მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

12.09.2022 • 6174
რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

თვითნებურად დაკავებული მიწის დასარეგისტრირებლად გლეხმა 600 ლარი უნდა გადაიხადოს. პირადობისა და პასპორტების დამზადების მომსახურების გაძვირებასთან ერთად, იუსტიციის სახლში მიწის სპორადული რეგისტრაციის საფასურიც 600 ლარი გახდა.

ამ საფასურის გადახდა მაშინაა საჭირო, თუ გლეხს არ სურს დაელოდოს სისტემურ [უფასო] რეგისტრაციას და მიწის დაკანონება ეჩქარება – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, სად, როდის განხორციელდება სისტემური რეგისტრაცია. ეს პროცესი 2024 წელს უნდა დასრულდეს. ამ ბრძანების ჩამონათვალშია აჭარის მუნიციპალიტეტებიც.

შეგახსენებთ, რომ აჭარის სოფლებში, მიწის რეფორმის გაჭიანურების გამო, ადამიანები თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს წლობით ვერ ისაკუთრებდნენ. 2022 წლის პირველ იანვრამდე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების აღიარებას მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია ახდენდა და ეს მომსახურება უფასო იყო, თუ არ ჩავთვლით მიწის დასაკანონებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების საფასურსს, მაგალითად, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და ასე შემდეგ.

ამჯერად კი, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრი განიხილავს. 600 ლარი მიწის ნაკვეთის სპორადული რეგისტრაციის განაცხადის საფასურია, თუმცა შესაძლოა მიწა ვერ დაიკანონოთ, თუ საჯარო რეესტრი ჩათვლის, რომ არ არის საკუთრების ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

განაცხადის განხილვისთვის საჯარო რეესტრს ვადა 3 თვე აქვს.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლის მიხედვით, განაცხადი ბარში შეიძლება ეხებოდეს მაქსიმუმ 1 ჰექტარს, მაღალმთიან დასახლებაში კი, 5 ჰექტარს.

როდის უნდა გადაიხადოს ადამიანმა რეგისტრაციის მომსახურების თანხა და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს საჯარო რეესტრმა მიწის დაკანონებაზე უარი უთხრა? შესაძლებელია თუ არა ერთიანი განაცხადით საჯარო რეესტრისთვის მიმართვა, როცა განმცხადებელს სურს რამდენიმე მიწის ნაკვეთის დაკანონება? ვინ იხდის ამ დროს დოკუმენტაციის საფასურს, რაც მიწის რეგისტრაციისთვის არის საჭირო? რა ღირდა თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ამ დრომდე? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჯრო რეესტრთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა რეესტრის პრესცენტრში „ბათუმელების“ შეტყობინებებს არ უპასუხეს.

საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე კი, ორჯერ ვცადეთ დაკავშირება – დაახლოებით 10-10 წუთით ლოდინის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებაში სამუშაო საათებში არავინ გვიპასუხა.

2022 წელს სისტემური რეგისტრაციისთვის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება აჭარაში მხოლოდ ამ სოფლებში: დანდალო, წონიარისი [ქედა]; დღვანი, უჩამბა, ჭვანა [შუახევი]; ხიხაძირი, სხალთა, ღორჯომი და ფუშრუკაული [ხულო]; ბობოყვათი და დაგვა [ქობულეთი]; ახალშენი [ხელვაჩაური]. საკადასტრო აზომვითი სამუშაოები აჭარის სხვა თემებში/ სოფლებში 2023-2024 წლებში დაიწყება.

რაც შეეხება შემთხვევას, როცა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობა დასტურდება, ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, ან ცვლილება – 3 თვის ვადაში 300 ლარი ღირს.

კიდევ ერთი დეტალი: თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, პირველი პუნქტით დადგენილ საფასურს ემატება 300 ლარი.

განახლება: საჯარო რეესტრის პრესსამსახური „ბათუმელებს“ 13 სექტემბერს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრის განმარტებით, განმცხადებელს ცალ-ცალკე მოუწევს საფასურის გადახდა, თუ მას რამდენიმე მიწის ნაკვეთის დაკანონება სურს და ამ ნაკვეთებს სხვადახვა საკადასტრო კოდი აქვს. პრესცენტრის ინფორმაციით, თუ ვერ დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთი, მოქალაქეს გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: