მთავარი,სიახლეები

15 წლის ბავშვის საქმე, რომელზეც ბაბუა სექსუალურად ძალადობდა

16.07.2026
15 წლის ბავშვის საქმე, რომელზეც ბაბუა სექსუალურად ძალადობდა

„ფიზიკური არ იყო“ – უთხრა გოგონამ და ადვოკატი მიხვდა, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულთან ჰქონდა.

პედოფილიის მსხვერპლი პირველი ბავშვი მარი ვარამაშვილთან 2024 წლის თებერვალში მივიდა. უფრო ზუსტად, დედამ მიიყვანა. 15 წლის გოგონას ქცევებისა და ხასიათის იმდენად თვალშისაცემი ცვლილებები ჰქონდა, რომ დედა მიხვდა, ეს არ იყო მხოლოდ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები.

მცდელობის მიუხედავად, დედამ ვერ შეძლო ბავშვისგან გაეგო, რა აწუხებდა. საბოლოო, როცა მოზარდმა საკუთარი თავის დაზიანება სცადა, დედამ გადაწყვიტა დასახმარებლად „საფარისთვის“ მიემართა – ბავშვთა და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციისთვის, რომელშიც მარი ვარამაშვილი მუშაობს.

ეს იყო პედოფილიის პირველი საქმე, რომელზეც მარიმ, როგორც იურისტმა იმუშავა.

ქალმა მარი ვარამაშვილს გაუზიარა ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა მის შვილს ვინმემ რამე დაუშავა. თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად აღიარა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბავშვი პედოფილის მსხვერპლი გახდა. ადვოკატი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მოზარდმა ეს ამბავი გაუმხილა.

„ეს იყო ძალიან მძიმე საქმე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად არ არსებობდა მტკიცებულებები, მაგრამ არსებობდა ძალიან მძიმედ დაზიანებული ბავშვი, რომელსაც სჭირდებოდა სამართალი. ის ამ თემაზე არ ლაპარაკობდა არავისთან. პირველი ადამიანი, ვისთანაც ბავშვი გაიხსნა და დაიწყო ლაპარაკი, ვიყავი მე. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის. მან მკითხა, „დამეხმარებით?“ და საუბარი დაიწყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ნდობა გაუჩნდა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, არაერთხელ შეფერხდა გამოძიება და მე სულ მახსოვდა, რომ ის ჩემგან ელოდა დახმარებას. არ ელოდა პოლიციისგან, პროკურორისგან, ელოდა ჩემგან, რადგან ის მე მენდო. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. მახსოვს უძილო ღამეები ამ საქმეზე ფიქრით. საბოლოოდ დაიგეგმა ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რითაც მოვიპოვეთ ამ კაცის აღიარება“, – გვიყვება მარი ვარამაშვილი.

აღმოჩნდა, რომ ბაბუა – მამინაცვლის მამა ბავშვზე 9 წლის ასაკიდან ძალადობდა. ისინი ერთ ოჯახში არ ცხოვრობდნენ, თუმცა ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე ბავშვი დედასთან და მამინაცვალთან ერთად მოძალადის სახლში ჩადიოდა.

თავდაპირველად, კაცმა ბავშვზე ძალადობა სხვადასხვა სახის სექსუალური შინაარსის ქმედებით დაიწყო. ერთ ზაფხულს, ბავშვი გარკვეული პერიოდით მასთან მარტო, დედის გარეშე დარჩა. სწორედ მაშინ დაიწყო მძიმე ძალადობა, მათ შორის გაუპატიურების არაერთი შემთხვევა.

მარი ვარამაშვილს ვკითხეთ, რა ცვლილებები დაინახა დედამ გოგონას ქცევაში, რაც საგანგაშოდ მიიჩნია და დასახმარებლად მიმართა.

„დედამ ნახა ბავშვის ჩანახატები, რომელთა შინაარსი ეუცნაურა. ბავშვს ჰქონდა ქცევითი ცვლილებები, უკუსვლა აკადემიურ ნაწილში, გაღიზიანება ყველას მიმართ. ასევე, ჰქონდა თვითდაზიანების შემთხვევები და სხვა გამოვლინებები. თვითონ როცა ეკითხებოდა, ბავშვი არ პასუხობდა, მინიშნებებით ელაპარაკებოდა.

ზოგადად, ბავშვებს ჰგონიათ, რომ ასე სხვებს დაიცავენ – საკუთარი სიმძიმე აღარ გადააქვთ დედაზე. ტკივილს იტოვებენ თავისთან, ოღონდ დედამ არ გაიგოს, დედა ვერ გადაიტანს და ა.შ. ეს არის მანიპულაციის ფორმაც – მოძალადეები შთააგონებენ, რომ დედაშენი ვერ გადაიტანს ამას. მათაც ეს სჯერათ და ბოლო მომენტამდე არ უნდათ, რომ გაიგონ მშობლებმა“, – ამბობს მარი.

ბავშვის მიერ დახმარების თხოვნიდან სამ თვეში კაცი დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს გაუპატიურების, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლებით. ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე, ციხეში გარდაიცვალა.

___

ნახეთ სტატია სრულად: 

„დამეხმარები?“ – იკითხა 15 წლის გოგომ – 3 ამბავი პედოფილიაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: