მთავარი,სიახლეები

უკრაინამ სამხრეთში 500კმ2 ტერიტორია დაიბრუნა – გუმენიუკი

12.09.2022
უკრაინამ სამხრეთში 500კმ2 ტერიტორია დაიბრუნა – გუმენიუკი

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში, ბოლო ორ კვირაში, რამდენიმე ათეული კილომეტრით წაიწიეს წინ და საერთო ჯამში 500 კმ2 ტერიტორია გაათავისუფლეს – ამის შესახებ მედიას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა უთხრა.

გუმენიუკმა გათავისუფლებული ხუთი დასახლებული პუნქტიც დაასახელა: ვისოკოპოლიე, ნოვოვოზნესენსკოე, ბელოგორკა, მიროლიუბოვკა და სუხოი სტავოკი. ეს დასახლებები მთლიანად უკრაინის კონტროლქვეშაა და დაცულია მტრისგან, თუმცა იქ „დამატებითი ზომების მიღება გრძელდება“, რადგან გათავისუფლებულ დასახლებებს რუსები კვლავ უხსნიან ცეცხლს.

ნატალია გუმენიუკი აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევისას ტერიტორიის ნაწილიც დანაღმეს.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირაში უკრაინის დამცველებმა მტრის 1 800-ზე მეტი სამხედრო, 500 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა, 122 ტანკი, 2 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაახლოებით 10 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

გუმენიუკმა დასძინა, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის გამო, საოკუპაციო ძალები ხერსონში რეფერენდუმზე აღარ ლაპარაკობენ და პოლიციურ რეჟიმს აძლიერებენ.

29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ სამხრეთში რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია. ორი დღის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას გადაწია.

სამხრეთის სარდლობა ხაზს უსვამს, რომ ხერსონის ოლქში რუსებს უკიდურესად გაურთულდათ ლოგისტიკა, რადგან დნეპრის მარჯვენა სანაპირო გამუდმებით უკრაინელთა შორსმოქმედი არტილერიის სამიზნეა.

უკრაინის გენშტაბში აღნიშნავენ, რომ დასახლებული პუნქტების გათავისუფლება სამხრეთის მიმართულებაზე გრძელდება, თუმცა უსაფრთხოების გამო, ოფიციალური ინფორმაცია შეზღუდულად გავრცელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: