„მოდი ნუ ვიტყვით, რომ ომის იდეა მიუღებელია კირილ“ – მობილიზაციას გამოქცეული ცოლ-ქმარი

2022 წელს რუსეთიდან 1 მილიონ 400 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაიწყეს ინტენსიურად შემოსვლა, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაეხა უკრაინას.

რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა ზაფხულსა და შემოდგომაზე: ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებამდე და მას შემდეგაც.

პირად საუბრებში რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ უმრავლესობა სწორედ მობილიზაციის გამო ტოვებს ქვეყანას. წამოსვლის მიზეზად ასახელებენ ასევე დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედებას და რეპრესიულ სისტემას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.

ოლგა კ და კირილ მ. ბათუმში გასული წლის შემოდგომაზე ჩამოვიდნენ. მოსკოვში დატოვეს მშობლები, ბებია და ბაბუა. დაკეტეს ოროთახიანი ბინა და ჯერ თურქეთში, მერე საქართველოში წამოვიდნენ.

„მე არ მინდოდა ომში წასვლა. ამ ომის იდეა ჩემთვის მიუღებელია და ქვეყნის დატოვება გადავწყვიტე ოჯახით. მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ჩამოვედი“, – ამბობს კირილი.

„მოდი ნუ ვიტყვით, რომ ომის იდეა მიუღებელია კირილ, ჩვენ ხომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას ვაპირებთ? ვთქვათ, რომ უბრალოდ ნეიტრალურები ვართ და არავის ვემხრობით“, – ეუბნება ოლგა კირილს.

ოლგა საუბრობს, თუ როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი ბათუმში. როგორ წამოვიდნენ რუსეთიდან, რა მდგომარეობა დახვდათ საქართველოში და რას აპირებენ მომავალში.

„ბათუმში ბინის დაქირავება ძალიან გაგვიჭირდა. აქ გაცილებით ძვირია ბინის დაქირავება, ვიდრე მოსკოვში და, ზოგადად, რუსეთში. ჩვენ მიჩვეულები ვართ კაფეში საუზმეს დილაობით, სადილს ვიძახებთ ხოლმე რესტორნიდან. აქ უკვე ვერ ვაძლევთ თავს ამის უფლებას ხშირად.

ძალიან გვიყვარს სუში. მოსკოვში ხშირად ვიძახებდით და ჩვეულებრივი ფასი ჰქონდა. აქ ეს დელიკატესად ითვლება. ვეღარ ვყიდულობთ ჩვენ საყვარელ როლებს. ვეღარც პიცას ვიძახებთ ხშირად, ძალიან ძვირია აქ.

500 დოლარი რომ ღირს ბინა ყოველთვიურად, იქ ცუდი პირობებია, ამიტომ იძულებულები გავხდით 850 დოლარიანი მოგვეძებნა, მცირე კომფორტით. ესეც პატარა ბინაა, მისაღები ოთახი სამზარეულოთი და საძინებლით, გათბობის გარეშე. ვიყიდეთ სპირალიანი გამათბობელი და ასე ვთბებით“, – ამბობს ოლგა

კირილი გვეუბნება, რომ ორი ბავშვისგან ერთ-ერთი, სკოლის მოსწავლე, ონლაინგაკვეთილების საშუალებით სწავლობს. მისივე თქმით, ეს რუსეთში პანდემიის დროსაც ასე იყო.

წყვილმა მეორე, სკოლამდელი ასაკის შვილი ბათუმში ბავშვთა რუსულენოვან ცენტრში მიიყვანა.

„ძალიან ბევრია ბათუმში ბავშვთა ცენტრი რუსულენოვანებისთვის, ეს იგივე საბავშვო ბაღია, ოღონდ ასე ჰქვია. ბევრი ხალხი ჩამოვიდა რუსეთიდან და ამის საჭიროება ნამდვილად დგას. ბავშვები ხომ უნდა წავიყვანოთ სადმე. თან ადამიანებს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა მიეცათ. მცირე ბიზნესის დაწყება საქართველოში ძალიან მარტივია, მოგების მხოლოდ 1%-ს იხდი საქართველოს ბიუჯეტში და მოგებაც დიდი გაქვს. ბავშვთა რუსულენოვანი ცენტრების დიდი არჩევანია თბილისშიც და ბათუმშიც. რუსეთის ბევრ დიდ ქალაქშიც კი არ არის ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი“, – ამბობს ოლგა.

მის მეუღლეს, კირილს ვეკითხებით, რა შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ რუსეთში:

„როცა კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე მოილაპარაკებს მაშინ დავბრუნდებით. ვისურვებდით, რომ შედგეს მოლაპარაკება და ომი დამთავრდეს, რომ უკან დაბრუნება შევძლოთ.

თუმცა დიდი საფრთხეა წინ, საუბრობენ იმაზე, რომ ომის დროს ვინც დატოვა რუსეთი, განსაკუთრებით მობილიზაციის შემდეგ, მათ შესაძლოა ქონებაც ჩამოართვან“, – ამბობს კირილი.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ძალიან უჭირთ შენგენის ვიზის მიღება და ევროპის ქვეყნებში წასვლა.

„ბევრი ვიცი ჩემს ნაცნობებს შორის, ვისაც შენგენის ვიზა ჰქონდა, მაგრამ მაინც უკან გამოაბრუნეს. ბევრს თავად არც უნდა ევროპაში წასვლა, იქ დამკვიდრება რთულია, ბევრ წინაღობას გიქმნიან. რთულია მაგალითად ბინადრობის უფლების მოპოვება, ამისთვის ბევრი პირობა უნდა დააკმაყოფილო. ბინადრობის უფლების გარეშე ბევრ ევროპულ ქვეყანაში საბანკო ბარათს ვერ აიღებ, ჩვენი, რუსული ბარათები კი დაბლოკილია. გარდა ამისა, გრჩება განცდა, რომ რუსების დანახვა ევროპაში არ უხარიათ და რთულია ასეთ გარემოში ცხოვრება.

საქართველოში აგრესია და რუსოფობია არ გვიგრძნია, პირიქით“, – ამბობს კირილი.

იცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსული ჯარების მიერაა ოკუპირებული და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია?“ – ვეკითხებით კირილს.

„არა, ამის შესახებ არაფერი მსმენია. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ესე იგი მადლობა უნდა ვუთხრათ ქართველებს, რომ აქედან არ გვყრიან“, – ამბობს კირილი.

2022 წლის ოქტომბერში შს სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში იმ დროისთვის იმყოფებოდა რუსეთის 112 733 მოქალაქე. ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია, ეს რიცხვი სავარაუდოდ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, სამინისტრო კი საქართველოში ახლა მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა [რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ, მესამედზე მეტი].

ხელახალი კონკურსი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებული მემორიალის პროექტზე

ბათუმში, 26 მაისის N13-ში, მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მონუმენტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი მერიის სამმართველომ შეწყვიტა და ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი კონცეფციები არ არის თანხვედრაში შემსყიდველი ორგანიზაციის ხედვასთან“.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში ორი ინდმეწარმე მონაწილეობდა: ხვიჩა აშორდია და გრეტა კორთხონჯია.

ხვიჩა აშორდიას [მარცხნივ] და გრეტა კორთხონჯიას [მარჯვნივ] მიერ კონკურსში წარმოდგენილი კონცეფციები, რომლებიც მერიის სამმართველოს საკონკურსო კომისიამ დაიწუნა.
ამონარიდი კონკურსის შეწყვეტის ოქმიდან

კონკურსი, რომელიც სამმართველომ შეწყვიტა, 15 000 ლარით იყო გამოცხადებული [შეწყვეტილი კონკურსის შესახებ ნახეთ ამ ბმულზე]. შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას კი, კონკურსში მონაწილეები სამმართველოს 15 ათას [ხვიჩა აშორდია] და 14 400 [გრეტა კორთხონჯია] ლარად სთავაზობდნენ.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხელახალი კონკურსი [2021 წლის 8 ოქტომბერს ქ. ბათუმში 26 მაისი N13-ში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა ან სხვა მემორიალური ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე] ამჯერად 12 ათას 711 ლარით გამოაცხადა [დღგ-ს გარეშე].

წინადადებების მიღება 2023 წლის 24 თებერვალს დაიწყება და 1-ელ მარტს დასრულდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით:

  • „ესკიზური პროექტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ღირებულებებს, უნდა ეძღვნებოდეს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას.
  • ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებს (არსებობის შემთხვევაში);
  • ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ არქიტექტურული სინთეზის საშუალებით, კომპოზიციური და არქიტექტურული თვალსაზრისით უნდა პასუხობდეს საკონკურსო პირობებს, მთავარ იდეას და თანხვედრაში მოდიოდეს გარემოსთან.
  • „მიმწოდებელმა“ (გამარჯვებული პრეტენდენტი) უნდა წარმოადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს:
  • განმარტებით ბარათს; არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტო მასალას; ესკიზს, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით (3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (შესაძლებელია იყოს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში აგებული) და სხვა); გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების სპეციფიკაციებს; ინფორმაციას ადგილმდებარეობის შესახებ; ინფორმაციას ობიექტის პარამეტრების შესახებ; სხვა საჭირო დოკუმენტაციებს…“

ბათუმში რამდენიმე მისამართზე ავარიული სახლების დემონტაჟსა და ახალი კორპუსების მშენებლობაზე მერიის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ 2023 წლის 16 თებერვალს გააფორმა.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში „ანაგი“ ახალ, 8-სართულიან კორპუსს 26 მაისის ქუჩა N13-შიც ააშენებს.

სახელშეკრულებო თანხა მთლიანობაში 78 267 485 ლარია [„რომელიც მოიცავს, როგორც შესასყიდი ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს“.]

ამ თემაზე:

ბათუმის მერიის 78 მილიონიან ტენდერში „ანაგმა“ გაიმარჯვა

 

სარფთან კლდე ჩამოიშალა და მაგისტრალი ჩაიკეტა

სოფელ სარფთან, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის [17:40 სთ] უზარმაზარი ლოდები ისევ მაგისტრალზეა. შესაბამისად, მოძრაობაც ჩაკეტილია.

როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ აცნობა, გზაზე მეწყერიც ჩამოწვა და კლდე ჩამოიშალა: „სარფში გვინდოდა ჩასვლა და იძულებული გავხდით უკან მოვბრუნებულიყავით. როგორც გვითხრეს, გზის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები გამოძახებულია“.

სარფში კლდე ჩამოიშალა და მაგისტრალი ჩაიკეტა

ხელვაჩაურის მერის სარფის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მაგისტრალიდან ლოდების გასატანად კი შესაბამის სამსახურებს ელოდებიან.

„ბათუმელებმა“ დეტალების დაზუსტება შს სამინისტროსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სცადა. უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას აზუსტებენ.

განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის იგეგმება გზის გახსნა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის.

ამ დროისთვის [20 თებერვლის დილიდან] გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია.

ბათუმი-სარფის მაგისტრალი კვარიათთან გადაკეტილია / 19.02.2023 / 17:40 სთ.

ქობულეთის ფიჭვნარში მიწას მთავრობა ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი პირობებით

ქობულეთში, ზღვის პირას მდებარე 11 235 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასაყიდად აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მეათედ გამოაცხადა, ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

მთავარი პირობა მყიდველის მიერ ხუთ წელში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიციის ჩადება და 100-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედებაა.

ქონების საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარია. ვაჭრობის ბიჯი: 100 ათასი ლარი, ხოლო, საგარანტიო თანხა: 1 მილიონ 90 ათასი ლარი.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 20 თებერვალს დასრულდება.

ქობულეთი, ფიჭვნარი / ფოტო აუქციონიდან

ფიჭვნარის პლაჟთან მდებარე ეს ნაკვეთი აუქციონზე პირველად, 2019 წელს გამოიტანეს. წინა 9 აუქციონიდან უმეტესობა არ შედგა, ერთ აუქციონზე კი, ნაკვეთი ფასდაკლებით გაიყიდა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

მონიშნულია ტერიტორია, რომელიც აუქციონზე იყიდება / ქობულეთი, ფიჭვნარი

გასაყიდად გამოტანილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის N379-ის მიმდებარედაა.

მყიდველს საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან სამ ეტაპად მოუწევს, კერძოდ:

2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე – საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2024 წლის 1-ელ ივნისამდე – საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე – დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველს ასევე ევალება:

  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სამინისტროში წარდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით), მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა (3 ეგზემპლარად);
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (ათი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაც მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობანაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მზიდი კონსტრუქციის (კარკასი) მშენებლობის დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, (რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს) ამოქმედება და არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ამავე თემაზე:

3 ახალი ცათამბჯენი ქობულეთის სანაპიროზე – გდგ დამტკიცებულია

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 თებერვლის 21 საათიდან 20 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში; ხილვადობა 4-10კმ, ტალღის სიმაღლე 15-25დმ(4-5ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 21 და 22 თებერვალს ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

  • „19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით; ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
  • მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.
  • მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.“

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, არდაგანის ტბა / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 19 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 142 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 590]
  • ტანკი – 3 310 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 6 545 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 2 327 ერთეული [+1]
  • MLRS – 469 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 243 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 298 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 016 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 196 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 224 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 19 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 385 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 178 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 935 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 029 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 144 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 458 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

როგორ დავრჩი სკოლის მიღმა – მაძიებელი მასწავლებელი სისტემის პირისპირ

გვანცა ბერძენიშვილი ხელოვნებათმცოდნეა. სამი წელი საჯარო სკოლაში იმუშავა, თუმცა მალე მისი მიტოვე მოუწია. გვანცა „ბათუმელებთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც სისტემამ ის სკოლის გარეთ დატოვა.

„მაგისტრატურა 2016 წელს დავასრულე და სკოლაში მუშაობა გადავწყვიტე. თუმცა მითხრეს, რომ ვერ ამიყვანდნენ, თუ მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა არ მექნებოდა ჩაბარებული.

პროფესიული უნარების გამოცდაზე როცა დავაპირე დარეგისტრირება, მითხრეს, რომ ვერ დავრეგისტრირდებოდი, თუ არ ვიყავი საჯარო სკოლის მასწავლებელი. სისტემა შეიცვალა და თუ 2015 წლამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი არ ყოფილხარ, გამოცდაზე ვერ გახვალო“-ამბობს გვანცა.

მისი თქმით, რადგან  პროფესიაში გამოცდების საშუალებით ვერ ახერხებდა დარჩენას, გადაწყვიტა გაევლო მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, რის შემდეგაც ის მიიღებდა უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

„ამიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ოღონდ პირობა იყო ასეთი, რომ იმ ბოლო ორ წელიწადში უნდა გამევლო ეს პროგრამა. სხვა შემთხვევაში სკოლიდან უნდა წამოვსულიყავი.

მოხდა ისე, რომ იმ წელიწადს ბათუმის და თელავის უნივერსიტეტების გარდა, 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღება არცერთმა უნივერსიტეტმა არ გამოაცხადა.

სამინისტროში მითხრეს – „ვიცით ხარვეზია, მაგრამ რა ვქნათ“.

ბოლოს გადავწყვიტე თელავში წავსულიყავი, რადგან იმედი მქონდა რომ ლექციები ან შაბათ-კვირას იქნებოდა ან საღამოს საათებში.  ჩავაბარე გამოცდა და ჩავირიცხე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლექციები ჩასმული იყო 11:00-17:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავდა რომ ან სკოლიდან უნდა წამოვსულიყავი და ისე მევლო ლექციებზე, ან უბრალოდ, ვეღარ ვივლიდი უნივერსიტეტში.

თუ სკოლიდან წამოვიდოდი ხელფასი არ მექნებოდა და შესაბამისად, არც გზის ფული მექნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ სწავლა აღარ გამეგრძელებინა“-გვეუბნება გვანცა.

მეორე წელს, მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა იმავე პროგრამაზე და ერთი სემესტრი გაიარა კიდეც კურსი, თუმცა მოგვიანებით გაიგო რომ სახელწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებდა.

„აღმოჩნდა, რომ რადგან თელავის უნივერსიტეტში ვიყავი ჩარიცხული და იქ მქონდა სახელმწიფო დაფინანსება მოპოვებული, ილიას უნივერსიტეტში ვეღარ მივიღებდი დაფინანსებას. 2 250 ლარი იყო სწავლის გადასახადი, ვერ გადავიხადე, ამიტომ ამ პროგრამის მიტოვებაც მომიწია.

მსგავსი უფასო პროგრამა განათლების სამინისტროსაც აქვს, თუმცა მისი გავლა მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებს შეუძლიათ. ამ დროისთვის კი მე უკვე მომიხდა საჯარო სკოლიდან წამოსვლა. კერძო სკოლაში ვასწავლიდი და ვეღარ ჩავერთე პროგრამაში, რადგან კერძო სკოლის მასწავლებლებს გარკვეული ბარიერები აქვთ“.

გვანცას თქმით, ამ ბარიერებს იწვევდა ის ხშირი სისტემური ცვლილებები, რომელსაც განათლების სამინისტრო როგორც მაძიებლებს, ასევე პრაქტიკოს მასწავლებლებს უქმნიდა წლების განმავლობაში.

„როცა სტატუსი არ გაქვს, ძალიან დაბალ ხელფასს იღებს. მე 13 საათში, 300 ლარს ვიღებდი ხელფასს. ასეთ დროს იძულებული ხარ სხვა სამსახურიც მოძებნო, რომ თავი ირჩინო. ამიტომ ორ სკოლაში ვმუშაობდი და დამატებით მუზეუმშიც, რადგან ხელოვნებათმცოდნე ვარ პროფესიით.

მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წლის განმავლობაში ამ ბარიერების გამო სკოლის მიტოვება მომიხდა და ძალიან დემოტივირებული ვიყავი, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი სკოლაშია და ისევ მინდა ამ სისტემაში დაბრუნება.

თუმცა, ხშირი სისტემური ცვლილებები მაბრკოლებს. ახლა დოქტორანტურაზე ვსწავლობ და იმედი მაქვს რომ ამ სტატუსით მაინც შევძლებ სკოლაში დასაქმებას და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას და კიდევ რაიმე ახალი ბარიერი არ დამხვდება“-ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.

2022 წელს, განათლების სამინისტრომ მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა შეცვალა და სტატუსის ამაღლება საჯარო სკოლაში მომუშავე პედაგოგს საგნის და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების გარეშე არ შეუძლია.

გვანცა ბერძენიშვილი სკოლებში თავად საგნის – „ხელოვნება“ მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზეც საუბრობს. მისი აზრით, როგორც სკოლები ასევე მშობლები, ხელოვნებას როგორც მეორეხარისხოვან საგანს ისე აღიქვამენ.

„ჯერ პრობლემა იყო ის, რომ ტრენინგებზე ისეთი ადამიანები მასწავლიდნენ, რომლებიც არ არიან პრაქტიკოსები. ერთ-ერთმა მითხრა კიდეც, რომ 20 წლის წინ შევედი კლასში და უი, უი, მანდ როგორ შევალ კიდევო.

არც სპეციფიკა იციან, სინამდვილეში რა ხდება გაკვეთილზე და ის, რომ მათი თეორიები ხშირად რეალობას სცდებოდა.

მეორე პრობლემაა ის, რომ ხელოვნება სკოლაში აღიქმება როგორც მეორეხარისხოვანი საგანი და ასეთივე დამოკიდებულება აქვთ მშობლებსაც.

„რა დროს ხელოვნებაა შვილო, მათემატიკა დაწერე“ ან „კარგი რა მოხდა, ხელოვნებაა, დაუწერე ბავშვს ნიშანი, სამაგიეროდ ქართულს სწავლობს საოცრად“ და ასე შემდეგ.

ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან ბავშვს აინტერესებს საგანი და ამ დროს მშობელი მოტივაციას უკლავს.

ცხრილშიც ხელოვნება აუცილებლად მე-6-7 გაკვეთილად უნდა ჩასვან, რადგან მათემატიკას ან ქართულს ხომ არ ჩავსვამთ ასე გვიან, ამ დროს ხომ ბავშვი გადაღლილია თურმე და ხელოვნებაზე შეიძლება იყოს ბავშვი უმოტივაციო, მათემატიკაზე, არა“-გვეუბნება გვანცა.

მისი თქმით, პრობლემაა რესურსების მოძიებაც, რადგან ხელოვნების წიგნები აგებულია მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზე, სკოლა კი შესაბამის რესურს მასწავლებელს არ სთავაზობს.

„ხელოვნება შემოდის მე-5 კლასიდან. სახელმძღვანელოები რაც ვნახე, ძალიან მომწონს, როგორც ვიზუალური მასალა, ასევე ტექსტები. მაგრამ, 45 წუთი ბავშვს ბაროკოს ხელოვნებაზე ვერ ესაუბრები ვიზუალიზაციის გარეშე. გჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიზუალური მასალა.

ასევე, წიგნებში მოცემულია დავალებები კეთებით, რასაც სჭირდება დიდი რესურსი. „გამოჭერი ეს“, „გააკეთე ეს“ და ამ ყველაფერზე ითხოვს კეთებას.

ბოლომდე არც საგნის მნიშვნელობაა გააზრებული. ზოგ ბავშვს ჰგონია, რომ რადგან ხელოვნება ჰქვია საგანს ხატვა უნდა ვასწავლოთ და ამბობს, რომ „მასწავლებელო მე არ ვიცი ხატვა და ვერ ვისწავლი“, ზოგი ფიქრობს, რომ შრომის გაკვეთილია და ხელნაკეთი რამეები უნდა  ვაკეთოთ. სინამდვილეში ხელოვნება სხვა რამეს ითვალისწინებს, რომლის გააზრებაც ბოლომდე არ ხერხდება სკოლებში“-ამბობს გვანცა.

მისი თქმით, საგნის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს ჯერ სისტემის შიგნით და პედაგოგებმაც უნდა შეძლონ, დაანახონ როგორც ბავშვებს ასევე მშობლებსაც თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს საგანი ბავშვის კრიტიკული აზროვნების თუ პიროვნული უნარების განვითარებაში.

თურქეთში 40 ათასს გადააჭარბა მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვმა

18 თებერვლის მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას 40 642 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან სტიქიის ზონაში მაშველები დღესაც მუშაობენ.

სტიქიურ უბედურებებთან და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის ოფისის (AFAD) ხელმძღვანელმა დღეს, ანკარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულება კვირას, 19 თებერვალს იგეგმება.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ადგილზე 13 ათასამდე მაშველი მუშაობს.

რაც არ უნდა ჩამორჩენილი იყოს მოსწავლე, არ დატოვოთ შემკობის გარეშე – შალვა ამონაშვილი

დღეს, 18 თებერვალს, ცნობილი პედაგოგი, ე.წ. ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი შალვა ამონაშვილი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

შალვა ამონაშვილმა სტუდენტებთან მასწავლებლის როლსა და განათლების არსზე საკუთარი მასწავლებლის მაგალითზე ისაუბრა.

ამონაშვილის თქმით, მის ცხოვრებაში ბევრი მასწავლებელი იყო, თუმცა ვარვარო ვარდიაშვილი იყო ერთადერთი, ვინც ის შენიშნა და ცხოვრება შეუცვალა:

„ზოგი მოვიდა, მიგვანგრია-მოგვანგრია და წავიდა, არ ვიცი ვინ აგვაწყო და ვინ დაგვშალა, მაგრამ იყო ერთი მასწავლებელი, რომელსაც ყოველთვის მინდა, რომ მუხლი მოვუყარო. ქალბატონი ვარვარო, რომელსაც დეიდა ვაროს ვეძახდით სკოლაში. მე ვასწავლი იმას, რაც მისგან ამოვკრიბე“.

შალვა ამონაშვილის თქმით, ვარვაროს ანტონიმი მისი ყოფილი რუსულის მასწავლებელი იყო, რომელიც ყოველთვის უწერდა ორიანს და ეუბნებოდა, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა:

„სკოლაში არ ვიცოდი რუსული, არც მაშინ, როცა ასპირანტი გავხდი და რუსულად წიგნები უნდა მეკითხა. დღესაც არ ვიცი.

უმაღლესში რომ ჩავაბარე, 6 თვეში ვისწავლე სპარსული და როგორ ფიქრობთ, რუსულის სწავლა გამიჭირდებოდა? მაგრამ ასეა, თუ მასწავლებელი და მოსწავლე არ გადაეჭდნენ ერთმანეთს, ერთს სწავლა გაუჭირდება და მეორეს კიდევ – სწავლება. ერთი არ გაიზრდება და მეორე ვერ გაზრდის“.

მისი თქმით, საბჭოთა სკოლაში არც ლიტერატურას ასწავლიდნენ ბავშვებს და არც უცხო ენას.

„ინგლისურის სწავლება წაშლილი იყო, ჯვარი იყო დასმული, ასეთი იყო საბჭოთა სკოლა. უცხო ენა ისე უნდა ესწავლებინათ, რომ ბავშვებს არ ესწავლათ, პოლიტიკა იყო ასეთი. ამიტომ ინგლისურს კი „ვსწავლობდით“, მაგრამ ქართულად. წარმოიდგინეთ ხომ, ქართულად ნასწავლი ინგლისური.

ლიტერატურასაც ისე ასწავლიდნენ ბავშვებს, რომ არ უყვარდათ. რაღაც რომანებს, ლექსებს ვიზეპირებდით, მხოლოდ იმისთვის, რომ გამოცდები ჩაგვებარებინა და ნიშნები მიგვეღო.

ვარვარო მასწავლებელმა კი ისე წაგვიკითხა ლექსი გაკვეთილზე, ტანზე ბუსუსები მაყრიდა. ასეთი კითხვა, ასეთი შთაგონებული, არ მომისმენია არსად. ლიტერატურის მასწავლებელსაც კი არ წაუკითხავს ასეთი განცდით, არასდროს“ – უთხრა სტუდენტებს შალვა ამონაშვილმა.

მისი თქმით, მასწავლებელსა და მოსწავლის ურთიერთობაში გადამწყვეტია  ნდობა და ბავშვის აღიარება, მისი პიროვნებად დანახვა.

„სხვებისთვის მე ვიყავი დაკარგული ბავშვი, ვარვაროსთვის კი ნაპოვნივით ვიყავი. მე-6 კლასში ისე მოვედი, ხუთიანი არ ვიცოდი არ იყო, ის იყო პირველი, ვინც ხუთიანი დამიწერა. არ ვიცი, მან მართალი ხუთიანი დამიწერა, თუ უნდოდა რაღაცით შევემზადებინე.

თუ ბავშვის გადარჩენა გინდათ და ბევრჯერ გექნებათ ამის აუცილებლობა, თუ მართლა მასწავლებელი ხარ, უნდა შეამზადო ბავშვი გადასარჩენად. რომ გამოგყვეს, ამისთვის აუცილებელია გენდოს.

აჩუქეთ ბავშვს ნიშანი, რატომ ხართ ასე ჩაბღაუჭებული და მისხალივით წონით სასწორზე. ყოველთვის იმოქმედეთ ბავშვის სასარგებლოდ, ბავშვი გაახარეთ, ფრთები შეასხით, დაუმტკიცეთ, რომ შეუძლია უფრო მეტი.

არცერთი ბავშვი, რაც არ უნდა ჩამორჩენილი იყოს, არ დატოვოთ შემკობის გარეშე, იმიტომ, რომ მე ვიყავი ჩამორჩენილი ბავშვი და ვარვარო მასწავლებელმა დამიბრუნა ჩემი თავის რწმენა“ – უთხრა ამონაშვილმა სტუდენტებს.

მისი თქმით, ბავშვი სწავლა და ცოდნა კი არ არის, არამედ ადამიანი და „რად უნდა ადამიანს ცოდნა, თუ არ აგრძნობინებთ ბავშვს, რომ ის რაღაცად ფასობს და უიმისოდ თქვენი ცხოვრება ღარიბდება. თუ ეს ასე არ იქნება, ბავშვი თქვენ არ შეგიყვარებთ და თუ არ შეგიყვარათ, სწავლას რა ფასი აქვს.

გაიხსენეთ მასწავლებლები, რომლებიც არ გიყვარდათ, გაიხსენეთ, რა დღეში იყავით მათ გაკვეთილებზე, ან მათი საშინაო დავალებები როგორი იყო თქვენთვის, მაგრამ ვარვარას საშინაო დავალებას როგორ არ გავაკეთებდი? რომ არ მოეცა დავალება, თვითონ გამოვიგონებდი, რომ მეთქვა – მე ეს გავაკეთე – მეთქი.

დღესაც ბევრია სკოლაში ოროსანი და სამოსანი მასწავლებელი და რა გაკვეთილები უნდა ჩაატარონ მათ? თქვენც ასეთი მასწავლებლები გინდათ გაამრავლოთ? თუკი თქვენც იქნებით ოროსნები, რა გამოვა თქვენგან?! ასეთები ხომ ისედაც ბევრნი არიან.

ამიტომ, თუ არ გრძნობთ ბავშვის სიყვარულს, არ მიაკითხოთ სკოლის კარებს. გაიტანჯებით და მათაც გატანჯავთ“- მიმართა სტუდენტებს შალვა ამონაშვილმა.

მისი თქმით, მასწავლებლის საქციელი, რომელიც ცდილობს გაიცნოს ბავშვი, ჩახედოს მის პირად საქმეს, გაიგოს სახელი და გვარი წინასწარ, თუნდაც წერილი მიწეროს სწავლის დაწყებამდე და უთხრას, როგორ ელოდება მას სკოლაში, არის ჰუმანური პედაგოგიკის ნაწილი.

მაგრამ ავტორიტარულია განათლება, თუკი მასწავლებელი ამბობს – „ეგღა მაკლია, მის სურათებს ვუჩიჩინო, მისი დაბადების დღე გავიგო, ეს სტანდარტებში არ წერია, არ არის მოთხოვნა და რატომ უნდა ვაკეთო“.

მან სტუდენტებს ასევე ურჩია, იმ მასწავლებლებზეც დაეწერათ, ვინც სკოლაში უყვარდათ და ეფიქრათ იმაზე, თუ რატომ უყვარდათ ეს მასწავლებლები.

კრემლისთვის რთული ხდება მოსახლეობის იზოლირება უკრაინის ომისგან – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 18 თებერვლის ანგარიში რუსეთში სამხედრო მობილიზაციის დამატებითი ტალღის შესაძლებლობას მიმოიხილავს.

როგორც უწყება აღნიშნავს,  ანდრეი ტურჩაკმა, რუსეთის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, რომელიც ორიენტირებულია უკრაინაში ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“, 2023 წლის 16 თებერვალს განაცხადა, რომ ჯგუფმა ანგარიში წარუდგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მობილიზებულთა და მათი ოჯახების სოციალური მხარდაჭერა. ეს საკითხები, ბრიტანელი ანალიტიკოსების შეფასებით, უფრო აქტუალური გახდება, თუ შემდგომი მობილიზაცია (იქნება ეს აშკარა თუ ფარული) გამოცხადდება.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ პუტინმა, შესაძლოა, 2023 წლის 21 თებერვალს თავის მიმართვაში ამ საკითხებზე ისაუბროს.

უწყების ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კრემლისთვის სულ უფრო რთული ხდება მოსახლეობის იზოლირება უკრაინის ომისგან.

ამის დასტურად, ანგარიშში 2022 წლის დეკემბერში რუსეთში ჩატარებული გამოკითხვაა მოყვანილი არგუმენტად, რომლის თანახმადაც, 52%-ს ჰყავდა მეგობარი ან ნათესავი, რომელიც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობდა უკრაინაში.

_______________

ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

3 ახალი ცათამბჯენი ქობულეთის სანაპიროზე – გდგ დამტკიცებულია

ქობულეთის სანაპიროზე, პლაჟის გასწვრივ კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობა დაგეგმეს. ქობულეთის საკრებულომ მერიის ინიცირებით პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] უკვე დაამტკიცა. მშენებლობას შპს „ქობულეთი რიზორთი“ გეგმავს. კომპანიას ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ ტერიტორია, 19 767 კვ. მეტრი აქვს საკუთრებაში დარეგისტრირებული. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპანიამ კ2 კოეფიციენტის 8.0-მდე გაზრდა მოითხოვა და აქ არანაკლებ ორმოცსართულიანი სამი შენობის მშენებლობას გეგმავს, დამხმარე ინფრასტრუქტურით. შენობების ფუნქციური დანიშნულება სასტუმრო კომპლექსია, რომელიც აპარტამენტებსაც მოიცავს.

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ შეიცვლება გარემო სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთის გასწვრივ, ზღვის მეორე ზოლში მდებარე სახლებში მცხოვრებლებისთვის

სამშენებლო მიწის ნაკვეთს ერთი მხრივ ზღვის სანაპირო, მეორე მხარეს კი აღმაშენებლის ქუჩა ესაზღვრება [აღმაშენებლის #285].

პროექტის ეკონომიკური დასაბუთების სუსტ მხარეებში სპეციალისტები წერენ, რომ მშენებლობის შემდეგ მოიმატებს ტრანსპორტის ნაკადი სეზონური დატვირთვის პერიოდში. პრობლემად არის ასევე დასახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის არასაკმარისი სიხშირე.

გდგ დოკუმენტში წარმოდგენილი ესკიზების მიხედვით, პარკინგის მოწყობას ნულოვან სართულზე აპირებენ, თუმცა დაზუსტებით არსადაა მითითებული, პარკინგის რამდენი ადგილია გათვალისწინებული პროექტით.

შენობის ესკიზი – გდგ დოკუმენტში მოცემული ინფორმაციით შენობა მაქსიმუმ 40 სართულიანი იქნება, თუმცა ამ ესკიზის მიხედვით მას ემატება 41- ე ტექნიკური სართული.

მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში ის კრედიტორად ფიქსირდება. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა, შპს „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთმა“ კახა კალაძეს 10 მილიონი დოლარი [ეკვივალენტი ლარში] 5 წლის განმავლობაში უნდა გადაუხადოს:

„ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, შპს „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, განახორციელოს შპს „კოლხეთის“ კაპიტალში 100%-იანი წილის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. საფუძველი: 02.12.2019წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

„ქობულეთი რიზორთის“ 100 პროცენტი „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ ეკუთვნის. ამ კომპანიას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ – თენგიზ წულაია.

გასულ სხდომაზე ქობულეთის საკრებულომ კიდევ ერთი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა – პროექტი მეგობრობის ქუჩაზე სამი საკადასტრო ერთეული გაერთიანებას [N10, N12, N14-ში] და აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.

კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ქობულეთის სანაპიროზე სასტუმრო აქვთ, ასევე განკარგავენ პლაჟსაც საკუთარი ნაკვეთის გასწვრივ გრძელვადიანი იჯარის წესით. პლაჟი გრძელვადიანი იჯარის წესით იმ კომპანიებმაც გაიფორმეს, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ახლა გეგმავენ, ან უკვე წამოწყებული აქვთ მშენებლობა. ვინც პლაჟი ჯერ ვერ გაიფორმა.

ბოლოს, 2022 წლის სექტემბერში 45 306 კვ.მეტრი პლაჟზე 45 წლიანი იჯარით შპს „შავი ზღვის სამოთხემ“ საიჯარო წესით დაირეგისტრირა. კომპანიას აქ მიწის ნაკვეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირობით მიჰყიდეს.

მონიშნულია გაყიდული ნაკვეთი და იჯარის წესით გასხვისებული პლაჟი

ყოველწლიური მოკლევადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე, პლაჟზე კომერციული საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. ქობულეთის სანაპიროზე მათთვის ადგილი თანდათან მცირდება.

რუსეთის არმია ხუთი მიმართულებით ახორციელებს შეტევას – უკრაინის გენშტაბი

18 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ძირითადად კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორის მიმართულებებზე უტევენ – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ყოველდღიურ ანგარიშში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში რუსებმა 10 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, უკრაინულმა მხარემ კი – 69 დარტყმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

„გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ხარკოვის ოლქის გრიანიკოვკასა და სინკოვკას დასახლებებზე, სტელმახოვკას, კრასნოპოპოვკასა და კრემენნაია-ლუგანსკში.

რუსებმა ასევე შეუტიეს დასახლებებს ვიემკას, ფედოროვკას, დუბოვო-ვასილევკას, რაზდოლევკას, პარასკოვეევკას, ბერხოვკას, ბახმუტს, ივანოვსკოეს, ჩასოვ იარს, ვესელოეს, ვოდიანოიეს, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და უგლეს რეგიონის დასახლებებს“ – იუწყება გენშტაბი.

გენშტაბის ცნობით, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით რუსულმა არმიამ დაბომბა 15-ზე მეტი დასახლება; ბახმუტის მიმართულებით – 20-ზე მეტი დასახლება, ხოლო  ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა დასახლებების 20 რაიონში.

გენშტაბის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინის ავიაციამ დღის განმავლობაში 5 დარტყმა განახორციელა ოკუპანტების თავმოყრის ადგილებზე და, ასევე, ერთი დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო სისტემის პოზიციებზე, ჩამოაგდეს 6 დრონი.

_______________

ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

თურქეთში 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, ნანგრევებიდან გამოიყვანეს 296 საათის შემდეგ

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-12 დღეს სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 3 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია.

მათ ნანგრევებში 296 საათი გაატარეს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან 13 დღე გავიდა, მაშველებს ჯერ ისევ გამოჰყავთ ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო ცნობებით, დაიღუპა მინიმუმ 36 187 ადამიანი.

______________

ფოტო: „ანადოლუ“/aa.com

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 18 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 142 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
  • ტანკი – 3 303 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 533 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 2 326 ერთეული [+4]
  • MLRS – 469 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 243 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 298 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 016 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 871 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 196 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 223 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 18 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 385 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 172 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 404 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 915 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 028 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 133 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 440 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ბინოკლი გვაქვს და შუბლი მოვიჩრდილოთ“, – გადამდგარი გენერალ-მაიორი გვიხსნის, როგორ არის საჭირო თვალთვალი, შავი ზღვის სანაპიროსთან მორიგი ნაღმი რომ არ აფეთქდეს.

ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ, პირველ რიგში, იმის გაცნობიერება გვჭირდება ყველას, რომ ჩვენ მეზობლად, შავი ზღვის რეგიონში ომია. სპეციალისტი შესაბამის სამსახურებს ურჩევს, მუდმივად დააკვირდნენ ზღვას.

გადამდგარი გენერალი კი, ისევ აქტიურად აკვირდება საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში. „როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან… უკრაინა ახერხებს წარმატებით თავდაცვას“, – თავის შეფასებებს გვიზიარებს ვახტანგ კაპანაძე. მას პრიგოჟინის შოიგუსთან დაპირისპირებაზეც ვკითხეთ. გადამდგარი გენერალი ფიქრობს, რომ პუტინი დიქტატორის პრინციპებს მიჰყვება:

„დიქტატორების თვისებაა: ხან ერთს უნდა მიემხრო, ხან – მეორეს. ახლა პუტინის ამოცანაა, ბალანსი შეინარჩუნოს ამ დაპირისპირებაში… მე არა მგონია, რომ პუტინს ჰქონდეს იმედი დარჩენილი, რომ ის მოიგებს ამ ომს. მას უნდა, რომ დაამთავროს ომი პოზიტივით და არა დამარცხებული მთავარსარდლის პოზიციით,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, პუტინი მაქსიმალურად ეცდება ომი გააჭიანუროს და მომგებიანი პოზიციებით მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, უკრაინა კი, გაზაფხულზე გამოაჩენს გარდატეხის ნიშნებს.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, ნაღმზე მინდა გკითხოთ, რაც ბათუმის სანაპიროსთან აფეთქდა. შსს-მ განაღმვითი სამუშაოების ჩატარებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენების ამოღების შესახებ განცხადების გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ: „რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც…“ თქვენი ვერსიით, საიდან მოხვდა ნაღმი ბათუმის სანაპიროზე?

უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ შავი ზღვის რეგიონში ომია. რაკეტის ნამსხვრევების ნაწილი, მაგალითად, ცვივა მოლდოვას, ასევე ბელარუსის ტერიტორიაზე. მსგავსი ნაღმები აღმოჩენილია რუმინეთთან, ბულგარეთთან, თურქეთთან.

ზღვაზე ცირკულირებს ჰაერის მასები, ხოლო ეს მოტივტივე ნაღმია. აჟიოტაჟის შექმნა არ არის საჭირო. ყურადღების გამახვილება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო: არ მოკიდონ უცხო სხეულს ხელი, არ გამოათრიონ ზღვიდან ეს ლითონის მოტივტივე სხეულები.

ჩემი აზრით, სანაპიროზე ზღუდეების და ბარიერების მოწყობა არ იქნება ეფექტური, ან საინფორმაციო დაფის ჩარჭობა, რომ ნაღმს ხელი არ მოკიდონ და ასე შემდეგ. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გააფრთხილონ კაპიტნები, ლოცმანები, რომლებიც გადიან ზღვაში და შემოჰყავთ გემები, რომ ასეთი სახის საფრთხეა და ყურადღებით იყვნენ. უნდა გაძლიერდეს სანაპირო ზოლის და ტერიტორიული წყლის მონიტორინგი.

  • რამდენად გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და მონიტორინგის სისტემა, რომ ასეთი ნაღმები დროულად დაფიქსირდეს? 

ბინოკლი გვაქვს და შუბლი, რომ მოვიჩრდილოთ… ეს არაა ქვეითსაწინააღმდეგო, ან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, მიწაში არაა ჩაფლული, მოტივტივე სხეულია, თანაც, პატარა არაა. ამის დანახვას არ სჭირდება საგანგებო ხელსაწყოები. რკინის დიდი ბურთია რქებით, სხვა რა უნდა იყოს?

თვალთვალი ამ დროს შესაძლებელია უპილოტო ხელსაწყოდან, ან საფრენი აპარატით, კატერით, რომელიც არაა აუცილებელი რეზინის იყოს. ეს არ არის ასევე მაგნიტური ნაღმი. ეს გალვანურ-დარტყმითი მოქმედების, მცირე ზომის, დესანტსაწინააღმდეგო ნაღმია.

  • რა ხდება ამჯერად უკრაინის ფრონტი ხაზზე? ბრიტანული დაზვერვის დაკვირვებით: „რუსულ ძალებს მიღებული აქვთ უმრავლეს სექტორში წინსვლის ბრძანება, თუმცა ამას ვერ ახერხებენ“.

დიდი ცვლილება არ არის, იგივე ტემპით მიმდინარეობს ბრძოლა, რაც იყო ბოლო პერიოდში. რუსებს აქვთ მცირედი წარმატებები კრემენაიასთან ძირითადად, ასევე ბახმუტის ჩრდილოეთით აიღეს ერთი პატარა სოფელი…

დიდი დანაკარგებით მიდის დაპირისპირება, ეს არის დაპირისპირება – გამოფიტვა.

  • რას აჩვენებს თქვენთვის დაპირისპირების ეს ტემპი? რუსების ამოცანა ამ ეტაპზე დონბასის საზღვრებზე გასვლაა, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. რუსებს ძალა აღარ აქვთ და გამოიფიტნენ, თუ უკრაინელების თავდაცვა გაძლიერდა? 

ამ ტემპით და შესაძლებლობით რუსებს შეუძლიათ მხოლოდ ბახმუტის აღება. ამ ტემპით სხვა ვერაფერს შეძლებენ, თუ რამე გარდატეხა არ შემოიტანეს, ეს შეიძლება იყოს: შეიარაღება, ან ძალების კონცენტრაცია, ან მეთოდი. როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან.

უკრაინა ახერხებს წარმატებით თავდაცვას და რუსებსაც დიდი შემართება არ აქვთ. რუსები მხოლოდ ხალხის როტაციას ახერხებენ, მათ შეიარაღებაზეც გარკვეული შეზღუდვა აქვთ. უკრაინელები რომ კარგად იცავენ თავს, ეს ნათელია.

გარდა ამისა, ეს ტერიტორია [სადაც ახლა ბრძოლები მიდის] ძალიან კარგად არის დაცვისთვის მომზადებული. ნახავდით, პრიგოჟინიც ამბობდა, ყველა ბოსტანში თავდაცვითი ზღუდეებია მოწყობილიო.

  • პრიგოჟინმა თქვა ასევე, რომ ბახმუტს მარტ-აპრილისთვის აიღებენ, დაახლოებით მაგ დროისთვის ელოდება უკრაინა დასავლეთის შეიარაღებას. ვის რა შანსები ექნება გაზაფხულზე?

