საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელს დაახლოებით ასი სოფლისა და ერთი ქალაქის საჯარო სკოლებს პირველკლასელი არ ეყოლებათ. ამ ჩამონათვალში მოხვდა აჭარის მუნიციპალიტეტების 19 სოფელიც.
აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი – შუახევის ათი სოფლის სკოლებს არ ეყოლებათ წელს პირველკლასელი მოსწავლე. შუახევის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, გასულ წელს მხოლოდ 4 სკოლაში არ ჰყავდათ პირველკლასელი. წელს ასეთი სკოლების რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ედუარდ გოგრაჭაძის თქმით, სკოლების მიხედვით მატება მკვეთრია, თუმცა იგივე არ ითქმის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა რაოდენობაზე. „მაგალითად, გასულ სასწავლო წელს 134 ბავშვი შევიდა პირველ კლასში. წელს მათი რიცხვი 110-მდე შემცირდა“, – გვითხრა ედუარდ გოგრაჭაძემ.
შუახევის მუნიციპალიტეტი
[checklist]
- სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლა
- სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლა
- სოფელ ვანის საჯარო სკოლა
- სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლა
- სოფელ გომარდულის საჯარო სკოლა
- სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლა
- სოფელ წყაროთის საჯარო სკოლა
- სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა
- სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლა
- სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლა[/checklist]
პირველკლასელის გარეშე მომავალ სასწავლო წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 სოფლის საჯარო სკოლა შეხვდება. გასულ წელს ამ მუნიციპალიტეტში სულ 2 სკოლას არ ჰყავდა პირველკლასელი, წელს ასეთი სკოლების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
ხულოს მუნიციპალიტეტი
[checklist]
- სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლა
- სოფელ პანტნარის საჯარო სკოლა
- სოფელ კალოთის საჯარო სკოლა
- სოფელ სკვანის საჯარო სკოლა
- სოფელ თხილვანის საჯარო სკოლა
- სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლა
- სოფელ გელაურის საჯარო სკოლა[/checklist]
რაც შეეხება პირველკლასელთა ნაკადს – გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებმა 264 პირველკლასელი მიიღო, წელს მათი რაოდენობა 225-მდე შემცირდა.
პირველკლასელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში წელს ერთი სოფლის სკოლას არ ეყოლება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
[checklist]
- სოფელ აჭის საჯარო სკოლა[/checklist]
ქობულეთის მსგავსი ვითარებაა ქედაშიც.
ქედის მუნიციპალიტეტი
[checklist]
- სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლა[/checklist]
რაც შეეხება ხელვაჩაურს, წელს ამ მუნიციპალიტეტს არ აქვს ისეთი სკოლა, სადაც პირველკლასელი არ ეყოლებათ.
სოფლებთან ერთად წელს ქალაქის სკოლასაც არ ეყოლება პირველკლასელი. ეს ქალაქ ჭიათურის №12 საჯარო სკოლა იქნება.