„დამეხმარები?“ – ჰკითხა მარის 15 წლის გოგონამ.
მარი დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად. გოგონა ენდო და მოუყვა, როგორ ძალადობდა მასზე ბაბუა – მამინაცვლის მამა წლების განმავლობაში.
„ფიზიკური არ იყო“ – უთხრა გოგონამ და მარი მიხვდა, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულთან ჰქონდა.
ეს იყო პედოფილიის პირველი საქმე, რომელზეც მარი ვარამაშვილმა, როგორც იურისტმა იმუშავა. მას შემდეგ, თითქმის სამი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი სასამართლო საქმე მოიგო ბავშვებზე მოძალადეების წინააღმდეგ. მათგან 6-7 პედოფილია იყო, დანარჩენი – სხვადასხვა სახის გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანების მიმართ. დაახლოებით ამდენივე მიმდინარე საქმე აქვს და იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში, სხვა მოძალადეებიც დაისჯებიან.
„ბათუმელები“ მარი ვარამაშვილს ესაუბრა ბავშვთა მიმართ სქესობრივი ძალადობის პრაქტიკაზე, სწორი და შესაფერისი მხარდაჭერის მნიშვნელობასა და შედეგებზე, რომელსაც 3-წლიანი მუშაობის პერიოდში მიაღწია.
- „საქმე, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება“
პედოფილიის მსხვერპლი პირველი ბავშვი მარისთან 2024 წლის თებერვალში მივიდა. უფრო ზუსტად, დედამ მიიყვანა. 15 წლის გოგონას ქცევებისა და ხასიათის იმდენად თვალშისაცემი ცვლილებები ჰქონდა, რომ დედა მიხვდა, ეს არ იყო მხოლოდ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები. მცდელობის მიუხედავად, დედამ ვერ შეძლო ბავშვისგან გაეგო, რა აწუხებდა. საბოლოო, როცა მოზარდმა საკუთარი თავის დაზიანება სცადა, დედამ გადაწყვიტა დასახმარებლად „საფარისთვის“ მიემართა – ბავშვთა და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციისთვის, რომელშიც მარი ვარამაშვილი მუშაობს.
ქალმა მარის გაუზიარა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა მის შვილს ვინმემ რამე დაუშავა. თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად აღიარა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბავშვი პედოფილის მსხვერპლი გახდა. მარი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მოზარდმა ეს ამბავი გაუმხილა.
„ეს იყო ძალიან მძიმე საქმე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად არ არსებობდა მტკიცებულებები, მაგრამ არსებობდა ძალიან მძიმედ დაზიანებული ბავშვი, რომელსაც სჭირდებოდა სამართალი. ის ამ თემაზე არ ლაპარაკობდა არავისთან. პირველი ადამიანი, ვისთანაც ბავშვი გაიხსნა და დაიწყო ლაპარაკი, ვიყავი მე. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის. მან მკითხა, „დამეხმარებით?“ და საუბარი დაიწყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ნდობა გაუჩნდა.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში, არაერთხელ შეფერხდა გამოძიება და მე სულ მახსოვდა, რომ ის ჩემგან ელოდა დახმარებას. არ ელოდა პოლიციისგან, პროკურორისგან, ელოდა ჩემგან, რადგან ის მე მენდო. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. მახსოვს უძილო ღამეები ამ საქმეზე ფიქრით. საბოლოოდ დაიგეგმა ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რითაც მოვიპოვეთ ამ კაცის აღიარება“, – გვიყვება მარი ვარამაშვილი.
აღმოჩნდა, რომ ბაბუა – მამინაცვლის მამა ბავშვზე 9 წლის ასაკიდან ძალადობდა. ისინი ერთ ოჯახში არ ცხოვრობდნენ, თუმცა ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე ბავშვი დედასთან და მამინაცვალთან ერთად მოძალადის სახლში ჩადიოდა. თავდაპირველად, კაცმა ბავშვზე ძალადობა სხვადასხვა სახის სექსუალური შინაარსის ქმედებით დაიწყო. ერთ ზაფხულს, ბავშვი გარკვეული პერიოდით მასთან მარტო, დედის გარეშე დარჩა. სწორედ მაშინ დაიწყო მძიმე ძალადობა, მათ შორის გაუპატიურების არაერთი შემთხვევა.
მარი ვარამაშვილს ვკითხეთ, რა ცვლილებები დაინახა დედამ გოგონას ქცევაში, რაც საგანგაშოდ მიიჩნია და დასახმარებლად მიმართა.
„დედამ ნახა ბავშვის ჩანახატები, რომელთა შინაარსი ეუცნაურა. ბავშვს ჰქონდა ქცევითი ცვლილებები, უკუსვლა აკადემიურ ნაწილში, გაღიზიანება ყველას მიმართ. ასევე, ჰქონდა თვითდაზიანების შემთხვევები და სხვა გამოვლინებები. თვითონ როცა ეკითხებოდა, ბავშვი არ პასუხობდა, მინიშნებებით ელაპარაკებოდა.
ზოგადად, ბავშვებს ჰგონიათ, რომ ასე სხვებს დაიცავენ – საკუთარი სიმძიმე აღარ გადააქვთ დედაზე. ტკივილს იტოვებენ თავისთან, ოღონდ დედამ არ გაიგოს, დედა ვერ გადაიტანს და ა.შ. ეს არის მანიპულაციის ფორმაც – მოძალადეები შთააგონებენ, რომ დედაშენი ვერ გადაიტანს ამას. მათაც ეს სჯერათ და ბოლო მომენტამდე არ უნდათ, რომ გაიგონ მშობლებმა“, – ამბობს მარი.
ბავშვის მიერ დახმარების თხოვნიდან სამ თვეში კაცი დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს გაუპატიურების, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლებით. ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე, ციხეში გარდაიცვალა.
წაიკითხეთ მასალა „ბათუმელების“ არქივიდან: რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები
- „უვადო პატიმრობა მიესაჯა მოძალადე მამას“
მარი ვარამაშვილი გვყვება, რომ მას ხშირად მიმართავენ ზრდასრული ქალები და უყვებიან ბავშვობაში მიღებულ ძალადობის გამოცდილებაზე. ზოგჯერ მათ მხოლოდ ამბის გაზიარება უნდათ, თუმცა უარს ამბობენ სამართლებრივი დავის დაწყებაზე. ზოგჯერ აინტერესებთ, რა შანსები აქვთ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.

მარი ვარამაშვილი (ფოტო: ნინა ბაიდაური / ქალები საქართველოდან)
მეორე საქმე, რომელზეც მარი გვიყვება სწორედ ასეთია: ახალგაზრდა ქალმა „საფარში“ დარეკა – თქვა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი და სურდა კონსულტაციის გავლა.
ქალი მარის მოუყვა, რომ 8 წლის ასაკში მამამ მასზე რამდენჯერმე იძალადა. ამ ამბის შემდეგ 14 წელი იყო გასული. ეს დრო დასჭირდა ქალს იმისთვის, რომ ამის შესახებ მოეყოლა და დახმარება ეთხოვა.
გაუპატიურება და სხვა სახის სქესობრივი დანაშაულები სპეციფიკურია იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად არ არსებობს პირდაპირი მოწმე ან მტკიცებულება. სხვა სახის მტკიცებულებების მოპოვებისას კი დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, წლების წინ მომხდარ შემთხვევაზე მტკიცებულებების მოძიება მარტივი არ არის.
იურისტი ამბობს, რომ არასწორია ძალადობის მსხვერპლს დამნაშავის დასჯის გარანტია მისცე. თუმცა, მას უკვე ჰქონდა წლების წინ მომხდარი დანაშაულის გახსნის გამოცდილება, ამიტომ ის ქალს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად.
ადვოკატი ხაზგასმით ამბობს, რომ საქმის წარმატებით დასასრულებლად მნიშვნელოვანია ნდობა.
„დანაშაული 14-15 წელის წინ იყო მომხდარი და ერთი შეხედვით ჩანდა უიმედო. უბრალოდ, მე არ შემეძლო კონსულტაციის შემდეგ გამეშვა ქალი, რომელიც ჩემთან სასაუბროდ შორ გზიდან ჩამოვიდა თბილისში. მე მას ვუთხარი, რომ თუ მენდობოდა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ბრძოლას შედეგი ჰქონოდა. ნდობა მნიშვნელოვანია. ყველა საქმე, რომელიც წარმატებით დასრულდა, დასრულდა იმიტომ, რომ დაზარალებული სრულად მენდობოდა.
ვგრძნობდი, რამდენად რთული იყო მათთვის ამ ბრძოლაში შესვლა, რამდენი წინააღმდეგობა ხვდებოდათ, მაგრამ თუ ვიწყებდით, უნდა დაგვესრულებინა.
სქესობრივი დანაშაულის და პედოფილიის გამოცდილების მქონე ქალები არიან ყველაზე ძლიერი ადამიანები, ვისთანაც ოდესმე შეხება მქონია. ხშირად მეუბნებიან, რომ მე ვარ ძლიერი, რომ ამ საქმეებზე ვმუშაობ. სინამდვილეში, ძალა ამ ადამიანებისგან მოდის და ეს ისეთი გადამდებია, რომ უკან ვერ დაიხევ“, – ამბობს ადვოკატი.
ახალგაზრდა ქალი მარის მოუყვა, რომ მამა ძალადობდა როგორც მასზე, ისე დედაზე. შვილის გაუპატიურების რამდენიმე შემთხვევის შემდეგ კაცი სახლიდან წავიდა. 14 წლის განმავლობაში ქალს მამასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. თუმცა, ტრავმა, რომელიც ბავშვობაში მიიღო, მისი ცხოვრების თანმდევი გამხდარიყო.
ქალს ამ ტრავმისგან გათავისუფლება სურდა და მიხვდა, რომ მოძალადის დასჯის გარეშე ამას ვერ მოახერხებდა.
„ამ ამბიდან ვერ გამოდიოდა. საკუთარ თავს ებრძოდა მუდმივად, რომ დაევიწყებინა, მაგრამ ვერ ივიწყებდა. მუდმივად იყო ძიებაში, რის გაკეთება შეეძლო. არ იცოდა, რომ ამდენი ხნის შემდეგაც იყო შესაძლებელი, შედეგი დამდგარიყო. როცა გაიგო „საფარის“ შესახებ, გადაწყვიტა კონსულტაცია გაევლო. როცა საქმე დავასრულეთ, მან მითხრა: საერთოდ არ მქონდა იმედი, რომ ვინმე დამიჯერებდა, მხარს დამიჭერდა და პოლიციაში გამომყვებოდა; შენ რომ გელაპარაკე, გენდე და თბილისში ჩამოვედი, რომ დახმარება მიმეღოო. ასე ხდება – დაზარალებულები მუდმივად ამ ამბავში ტრიალებენ და რაღაცა ეტაპზე კი იღებენ ტელეფონს და რეკავენ, რომ გაიგონ პასუხი, შეიძლებოდა თუ არა ეს ისტორია დასრულდეს“, – ამბობს მარი ვარამაშვილი.
ქალი „საფარში“ 2024 წლის ნოემბერში მივიდა, დეკემბრის ბოლოს კაცი დააპატიმრეს, 2025 წლის 12 სექტემბერს კი მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის ივლისში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაში მთავარი მტკიცებულება აღმოჩნდა კაცის აღიარებითი ჩვენება, რომელიც იურისტების წინასწარ გაწერილი გეგმით მოიპოვეს.
„სააპელაციოს განაჩენში ეწერა, რომ დაზარალებულის ჩვენება ძალიან მძიმე ტკივილით იყო გაჯერებულიო. ზოგადად, განაჩენში ასეთი სენტიმენტალური აქცენტები არ იწერება. ამ განაჩენით მე მივხვდი, რამდენად მიაღწია გოგონას ტკივილმა მოსამართლემდე. მართლა ძალიან მძიმე ტკივილით იყო გაჯერებული პროცესი.
როცა მოსამართლემ დაუსვა სტანდარტული კითხვა, იცით თუ არა, რა საქმეზე ხართ გამოცხადებულიო, მან უთხრა, მე ჩემი 8 წლის თავი უნდა დავიცვაო. აი, ამიტომ იწყებენ ბრძოლას – საკუთარ თავს იცავენ ბავშვობის ასაკში. როცა ჩვენთან მოვიდა, მას ბრაზი ჰქონდა, რომ საკუთარი თავი ვერ დაიცვა. ახლა არის მშვიდად, რომ ეს შეძლო.
ყველაზე საინტერესო იცით რა არის?! მოდიან 25-30 წლის ქალები, იწყებენ ბავშვობაში მომხდარ დანაშაულზე საუბარს და მოყოლისას ხდებიან ის ბავშვები – მათი ლაპარაკის მანერა, ის, თუ როგორ გადმოსცემენ ამბავს, არის იმ პერიოდში მყოფი ბავშვის ისტორია. იმ ტკივილზე ჰყვებიან, რაც მაშინ განიცადეს. ეს არ არის გადააზრებული და ასაკობრივად გადახარშული ტკივილი. როცა უსმენ, შენ უსმენ იმ მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც ამ ყველაფერს პირველად ჰყვება“, – გვიხსნის მარი ვარამაშვილი.
როგორ ვერ შენიშნა ოჯახის სხვა წევრმა ძალადობა? რატომ ვერ დაიცვეს ბავშვი? – იურისტი ამბობს, რომ ერთი შეხედვით მსგავსი კითხვები ლოგიკურია, თუმცა ისეთ დისფუნქციურ ოჯახებში, სადაც ძალადობა ნორმალიზებულია, ხშირად, არავის შესწევს ძალა დაინახოს, ან დაიცვას ბავშვი. მაგალითად, ამ შემთხვევაში, კაცი ბავშვს ემუქრებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდა, დედას რამეს დაუშავებდა.
„ხშირად მოძალადიდან ფოკუსი გადადის ოჯახის სხვა წევრზე – როგორ ვერ ხედავდა დედა, როგორ ვერ ხედავდა სხვა და ა.შ. სხვადასხვანაირი მოწყვლადობით გამოირჩევიან ხოლმე დედები. ხშირად, თავადაც არიან ძალადობის მსხვერპლები. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ანგარიშსწორება. ასეთ დროს, იმდენად არიან გადართულები გადარჩენაზე, ან სოციალურ საკითხებზე, რომ ვერ ამჩნევენ ბავშვზე ძალადობას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასე იყო: დედა იყო დასაქმებული დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე. იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რადგან ეს კაცი არ მუშაობდა. დედა ყველაფერს აკეთებდა ოჯახის მატერიალურად უზრუნველსაყოფად. თვითონ თქვა, მეგონა, რომ ბავშვს გარემო პირობებისგან ვიცავდი და თურმე დასაცავი მყავდა სახლში, როცა მამასთან ვტოვებდიო. მისთვისაც ძალიან მძიმე იყო ამ ამბის გამომჟღავნება, როცა გაიგო შვილისგან და თვითონაც საკუთარ თავს იდანაშაულებდა სასამართლო დაკითხვის დროს“, – გვიყვება მარი ვარამაშვილი.
- „მამას ძალიან უყვარხარ და უბრალოდ გეფერება“
ერთ-ერთ ბოლო საქმეზე, რომელზეც მარი ვარამაშვილმა იმუშავა, განაჩენი 2026 წლის 2 ივლისს გამოცხადდა.
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა გაუპატიურებასთან, არამედ 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასთან. დაზარალებულმა ამ შემთხვევაშიც წლები შემდეგ, ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა დამნაშავის დასჯა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით ის დახმარებას უშუალოდ ძალადობის პერიოდშიც ითხოვდა, თუმცა – უშედეგოდ.
როგორც მარი გვიყვება, 2026 წლის იანვარში 21 წლის გოგო სახლიდან გაიქცა და პირდაპირ „საფარში“ მივიდა. ის ამბობდა, რომ 14-15 წლის ასაკში მამა მას უნებართვოდ ეხებოდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე უხამსი შინაარსის კომენტარებს უკეთებდა. წინა შემთხვევის მსგავსად, კაცმა ამ შემთხვევაშიც დატოვა ოჯახი და შვილს მასთან შეხება აღარ ჰქონდა. თუმცა, 6 წლის შემდეგ კაცი ოჯახში დაბრუნდა. ახალგაზრდა ქალს შიში გაუჩნდა, რომ მამასთან ფიზიკური სიახლოვისას ის შეიძლება ისევ გამხდარიყო ძალადობის მსხვერპლი.
„ძალადობის მომენტში გოგონა 14-15 წლის იყო, ის აცნობიერებდა ამ ქმედების შინაარსს და ამაზე მუდმივად ლაპარაკობდა: ეუბნებოდა კაცს, რომ გაჩერებულიყო, რომ არ სიამოვნებდა, რომ ეს არ იყო სწორი, მაგრამ მამის პასუხი მუდმივად იყო ის, რომ მას ამის უფლება ჰქონდა.
ბავშვმა დახმარება სთხოვა ოჯახის სხვა წევრებსაც, მაგრამ ისინი ეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ეჩვენებოდა, რომ ეს იყო მისი ფანტაზიის ნაყოფი, რომ მამას ის, უბრალოდ, ძალიან უყვარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვმა თავიდანვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი, მაგრამ მაინც მხარდაჭერის გარეშე დარჩა. მხოლოდ დედა ცდილობდა შვილის დაცვას, თუმცა თავადაც მძიმე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და ვერ მოახერხა ქმრის შეჩერება.
გოგონას წლების წინაც ჰქონდა შიში, რომ უფრო მძიმე რამე შეიძლება მომხდარიყო, ამიტომ მუდმივად გაურბოდა მამასთან მარტო დარჩენას. გარკვეული პერიოდით მამა ტოვებს ოჯახს. ამ დროს ბავშვი თავისუფლად ცხოვრობს სახლში და აღარ აქვს შიში. როცა კაცი ბრუნდება, გოგონა უკვე გაზრდილია. თუ პატარა ასაკში მან არ იცოდა, როგორ დაეცვა თავი, ახლა მეგობრის დახმარებით მოვიდა “საფარში” და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მის გადასარჩენად“, – გვიყვება მარი.
მან მოიპოვა არაერთი მტკიცებულება. მათ შორის მოწმეთა ჩვენებები – გოგონა ბავშვობაშივე უზიარებდა წუხილს მეგობრებს, რომლებიც ახლა უკვე ზრდასრული ქალები არიან და დაადასტურეს მისი მონაყოლი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა – იურისტი გვიხსნის, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა ბავშვობის ასაკში განცდილი ძალიან მძიმე ხარისხის ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელიც შეუძლებელია შევადაროთ სხვა, ყოფითი პრობლემიდან მიღებული ტანჯვის ხარისხს.
განაჩენს გამოცხადების დღეს დაზარალებულს ადვოკატისთვის უთქვამს, რომ მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენ წელს მიუსჯიდნენ მოძალადეს.
„განაჩენის გამოცხადებაზე უნდა შევსულიყავი, როცა შემომიბრუნდა და მითხრა – ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელს მიუსჯიან, ეს ვერაფერს შეცვლის, იმიტომ, რომ ეს ტანჯვა და ტკივილი ჩემგან არ წავა. მაგრამ მიხარია, რომ დავამტკიცე, რომ ეს მართლა გამოვიარე და მართალი ვარო“, – გვყვება მარი.
ამ საქმეზე მოძალადე კაცს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
- „ბავშვს უნდა ეგულებოდეს მხარდამჭერი“
„მოუსმინეთ საკუთარ შვილებს მაშინაც კი, როცა ისინი არ ლაპარაკობენ“ – გვითხრა მარი ვარამაშვილმა, როცა ვკითხეთ, რა რჩევას მისცემს მშობლებს, რათა შვილები დაიცვან მსგავსი ტიპის დანაშაულებისგან.
იურისტის თქმით, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ სახელი დაარქვან იმას, რაც მათ თავს ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია პრობლემა მათ ქცევაში ამოვიცნოთ.
სქესობრივი დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი, ვისთანაც მარი ვარამაშვილს უმუშავია 7 წლის იყო.
„ცუდ რაღაცებს მიკეთებს“ – ამბობენ, თურმე, ამ ასაკის ბავშვები.
მარი ვარამაშვილის თქმით, ქცევითი ცვლილებები აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი სქესობრივი ძალადობის მსხვერპლია. თუმცა, ეს ნიშნავს იმისა, რომ მშობლებმა მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
მარი ვარამაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პრევენციის მნიშვნელობაზე, რისთვისაც აუცილებელია ბავშვისთვის ასაკის შესაბამისი ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდება.
„ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი სახის შეხება არ შეიძლება. ამაზე თავად მშობელმა უნდა დაიწყოს ლაპარაკი და მიწოდოს ასაკის შესაბამისი ინფორმაცია. ბავშვს უნდა ეგულებოდეს მხარდამჭერი, ოჯახის წევრი – დედა იქნება თუ მამა, ვისაც ამბავს მოუყვება და მისგან ადეკვატურ რეაქციას მიიღებს. ამ შემთხვევაში მოძალადე ვერ შეაშინებს იმით, მშობელმა თუ გაიგო, ინერვიულებსო. მოძალადეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ბავშვის სიჩუმე, ბავშვის მიმართ გამოხატული უნდობლობა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ.
ლაპარაკის დაწყების შემდეგ, რეაქცია უნდა იყოს ძალიან სწორი. არ შეიძლება ბავშვის დაშინება, შერცხვენა. ისინი ისედაც საკუთარ თავს იდანაშაულებენ – ჰგონიათ, რომ რაღაც არასწორი გააკეთეს, თვალებში ვერ გიყურებს საუბრისას.
ასევე, არანაირი ზედმეტი კითხვა არ უნდა იყოს დასმული. მშობელმა უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია ისე, როგორც ბავშვი მიაწვდის, მინიმალურ დონეზე, ჩაკითხვების, ჩაძიების და დეტალების მოყოლის გარეშე. შემდეგ უნდა მიმართოს ფსიქოლოგს და აუცილებლად იურისტს.
მშობელი ვერასდროს ვერ დაუსვამს საჭირო კითხვებს იმ ფორმით და სტანდარტით, რომ ბავშვი არ დაზიანდეს. ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ შევძლო ბავშვთან სწორი კომუნიკაცია“, – ამბობს მარი ვარამაშვილი.
რაც შეეხება ზრდასრულ ქალებს, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, ან პირადად უკავშირდებიან – „მათ ვეტყოდი, რომ არასდროს არ არის გვიან ხმის ამოღება“.
„ძალადობის ფაქტები თავისთავად არსად არ მიდის და ეს ანომალიურ მოვლენად რჩება. ამიტომ, იმ ადამიანებს, ქალებს, რომლებსაც ჯერ არ განუცხადებიათ, ვეტყოდი, რომ შეუძლებელი არაფერია . ვაჩვენებდი ამ საქმეებს, რაც ბევრისთვის გახდა საწინდარი იმის, რომ მომართვიანობა გაზრდილიყო.
ეს არ არის მარტივი პროცესი, სიმართლის დამტკიცებას სჭირდება დიდი ნებისყოფა და ბევრი ძალა. თუმცა, სანამ „საფარი“ არსებობს, აქ დახვდებათ ადამიანები, რომლებიც მოგისმენენ და მარტო არ დატოვებენ ამ ბრძოლაში“, – ამბობს მარი ვარამაშვილი.






