მთავარი,სიახლეები

ხარკოვში უკრაინის დამცველები რუსეთის საზღვრამდე მივიდნენ ზოგ მონაკვეთზე – სინეგუბოვი

12.09.2022
ხარკოვში უკრაინის დამცველები რუსეთის საზღვრამდე მივიდნენ ზოგ მონაკვეთზე  – სინეგუბოვი

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ.

„ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ოპერაციას ხარკოვის ოლქის რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. მტერი ნაჩქარევად ტოვებს თავის პოზიციებს და გარბის სიღრმეში, მანამდე ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ან პირდაპირ რუსეთისკენ. გუშინ რუსებმა დატოვეს დასახლებული პუნქტები ბურლუკი და დვურეჩნაია, კუპიანსკის რაიონში. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, ჩვენი დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე გავიდნენ,“ – წერს ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამზე.

ტელეგრამზე აქვეყნებს განახლებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილე კირილ ტიმოშენკოც.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის გათავისუფლებას: ესაა ასობით დასახლებული პუნქტი, ათასობით ქუჩა, ესაა ათობით ათასი უკრაინელის მშობლიური ადგილები. დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მალე ჩავა პირველი დახმარება – 11 000 კომპლექტი პროდუქტებით და ამდენივე ჰიგიენური კომპლექტი. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთები: კვება, პამპერსები, ჰიგიენის საშუალებები. ეს ყველაფერი სასწრაფოდაა საჭირო,“ – წერს კირილ ტიმოშენკო.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის უახლესი შეფასებით, ხარკოვის ოლქში რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს, რუსეთის თავდაცვამ კი ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღეში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 12 სექტემბრის მდგომარეობით/Ukraine War Map twitter

7-12 სექტემბრი – უკრაინაში ბრძოლის რუკა  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: