ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ვერ შეძლო ბათუმის გენგეგმის დასრულება. შემდეგი მერიც ალბათ იმავეს დაჰპირდება ამომრჩეველს. ან სულაც წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ მესიჯად შეიძლება გაიხადოს ის, რომ დაწყებულს დაასრულებს, ან ყველაფერ დაწყებულს დაასრულებს. მეორე უფრო მომხიბვლელი დაპირება იქნება.
ხომ გახსოვთ ოდესღაც „ოცნების“ პრემიერი, გიორგი გახარია რომ უმტკიცებდა ამომრჩეველს „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება გენგეგმაო“. როგორც ჩანს არ მორჩა, რადგან კიდევ ერთმა არჩეულმა მერმა ისე დატოვა თანამდებობა, რომ ბათუმის გენგეგმა ვერ მოამზადა. სცადა და ვერ დაასრულა. არჩევნებამდე, 2025 წლის ოქტომბრამდე რომც შეენარჩუნებინა თანამდებობა არჩილ ჩიქოვანს, ის მაინც ვერ შეასრულებდა ამ წინასაარჩევნო დაპირებას. ამას დოკუმენტები ადასტურებს.
სამაგიეროდ, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური გაცილებით ოპერატიულია რიგ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური [გდგ] გეგმების მომზადება-დამტკიცებისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროექტი დიდი ფულის გავლენითაა გამყარებული და მასშტაბური ცათამბჯენების მშენებლობას გულისხმობს. ამ პროცესში საკრებულოც მონაწილეობს, ძირითადად იმით, რომ გდგ-ებს ამტკიცებს. უპრობლემოდ.
ხელშეკრულება ქალაქის გენგეგმის მომზადებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“, 2021 წლის აპრილში გააფორმეს. დოკუმენტზე მუშაობა 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში უნდა დასრულებულიყო.
ბოლო ცვლილებით, რომელიც ხელშეკრულებაში 2025 წლის აპრილში შევიდა, დასრულების ვადა 2026 წლის 20 აპრილამდე გაახანგრძლივეს, თუმცა ჯერ უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ეს პერიოდი დოკუმენტის დასასრულებლად. დიდი ალბათობით ამ დროს ქალაქს უკვე ახალი მერი ეყოლება, რომელსაც შეეძლება ამომრჩეველს უთხრას – „ჩემი ბრალი არ არის, წინა მერმა გაწელა პროცესი და ამიტომაც ვერ მოება თავი ამ საქმის დასრულებასო“.
დოკუმენტში ბოლო ცვლილების მიხედვით, რომელიც 2025 წლის 11 აპრილით თარიღდება, ვადების გადაწევის ინიციატორი მერიაა და არა მიმწოდებელი კომპანია, თუმცა კომპანიას დააბრალეს. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მერია შემსრულებელს ადანაშაულებს.
კერძოდ, 2025 წლის 8 აპრილს ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა მოამზადა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ვკითხულობთ:
თითოეული ეტაპი დაკავშირებულია მიღების, შესრულების, შემოწმების, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაგზავნის, ხარვეზის დადგენის მიღება ჩაბარებისათვის მომზადების ვადებთან. ჩაბარებული ეტაპების ნაწილი წარმოდგენილი იქნა ხარვეზით, ნაწილი ვადაგადაცილებით, რიგ შემთხვევებში დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული ,,სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან’’ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4.2 ეტაპის – გეგმების მონახაზების შეჯერებული ვერსიის განხილვა, რომელიც გადაგზავნილია გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ყველა უწყებიდან არ არის მოსული საპასუხო წერილი. ეტაპის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დაველოდოთ ყველა პასუხს/რეკომენდაციას და ასევე რეკომენდაციების გათვალისწინებას, ვინაიდან ამ კონცეფციაზე დაყრდნობით უნდა დამუშავდეს ქალაქის სივრცითი განვითარების დოკუმენტი. იქიდან გამომდინარე, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ N88 ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება 2025 წლის 19 აპრილს, ეს ვადა არ იქნება საკმარისი დარჩენილი ეტაპების მიღება-ჩაბარებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის საჯარო ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გაგრძელდეს „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2021 წლის 16 აგვისტოს N88 ხელშეკრულების მოქმედება 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდით“.
კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით კი, მერიამ რევიზიის დასრულების შემდეგ მიწოდებული დოკუმენტების შესწავლა დროში გაწელა:
„კომპანიას ჩაბარებული აქვს კონცეფციის ნაწილი, ველოდებით მიღება-ჩაბარებას, დღე დღეზე უნდა გაფორმებულიყო – როგორც იცით, მერი შეიცვალა და პროცესი გაჩერებულია. ჯერჯერობით, ჩვენ ველოდებით. გავლილია ყველა ეტაპი, სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულია პასუხები. თავად სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ ვადა განსაზღვრული. დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ, როდესაც იკითხავ, რა ხდება? – პასუხი ასეთია, რომ სახელმწიფო უწყებებს გადაეცა, ვიღაცამ დააგვიანა, დროზე არ უპასუხა და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ გადავაცილებთ ერთ დღესაც, რომ გადავაცილოთ ჯარიმა დაგვეკისრება. ამ ეტაპმა დიდი ხანი გასტანა, კონცეფცია ჩვენ ჩავაბარეთ და ველოდებით პასუხის შარშანდელი ზაფხულიდან. სკოპინგის დოკუმენტმა გაწელა პროცესი.“
მერია ასევე განმარტავს, რომ ახალ ვადაში უნდა დასრულდეს დოკუმენტაციის წარმოდგენა-განხილვა, დადგინდეს ხარვეზი, დოკუმენტები გადაიგზავნოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში და ა. შ.
ბათუმის გენგეგმის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი იხარჯება. ამ დროისთვის უკვე ჩარიცხულია 1 მილიონ 235 371 ლარი, რაც ხელშეკრულების ღირებულების 50 პროცენტია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბათუმის გენგეგმის მომზადებას ამომრჩეველს 11 წელია, ანუ 2014 წლიდან ჰპირდება. ამ 11 წლის განმავლობაში უკვე სამი მერი გამოცვალეს. ყველა მათგანის წინასაარჩევნო დაპირება ბათუმის გენგეგმის მომზადება იყო.