მთავარი,სიახლეები

რატომ დაიშლება პუტინის რუსეთი – ინტერვიუ ბორის აკუნინთან 

06.03.2022 • 21351
რატომ დაიშლება პუტინის რუსეთი – ინტერვიუ ბორის აკუნინთან 

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროპაში ემიგრირებული მწერალი, ბორის აკუნინი [გრიგორი ჩხარტიშვილი] რუს ჟურნალისტთან, იური დუდთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის დაშლა პუტინის მმართველობის შედეგად შეუქცევადი პროცესია. ინტერვიუ დუდის youtube არხზე 5 მარტს გამოქვეყნდა.

 მწერალი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყებით პუტინმა საკუთარი მმართველობის დასასრული მაქსიმალურად დააჩქარა.

„პუტინის მმართველობის შედეგად რუსეთის დაშლა შეუქცევადია… ეს უზარმაზარი ქვეყანა შეიძლება იმართოს მხოლოდ ორი გზით: პირველი, როცა ძალაუფლება მკაცრად ვერტიკალურია და ყველაფერი ცენტრიდან იმართება, რეგიონებში კი თუ რამე ხდება, ეგრევე ძალადობრივი პოლიციური ძალები იგზავნება, მეორე გზა კი შეერთებული შტატების მოდელია, როცა ადგილობრივი მოსახლეობა წყვეტს, როგორ უნდა იცხოვრონ, ცენტრი კი განაგებს თავდაცვის, უსაფრთხოების, საფინანსო და მსხვილი ნაციონალური პროექტების საკითხებს.

სულ ეს ორი გზაა, ნებისმიერ სხვა რამეს კი ქვეყნის დაშლამდე მივყავართ. იყო ელცინი ხელისუფლებაში და ქვეყანამ დაშლა დაიწყო, რადგან შიში უკვე აღარ არსებობდა, გაჩნდნენ ადგილობრივი მმართველები, სეპარატისტული მოძრაობები და ცხადია, გაჩნდა სურვილი, რომ მოსკოვს ყველაფერი დაელაგებინა. შედეგად დაიწყო ჩეჩნეთის ომი. როცა ლიბერალურმა პრესამ დაიწყო ხელისუფლების დადანაშაულება ხელისუფლების სისხლით გასვრაზე, ცხადია, ხელისუფლება მართლაც სისხლში იყო გასვრილი, ამის აღსაკვეთად მიადგნენ პრესას და გააჩუმეს. მერე მიყვა სხვა თავისუფლებების აღკვეთა და ძალაუფლება ისევ ვერტიკალზე აეწყო, დიქტატურა ან მონარქია საამისოდ საუკეთესო გზაა – რუსეთში სწორედ ეს მოხდა.

როცა პუტინი აღარ იქნება (მან საკუთარი დასასრული უკრაინაში ავანტიურით ძალიან დააახლოვა), ეს ყველაფერი ჩამოიშლება. ეს შეუქცევადია. რუსეთი ისევ უნდა შევაკოწიწოთ, როგორც ნამდვილი ფედერალური სახელმწიფო, სადაც წესები საერთო იქნება, მაგრამ ყველა თავისებურად იცხოვრებს – არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ ფედერაციაში შემავალი ზოგი სუბიექტი თუ სახელმწიფო სხვაზე ნაკლებად დემოკრატიული იქნება, რომელიღაც უფრო დემოკრატიული იქნება, ვიღაცას შეიძლება შარიათის კანონებით ცხოვრება მოუნდეს და დაე, იცხოვროს, თუ მას ასე მოუნდება. ასეთ შემთხვევაში გაერთიანებული რუსეთი შეიძლება იყოს დემოკრატიული”.

კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში, ჩხარტიშვილი ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებს ასახელებს: “ობიექტური მიზეზები, ანუ ის, თუ რატომ აღარ არის რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფო და დიქტატურაში გადაეშვა, ჩემთვის გასაგებია. შემდეგ უკვე სუბიექტური ფაქტორი იწყება – პიროვნების როლი ისტორიაში. როცა რომელიღაც დიდი ქვეყანა ერთი ადამიანის განუყოფელი ძალაუფლების ხელში მოექცევა და ეს ადამიანი ძალაუფლებაში ძალიან დიდი ხანია, ის რეალობას შორდება და სიმაღლიდან იყურება. ის სამყაროს აღქმის თავისებურ სურათს ქმნის, საკუთარი გარემოცვის დამსახურებით, ექმნება წარმოდგენა, რომ უცოდველია, არ ცდება და ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის.

მეორე – მას ბედისწერასთან, ღმერთთან სხვა ტიპის ურთიერთობა ეწყობა, მირონცხებულად მიაჩნია თავი. ფაქტია, რომ (პუტინი) გარემოცვის მძევალი ხდება თითქოს, სინამდვილეში მას მართავენ ისინი, ვინც ინფორმაციას აწვდიან, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი პუტინია, რომელიც ცხოვრობს მე-20 საუკუნეში და ინტერნეტითაც კი არ სარგებლობს, ბრეჟნევისა და ჩერნენკოს მსგავსად, ინფორმაციას საქაღალდეებიდან იღებს, ამ საქაღალდეებს კი ის ადამიანები ადგენენ, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ და თან იციან, უფროსს რა მოეწონება და რა – არა.

საბოლოო ჯამში კი, მმართველი რაღაც გამოგონილ სამყაროში ამოყოფს თავს, ასეთ სამყაროში უკრაინა წარმოუდგენია ქვეყნად, რომელიც გაჭირვებით იტანს ნეონაცისტებითა და ნარკომანებით დაკომპლექტებულ მთავრობას; სადაც უკრაინული არმია სასაცილოა და არაფრად ღირს; სადაც დასავლეთი სუსტია და ეგრევე დალპება, როგორც კი ნამდვილ ძალას იგრძნობს.

თუ ისტორიულ პარალელებს გავიხსენებთ, ყველა მმართველი ებმება ერთ ტრადიციულ მახეში – ამ მახეს “პატარა ომში გამარჯვება” ჰქვია. რუსეთის ისტორიაში ხშირად მომხდარა, როცა ქვეყანაში იწყებოდა სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, მმართველის მხარდამჭერების რიცხვი იკლებდა და ა.შ. მმართველს უჩნდებოდა ცდუნება, წამოეწყო მოკლეხნიანი, გამარჯვების მომტანი ომი. (ეგონათ), გამარჯვების შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა: მტრები მოკეტავდნენ, ხალხი ტაშს შემოკრავდა: „კი, გაჭირვებულად ვცხოვრობთ, მაგრამ სამაგიეროდ დიდი ქვეყანა გვაქვს, რომელიც ყველას ამარცხებს”.

ასე მოხდა ზუსტად ნიკოლოზ მეორის დროს 1904 წელს, როცა გააცნობიერა, რომ რაღაც ვერ მიდიოდა კარგად, იწყებოდა რევოლუციური მოძრაობები და უთხრეს, რომ აგერ პატარა და სუსტი იაპონიაა და მოდი, ომი გამოვუცხადოთ. მერე, დამარცხების შემდეგ კი აცნობიერებ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გადააფასე, მოწინააღმდეგის კი სათანადო ვერ შეაფასე“.

აკუნინის აზრით, უკრაინასთან ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას მოსახლეობის განწყობების მართვას მხოლოდ პროპაგანდით ვეღარ შეძლებს, პუტინი გააღრმავეს დაშინებისა და რეპრესიების პოლიტიკას: „ყველა ვაცნობიერებთ, რომ უფულოდ დარჩენილი პუტინი, რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რეპრესიები სულ უფრო მძიმე ხასიათს მიიღებს“.

ინტერვიუში მწერალი ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობის საკითხსაც ეხება. იხსენებს, რომ 2016 წელს, საქართველოში ყოფნისას, ძალიან კარგად მიიღეს, თუმცა გოგონამ, რომელიც მწერლის მასპინძელი ღონისძიების ორგანიზატორებს ეხმარებოდა, უარი უთხრა რუსულად საუბარზე, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო: „ეს კიდევ უფრო მეტად გართულდება“, – აღნიშნა მწერალმა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: