მთავარი,სიახლეები

ათასობით რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა, მათ შორის ოფიცრები – Die Welt კონტრშეტევაზე

13.09.2022 • 8333
ათასობით რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა, მათ შორის ოფიცრები – Die Welt კონტრშეტევაზე

ხარკოვის ოლქში „არაორგანიზებული უკან დახევის“ დროს, რუსმა სამხედროებმა ტექნიკა და საბრძოლო მასალები მიატოვეს, ათასობით რუსი სამხედრო კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ Die Welt-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აბათილებს რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას, თითქოს ეს იყო „ტაქტიკური უკანდახევა“ და აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის თავდაცვის ხაზი „უბრალოდ გაირღვა“, სამხედროები გაიქცნენ და ტექნიკა და საბრძოლო მასალები დატოვეს.

როგორც Die Welt მიუთითებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას სამხრეთში ელოდა, ამიტომაც მისი დანაყოფები ხარკოვში უკრაინელთა თავდასხმებისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.

ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების განსაკუთრებულ დიდ რაოდენობაზე, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმაც ისაუბრა.

„დავიწყოთ პრობლემით. უდიდესი პრობლემაა, გრანდიოზული, არ ვიცით სად წავიყვანოთ ამდენი ტყვე“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

ასევე რამდენიმე დღის წინ, ჯერ სოციალური ქსელებით, შემდეგ კი უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქში დატყვევებულ სამხედროებს შორის იყო რუსეთის არმიის გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სიჩევოი, დასავლეთის მიმართულების მეთაური.

ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში უკრაინელთა კონტრშეტევა მეორე კვირაა გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, სამხრეთში, უკრაინის დამცველებმა ფრონტის ხაზი 12 კილომეტრით გადაწიეს, ხარკოვის ოლქი კი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს რუსი სამხედროებისგან და ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციის საზღვრამდეც მივიდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: