მთავარი,სიახლეები

„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან

15.07.2026
„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან

„გადმოდით, თქვენ სახლი ბათუმში უკვე გელოდებათ“, „აქ ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის არის შექმნილი: ფართო და მყუდრო სამსართულიანი ვილები 4+1 განლაგებით და 193 კვადრატულ მეტრამდე ფართობით“, – ამ ფრაზებით ეპატიჟებიან რუსი ბლოგერები საქართველოში რუსეთის სხვა მოქალაქეებს. განსაკუთრებით სოციალურ ქსელ youtube-სა და tik-tok-ზე არეკლამებენ საქართველოს სამშენებლო კომპანიები რუსულად, ზოგჯერ ინგლისურად, თავიანთ გასაყიდ ქონებას – ბინებს და აპარტამენტებს. რეკლამას თითქმის ვერ ნახავთ ქართულად. გარდა ამისა, საქართველოდან უძრავი ქონების რეკლამას ძირითადად რუსები ეწევიან. 

ათეულობით რუსი ბლოგერი ოკუპანტი სახელმწიფოდან, აქტიურადაა ჩართული საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვაში. ყიდიან ყველაფერს – სახლებს, ბინებს, მიწებს რუსებზე, თანაც აფრთხილებენ თავიანთ თანამემამულეებს, რომ დროულად იზრუნონ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებაზე.

რუსი ბლოგერები არეკლამებენ თითქმის ყველა სფეროს – მეღვინეობას, დასასვენებელ ადგილებს, კაფე-ბარებს, სადაზღვევო კომპანიებს და რა თქმა უნდა, სამშენებლო კომპანიებს, დეტალებში აწვდიან რუსეთის მოქალაქეებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ კორპუსში სად, რამდენი ბინა იყიდება.

რუსებს გაყიდვების არაერთი სააგენტო აქვთ ბათუმში, თბილისში და ამაზე ინფორმაცია უხვად მოიპოვება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე.

ბინებს ყიდიან ჯერ კიდევ აუშენებელ კომპლექსებშიც კი. მაგალითად, ბათუმის ე.წ კუნძულზე, Sky Castle-ის ევროპულ სოფელში თუ გონიოში NEXTI-ის პრესტიჟულ საცხოვრისში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, თავად რუსები აქტიურობენ და საკუთარი ინიციატივით არიან ჩართული საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვით, თუ სამშენებლო კომპანიები ქირაობენ მათ?

ჩვენ ბათუმში არაერთ სამშენებლო კომპანიას დავუკავშირდით ამ კითხვით. კომპანიების ნაწილმა გვიპასუხა, ნაწილმა კი თავი აარიდა პირდაპირ პასუხს.

იყო შემთხვევები, როცა მითითებულ ნომრებზე რუსულენოვანმა პირებმა გვიპასუხეს – „უკაცრავად, მე არ ვიცი კართული“.

რუსი ბლოგერები ხშირად არეკლამებენ კომპანია „ორბი ჯგუფის“ გასაყიდ ბინებს. კომპანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ რუს ბლოგერებს არ ქირაობენ, თუმცა ასეც რომ იყოს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„თუ სააგენტო ლეგალურად საქმიანობს, მასთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა, რუსი ბლოგერები ჩვენ დაქირავებული არ გვყავს“, – გვეუბნება ის.

ვესაუბრეთ სამშენებლო კომპანია GURU HOLDING-ის წარმომადგენელსაც, რომელსაც ძალიან ბევრი რუსულენოვანი ბლოგერი არეკლამებს. კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ შეკითხვებს გადასცემდა ხელმძღვანელობას და ისინი თავად დაგვიკავშირდებოდნენ. თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს.

სამაგიეროდ Sunrise Residence-ში დაგვიდასტურეს, რომ ისინი თანამშრომლობენ რუსულენოვან პირებთან უძრავი ქონების გაყიდვის კუთხით.

„საშუამავლო მომსახურებას გვიწევს ბევრი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ზოგს შპს-ები აქვთ რეგისტრირებული, ზოგი ინდმეწარმეები არიან. ისინი ინდივიდუალურად აწარმოებენ სარეკლამო სამუშაოებს, მაგრამ ჩვენი ნებართვით, რა თქმა უნდა. სტანდარტული საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ყველა შუამავალთან და ჩვენგან მხოლოდ ნებართვას იღებენ“, – გვეუბნება კომპანიის წარმომადგენელი.

მას ვკითხეთ, თავად თუ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები ყიდულობენ და ყიდიან საქართველოში ქონებას და რამდენად არის ეს ამ ქვეყნის საფრთხე?

„მე ვარ გაყიდვების მენეჯერი და ცალკე თანამშრომელი ასეთ საკითხებთან დაკავშირებით არ გვყავს. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ამაზე სამსახურის ტელეფონით ვერ გაგესაუბრებით და ვერც კომპანიის პოზიციას გაგაცნობთ, რადგან კომპანიის მენეჯერი ქვეყანაში არ იმყოფება“, – გვეუბნება ის.

ვესაუბრეთ European village-ის ხელმძღვანელს, არჩილ ფარტენაძესთანაც, რომელიც ამბობს, რომ ზოგიერთ სამაკლერო კომპანიებთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

„ზოგი რუსულენოვანია, ზოგი ქართულენოვანი. მარტო რუსები არ არიან, ებრაელებიც არიან, უკრაინელები, ამერიკელები. ვიღაც მაკლერი ვიღაცას ეპატიჟება, ამას მე ვერ გავაკონტროლებ“, – გვეუბნება ის.

თუ თქვენ ქირაობთ რუსულენოვან მაკლერებს, ეს ნიშნავს, რომ რუსულ ბაზარზეც მუშაობთ, არა? – ვკითხეთ მას. „ბაზარია, რეკლამა კეთდება, მსოფლიო ნახულობს. როგორც ვიცი, კანონმდებლობა მკაცრდება ახლა უცხოელებთან მიმართებით და რაღაც კვოტები იქნება, როგორ მითხრეს. მე ვარ ძირფესვიანად ქართველი და ყველაფერ ქართულს ვუჭერ მხარს“, – ამბობს არჩილ ფარტენაძე.

საერთოდ რომ არ იმუშაოთ რუსულ ბაზარზე, გაყიდვების პრობლემა გექნებათ? – ისევ ვკითხეთ მას. არჩილ ფარტენაძე ამბობს, რომ ამას მაინც ვერ გააკონტროლებს, „რადგან რეკლამა ყველგან კეთდება და იმას რუსიც ნახულობს და ამერიკელიც“.

მას ასევე ვკითხეთ, რამდენად გაიზარდა რუსი მაკლერებისა თუ ბლოგერების მუშაობით გაყიდვების მაჩვენებელი ვთქვათ წინა წლებთან შედარებით? „მაგ დეტალებს ნამდვილად ვერ გეტყვით“, – გვეუბნება ის.

დავუკავშირდით კიდევ რამდენიმე კომპანიას, მაგალითად Alliance Centropolis, რომელსაც ასევე ძალიან ხშირად არეკლამებენ რუსები. მათაც ვკითხეთ, თუ ჰყავთ რუსი ბლოგერები დაქირავებული რეკლამისთვის ან რუსულ სამაკლერო კომპანიებთან თანამშრომლობენ თუ არა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, ისინი საკითხს მარკეტინგის სამსახურთან შეათანხმებენ და შემდეგ თავად დაგვიკავშირდებიან.

მომდევნო დღეს, კომპანიისგან ზარი ან შეტყობინება არ მიგვიღია.

რუსი ბლოგერების ფოკუსში აქტიურადაა მოქცეული DreamLand Oasis-ის საცხოვრებელი აპარტამენტები. ოპერატორი, რომელმაც მითითებულ ნომერზე გვიპასუხა ამბობს, რომ ბლოგერებს ძირითადად თავად უკავშირდებიან.

„ჩვენ თვითონ ვახდენთ კომუნიკაციას ვინც ჩვენთვის საინტერესოა. რუსეთიდან ძალიან ბევრი მოთხოვნა მოდის. გადავხედავთ მათ კონტენტს, თუ ჩვენთვის მისაღებია, ვთანამშრომლობთ, რადგან არის ხოლმე რაღაც კონტენტი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და თანამშრომლობაზე უარს ვეუბნებით“, – გვეუბნებიან DreamLand Oasis-ში.

___

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით ბათუმის მოსახლეობა 2014 წელთან შედარებით 54%-ით არის გაზრდილი და დღეს ქალაქში 235 668 ადამიანი ცხოვრობს.

ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან  37 715 პირი, რუსეთის მოქალაქეა. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რუსები საქართველოში არა მარტო ბინებს და საცხოვრებელ აპარტამენტებს ყიდულობენ, არამედ მიწებსაც. მაგალითად 2023 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს სოფლებშიც უპრობლემოდ შეიძინეს მიწის ნაკვეთები.

მაგალითად, 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა ზუსტად 7 709 ბინა, მთლიანობაში 424 449 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში.

2023 წლის შემდეგ სახელმწიფო უწყებები ასაიდუმლოებენ ინფორმაციას, რომელიც რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ ქონებას თუ ბიზნესს უკავშირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: