქ არავითარი განვითარება არაა.
ასეთ ადამიანებს უნდა მისცე საშუალება სახელმწიფომ და სისტემამ, დაიცვას სამშობლო. დღეს ჩვენ თავდაცვის სისტემა არ გაგვაჩნია, რადგან საქართველო უფრო არის პოლიციური სახელმწიფო, ვიდრე დემოკრატიული, სადაც ესმით შეიარაღებული ძალების მნიშვნელობა. არცერთ ხელისუფლებას საქართველოში არ ესმის, როგორ უნდა გამოიყენოს შეიარაღებული ძალები. წინა ხელისუფლების დროს გარკვეულ თანხასაც დებდნენ შეიარაღებულ ძალებში და იყო ძალისხმევა აქეთკენ მიმართული, დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლებად სჭირდება თავდაცვითი ძალები, თუმცა საფუძვლიანად არასდროს მომხდარა საქართველოში თავდაცვის რეფორმის ბოლომდე მიყვანა. ეს პროცესი ბოლომდე არასდროს მიდიოდა და არ იყო სტაბილური.
თქვენი აზრით, როგორ უნდა მოეწყოს საქართველოში თავდაცვის სისტემა დღეს?
შესაძლოა, იმ მოდელის გამოყენება, რაც აქვს პატარა ქვეყნებს, მაგალითად, ფინეთს აქვს ეს სისტემა და მას ძალიან აქტიურად იყენებს, ასევე აქვს თავდაცვის გეგმა ესტონეთს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს. ამ ქვეყნებში 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს ინტენსიურად ამზადებენ სამშობლოს დასაცავად, ეს კურსები არის 6 თვიდან ერთ წლამდე და შემდეგ ყოველწლიურად ორკვირიანი ინტენსიური კურსებია, რომ მუდმივად იყოს მოსახლეობა მობილიზებული. ასე ყალიბდება ტერიტორიული ქვედანაყოფები, რეზერვები და ამზადებენ რეზერვის ლიდერების.
რაც მთავარია – ეს არის ნაბიჯი სოციალური თანასწორობისთვის, ანუ ყველა ჩართულია ამ პროცესში, მაგალითად, ვინც სტუდენტია, მას კრედიტებში ეთვლება ეს აქტივობა.
საქართველოს ვერ უშველის მხოლოდ პროფესიონალი ჯარი, რადგან ვერ შევინახავთ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. გრძელვადიანი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული სამსახური, სადაც, პირველ რიგში, ახალგაზრდები მოემზადებიან ბრძოლისთვის თავიანთ ქვედანაყოფებში და იქნებიან მუდმივად გაწვრთნილები.
სამხედრო ექსპერტების აზრით, მინიმუმ რამდენიმე დღე უნდა მოახერხოს მტრის შეჩერება საქართველომ საომარ სიტუაციაში, რომ პარტნიორების მობილიზება მოხერხდეს. რამდენად გაიზარდა ამის შესაძლებლობები ბოლო წლებში, თქვენი დაკვირვებით?
საქართველოს უნდა ჰქონდეს ზღუდებრივი თავდაცვა, რაც გულისხმობს შემდეგს: პირველი ეს არის შეკავება – ჩვენ ყველაფერი უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ მტრის შეკავება მოვახერხოთ. შეკავება ნიშნავს იმას, რომ მომზადებული გყავს თავდაცვის ძალები და მოწინააღმდეგემ ამის შესახებ წინასწარ იცის, რა დაუჯდება თავდასხმა.
მეორე გეგმა, მაგალითად, როგორ ვიყენებთ ჩვენს გეოგრაფიულ შესაძლებლობებს და შეზღუდულ რესურსებს. აუცილებელია, მოსახლეობამ იცოდეს, რამდენი იქნება შესაძლებელია ქალაქების დაცვა და ასე შემდეგ.
მესამე ზღუდეა წინააღმდეგობა, ე.წ. რეზისტენტები, რადგან ჩვენს ქალაქებს თავდაცვის დიდი სიღრმეები არ აქვს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მტერთან, შესაძლებელია, ჩვენი რომელიმე ქალაქი პირდაპირ ალყაში აღმოჩნდეს. ამიტომაც, აუცილებელია მოსახლეობის ბრძოლა და წინააღმდეგობა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს აუცილებლად ინსტრუქცია, მაგრამ მოსახლეობას ამის შესახებ არავინ ელაპარაკება, ამის ნაცვლად მოსახლეობას მხოლოდ ის შესაძლებლობა აქვს, რომ პრორუს მამაოებს უსმინოს, სრული ქაოსია….
მე ვგულისხმობ ნებისმიერი მოქალაქის აქტივობაზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს. ეს სისტემა მე არ მომიგონია, ფინეთის თავდაცვის გეგმის ღია ნაწილს რომ გადახედოთ, იქაც ნახავთ ამ ჩამონათვალს.
არა მგონია, რომ დღეს ხელისუფლებას რამე მსგავსი გათვლა ჰქონდეს. სანამ პოლიციურ სახელმწიფოში ვიქნებით, თავდაცვის მსგავსი გეგმა არ იქნება. ეს პროცესიც არც დაიწყება ასე.
2018 წელს დაიწყო „თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ და ვიცით, რომ ნატოს წევრობა როცა სურს ქვეყანას, მას უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიის დაცვა. რა როლი აქვს მსგავს პროგრამებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რაც ხორციელდება?
თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიმართულია უფრო იქითკენ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ აქტიური თანამშრომლობა ნატოს ქვედანაყოფებთან ნატოს ოპერაციებში. ეს აუცილებელია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა გაიარონ თანამედროვე ოპერატიული მომზადება, თუმცა გეტყვით, რომ ამ ქვედანაყოფების რაოდენობა არასდროს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ომში რეალურ საფრთხეს თვალი გავუსწოროთ.
საქართველოს სჭირდება რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით მოსახლეობა იყოს მობილიზებული.
ეროვნული სამსახურის ფუნქცია ეს უნდა იყოს, რომ სამხედრო მომზადების გარდა, საზოგადოება შეკრას, ერთიანი მუხტი გააჩინოს. ჩვენთან ბევრი ეთნიკური ჯგუფია, მათი აქტიური ჩართულობა აუცილებელია.
რა სახის აღჭურვილობა სჭირდება საქართველოს ყველაზე მეტად, თავდაცვა რომ შეძლოს?
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის და სარაკეტო თავდაცვის საშუალებები. 2008 წლის ომმაც აჩვენა, რომ რუსულმა დანაყოფებმა სწრაფი უპირატესობა მოახერხეს იმით, რომ ქართული დანაყოფები იყვნენ სრულიად დაუცველები რუსული საჰაერო თავდასხმისგან. უკრაინაში ვხედავთ ასევე, თუ როგორი ეფექტურია ზუსტ არტილერიაში „ჰაიმარსები“.
ჩვენ ისეთი ადგილმდებარეობა გვაქვს, გეოგრაფია, რომ, მაგალითად, თბილისს თუ შემოუტევენ, მცხეთა-თბილისის მონაკვეთის გადაკეტვით ძალიან გაუჭირდება მოწინააღმდეგეს თბილისთან მოახლოებაც კი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, შესაბამისი ჯავშანტექნიკა და საინჟინრო საშუალებები, რომ მოვახერხოთ ბუნებრივი ბარიერების გაძლიერება, ასევე ახალი ბარიერების შექმნა. ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან ომს და, ცხადია, რომ ჩვენი თავდაცვისთვის ძირითადი საფრთხე არის რუსეთი. არავინ იცის, პოსტუკრაინული ომის მდგომარეობა როგორი იქნება, მაგრამ მოვლენები შესაძლოა ყველანაირად განვითარდეს. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
რა შეიძლება დღეს მოითხოვოს საქართველომ, რის შეძენაა აუცილებელი, პირველ რიგში?
ეს სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ, საჯარო თავდაცვის რა სისტემებია საჭირო. ეს ორ და სამ დღეში გასაკეთებელი საქმე არ არის, ამ სისტემების შეძენას და დანერგვას წლები სჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, უნდა დავიწყოთ ეს პროცესი.
რატომ არ ვიწყებთ ამ პროცესს, თქვენი ინფორმაციით?
რაღაც ნაბიჯებს დგამს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ თვითონაც იციან, რომ ეს არაა საკმარისი არანაირად და 10 პროცენტიც კი არაა იმის, რაც სჭირდება ქვეყნის თავდაცვას… თავდაცვის სამინისტროს სჭირდება გაძლიერება, ფუფუნება უნდა მოვიკლოთ და თავდაცვის რეფორმა ჩავატაროთ, პირვე რიგში. განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ ეს გვჭირდება უპირველესად, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, როგორც ქვეყანა.
უკრაინის არმიამ ფაქტობრივად გაათავისუფლა ხარკოვის ოლქი რუსეთის ოკუპაციისგან, რამდენიმე მონაკვეთზე კი რუსეთთან საზღვრამდეც მივიდა. ბოლო დღეებში რუსეთის ძალები უკან იხევდნენ და გზად ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს ტოვებდნენ. კონტრშეტევას რუსეთის არმიამ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმით უპასუხა.
მოსკოვში უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევების კომენტირება არ სურთ, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები კი ხაზს უსვამენ, რომ უკან იხევენ არა რუსი ჯარისკაცები, არამედ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკის ნაწილები, ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძვიან არა ჩვეულებრივი უკრაინელები, არამედ NATO-ს სამხედროები.
უკრაინის არმიის წარმატებაზე და რუსების შურისძიებაზე Настоящее Время-ს ეთერში ანდრეი ზაგოროდნიუკმა ისაუბრა, თავდაცვითი სტრატეგიების ცენტრის დირექტორმა და უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
თქვენ აგვისტოში ამბობდით, რომ ომი ხანგრძლივი და მძიმე იქნებოდა, თუ უკრაინა დასავლელი პარტნიორების დახმარებით ტექნოლოგიურ უპირატესობას არ მოიპოვებდა და გარდატეხას ვერ შეძლებდა. ახლანდელი კონტრშეტევა – ეს ის გარდამტეხი მომენტია თუ ჯერ კიდევ არაა?
არა, ეს ის მომენტი არაა. ეს გარდატეხაა ჩრდილოეთის ოპერატიულ მიმართულებაზე. ეს ერთმნიშვნელოვნად არის ფსიქილოგიური გარდატეხაც და დასტური იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და გენშტაბს რამდენიმე მიმართულებაზე ერთროდროულად ბრძოლა არ შეუძლიათ. ისინი კონცენტრირებულნი არიან სამხრეთში და დანარჩენი ავიწყდებათ. მათ დანამდვილებით არ შეუძლიათ სამ-ოთხ-ხუთ მიმართულებაზე ბრძოლა.
მათი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო გადაწყვეტილება, რომ 24 თებერვალს ომი ათობით მიმართულებაზე შეტევით დაეწყოთ. მათ სამხედრო ორგანიზაციას არ შეუძლია ამ ოდენობის ინფორმაციის გადამუშავება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ის რაც ახალ ხდება – ეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის სიურპრიზია, მათ შორის, ჩვენთვისაც, რადგან არც ჩვენ ველოდით, რომ ადგილზე ასე სწრაფად დაიშლებოდა რუსული არმია.
და რატომ მოხდა ასე?
მათი პირადი შემადგენლობა ძალიან დემოტივირებულია. მათ არ ესმით, რატომ არიან იქ, რას აკეთებენ. მათ იციან, რომ გამოუშვეს „ნაცისტებთან“ საბრძოლველად, თუმცა „ნაცისტები“ ახლოსაც არ უნახავთ, რადგან არ არიან. ისინი შესანიშნავად ხედავენ, რომ ებრძვიან ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება სურთ. მათ არ ესმით ამ სამხედრო კამპანიის პოლიტიკური, სტრატეგიული თუ ოპერატიული მიზნები.
მეორე მხრივ, ესაა ცენტრალიზაცია და „საბჭოურობა“, მართვის საბჭოთა სისტემა, რომელიც ჯარისკაცის სიცოცხლეს არაფრად აგდებს, მათ მხოლოდ საზარბაზნე ხორცად იყენებს.
როდესაც დაინახეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მათი თავდაცვის ხაზი გაარღვიეს, პანიკაში ჩაცვივდნენ. შესანიშნავად იციან, რომ მათზე არავინ იფიქრებს, ამიტომაც დაიწყეს პოზიციების მიტოვება.
რატომ ტოვებენ ამდენ ტექნიკას, ასეთი უკან დახევის შემთხვევაში ეს ნორმალურია?
რა შევადაროთ? ეს უპრეცედენტო ისტორიაა. ასეთი უკან დახევა არ ყოფილა. უკრაინის ყველა სხვა რეგიონში, ამ ომის განმავლობაში, რუსები ძალიან ორგანიზებულად იხევდნენ უკან, ცდილობდნენ ყველაფერი გაეტანათ. აქ ეს უკან დახევა კი არა გაქცევა იყო. ასე ვთქვათ, უკონტროლო უკან დახევა.
უკონტროლო? გულისხმობთ, რომ თუ კიევთან გასცეს ბრძანება და სისტემურად გავიდნენ, აქ უბრალოდ გარბოდნენ?
დიახ. გაიქცნენ და ყველაფერი მიყარეს. მთავარი ამოცანა გადარჩენა იყო. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა მათ პოზიციებზე გამოჩენილიყვნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მათ ან მოკლავდნენ ან ტყვედ აიყვანდნენ.
და როცა ჯარისკაცი ხარ და ტანკი გაქვს, ტანკით რატომ არ უნდა წახვიდე?
ტანკებითაც წავიდნენ. თუ დააკვირდით, უკან დახევა ძირითადად ტექნიკით ხდებოდა. უბრალოდ ზოგს ესმოდა, რომ შეიძლებოდა ვერ მიესწრო, ან ტანკზე ესროლათ მათთვის. ტანკი სამიზნეა. უკრაინას შეიარაღების ძალიან კარგი სისტემები აქვს, იგივე „ჯაველინები“, „ჰაიმარსები“, რომელთა პირისპირაც ტანკის ვერანაირი დინამიკური დაცვა ვერაფერს გააწყობს.
რაც შეეხება საბრძოლო მასალებს. საჭიროა მათი ორგანიზებულად დაწყობა, დატვირთვა, გატანა. ამას დრო სჭირდება, ამას სჭირდება ბრძანება. მთავარი მომენტი კიდევ ასეთია: ბრძანებებია საჭირო. აქ კი ბრძანების გარეშე გარბოდნენ, თავისით გარბოდნენ. არავის უსმენდნენ, უბრალოდ მიდიოდნენ, როგორც ახერხებდნენ ისე.
ზოგიერთ ადგილას უკრაინის არმია რუსეთთან საზღვრამდე გავიდა. რა იქნება შემდეგ?
არაფერი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი ტერიტორია, რომელიც რუსეთს არ დაუტოვებია, ამიტომაც მათ გათავისუფლებაზე ვიზრუნებთ.
საზღვრის გასწვრივ გულისხმობთ?
დიახ. არ არსებობს პოლიტიკური ამოცანა, გავცდეთ საზღვარს. აბსოლუტურად. ასეთი ამოცანა არავის დაუყენებია და მე ეჭვი მეპარება, რომ ამ საკითხს ვინმე წამოჭრის. ჯერ კიდევ ათასობით კვადრატული კილომეტრია, რომლის შენარჩუნებასაც რუსეთი ცდილობს, ამიტომ საქმე ნამდვილად ბევრი გვაქვს.
როგორ ფიქრობთ, ეს ოპერაცია, შეტევა თუ კონტრშეტევა, რა გავლენას მოახდენს დასავლელ პარტნიორებზე? ზუსტად ამ ინტერვიუმდე ვუყურებდი, ბაიდენს ეკითხებოდნენ ჟურნალისტები, გაგრძელდება თუ არა ეს ოპერაცია და მან უბრალოდ ცერა თითი აწია ზემოთ, მოწონების ნიშნად, თუმცა არაფერი უპასუხია. რა რეაქციას ელოდებით დასავლეთისგან?
პირველ რიგში, მისთვის ამის კითხვას აზრი არ ჰქონდა. ჩვენს ოპერაციებს ისინი არ გეგმავენ. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ დასავლეთს ძალიან უყვარს წარმატების ისტორიებში მონაწილეობა. მათ უყვართ გამარჯვებულებთან ყოფნა, ამიტომაც ეს მათთვის ძალიან საინტერესოა.
რაც შეეხება პოლიტიკურ რეაქციას, ბევრი სვამდა შეკითხვას: „შეძლებს კი უკრაინა რუსეთის ჯარების განდევნას?“ და პასუხი ამ დრომდე ასეთი იყო: „შეხედეთ უკრაინის ჩრდილოეთს, შეხედეთ იმ რეგიონებს, საიდანაც ისინი გადიოდნენ“. აქამდე, პრაქტიკა, როგორც წესი, ასეთი იყო – უკრაინა ქმნიდა პირობებს, რომელშიც რუსები თავისით იხევდნენ უკან – ასე იყო ზმეინის კუნძულზე, კიევის გარშემო, ჩერნიგოვის გარშეო, ისევ ხარკოვის გარშემო, ოღონდ ადრე. ახლა კი ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც სამხედრო ენაზე „სრული ნგრევა“ „კრახი“ ეწოდება, როდესაც მთლიანად განეტირალებულია საბრძოლო პოტენციალი. უკან იხევენ, რადგან ესმით, რომ ან ტყვედ ჩავარდებიან, ან დაიხოცებიან. ეს კონტროლის სრული დაკარგვაა.
თქვენი პროგნოზი – როგორ უპასუხებს რუსეთი ამ შეტევას?
რუსეთმა შეიძლება უპასუხოს ამას ისევე, როგორც ახლა პასუხობს – კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაბომბვით. ეცდება, რაიმე ფორმით მაინც აჩვენოს საკუთარ თავსაც და მსოფლიოსაც, რომ რაღაცით პასუხი მაინც შეუძლია. თუმცა ოპერატიული თვალსაზრისით, არ ვფიქრობ, რომ მათ რაიმე შესაძლებლობა აქვთ, ამიტომაც რაიმე ძირეულ ძვრას ომის ფაზაში არ ველოდები. დიდი ალბათობით, თავის ასიმეტრიულ მოქმედებებს გააგრძელებენ, როგორიცაა ინფარსტრუქტურის დაბომბვა, ქალაქები დაბომბვაც, მეტი მათ არაფერი შეუძლიათ.
მთავარ ფოტოზე: ანდრეი ზაგოროდნიუკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი 2019-2020 წლებში.
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, დაფარვის პოლიტიკა უკიდურესად რთულია და არსებობს მაღალი თანაგადახდები.
გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის ფუნქცია სუსტია და პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული.
ჯანმოს ანგარიში წერია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით: 2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა.
იმავეს მოწმობს საერთაშორისო ფონდი „კურაციოსა“ და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის საერთო კვლევითი პროექტის 2022 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო მკვეთრად განსხვავდება ევროპის საშუალო მაჩვენებლებისგან: ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 1.8-ჯერ აღემატება ევროპის საშუალოს; ექთნების რაოდენობა (100,000 მოსახლეზე) 1.3-ჯერ ნაკლებია ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა, რის გამოც საქართველოში, მიუხედავად ასეთი მაღალი მოთხოვნისა, ექთნის სპეციალობა არ არის პრესტიჟული – ძალიან დაბალი ხელფასი და კაბალური სამუშაო პირობებია.
„პირველი პრობლემა არის დაბალი ხელფასი, რომელიც არ იზრდება.
ახლა სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში გაიზრდება ხელფასები, ამაში არ შედის, მაგალითად, საუნივერსიტეტო კლინიკები, ამიტომ აქ საათობრივი ხელფასი არ იზრდება 5 ლარამდე, რაც პრობლემურია თავისთავად.
საქმე ის არის, რომ საქართველოში სახელმწიფო კლინიკები მხოლოდ 3 პროცენტია, დანარჩენი 97% კერძოა. ხელფასები არ გაზრდილა წლებია“, – ამბობს რევაზ კარანაძე.
მისივე თქმით, საექთნო საქმეში ახალი კადრები არ იქმნება, რადგან პროფესია არაპრესტიჟულია და სათანადო ანაზღაურება არ არის.
დავით კაპანაძე
„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ექთნებისთვის არის ანაზღაურება, მაგრამ ანაზღაურების გარდა კლინიკებში არის სხვა უამრავი პრობლემა.
პაციენტების რაოდენობა არ არის განსაზღვრული სწორად და როდესაც ექთანს უწევს 10-12 პაციენტის მოვლა, დამეთანხმებით, ეს ვერ იქნება ხარისხიანი. თანაც, დღეს უკვე აღარ მზადდება ახალი კადრები და კლინიკებში ძირითადად ექთნებად მუშაობენ სტუდენტები, მათ შორის IV კურსამდე სტუდენტები, რაც კანონით დაუშვებელია. კლინიკები არღვევენ კანონს, რადგან ექთნების დანაკლისს ავსებენ სტუდენტებით“, – ამბობს სტუდენტი ექიმი და პირველი საუნივერსიტეტოს კლინიკის ექთანი დავით კაპანაძე.
„პრობლემა ის არის, რომ პროფესიით ექთნები აღარ გვყავს ბევრი. ფაქტობრივად, კლინიკებში ვერ ნახავთ ახალგაზრდა ექთანს, რომელმაც საექთნო დაამთავრა. პროფესიით ექთნები ვინც დღეს მუშაობენ, არიან უკვე ასაკოვანი ადამიანები, ანუ ხდება პროფესიის დაბერება“, – ამბობს დავით კაპანაძე.
საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნებაც. „სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – წერს ჯანმო.
სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71 პროცენტს – ჯანმო.
საქართველოში ექთანი/ექიმის თანაფარდობა ბოლო 5 წლის განმავლობაში არ აღემატება 0.9-ს, მაშინ როდესაც ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2 ექთანი მოდის. „ეს ყოველივე ეჭვქვეშ აყენებს მიწოდებული სამედიცინო სერვისის ხარისხს“, – წერს ფონდი „კურაციო“.
სამედიცინო პერსონალის გეოგრაფიული განაწილება ქვეყანაში არათანაბარია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისშია თავმოყრილი სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი, სამედიცინო კადრების გეოგრაფიულ განაწილებაში კვლავ დიდია სხვაობა თბილისსა და რეგიონებში.
წყარო: curatio
„ხელფასები არ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გაწირეს და პირველი ადამიანები, ვინც მართლა შეეწირნენ პროფესიის მიხედვით პანდემიას, იყვნენ ექთნები, მათ შორის იყო ჩვენი წევრი, შუახევის კლინიკის ექთანი ნადია შარვაშიძე, რომელიც გარდაიცვალა კორონავირუსის გამო“, – ამბობს რევაზ კარანაძე.
რეზო კარანაძე
იგი საქართველოდან ექთნების გადინებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ საგანგაშო ტენდენციის მიზეზიც ღირსეული ხელფასის ძიებაა:
„ეს ადამიანები მიდიან ემიგრაციაში. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქალი ჩვენგან საბერძნეთსა და იტალიაში მიდის ზრუნვის სფეროში. ექთნის პროფესია თუ გაქვს, იქ დასაქმების მეტი შანსია, წასულან ექთნები მუშაობის 30-წლიანი გამოცდილებით“.
რევაზ კარანაძის თქმით, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში მიდიან ახალგაზრდა ექთნებიც, რადგან ექთნის კადრები სხვა ქვეყნებშიც დეფიციტურია.
„წითელ წიგნში რომ არის, ხომ იცით, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, დაახლოებით ისეა ჩვენთან ეს პროფესია. ახალი კადრები არ იქმნება, რადგან ხელფასები არის მიზერული, რამდენიმე სამსახურში უწევთ მუშაობა და თან უცხოეთში გაედინება ეს კადრები“ ,- ამბობს ის.
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ერთ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული გააუპატიურა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა, სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა“ – წერს პროკურატურა.
2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურებას დააფინანსებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება მოიცავს ამ დარღვევების კუპირებასა და მათ მკურნალობას. მინისტრის თქმით, პროგრამის შემუშავება მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.
„ამიტომ კომპონენტის სახით ეს დაემატება მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას” – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.
კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ მომავალი წლიდან შშმ სტატუსის მქონე დედებსა და შშმ ორსულ ქალებს გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ მომავალი წლისთვის სამინისტრო გეგმავს მოზარდებისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას, რომელიც, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე 8-დან 25 წლის ასაკის ადამიანებს მოიცავს, „მათ, ვისაც შშმ სტატუსი არა აქვთ, მაგრამ რომლებიც ასევე საჭიროებენ სერიოზულ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას” – ამბობს ნიჟარაძე.
დღეს, 13 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტების განხილვისას ითქვა, რომ სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას განახორციელებს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით გაგრძელდება მიმდინარე წლის მოქმედი პროგრამები. ამავდროულად დაგეგმილია რიგი ცვლილებები, კერძოდ, ამოქმედდება ახლი პროგრამები.
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:
გეგმის თანახმად, 3 900 000 ლარამდე გაიზრდება „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში პირველად დაფინანსდება:
თვალის ბადურის მძიმე მკურნალობა ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით;
ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება;
ამავე პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციების დაფინანსება. გაიზრდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობა;
იგეგმება იდიოპათიური მაანკილოზირებული სპონდილიტით, ფსორიაზითა და ფსორიაზული ართრიტით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსების პროცენტული წილის გაზრდა;
პირველად ამოქმედება ახალი პროგრამა – ბავშვთა/მოზრდილთა ფსიქოსოციალური აბილიტაცია/რეაბილიტაცია და შშმ სტატუსის მქონე დედათა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება;
მილიონ ლარამდე გაიზრდება ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება;
ცვლილების თანახმად, დაგეგმილია რიგ პროგრამებში ბენეფიციარების და სეანსების რაოდენობის გაზრდა;
ასევე გაიზრდება ზრდასრულთა დამხმარე საშუალების რაოდენობა და თავშესაფრის ბენეფიციართა დაფინანსება;
2023 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორს, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარესთან შედარებით 8,9%-ით, კერძოდ 2 827 205 ლარით გაიზრდება და 31 735 000 ლარი იქნება.
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით:
საუკეთესო პროდუქტი
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში
ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება
ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.
ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში – საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“. UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევითი კომპანია ANOVA.
გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იმუშავებს, დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება.
ხარკოვის ოლქში „არაორგანიზებული უკან დახევის“ დროს, რუსმა სამხედროებმა ტექნიკა და საბრძოლო მასალები მიატოვეს, ათასობით რუსი სამხედრო კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ Die Welt-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აბათილებს რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას, თითქოს ეს იყო „ტაქტიკური უკანდახევა“ და აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზი „უბრალოდ გაირღვა“, სამხედროები გაიქცნენ და ტექნიკა და საბრძოლო მასალები დატოვეს.
როგორც Die Welt მიუთითებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას სამხრეთში ელოდა, ამიტომაც მისი დანაყოფები ხარკოვში უკრაინელთა თავდასხმებისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.
ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების განსაკუთრებულ დიდ რაოდენობაზე, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმაც ისაუბრა.
„დავიწყოთ პრობლემით. უდიდესი პრობლემაა, გრანდიოზული, არ ვიცით სად წავიყვანოთ ამდენი ტყვე“ – განაცხადა არესტოვიჩმა.
ასევე რამდენიმე დღის წინ, ჯერ სოციალური ქსელებით, შემდეგ კი უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქში დატყვევებულ სამხედროებს შორის იყო რუსეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სიჩევოი, დასავლეთის მიმართულების მეთაური.
ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში უკრაინელთა კონტრშეტევა მეორე კვირაა გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, სამხრეთში, უკრაინის დამცველებმა ფრონტის ხაზი 12 კილომეტრით გადაწიეს, ხარკოვის ოლქი კი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს რუსი სამხედროებისგან და ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციის საზღვრამდეც მივიდნენ.
აჭარის მაღალმთიანი სოფლების 20 სკოლას 2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ჰყავს.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 საჯარო სკოლაში პირველკლასელები არ იქნებიან.
ხულოში ესაა გელაურის, კორტოხის, პარტნარის, პაქსაძეების, სკვანის, ტაბახმელის და ფუშრუკაულის საჯარო სკოლები. ამ სკოლებიდან, მაგალითად სკვანის და გელაურის სკოლებს პირველკლასელი არც 2019-2020 სასწავლო წელს ჰყოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებიდან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია.
პირველკლასელების გარეშე დაიწყება ახალი სასწავლო წელი შუახევის 7 სკოლაშიც.
ესაა ჭალის, გომარდულის, ვანის, ზემოხევის, ლომანაურის, კვიახიძეებისა და ტომაშეთის საჯარო სკოლები.
ვანის, გომარდულის და ზემოხევის სკოლებს პირველკლასელი არც 2019-2020 სასწავლო წელს ჰყოლია.
პირველკლასელები არ ჰყავთ ხელვაჩაურის 6 საჯარო სკოლაშიც. ესენია: ძაბლავეთის დაწყებითი საჯარო სკოლა, ზედა ქოქოლეთის დაწყებითი საჯარო სკოლა, სიმონეთის, მაღლაკონის დაწყებითი, ხერთვისის დაწყებითი და ნაკირნათევის დაწყებითი საჯარო სკოლები.
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ქედის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ყველა საჯარო სკოლაში ჰყავთ პირველკლასელი.
„მე შთამაგონებს სიცოცხლის სურვილი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვიცოცხლოთ. ეს არის ჩვენი არგუმენტიც და მოტივაციაც,“ – ამბობს ცნობილი უკრაინელი სამხედრო, ბლოგერი და მწერალი ვალერი მარკუსი. მას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოტივატორი, როდესაც გადაწყვიტა სათავეში ჩასდგომოდა 47-ე მსროლელ ბატალიონს უკრაინაში.
ვალერი მარკუსს „ბათუმელები“ კიევში შეხვდა და ესაუბრა.
47-ე ბატალიონი მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა, უკრაინის მთავრობის პატრონაჟით და მას 30 წლის ვალერი მარკუსი 25 წლის ივან შალამაგასთან ერთად ხელმძღვანელობს.
ვინ არის ვალერი მარკუსი
ვალერი მარკუსი მებრძოლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ის ცნობილი იუთუბერია და ერთი წიგნიც აქვს დაწერილი. ვალერი მარკუსი 2014 წელს 25-ე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და იბრძოდა დონბასში. სწორედ მაშინ გახდა სამხედრო ბლოგერი და იუთუბერი.
2016 წელს ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს და არმიიდან წამოვიდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია 2022 წლის 24 თებერვალს თავს დაესხა უკრაინას და ომი გამოუცხადა, ვალერი მარკუსი ისევ ბრძოლაში ჩაერთო. ის სამხედრო კომისარიატის გვერდის ავლით 30-ე ბრიგადაში ჩაეწერა, სადაც პირველი ორი თვე დაზვერვის ოფიცერი იყო.
მიმდინარე წლის აპრილში ვალერი მარკუსს და 30-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილეს, ივან შალამაგას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესთავაზა შეექმნათ ცალკე, 47-ე ბატალიონი და მისთვის ეხელმძღვანელათ. ამჟამად მარკუსი 47-ე ბატალიონის მთავარი სერჟანტია და ხელმძღვანელობს მის ფორმირებას. მას ახლო კავშირები აქვს უკრაინის მთავრობასთან.
გარდა ამისა, ვალერი მარკუსი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ასე ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააარსა „მარკუსის ფონდი“, რომლის საშუალებითაც 60-დან 70 მილიონ გრივნამდე (დაახლოებით 1.8 მილიონი დოლარი) შეაგროვა. ვალერი მარკუსი ამბობს, რომ თანხა მთლიანად არმიას და მის საჭიროებებს მოხმარდა. იყიდეს ავტომანქანები, ჯარისკაცებისთვის ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ყველაფერი, რაც ჯარს სჭირდებოდა ბრძოლისთვის.
„ფონდის შექმნა არ იყო ჩვენი იდეა, ეს იყო მმართველი ხელმძღვანელების იდეა და უბრალოდ ჩვენ დავთანხმდით წინადადებას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს ხარისხიანად. „მარკუსის ფონდით“ ვქოლავთ იმ ხვრელებს, რომლის დახურვაც სისტემას არ შეუძლია, რომელსაც უკრაინის ეკონომიკა ვერ უმკლავდება. ჩვენი არმია არის 200 ათასი და ძალიან მცირე დროში გაიზარდა მილიონამდე,“ – უთხრა ვალერი მარკუსმა „ბათუმელებს“.
47-ე მსროლელი ბატალიონი
47-ე ბატალიონი მალე პოლკად გადაკეთდება. ეს არის ადგილი, სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ჯერ ფრონტზე წასასვლელად ეწერებიან, განაცხადის შევსების შემდეგ კი გადიან შერჩევის პროცესს. თუკი აარჩევენ, შემდეგ უკვე სპეციალურ მომზადებას გადიან ფრონტზე წასვლამდე.
47-ე მსროლელ ბატალიონში მოსახვედრად, მსურველი რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს. შერჩევის კრიტერიუმებში, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ გამძლეობას, შემდეგ კი პროუკრაინულ პოზიციას და უკრაინული ენის ცოდნას.
კითხვაზე, რა შეცვალა ომმა მისთვის, ვალერი მარკუსი პასუხობს, რომ დიდად არაფერი.
„არმიაში მოვხვდი 2011 წელს. სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა მანამდე დიდი ხნით ადრე. ჩემთვის 2014 წლის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ, ახლა არის ომის აქტიური ფაზა, რომელიც მეცხრე წელია გრძელდება.
შეიძლება შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს სხვანაირად ხედავდნენ, მათში რაღაცები შეიცვალა. მათ უკვე რაღაც ახლის გაგება დაიწყეს. თუმცა ჩემთვის არაფერი შეცვლილა,“ – ამბობს ვალერი მარკუსი.
მისივე თქმით, მას „უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობისგან 100 %-იანი მხარდაჭერა აქვს“.
„თუმცა უმაღლესი სამხედრო პირების გარდა არსებობს დაბალი წოდების სამხედრო პირებიც, რომელთაც სხვადასხვაგვარი გაგება აქვთ. ხანდახან ჩვენს შესახებ საჭირო ინფორმაცია არ მიდის სწრაფად საჭირო ადგილებამდე, თუმცა ჩვენ ეს არანაირად არ გვიშლის ხელს მუშაობაში. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს 100%-იანი მხარდაჭერა უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის, უკრაინის ხელისუფლების,“ – ამბობს ვალერი მარკუსი.
ინტერვიუ ვალერი მარკუსთან მხოლოდ ათ წუთს გაგრძელდა და რამდენიმე კითხვის დასმა შევძელით.
ბოლო კითხვა საქართველოს და მის მხარდაჭერას ეხებოდა.
„ქართველებისადმი გვაქვს დიდი მოკრძალება და პატივისცემა. ჩვენ ვიცით, რა გადაიტანა 2008 წელს საქართველომ. დიახ, ყველა უკრაინელი ხედავს მსგავსებას ჩვენსა და საქართველოს მდგომარეობას შორის. მთელი გულით ვუხდით მადლობას ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ეხმარებიან და მხარს უჭერენ ჩვენს ერს,“ – თქვა ვალერი მარკუსმა.
18 სექტემბერს, კვირას, ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათუმის მე-17 კინოფესტივალს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ აფინანსებს, კინოფესტივალი მაინც გაიმართება რამდენიმე საელჩოს, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით და FUNDRAISINGკამპანიის მეშვეობით.
კინოჩვენებები ტრადიციულად, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ გაიმართება.
წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
უკვე ცნობილია საკონკურსო მხატვრული ფილმები და ჟიურის შემადგენლობაც.
წელს მხატვრული ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ლეხ მაიევსკი (პოლონეთი) იქნება. ჟიურის წევრები არიან: კარმენ გრეი (გერმანია), ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია და გელა ბაბლუანი (საქართველო).
ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული საკონკურსო ფილმების სექციაში ათი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან: შვეიცარიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი.
კინოფესტივალის სპონსორებია: კინოთეატრი APOLLO, ART ITALY GROUP, Mareteli Friends Winery და კომპანია „შინდი“.
საერთო სამუშაო სივრცე ახალ ფილიალს ბათუმში 12 სექტემბერს გაიხსნა. Terminal – ი ძველ ბათუმში, „აჭარაბეთის“ შენობაში განთავსდება, რომელშიც წლების წინ ქალაქის ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა.
როგორც Terminal – ში აცხადებენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბათუმის პირველი ფილიალისთვის ადგილი ძველ ქალაქში მოეძებნათ.
„როცა აჭარა ჯგუფმა „აჭარაბეთის“ შენობა შემოგვთავაზა, ბევრი არ გვიფიქრია. პირველი რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ არქივებში ძებნა, რომ გაგვეგო ამ შენობის ისტორის და ფუნქცია. შენობის სურათებს ბათუმლების საოჯახო ფოტოალბომებში მივაგენით, რაც შეეხება შენობის ისტორიას, საარქივო მონაცემებით გავარკვიეთ, რომ ეს შენობა გვიანი საბჭოეთის პერიოდში აშენდა და იმ დროიდან ბათუმის ბიბლიოთეკის ფუნქცია ქონდა“, – აცხადებს Terminal – ის დირექტორი ჯინო დოლინი.
ბათუმის ბიბლიოთეკა საბჭოთა პერიოდში
მისი თქმით, მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად აღედგინათ შენობის იერსახე. „ბათუმის ფილიალი ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციის მატარებელია, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა ქალაქისთვის დაგვებრუნებინა ისტორიული შენობა და მეორე – ამ ფილიალით გავცდით დედაქალაქის საზღვრებს, – აცხადებს ჯინო დოლინი.
მისი თქმით, ბათუმში საერთო სამუშაო სივრცეზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რადგან სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით ეს ქალაქი სწრაფად ვითარდება, Terminal – ი კი ერთერთი აუცილებელი ხელშემწყობი ფაქტორია სტარტაპების წარმატებული საქმიანობისთვის.
Terminal Batumi – ის ფილიალი
Terminal – ის ინტერიერის დიზაინერის ევგენია გორდინსკაიას თქმით, მისი გუნდის მთავარი ამოცანა იყო მაქსიმალურად აღედგინათ შენობის ძველი იერსახე. „რადგან ეს შენობა თავის დროზე ბათუმის ბიბლიოთეკა იყო, ინტერიერში ძირითადად გავაკეთეთ წიგნის თაროები, ფუნქციურად კი გამოვყავით საკითხავი ზონები“, – აცხადებს ევგენია გორდინსკაია.
Terminal Batumi – ის ფილიალში 124 სამუშაო ადგილი, 5 ინდივიდუალური ოფისი და 4 შეხვდრების ოთახი განთავსდება.
Terminal-ი რეგიონში საერთო სამუშაო სივრცეების ყველაზე მსხვილი ქსელია, თბილისში ექვსი და ბათუმში ერთი ფილიალით. Terminal-ის კომუნაში 4000-მდე წევრი ერთიანდება: მათი უმეტესობა სტარტაპები, ფრილანსერები, საერთაშორისო კომპანიები და ექსპატები არიან.
დონეცკში, მაიორსკთან ბრძოლებში დაიღუპა უკრაინის ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე და უკრაინის დამსახურებული არტისტი, ოლექსანდრ შაპოვალი.
კოლეგის დაღუპვის შესახებ 12 სექტემბერს, სოციალურ ქსელებში, ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებმა დაწერეს.
„გულს არ უნდა დაიჯეროს… დღეს მტერმა ოლექსანდრ შაპოვალის სიცოცხლე მოსპო, უკრაინის დამსახურებული არტისტის, პედაგოგის, გამორჩეული მოცეკვავის… ჩვენი ყველა პარტია სიცოცხლით იყო სავსე… ის სცენით ცხოვრობდა… ახლა მისი ცეკვა მარადისობაში გადასახლდა… მტკივნეულია.. რთულია… მარადიული და ნათელი ხსოვნა საშ… სამუდამოდ დარჩები გულში, სულში, ხსოვნაში,“ – ასე დაემშვიდობა ინსტაგრამზე პარტნიორს ბალერინა, ეკატერინა კუხარი.
მოცეკვავე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იბრძოდა, ის მოხალისედ ომის დასაწყისშივე ჩაეწერა.
ოლექსანდრ შაპოვალი უკრაინის დამსახურებული არტისტი, ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის სოლისტი და კიევის სახელმწიფო ქორეოგრაფიული კოლეჯის პედაგოგი იყო.
უკრაინის კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში კრემლს მილიონობით დოლარი დაუჯდა – 6 სექტემბრის შემდეგ რუსეთის არმიის დანაკარგები Forbes-მა შეაფასა – ჟურნალისტების გათვლებით, რუსეთის ზარალი 670 მილიონ დოლარს აღემატება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6-11 სექტემბრის პერიოდში მოკლულია 2 850 რუსი სამხედრო და განადგურებულია 590 ერთეული ტექნიკა, რომლის ღირებულებაც Forbes-ის შეფასებით $670 მილიონს სცდება. ტექნიკის დიდი ნაწილი ხარკოვის კონტრშეტევისას განადგურდა.
რუსეთის დანაკარგები 86 ტანკი, 158 ჯავშანმანქანა, 106 საარტილერიო სისტემა, 159 ავტომობილი და 46 ერთეული სხვა ტექნიკაა.
ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი – რადიოელექტრონული კომპლექსი „მოსკვა 1-ია“ ($57 მლნ), რომელიც უკრაინის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში გაანადგურეს. ხარკოვის ოლქში რუსებმა დაკარგეს მოიერიშე ბომდამშენი სუ-34 ($36) და რადიოლოკაციური სისტემა „ზოოპარკ 1-M“ ($25 მლნ).
რუსეთის დანაკარგი უკრაინის კონტრშეტევების შედეგად:
მონაცემები დამუშავებულია Forbes-ის მიერ. 6-11 სექტემბერს ამ ოდენობის ტექნიკის გაანადგურების შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს
როგორც Forbes წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რუკის მიხედვით, 6 სექტემბრის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 9 000 კმ2 ტერიტორია დატოვეს, რაც ხარკოვის ოლქის 28 %-ია.
უკრაინის გენშტაბის უახლესი მონაცემი კი 3 000 კმ2-ია, თუმცა მასში არ შედის 11-12 სექტემბერს გათავისუფლებული ტერიტორიები და ის რაიონები, რომლებიც რუსეთის ძალებმა დატოვეს, თუმცა მათი დაკავება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია. უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ გათავისუფლებული ტერიტორიების ნაწილზე ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 სექტემბრის 21 საათიდან 14 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისი ბათუმში მცხოვრები, ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის სასკოლო ნივთებს აგროვებს.
„მათ ძალიან სჭირდებათ ჩანთები, რვეულები, პირველადი სასკოლო ნივთები და იმედი გვაქვს, რომ ბათუმელები უზრუნველყოფთ ამას“, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე.
მისივე თქმით, რადგან სკოლა 15 სექტემბერს იწყება, საკმაოდ ცოტა დრო რჩება უკრაინელი ბავშვების სასკოლო ნივთებით უზრუნველსაყოფად და ვისაც დახმარების სურვილი აქვს, ნივთები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ოფისში უნდა მიიტანოს.
დემოკრატიული ჩართულობის ოფისი ბათუმში მდებარეობს 26 მაისის ქუჩის 34 ნომერში და დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდეა ღია.
დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისმა ომით დაზარალებულ უკრაინის მოქალაქეებთან ივლისში დაიწყო მუშაობა და პირველ ეტაპზე მათ საჭიროებებს იკვლევდა.
„გამოიკითხა რამდენიმე უკრაინელი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. მათ დაასახელეს საჭიროებები, რაც თემში ინტეგრაციისთვის სჭირდებოდათ. ივლისიდან ვთავაზობთ მათ სხვადასხვა კურსებს, მომსახურებას, სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებას. ახლა საჭიროება დადგა, რომ ეს ბავშვები სასკოლო ნივთებით უზრუნველყოთ”, – ამბობს თეონა დიასამიძე.
____________________________
მთავარი ფოტო: უკრაინელი ბავშვები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისში. ფოტო: NCCE/facebook.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირაში ხარკოვის ოლქიდან გაყვანილი ჯარების ნაწილები მიეკუთვნებოდნენ პირველი გვარდიის სატანკო არმიას, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ემორჩილება.
უწყების შეფასებით, პირველი გვარდიის სატანკო არმიამ ჯერ კიდევ ომის საწყის ეტაპზე განიცადა უდიდესი დანაკარგი, რომლის აღდგენაც რუსეთმა ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევამდე ვერ მოასწრო.
„პირველი სატანკო არმია იყო რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული არმია, რომელსაც მოსკოვის დაცვა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების წარმოება ევალებოდა,“ – აღნიშნავს დაზვერვა 13 სექტემბრის რელიზში.
უწყება დასძენს, რომ პირველი გვარდიის სატანკო არმიისა და აღმოსავლეთ ოლქის სხვა ფორმირებების სერიოზული დანაკარგები NATO-ს წინააღმდეგობისთვის განკუთვნილ რუსეთის ძალებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.
„რუსეთს წლები დასჭირდება ამ პოტენციალის აღსადგენად,“ – წერს დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ადასტურებდა, რომ ბოლო ერთ კვირაში, ხარკოვის ოლქში, უკრაინამ სულ მცირე ლონდონის რაიონზე (Greater London – 1,569 კმ²) ორჯერ დიდი ტერიტორია დაიბრუნა, რუსეთმა კი ოლქიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული დ.გ. და 1971 წელს დაბადებული ი.პ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. სკანერის გამოყენებით ხსნიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს, საიდანაც პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პირები დააკავა. ნაქურდალი ნივთები და ფული ნივთმტკიცებადაა ამოღებული.“ – აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, პრორუსულმა ძალებმა დატოვეს კისელევკა – ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტი ხერსონის ოლქში.
„რუსეთის პოზიციების სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ კისელევკაში, ხერსონიდან 15 კილომეტრში, რუსული საბრძოლო მანქანები მოწინავე პოზიციებიდან გაიყვანეს, რაც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა კისელევკა დატოვეს და მდინარე დნეპრისკენ დაიხიეს უკან,“ – წერს ISW.
როგორც ინსტიტუტის ექსპერტები მიუთითებენ, კისელევკა რუსეთის ჯარებისთვის ოპერატიულად მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ის უკანასკნელი მსხვილი დასახლებული პუნქტია უკრაინელთა ახლანდელ პოზიციებსა და ხერსონის ოლქის ბოლო დასახლება ჩერნობაევკას შორის.
„ამ პოზიციებიდან რუსეთის ძალების გაყვანამ შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს რუსების შესაძლებლობა, დაიცვან ხერსონის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნები,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის სამხრეთში მყოფი რუსული არმიის მორალურ განწყობასა და საბრძოლო პოტენციალზე.
ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:
უკრაინის ძალები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ხერსონის ოლქში და მუდმივად ასუსტებენ ამ რეგიონში მყოფი რუსული ჯარების მორალურ განწყობასა და საბრძოლო შესაძლებლობებს;
საერთო მორალური მდგომარეობის გაუარესებისა და ბოლოდროინდელი დანაკარგების გამო, რუსეთის მეთაურობამ შესაძლოა, უკრაინაში ახლად ფორმირებული დანაყოფების გაგზავნა შეაჩეროს;
რუსეთის ჯარები ვერ ახერხებენ ფრონტის ახალი ხაზის გამაგრებას მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს; რუსები აქტიურად ტოვებენ რაიონს ან სხვა მიმართულებებზე გადადიან;
ხერსონის ოლქში უკრაინის ძალები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და პოზიციებზე;
უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევა უდიდეს ზიანს აყენებს რუსეთის ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს და აიძულებს რუსებს, დატოვონ არამხოლოდ ფრონტისპირა, არამედ ფრონტის ხაზიდან დაშორებული ოკუპირებული ტერიტორიები.
ქვეყნის სამხრეთში უკრაინელთა კონტრშეტევის შესახებ 29 აგვისტოს გახდა ცნობილი. გუშინ უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში, ბოლო ორ კვირაში, რამდენიმე ათეული კილომეტრით წაიწიეს წინ და საერთო ჯამში 500 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
ტანკი – 2 175 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 4 662 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 1 279 ერთეული [+10]
MLRS – 311 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 165 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 244 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 213 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 904 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 233 ერთეული [+17]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 469 ერთეული [+6]
სპეცტექნიკა – 117 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
293 თვითმფრინავი
154 ვერტმფრენი
1 944 უპილოტო საფრენი აპარატი
374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 900 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
834 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 385 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 506 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გოდერძის უღელტეხილზე გადაკეტილია. გზის ეს მონაკვეთი დილის 8 საათზე გადაიკეტა და დღის 2 საათამდე იქნება ჩაკეტილი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ125-კმ126 მონაკვეთზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიმდინარეობს ხელოვნურად მიწის ჩამოშლის სამუშაოები, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2022 წლის 13 სექტემბერს 08:00სთ-დან 14:00სთ-მდე“.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თვითნებურად დაკავებული მიწის დასარეგისტრირებლად გლეხმა 600 ლარი უნდა გადაიხადოს. პირადობისა და პასპორტების დამზადების მომსახურების გაძვირებასთან ერთად, იუსტიციის სახლში მიწის სპორადული რეგისტრაციის საფასურიც 600 ლარი გახდა.
ამ საფასურის გადახდა მაშინაა საჭირო, თუ გლეხს არ სურს დაელოდოს სისტემურ [უფასო] რეგისტრაციას და მიწის დაკანონება ეჩქარება – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, სად, როდის განხორციელდება სისტემური რეგისტრაცია. ეს პროცესი 2024 წელს უნდა დასრულდეს. ამ ბრძანების ჩამონათვალშია აჭარის მუნიციპალიტეტებიც.
შეგახსენებთ, რომ აჭარის სოფლებში, მიწის რეფორმის გაჭიანურების გამო, ადამიანები თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს წლობით ვერ ისაკუთრებდნენ. 2022 წლის პირველ იანვრამდე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების აღიარებას მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია ახდენდა და ეს მომსახურება უფასო იყო, თუ არ ჩავთვლით მიწის დასაკანონებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების საფასურსს, მაგალითად, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და ასე შემდეგ.
ამჯერად კი, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრი განიხილავს. 600 ლარი მიწის ნაკვეთის სპორადული რეგისტრაციის განაცხადის საფასურია, თუმცა შესაძლოა მიწა ვერ დაიკანონოთ, თუ საჯარო რეესტრი ჩათვლის, რომ არ არის საკუთრების ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
განაცხადის განხილვისთვის საჯარო რეესტრს ვადა 3 თვე აქვს.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლის მიხედვით, განაცხადი ბარში შეიძლება ეხებოდეს მაქსიმუმ 1 ჰექტარს, მაღალმთიან დასახლებაში კი, 5 ჰექტარს.
როდის უნდა გადაიხადოს ადამიანმა რეგისტრაციის მომსახურების თანხა და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს საჯარო რეესტრმა მიწის დაკანონებაზე უარი უთხრა? შესაძლებელია თუ არა ერთიანი განაცხადით საჯარო რეესტრისთვის მიმართვა, როცა განმცხადებელს სურს რამდენიმე მიწის ნაკვეთის დაკანონება? ვინ იხდის ამ დროს დოკუმენტაციის საფასურს, რაც მიწის რეგისტრაციისთვის არის საჭირო? რა ღირდა თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ამ დრომდე? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჯრო რეესტრთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა რეესტრის პრესცენტრში „ბათუმელების“ შეტყობინებებს არ უპასუხეს.
საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე კი, ორჯერ ვცადეთ დაკავშირება – დაახლოებით 10-10 წუთით ლოდინის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებაში სამუშაო საათებში არავინ გვიპასუხა.
2022 წელს სისტემური რეგისტრაციისთვის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება აჭარაში მხოლოდ ამ სოფლებში: დანდალო, წონიარისი [ქედა]; დღვანი, უჩამბა, ჭვანა [შუახევი]; ხიხაძირი, სხალთა, ღორჯომი და ფუშრუკაული [ხულო]; ბობოყვათი და დაგვა [ქობულეთი]; ახალშენი [ხელვაჩაური]. საკადასტრო აზომვითი სამუშაოები აჭარის სხვა თემებში/ სოფლებში 2023-2024 წლებში დაიწყება.
რაც შეეხება შემთხვევას, როცა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობა დასტურდება, ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, ან ცვლილება – 3 თვის ვადაში 300 ლარი ღირს.
კიდევ ერთი დეტალი: თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, პირველი პუნქტით დადგენილ საფასურს ემატება 300 ლარი.
განახლება: საჯარო რეესტრის პრესსამსახური „ბათუმელებს“ 13 სექტემბერს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრის განმარტებით, განმცხადებელს ცალ-ცალკე მოუწევს საფასურის გადახდა, თუ მას რამდენიმე მიწის ნაკვეთის დაკანონება სურს და ამ ნაკვეთებს სხვადახვა საკადასტრო კოდი აქვს. პრესცენტრის ინფორმაციით, თუ ვერ დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთი, მოქალაქეს გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება.
ბათუმის მე-20 სკოლაში 15 სექტემბრიდან სხვადასხვა ასაკის 900 უკრაინელი ბავშვი ისწავლის. ცხრაასივე მათგანი ბათუმის უკრაინელთა დიასპორის ცენტრშიცაა დარეგისტრირებული. დიასპორის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია მიროშნიჩენკოს თქმით, ამ ბავშვების უმრავლესობისთვის მშობლები ვერ ყიდულობენ საშემოდგომო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს.
დღეს, 12 სექტემბერს, „მეგობრობის სახლთან“, სადაც ბათუმის უკრაინული დიასპორაა განთავსებული, იმ უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი შეიკრიბა, რომლებსაც სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ.
დიასპორის ხელმძღვანელი, ნატალია მიროშნიჩენკო დეტალურად აღწერს მათ საჭიროებებს: ვის რამდენი შვილი ჰყავს და ვის რა სჭირდება, მერე კი ცდილობს იპოვოს ადამიანები, რომლებიც მათ დაეხმარებიან შვილების სკოლაში ტარება რომ შეძლონ.
„სკოლის ასაკის 900 უკრაინელი ბავშვი გვყავს ბათუმში, სკოლამდელი ასაკისა კი 400 ბავშვზე მეტია. ეს მხოლოდ ის ბავშვებია, ვინც დიასპორაში გვყავს რეგისტრირებული. მათი რაოდენობა სინამდვილეში გაცილებით მეტია.
ყველა სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვს სჭირდება რაღაც. ყველას სჭირდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები.
მხოლოდ პირველკლასელი 150 უკრაინელი ბავშვია. თან სახელმწიფომ გააკეთა ისე, რომ ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას ურიცხავენ მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში ცხოვრობდნენ, დანარჩენებს კი, რომლებიც ნაცნობებმა შეიფარეს, დროებით შეიფარეს და ვინც ძლივს, ბოლო კაპიკებით ქირაობდა ბინებს, მათ არაფერი ერგოთ. ეს არის ხალხი ვინც ქირას ვეღარ იხდის, ვერ საქმდება (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და ვინც შეფარებული ჰყავდათ ნაცნობებს. მათ უკვე ყოველდღე სთხოვენ საცხოვრებლის დატოვებას.
მართალია, ასეთი ოჯახებისთვის დიდი შეღავათია სახელმწიფო რომ მათ შვილებს სკოლაში უკრაინულ სექტორზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს და გულწრფელი მადლობა ამისთვის ბათუმის მერიას, მაგრამ გაგვიგეთ, მიიღეთ ეს როგორც თხოვნა და არა პრეტენზია: ძალიან ბევრი უბრალოდ ვერ წაიყვანს შვილს სკოლაში იმიტომ, რომ არ აქვს შარვალი ბავშვს, ჩანთა ან ფეხსაცმელი. მოგვეშველეთ, მე მარტო ვეღარ ვუმკლავდები ამ ბავშვების საჭიროებებს“, – გვეუბნება ბათუმის უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელი.
„ბათუმელებმა“ ბათუმის უკრაინის დიასპორის ოფისთან დღეს, 12 სექტემბერს, შეკრებილი ყველა ოჯახი ჩაწერა, ვისაც სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს. მშობლები დაგვთანხმდნენ გამოგვექვეყნებინა მცირე ინფორმაცია მათ შესახებ: რა ასაკის შვილები ჰყავთ, კონკრეტულად რა სჭირდებათ და სად შეუძლიათ მოქალაქეებს მათთან დაკავშირება დახმარების სურვილის შემთხვევაში:
ოქსანა
„ხერსონიდან ვარ. 6 წლის გოგო მყავს, წელს პირველ კლასში მიდის. სჭირდება 30 ზომა ფეხსაცმელი, სასკოლო პერანგები, სარაფანი, კაბები, პიჯაკი… რამე თბილი მოსაცმელი, 6-7 წლის ბავშვს რომ მოერგოს, შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმელი არ გვაქვს, არ გვაქვს არც ზურგჩანთა“.
Tel.: 591 75 55 40
მარგარიტა
„2 შვილი მყავს, 16 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. მთავარი, რაც გვჭირდება ეს არის საშემოდგომო და ზამთრის ფეხსაცმელი, 34 და 37 ზომა.
არ გვაქვს არც სასკოლო – საკანცელარიო ნივთები: რვეულები, პასტები, ფანქრები. სახატავი რვეულები და ა.შ.“
Tel.: 555 32 04 72
ვიქტორია
„ჩემი 2 გოგო მიდის 15 სექტემბერს სკოლაში, 8 და 10 წლის, საკანცელარიო ნივთები გვჭირდება, რვეულები, პასტები, ფანქრები, სახაზავები. სასკოლო ჩანთები.
გვჭირდება ფეხსაცმელებიც. სკოლაში წიგნებს არ აძლევენ ბავშვებს, უნდა ამოვბეჭდოთ, უფროსს 10 წიგნის ამობეჭდვა სჭირდება, უმცროსს ხუთის. სამი წიგნის ამოსაბეჭდად დაახლოებით 40 ლარი გვჭირდება, წიგნი კი ბევრია… არ ვიცი ამ ფულს საიდან მოვიტანთ. სასკოლო ჩანთებიც არ გვაქვს“.
Tel.: 571 77 61 85
ვალერია
„2 შვილი მყავს, 14 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. ორივეს სჭირდება ფეხსაცმელი და თბილი სამოსი, სპორტული ფორმა, ზედაწელი, ფეხსაცმელები, 14 წლის გოგოს ფეხის ზომაა 40, 7 წლის ბიჭს 35, 36 ზომა ფეხსაცმელი სჭირდება.
ძალიან გვჭირდება ტანსაცმელი. მხოლოდ ზაფხულის თხელი სამოსის ამარა ვართ.
არც სახლში გვაქვს საყოფაცხოვრებო ნივთები: ტაფა, ქვაბი, თეფშები… მივიღებთ ნებისმიერ დახმარებას: სასკოლო – საკანცელარიო ნივთებს ბავშვებისთვის, ყველანაირს“.
Tel.: 555 37 52 38
ოლენა
„ბავშვების ბებია ვარ. ბავშვების დედა ომშია და უკრაინაში დარჩა.
ჩემი შვილიშვილი, მეხუთე კლასელი ბიჭია, სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გვჭირდება: რვეულები, ბლოკნოტები, პასტები, ფანქრები, სახატავი რვეულები, პენალი, საშლელი, სათლელი…
საშემოდგომო ფეხსაცმელი, 36, 37 ზომა და შემოდგომის, ზამთრის ტანსაცმელი. ქურთუკი, სასკოლო პერანგები, შარვალი.
ერთ ოთახში ვცხოვრობთ, არ გვაქვს მაგიდა, რომ ბავშვმა დავალებები დაწეროს, არც სკამი, სასტუმროს ვყავართ შეფარებული, სადაც ერთადერთი საწოლი დგას.
წვიმაში ბავშვი გარეთ ვერ გამყავს, არ გვაქვს ბოტები და საწვიმარი ლაბადა, ბათუმში ხშირად წვიმს“.
Tel.: 557 15 53 90
ალიონა
„2 შვილი მყავს. ერთი 8 წლისა, მესამეკლასელი. თეთრი პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი, ბოტები გვჭირდება, სასკოლო ჩანთაც.
არ გვაქვს ქოლგა და საკანცელარიო, სასკოლო ნივთები, სპორტული ტანსაცმელი.
ვოვას 37, 38 ზომა ფეხსაცმელები სჭირდება, ბავშვის სიმაღლე 140 სანტიმეტრია.
მეორე ჩვილია, 9 თვის გოგონა. რაქიტი აქვს და დაეწყო ეპილეფსიის ნიშნები. სასწრაფო მასაჟებს საჭიროებს და ხშირ სამედიცინო შემოწმებას.
საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანამ მიგვიყვანა ერთხელ, თან გვქონდა უკრაინული პასპორტებიც, ბავშვს სიცხე ჰქონდა, მაგრამ უსასყიდლოდ ვერ მივიღეთ მომსახურება.
ჩვილისთვის გვჭირდება 5 ნომერი პამპერსი და ჩვილის საკვები“.
Tel.: 577 30 21 34
ოლია
„სამი შვილი მყავს, 18, 9 და 2 წლის.
18 წლის გოგოს შემოდგომის და ზამთრის ფეხსაცმელები სჭირდება, შარვალი და ქურთუკიც არ გვაქვს.
გოგო 2 წლისაა, მისთვის შემოდგომის და ზამთრის ფეხსაცმელი და თბილი სამოსი არ გვაქვს: ქუდი, თბილი ტანსაცმელი, პამპერსის ყიდვასაც ვერ ავუდივართ, 3, 4 ზომაა საჭირო“.
Tel.: 591 09 40 28
ოქსანა
„ორი ბავშვით ჩამოვედი მარიუპოლიდან, მეუღლესთან და კატასთან ერთად, არსად გვიშვებენ სახლებში ამ კატის გამო, ორივე ბავშვი სკოლაში მიდის. საკანცელარიო ნივთები საერთოდ არ გვაქვს: ზურგჩანთები, ფეხსაცმელები, ტანსაცმელი… მყავს 11 წლის ბიჭი და 14 წლის გოგო.
არ გვაქვს სასკოლო ნივთები, თბილი ჟაკეტები და პიჯაკები, ქურთულები ორივესთვის, გოგოს სიმაღლეა 1.70, ბიჭის სიმაღლე 1,46.
იქნებ ბოტებიც გამოიძებნოს ორივესთვის, წვიმის ლაბადები და ქოლგები… მე ვმუშაობ, ხელფასი 500 ლარი მაქვს, მუშაობს ჩემი ქმარიც 300 ლარად… მაგრამ ჩემი ხელფასით მთლიანად ვიხდი ბინის ქირას და მეუღლის ხელფასით საკვებს ვყიდულობთ, დანარჩენისთვის ფული არ გვრჩება“.
Tel.: 555 56 04 83
ოქსანა
„ოკუპირებული სკადოვსკიდან ჩამოვედით. ორი შვილი მყავს, გოგო 8 წლისაა, ბიჭი 11-ის, გვჭირდება წვიმის ლაბადები, თბილი სამოსი, ბოტები, გოგოს ფეხის ზომაა 36, 37. ბიჭის 40.
რომ წამოვედით, რაც შევძელით წამოვიღეთ. საკანცელარიო, სასკოლო ნივთები არ გვაქვს“.
Tel.: 558 24 61 99
დარია
„ჩემს ოჯახს პირველ რიგში საცხოვრებელი სჭირდება, გვაგდებენ სახლიდან. არ ვიცი, სად წავიდე. სამი თვის წინ ვიმშობიარე.
ჩემი უფროსი შვილი 7 წლისაა და სკოლაში მიდის, საჭიროა საკანცელარიო, სასკოლო ნივთები, თბილი სამოსი, თეთრი სასკოლო პერანგები, შარვლები, ფეხსაცმელები, ბოტასები, მაისურები, ტრუსები, ბოტები, საწვიმარი ლაბადა.
პატარა სამი თვის შვილს სჭირდება: პამპერსი, ბავშვთა კვება, სამოსი. 2 დღეში სკოლა იწყება და არ ვიცით რა ჩავაცვათ ბავშვს. სკოლაში გვეუბნებიან, რომ შორტებით სიარული არ შეიძლება. კი, გვესმის, რომ სკოლაში შორტებით არ შეიძლება, მაგრამ… ბევრ ბავშვს შარვალი არ აქვს.“
Tel.: 555 47 35 30
ოქსანა
„ორი ბიჭი მყავს, ერთი 5 წლისაა, მეორე 11-ის, თბილი სამოსი სჭირდება ორივეს, 11 წლის ბიჭს 36, 37 ზომა თბილი ფეხსაცმელი სჭირდება, არ გვაქვს არც ქურთუკი, ქუდი და ა.შ.
პატარას, 5 წლისას 32 ზომა ფეხსაცმელი სჭირდება, არც მას აქვს ქურთული და ქუდი, თბილი შარვლები და ზედაწელიც გვჭირდება მისთვის. იქნებ ვინმე შემოგვეშველოს სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით. არადა ბავშვი ელოდება 15 სექტემბერს, ახალ სკოლას. ზურგჩანთაც არ გვაქვს“.
Tel.: 551 10 53 31
ნატალია მირაშნიჩენკო
ნატალია
„ოკუპირებული ბერდიანსკიდან ვართ, ორი ბიჭი მყავს, 4 წლის და 8 წლის. გვჭირდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი 32 და 26 ზომა, სპორტული ტანსაცმელი. ახლა სკოლაში მიდის 8 წლის ბიჭი და საჭიროა სასკოლო ჩანთა, სასკოლო-საკანცელარიო ნივთები“.
Tel.: 591 93 90 73
ნატალია
„მარიუპოლიდან ვარ, 2 შვილი მყავს, 2 გოგო, უფროს 12 წლისაა, უმცროსი 4 წლის. ძირითადად სამოსი და ფეხსაცმელი სჭირდებათ. რეზინის ფეხსაცმელები, საწვიმარი ლაბადები, ქოლგები, წიგნების ამობეჭდვა, რადგან სამი წიგნის დაბეჭდვას სჭირდება 35, 40 ლარი, ჩვენ სულ მცირე 7,8 წიგნის დაბეჭდვა გვჭირდება. კარგი იქნება სკოლაში იყოს ამ წიგნების ამობეჭდვის შესაძლებლობა.
სპორტული სამოსი, ბოტასები, ფეხი ზომაა 36, 37.
4 წლის გოგოს თუნდა ნახევარ ცვლაში ვატარებდი ბაღში თუ ამის შესაძლებლობა გამოჩნდება. რადგან მუშაობა რომ დავიწყო, ბავშვი უნდა მივაბარო სადმე. პროფესიით ეკონომისტი ვარ“.
Tel.: 579 33 93 21
ნასტია
„ხერსონიდან ვარ, ტანსაცმელი გვჭირდება, პირველ კლასში მიდის ბავშვი, იცვამს 31 ზომა ფეხსაცმელს, მისი სიმაღლეა 1,22 მ. გვჭირდება შარვალი და პერანგები, მაისურები, ქურთული, შემოდგომის და ზამთრის სამოსი ამ სიმაღლის ბავშვისთვის. სასკოლო-საკანცელარიო ნივთებიც არ გვაქვს, საერთოდ არაფერი…“.
Tel.: 599 48 18 87
ეკატერინა
„დონეცკიდან ვარ, 7 წლის გოგო მყავს, პირველ კლასში მიდის 2 დღეში, გვჭირდება სასკოლო ჩანთა, რეზინის ფეხსაცმელები, სპორტული სამოსი, ბოტასები, კედები, სპორტული ფორმა და ქურთუკი, სამოსი, რითაც ბავშვი ივლის სკოლაში.
წიგნები უნდა ვბეჭდოთ და ეს ჩვენთვის ძალიან ძვირი და ბევრია, ხელვაჩაურის სოფელში შეგვიფარეს და იქ არ არის არაფერი მუშობა რომ დავიწყო, ლოგისტიკის ეკონომისტად ვმუშაობდი უკრაინაში, კაფეშიც ვიმუშავებდი თუ ასეთი სამსახური გამოჩნდა.
ჩემი გოგონას სიმაღლეა 136, ფეხის ზომა 34“.
Tel.: 555 36 34 43
მარინა
„მარიუპოლიდან ვარ, ბავშვთან ერთად ვარ აქ, 15 წლის ბიჭია, მე-10 კლასში მიდის წელს, მისი სიმაღლეა 1, 70 მ. გვჭირდება თითქმის ყველაფერი… ჩამოვედით სრულიად ხელცარიელები, თან არაფერი წამოგვიღია. არავინ მიგზავნის ფულს, მეუღლეს გავეყარე. მარტო ვარ აქ და ბავშვს ბევრი რამ სჭირდება: შემოდგომის ფეხსაცმელი 40 ზომა, ქურთუკი, რვეულები, პასტები, შარვალი, წვიმის ფეხსაცმელი… რომელი ერთი გითხრათ“.
Tel.: 555 37 41 37
ინდირა
„სამი შვილი მყავს.
ერთი ბაღის ბავშვი მყავს – 5 წლის. მისთვის სახატავი რვეულები და ფანქრები, ფლომასტერები მჭირდება.
მეორე შვილს, რომელიც 7 წლისაა აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. მისთვის სასკოლო-საკანცელარიო ნივთებს ვერ ვყიდულობ. ტანსაცმელი ასე თუ ისე შევუგროვე, მაგრამ გვჭირდება ზამთრის სამოსი და ფეხსაცმელი 33, 34 ზომა.
სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამა განათლების სამინისტრომ 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში არ შეიტანა. აპირებს თუ არა მთავრობა დაპირებისშესრულებას? – ამ კითხვაზე საქართველოს განათლების სამინისტროს ისევ სტანდარტული პასუხი აქვს – „მიმდინარეობს მუშაობა“.
საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების პროგრამის საკითხი განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აქტიურდება. ამ თემაზე მმართველმა პარტიამ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როცა თბილისის მერობის კანდიდატმა ენმ-იდან, ნიკა მელიამ თავის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დაპირებად ეს საკითხი დაასახელა.
საჯარო სკოლებში რომ ბავშვებს შიმშილი აწუხებთ, ამის შესახებ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, CTC-ის ანგარიშშიციყო საუბარი, სადაც ეწერა, რომ „საქართველოში მოსწავლეთა 77% სკოლაში შიმშილს განიცდის, ნაწილი – მუდამ, ნაწილი – ხანდახან მაინც“.
2021 წლის 17 ნოემბერს, როცა განათლების მინისტრის მაშინდელი მოადგილე ეკა დგებუაძე „იუნისეფის“ ხელმძღვანელს შეხვდა, ითქვა, რომ ამ შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე, მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე ისაუბრეს.
ამ პერიოდში სამინისტრო ამბობდა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებდა.
ამ განცხადებიდან 10 თვის შემდეგ, დღეს, 12 სექტემბერს, „ბათუმელები“ ისევ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და ჰკითხა, თუ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი; იმსჯელა თუ არა სამინისტრომ „იუნისეფთან“ და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად კვების პროგრამის მოდელზე; კონკრეტულად რომელი მოდელების განხილვა მიმდინარეობს, რომელი უწყებები არიან ჩართული განხილვის პროცესში და როდის დადგება შედეგი?
სამინისტროში ამბობენ, რომ კვების პროგრამაზე განათლების სამინისტროსთან ერთად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და გაეროს ბავშვთა ფონდი იმუშავებენ.
„საერთაშორისო პრაქტიკებს გააანალიზებს, ჩაატარებს სიტუაციურ კვლევას და შეაფასებს“ – ასე წერია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელიც განათლების სამინისტროდან „ბათუმელებს“ კომენტარის ნაცვლად მოაწოდეს. ეს ნიშნავს, რომ სამინისტროს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია.
რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში პროგრამის დანერგვის მიმართულებით? – ეს შეკითხვა UNICEF-საც დავუსვით.
„ეს ძალიან რთული, კომპლექსური პროგრამაა, ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულს ვერ ვამბობთ, რადგან აქ წამყვანი განათლების სამინისტროა, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით.
ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს სხვადასხვას მოდელების მოკვლევა და შემდეგ შეჯერდებიან რომელიღაც მოდელზე. უფრო კონკრეტულის თქმა ჩვენ არ შეგვიძლია ამ ეტაპზე. ვადებზე საუბარი სამინისტროს პრეროგატივაა“ – გვითხრეს „იუნისეფში“.
ხათუნა რაზმაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, მიიჩნევს, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. მას ამის თქმის საფუძველს საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებაც აძლევს:
„მე კერძო სკოლის გარდა საჯარო სკოლაშიც ვასწავლი და უნდა ნახოთ, როგორ იცვლება ბავშვების აზროვნება, მოტივაცია და განწყობა საკვების მიღების შემდეგ კერძო სკოლაში.
თითქოს ახალი ენერგიით ივსებიან, რადგან 2-3 გაკვეთილის შემდეგ ბავშვები უკვე გადაღლილები არიან.
სამი გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს პირდაპირ უთქვამთ – „მშია მასწავლებელო“. ამიტომ ეს შედარების კარგი საშუალებაა, რომ დავინახოთ, როგორ იცვლებიან ბავშვები, როცა შიათ და მას შემდეგ – როცა საკვებს იღებენ“- გვეუბნება ხათუნა რაზმაძე.
მასწავლებლის თქმით, კვება სკოლაში, განსაკუთრებით დაბალ საფეხურზე, მნიშვნელოვანია.
„ჩვენ სპეციალურად გვაქვს ჩასმული მათემატიკა კვების შემდეგ [კერძო სკოლაში], რომ ბავშვს არ გაუჭირდეს სასწავლო პროცესში ჩართვა და მისი ტვინი არ იყოს მიმართული იქითკენ, რომ შია.
კერძო სკოლაში ამ მხრივ ყველაფერი გამართულია, საჯარო სკოლებისგან განსხვავებით. საჯარო სკოლის შემთხვევაში ის პრობლემაცაა, რომ ზოგჯერ ბავშვი, როცა აგვიანებს, საერთოდ ვერ ასწრებს საუზმეს ან მცირე რაოდენობას იღებს და შემდეგ ძალიან მალე შივდება. ასეთ დროს ბავშვი ალგორითმზე და ალბათობის თეორიაზე ვერ იფიქრებს.
ყველა მშობელს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს ლანჩი გამოატანოს სკოლაში. მით უმეტეს, თუ ბევრი ბავშვია ოჯახში და არ არის ამის შესაძლებლობა.
ვინც ახერხებს, რომ სკოლაში ან სკოლის გარეთ იყიდოს რაიმე, ძირითადად არაჯანსაღ საკვებს იღებენ, კერძო სკოლაში კი მშობელმა იცის, რით იკვებება მთელი დღე მისი შვილი, რადგან მენიუ ყველა მშობელს მიეწოდება. ამიტომ კვების ნაწილის ჩაშენება სკოლაში ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება ბავშვების“ – ამბობს ხათუნა რაზმაძე.
მასწავლებლის აზრით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დააფინანსოს ბავშვის კვება სკოლაში და ეს ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
„არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი სოციალურად დაუცველია თუ არა, რადგან როცა ბავშვები ერთ სივრცეში არიან, იქ უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სოციალურად დაუცველი და ვინ – არა.
თუ ბავშვს არ უნდა საკვები, არავინ დააძალებს, თუმცა შემოტანილი და გათვლილი უნდა იყოს ყველა ბავშვებზე. თუ ვიღაც არ აიღებს თავის წილს, იმას მაინც ისწავლის, როგორ დაუთმოს მეგობარს. გარდა ამისა, ერთ სივრცეში ყოფნა და ერთად სადილი ბავშვების სოციალიზაციასაც უწყობს ხელს და ამ მხრივაც კარგია ეს კომპონენტი სკოლაში“ – ამბობს ხათუნა რაზმაძე.
მისივე თქმით, თუ ვამბობთ, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია, მაშინ სახელმწიფომ მათ ჯანსაღ გარემოში აღზრდაზეც უნდა იზრუნოს. „და ჯანსაღი გარემოს ერთ-ერთი კომპონენტი არის ისიც, რომ მიაწოდო ბავშვს საკვები, მაშინ როცა ეს ძალიან სჭირდება“ – ამბობს მასწავლებელი.
სკოლებში უფასო კვების დანერგვას ითხოვს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხმა“. მათ არაერთი აქტივობა განახორციელეს გასულ წელს ამ თემაზე და წელსაც აპირებენ, რომ უფასო კვების საკითხი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახადონ.
„ბათუმელები“ მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ვაკო ნაცვლიშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, უფასო კვების დანერგვის პროცესი წინ არ მიდის და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ განათლების სამინისტრომ კვების საკითხი განათლების 10-წლიან სტრატეგიაში არ შეიტანა.
„შიდა ინფორმაცია რაც ვიცით, არის ის, რომ ხელისუფლების, სამინისტროს ადმინისტრაცია და პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხით არ არიან დაინტერესებული. დიდი მხარდაჭერა ამ პროგრამას არ აქვს.
ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ კამპანიურად ვიმუშაოთ, გვაქვს გეგმა და სამოქალაქო კამპანიაში რაც მოიაზრება, ამ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. პროცესი დაწყებული გვაქვს, თუმცა სექტემბერში ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდება.
ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ მშობლების მობილიზება, რომ ამ საკითხმა შეიძინოს პოლიტიკური ფასი“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 177 897 ადამიანი სხვადასხვა სოციალურ შემწეობას იღებს.
ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოს არნახული ეკონომიკური წინსვლა აქვს და პანდემიის შემდეგაც კი საქართველოში „სიღარიბის დონე ბოლო წლებში ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული და 17.5%-მდე არის შემცირებული“.
„წელს ბიუჯეტი დავგეგმეთ 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ნომინალური შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72.2 მილიარდი ლარით. რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 6 500 დოლარს აჭარბებს“ – განაცხადა დღეს, 12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა.
დღეს განათლების სამინისტრომ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული სიახლეების შესახებაც გააკეთა განცხადება, თუმცა არც ამ განცხადებაში უსაუბრია სკოლაში უფასო კვების პროგრამის შესახებ.
უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში, ბოლო ორ კვირაში, რამდენიმე ათეული კილომეტრით წაიწიეს წინ და საერთო ჯამში 500 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლეს – ამის შესახებ მედიას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა უთხრა.
გუმენიუკმა გათავისუფლებული ხუთი დასახლებული პუნქტიც დაასახელა: ვისოკოპოლიე, ნოვოვოზნესენსკოე, ბელოგორკა, მიროლიუბოვკა და სუხოი სტავოკი. ეს დასახლებები მთლიანად უკრაინის კონტროლქვეშაა და დაცულია მტრისგან, თუმცა იქ „დამატებითი ზომების მიღება გრძელდება“, რადგან გათავისუფლებულ დასახლებებს რუსები კვლავ უხსნიან ცეცხლს.
ნატალია გუმენიუკი აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევისას ტერიტორიის ნაწილიც დანაღმეს.
მისი თქმით, ბოლო ორი კვირაში უკრაინის დამცველებმა მტრის 1 800-ზე მეტი სამხედრო, 500 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა, 122 ტანკი, 2 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაახლოებით 10 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
გუმენიუკმა დასძინა, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის გამო, საოკუპაციო ძალები ხერსონში რეფერენდუმზე აღარ ლაპარაკობენ და პოლიციურ რეჟიმს აძლიერებენ.
29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ სამხრეთში რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია. ორი დღის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას გადაწია.
სამხრეთის სარდლობა ხაზს უსვამს, რომ ხერსონის ოლქში რუსებს უკიდურესად გაურთულდათ ლოგისტიკა, რადგან დნეპრის მარჯვენა სანაპირო გამუდმებით უკრაინელთა შორსმოქმედი არტილერიის სამიზნეა.
უკრაინის გენშტაბში აღნიშნავენ, რომ დასახლებული პუნქტების გათავისუფლება სამხრეთის მიმართულებაზე გრძელდება, თუმცა უსაფრთხოების გამო, ოფიციალური ინფორმაცია შეზღუდულად გავრცელდება.
14 სექტემბერს, 17:00 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება მე-20 საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ომის რეპორტიორის, რობერტ კაპას ფოტოგამოფენა – „რობერტ კაპას ობიექტივში“.
დასწრება უფასოა.
1947 წელს რობერტ კაპა ამერიკელ მწერალთან ჯონ სტეინბეკთან ერთად საქართველოში მოგზაურობდა, ისინი აჭარაში, კერძოდ ქობულეთის სოფელ ალამბარშიც იმყოფებოდნენ.
გამოფენა აჭარის მუზეუმისა და უნგრეთის რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით იმართება.
გამოფენა 10 ოქტომბერს დაიხურება.
აჭარის ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს ზურაბ გორგილაძის 8 ნომერში.
რუსი მწერალი ბორის აკუნინი ამბობს, რომ რუსეთში გარდაუვალია რევოლუცია.
აკუნინი ბერლინის ლიტერატურულ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მან გამოსვლისას დასავლელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ გაკიცხონ რუსეთის რიგითი მოქალაქეები.
„დიახ, რევოლუციური განწყობა რუსეთში ახლა არ არის, მაგრამ რევოლუცია გარდაუვალია. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდება ეს და იქამდე რამდენი ადამიანის ცხოვრება დაინგრევა“ – განაცხადა აკუნინმა. მის ციტატას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო აქვეყნებს.
აკუნინმა ასევე ისაუბრა უკრაინაში რუსული ლიტერატურის აკრძალვის საკითხზე:
„ვფიქრობ, სრულიად გასაგებია, რომ უკრაინელებს ახლა გულს ურევთ ყველაფერი, რაც რუსეთთან და „რუსულობასთან“ არის დაკავშირებული და განსაკუთრებით ვწუხვარ იმ უკრაინელ, ძალიან ნიჭიერ მწერლებსა და პოეტებზე, რომელთა მშობლიური ენა რუსულია. ისინი ბევრნი არიან და არც კი ვიცი, როგორ უმკლავდებიან ამ პრობლემას.
ძალიან არ მინდა, რომ რუსული ენა ვლადიმერ პუტინის პირად საკუთრებად ჩაითვალოს. ის პუტინს არ ეკუთვნის. ის ყველას გვეკუთვნის: პუშკინს. ჩეხოვს, ვინც არ უნდა იყოს.
პუტინის კი არის ის რამდენიმე საზიზღარი ნეოლოგიზი, რომელიც მან ჩადო რუსულ ენაში: “დენაზიფიკაცია” ან “სუვერენული დემოკრატია”. დაე, ეს იყოს პუტინის რუსული ენა. ხოლო რუსული ენის და ზოგადად, რუსული კულტურის მიცემას მისთვის არავინ აპირებს“ – თქვა მან.
რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა [გრიგორი ჩხარტიშვილი] რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი დატოვა და ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად.
განათლების სამინისტროს განცხადებით, 2022-2023 წლიდან 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე სამხედრო მომზადების პროგრამაში ჩაერთვება. პროგრამის განხორციელება დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონის სკოლების ბაზაზე.
სამინისტროს თქმით, ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.
პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა, როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი.
გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა“, – წერს სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, კიდევ ერთი საპილოტე პროგრამა იგეგმება, რომელიც 150 სკოლაში უნდა განხორციელდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.
„სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“ დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა“, – წერს სამინისტრო.
ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქში ვითარება რთულია – გრძელდება საბრძოლო მოქმედებები, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს არხანგელსკოეს, ლიუბიმოვკას, ოლგინოსა და სტანისლავს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში პოლიციური რეჟიმი გააძლიერეს, მთელ ტერიტორიაზე შემოიღეს კომენდანტის საათი, მოსახლეობას ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში შესვლას და იქიდან გასვლას უკრძალავენ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ახლა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებშია, სადაც მოქალაქეები არაადამიანურ პირობებში, მუდმივი ცეცხლის ქვეშ ცხოვრობენ.
იანუშევიჩი დასძენს, რომ ოკუპანტები ადგილობრივი მოსახლეობის დატერორებას განაგრძობენ – შედიან სახლებში, ატარებენ ჩხრეკას და ხშირად გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ ადამიანები.
29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. უკრაინის არმიამ შეძლო რუსების დაცვის პირველი ხაზის გარღვევა, რის შემდეგაც ოპერატიულმა სარდლობა „სამხრეთმა“ განაცხადა, რომ კონტრშეტევაზე გადავიდა.
პარალელურად, უკრაინის არმია განაგრძობს ოლქში რუსების ბაზებზე, საბრძოლო მასალების საწყობებზე და ლოგისტიკურ ქსელებზე თავდასხმებს. უკრაინელებმა დააზიანეს \ ყველა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელსაც რუსეთისა არმია ხერსონის ოლქში გამაგრებული თავისი ჯარების მოსამარაგებლად იყენებდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა „ბევრად უკეთ წარიმართა, ვიდრე ელოდნენ“, თუმცა გამარჯვების აღნიშვნა ჯერ ადრეა.
უკრაინული მედიის ცნობით, Financial Times-სთან ინტერვიუში, თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთმა შესაძლოა კონტრშეტევაზე გადასვლა სცადოს, ამიტომაც უკრაინა თავდაცვისთვის უნდა მოემზადოს.
რეზნიკოვმა „უკრაინული ბლიცკრიგი“ შეადარა „თოვლის გუნდას, რომელიც მთელი სისწრაფით მიგორავს დაღმართში.“ მისი თქმით, უკრაინის ახლანდელი კონტრშეტევა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ყველაზე დიდ მარცხად იქცა.
რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის ჯარები ექვსდღიანი შეტევით საკმაოდ დაიღალნენ, თუმცა მათი მორალური განწყობა უმაღლეს საფეხურზეა, რადგან „უკრაინელებს უნდოდათ კონტრშეტევაზე გადასვლა. ჩვენთვის აუცილებელი იყო ეს კონტრშეტევა, ესაა ნიშანი იმისა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია.“
რუსეთის შესაძლო კონტრშეტევაზე უახლეს ანგარიშში წერს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW). ISW-ის ანალიტიკოსები შეფასებით, უკრაინამ ომის მიმდინარეობაში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს: გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდაცვის ახალ ხაზს მოაწყობენ და ადგილობრივ შეტევებსაც დაიწყებენ; უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდებათ შეტევების ახალი ტალღა მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად – სავარაუდოდ, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება.
ISW აღნიშნავს, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს, რუსეთის თავდაცვამ კი ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა.
ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღეში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
დღეს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა,რომ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ.
ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.
15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი – „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება. ფესტივალს წელს პირველად ეყოლება სტუმარი ქვეყანა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები.
„Jazz and Wine Kakheti“-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის 20-ზე მეტ მწარმოებელს, ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდება (როკლენდის ფერმა და მეღვინეობა Nathan Zeender from Rockland Farms and Winery), მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო. სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan), სტუმრებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება.
წინანდლის მამულში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 13.00 ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.
ფესტივალის პროგრამა:
15:00 ამფითეატრი – ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებულ ელის ფრანსისს მოუსმინონ „Queen of Electro Swing“
20.00 ბოლრუმში გაიმართება, ახალგაზრდა ჯაზ კომპოზიტორის ჯილდოს მფლობელი, კეილი ოდოერტის კვინტეტის კონცერტი, O’DOHERTY Quintet
22.00 ამფითეატრის სცენაზე კი გერმანული ლეგენდარული ჯგუფი „დი-ფაზი“ წარსდგება, რომელიც წელს თავის 25 წლის საიუბილეო ტურის ფარგლებში სტუმრობს წინანადალს
ფესტივალის დიჯეი: დათუნა მაჩაიძე
წლევანდელი ფესტივალის სიახლე იქნება „ჯაზი ბავშვებისთვის“.
16 ოქტომბერს, 10.00 ბოლრუმში, კეილი ოდოერტის კვინტეტი ბავშვებს ჯაზის სამყაროში კარს შეუღებს. ფესტივალის პატარა სტუმრებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით. კეილი, ამერიკაში, ლინკოლნ ცენტრში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის განათლების პროგრამაზე მუშაობს.
ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი. ოფიციალური სპონსორი ვიზა სპონსორი კომპანიებია: პორშე, აპარტ დეველოპმენტი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და აშშ საელჩო. მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TVიმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ პლატფორმა მარკეტერი. ტექნიკური მხარდამჭერები: „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი.“
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება. ზელენსკიმ დღეს, 12 სექტემბერს, CNN-თან განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკებას, სანამ რუსეთი ულტიმატუმებს აყენებს.
მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ამჟამინდელი ულტიმატუმი უმნიშვნელოა:
„ვინმე ზელენსკიმ თქვა, რომ არ აწარმოებს დიალოგს მასთან, ვინც აყენებს ულტიმატუმებს.
ახლანდელი „ულტიმატუმი“ საბავშვო გასართობია მომავალ მოთხოვნებთან შედარებით. და მან იცის ეს რა ულტიმატუმი იქნება – კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“ – დაწერა მედვედევმა დღეს, 12 სექტემბერს, თავის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე.
ბოლო დღეებში უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ახლა მზად არიან რუსეთს მოელაპარაკონ მხოლოდ სრული დეოკუპაციის შემდეგ.
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ, საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო.
წელს სახელმწიფო დაფინანსებას, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში დაშავებული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც მიიღებენ.
„2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.“
აღნიშნული კატეგორიის გარდა, სახელმწიფოს დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის პირები:
მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.
აღნიშნულ პროგრამებზე განცხადებების მიიღება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრიდან დაიწყება.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ.
„ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ოპერაციას ხარკოვის ოლქის რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. მტერი ნაჩქარევად ტოვებს თავის პოზიციებს და გარბის სიღრმეში, მანამდე ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ან პირდაპირ რუსეთისკენ. გუშინ რუსებმა დატოვეს დასახლებული პუნქტები ბურლუკი და დვურეჩნაია, კუპიანსკის რაიონში. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, ჩვენი დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე გავიდნენ,“ – წერს ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამზე.
ტელეგრამზე აქვეყნებს განახლებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილე კირილ ტიმოშენკოც.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის გათავისუფლებას: ესაა ასობით დასახლებული პუნქტი, ათასობით ქუჩა, ესაა ათობით ათასი უკრაინელის მშობლიური ადგილები. დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მალე ჩავა პირველი დახმარება – 11 000 კომპლექტი პროდუქტებით და ამდენივე ჰიგიენური კომპლექტი. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთები: კვება, პამპერსები, ჰიგიენის საშუალებები. ეს ყველაფერი სასწრაფოდაა საჭირო,“ – წერს კირილ ტიმოშენკო.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის უახლესი შეფასებით, ხარკოვის ოლქში რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს, რუსეთის თავდაცვამ კი ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღეში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.
მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 12 სექტემბრის მდგომარეობით/Ukraine War Map twitter