„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო საქართველოს მოქალაქეები კარგავენ ყველა სიკეთეს, რაც ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ დასავლეთის ქვეყნებისგან. პანკისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრი“ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზარალდება მოსახლეობა „ოცნების“ კანონების შედეგად.
„კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრი“ ჯერ კიდევ 2004 წლიდან მუშაობდა პანკისელი ახალგაზრდების და ქალების გაძლიერებაზე. ახლა ორგანიზაცია მორიგი რეპრესიული, ე.წ. გრანტების კანონის გამო იხურება. უმუშევარი რჩება ორგანიზაციის 20-მდე თანამშრომელი, ხეობა კი კარგავს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ამ ორგანიზაციის მეშვეობით, სწორედ ევროპული გრანტების დახმარებით გაიცემოდა.
რას კარგავს პანკისის ხეობა ორგანიზაციის დახურვით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იზა ბექაურს, „კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს ესაუბრა.
ქალბატონო იზა, როგორც ვიცით, წლებია რაც პანკისელ ახალგაზრდებთან მუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, ჩართული გყავდათ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, ეხმარებოდით ადგილობრივ ქალებს, ახლა კი თქვენი ორგანიზაცია იხურება. ეს არის რუსული კანონების შედეგი?
რა თქმა უნდა. 2000 წლიდან, როცა პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილები შემოვიდნენ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ ლტოლვილებისთვის სხვადასხვა პროექტი გააკეთეს. მე 2004 წლიდან ვმუშაობდი ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოში, საგანმანათლებლო პროგრამაში ვიყავი ჩართული, რომელიც სწორედ ჩეჩენი ლტოლვილებისთვის ხორციელდებოდა.
პანკისელი ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროგრამებში.
2008 წელს კი დავაფუძნეთ ცალკე არასამთავრობო ორგანიზაცია, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“, რომელიც ასევე მუშაობდა ჩეჩენი ლტოლვილების ინტეგრაციის პროექტზე. 2010 წელს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო გავიდა პანკისის ხეობიდან, შემდეგ წელს გავიდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიც და ეს საქმიანობა ჩვენ გადმოგვაბარა. გადმოგვაბარა ერთი სასწავლო ცენტრი, ჩაგვაბარეს საბავშვო ბაღები და რუსული სექტორები. შემდეგ ეს რუსული სექტორები გადავაბარეთ სახელმწიფოს, ანუ სკოლებს. რუსული სექტორები დაიხურა, მაგრამ ბაღები შენარჩუნდა.
დუისში გვქონდა სასწავლო ცენტრი, სადაც დადიოდნენ ჩეჩენი ლტოლვილები და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობაც. ბავშვები სწავლობდნენ ქართულს, ინგლისურს, უნარებს და საქართველოს ისტორიას.
პანკისელი ქალები
ვმუშაობდით ქალებთან და ვეხმარებოდით პროფესიული განათლების მიღებაში, ცნობიერების ამაღლებაში და ეკონომიკურ გაძლიერებაში.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), UNDP, სხვადასხვა საელჩოები გვეხმარებოდნენ ამ ცენტრების შენარჩუნებაში. 2018 წელს უკვე ჯოყოლოში გავხსენით ცენტრი, იმიტომ, რომ პანკისში შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს და სხვა მოშორებული სოფლებიდანაც რომ ევლოთ ადამიანებს ამ ცენტრში.
მესამე ცენტრი გავხსენით ქორეთში, სადაც აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ასევე ოსები, ჩეჩნები და ქისტებიც არიან. იქ გავაკეთეთ პატარა სასწავლო ცენტრი ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის.
რა ცოდნას იძენდნენ ამ ცენტრებში ახალგაზრდები, რა იყო მათი ინტერესების სფერო?
ვეხმარებოდით პროფესიულ გადამზადებაში და ეს ყველაფერი მათთვის იყო უფასო. სასწავლო კურსები გვქონდა ქალებისთვის – ჭრა-კერვა, კულინარია, თიხაზე, თექაზე მუშაობა. ბიჭებისთვის იყო ელექტროშედუღების კურსები, სწავლობდნენ ელექტროგაყვანილობას და სხვა პროფესიებსაც.
ვეხმარებოდით ახალგაზრდებს განათლების მიღებაში, რომ უმაღლესში ჩაებარებინათ.
პანკისელი ახალგაზრდებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა.
ადგილობრივ ქალებს ვასწავლიდით პროექტების წერას და შემდეგ სხვადასხვა ფონდების საშუალებით ვუფინანსებდით ბიზნეს გრანტებს. თუკი პანკისში რამე ფუნქციონირებს, იქნება ეს პატარა კაფეები, სამკერვალოები, საოჯახო სასტუმროები, ყველგან ჩვენი გადამზადებულები საქმდებოდნენ.
ამ ყველაფერს დაკარგავს პანკისი გრანტების კანონის გამო?
როცა ე.წ „გამჭვირვალობის კანონი“ მიიღეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავრეგისტრირდით ამ რეესტრში. როცა ჩვენს სასწავლო ცენტრებს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, ბევრჯერ მივმართეთ მერიას, რომ საიჯარო ხელშეკრულებები გაეგრძელებინათ ჩვენთვის, მაგრამ უარი მივიღეთ. დენის, გაზის და სხვა კომუნალურ ხარჯებს ვეღარ ვიხდიდით, რადგან არ იყო ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული და ხელზე გვიწევდა დავალიანებების გადახდა.
პანკისელი ახალგაზრდები სწავლობენ კულინარიას.
შემდეგ მიიღეს „ფარას“ კანონი (აგენტების კანონი), რომელიც გაავრცელეს ფაქტობრივად ყველა დონორზე. ახლა გრანტების კანონსაც იღებენ და ახალ დაფინანსებას საერთოდ ვეღარ მივიღებთ. მერიაც გვაცლევინებს შენობებს. ალტერნატიული ფართი რომც ვიპოვოთ, მაინც ვეღარ შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას, რადგან დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მიღების უფლება წაგვართვეს ამ კანონებით.
ფაქტობრივად, თებერვლის ბოლოს ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად წყვეტს მუშაობას, ყველა პროექტს ვაჩერებთ.
რას ამბობენ სოფელში, არ აქვთ პროტესტის განცდა ამ უსამართლობის გამო?
გუშინ ვიყავი შეხვედრაზე და მოსახლეობას, ცხადია, აქვს პროტესტის განცდა. მეუბნებოდნენ კიდეც, წავალთ, გავაპროტესტებთო, მაგრამ ისეთ კანონებს იღებენ, უკვე პროტესტიც აზრს კარგავს. თანაც აქ დადიან თვითმმართველობების წარმომადგენლები და ეუბნებიან, ჩვენ გაგიხსნით უფრო თანამედროვეს ცენტრებს და აღვჭურავთო.
სად იყვნენ აქამდე, რატომ არ იზრუნეს?
არ ვიცი, მაგრამ ასე ჰპირდებიან. 20 თანამშრომელი ადგილობრივი ქისტი გვყავს, ქალებიც უმუშევრები დარჩებიან.
გარდა ამისა, ამ პროექტების წყალობით, ყოველდღიური შეხება ჰქონდათ ქართველებს და ქისტებს ერთმანეთთან, ახლა კი ეს თანამშრომლობა გაწყდება.
ჩვენ მარტო პანკისში არ ვმუშაობდით, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ბოლნისში და თელავის რაიონში ვმუშაობდით ეთნიკურ უმცირესობასთან. ფაქტობრივად, ყველა პროექტი გაჩერდება. ძალიან ადგებოდათ ეს პროექტები ახალგაზრდებს. ისწავლეს ინგლისური, უცხოეთში ვინც წავიდა, ბევრმა გაიარა პროფესიული კურსები იქ და გამოადგათ აქ მიღებული სერტიფიკატები.
პანკისელი ქალები ქმაწარმოებენ სხვადასხვა სახის პროდუქციას.
ძალიან ბევრი ქალი, რომლებმაც ჭრა-კერვა ისწავლეს, თურქეთში, სამკერვალოებში დასაქმდნენ და აი, ასეთი, ძალიან კარგი პროექტები გაჩერდება.
სიღარიბე, უპერსპექტივობა ისედაც აცარიელებს სოფლებს. ასეთი სიკეთეების წართმევა რას გამოიწვევს ამ ხეობაში როგორ ფიქრობთ, რამდენად დააზარალებს ახალგაზრდობას?
პანკისიდან ბევრია გასული, მიდიან ემიგრაციაში და თავშესაფარს ითხოვენ ევროპის ქვეყნებში. ვისაც დეპორტი გაუკეთეს და უკან ჩამოვიდნენ, კიდევ უფრო გართულდა მათი ცხოვრება. ყველაფრის თავიდან დაწყება უწევთ. ძალიან ცუდი სურათია და არ ვიცი რა ვთქვა. ცუდი ამბებია.
პანკისელი ახალგაზრდები
ჩვენ არც ქვეყნის მტრები ვართ და არც რაიმე ცუდი გაგვიკეთებია. პირიქით, ვშრომობდით, ვეხმარებოდით ხალხს – სოციალურად დაუცველებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ბევრი პროგრამა გვქონდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის. ფაქტობრივად ყველაფერი უნდა გაჩერდეს.
20 ქალი მყავდა დასაქმებული, ოფისში 20-მდე ადამიანი ვმუშაობდით და ყველა ვრჩებით სამსახურის და შემოსავლის გარეშე. ყველა ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, რადგან აქ მომავალს ვეღარ ხედავენ.
ეს ყველაფერი ხომ დაასუსტებს ჩვენს ქვეყანას და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, არა?!
რა თქმა უნდა. აწყობილი, დალაგებული პროექტები, დონორებთან ურთიერთობა და ამდენი შრომა, ყველაფერი იკარგება.
ახლა თუ ვინმე მაინც არის ხმის ამომღები, წლების შემდეგ, საერთოდ არავინ ამოიღებს ხმას უსამართლობაზე. ეს კანონები ყველანაირად გვზღუდავს. თავს ხომ არ დავაჭერინებთ.
„წილს სთხოვდნენ, ეს ნამდვილად ვიცი, თვითონ მელაპარაკა ამის შესახებ“, – ნაფიც მსაჯულებს გადახედა მოკლული კაცის დამ, ნათია ბოლქვაძემ და ჩვენების მიცემა განაგრძო.
დღეს, 18 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ რამდენიმე მოწმის ჩვენება მოისმინეს. ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. რომელიც დღეს მთელი პროცესის განმავლობაში მდუმარედ იჯდა.
ნაფიც მსაჯულებსაც არაფერი უკითხავთ. ისინი ინტერესით შეჰყურებდნენ მოწმეს და დროდადრო ფურცელზე ინიშნავდნენ კონკრეტულ დეტალებს.
საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და სოფელ აჭარისწყალთან – იქ, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია – ტურისტებზე კატერს აქირავებდა.
2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის ამ საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბ. და 1993 წელს დაბადებული თამაზ შ. დააკავეს. გოგის განზრახ მკვლელობის ჩადენა ედება ბრალად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.
„როცა მას [ბრალდებულს] ქურდობა სურდა, ყველაფერია ერთმანეთთან კავშირში… ახსენებდნენ მინდია გორაძეს [ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ცნობილია მისი შეცვლილი გვარით – ლავასოღლი], თუ ხოფერიას, ენცო [ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები] ლაშა ბოლქვაძის მეზობელია…“ – სასამართლო სხდომაზე მოკლული ბიჭის დამ, ნათია ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა ეჭვებს იმაზე, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა ბიზნესწილის დათმობის იძულებას ეხებოდა და კავშირს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან.
ნათია ბოლქვაძე ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არა აქვს, მაგრამ მკვლელობის წინა დღით თავის ძმას ესაუბრა და მან გაანდო, ახალშენიდან მთხოვენ წილის დათმობასო.
„არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ სთხოვდა, მაგრამ მთხოვენო,“ – დასძინა მოწმემ.
ადგილი, სადაც 33 წლის ბესიკ ბოლქვაძე მოკლეს
მდინარის პირას ერგეში მცხოვრებ ბესო ბოლქვაძეს მეზღვაურ ნიკა კოკობინაძესთან ერთად კატერების გასაქირავებელი ადგილი დაახლოებით 2 წლის წინ მოუწყვია. ამ პირებს ბიზნესი, ანu ადგილი, სადაც კატერი ქირავდებოდა, დარეგისტრირებული არ ჰქონდათ. მოკლული კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბესო ბოლქვაძე აპირებდა ბიზნესის რეგისტრაციას და მის გაფართოებას, რადგან საქმე მომგებიანი გამოდგა.
შესვენებაზე ნათია ბოლქვაძე ტელეფონში თავისი ძმის მინაწერსაც გვაჩვენებს ბიზნესპარტნიორ ნიკა კოკობინაძესთან: „განაბებს არეკიებენ“ – წერდა გემზე სამუშაოდ წასულ პარტნიორს ბესიკ ბოლქვაძე.
„ნიკას მე რამდენჯერმე მივწერე, ეთქვა, რა იცოდა, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ყველა შეტყობინება უპასუხოდ დატოვა. იგი სამძიმარზეც არ მოსულა, მე ამ დრომდე არ მინახავს… ეს რას ნიშნავს? ბესოს ბავშვობის მეგობარი იყო, ერთად ჰქონდათ საქმე,“ – მოსამართლეს გახედა მოწმემ. ამ სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე ნინო სახელაშვილია.
„რეალურია ეს პროფილი, სადაც თქვენ მას წერდით და არ გიპასუხათ?“ – დაეჭვდა ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი ბრალდებულ გოგი ბ.-ს ინტერესებს იცავს.
„მოდით, ვცადოთ, ახლაც დავრეკოთ“ – თქვა პროკურორმა გიორგი მუჯირმა და ნათია ბოლქვაძეს მიუახლოვდა. მალევე, მოწმის მობილური ტელეფონიდან სავარაუდოდ ნიკა კოკობინაძესთან მესინჯერში გაუშვეს ზარი.
ხმამაღლა რამდენჯერმე გაისმა ზარის ხმა, რომელსაც არავინ უპასუხა. მოწმეს ნერვიულობა დაეტყო. ნიკა კოკობინაძეს ნაფიც მსაჯულები ხვალ, 19 თებერვალს მოუსმენენ.
„ტელევიზორიდან გავიგეთ, ვინ იყო დაკავებული,“ – ადვოკატს მიმართა ქალმა და მკერდთან დამაგრებულ ძმის ფოტოს შეეხო ხელით.
„მიზეზი რა გაიგეთ? როგორ დაადგინეს, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა?“ – ისევ მოწმეს მიმართა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
„თავისი ავტომანქანით ის იყო იქ მისული, სხვა არავინ… რა უნდოდა ღამის სამ საათზე იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩემი ძმა იყო? სხვა რომელიმე ობიექტი იმ ტერიტორიაზე არ მუშაობს,“ – ბრაზი დაეტყო მოწმეს და მერე განმარტა, ერთ-ერთ ვიდეო სათვალთვალო კამერაში სწორედ ბრალდებულის ავტომანქანა რომ ჩანს, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ჩერდება.
ეს კადრი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, თუმცა კადრში უშუალოდ მკვლელობის შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ბესო ბოლქვაძე ღამითაც ჩერდებოდა კატერების გასაქირავებელ ადგილზე, რადგან ჰესის გამო მდინარის დონე იცვლება, კატერს კი, ყურადღება სჭირდებოდა.
საქმეში არაა პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს გოგი ბ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. პროკურატურა მტკიცებულებათა ერთობლიობაზე ამახვილებს ყურადღებას და იმაზე, რომ გამოძიება გრძელდება.
მოწმე ნათია ბოლქვაძეს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება გაახსენა ადვოკატმა რამინ პაპიძემ – 2025 წლის 16 ივნისის ჩვენებაში ქალს გამომძიებლისთვის უთქვამს, რომ „ძმას არ უთქვამს რაიმე კონფლიქტის, ან უთანხმოების შესახებ. მე არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია…“
„ეს როგორ უნდა გავიგოთ? თქვენ ჩვენება მიეცით 16 ივნისს, ამ დროს ბრალდებულები უკვე დაკავებული იყვნენ, დრო გასული იყო, მაშინ რატომ არ ახსენებთ უთანხმოებას და წილის დათმობას?“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი რამინ პაპიძე.
„შეიძლება, პირველ ჩვენებაში არ გამახსენდა, რაც გამახსენდა, ის ვთქვი,“ – იუხერხულა შეკითხვა მოწმემ.
ბესიკ ბოლქვაძის მკვლელობის მოტივი რომ შესაძლოა ბიზნესის დათმობას უკავშირდებოდეს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმირებული წყარო მკვლელობის დღესვე მოუყვა.
რა კავშირი აქვს ბრალდებულს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან, ლავასოღლისთან, ან ხოფერიასთან? – ადვოკატმა რამინ პაპიძემ მოწმეს ამ საკითხზეც დაუსვა შეკითხვა: „ბესო ბოლქვაძე მოკლეს იმიტომ, რომ ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი ამ ადამიანების მიერ?“- იკითხა ადვოკატმა.
„მე ასეთ ინფორმაციას არავინ მომაწვდიდა…“ – უპასუხა ადვოკატს მოწმემ და პაუზის შემდეგ ახსენა ის, რომ ბრალდებულს „ქურდობა უნდოდა“.
ირკვევა, რომ ბესო ბოლქვაძე და ბრალდებული გოგი ბ. ერთმანეთს იცნობდნენ და ერთმანეთთან უთანხმოება წინა პერიოდშიც ჰქონიათ.
„მიწა სოფელ ერგეში გორაძეს ეკუთვნოდა და აწერდნენ, ბოლქვაძეს უნდა მისცეო. ჩემს ძმას გორაძისთვის დაუჭერია მხარი. ეუბნებოდნენ, შეიცვალე გვარი, გორაძე ხარო… ბრალდებულს ფულის მიღებას ჰპირდებოდნენ, თუ მიწას დათმობდა გორაძე,“ – გვითხრა შესვენების დროს ნათია ბოლქვაძემ.
„სახლში ამბობდა, რომ სთხოვდნენ ადგილის დათმობას, ხშირად ახსენებდა, ვერ მოვიცილე ხალხიო… ამბობდა, რომ სხვებსაც სურდათ კატერების შემოყვანა ჩემი შვილის მიერ მოწყობილ სანაპიროზე. მერე მე საერთოდ გამაგდებენო.
მერე იყო მიწასთან დაკავშირებული ჩხუბი. ვიცი, რომ ხელი დაარტყა ბრალდებულმა ჩემს შვილს,“ – გვითხრა სასამართლოს შესასვლელთან ნევრესტან ბოლქვაძემ, ის მოკლული კაცის დედაა.
რას ამბობს პროკურორი ამ საქმეზე?
„კვალი არ არის ნანახი. ბრალდებული შეეცადა, კვალი წაეშალა“, – უთხრა პროკურორმა გიორგი მუჯირმა „ბათუმელებს“. მას ვკითხეთ მტკიცებულებებზე: რა ადასტურებს კონკრეტულად იმას, რომ გოგი ბ.-მ ჩაიდინა მკვლელობა?
მკვლელობის იარაღი – ავტომატი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. პროკურორი ყურადღებას ამახვილებს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, ღამის 02:51 – 03:00 საათამდე პერიოდში [ეს მკვლელობის ჩადენის სავარაუდო დროა] 127 ავტომანქანიდან მკვლელობის ადგილზე მხოლოდ გოგი ბ.-ს ავტომანქანა ჩერდება.
„იმ ადგილზე ბრალდებული 9 წუთია დაყოვნებული. სხვა მანქანა არ გაჩერებულა. ეს დადასტურებულია. ჭკვიანი კამარებით ფიქსირდება ავტომანქანის ნომერიც, ბრალდებული მიდის ამის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე და ამ მანქანაში რომ ნამდვილად თვითონ იჯდა, ესეც ჩანს: გადმოდის მანქანიდან და მისი სახეზე ამოცნობაც შესაძლებელია.
გვაქვს ასევე სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, საეჭვო მიმოწერები, რაც მიუთითებს მკვლელობისკენ.
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაული. ამ დროს ბრალდებული ცდილობს, რომ დანაშაული მოწმეებისგან უხილავ ადგილას ჩაიდინოს და კვალი გაანადგუროს. ამიტომაც, მან მკვლელობის შემდეგ სცადა ავტომანქანის მდინარეში გადაგდება, ბრალდებული ცდილობდა, რომ სუფთად შესრულებია ეს. შემდეგ მას ჰქონდა 10 დღე, რომ ეს ავტომატი გადაემალა.
ფეხსაცმელი არის ის, რაზეც ხშირად რჩება დენთის კვალი. დღემდე დაცვის მხარე და ოჯახი ამ ფეხსაცმელს მალავს. გამოძიებამ ვერ მიაგნო, სად წავიდა ფეხსაცმელი… ადამიანი იშორებს მტკიცებულებებს, ის შლის ტელეფონიდან ინფორმაციას, აგდებს იმ დღის ფეხსაცმელს და რაც ეცვა, საგულდაგულოდ რეცხავს, მაგრამ ყოველთვის რჩება ადგილზე რაღაც ისეთი, რასაც გამოძიება სწორ კვალზე გაჰყავს,“ – გვითხრა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
პროკურატურას ამ ეტაპზე არ აქვს მკაფიო პოზიცია მკვლელობის მოტივაციაზე: რატომ შეიძლება მოეკლათ ბესიკ ბოლქვაძე? პროკურორი ამბობს, რომ ცალკე მიმდინარეობს გამოძიება იარაღის გასაღებაზე, დანაშაულის შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების დაფარვაზე.
შეიძლება ეს მკვლელობა უკავშირდებოდეს ბიზნესის დათმობას და „ქურდულ სამყაროს“? – ვეკითხებით პროკურორს.
„არ შემიძლია დღეს მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ ეს უკავშირდება ქურდულ გარჩევას, თუმცა არც ის შემიძლია, რომ ეს გამოვრცხო. აქ რამდენიმე მოტივაციაა: დაზარალებულს და ბრალდებულს ჰქონდათ კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. დიახ, ეს სხვისი მიწის ნაკვეთი იყო, მაგრამ ბრალდებულს გააჩნდა ინტერესები. თანაც, ბრალდებულს მენტალიტეტიდან გამომდინარე პრეტენზია გააჩნდა, რომ გარჩევაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ ის მომავალი ქურდი იყო.
სხვა მოწმეების ნათქვამს რომ თავი დავანებოთ, ბრალდებულის ტელეფონიც გამოიკვლია ბრალდების მხარემ, აღდგენილი იქნა მასში არსებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციაში ის თვითონ საუბრობს, რომ არის ქუჩური მენტალიტეტის მქონე. ხმოვანი შეტყობინებაც არის, სადაც ამბობს, რომ ის არის ქუჩური მენტალიტეტის. ამ ჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარებულია და ავთენტურობა დადგენილია… ჩვენ ვადგენთ იმას, რომ ბრალდებული არის ერთ-ერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ამ წრესთან [ე.წ. ქურდული სამყარო] და ის ცდილობდა, ამ წრეში ღირსებული ადგილის მოპოვებას“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
კიდევ ერთი დეტალი: მოკლული კაცის ავტომანქანიდან გამოძიებამ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. პროკურორი გიორგი მუჯირი ამბობს, რომ ეს იყო „ლირიკა“ და განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებული ნარკომომხმარებელი იყო.
ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. ნაფიცი მსაჯულები ამ საქმის განხილვას ხვალ განაგრძობენ. მსაჯულებმა მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ.
აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია გაფრთხილებას ავრცელებს დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
„18 თებერვლის 19:00 საათიდან 21:00 საათამდე აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 20-25 მ/წმ“ – იუწყებიან სინოპტიკოსები.
„ოცნება“ გეგმავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი შეცვალოს, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურებიგანახორციელებენ და სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირებს ამის უფლება აღარ ექნებათ.
2026 წლის 30 იანვარს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება, რომლითაც საპარლამენტო მდივანს დაავალა პარლამენტს წარუდგინოს „ოცნების“ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა საგაზაფხულო სესიისთვის. განკარგულებას თან ახლავს ჩამონათვალი.
სამშენებლო ტექნიკურ ზედამხედველობას ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებდნენ ის ფიზიკური პირებიც, რომლებიც ამ საქმისთვის სპეციალურად გადამზადდნენ, თუმცა ბევრი მათგანი „ბათუმელებთან“ პირად საუბარში აცხადებს, რომ გადამზადების შემდეგ მუშაობა ვერ შეძლო, რადგან მშენებლების უმეტესობას რეალურად არ სურთ ზედამხედველობას დაექვემდებარონ.
„სამსახური დავტოვე, რადგან ვხედავდი, რომ კომპანია არ ასრულებდა მოთხოვნებს, დავიწყე მოხსენებითი ბარათების დაწერა, რაც უფროსს არ მოეწონა. ზედამხედველობა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომაც სამსახურის დატოვება მომიწია“, – თითქმის იდენტური მიზეზით ხსნიდნენ სამსახურის დატოვებას ის სერტიფიცირებული ზედამხედველები, რომლებმაც მუშაობაზე უარი თქვეს.
განმარტების მიხედვით, რომელიც თან ახლავს „ოცნების“ პრემიერის განკარგულებას, ინიციატივის მთავარი იდეა კომპლექსური ზედამხედველობაა, რაც ამ დრომდე არ ხორციელდებოდა:
„მშენებლობის ზედამხედველობა კომპლექსური პროცესია და მოცულობითი სამუშაოს განხორციელებასთან, სხვადასხვა კვალიფიკაციის ექსპერტთა ჩართულობასა და მთელ რიგ ლაბორატორიულ გამოცდებთან/კვლევებთან არის დაკავშირებული, რასაც ერთი, თუნდაც სერტიფიცირებული ზედამხედველი ექსპერტი ვერ უზრუნველყოფს.
მშენებლობის ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გუნდი, კერძოდ, სამშენებლო კონსტრუქციების მშენებელ-ინჟინერი, წყალმომარაგების, წყალარინების, კანალიზაციის ქსელების ინჟინერი, გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის ქსელების ინჟინერი, ელ. მომარაგების ქსელების ინჟინერი, სუსტი დენების ქსელების ინჟინერი და სხვა, რომელთა ეფექტურ კოორდინაციას, ურთიერთშეთანხმებული მუშაობის ორგანიზებას და კონტროლის უზრუნველყოფას დამატებით ცალკე კვალიფიკაცია ესაჭიროება, რასაც შეძლებს მხოლოდ გამართული მენეჯმენტის მქონე ორგანიზაცია.
სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ შეუძლებელი იქნება მითითებულის განხორციელება და მათი ბაზარზე დაშვებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი მომსახურების თანაზომადი ხარისხი, რაც გამოიწვევს ზედამხედველობის ხარისხის დაწევას ბაზარზე და პირდაპირ უარყოფითად აისახება მშენებლობის ხარისხზე.
აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17020-ის შესაბამისად აკრედიტებულ იურიდიულ პირებს, ინსპექტირების ორგანოებს აქვთ ვალდებულება, მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში ჩართული ჰყავდეთ არა მხოლოდ ერთი ინსპექტორი, არამედ კომპეტენტური პერსონალის მთელი გუნდი,ზემდგომი თანამშრომლები – ხარისხის მენეჯერი, ტექნიკური მენეჯერები და ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი, რომლებიც აკონტროლებენ ინსპექტორის მიერ ზედამხედველობის განხორციელების პროცესს, აგრეთვე ტექნიკური და ადმინისტრაციული წესით ამოწმებენ ინსპექტირების შედეგად გამოცემულ ინსპექტირების ანგარიშებს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ინსპექტორის შეცდომის ან არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკი“, – ნათქვამია განმარტებაში.
ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამშენებლო ზედამხედველობას სწორედ ინსპექტირების ორგანიზაციები ახორციელებდნენ და არა ფიზიკური პირები.
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი #1 აფთიაქის შენობა ისევ მიტოვებულია და უფუნქციო, თუ არ ჩავთვლით 2-3 კომერციულ ობიექტს, რომელიც შენობის პირველ სართულზე მუშაობს.
ძეგლის მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება [სს] ს „ჟასმინი“, ნაკისრ ვალდებულებებს ახალი მფლობელის პირობებშიც ვერ ასრულებს.
პირველი აფთიაქის შენობის რესტავრაცია ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო. შენობა არსებული სახით უნდა აღედგინათ და სასტუმრო გაეხსნათ. ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ამჯერად შენობის მესაკუთრე კომპანიის, შპს „ჟასმინის“ ახალმა მფლობელმა აიღო.
შენობის აღდგენის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ 2020 წლის ივლისში განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია საპროექტო პირობების დარღვევის გამო, სააგენტომ არაერთხელ დააჯარიმა, თუმცა შენობის აღდგენის სამუშაოები ამ ეტაპზე განახლებული არ არის.
ბათუმში ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ახალი მფლობელი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქია. 2019 წლის დეკემბერში მან ამ ქონების მესაკუთრე კომპანიის სს „ჟასმინის“ ასი პროცენტი შეისყიდა.
კომპანიის წილებში გალიფ ოზთურქმა ჯამში 42 მილიონი ლარი [13 მილიონ აშშ დოლარი] გადაიხადა.
შესაბამისად, ის გახდა ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედნის მიმდებარედ არსებული ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მფლობელი. მანვე აიღო ის ვალდებულებებიც, რასაც „ჟასმინს“ აჭარის მთავრობასთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.
2022 წელს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ის ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს, 2023 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მეტწილად გაჩერდა ან შეფერხდა მის კომპანიებთან დაკავშირებული პროექტებიც.
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან 2026 წელს გაათავისუფლეს.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, სს „ჟასმინის“ წილები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა დაყადაღებული.
უკრაინის მოქალაქეები არ დაუჭერენ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დონბასიდან ჯარების ცალმხრივ გაყვანას და რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებს – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 თებერვალს, ამერიკულ გამოცემა Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში, ჟენევაში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ.
ზელენსკის თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში რეფერენდუმს უნდა დაექვემდებაროს, თუმცა ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეები უარყოფენ შეთანხმებას, თუ ის ითვალისწინებს დონბასიდან მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გაყვანას რუსეთის არმიის გაყვანის გარეშე და ასევე, უკრაინელები მხარს არ დაუჭერენ მთელი რეგიონის, რომლის დაახლოებით 10%-საც უკრაინა აკონტროლებს, რუსეთისთვის გადაცემას.
„ემოციურად, ხალხი ამას არასდროს აპატიებს. არასდროს. ისინი არ მაპატიებენ მე, ისინი არ აპატიებენ [აშშ-ს]“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებს არ ესმით, რატომ სთხოვენ მათ დამატებით მიწის დათმობას.
„ეს ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ყველა ეს მოქალაქე, დროშა, მიწა…“, – თქვა ზელენსკიმ ინტერვიუში.
ამავე დროს, Axios-თან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები, მისი აზრით, თანახმა იქნებიან დონბასში საბრძოლო ხაზების გაყინვაზე.
_______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GIAN EHRENZELLER
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის Marinera-ს, იგივე Bella1-ს კაპიტანს, რომელსაც აშშ-ს სანაპირო დაცვა კვირების განმავლობაში დევნიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, ბრალდებები მოიცავს ნავთობტანკერის მიერ გაიანის დროშის ყალბად აღმართვას და სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას – კერძოდ, გემის შეჩერებაზე უარს, რათა აშშ-ის ძალებს ბორტზე ასვლის შესაძლებლობა მისცემოდა.
Marinera-ს კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა.
Marinera-ს ამერიკული ძალები ატლანტის ოკეანეში ერთი კვირა მისდევდნენ, მას შემდეგ, რაც ხომალდი ვენესუელისკენ მიმავალ გზაზე გააჩერეს.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა სისხლისსამართლებრივი ბრალდებები გამოიწვია.
კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, ორი ფედერალური დანაშაულის ბრალდება წაუყენეს 12 თებერვლის საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გავრცელებულა. პირველი მუხლით ბატონ კალანდაძეს ედავებიან, რომ ტანკერზე ყალბად აღმართა გაიანის დროშა – მაშინ როცა გემი ამ ქვეყანაში რეგისტრირებული არ იყო, რათა 20 დეკემბერს აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ მისი დაკავება აეცილებინა.
მეორე ბრალდება მას სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას ედავება. კერძოდ, ტანკერის შეჩერებასა და ამერიკული ძალებისთვის გემზე ასვლის ნებართვის მიცემაზე უარს.
ამის ნაცვლად, გემი, რომელიც მაშინ Bella 1-ის სახელით იყო ცნობილი და კარიბის ზღვაში ვენესუელისკენ მიემართებოდა, უკან, ატლანტის ოკეანეში დაბრუნდა, აშშ-ის ძალების დევნის პარალელურად.
გზაში გემმა სახელი შეიცვალა, Marinera დაირქვა და განაცხადა, რომ რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. ეკიპაჟმა ტანკერის ბორტზე რუსეთის დროშა დახატა, ხოლო გემი რუსეთის ოფიციალურ საზღვაო რეესტრში დარეგისტრირდა,“ – ნათქვამია New York Times-ის სტატიაში.
რუსეთის მთავრობამ დიპლომატიური არხებით შეერთებულ შტატებს მიმართა მოთხოვნით, შეეწყვიტათ ტანკერის დევნა. მიუხედავად ამისა, 7 იანვარს, გაერთიანებული სამეფოს სანაპიროსთან, ამერიკული ძალები ნავთობტანკერზე ავიდნენ. დააკავეს კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე და ეკიპაჟის დანარჩენი წევრები.
„გემის დაკავება პრეზიდენტ ტრამპის მცდელობის ნაწილი იყო, დაემყარებინა კონტროლი ვენესუელის მრავალმილიარდიანი ნავთობის ინდუსტრიაზე.
18 თებერვლის მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ნავთობით ვაჭრობაში ჩართული კიდევ რვა გემი დააკავა.
ეს გემები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია, რომელთაც ვენესუელიდან, ირანიდან ან რუსეთიდან ნავთობი მსოფლიოს მასშტაბით გადააქვს, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების დარღვევით.
„აშშ-ის ხელისუფლებამ Bella 1-ის დაყადაღების ორდერი გასცა მისი წარსული საქმიანობის საფუძველზე, კერძოდ იმაზე, რომ მას ირანული ნავთობი გადაჰქონდა ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისთვის,“ – ნათქვამია New York Times-ის სტატიაში.
იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კაპიტან ავთანდილ კალანდაძის მეუღლემ, ნათია ძაძამიამ, გაერთიანებულ სამეფოშიწამოიწყო სამართლებრივი დავადა მოითხოვა მისი მეუღლის დაკავების სასამართლო გადახედვა.
თუმცა ეს დავა წარუმატებლად დასრულდა, რადგან 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის იურისდიქციიდან გაიყვანეს და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ქართველი კაპიტნის სასამართლო პროცესი აშშ-ში.
გიორგი ცინცაძე ბათუმის მერი 2025 წელს გახდა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ბათუმის მერის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან, 9 600 ლარია.
2022 წლამდე ბათუმის მერი პოლიციაში მუშაობდა. 2022 წლიდან მას ავსტრიაში საქართველოს საელჩოში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
სწორედ 2022 წელს აქვს გიორგი ცინცაძეს შევსებული პირველი ქონებრივი დეკლარაცია.
პირველი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ცინცაძე იმ დროს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფლობდა 166 კვ.მეტრ ბინას, რომელიც 2018 წელს მემკვიდრეობით მიუღია. დღეს, ეს ბინა ცინცაძის საკუთრებაში არ იძებნება. დეკლარაციის შევსებიდან მალევე, ბინა გიორგი ცინცაძის სიმამრის, რევაზ ჯომიდავას საკუთრებაში გადავიდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯომიდავამ ეს ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით დაირეგისტრირა, თუმცა, გიორგი ცინცაძის დეკლარაციებში არც ბინის გაყიდვაზე და არც მიღებულ შემოსავალზე არაფერი წერია.
სიმამრს ეს ბინა 2025 წლის 14 აპრილს, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე კირილ ლატიპოვზე მიუყიდია. ამავე მისამართზე არსებული 40.10 კვ.მ ავტოსადგომის მესაკუთრეც ლატიპოვი გახდა. მანამდე კი ეს ავტოსადგომი აკაკი ცინცაძის სახელზე იყო რეგისტრირებული.
2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ცინცაძეს ჯამში 1 ჰექტარზე მეტი მიწის სამი ნაკვეთი საგარეჯოში, სოფელ მანავში შეუძენია 2020-2021 წლებში. სამივე მიწის ნაკვეთში 38 000 ლარი აქვს გადახდილი, თუმცა 2023 წლის დეკლარაციაში ეს მიწებიც აღარ ფიგურირებს. გაურკვეველია ცინცაძემ ეს მიწები გაასხვისა, თუ უბრალოდ, დეკლარაციაში აღარ ასახა.
2022 წლის დეკლარაციით, გიორგი ცინცაძის მეუღლეს როზალია ჯომიდავას კოჯორში 600 კვ მიწა შეუძენია, რომელზეც განთავსებულია 406 კვ.მეტრი მშენებარე შენობა-ნაგებობა. დეკლარაციის მიხედვით, ამ სახლსა და მიწაში როზალიას 320 000 დოლარი გადაუხდია. ბათუმის მერი არაფერს წერს, ამ სახლის მშენებლობაზე რა თანხებს ხარჯავს.
ერთი წლის შემდეგ, ანუ 2023 წლის დეკლარაციაში, ეს ქონება როგორც მეუღლის მამის საჩუქარი, ისე ჩაწერა გიორგი ცინცაძემ დეკლარაციაში. თუმცა თანხა ამჯერად არა დოლარი, არამედ ლარი მიუთითა.
2022 წელს შევსებული დეკლარაციიდან:
2023 წელს შევსებული დეკლარაციიდან:
2018 წლის საჯარო რეესტრის მონაცემებით, კოჯრის მიწა და სახლი რევაზ ჯომიდავას სახელზე ყოფილარეგისტრირებული. ამიტომ გაურკვეველია, რატომ მიუთითეს თავდაპირველად დეკლარაციაში როგორც 2022 წელს შეძენილი ქონება, რაშიც თითქოსდა 320 ათასი დოლარი გადაიხადეს.
2022 წლის დეკლარაციით, ცინცაძის მეუღლეს ასევე უფიქსირდება იპოთეკური სესხი – 199 000 ლარი და ახალშეძენილი ბინა თბილისში, ავალიშვილის ქუჩაზე, რაშიც 95 ათასი დოლარი გადაუხდია.
ამავე ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული, რა შემოსავლების საფუძველზე მიიღო როზალია ჯომიდავამ დიდი ოდენობით იპოთეკური სესხი და რა შემოსავლებიდან იხდიდა ამ სესხის პროცენტს, რადგან დეკლარაციის მიხედვით ის დასაქმებული არ არის.
2022 წლის დეკლარაციით, გიორგი ცინცაძეს დანაზოგის სახით აქვს 15 000 დოლარი.
2021 წელს, ავსტრიაში საქართველოს საელჩოში მუშაობისას, გიორგი ცინცაძეს 53 044 ევრო მიუღია. უთითებს, რომ ეს არის „როტაციის წესით სამუშაო მივლინების თანხა. ოჯახის დაზღვევის და ბინის ქირის ჩათვლით“.
რა ხდება გიორგი ცინცაძის მიერ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში
2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერის მეუღლე როზალია ჯომიდავა უკვე დასაქმებულია. 2022 წლის პირველი აპრილიდან ის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს და ხელფასი სახით, ჯამში, 17 587 ლარი აუღია. მას ასევე უფიქსირდება იპოთეკური და სტანდარტული სესხი – ჯამში 236 343 ლარი.
როზალია ჯომიდავას 2022 წელს კიდევ ერთი ბინა უყიდია 87 630 დოლარად [ქუჩა მითითებული არ არის დეკლარაციაში] და 43 000 ლარი ბინის გარემონტებაში დაუხარჯია. ასევე გადახდილი აქვს ორი სესხის პროცენტი „საქართველოს ბანკში“ – მთლიანობაში 11 279 ლარი.
ამ წლის ხარჯებში ჩანს შვილის სწავლის საფასური ბაქსვუდის სკოლაში, სადაც გიორგი ცინცაძეს 8000 ლარი გადაუხდია.
დანაზოგის სახით გიორგი ცინცაძე ამ წელს 10 000 დოლარს აფიქსირებს.
ამავე დეკლარაციაში უკვე აღარ ფიგურირებს როზალიას საცხოვრებელი ბინა ავალიშვილის ქუჩაზე, რომელიც 2022 წელს შეიძინა. საჯარო რეესტრის ამონაწერით, როზალია ჯომიდავას ეს ბინაც გაუსხვისებია, თუმცა შემოსავალი დეკლარაციაში ასახული არ არის.
2024 წელს შევსებული დეკლარაცია
კოჯრის სახლი ისევ ფიგურირებს დეკლარაციაში როზალია ჯომიდავას სახელზე. დეკლარაციით ეს ერთადერთი ქონებაა, რომელსაც ბათუმის მერის ოჯახი ინარჩუნებს.
2023 წელს გიორგი ცინცაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და მისი ხელფასი 71 990 ლარია წლის განმავლობაში. როზალია ჯომიდავას კი 26 216 ლარი მიუღია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ამავე წელს 12 000 ლარამდეა გაზრდილი შვილის სწავლის გადასახადი, თუმცა ვინ გადაიხადა სწავლის საფასური, დეკლარაციაში მითითებული არ არის.
დამატებითი შემოსავლის სახით გიორგი ცინცაძის მიერ გაყიდული მინიკუპერიდან აღებული 7 000 დოლარია მხოლოდ მითითებული. ახალი ავტომანქანის შეძენა უფიქსირდება გიორგი ცინცაძეს ლიზინგის წესით, 71 700 ლარად. გასავალში კი 4 292 ლარი აქვს დაფიქსირებული. ამავე დეკლარაციაში ჩნდება როზალია ჯომიდავას ავტომანქანაც, რომელიც 89 628 ლარად შეუძენია 2023 წელს.
ამავე დეკლარაციით, გიორგი ცინცაძეს დაახლოებით 71 646 ლარი კრედიტი ჰქონდა გადასახდელი.
როგორ გამოიყურება 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ბათუმის მერის ქონება?
2025 წლის დეკლარაციით [დეკლარაცია შევსებულია 13 ოქტომბერს, როცა გიორგი ცინცაძე ბათუმის ვიცე-მერი იყო],გიორგი ცინცაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში – 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით – აღებული აქვს 39 416 ლარი. მის მეუღლეს კი, კვლავ ტურიზმის სააგენტოში – 24 026 ლარი.
ამ დეკლარაციით, გიორგი ცინცაძეს სამომხმარებლო სესხი უფიქსირდება 37 371 ლარის ოდენობით, დანაზოგის სახით კი 8 000 დოლარს უთითებს.
მას ასევე გადახდილი აქვს ლიზინგის თანხა – 19 970 ლარი, ერთი შვილის სწავლის საფასური – 5 ათასი ლარი, ხოლო მეორე შვილის სწავლის საფასური – ჯამში 17 014 ლარი გადახდილი აქვს როზალია ჯომიდავას.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ცინცაძეს გადასახდელი აქვს 51 579 ლარის კრედიტი [ეს, როგორც თავად უთითებს, ავტოგანვადების თანხაა].
გიორგი ცინცაძეს სხვა შემოსავალი ან გასავალი 2025 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ უფიქსირდება.
ამ დეკლარაციით, როზალია ჯომიდავას სახელზეა სახლი კოჯორში და ავტომანქანა Toyota Rav4.
საჯარო რეესტრის მონაცემები
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ცინცაძის მეუღლის სახელზე 2017-2023 წლებში ფიქსირდებოდა 3 საცხოვრებელი ბინა თბილისში: ბესიკის ქუჩაზე – 86.90 კვ.მ; პეკინის ქუჩაზე – 65.94 კვ.მ; ავალიშვილის ქუჩაზე – 69.00 კვ.მ. თუმცა ბოლო ამონაწერების მიხედვით, სამივე ბინა გასხვისებულია.
დეკლარაციებში არსად აუსახავთ, თუმცა რეესტრის ამონაწერებში ჩანს, რომ როზალია ჯომიდავას 2015 წელს შპს „თემი თრეველიც“ დაუფუძნებია. თუმცა ბოლო ამონაწერის მიხედვით, „თემი თრეველს“ ახლა სხვა მფლობელი ჰყავს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2018 წლის ამონაწერის მიხედვით კი, როზალია ჯომიდავას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა – რუსეთის და საქართველოს.
წყარო: საჯარო რეესტრი
გიორგი ცინცაძის მიერ შევსებული დეკლარაციით, როზალია ჯომიდავა მოსკოვშია დაბადებული, მათი სამი შვილიდან ორი – თბლისში, ხოლო ერთი – ვენაში.
უცნობია, დღეს სად ცხოვრობს გიორგი ცინცაძე ბათუმში და ფლობს თუ არა საკუთრებას.
„ბათუმელებმა“ სცადა მერისგან პასუხები მიეღო შემდეგ კითხვებზე:
გაქვთ თუ არა ბათუმში საცხოვრებელი ბინა?
ხომ არ იხდით ბინის ქირას და რამდენს?
თუ არ ფლობთ საკუთრებას და ცხოვრობთ ოჯახის წევრთან (მამა, და ან ძმა) რატომ არ არის ასახული ამ პირების ქონება და შემოსავლები დეკლარაციაში?
თქვენთან ერთად ცხოვრობენ თუ არა თქვენი შვილები? თუ არა, მაშინ მიუთითეთ, ვის საკუთრებაში ცხოვრობენ ისინი?
თავდაპირველად დეკლარაციაში გეწერათ, რომ კოჯორში მიწა და სახლი იყიდეთ, შემდეგ კი დაწერეთ, რომ საჩუქარია. რატომ გაჩნდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერი დეკლარაციაში? – ეს კითხვები მერიის პრესსამსახურის მეშვეობით მივაწოდეთ ბათუმის მერს, თუმცა მან პასუხის გაცემა არ ისურვა.
„დეკლარაციაში რაც არის მითითებული, იმით იხელმძღვანელეთ“, – მოგვწერეს ერთი დღის შემდეგ პრესსამსახურიდან.
ცესკოს მონაცემებით, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და მისი მეუღლე, ბათუმში, რუსთაველის 57 ნომერში არიან რეგისტრირებულები.
ამ მისამართზე არსებული საცხოვრებელი ბინა თავდაპირველად მერის მამის, აკაკი ცინცაძის საკუთრებაში იყო, ბოლო მონაცემებით კი ბინა სოფიო ცინცაძეს (სავარაუდოდ მერის და) ეკუთვნის.
სოფიო ცინცაძის სახელზე ბათუმში რამდენიმე უძრავი ქონებაა რეგისტრირებული, მამის – აკაკი ცინცაძის სახელზე კი 2021 წლის ამონაწერის მიხედვით ფიქსირდებოდა 1501 კვ.მ მიწა, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე, რომელიც სავარაუდოდ გაასხვისა, რადგან ამ მიწას უკვე სხვა მესაკუთრე ჰყავს. აკაკი ცინცაძის სახელზე დღეს რაიმე საკუთრება აღარ იძებნება.
რაც შეეხება როზალია ჯომიდავას მამას, რეესტრის მიხედვით, რევაზ ჯომიდავა ფლობს მიწას მარტვილში, დიდ ჭყონში და ამავე მისამართზე ასევე ითხოვს უფლების აღიარებას სხვა მიწის ნაკვეთებზეც.
2023 წლის ამონაწერის მიხედვით, რევაზ ჯომიდავას საკუთრებაშია 1516 კვ.მ მიწა სოფელ შინდისში.
ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.
დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM2.5 -ის შემცველობის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამ მონაცემებს ბათუმის ცენტრალურ პარკში და ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურები აფიქსირებენ.
„17 თებერვლიდან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
ქვეყნის მასშტაბით ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 შემცველობის მაჩვენებელი არის ზოგან ცუდი, დამაკმაყოფილებელი და ძალიან ცუდი / 18.02.2026 / წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი
ტრანსასაზღვრო დაბინძურების გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე სააგენტოს მიერ მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების მიხედვით:
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:
„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;
შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:
„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.
შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.
პოლონეთმა აკრძალა ჩინეთში წარმოებული მანქანებით სამხედრო ობიექტებზე შესვლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით.
აკრძალვის მიზეზი არის მოსაზრება, რომ ჩინეთში წარმოებულ მანქანებზე დამონტაჟებული სენსორები შეიძლება გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვანი მონაცემების შესაგროვებლად.
პოლონეთის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი მანქანების დაცულ ადგილებში შესვლა მაინც შეიძლება დაშვებული იყოს, თუ კონკრეტული ფუნქციები გამორთულია და თითოეული ობიექტის უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული სხვა დამცავი ზომები მოქმედებს.
კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების რისკის შესამცირებლად, სამხედროებმა ასევე აკრძალეს ტელეფონების ინფორმაციულ-გასართობ სისტემებთან დაკავშირება ჩინეთში წარმოებულ მანქანებში.
შეზღუდვები არ ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომ სამხედრო ობიექტებზე, როგორიცაა საავადმყოფოები, კლინიკები, ბიბლიოთეკები და ა.შ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ზომები პრევენციულია და შეესაბამება ნატოს წევრებისა და სხვა მოკავშირეების მიერ მიღებულ პრაქტიკას თავდაცვის ინფრასტრუქტურის დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად.
დღეს, 18 თებერვალს, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი, 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
პირველ ეტაპზე ანუ დღეიდან, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შშმ ბავშვებს. რეგისტრაცია გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით.
მეორე ეტაპი დაიწყება 22 აპრილიდან და ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში, „ან ოჯახიდან ორი ან 2-ზე მეტი წარმომადგენელი მიდის“.
მესამე ეტაპი ითვალისწინებს ბავშვების რეგისტრაციას ტერიტორიული პრინციპით, რომელიც 15 მაისიდან დაიწყება და პროცესში 12 ქალაქი ჩაერთვება. მათ შორის, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი წარმოდგენილი იქნებიან სასკოლო უბნის პრინციპით.
ხოლო საყოველთაო, ანუ მეოთხე ეტაპი დაიწყება 15 ივნისიდან და გასტანს 3 ივლისის ჩათვლით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 256 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 681 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 051 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 37 363 ერთეული [+40]
MLRS – 1 648 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 302 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 137 924 ერთეული [+1 851]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 314 ერთეული [+26]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 78 919 ერთეული [+194]
სპეცტექნიკა – 4 072 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
114 976 უპილოტო საფრენი აპარატი
650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 742 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 664 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 330 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
54 587 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქცია უკვე წელიწადი და სამი თვე გრძელდება, თუმცა ამ აქციებზე სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: მაგალითად, გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები მას აქეთ, რაც ისინი პარლამენტში შევიდნენ, აქციაზე აღარ ჩნდებიან. პროევროპული აქციის მონაწილეები კრიტიკით დახვდნენ „ლელოს“ გადაწყვეტილებას საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობაზე. 2025 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ლელოს“ ლიდერები აქციაზე იშვიათად ჩნდებიან. აქციაზე იშვიათად თუ მოვა ვინმე ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“.
როგორ ხედავენ პოლიტიკოსები ქუჩის პროტესტის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონების დონეზე? თუ არსებობს თანხმობა, რომ საქმე გვაქვს მიტაცებულ ძალაუფლებასთან და რეჟიმის ნგრევისთვის ქუჩის პროტესტი აუცილებელი პირობაა, რა პოლიტიკური ლოგიკით დისტანცირდებიან პოლიტიკური პარტიები ქუჩის საპროტესტო მოძრაობისგან? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის რეგიონულ ლიდერს დაუსვა.
გენრი დოლიძე: „ტონის მიმცემი უნდა იყოს თბილისი…“
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია სწორედ ქვევიდან ზევით ცვლილებებს გულისხმობს, პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, გენრი დოლიძე მიიჩნევს, რომ „ტონის მიმცემი თბილისი უნდა იყოს“. ყოველდღიურად აღარ, მაგრამ გენრი დოლიძე ბათუმის პროევროპულ აქციებზე ხშირად დადის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში შენარჩუნდეს პროტესტის კერა, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თბილისი ამბობს ყოველთვის პროტესტის საკითხში გადამწყვეტ სიტყვას. ტონის მიმცემი უნდა იყოს თბილისი და როდესაც იქ დაიწყება მუხტის გაძლიერება, ეს ავტომატურად გადაეჯაჭვება რეგიონებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმში პროტესტის კერის არჩაქრობა – ჩვენ ვართ ქალაქი, რომელსაც ბევრი პოლიტპატიმარი ჰყავს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მათ შორის, ქალი პატიმარი გვყავს, სტუდენტი, მედროშე… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სოლიდარობის ნიშნად პროტესტის კერა არ ჩაქრეს ბათუმში,“ – ამბობს გენრი დოლიძე.
გენრი დოლიძე
ოპოზიციონერი არ უარყოფს, რომ მოქალაქეები მასობრივად და სპონტანურად ისევ რომ გამოვიდნენ ქუჩაში, პოლიტიკური ოპოზიცია ისევ არაა ამისთვის მზად – პროტესტი გახდეს თანმიმდევრული და მას შესაბამისი ფორმა მიეცეს.
„…ახალი შემართებისთვის და ახალი სისხლისთვის არის ახალი ფორმები მოსაფიქრებელი. ფაქტია, რომ მაინც გარკვეული ადამიანების კისერზე და ნერვებზე, მათ გამძლეობაზე გადადის ეს ბრძოლა. ქუჩის პროტესტი ისეთი მასშტაბური არ არის, როგორიც იყო თუნდაც წინა წლის დასაწყისში ან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. პროტესტი თავისთავად, ბუნებრივად უნდა დაიბადოს საზოგადოებაში და ხელოვნურად ვერანაირად მოახდენ ამის ინსპირაციას… ხვალ და ზეგ რომ იფეთქოს პროტესტმა და ამას ჰქონდეს სწორი, მიზანმიმართული და თანმიმდევრული ფორმა და გეზი, აი, ამისთვის მზაობას მე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ – არ არის ერთიანობა ოპოზიციაში, მიუხედავად გარკვეული ადამიანების მცდელობისა.
ჩემი პარტია დგას პროტესტის წინა ხაზზე, დაწყებული ზუგდიდიდან, გაგრძელებული თბილისით. პარტიის ლიდერი [ელენე ხოშტარია] ციხეში ზის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მივიჩნევთ, რომ რაც არ უნდა მოვიფიქროთ, ქუჩის პროტესტს არ აქვს ალტერნატივა,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ.
რა უშლის ხელს პოლიტიკოსებს იმაში, რომ გაერთიანება მაინც შეძლონ? – გენრი დოლიძის დაკვირვებით, ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების ნიჰილისტური განწყობებია, რაც არის ოპოზიციონერების შეუთანხმებელი და ურთიერთგამომრიცხავი სვლების შედეგი:
„ერთნი რუსთაველზე აანონსებდნენ, ვთქვათ, რეჟიმისგან გათავისუფლებას და მეორენი რეჟიმთან თანამშრომლობით თვითმმართველობის არჩევნებში შედიოდნენ, ბევრმა რამემ გამოიწვია ეს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს უშუალოდ რუსულ რეჟიმთან, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია გააჩნია პროტესტებთან ბრძოლის: ათასი მაქინაციით, სიბინძურით, ტერორით და პროპაგანდით გვებრძვიან. სწორად უნდა შევაფასოთ მოწინააღმდეგის ძალები, რომ არ გვქონდეს ცრუ მოლოდინები“.
მე ნამდვილად არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც რაღაც დიდ სიტყვას იტყვის და ხალხი მას გაჰყვება. არიან ადამიანები, ვისაც ლიდერობაზე აქვთ პრეტენზია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრობაზე ჰქონდა ბევრს პრეტენზია. ასეთი ადამიანები უნდა გამოვიდნენ ინიციატივებით, თუნდაც სცადონ, ოღონდ საზოგადოებაც უნდა იყოს ლოიალური ვერგამოსვლის შემთხვევაში. ნებისმიერი მცდელობა დასაფასებელია. ჩემთვის პაატა ბურჭულაძის მცდელობაც დასაფასებელია მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ძალიან ბუნდოვანი და მიამიტური ჩანაფიქრი იყო.
ჩემი აზრით, ყოველთვის ჯობია მცდელობა. ინიციატივა უნდა აიღოს ვინმემ. როდესაც საზოგადოება დაინახავს ინიციატივას, მგონია, რომ დაუდგება გვერდით,“ – აღნიშნა გენრი დოლიძემ „ბათუმელებთან“.
რატომ აღარ დადიან პროევროპულ საპროტესტო აქციაზე გახარიას „საქართველოსთვის“ წევრები? რეჟიმის ნგრევა შესაძლებელია პარლამენტში, ან უმაღლეს საბჭოში შესვლით საპროტესტო აქციის გარეშე? – „ბათუმელებმა“ სცადა კითხვები დაესვა თემო ტარიელაძისთვის, რომელიც ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, ვიდრე გახარიას გუნდი პარლამენტში შევიდოდა. თემო ტარიელაძემ მოგვწერა, რომ ის ჩვენს შეკითხვებს ამ თემაზე ვერ უპასუხებს.
ვაჟა დარჩია: „არ გვაქვს შესაძლებლობა, პროტესტი უფრო მწვავე გავხადოთ…“
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის საკრებულოს წევრი, ვაჟა დარჩია განმარტავს, რომ პროევროპულ აქციაზე შესაძლოა ხშირად აღარ ჩანს, რადგან პროტესტი სხვადასხვა დონეზე გაიშალა, მაგალითად, საკრებულოებში, სატელევიზიო დებატებში… „ლელოში“ სჯერათ, რომ პარტიები უნდა გაძლიერდნენ და არჩევნებისთვის მოემზადონ.
„ჩვენ ვუყურებთ პროტესტს, როგორც მნიშვნელოვან ამბავს ყველგან. ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ზუსტად ამას ეხებოდა, რომ წინააღმდეგობის კერები ყველგან არსებულიყო. პროტესტი არის ყველგან გასაძლიერებელი, ქუჩა იქნება ეს, თუ საკრებულოები. ყველა ამ პროცესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მე მაქსიმალურად ჩართული ვარ ქუჩის პროტესტში. ბოლო პერიოდში ჩემი ამბებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდი ხშირად აქციაზე ყოფნას, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან დღეს ჩვენ ვართ აქციაზე.
იშვიათად ვჩანვართ [„ლელო“ წევრები] ნამდვილად და არ არის ის ინტენსივობა, რომელიც შეიძლება კარგი იყოს ამ ამბისთვის, თუმცა ვჩანვართ, რა თქმა უნდა და დისტანცირებას არ ვახდენთ. მგონია, რომ ეს პროცესი არის აუცილებელი, არა თუ მისასალმებელი.
სამწუხაროდ, არ გვაქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ეს პროტესტი რაღაცნაირად გავაძლიეროთ – ყველა გზა პროტესტის გამოხატვისთვის მაქსიმალურად შეიზღუდა. ჩვენ პროტესტს გვერდით ვედექით ყოველთვის, მათ შორის, ფინანსურად, ჯარიმების დონეზე… ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, პირდაპირ რომ გითხრათ, ეს პროტესტი უფრო მწვავე გავხადოთ გარდა იმისა, რომ ჩვენ რაღაცნაირად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი.
არ გვაქვს ჩვენ, ოპოზიციურ ველს იმის შესაძლებლობა, რომ საერთო ფორმატში გავაძლიეროთ აქციები. პირიქით, რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ გარკვეული პოლიტიკოსების მიმართ არ იყო ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ყოფილიყო. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ პროტესტისგან არ დისტანცირდება და ვინც თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა აქ შეიძლება უფრო გამაძლიერებელი იყოს, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია და ვცდილობთ, უკუკავშირი გვქონდეს,“ – გვითხრა ვაჟა დარჩიამ.
ვაჟა დარჩია
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება ეუთომაც დაადასტურა, ხოლო „ოცნების“ რეჟიმი უკვე ტროტუარზე დგომისთვის ციხეში სვამს ადამიანებს, ვაჟა დარჩიას მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.
„არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზაა. ეს იქნება ვადამდელი, თუ კალენდარულად განსაზღვრული, ჩვენ ყველა არჩევნებისთვის უნდა ვიყოთ იმაზე ძლიერი, ვიდრე ვიყავით წინა არჩევნებზე… დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებს, უბრალოდ ისეთ არჩევნებს ჩაატარებს, რომელშიც მაინც წააგებს. 2012-შიც არ იყო დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ რეჟიმი დამარცხდა – იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა საზოგადოებას, რომ მანიპულაციებიც არ ეყო. ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ და ამას სჭირდება პარტიების გაძლიერება,“ – მიიჩნევს ვაჟა დარჩია.
„ლელოს“ ეს პოზიცია რომ აცდენილია საზოგადოების განწყობისგან, ამას ხომ არ აჩვენებს იგივე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები? – ამომრჩეველი მასობრივად არ მივიდა არჩევნებზე, რადგან იგრძნო, რომ ეს არ იყო არჩევნები.
„მაგრამ ყველაზე დაბალი შედეგი მიიღო „ოცნებამ“ 2012 წლის შემდეგ, მათ შორის, დიდ ქალაქებში… ჩვენ არჩევნები მიგვაჩნია ერთადერთ გზად რეჟიმის შეცვლის და ამას სჭირდება პარტიების გაძლიერება და არა დასუსტება. პარტიების გაძლიერება ნიშნავს, მათ შორის, რეგიონებში წარმომადგენლობების გაზრდას, ყველა იმ მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში ყოფნას, რის შესაძლებლობაც არსებობს. ჩვენ ეს შესაძლებლობები ნელ-ნელა გვეხურება, თუმცა დახურული შესაძლებლობები რაღაცნაირად აქტუალური უნდა გავხადოთ…
თუ არჩევნები ჩვენ არ წარმოგვიდგენია ხელისუფლების შეცვლის ინსტრუმენტად, მაშინ პარტიები არ უნდა ვძლიერდებოდეთ და უნდა ვიყოთ აქტივისტები, უნდა ვიყოთ იმ პროცესში ჩართული. ჩვენ როცა პოლიტიკური პროცესი ვაქციეთ აქტივისტურ პროცესად და პოლიტიკოსი აღარ არსებობდა ამ პროცესში, სწორედ იმან მიგვიყვანა აქამდე. ეს პროცესი შეიძლებოდა უფრო პოლიტიზებული ყოფილიყო და სხვაგვარად განვითარებულიყო,“ – აღნიშნა ვაჟა დარჩიამ „ბათუმელებთან“.
რა გზით დაახევინებს „ლელო“ ივანიშვილს უკან, რომელიც ქვეყანაში დიქტატურას ამყარებს – საკრებულოების ტრიბუნებიდან, ან სატელევიზიო დებატებში მონაწილეობით? „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს შევახსენეთ საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეების მოტივი: საპროტესტო აქციების გზით აიძულო არაკონსტიტუციური ხელისუფლება, ჩაატაროს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში არჩევნები.
„ეს რეჟიმები ნიშნავენ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს არ არის სუფთა და არასდროს არ ყოფილა ამ ქვეყანაში სუფთა და დემოკრატიული არჩევნები, ყოფილა სიტუაციები, როცა თვითმმართველობის არჩევნებით, თუ საპარლამენტო არჩევნებით რეჟიმები შეცვლილა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მაქსიმალურად მეტ ადამიანამდე მივიტანოთ სიმართლე… არ გვაქვს ილუზია, რომ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს ვინმე. უბრალოდ, გვაქვს იმის განცდა, რომ არადემოკრატიული არჩევნებითაც კი ხდება რეჟიმების ცვლილება,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
აზა გაბუნია: „უნდა დავბრუნდეთ ქუჩაში ყველა“
„ჩემთვის გასაოცარია, რატომ დაიცალა, ვთქვათ, საპროტესტო აქციები პოლიტიკური აქტივობებისგან და თვითონ პოლიტიკოსებისგან,“ – გვიყვება აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი. ის თითქმის ყოველდღეა ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე და იხსენებს, როგორ დისტანცირდნენ თანდათან პოლიტიკური ლიდერები პროევროპული აქციისგან.
„იყო შემთხვევა, როცა გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლებმა თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და მერე უკვე აქტივისტები დახვდნენ მათ კრიტიკულად განწყობილი. არავის არ აუკრძალია მათთვის ჩვენთან ერთად ყოფნა. ქუჩა ყველას ადგილია, ვისაც უნდა პროტესტის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეუძლია გამოხატოს. ეს აისახა მათ ამომრჩეველზეც: ვისაც მიეცი ხმა, ის თუ აღარ დადის აქციაზე, მერე მხარდამჭერებიც აღარ დადიან…
მიუხედავად იმ რეპრესიებისა, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში: ტროტუარზე დგომის, ბანერის გამოკვრის თუ ხმის ამოღების გამო ადამიანებს იჭერენ და ციხეებში უშვებენ. ყველა შემთხვევაში ჩემი გუნდი იქნება ერთ-ერთი, ვინც ბოლომდე იბრძოლებს ქუჩაში. ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ხილვადი პროტესტი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს. თუ რაიმე ნაწილში საზოგადოებამ შევძელით, რომ ხელისუფლებას უკან დაეხია, ეს იყო ქუჩის პროტესტის დამსახურება. ეს არის ჩვენი ჯიუტი და უტყუარი ბრძოლა არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ბათუმში, ზუგდიდსა, თუ თელავში. ამით ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე,“ – ამბობს აზა გაბუნია.
აზა გაბუნია
აზა გაბუნიას აზრით, ამ ეტაპზე მთავარი პოლიტიკოსების მონდომება და რესურსების გაერთიანებაა, მიაწვდინონ ხმა რეგიონებში, ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს:
„ერთია რადიკალური ფორმებით შეცვალო ხელისუფლება და რევოლუციით, მაგრამ ჩვენ ეს გზა არ გვინდა. ეს არც ქვეყანას არ მიიყვანს სიკეთემდე და მეორე არის მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. მგონია, რომ ეს საპროტესტო მუხტი უნდა გადაიზარდოს სხვა ფორმებში, უნდა გავიდეთ რეგიონებში, ველაპარაკოთ ადამიანებს ყველგან, მივაწვდინოთ ხმა სოფლებში. ყველანაირი გზა უნდა გამოვნახოთ, რომ ველაპარაკოთ ადამიანებს.
ამისთვის საკმარისი რესურსი არ არის. პოლიტიკური ნებაც არ არის. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ მივეცით ამის პირობა საზოგადოებას, რომ ამას ვიზამთ და ვაპირებთ, ყოველკვირეულად გავიდეთ სხვადასხვა რაიონში. მაგალითად, ვიყავით თეთრიწყაროში ორი კვირის წინ, შემდეგ ვიყავით გურიაში. მაქსიმალურად ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ უკიდურეს სოფლამდეც კი, მივიტანოთ ხმა.
მეორე მხარეს არის უზარმაზარი რესურსები, ფინანსები, პროპაგანდის მანქანა. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა დავბრუნდეთ ქუჩაში ყველა,“ – ამბობს აზა გაბუნია.
რა სახის კოორდინაცია არსებობს ამ ეტაპში რეგიონებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის?
„გულწრფელად რომ გითხრათ, საპარლამენტო არჩევნების დროს უფრო მეტად იყო კომუნიკაცია. თვითმმართველობის არჩევნებზე, ვინაიდან და რადგანაც ჩემი გუნდი არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, კომუნიკაცია უკვე ნაკლები იყო. როცა საპროტესტო აქციაზე ვხვდებით, ერთმანეთს ვუცვლით მოსაზრებებს და დამოკიდებულებებს. ერთობლივად რაღაც საქმის კეთება ან თუნდაც რაიონებში სიარული და, ასე შემდეგ, სამწუხაროდ, აქამდე არ ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ უფრო მეტად მოვახერხებთ კოორდინაციას და ერთობლივად აქტივობების დაგეგმვას.
საზოგადოება მოითხოვს პოლიტიკური პარტიების ერთობას. საჭიროა, გაერთიანდეს ძალები და რესურსები,“ – დასძინა აზა გაბუნიამ „ბათუმელებთან“.
ბონდო თედორაძე: „წუნიაობაზე და ცხვირის გაშვერაზე საუბარი არ უნდა იყოს…“
„ჩვენ თუ არ დავდივართ კონკრეტულ ლოკაციაზე, მუდმივად გვაქვს მოქალაქეებთან, მხარდამჭერებთან ურთიერთობა და ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ როცა ერთობის დრო დადგება ამ ქვეყანაში, ისევ აქტიურად, როგორც ლოკომოტივი ამ საპროტესტო მოძრაობების, ვიყოთ ხალხთან ერთად,“ – ამბობს ბონდო თედორაძე, იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია და ვკითხეთ: რატომ დისტანცირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ქუჩის საპროტესტო აქციებისგან, როცა პარტია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ცდილობს?
„თქვენ იყენებთ სიტყვას „დისტანცირებას“. მე არ გიდასტურებთ ამ დისტანცირებას. ყველა პარტიას ამ პოლიტიკურ სიტუაციაში თავისი დღის წესრიგი აქვს. ვფიქრობ, დღეს, მათ შორის, ქუჩის აქციებთან ერთად, პირისპირ კომუნიკაციაზე წინ არაფერი არ დგას. იცით თქვენ, როცა ადამიანებს ხვდები და ესაუბრები, როგორ და რანაირად იცვლება სიტუაცია…,“ – გვიყვება ბონდო თედორაძე, თუმცა ამან შეუშალა ხელი პარტიას აქტიურად იყოს წარმოდგენილი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე?
ბონდო თედორაძე არ მალავს, რომ განაწყენდა პროევროპულ აქციაზე მომხდარი რამდენიმე შემთხვევის გამო, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების გაშლა დაუშალეს, ან უთხრეს, რომ აქცია სააკაშვილთან არ უნდა ასოცირდებოდეს.
„მე ცოტა ხისტი ვარ მიდგომებში საკუთარი პრინციპებისადმი. არ მინდა ვისაუბრო გაურკვევლობაზე, რაც არსებობდა ამ აქციებზე ჩვენი ლიდერების ბანერების გაშლასთან და ასე შემდეგ დაკავშირებით…“ – ამბობს ბონდო თედორაძე.
პოლიტიკოსს შევახსენეთ, რომ საზოგადოების დარწმუნება უმთავრესი პოლიტიკური უნარია და მოვალეობა:
„პოლიტიკოსს არ შეუძლია ყველას დარწმუნება, მაშინ ვიქნებით „ოცნებასავით“ – ყველა ერთნაირად მსგავსი. ყველამ უნდა გაითავისოს – როცა ერთობაზეა საუბარი და ეთამაშები ეგრეთ წოდებულ „ურჩხულს“, იქ წუნიაობაზე და ცხვირის გაშვერაზე საუბარი არ უნდა იყოს. ეს არის მთავარი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ დარწმუნდება ყველა – ერთობის გარეშე დიქტატურა, არსებული რეჟიმი არ მარცხდება. ამიტომაც, აუცილებლად ერთად ვიდგებით ჩვენ უახლოეს პერიოდში ყველა ხელიხელჩაკიდებული,“ – გვითხრა ბონდო თედორაძემ.
ბონდო თედორაძე
ბონდო თედორაძის თქმით, ენმ აქტიურადაა ჩართულ ნებისმიერ საპროტესტო ღონისძიებაში:
„ნაცმოძრაობის“ ლიდერთა დიდი უმრავლესობა დღეს უკანონო ტყვეობაშია. დანარჩენი ახლა მე პირადად ვერ ვხედავ, ვინმე არ აქტიურობდეს, ან მონდომებული არ იყოს…
სასიხარულოა ის, საზოგადოების აქტიური წევრების მხრიდან გაჩნდა განცდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული წარმომადგენლები რატომ არ დგანან ქუჩაში? მოვესწარით ამ დღეს და აღარ არის ქვეყანაში მოცემულობა, როცა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ხაზით იმართებოდა აქციები. 2012 წლიდან მხოლოდ ამ პარტიის წევრები ვმართავდით აქციებს და გიმტკიცებდით ყველას, რომ ეს იყო დიქტატორული მმართველობის დასაწყისი, რომელიც, სამწუხაროდ, თავის დროზე ვერ იგრძნო ყველამ, სანამ კონკრეტულ სფეროებს და კონკრეტულ პიროვნებებს არ შეეხო ეს პოლიტიკური რეჟიმი.
ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, ბათუმი იქნება თუ თბილისი, თუ რაიმე დაიგეგმა, მარში იქნება ეს თუ სხვა რამ, ყველგან ვიღებთ მონაწილეობას. ეს არის თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს აჭარის მთავრობის სახლთან, პირველ რიგში, იმსახურებს თითოეული მონაწილის ქებას და დიდებას. მადლობა მათ ამისათვის,“ – გვითხრა ბონდო თედორაძემ.
ბათუმში, ბონის დასახლებაში მცხოვრები 25-ამდე ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს.
ბარაკულ დასახლებაში, სახლებს შორის რკინიგზა გადის. რკინიგზის რელსები დაზიანებულია. მოსახლეობა შიშობს, რომ „ერთ დღესაც შეიძლება მატარებლის ვაგონი გადაბრუნდეს და მათ სახლს დაეცეს“.
წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა #2 – ეს ბარაკული ტიპის დასახლების მისამართია ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, ბათუმის პორტთან ახლოს.
რკინიგზა ორ ზოლად აშენებულ ბარაკებს შორისაა მოქცეული, სატვირთო მატარებლები დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც ჩაივლის ხოლმე დასახლებაში.
რკინიგზის რელსები დაზიანებულია, რამდენიმე ადგილას გატეხილია და იქ მცხოვრებთა თქმით, „სიცოცხლისთვის საშიშად ჩანს“.
„შეხედეთ, ეს რელსი გატეხილია. აი, აქ მე მძინავს და როდესაც ღამე მატარებელი გამოივლის, სულ იმის შიში მაქვს, რომ გადმობრუნდება და დაგვეცემა. ღამე მატარებლის ხმა რომ მესმის, საბანს ვიხურავ, რომ არ მეტკინოს. საბანი რას მიშველის?!“ – ამბობს მაგდანა ყურშუბაძე, ბარაკების დასახლების ერთ-ერთი მცხოვრები.
ასე გამოიყურება რკინიგზის ის მონაკვეთი, რომელიც სახლებს შორის გადის
დაშორება რკინიგზასა და მაგდანას სახლს შორის დაახლოებით 1 მეტრია. ხოლო როცა მატარებელი ჩაივლის, ვაგონები სახლს 20-30 სანტიმეტრითაც კი უახლოვდება.
მაგდანა ყურშუბაძე სევერიანე აჭარელის #2-ში 32 წლის წინ დასახლდა. მანამდე აქ მისი მეუღლე ცხოვრობდა.
„კომუნისტების დროს აქ, ამ ტერიტორიაზე იყო საერთო საცხოვრებელი. რკინიგზელებისთვის იყო ეს ფართობი გამოყოფილი. მერე დაბალ ფასებში გაიყიდა ეს ბინები. ჩემი დედამთილი მარტოხელა იყო და შეიძინა ეს ბინა. აქ გაიზარდა ჩემი ქმარი. აქ გაიზარდნენ ჩემი შვილებიც.
წლების განმავლობაში სულ იმედი გვქონდა, აიღებენ – დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ და აღარ მოვიდა ეს ხვალინდელი დღე.
სააკაშვილის დროს პროგრამა რომ იყო – „ბათუმი ბარაკების გარეშე“, გვეგონა მაგ სიაში მოვხვდებოდით, მაგრამ ვერ მოვხვდით.
მიშას მერე რამდენი დრო გავიდა.
არჩევნების წინა დღეებში გამოივლიან, ჩვენს ჩივილს, ტკივილს, მოისმენენ და წავლენ. თუმცა არასდროს არავის მიუტანია გულთან.
გაზი არ გვაქვს, არაა დასახლებაში შემოყვანილი, ამიტომ შეშის ღუმელზე ვთბებით. ერთადერთი, მერიამ წყალი შემოგვიყვანა.
რემონტი გავაკეთე, მაგრამ აზრი არ აქვს რემონტს. მატარებელმა ჩამოიარა, მოიშალა – დაიბზარა,“ – გვიყვება მაგდანა ყურშუბაძე თავის გასაჭირს.
მის მსგავს სიტუაციაში არიან დასახლებაში მცხოვრები სხვა ოჯახებიც.
„მატარებელი რომ გაივლის, სახლი ექანება. ზოგჯერ მიფიქრია – აი, სადაცაა გადმობრუნდება. მარტო ბავშვს გარეთ ვერ ვუშვებ ან მე უნდა ვახლდე თან ან ჩემი დედამთილი. მაინც ფრთხილად ვართ და გვეშინია – მოძრავი ბავშვია, უცებ რომ გაგვისხლტეს ხელიდან, ხომ გავგიჟდები,“ – ამბობს მაია.
ის ახალგაზრდა დედაა, წლის და 7 თვის ბიჭი ჰყავს, მეორე ბავშვზე ფეხმძიმედაა.
მაიას თქმით, სტრესულია რკინიგზის გვერდით ცხოვრება, როცა „მატარებელი ლამის სახლში შემოდის“.
თუმცა აქ მცხოვრებ ოჯახებს წასასვლელი არსად აქვთ. საცხოვრებელ ფართობს კანონიერად ფლობენ, სხვა ალტერნატიული სახლი ან ბინა არ აქვთ, არც ბათუმის მერიას აქვს რამე სპეციალური პროგრამა მათთვის.
ამიტომ გამოსავალს საქართველოს რკინიგზისთვის მიმართვაში ხედავენ, რომ იქნებ დაზიანებული ლიანდაგი მაინც შეაკეთონ.
ფოტო: „ბათუმელები“
წმინდა სევერიანე აჭარელის #2-ში მცხოვრებლებმა საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, ლაშა აბაშიძეს 21 იანვარს გაუგზავნეს წერილი.
„ჩვენი საცხოვრებელი სახლების ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი, რომლის დაშორების მანძილიც საცხოვრებელ სახლებთან მიმართებით 1.5 მეტრს არ აღემატება. დღის განმავლობაში მატარებელი დაახლოებით 5/6-ჯერ მოძრაობს, რაც იწვევს საცხოვრებელი სახლების ძლიერ ვიბრაციას და ბიძგს. ამასთან, სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით მაცხოვრებლები, განსაკუთრებით არასრულწლოვანები და შშმ პირი.
არსებული პირობები მნიშვნელოვნად არღვევს ჩვენს უსაფრთხო და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს. იყო შემთხვევა, როდესაც მატარებელი რელსებიდან გადავიდა,“ – წერია წერილში რომელიც დასახლების მაცხოვრებლებმა საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს გაუგზავნეს.
ლაშა აბაშიძეს ოჯახები პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.
მატარებელი ბარაკული დასახლების შუაში გადის
„ჩემი შვილი ეტლით მოსარგებლეა. ძალიან აქტიურია – ეკლესიაში დადის, თეატრის ინკლუზიური დასის წევრია. მატარებელი რომ ჩამოდგება, თუ მოხდა ისე, რომ გარეთ დარჩა წასული, სახლში ვეღარ შემოდის ეტლით.
გვიწევს ხელით შემოვიყვანოთ, ან ელოდება როდის გავა მატარებელი,“ – გვიყვება მაგდანა ყურშუბაძე.
ქალაქის ერთ-ერთ მოძრავ ქუჩას და ბარაკების დასახლებას ერთმანეთისგან დიდი ბეტონის კედელი ყოფს.
„გარედან ააშენეს კედელი, რომ ეს ცუდი შეხედულების შენობები არ გამოჩნდეს გზიდან. ქალაქისგან დაგვმალეს. თითქოს ზოოპარკში ვიყოთ, ისე მოგვაქციეს,“ – ამბობს მაგდანა.
„ბათუმელებმა“ მიმართა საქართველოს რკინიგზას. გვაინტერესებდა, როგორ ხედავს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანიზაცია, საქართველოს რკინიგზა, არსებული პრობლემის მოგვარების გზას.
საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ პასუხს, მიღების შემთხვევაში, მასალაში ავსახავთ.
ოზურგეთში 55 წლის ზვიად ჯინჭარაძე საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს.
ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.
ფაქტი დაგვიდასტურეს შსს-შიც.
„გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შს სამინისტროში.
„გურიის მოამბე“ წერს, რომ ზვიად ჯინჭარაძე კრიმინალური ავტორიტეტია (მეტსახელად „ჯუმათა”) და ბოლო დროს უცხოეთიდან შემოტანილი ავტომანქანების რეალიზაციით იყო დაკავებული.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ჯინჭარაძის მდგომარეობა მძიმეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 თებერვლის 21 საათიდან 18 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 1- 6 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 19 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, მომდევნო 2 დღეს კი, 20-21 თებერვალს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბულვარს უკანონო და უსახური შენობებისგან ათავისუფლებს“ – ამ შინაარსის სათაურებით ფოტო-ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ხშირად ვხვდებით. მუნიციპალური ინსპექციის, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდებით ვრცელდება კადრები, „როგორ ანგრევს მუნიციპალური ინსპექცია“ ბულვარში შენობებს.
ბულვარის უკვე დამტკიცებული გენგეგმის შესაბამისად, ბულვარში აქამდე არსებული კაფეები, კლუბები და ჯიხურები ბულვარის იერ-სახეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ბევრ მესაკუთრეს საიჯარო ხელშეკრულების ვადა დიდი ხანია გაუვიდა.
არსებული პრაქტიკით, საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მოიჯარეები დაცლილ ინფრასტრუქტურას არ შლიდნენ.
ტოვებდნენ მეორად სამშენებლო მასალებს და გამოუსადეგარ ნივთებს, რაც შემდეგ სეზონამდე ბულვარის იერ-სახეს ამახინჯებდა. წლობით რჩებოდა კაპიტალური შენობები, ზოგჯერ შემოღობილი პლაჟით ამ შენობების გაგრძელებაზე და მასთან დაკავშირებული ნარჩენებიც.
პრაქტიკა აჩვენებდა იმასაც, რომ ახალ საკურორტო სეზონზე ამ შენობებში იგივე მოიჯარეები ბრუნდებოდნენ.
სხვა რეალობა ჰქონდა მოიჯარეთა ერთ ჯგუფს, რომელთა წინააღმდეგ ბათუმის მერიამ 2020 წელს, ლაშა კომახიძის მერობის დროს, სამართლებრივი დავა დაიწყო სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერი სარგებლობის მოტივით. დავის პარალელურად მოიჯარეები მუშაობას აგრძელებდნენ.
დასრულდა თუ არა ეს დავა, არ ვიცით, ბათუმის მერიაში ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.
ბულვარის გენგეგმის თანახმად, ერთიანი მიდგომა უნდა იყოს კომერციული დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ძველ ბულვარში კაპიტალურ შენობებს ფლობენ. ბულვარში მიწის ნაკვეთების ნაწილი აჭარის მთავრობის ბალანსზეა.
რეალურად მუშაობს მერია, უკვე დამტკიცებულ გენგეგმასთან თანხვედრაში რომ მოიყვანოს ბათუმის ბულვარი, თუ საქმე გვაქვს გავლენების მორიგ გადანაწილებასთან აჭარის ახალი თავმჯდომარისა და ბათუმის ახალი მერის პირობებში? – ეს მალე გამოჩნდება.
ამ ეტაპზე კი უკვე გამოიკვეთა რამდენიმე რეალური სამიზნე, ერთ-ერთიაკაფე „ვივა ლათინო“, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწასთან გაასწორა. დაანგრიეს ასევე „მწვანე ბარის“ მიმდებარედ არსებული კაფე „ტყუპები“, გაიტანეს რამდენიმე ჯიხური. პროცესი გრძელდება, ამიტომაც ჯერ რთულია იმის თქმა, ვინ დარჩება და კომერციულ საქმიანობას გააგრძელებს ბათუმის ბულვარში.
„ვივა ლათინო“ იყო მათ შორის, რომლის მეპატრონეც მერიასთან ურთიერთობების გარკვევას სასამართლოში ცდილობდა. ეს კაფე შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე სასტუმროს წინ, ზღვის მხარეს მდებარეობდა.
„ამბასადორის“ სასტუმროს მშენებლობის დაწყებიდან მალევე „ვივა ლათინოს“ მეპატრონე საჯაროდ საუბრობდა, რომ სასტუმროს ირგვლივ ადგილის გათავისუფლება „ამბასადორის“ სასარგებლოდ სურდათ და ამისთვის მეიჯარეების წინააღმდეგ საკუთარ გავლენებს იყენებდნენ კომპანიის მფლობელები.
„ამბასადორი“ შენობის მოპირკეთების ეტაპზეა გადასული.
ადგილი ახლა, სადაც კაფე „ვივა ლათინო“ ფუნქციონირებდა
დოკუმენტების მიხედვით, იმ ადგილის გარდა, სადაც კაფე „ვივა ლათინო“ იყო განთავსებული, ბათუმის მერიას ბულვარში კიდევ 11 მიწის ნაკვეთი ჰქონდა იჯარით გაცემული. ამ ნაკვეთებზე მოიჯარეებმა შენობები ააშენეს და სარესტორნო ბიზნესი წამოიწყეს.
მათ შორის იყო ე.წ. „მწვანე ბარი“. აქვს თუ არა რაიმე ახალი შეთანხმება მერიასთან ამ ობიექტის მეპატრონეს, არ ვიცით, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მერიაში კი კითხვებს არ უპასუხეს.
გენგეგმის მოთხოვნებთან ვერც რესტორანი „გეოგრაფია“ მოდის თანხვედრაში. ის ბულვარში „მწვანე ბარზე“ ბევრად მასშტაბური შენობით არის წარმოდგენილი.
ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე აჭარის მთავრობაა და არა ბათუმის მერია. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება მთავრობასთან ალბერტ ინწკირველს 2014 წელს გაუფორმებია. ქვემოიჯარედ შპს „ალიკი“ ფიქსირდება.
ამონაწერის მიხედვით, იჯარით გაცემულია 1127 კვ.მეტრი ბათუმის ძველ ბულვარში. საინტერესოა ისიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში საიჯარო ხელშეკრულების დასრულების ვადა არ არის დაფიქსირებული.
ფუნქციონირებას აგრძელებს ე.წ. „ახალი გემი“ და მის გვერდით შემინული კაფე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნაგობის უფლების მქონე პირი აქ შპს „ახალი გემია“. კიდევ ერთი მოიჯარეა შპს „პარკ ბათუმი“ – ამ კომპანიის ასივე პროცენტი თურქეთის მოქალაქის საკუთრებაა. შპს „ახალი გემის“ 100 პროცენტს კი ზურაბ კალანდაძე ფლობს.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების დასრულების ვადად 2030 წელია მითითებული.
მთელი ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეები ამ კაფედან რუსული სიმღერების მაღალ ხმაზე ჩართვის გამო ბათუმის მერიას და მთავრობას აკრიტიკებდნენ.
ანგრევენ კაფე „ტყუპებსაც“. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქ მოაღნაგედ შპს „დელფინი“ ფიქსირდება, რომლის კრედიტორიც ბანკი „ქართუ“ იყო.
ჯერ არავინ შეხებია რესტორან „გულებს“, ის ანბანის კოშკის მომდებარედ, პლაჟის ნაწილში მდებარეობს, ამ რესტორნის ინფრასტრუქტურა ბათუმში თავიდანვე კრიტიკის საგანი იყო, მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ კრამიტით გადახურული ვერანდები, თონე და ოდა პლაჟის ინფრასტრუქტურა არ არის და არც თონის, ხინკლისა და მწვადის ადგილია ბულვარი.
შპს „გულები“ მუსიკოსმა გია დიასამიძემ 2018 წლის იანვარში დააფუძნა.
2020 წლის ამონაწერის მიხედვით, ამ ნაკვეთზე მოიჯარედ შპს „პრიმულა“ ფიქსირდებოდა. ამ კომპანიის 80 პროცენტი გოჩა ოქროპირიძეს ეკუთვნის, ის რუსეთის მოქალაქეა, 20 პროცენტი კი გენადი დიასამიძის საკუთრებაა.
მერიამ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხვებს იმ ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც ბულვარში აღნაგობის ხელშეკრულებით ჰქონდა გასხვისებული. საინტერესოა, დასრულდა თუ არა დავა სასამართლოში და თუ დასრულდ, როგორ გადაწყდა კომპენსაციის საკითხი.
თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. მათ შორისაა „ამბასადორი ბათუმიც“ – ხელშეკრულება მხოლოდ მას გაუგრძელეს.
მოიჯარეებმა ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართეს და ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება სთხოვეს. „ამბასადორი ბათუმისგან“ განსხვავებით, მერიამ მათ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე არ უპასუხა, შემდეგ კი სასამართლოში უჩივლა.
მთლიანობაში საქმე ეხებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 მიწის ნაკვეთს, რომლებიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გაასხვისა.
2010-2011 წლებში [ეტაპობრივად და ინდივიდუალურად] მერიამ ამ პირებთან ხელშეკრულებები შეცვალა და რადგან უკვე ამ ტერიტორიებზე შენობებიც იდგა, მათ აღნაგობის ხელშეკრულებები გაუფორმა. ცვლილებით ასევე დაწესდა აღნაგობის საზღაური.
ამ ხელშეკრულებებს ვადა 2015 წელს გაუვიდა, რის შემდეგაც მოაღნაგეები მერიისგან ვადის გაგრძელებას ითხოვდნენ. მერიამ ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნია და 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით, მოაღნაგეებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყვიტა.
შემდეგ საქმეში ჩაერთო ბათუმის ბულვარი, რადგან 2017 წლიდან ქონება უზუფრუქტის წესით ბულვარს გადასცეს იმ პირობით, რომ პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულებები ყოფილ მოაღნაგეებთან, იმავე ფასებში ვადით.
2018 წლის ბოლოს ბათუმის მერიამ მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ მათი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და ისინი არამართლზომიერად აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. წერილებთან ერთად მოაღნაგეებს აშენებული შენობების საფასურიც გამოუთვალეს და არამართლზომიერი მფლობელობის დროს გადაუხდელი აღნაგობის თანხის შენობის საფასურში გაქვითვა შესთავაზეს.
აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც მათ მერიამ მიწის ნაკვეთების სარგებლობის პირობები გაუწერა, ამავე ქონებების უკან დაბრუნებისას შენობების გამოსყიდვას ითვალისწინებდა – მერია შენობების ღირებულების ორი მესამედის გადახდის ვალდებულებას იღებდა.
მესაკუთრეები ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. რადგან უწყებამ გადასახდელი აღნაგობის საფასური [2015 წლიდან დღემდე] საბაზრო ფასით, ხოლო მათ მიერ აშენებული შენობები არასაბაზრო ფასით, როგორც თვითონ ამბობდნენ „ფაქტობრივად კაპიკებად“ შეაფასა.
2018 წლის დეკემბერში ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ მოაღნაგეებს აღნაგობის თანხის გადაუხდელობა ოფიციალურად, წერილობით შეახსენა. ამ წერილებში დაანგარიშებული აღნაგობის საფასური და პირგასამტეხლოც ფიქსირდებოდა. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, ირკვეოდა, რომ მერია მოაღნაგეებთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებდა, ამიტომაც სასამართლოში შეეცადა იმის გარკვევას, ამ საქმიდან ვის რამდენი ერგებოდა.
პროცესი გაჭიანურდა, მოსამართლემ მხარეებს მორიგების ვადა მისცა, რის შემდეგაც მოაღნაგეებს ხელშეკრულებები 2020 წლის ოქტომბრამდე გაუგრძელეს.
შემდეგ… მოაღნაგეებმა მერიას 15-წლიანი ხელშეკრულებების გაფორმება მოსთხოვეს, 7 წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლებით, ანუ ზუსტად იმ პირობას ითხოვდნენ, „რაც ამბასადორს მისცეს“.
მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი აღნაგობის უფლებით, 15-წლიანი იჯარით, შემდგომში კიდევ შვიდი წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლებით და ინვესტიციის განხორციელების პირობით – ამ ყველაფრის სანაცვლოდ „ამბასადორმა“ აიღო ვალდებულება, რომ 22 წლის შემდეგ შენობას მერიას უსასყიდლოდ დაუთმობს [საუბარია ამბასადორის კაფეზე და არა სასტუმროზე].
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 18 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში.
მერიის განმარტებით, მიზეზი ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია.
ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გასულ კვირას გადაკეტეს – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს. პარტიის წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ ინიციატივა დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა.
მისი თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეეხებათ.
დღეს სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიხეილ ყაველაშვილი იყო მისული.
სწორედ მას მიმართა შალვა კერესელიძემ და თქვა, რომ თუ მართლა მშვიდობა და დეპოლარიზაცია სურს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს.
„თქვენ არ ხართ ქართველი ხალხის რჩეული პრეზიდენტი, მაგრამ თქვენ ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი ბრძანდებით, რაც თქვენ პირველივე გამოსვლაში დაადასტურეთ, როდესაც პირველივე სიტყვით მადლობა არა ქართველ ხალხს და საკუთარ სამშობლოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადეთ.
თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ საპროტესტო აქციებზე ქალების და ბავშვების დამსახიჩრებელი, წინა ხელისუფლების დროინდელი, სანქცირებული „ხარება“ და მისი რაზმი ღირსების ორდენით დააჯილდოვეთ,“ – მიმართა მან სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილს.
შალვა კერესელიძის თქმით, ყაველაშვილს ჰქონდა შანსი, უსამართლოდ დატყვევებული სტუდენტები სახლში გაეშვა, თუმცა შეწყალების „ჰუმანური აქტიც პოლიტიზებულ ინსტრუმენტად“ აქცია.
„გამკაცრებული კანონებით კი ნუ ცდილობთ აღიარება მოიპოვოთ, თუ ხელისუფალი გინდათ გერქვათ, გადადგით ჰუმანური ნაბიჯები.
დიახ, თუ თქვენ გსურთ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა, თუ თქვენ გსურთ პოლიტიკური სტაბილურობა და გსურთ პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი საქართველოს პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბრის თვიდან დაწყებული 2025 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით დაზარალებულ ადამიანებს.
და აი აქ, დღეს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას და გაათავისუფლოთ ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანები 5 და 10-ათასლარიანი ჯარიმისგან და გაათავისუფლოთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები.
დიახ, ის ადამიანები, რომელიც თქვენი ამომრჩევლების და თქვენი მხარდამჭერებსაც კი გულში ხინჯად აქვთ დარჩენილი. აი, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გექნებათ თქვენ სრული უფლება, რომ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე ისაუბროთ დეპოლარიზაციაზე და ისაუბროთ მშვიდობის დამყარებაზე, იმიტომ, რომ ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომლის მიზანი იქნება საზოგადოების კონსენსუსის მიღწევა და დემოკრატიული სტაბილურობის აღდგენა.
ამიტომ თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, იფიქროთ სახელმწიფოებრივად და იმოქმედოთ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, ვის პრეზიდენტად გნებავთ, რომ დარჩეთ,“ – მიმართა შალვა კერესელიძემ მიხეილ ყაველაშვილს.
დღეს, 17 თებერვალს, სადავო პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენდნენ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.
ბათუმის პორტმა განახლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
პორტის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთების გადატვირთვის საერთო მოცულობამ 7. 3 მილიონი ტონა შეადგინა.
ამასთან, 2025 წლის განმავლობაში 1.7 მილიონი ტონა საბორნე ტვირთი დამუშავდა, კონტეინერების ტვირთბრუნვა კი 109.6 ათასი TEU იყო.
„მშრალი ტვირთების ტერმინალზე დამოუკიდებლად ოპერირებული გადატვირთვის მოცულობა გაიზარდა 1.15 მილიონ ტონამდე, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
პორტმა გააფართოვა ტვირთების გეოგრაფია და ნომენკლატურა, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ახალი საერთაშორისო ტვირთნაკადების მოზიდვა,“ – ნათქვამია „ბათუმის საზღვაო პორტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ბათუმის პორტში 2025 წლის განმავლობაში 1.9 მილიონი ტონა ნავთობი გადამუშავდა. ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 660 გემის მიღება შეძლო.
ბათუმის პორტმა ასევე გამოაქვეყნა ნაყარი ტვირთების, მეტალურგიული ტვირთების და მარცვლეულის დამუშავების სტატისტიკაც.
ამ მონაცემების თანახმად:
2025 წლის გეგმასთან შედარებით ბათუმის საზღვაო პორტში ნაყარი ტვირთების დამუშავების მოცულობა 65.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის წლიურ შესრულებასთან შედარებით ზრდამ 1.63% შეადგინა.
2025 წლის გეგმასთან შედარებით, ბათუმის საზღვაო პორტში 58.5%-ით მეტი მეტალურგიული ტვირთები დამუშავდა, ხოლო 2024 წელთან შედარებით 2025 წლის მაჩვენებელი 52.7%-ით გაიზარდა.
2025 წლის გეგმასთან შედარებით ბათუმის საზღვაო პორტში მარცვლეულის დამუშავების მოცულობა 67%-ით გაიზარდა.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილი“ მართავს.
ნავსადგურის ტერიტორია 197 852 კვ. მეტრია და მოიცავს ნავთობტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს, მშრალი ტვირთების ტერმინალს და სამგზავრო ტერმინალს. ასევე 11 ნავმისადგომს და მისადგომის გარეშე ჩატვირთვის წერტილს.
ბათუმის საზღვაო ნავსადგური მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში 18 მილიონი ტონაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 255 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 678 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 045 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 37 323 ერთეული [+4]
MLRS – 1 648 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 301 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 136 073 ერთეული [+614]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 288 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 78 725 ერთეული [+71]
სპეცტექნიკა – 4 071 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
114 976 უპილოტო საფრენი აპარატი
650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 742 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 664 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 330 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
54 587 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თუ ქაღალდზეც აღარ გვექნება აფხაზეთის უნივერსიტეტი და არ გვეყოლება კანონიერი ხელისუფლება, მაშინ გამოგვიცხადებია კაპიტულაცია. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან ხვალ შეიძლება აფხაზეთის დევნილი მთავრობაც გააუქმონ“ – ამბობს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი „ბათუმელებთან“.
რა დარჩება სოხუმის უნივერსიტეტისგან „ოცნების“ განათლების „რეფორმით“ და რატომ არ აპირებს შეგუებას დევნილი უნივერსიტეტი? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ზურაბ პაპასქირს.
ბატონო ზურაბ, სოხუმის უნივერსიტეტის შენარჩუნება განათლების გარდა არის პოლიტიკური საკითხიც. რატომ დაასუსტეს ასე თქვენი უნივერსიტეტი და არ გაითვალისწინეს პოლიტიკური კონტექსტი, როგორ ფიქრობთ?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკური თემაა ჩვენი არსებობა, რადგან, ხვალ და ზეგ, ჩვენ სოხუმში დაბრუნებას ვაპირებთ.
თუ არ ვფიქრობთ დაბრუნებაზე, ხელი ჩავიქნიეთ და სხვა გეგმები აქვს მთავრობას? ჩვენ, უნივერსიტეტის პროფესურას, სხვა გეგმები არ გვაქვს. ვფიქრობთ სოხუმში ჩვენს მომავალზე და ის, რომ დღეს გაგვაუქმეს და უნივერსიტეტი დაგვტოვეს ფორმალურად, ეს არის კატასტროფა.
ბათუმის უნივერსიტეტისთვის ხომ გაკეთდა გამონაკლისი, ჩვენთვის კი – არა. ესე იგი, აქ საქმე გვაქვს კონსტიტუციის სრულ იგნორირებასთანაც, რადგან თუ ბათუმის უნივერსიტეტი იმიტომ დატოვეს ხელშეუხებელი, რომ აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა, იგივე უფლებები გვაქვს ჩვენც კონსტიტუციით. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შორის არის ის, რომ იძულებული ვართ, ვიყოთ დევნილობაში.
ახლა სად ხართ და რამდენჯერ მოგიხდათ ადგილის ცვლილება დევნილობაში?
სოხუმის უნივერსიტეტი ახლა თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზეა. 4-5 წელი მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდით. თავიდან სკოლებში ვიყავით გაფანტული, ერთი ფაკულტეტი ორთაჭალაში იყო, მეორე – დიღმის მასივში, სანზონაშიც ვიყავით.
სავალალოა ის, რომ ხელისუფლების პირველმა პირებმა ისტორიაც კი არ იციან. 1980-იანი წლების დაწყებამდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე იყო საქართველოში და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გამოვგლიჯეთ მოსკოვს უნივერსიტეტის სტატუსი. ეს იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირში არ შეიძლებოდა მოკავშირე რესპუბლიკას ორი უნივერსიტეტი ჰქონოდა. თითო უნივერსიტეტის ქონის უფლებას აძლევდნენ მხოლოდ. ჩვენ კი, 1979 წლიდან ვართ უნივერსიტეტი.
ზურაბ პაპასქირი
სხვათა შორის, ბათუმი და ქუთაისიც აყენებდნენ მაშინ უნივერსიტეტის სტატუსის საკითხს, მაგრამ არ მისცეს. ეს მთელი ისტორიაა, ახლა გამოდის ეს კაცი (კობახიძე) და ამბობს „თქვენ არ არსებობდითო“.
კობახიძემ ან მიქანაძემ ისტორია არ იციან, თუ რუსული პოლიტიკის კვალს ხედავთ ამ ყველაფერში?
არ იციან, უვიცები არიან. ჩვენი უნივერსიტეტი იყო, რომელიც დადგა სოხუმში საქართველოს ინტერესების დასაცავად და არ დაუკრა ტაში აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან. არ წავედით პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ეროვნულ ღალატზე და ამის გამო სისხლიც დაიღვარა, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ უნივერსიტეტი.
ახლა რომ აუჩემებიათ 90-იან წლებამდე რაც იყავით იმას გინარჩუნებთო, ამის დატოვებას ვითხოვთ სწორედ, – რაც ვიყავით, იმ სტატუს-კვოში გვინდა, რის გამოც დაგვერქვა უნივერსიტეტი. დევნილობაში ყოფნისას არავის გავუუქმებივართ, ყველა მთავრობა ხელს გვიწყობდა, ფეხზე დაგვაყენეს, ჩვენ თვითონაც მოვინდომეთ, ცხადია და დღეს გვეუბნებიან, რომ „შენ თბილისის ნაწილი ხარ“ და შენზე უნდა გავავრცელო ეს მახინჯი, გაუაზრებელი და აკვიატებული იდეა – „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
კი ბატონო, გვქონდა პედაგოგიურიც და ოთხწლიანი პროგრამა გადავიყვანეთ ხუთწლიანზე, მაგრამ ახალი სპეციალობებიც გავხსენით. მაგალითად, სამართალმცოდნეობა.
თუ ბათუმს ყველაფერი დაუტოვეს, ჩვენთვისაც უნდა დაეტოვებინათ, რადგან გვაქვს აფხაზეთის ავტონომია. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ხვალ შეიძლება აფხაზეთის დევნილი მთავრობაც გააუქმონ. ეს ყველაფერი იმიტომ გვაქვს შენარჩუნებული, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება და აფხაზეთში უკანონო ხელისუფლებაა.
თუ ქაღალდზეც არ გვეყოლება აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლება და უნივერსიტეტი, მაშინ გამოგვიცხადებია კაპიტულაცია. ვაღიაროთ მაშინ დე ფაქტო ხელისუფლება?!
ფიქრობთ, რომ ესეც შეიძლება გააკეთონ?
მაშინ გვითხრან რა უნდათ, რადგან ახლა რასაც გვიკეთებენ, ეს არის ლიკვიდაციის დაწყება. რეალურად, ჩვენი ყველა პროგრამა დახურულია. რამდენიმე პროგრამაზე დარჩა მხოლოდ საბაკალავრო, მაშინ როცა ცხრა დარგში გვაქვს სამსაფეხურიანი სწავლება, სადისერტაციო საბჭოები გვაქვს და მთელ რიგ დარგებში არავისზე ნაკლები არ ვართ. ამ ყველაფერს იმიტომ მიუქმებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც აქვს იგივე პროგრამები და რადგან თქვენც თბილისში ხართ, ამიტომო.
ჰაერში ხომ არ გამოვეკიდებით, სად წავიდეთ. დამიბრუნონ მაშინ გალი ან ოჩამჩირე და გადავალთ ტყვარჩელში.
აგრარული პროგრამა რატომ გადმოაქვთ სოხუმის უნივერსიტეტში, რა შემხებლობა გაქვთ ამ პროგრამასთან?
„ცისფერი მთებია“ რა, „შაბიამნის ახალი პარტია შემოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც“, – ხომ გახსოვთ ეს ფრაზა ფილმიდან, აი, ეგ არის, არ მჭირდება ეს შაბიამანი, კაცო. ჩვენი საქმე გვაქვს. თანაც ხსნიან სხვა უნივერსიტეტიდან და მოაქვთ აქ, სხვისი ინფრასტრუქტურით, სხვისი აკადემიური რესურსით. გინდ ყოფილა და გინდ არა, ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავს. სადაც უნდათ იქ წაუღიათ თავიანთი შაბიამანი.
სოხუმში გვქონდა სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, მსოფლიოში ცნობილი. დევნილობის დროს ქუთაისში გადმოვიდა. შემდეგ, დროთა განმავლობაში გააუქმეს და შეუერთეს ქუთაისის უნივერსიტეტს. აქ ისეთი ხალხი ასწავლიდა, ომის დროსაც რომ ერთად ვიყავით და თუ მაინც და მაინც აგრარულის გადმოტანა უნდოდათ, ესენი გადმოეყვანათ, რაღაც ლოგიკა მაინც იქნებოდა.
მოჰყავთ უცხო ხალხი და არქმევენ სოხუმის უნივერსიტეტს. ეს არის აბუჩად აგდება აფხაზეთის თემის, უნივერსიტეტის, რომელიც ფლაგმანი იყო ერთ დროს და დღესაც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და დღესაც ამისთვის ვიბრძვით ჩვენ.
ვეუბნებოდით, მაგრამ მაინც თავისი გააკეთეს. არ ველოდით ამას.
რატომ, გქონდათ მანამდე მოლაპარაკებები ვინმესთან და სხვა რამეს დაგპირდნენ?
იყვნენ მოსული და შემოგვაპარეს, – გვინდა აფხაზური გავაძლიეროთო, მაგრამ მარტო აფხაზური თემატიკით მე ისტორიკოსს ვერ გავზრდი. საქართველოს ისტორიის სწავლებით გავზრდი სპეციალისტს. ასევეა ქართულშიც.
„ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოხუმის უნივერსიტეტს მხოლოდ 380 სტუდენტის მიღების უფლება ექნება. ახლა რამდენი გყავთ და ასეთი დრამატული შემცირება რას გამოიწვევს მომავალში?
სადღაც 3000-ზე მეტი სტუდენტი გვყავს ახლა. ამ კვოტებსაც არ გავაპროტესტებდით, რომ დაეტოვებინათ ის პროგრამები, რაც დღეს გვაქვს. აკრედიტებული, სამსაფეხურიანი პროგრამები გაგვიუქმეს და ეს არის აბუჩად აგდება. მითუმეტეს, როცა 80-90% დევნილი პროფესურა ვართ აქ.
ამ დევნილმა პროფესურამ შევისყიდეთ უნივერსიტეტისთვის კორპუსი, მერე მოგვცა ერთი კორპუსი სახელმწიფომ. მეტი არაფერი მიგვიღია სახელმწიფოსგან და კიდევ აქეთ გვაუქმებენ?!
სხვა დატვირთვაც აქვს ჩვენს არსებობას. ორ აფხაზს მივეცით ჩვენი დიპლომი, რომლითაც ევროპაში გააგრძელეს სწავლა. აფხაზური დიპლომები არ უღიარეს ევროპაში და ჩვენ დავსვით აქ ის ადამიანები მეოთხე კურსზე. რადგან ბოლონიის პროცესში ვართ ჩართული, ამიტომ მოხდა კრედიტების აღიარება და მთელმა აფხაზეთმა იცის ეს. ახლა ამ შესაძლებლობებსაც ვკარგავთ.
კვოტებზე მინდა ისევ გკითხოთ. არსებობს იმის რისკი, რომ შესაძლოა 380-ზე ნაკლები სტუდენტი მოვიდეს ამ რეფორმის გამო მომავალში?! ხომ შეიძლება არ გამოჩნდნენ აბიტურიენტები, ვისაც, მაგალითად, აგრონომიის სწავლა მოუნდება. თქვენ თუ ხედავთ ამ რისკებს?
ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ რეგიონული უნივერსიტეტები თანდათანობით გაუქმდებიან. ეს საბჭოური ექსპერიმენტია, რომელიც 1929 წელს განახორციელეს საბჭოთა კავშირში. ასე დაყვეს მაშინაც ფაკულტეტებად უნივერსიტეტები და გააუქმეს კიევის უნივერსიტეტი, ლენინგრადის და მოსკოვის უნივერსიტეტიც კი, სახელწოდება დარჩა მხოლოდ, რადგან 39 წლამდე მხოლოდ ორი ფაკულტეტი იყო ამ უნივერსიტეტში.
თბილისის უნივერსიტეტიც გაუქმებული იყო ორ-ნახევარი წელი. საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტი შექმნეს და აქ გადაიყვანეს უნივერსიტეტის დამფუძნებლები.
ჩვენ 1989 წელს შიმშილობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქართული უნივერსიტეტი ცალკე გამოყოფილიყო აფხაზეთის უნივერსიტეტისგან და ამ შიმშილობის მონაწილე ოთხი ადამიანი ვსხედვართ ახლა აქ, როცა თქვენ გესაუბრებით. ამ ისტორიის უნივერსიტეტს გვიუქმებენ ახლა ჩვენ და ალბათ ჩვენც ქუჩაში მოგვისვრიან.
სოხუმის უნივერსიტეტს ყოველთვის გვქონდა ერთი ამბიცია – იყო ამიერკავკასიაში მეოთხე და საქართველოში მეორე უნივერსიტეტი თსუ-ს შემდეგ, რადგან სოხუმში იყო რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, ფიზიკის, ტექნიკური და მედიცინის მიმართულებით და ძალიან სოლიდური მეცნიერები მუშაობდნენ.
„ოცნება“ ირწმუნებოდა, რომ „რეფორმის“ მიზანი განათლების ხარისხის ამაღლებაა. როგორ ფიქრობთ, წარსულში დაბრუნებით და არჩევანის თავისუფლების წართმევით, ხარისხი ამაღლდება?
ხარისხი ვერანაირად ვერ ამაღლდება. თუმცა, ჩვენთვის ეს წარსულში დაბრუნებაც კი არ არის, რადგან ფაქტობრივად, ყველაფერს გვართმევენ, იმასაც, რაც წარსულში გვქონდა.
ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს მსგავს მდგომარეობაში ხართ. თუ ხედავთ ერთიანობის აუცილებლობას ამ ბრძოლაში?
აბსოლუტურად და ყველანაირად ვცდილობთ ამას. თავიდან თსუ-ს დავუდექით გვერდით, როცა მათი გამოშიგვნა უნდოდათ. მერე ალბათ მიხვდნენ, რომ ივანე ჯავახიშვილს ვერ მოერეოდნენ, თორემ ორი კორპუსის დატოვება უნდოდა იმ ვაჟბატონს (კობახიძეს).
ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაინც ილიას უნივერსიტეტის გამო ხდება, რადგან ფაქტობრივად გავლენა არ აქვს ხელისუფლებას ამ უნივერსიტეტზე. ამას წინათ ვიყავი იქ და ვნახე როგორი თავისუფალი საზოგადოებაა იქ. მართლაც დიდი განსხვავებაა, თუნდაც ჩემს უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტს შორის, შედარებაც კი არ შეიძლება.
ფიქრობთ, რომ თავისუფალი კერების განადგურება უნდათ ამ „რეფორმით“?
აბსოლუტურად. თავისუფალი კერების განადგურება სურთ, თავისუფალი აზრის დევნაა ეს, მეტი კი არაფერი. კაცი რომ გეუბნება, თუ არ მაღიარებ ციხეში წადიო, რა ჰქვია ამას?! მე მოქალაქე ვარ, მაშინ ჩამომართვი მოქალაქეობა და გამასახლე. ეს არის შუა საუკუნეები, მეტი კი არაფერი. მაშინ კოცონზე წვავდნენ და ახლა ციხეში გიშვებენ.
თუმცა, მაინც ოპტიმისტად მინდა დავრჩე, რადგან მგონია, რომ ყველაზე დიდ დარტყმას მთავრობა სწორედ ამ საუნივერსიტეტო რეფორმის გამო მიიღებს.
„ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ შეცვლილა – მათ უნდათ, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი. მას მიუნხენის უსაფრთხოების მორიგ კონფერენციაზე ვესაუბრეთ, გზავნილებზე, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა გააჟღერეს.
გიორგი მელაშვილს ლავროვის მოადგილის ახალ განცხადებაზეც ვკითხეთ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც უნდა იფიქროს – ეკონომიკური სარგებელი დიდიაო.
„ქართული ოცნებაც“ კი ვერ ბედავდა ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას… რუსეთი ფიქრობს, რომ ასეთი დასუსტებული, იზოლირებული, მოკავშირეებისგან მოწყვეტილი საქართველო უფრო მეტად არის მოწყვლადი მათი ზეწოლისადმი… ახლა შეიძლება იყოს ის მომენტი, როდესაც რუსეთმა შეიძლება აიძულოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ მათ მიიღონ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ შეიძლება იყოს განსხვავებულად შეფუთული“, – ამბობს გიორგი მელაშვილი „ბათუმელებთან“.
„ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.
ბატონო გიორგი, თავდაპირველად დღევანდელ განცხადებაზე მინდა გკითხოთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით მიღებულ შესაძლო ეკონომიკურ სარგებელზე უნდა იფიქროსო. რაზეა გათვლილი ეს გზავნილი?
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ისედაც არის გაზრდილი რუსული ეკონომიკური გავლენები საქართველოზე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მთელი რიგი პროდუქციის მიწოდების ჯაჭვებმა გადმოინაცვლა საქართველოს ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, საქართველომ მიიღო სერიოზული ეკონომიკური ბუსტი – ირიბად რუსეთის ეკონომიკის ხარჯზე. როგორც ჩანს, ახლა რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ამისთვის მოითხოვოს სათანადო საფასურის გადახდა.
სრულიად წარმოუდგენელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს არამარტო ოკუპირებული ჩვენი ორი რეგიონი, არამედ ისინი მიჩნეული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. შესაბამისად, იქ არსებობს რუსული საელჩოები. ამ მოცემულობაში უბრალოდ შეუძლებელია, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან რამე ტიპის დიპლომატიური კომუნიკაციის დამყარება.
რუსეთს არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმისთვის, რომ ვითომდა ცდილობენ კონსტრუქციული აქტორის როლის მორგებას. მათ არაერთხელ, ადრეც ჰქონდათ განცხადებები დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ, თუმცა მთავარ წინაპირობად ყოველთვის აყენებდნენ ე.წ. ფსევდო-ახალი რეალობის აღიარებას და თბილისისგან ითხოვდნენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რაც აქამდე არ მომხდარა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
გიორგი მელაშვილი
ის საფასური, რომლის გადახდაც ჩვენ გვიწევს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, არის იმდენად მაღალი, რომ „ქართული ოცნებაც“ კი ვერ ბედავდა ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას.
როგორც ჩანს, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ევროიზოლაცია არის გაღრმავებული, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – იქნება ეს შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი – ურთიერთობები არის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, რუსეთი ფიქრობს, რომ ასეთი დასუსტებული, იზოლირებული, მოკავშირეებისგან მოწყვეტილი საქართველო უფრო მეტად არის მოწყვლადი მათი ზეწოლისადმი.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შეიძლება იყოს შეფუთული, როგორც ფსევდოკონფედერაცია, როგორც რაღაც კონფლიქტის გადაჭრის გზა, ან ახალი რეალობის აღიარება – ამ შემთხვევაში, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა ჩვენს ორ რეგიონზე.
სამაგიეროდ რუსეთი, რა თქმა უნდა, მზად იქნება, რომ სიამოვნებით აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები.
ეს გზავნილი იყო ისევ ნიადაგის შემზადება, თუ ელოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს?
რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია, რუსეთისგან ნებისმიერი სარგებელი მოდის ძალიან ძვირი ფასის სანაცვლოდ. ეს ფასი არის საქართველოს სუვერენიტეტი. ეს ფასი არის ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობა.
როგორც ჩანს, რუსეთი თვლის, რომ რადგანაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად საქართველო არის სრულიად იზოლირებული ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი სახელმწიფო არის დასუსტებული, ის დიპლომატიური მხარდაჭერა, რომელიც არსებობდა, როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე შეერთებული შტატებისგან, არის შემცირებული, ახლა შეიძლება იყოს ის მომენტი, როდესაც რუსეთმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეიძლება აიძულოს, მიიღონ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ შეიძლება იყოს განსხვავებულად შეფუთული.
ნაკლებად ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ აღიარებს ჩვენი რეგიონების დაკარგვას, თუმცა სამაგიეროდ მათ შეიძლება სცადონ რუსეთთან ერთად შეფუთონ ყოველივე ეს ფსევდოკონფედერაციის იდეაში.
რა იცვლება დასავლეთში, რა გამოჩნდა მიუნხენის წლევანდელ კონფერენციაზე? „ევროპა უნდა გადარჩეს. ჩვენი ბედი არის და ყოველთვის იქნება გადაჯაჭვული“- განაცხადა მარკო რუბიომ. გამოიკვეთა, როგორი იქნება აშშ-ს ევროპასთან ურთიერთობის ახალი მოდელი?
მე ვიტყოდი, რომ მიუნხენის 2024 წლის კონფერენცია იყო გაგრძელება შარშანდელი კონფერენციისა. გზავნილები, რაც გააჟღერა შარშან ჯეი დი ვენსმა საკმაოდ ხისტად, გაიმეორა მარკო რუბიომ, ოღონდ მის მიერ გაჟღერებული გზავნილები იყო გაცილებით უფრო შერბილებული და ევროპელებისთვის უფრო გასაგებ ენაზე გაჟღერებული.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო TRIPP და ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობა სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებში.
საქართველო მიუნხენის კონფერენციის ძირითად ნაწილში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი [ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი] მონაწილეობდა ერთ-ერთი NGO-ს მიერ ორგანიზებულ პანელში, თუმცა ამის იქით ჩვენი, საქართველოს საკითხი, საერთოდ განხილული არ ყოფილა.
რა თქმა უნდა, საქართველოს თემა შენარჩუნებული არის ევროკავშირის დღის წესრიგში, საქართველოს დღესაც აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ, როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, ეს არის მხოლოდ სიტყვები.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხი ამჟამად არის დაპაუზებული იმ ანტიდემოკრატიული კანონების გამო, რომლებსაც ისინი მუდმივად იღებენ და იმ ანტიდასავლური განცხადებების გამო, რომლითაც გამოირჩევა „ქართული ოცნების“ მრავალი წარმომადგენელი.
შეერთებული შტატები აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც გააჟღერა ჯეი დი ვენსმა თავის სიტყვაში შარშან… მიუხედავად იმისა, რომ გზავნილები იყო იგივე, მათი წარმოჩენა რუბიოს მხრიდან იყო სრულიად განსხვავებული. მნიშვნელოვანი იყო საუბარი დასავლური ცივილიზაციის გაძლიერების აუცილებლობაზე, მნიშვნელოვანი იყო გზავნილები იმაზე, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების წინა გზავნილები, რაც იყო ვენსის მიერ გაჟღერებული, იყო გაძლიერებული მარკო რუბიოს მხრიდან.
ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ შეცვლილა – მათ უნდათ, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
ევროკავშირი ხდება დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე?
ევროკავშირის დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ საკუთარი უსაფრთხოებისადმი.
ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მკვეთრად გაზარდა საკუთარ უსაფრთხოებაზე ხარჯები. იმავეს აკეთებენ ევროპის სხვა ქვეყნები და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის გარდაქმნა არამარტო ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაერთიანებად, არამედ ასევე თავდაცვით-პოლიტიკურ გაერთიანებად და ნატოს ფუნქციონალის გარკვეული გადააზრება მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა ყალიბდება როგორც გეოპოლიტიკური აქტორი.
რა არის ეს მეტი პასუხისმგებლობა? ევროკავშირის ქვეყნებმა გაზარდეს თავდაცვის დაფინანსება. რას ვერ ახერხებს ევროკავშირი აშშ-სგან დამოუკიდებლად?
ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვნად ზრდიან საკუთარ თავდაცვისუნარიანობას, თუმცა თავდაცვისუნარიანობის გარდა, არსებობს ასევე ე.წ. ურთიერთ-ოპერატიულობა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეთანხმებით ოპერირება. ამ მხრივ ნატოს სტანდარტების არსებობის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ასევე, არ არსებობს საერთო ევროპული ტიპის სარდლობა. ეს არსებობს მხოლოდ ნატოს ფორმატში.
ნატოს და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ატომური იარაღი. ევროკავშირის ქვეყნებიდან დამოუკიდებელი ბირთვული პროგრამა გააჩნია მხოლოდ საფრანგეთს. გერმანიას, მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სერიოზული შეზღუდვა ჰქონდა. ამიტომაც, აუცილებელია, რომ მოხდეს ან გერმანიის მიერ საკუთარი ატომური პოლიტიკის გადააზრება და იმ მავნებლობის გაუქმება, რაც მოხდა ანგელა მერკელის პერიოდში, როდესაც გერმანიამ უარი თქვა ბირთვულ ენერგეტიკაზე, ან უნდა მოხდეს საფრანგეთთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთობლივად ახალი ბირთვული ფარის ჩამოყალიბება.
ამ მხრივ საფრანგეთს აქვს სრულიად სუვერენული და დამოუკიდებელი ბირთვული პროგრამა, ხოლო ბრიტანეთი არის გადაჯაჭვული ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ბრიტანეთის დაბრუნება საერთო ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიმართა აშშ-ს: „დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში შეერთებული შტატებიც კი, არ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტომ იმოქმედოს“. დასავლეთის ლიდერ სახელმწიფოებს შორის რა სახის წესრიგი მყარდება?
უნილატერალური [ერთპოლუსიანი] მსოფლიო წესრიგის დასრულება ხდება, რასაც ჩვენ პრინციპში ვაკვირდებით ახლა. ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ არსებობს ერთი კონკრეტული ჰეგემონი. ჩვენ გადავდივართ რეგიონული ძალების დომინირების ეპოქაში.
ტრამპის ადმინისტრაციას აშკარად აქვს გამოთქმული საკუთარი პასუხისმგებლობა ამერიკის კონტინენტზე [როგორც სამხრეთ ამერიკაზე, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაზე, ისლანდიამდე], ხოლო ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ყველაზე ლოგიკურია, რომ აიღოს, რა თქმა უნდა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და, ზოგადად, ევროკავშირმა.
აქამდე არსებულ მოდელში ევროპელები სარგებლობდნენ შეერთებული შტატების უსაფრთხოების არქიტექტურით და ამავდროულად მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, უფრო მეტი რესურსი დაეხარჯათ სოციალური სახელმწიფოსთვის აუცილებელ პროგრამებზე. ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელებს მოუწევთ გაცილებით უფრო მეტი რესურსის გადატანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისი პოტენციალიც, როგორც ადამიანური, ასევე რესურსების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნებს გააჩნიათ.
ცივი ომის შემდეგ მსოფლიო არსებობდა უნილატერალური სისტემის პირობებში, როდესაც არსებობდა ერთადერთი ჰეგემონი – შეერთებული შტატები, რომელსაც ჰქონდა გარკვეული მსოფლიო ჟანდარმის როლი. ჯერ კიდევ ობამას პერიოდში შეერთებული შტატები უარს ამბობდა ამ პოზიციაზე და უფრო მეტი ყურადღება გადაჰქონდა ევროპიდან წყნარი და ინდოეთის ოკეანის რეგიონზე. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს პოლიტიკა გრძელდება და ჩვენ ვხედავთ მის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას.
საბოლოო ჯამში, ჩვენ მივალთ სიტუაციამდე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ საკუთარ უსაფრთხოებაზე გაცილებით უფრო მეტი ყურადღების დათმობა და თავად ჩამოყალიბება გეოპოლიტიკურ აქტორად.
ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი წელს იყო ის, რომ პუტინს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების განმეორება სურს, როცა ევროპა ჩეხოსლოვაკიის მსხვერპლად შეწირვას დათანხმდა დიდი ომისგან გადარჩენის იმედით.
ნაწილობრივ შეიძლება, რა თქმა უნდა, ასე შეფასება.
უფრო მეტი პარალელია, რაც რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ მათ სურთ 1944 წლის იალტის კონფერენციის განმეორება. ამ დროს დიდმა სახელმწიფოებმა უბრალოდ გაიყვეს გავლენის სფეროები და ამ გავლენის სფეროების ფარგლებში ზოგიერთი ქვეყანა მოხვდა რუსულ გავლენის სფეროში, ზოგიერთი – დასავლეთის გავლენის სფეროში. იალტის განმეორება არის პრინციპში ის, რაც რუსეთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა, თუმცა მათ ეს არ გამოსდით.
როცა დასავლეთი უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობს, რამდენად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს დასავლეთის, როგორც სანდო და ძლიერი მოკავშირის, მხარდაჭერის იმედი?
მსოფლიო დღეს გადადის ახალი მსოფლიო წესრიგის ეპოქაში. ასეთი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი და სანდო მოკავშირეების არსებობა.
საქართველოსთვის ყველაზე სანდო და ძლიერი მოკავშირე ყოველთვის იყო დასავლეთი, რომელიც ჩვენ გვეხმარებოდა ათწლეულების განმავლობაში ნორმალური, თანამედროვე და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში.
„ქართული ოცნების“ ქმედებების გამო ვხედავთ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები არის ისტორიულად ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში. ამავდროულად, რუსეთი, რომელიც არის ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა, პირიქით, ცდილობს, რომ გააძლიეროს საკუთარი გავლენები საქართველოში. ეს მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში: სომხეთსა და აზერბაიჯანში, რუსული გავლენები მკვეთრად შემცირებულია.
ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც რუსეთი ცდილობს ინტენსიურად საკუთარი გავლენის გაზრდას, არის საქართველო.
Georgian National Communications Commission has launched administrative proceedings against TV company Kavkasia TVover a donation received from the United States.
The information was made public by Nino Jangirashvili, director of Kavkasia TV, who published the letter received from the Georgian National Communications Commission. The Commission has requested a written explanation from the broadcaster within three working days.
“As you know, Kavkasia openly asks for donations — our bank account is publicly available. Completely unknown individuals donate money to us, which especially moves me. We’re talking about amounts that Imedi’s propagandists would spend on a single lunch. Apparently, the regulator discovered that one of our donors is from the United States. I truly don’t know who this dear person is. They have a Georgian first and last name. Maybe they even hold dual citizenship. I don’t know where I’m supposed to investigate this. And what exactly am I supposed to answer them? What service did I provide to the donor? What invoice did I send? Or how did we spend the money? We probably paid the electricity bill or salaries. What else would we have done with it? They simply want to exhaust us, to intimidate us so that we grow tired of living like this and leave. You won’t live to see that,” Jangirashvili wrote on social media.
Nino Jngirashvili also shared the official letter received from the Communications Commission:
“As you are aware, pursuant to Article 66(11) of the Law of Georgia on Broadcasting, “it is prohibited for a broadcaster to receive direct or indirect funding (money or other material benefit of property value) from a foreign power, except for commercial advertising, teleshopping, sponsorship and product (goods/service) placement within a program.”
Furthermore, under Article 66(12), for the purposes of this article, a “foreign power” is defined as:
a) an entity forming part of the governmental system of a foreign state;
b) a natural person who is not a citizen of Georgia;
c) a legal entity not established under the legislation of Georgia;
d) an organizational entity (including a foundation, association, corporation, union, or other type of organization) or any other form of association established under the laws of a foreign state and/or international law.
According to Form 1.7 (Sources of Broadcasters’ Revenue) submitted by you to the Georgian National Communications Commission (hereinafter, the “Commission”) for the fourth quarter of 2025, during this reporting period you received income in the amount of *** GEL (type of service: donation from other persons) from the following individual: ***** ****, U.S.A.
You are requested to submit to the Commission, within three working days of receipt of this letter, detailed information regarding the services provided and the above-mentioned income, together with supporting documentation (contract, invoice, and other financial documents).
Given that, pursuant to Article 14 of the General Administrative Code of Georgia, the language of administrative proceedings is Georgian, you are asked to ensure that any relevant foreign-language documentation (if applicable) is submitted together with its official notarized translation.”
„ჩვენ ვიწვევთ პატარა ვარსკვლავებს, უფასო ცეკვის გაკვეთილებზე,“ – ეს ერთ-ერთი აქტივობაა იმ მრავალთაგან, რომელსაც ბათუმში ახალგახსნილი უკრაინული სახლი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #31-ში მდებარე უკრაინულ სახლში მისულ ნებისმიერ სტუმარს მრავალფუნქციური სივრცე დახვდება – აქ შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, დაესწროთ საინტერესო ლექციას, ისარგებლოთ ფასიანი ან უფასო საგანმანათლებლო კურსებით.
უკრაინული სახლი ბათუმში გასული წლის ზაფხულში გაიხსნა და გახდა სოლიდარობისა და დახმარების ადგილი უკრაინელი ლტოლვილებისათვის და არამარტო მათთვის.
უკრაინული სახლი მასპინძლობს როგორც უკრაინელ, ისე ქართველ სტუმრებს.
უკრაინული სახლი აერთიანებს როგორც კომერციულ, ისე სრულიად უფასო სერვისებს. ძირითადი აქცენტი კეთდება უკრაინის მოქალაქეებზე, თუმცა პროგრამები ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
უფასო მიმართულებები მოიცავს:
კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ემთხვევა უკრაინულ ეროვნულ დღესასწაულებს;
საინფორმაციო შეხვედრებს ლეგალურად ბინადრობის, სავალდებულო დაზღვევის და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.
სივრცე ღიაა მოხალისეებისთვისაც – ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასოდ ჩაატაროს კურსი ან შეხვედრა ბენეფიციარებისათვის, რისთვისაც დარბაზი უსასყიდლოდ ეთმობა.
უკრაინული სახლი თავის სივრცეს ასევე აქირავებს კომერციული მიზნებითაც, მათთვის ვისაც ტრენინგის ან რამე კომერციული ღონისძიების ჩატარება სურს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი, რომელსაც უკრაინული სახლი უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს, არის საკონსულო მომსახურება.
„აქ ხშირად ვმართავთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს უკრაინელი ლტოლვილებისათვის. იცით, რომ იცვლება საქართველოში ლეგალურად ყოფნის წესები, ასევე აქ მყოფ ლტოლვილებს აქვთ სხვადასხვა საჭიროებები დოკუმენტებთან მიმართებით.
საკონსულოს წარმომადგენელი ჩამოდის და აწვდის ყველა საჭირო სერვისს მათ, აღარ უწევთ თბილისში წასვლა,“ – ამბობს კატარინა დვუჰროშევა, უკრაინული სახლის კოორდინატორი.
მისი თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩოს მობილური საკონსულო ჯგუფი წინასწარ განსაზღვრულ დღეებში ჩამოდის ბათუმში და უწევს მომსახურებას აქ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს.
საკონსულო ჯგუფის ვიზიტის დღეებში, უკრაინულ სახლში შესაძლებელია სხვადასხვა დოკუმენტის – პირადობის მოწმობის, დაბადების მოწმობის თუ პასპორტის მიღება და განახლება.
უკრაინული სახლში მდებარეობს კაფე სახელწოდებით – „ყავა ვარ“. კაფესთან ერთად, ეს შეხვედრებისა და ინტეგრაციის ადგილიცაა.
კაფეში ტარდება როგორც უფასო სოციალური შეხვედრები, ისე სპეციალური ფასიანი პროგრამები – მაგალითად, ყავის გაცნობითი კურსი მათთვის, ვისაც ბარისტას ხელოვნების შესწავლა სურს.
„ეს კაფე გარდა კომერციული დატვირთვისა, უფასო შეხვედრებსაც მასპინძლობს, რაც პირველ რიგში ისევ უკრაინული თემის სოციალიზაციაზე არის გათვლილი. ასევე კაფე ხელმისაწვდომია როგორც ქართველი, ისე უკრაინელი მცირე მეწარმეებისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით მათ,“ – ამბობს ამბობს კატარინა დვუჰროშევა, უკრაინული სახლის კოორდინატორი.
კაფეს ერთ მხარეს ხელნაკეთი ნივთების სტენდია მოწყობილი, სადაც ქართველი და უკრაინელი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი.
კაფეს გვერდით სივრცეშია განთავსებული მცირე ბიბლიოთეკაც, სადაც არის წიგნები უკრაინულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე – როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
ყავა ფასიანია, ხოლო ბიბლიოთეკით სარგებლობა – უფასო.
უკრაინული სახლის სივრცე ეთმობა ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტებს – იგეგმება ქართველი და უკრაინელი სტუდენტების ერთობლივი ლექციები და კულტურული შეხვედრები.
ფოტო „ბათუმელები“
უკრაინულ სახლს მართავს ორგანიზაცია Unite Together, რომელსაც უკრაინელთა მხარდაჭერის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ ორგანიზაციის სოციალური ქსელების პლატფორმებზე იდება ღონისძიებების განრიგი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირება.
„უკრაინული სახლი არა მხოლოდ დახმარების პლატფორმაა, არამედ კულტურული ხიდი ორ ერს შორის – ადგილი, სადაც მასპინძელი და სტუმარი ერთმანეთს ხვდებიან და უკეთ ეცნობიან,“ – ასე ხსნის უკრაინული სახლის წარმომადგენელი მათი ორგანიზაციის კონცეფციას.
უკრაინულ სახლი 2025 წლის ივნისში გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიხსნა.
ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი LIDER PRESTIJ და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
LIDER PRESTIJ არის Ro-Ro სამგზავრო ტიპის გემი, რომლითაც გადაჰყავთ სატვირთო ავტომობილები, ტრაილერები და მსუბუქი მანქანები.
ბრალდების თანახმად, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა LIDER PRESTIJ-მა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა.
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.
მათ მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
„კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა,“ – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
Marinetraffic-ის მონაცემებით LIDER PRESTIJ, რომელიც რეგულარულ საბორნე გადაზიდვებშია ჩართული, 2026 წლის ორ თვეში ფოთის პორტში სამჯერ იმყოფებოდა – 16 იანვარს, 29 იანვარს და 8 თებერვალს.
დეპარტამენტს არ განუმარტავს, როდის დააბინძურა შავი ზღვა გემმა.
გზდ-ს ინფორმაციით, გასულ 2025 წელს, შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს მიერ ჩატარდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 259 გემის ინსპექტირება. გამოვლინდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 14 შემთხვევა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურმა ოდენობამ 49 539 ლარი შეადგინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს.
ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, პასტერიზაციისა და სათანადო დეზინფექციის გარეშე. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ დაილუქა რძის შემცველი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული „ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი“, ასევე გამოვლინდა საეჭვო წარმომავლობის რძე და აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი).
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ფიზიკური პირი ლ. ჯ. ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს.
აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა შპს ,,თეთრი დათვიც“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“ – წერს სააგენტო.
By decision of Georgian Dream, refusing to recognize constitutional bodies will become a criminal offense.
The announcement was made on February 16 during a session of the Legal Affairs Committee in the Georgian Dream parliament, as lawmakers discussed another restrictive amendment to the law on grants. The decision comes amid an ongoing dispute over the legitimacy of the government formed after the 2024 parliamentary elections, the results of which are not recognized by most opposition parties.
According to committee chair and ruling party MP Archil Gorduladze, for non-recognition of constitutional bodies to be punishable, two key elements must be present: the act must be carried out systematically and publicly by a specific individual or legal entity.
“We are faced with a reality in which, before individuals move to calls for [constitutional overthrow], they first attempt to create a perception in society that constitutional bodies do not exist, that there is no legislation, that the will expressed by the Georgian people through the election of parliament does not exist. Ultimately, the purpose of creating this perception is to lay fertile ground for calls to overthrow the government and then to attempt constitutional overthrow,” Gorduladze said.
He added that committing a crime motivated by the non-recognition of Georgia’s constitutional order or constitutional bodies will be considered an aggravating circumstance. In such cases, the imposed sentence must exceed by at least one year the minimum penalty stipulated for the underlying offense.
In addition, Gorduladze said a new Article 316¹ (“316 Prima”) will be added to the Criminal Code — “Extremism Against the Constitutional Order.” The provision would criminalize:
Systematic and public calls by a Georgian citizen or a stateless person with status in Georgia for mass violations of Georgian legislation;
For mass disobedience toward Georgian state authorities;
For the creation of alternative bodies to state authorities;
Public and systematic self-presentation, or presentation of another person, as a representative of the authorities without authorization;
Or any other systematic action aimed at establishing the perception that Georgia’s constitutional order or constitutional bodies are illegitimate, if such actions harm Georgia’s interests or create a real threat of such harm.
The proposed penalties include a fine, 400 to 600 hours of community service, or imprisonment for up to three years. Legal entities could face fines or liquidation, Gorduladze said.
Irakli Kobakhidze argued that rejecting the legitimacy of the Georgian Dream government is equivalent to foreign states refusing to recognize Georgia’s authority over its occupied territories:
“[There are countries that] do not recognize the jurisdiction of the Georgian government over 20% of Georgia’s territory. There are five such countries in total — Russia plus four others.
Within the country, there are forces that do not recognize the jurisdiction of the Georgian government over the remaining 80% either. For us, both are equally problematic,” said the Georgian Dream prime minister.
თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს შეცვლილი კანონი ანტიკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვის გარეშე დატოვა.
საუბარია საქმეზე, რომელიც ეხება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირის დაპატიმრებას – თუ პირი ჯარიმას ვერ იხდის, ის მოსამართლემ უნდა დააპატიმროს. წარდგინება შეეხებოდა ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლს. ყველაზე ხშირად ზუსტად ამ მუხლებით აკავებენ და შემდეგ უკვე აპატიმრებენ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სამართლებრივი ნორმის კონსტიტუციურობის დადგენის მოთხოვნითაც მიმართა, რომელიც არ უკავშირდება პროტესტს და წინააღმდეგობას – წარდგინება მარიხუანას მოხმარების, ან შენახვის გამო ავტომანქანის მართვის უფლების კონკრეტული ვადით ჩამორთმევას ეხება. მოსამართლის ეს წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.
თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველად არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული მოსამართლის წარდგინებები იმ საფუძვლით, რომ „სადავო დანაწესი არ წარმოადგენს საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელსაც უნდა დააფუძნოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ დავის სამართლებრივი გადაწყვეტა“.
კონსტიტუციური წარდგინებები წარმოადგენს კონსტიტუციისადმი, ადამიანის უფლებებისადმი და სამოსამართლეო ფიცისადმი ერთგულების აქტს
მე კვლავ გავაგრძელებ სამართლიან, მიუკერძოებელ და კანონის საფუძველზე დამყარებულ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებას,“ – ამბობს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა.
ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია შეჩერებული საქმისწარმოება განაახლოს.
ბათუმში მე-4 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს სცემეს. მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის ინფორმაციით, მგზავრმა ავტობუსის გაჩერება იქ მოითხოვა, სადაც გაჩერების ადგილი არ იყო, რაზეც მძღოლმა უარი თქვა.
შემთხვევა ბათუმში დღეს, 16 თებერვალს მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. დაკავებული ამ ეტაპზე არ არის.
დღეს, 16 თებერვალს, საიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის საკითხზე.
საია მოითხოვს გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას და ასევე, იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს.
„ვიწყებთ სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ქიმიური ნივთიერებების შედეგად დაზიანდნენ და შესაბამისი კომუნიკაციით მივმართავთ გენერალურ პროკურატურას.
როგორც ცნობილია, 2024 წელს შსს-მ დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა სპეციალური საშუალება, მათ შორის წყლის ჭავლი.
გამოყენებული საშუალებების კანონიერებას და პროპორციულობას მივყავართ იქამდე, რომ ეს უტოლდება სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი:
წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევის პრაქტიკა საქართველოში მკაფიოდ არ არის რეგულირებული, პოლიციის შესახებ კანონი და შსს-ს ინსტრუქციები არ შეიცავს ნორმებს, რომლებიც დაასაბუთებდა ასეთ გამოყენებას.
მაშინ, როდესაც 2015 წლის #1002-ე ბრძანების ძველი რედაქციიდან ამოღებულია წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროული გამოყენების პირდაპირი აკრძალვა, დამატებითი კანონიერი სტანდარტების გარეშე.
ამ პირობებში, ქიმიური გამაღიზიანებლების თუ სხვა ტიპის გამაღიზიანებლებით გაჯერებული წყლის ჭავლი ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ შეკრების მართვის საშუალებად და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე კონვენციურ სტანდარტს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული.
საია არაერთხელ მიუთითებდა ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივ შედეგებზე, რაზეც დემონსტრანტები საუბრობენ.
ესენია: კანის დამწვრობა, მხედველობის გაუარსება, სუნთქვის უკმარისობა, ნევროლოგიური და ალერგიული დარღვევები, სმენის პრობლემები, სახსრების ტკივილი და სხვა.
მიუხედავად მრავალგვარი მოწოდებებისა, ხელისუფლებამ 2025 წლის დეკემბრამდე არ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენებოდა 2024 წლის აქციებზე. ხოლო შსს-მ საიას მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მანამდე პასუხი საერთოდ არ გასცა.
2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მიუთითა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა სერიოზულ კითხვებს აჩენს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ და ეს უნდა გახდეს გამოძიების ნაწილი,“- აცხადებს საია.
საიას შეფასებით, სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას, სპეციალური საშულებების არაპროპორციულ უკანონო გამოყენებას, ასევე თავადვე აყენებს ამ უფლებების დარღვევას ეჭვის ქვეშ.
„ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ, იერარქიულ, ასევე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას.
ამ ეტაპზე საია იცავს 7 დაზარალებულს, რომლებიც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას უკავშირებენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს.
ჩვენ მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და ვითხოვთ, გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას ასევე იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც ჩვენ წარმოვადგენთ,“ – აცხადებს საია.
საიას განცხადებით, ორგანიზაცია განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვით პლატფორმებზე.
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც „სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“- ამბობს შსს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 254 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 676 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 042 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 37 319 ერთეული [+26]
MLRS – 1 648 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 301 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 135 459 ერთეული [+601]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 286 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 78 654 ერთეული [+169]
სპეცტექნიკა – 4 071 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
114 297 უპილოტო საფრენი აპარატი
650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 704 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 664 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 296 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
54 456 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. დაშავებული ზემო კიდურის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია.
შემთხვევა დავით ართმელაძის ქუჩაზე [ახალი ბულვარის გაგრძელება] მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახა, მოტოციკლის მძღოლი დაშავდა / 15.02.2026
აჭარაში ოთხი ხის ჯამესთვის ელექტროგაყვანილობის პროექტების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ ოთხივე ჯამე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ავარიულ მდგომარეობაშია.
„ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დაგვა, ხალა, კვირიკე და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში ელექტროსამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 ათასი ლარია. წინადადებების მიღება კი 2026 წლის 18 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა პროექტები 50 დღეში უნდა მოამზადოს.
ხის ჯამეები აჭარის სოფლებში: დაგვა, ხალა, კვირიკე, ზედა ბზუბზუ / ფოტოები ტენდერიდან
კმდს-ს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს მიერ 2026 წელს დაგეგმილია ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრების ძეგლების რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა…
სააგენტოს წარმომადგენლების მიერ განხორციელდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ხის ჯამეების შემოწმება უსაფრთხოების მიმართულებით.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხის ჯამეებში ელექტროგაყვანილობის მოწყობის აუცილებლობა. საწყის ეტაპზე შერჩეული იქნა 4 ხის ჯამე, სადაც საჭიროა სამუშაოების ჩატარება. სამუშაოების განხორციელებამდე კი აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა.“