ტენდენცია ისე მიდის, რომ პრიგოჟინს სულ არ შეეკითხონ შეიძლება, ისე გაიყვანონ საერთოდ ბახმუტიდან, სხვაგან გადაისროლონ „ვაგნერი“ და სხვა სახაზო ნაწილებმა გააგრძელონ შეტევა. ჩანს უკვე აშკარა დაპირისპირება პრიგოჟინსა და გენშტაბს შორის.

რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, რაც უფრო სწრაფად მიიღებს უკრაინა იარაღს, უკეთესია. თუმცა მე კიდევ ერთხელ იმას ვიტყვი, რომ ეს შეიარაღება დაცვითი ამოცანებისთვის არ უნდა მიმართოს უკრაინამ. უკრაინელებმა ეს იარაღი უნდა შეაგროვონ და მოემზადონ კონტრდარტყმისთვის.

  • თქვენ ელოდით გაზაფხულზე ომის გარდატეხის ნიშნებს. როგორ ფიქრობთ, მოესწრება? 

ალბათ ვერა. ამ ტემპებით ვერ მოესწრება და ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით… თქვენთან ინტერვიუებში ყოველთვის ხაზს ვუსვამდი „ნიშნებს“ და არა უშუალოდ „გარდატეხას“. გარდატეხის ნიშნები კი, გამოჩნდება გაზაფხულზე.

  • ისევ პრიგოჟინს რომ დავუბრუნდეთ – უკრაინის ინფორმაციით, რუსეთი „ვაგნერს“ შეიარაღებას აღარ აწვდის. ვიდეოც გავრცელდა, სადაც ნიღბიანი სამხედროები ამბობენ, რომ წარმოადგენენ „ვაგნერს“ და ასახელებენ კონკრეტულ შეიარაღებას, რაც უკვე აღარ აქვთ, მაგალითად ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ იარაღის მოწოდების თხოვნით. ეს რას ნიშნავს?

ეს აჩვენებს ამ შიდა დაპირისპირებას. „ვაგნერმა“ რეალურად ძალიან ბევრი აიღო თავის თავზე. გენშტაბს კი, გამარჯვებულის გვირგვინის მიცემა მისთვის ნამდვილად არ უნდა. აშკარად ჩანს რუსეთის გენშტაბის მცდელობა, მაქსიმალურად შეამცირონ „ვაგნერის“ როლი და თავის თავს მიაწერონ წარმატებები. „სამეფო კარის თამაშებია“ მოკლედ ეს ამბავი.

  • პუტინს რატომ აწყობს ამ ეტაპზე ისევ შოიგუს გაუწიოს ანგარიში? 

ეს დიქტატორების თვისებაა: ხან ერთს უნდა მიემხრო, ხან – მეორეს. ახლა პუტინის ამოცანაა, ბალანსი შეინარჩუნოს ამ დაპირისპირებაში.

  • წინა თვეებთან შედარებით, უკრაინა თითქმის 2-3-ჯერ მეტი მოკლული რუსი ჯარისკაცის შესახებ ავრცელებს მონაცემებს. სავარაუდოდ იგივე ხდება უკრაინის მხარესაც. რატომ გაიზარდა ადამიანური მსხვერპლი ბოლო პერიოდში?

იმიტომ, რომ ეს არის სტაციონარული, მეორე თაობის ომი. ბრძოლა მიმდინარეობს სანგრებში და ბომბავენ ერთმანეთს. ეს არ არის არც მობილური თავდაცვა, არც სწრაფი გადაადგილება, ეს არის ამ ტერიტორიების მიწასთან გასწორება. ამ შემთხვევაში ჯარისკაცი არის უძრავი სამიზნე.

გეტყოდით ისევ, რომ ბახმუტის დაცვა უკრაინისთვის მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სამხედროებისთვის ეს გარკვეული საკითხია, რომ ბახმუტი არ ღირს ამდენი რესურსის დაკარგვის ფასი.

  • აუბარია F-16 მოდელის ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემაზე. რამდენად შეცვლის ეს ძალთა ბალანსს? 

ეს მულტიფუნქციური გამანადგურებელია და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეცვლის ბრძოლის სახეს. ტანკებს და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს თუ მიიღებს უკრაინა შეტევისთვის, მას ჰაერიდან მხარდაჭერა სჭირდება და ეს F-16 არის მრავალფუნქციური თვითმფრინავი, გამანადგურებელი.  შეიძლება მისი გამოყენება, როგორც ბომბდამშენად, ისე გამანადგურებლად, მოიერიშედ და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგ.

  • რამდენად შეიძლება გახდეს რუსეთის დასუსტების საფუძველი სამხედრო ინდუსტრია? პუტინმა პრემიერ მანტუროვს, რომელიც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაზეა პასუხისმგებელი, საჯაროდ მოუწოდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უკეთესი მხარდაჭერისკენ და იქვე მკაცრად გააკრიტიკა „სულელობისთვის“. 

რუსებს რომ უჭირთ სამხედრო ინდუსტრია, ეგ ფაქტია და ვერ აწარმოებენ იმ რაოდენობით, რა მოთხოვნაც  არის. ეს ფაქტი მიმოწერებითაც რამდენჯერმე გამომზეურდა – ჩანს, რომ მოთხოვნები არ სრულდება საბრძოლო ტექნიკის წარმოებასთან დაკავშირებით.

  • რუსული საბრძოლო თვითმფრინავები მოქმედებენ თითქმის ექსკლუზიურად, მხოლოდ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე. ეს მათ ხელს უშლის ეფექტურად შეასრულონ მთავარი დამრტყმელი როლი,“ – ესეც ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაა, რაც 16 თებერვალს გაავრცელეს. რას აჩვენებს ეს? 

იმას, რომ უკრაინის საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ძალიან ეფექტურად მუშაობენ.

რუსებმა  ბრძოლის დაწყებიდან ამ დრომდე, ვერ მოახერხეს ჰაერში ბატონობა. რუსებისთვის ნამდვილად არ არის უკრაინის ზეცაში ბატონობა ტიპური, ამიტომაც იყენებენ რაკეტებს, მაგალითად.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: როცა პუტინი ხედავს დღეს არსებულ ვითარებას და იცის თავისი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური დანაკარგები, რის საფუძველზე ფიქრობს, რომ ამ ომში გაიმარჯვებს? აქამდე იყო ვერსია, რომ ზამთარში განსაკუთრებით გაუჭირდებოდა უშუქოდ დატოვებულ უკრაინელებს და ისინი თავად მოითხოვდნენ ომის შეწყვეტას, ან ევროპა დაიხევდა უკან. ზამთარი თითქმის გადავლილია, ევროპაც შეუვალი…

პუტინი ყველანაირად ეცდება, რომ გააჭიანუროს ეს ომი, იგი ეცდება, მივიდეს მეორე ზამთრამდეც.

რუსეთი ეცდება, რომ მაქსიმალურად მეტი ტერიტორია დაიკავოს და მისი დაცვა შეძლოს, რომ ძლიერი პოზიციებით მოხვდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

არა მგონია პუტინს ჰქონდეს იმედი დარჩენილი, რომ ის მოიგებს ამ ომს. მას უნდა, რომ დაამთავროს ომი პოზიტივით და არა დამარცხებული მთავარსარდლის პოზიციით.

გაჭიანურება პუტინს სხვა მიზეზითაც აწყობს: მოსახლეობის გადაღლის გარდა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არჩევნები იწყება. რომელი ხელისუფლება მოვა? მოსახლეობას თუ გაუჭირდა, იქნებ ხელისუფლებას ძალა დაატანონ – ეს გათვლები აქვს პუტინს.

  • რა მოცემულობით ხვდებიან 24 თებერვალს მხარეები: რუსები ვეღარ ახერხებენ იერიშს, თუმცა შესაძლოა დაიცვან დაკავებული ტერიტორია, ხოლო უკრაინა ახერხებს წარმატებით თავდაცვას და ელის დასავლეთიდან აღჭურვილობას კონტრშეტევისთვის, ასეა? 

ასე და აქ შეგიძლიათ დაამატოთ მხოლოდ ერიხ მარია რემარკის რომანის სათაური – „დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშე“. დღევანდელი მოცემულობა და ომის გაჭიანურება აბსოლუტურად ჰგავს პირველ მსოფლიო ომს სატრანშეო დაპირისპირებით, არტილერიის მასიური გამოყენებით…

მთავრობამ დასავლეთისგან 2,8 მლრდ გრანტი მიიღო, მედიას და NGO-ს კი ამისთვის აგენტად აცხადებს

საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას [თუ მის მიერ „წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“] და არ ეხება მთავრობას. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული „აღიაროს“, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

არადა გრანტის სახით მილიონობით ლარს იღებენ სამთავრობო ორგანიზაციები და დიდი ალბათობით, მიიღებენ მომავალშიც. საქართველოში სამთავრობო/საბუჯეტო ორგანიზაციებმა მარტო ბოლო 10 წელში 3 მილიარდამდე ლარის ოდენობის უცხოური გრანტი მიიღეს. უცხოური გრანტებით გაკეთებულ საქმეს კი, მთავრობა საკუთარი პიარისთვის იყენებს. 

კანონპროექტის მიზანი უკვე შეფასდა, როგორც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის „გაშავება“; კანონის მიღება კი – ქვეყნის ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც სამომავლოდ ნეგატიურად აისახება ევროპული თუ სხვა ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე.

საქართველოში, მარტო ბოლო 10 წელში, სამთავრობო თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ჯამში 2,8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღეს უცხოეთიდან.

აქედან 2,2 მილიარდი ლარი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული გრანტია, ხოლო 552,2 მილიონი ლარი – უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტი.

საქართველოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული უცხოური გრანტები / წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/სახელმწიფო ხაზინა
რას ხმარდება საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მიღებული უცხოური გრანტები

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სხვადასხვა ღონისძიება წელს 279 მილიონ 550 ათასი ლარის უცხოური გრანტით დაფინანსდება. აქედან 168 მილიონ 650 ათასი ლარი – საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები, ხოლო 7 მილიონ 600 ათასი ლარი – უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტებია.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხოეთის მთავრობებისგან მიღებული გრანტებით, 2023 წელს, საქართველოში დაფინანსდება შემდეგი პროგრამები და პროექტები:

  • საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა;
  • მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა;
  • აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა;
  • უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის;
  • ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის;
  • ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშგება;
  • ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში;
  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი;
  • 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“;
  • დაცული ტერიტორიების განვითარება;
  • ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი;
  • ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება;
  • საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა;
  • მერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
  • პროფესიული განათლების პროგრამა;
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი;
  • ქუთაისის წყალარინების პროექტი.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწორედ აშშ-ევროკავშირიდან მიღებული გრანტებითაა დაფინანსებული საქართველოში თითქმის ყველა სფერო – თავდაცვით და განათლებით დაწყებული, ტრანსპორტითა და კანალიზაციის სისტემებით დამთავრებული.

[toggle title=”უცხოეთის დახმარება საქართველოს – რამდენიმე მონაცემის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

საშუალოდ წელიწადში 60 მილიონ დოლარს შეადგენდა აშშ-ის არასამხედრო დახმარება საქართველოსთვის 2010-2017 წლებში; 89,8 მილიონი დოლარი იყო 2019 წელს კონგრესის მიერ გამოყოფილი ასევე არასამხედრო დახმარება.

1992-2022 წლებში:

  • 6 მილიარდი დოლარი შეადგინა აშშ-ის მთავრობის დახმარებამ საქართველოსთვის;
  • 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ.

ამასთან, 120 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად ევროკავშირი ყოველწლიურად გრანტების სახით.

2 მილიონი დოლარით დააფინანსა აშშ-ს ელჩის ფონდმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტზე მეტი; 140 მილიონი დოლარი გრანტი მიიღო საქართველომ აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან 2014-2019 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სწავლების გაუმჯობესებისთვის.

1802 ადამიანი გაემგზავრა ევროპაში სასწავლებლად ევროკავშირის პროგრამით Erasmus + მხოლოდ 2018 წლის მონაცემებით. მილიონ-ნახევარი ევროა ევროკავშირის პროგრამის ბიუჯეტი საქართველოში „Creative Europe“, 2014-2020 წლებისთვის. პროგრამა ისევ გრძელდება და კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამა კულტურულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს ტრანსნაციონალურ სივრცეში გასვლის შესაძლებლობას სთავაზობს.

1.8 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსით დაეხმარა საქართველოს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. USAID-ის პროგრამების მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ჯანდაცვის და განათლების სისტემის გაუმჯობესება და ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა.

330 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს USAID-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც. რესურსი მოხმარდება  დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რმაც ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უნდა გააჩინოს.

130 მილიონი ევრო გაიცა ევროკავშირის პროგრამა Horizon 2020-ის ფარგლებში, რომლის საშუალებით 2009 წლის შემდეგ 40 000-მა მცირე და საშუალო საწარმომ, ფერმერმა მიიღო სესხები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა საქართველოსთვის უცხოეთის დახმარებას პანდემიაში:

[checklist]

  • 2,7 მილიონი დოლარი გამოყო აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთვის Covid-19-თან გასამკლავებლად.
  • 3 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო საქართველოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა.
  • 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს StopCoV ფონდში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა.
  • 183 მილიონ ევროზე მეტის მობილიზება შეძლო ევროკავშირმა საქართველოსთვის პანდემიაში სხვადასხვა სექტორის დასახმარებლად. მათ შორის: 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტები როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის; 75 მილიონ ევროს გრანტების სახით ევროკავშირი გასცემს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მხარდასაჭერად, რომლის მიზანიც ეკონომიკური აღდგენაა.

[/checklist]

[/toggle]

რაში იხარჯება უცხოური გრანტები – რამდენიმე მონაცემი აჭარის მაგალითზე:

[checklist]

  • 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი დაიხარჯა ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტში.
  • 10 მილიონი ევრო გრანტი დაიხარჯება პროექტში, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირი აფინანსებენ. ამ პროექტის ფარგლებში აჭარის დაბებსა და სოფლებში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები უნდა მოეწყოს გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით.
  • „აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდის მიერ გამოყოფილი 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტი დაიხარჯა ბათუმში ელექტროავტობუსების შესაძენად.
  • 77 ათას 235 აშშ დოლარი გრანტით შეიძინა ქედის მუნიციპალიტეტმა ელექტრო მიკროავტობუსი. ეს გრანტი იაპონიის საელჩომ გამოყო.
  • გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, ბათუმი 7 მილიონ 500 ათას ევროს მიიღებს გრანტის სახით.
  • KfW-ს მიერ 2 მილიონი ევრო გრანტია ასევე გამოყოფილი V ფაზის ფარგლებში ბათუმში – ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურისა და მეჯინისწყლის ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემების მოსაწყობად.
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ გამოყოფილი 1,5 მილიონი ევრო დაიხარჯა ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. ტექნიკური აღჭურვილობა კი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

[/checklist]

 

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიმუშავა „ხალხის ძალამ“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგანაა დაკომპლექტებული და რომელიც ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

„ხალხის ძალა“ ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გათვალისწინებულია „სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა“.

„განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA)“, აშკარად მცდარია. მეტიც, ჩანს, რომ ეს კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან“ – აცხადებს საქართველოს ომბუდსმენის აპარატი.

 

38 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა მიწისძვრას თურქეთში – ბოლო ცნობები

თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას, ბოლო ცნობების თანახმად, 38 044 ადამიანი ემსხვერპლა.

ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან სტიქიის ზონაში მაშველები დღესაც მუშაობენ.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ადგილზე 264 389-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამჟამად მუშაობს 5753 უცხოელი მაშველი 67 ქვეყნიდან.

სამაშველო ჯგუფების გარდა, დაზარალებულ რაიონებში ასევე გაიგზავნა საბნები, კარვები, საკვები და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფები, 12600-ზე მეტი მანქანა, მათ შორის ექსკავატორები, ტრაქტორები და ბულდოზერები.

__________________

ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK

ბათუმში კიდევ ერთი ახალშობილი მიატოვეს – ამჯერად კლინიკაში

დღეს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ [BMC] დედამ ახალშობილი დატოვა. 18 წლის გოგომ ორი დღის წინ იმშობიარა და კლინიკიდან დღეს, 17 თებერვალს გაეწერა.

„დედამ უარი თქვა ბავშვზე. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან – სოციალური მომსახურების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აცხადებენ კლინიკაში.

დღეს, დილით ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც „ბათუმელებს“ მეჩეთში უთხრეს, ჩვილი ქუჩაში, მეჩეთის ახლოს კალათში იყო დატოვებული.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის მეჩეთთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბათუმში Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში Wolt-ის 150-მდე კურიერი გაიფიცა. კურიერები ამბობენ, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

„ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილის საბაზისო ამ წუთას არის 2.50 ლარი და გვინდა 3.50 ლარი გახდეს – კილომეტრაჟზე 20 თეთრი დაგვემატოს. ახლა 50 თეთრია და გვინდა გახდეს 70 თეთრი.

დღეს დამსაქმებელს ვესაუბრეთ ამ მოთხოვნებზე და ჯერჯერობით მივიღეთ პასუხი, რომ „სამომავლოდ კომპანია იზრუნებს ამის გამოსწორებაზე“. თუმცა არ დაუზუსტებიათ, ეს „სამომავლოდ“ რამდენ ხანში იქნება, ერთ თვეში, ორ თვეში თუ როდის. ამაზე არ აქვთ პასუხი“, – ამბობს თეიმურაზ გასვიანი.

ბათუმში 150-მდე კურიერი გაიფიცა

კურიერების თქმით, მათი შრომის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული კომპანიისგან.

„ჩვენ, წვიმაა თუ ქარი, ვმოძრაობთ ქალაქში და დამსაქმებელთან ამ დროს იმაზე გვიხდება საუბარი, რომ წვიმიან ამინდში მაინც აიყვანონ 3.50 [ლარზე] ტარიფი.

საწვავის ხარჯი ჩვენია, მოპედები ჩვენი ხარჯია. რაიმე ავარია თუ შეგვემთხვა გზაზე და კომპანიას დაურეკე რომ შეკვეთა სხვამ მიიტანოს, როგორ ხარო არც კი შეგეკითხებიან. დაზღვევაც კი არ გვაქვს ელემენტარული“, – გვეუბნება თეიმურაზ გასვიანი.

მისი თქმით, კურიერების გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

20 თებერვალს ბათუმში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ბათუმში 20 თებერვალს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად  აქცია გაიმართება.

როგორც ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი ლევან ანთაძე ამბობს, აქცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ქალაქებში ერთდროულად გაიმართება.

„როგორც ვიცით, ფეიგინმა და არესტოვიჩმა დააანონსეს სოლიდარობის აქცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და ბევრ ქვეყანაში გაიმართება.

აქციაში ბათუმი და თბილისიც ჩაერთვება. აქცია მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად გაიმართება.

ყველა, ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, რა თქმა უნდა, ამ აქციაზე უნდა იყოს“ – ამბობს ლევან ანთაძე.

_________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ლატვიაში მთვრალი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ ავტომანქანებს უკრაინას გადასცემენ

ლატვიის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო ცვლილებები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ ავტომანქანებს უკრაინაში გადაიყვანენ – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს სააგენტო LETA-ზე დაყრდნობით.

ავტომობილების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საბოლოოდ ლატვიის მთავრობა მიიღებს. სამთავრობო კოალიცია ამ კვირაში შეთანხმდა, რომ ავტომანქანები შეიძლება გადაეცეს უკრაინის არმიას.

„ჩვენ შეგვიძლია მთვრალი მძღოლებისთვის ჩამორთმეული ავტომანქანები გავყიდოთ, გადასამუშავებლად ან სათადარიგო ნაწილებისთვის, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ პირობებში ავტომანქანები სასარგებლო მხარდაჭერა იქნება უკრაინელი ხალხისთვის“, – ციტირებს LETA ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომისიის თავმჯდომარეს, რაიმონდ ბერგმანისს.

კანონი ნასვამი მძღოლებისთვის ავტომანქანების ჩამორთმევის შესახებ ლატვიაში გასულ წელს მიიღეს.

ავტომანქანას ჩამოართმევენ მძღოლს, რომლის სისხლში გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლის ან ნარკოტიკების კვალი აღმოჩნდება, ასევე, თუ იგი უარს იტყვის ტესტის ჩატარებაზე ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე.

_____________

ფოტოზე: რიგა. ფოტო: ვიკიპედია

ბათუმის მეჩეთთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს. როგორც მეჩეთში გვეუბნებიან, ჩვილი ქუჩაში, მეჩეთის ახლოს კალათში იყო.

როგორც შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.

ახალშობილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უკრაინაში მოკლულია დაახლოებით 40-60 ათასი რუსი სამხედრო – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 17 თებერვლის ანგარიში, რუსეთის სამხედრო დანაკარგებს განიხილავს.

უწყების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორი ძალების სამხედრო ზარალი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სავარაუდოდ, 175-200 ათასს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 40-60 ათასი მოკლულია.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ. უწყება, აქამდე გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც აღნიშნავდა, რომ ახალწვეულები არ იყვნენ სათანადოდ გაწვრთნილები და, შესაბამისად, დიდი იყო დანაკარგებიც.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის სპეციალისტების შეფასებით, თანამედროვე სტანდარტებით, მოკლული სამხედროების დაჭრილებთან თანაფარდობა ძალიან მაღალია. უწყების შეფასებით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს უკიდურესად ელემენტარული სამედიცინო უზრუნველყოფის შედეგია.

ასევე, უწყება თითქმის დარწმუნებულია, რუსეთის ადამიანური ზარალის უდიდესი ნაწილი არტილერიის მიერაა გამოწვეული.

კიდევ ერთი შეფასება რუსეთის სამხედრო ადამიანურ ზარალთან დაკავშირებით, „ვაგნერის“ დაჯგუფებას შეეხება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, „ვაგნერს“ ჰყავს მსჯავრდებულ-ახალწვეულთა დიდი რაოდენობა, რაზეც სავარაუდოდ ადამიანური ზარალის დაახლოებით 50% მოდის.

___

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი, ცოცხალი ძალის სახით, დაახლოებით 141 260 ადამიანია [გასულ დღე-ღამეში +800].

თურქეთში 14 წლის ბიჭი ნანგრევებიდან გამოიყვანეს მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 14 წლის ბიჭი ცოცხალი გამოიყვანეს.

ერზრუმელმა მაშველებმა, რომლებიც დანგრეულ შენობასთან მუშაობდნენ, სააგენტო „ანადოლუს“ უთხრეს, რომ ადგილზე უკვე მძიმე ტექნიკით მუშაობდნენ, მაგრამ ყურს უგდებდნენ ყველა ხმას ნანგრევებიდან. სწორედ ამ დროს გაიგონეს მათ ბიჭის ხმა.

„ნანგრევებში გავთხარეთ გვირაბი და შევძვერით. ბავშვს ჯერ სუნთქვის საშუალება მივეცით, შემდეგ კი გამოვიყვანეთ“ – უამბო ჟურნალისტებს ენგინ ბაირაკმა, ერზერუმის სამაშველო სამსახურიდან.

მაშველები ამბობენ, რომ ბავშვი მოსახერხებელ მდგომარეობაში იპოვეს და მას შესამჩნევი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 14 წლის ბიჭი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან 12 დღე გავიდა, მაშველებს ჯერ ისევ გამოჰყავთ ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო ცნობებით, დაიღუპა მინიმუმ 36 187 ადამიანი.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ადგილზე 253 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ამ დროისთვის სულ მცირე 216 347 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

________________

ფოტო: „ანადოლუ“/aa.com.tr

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 თებერვლის 21 საათიდან 18 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3– 8 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 19 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ყალბი 100-ლარიანების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთ-ერთი კი დაკავებულია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100-ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 ლარის ოდენობის 118 ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგან ერთი დაკავებულია“, – ამბობს საგამოძიებო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

1 სემესტრი ანბანს ვსწავლობდით და სწორად კითხვას – ინგლისური ენის პედაგოგი ხულოდან

26 წლის ქეთი მელაძე ხულოს სოფელ ღურტის საჯარო სკოლაში მეორე წელია, რაც ინგლისურ ენას ასწავლის I-VII კლასის მოსწავლეებს.

ქეთი გვიზიარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ხშირი კომუნიკაცია და რა გამოცდილება დააგროვა, როგორც მასწავლებელმა.

„მთელი ერთი სემესტრი გავლიეთ იმაში, რომ გვესწავლა ანბანი და ასოების სწორად კითხვა. დამატებით გაკვეთილებზე ვრჩებოდით სკოლაში, ვიდეოზარებით ვერთვებოდით. ეს იყო რაღაც კატასტროფა. მოსწავლეების ცოდნის დონე საერთოდ ნულს ქვემოთ იყო. არ იცოდნენ, რა როგორ იკითხებოდა და საერთოდ რასთან ჰქონდათ საქმე. მადლობა მოსწავლეებს და მათ მშობლებს.

მათი ჩართულობით ნელ-ნელა ამოვქაჩეთ და უკვე მეორე სემესტრიდან პროგრამულ სწავლებას შევუდექით. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ გაცილებით წინსვლა გვაქვს“, – გვიყვება ქეთი.

ქეთი მეცხრე კლასში იყო, როცა ინგლისური ენის მასწავლებლობა გადაწყვიტა. მან ქვემო ვაშლოვნის სკოლა დაამთავრა. აქ ქეთის მეცხრე კლასიდან ინგლისური ენის ახალი მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც დღემდე მისთვის განსაკუთრებულ პედაგოგად რჩება – „გამორჩეული მასწავლებელი იყო ცოდნის გაზიარების თუ, ზოგადად, ურთიერთობის კუთხით“.

სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ქეთი რეპეტიტორი იყო.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ მასწავლებლობა ყოველთვის უნდოდა, კარგად ესმოდა რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა და ამიტომ ამ პასუხისმგებლობის აღება უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ვერ გაბედა: ზოგადად, მასწავლებლობა და მით უმეტეს, ახალგაზრდა მასწავლებლობა, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ბევრი რამ არ იცი, რისი სწავლაც გიწევს.

ქეთი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე ბსუ-ში სწავლობდა. მას ახლა მაძიებელი მასწავლებლის სტატუსი აქვს და სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარებას ზაფხულში აპირებს – „აუცილებლად ჩავაბარებ, დარწმუნებული ვარ“.

ქეთი სხვა მაძიებელ მასწავლებლებს არ იცნობს და არ იცის, რას ფიქრობენ ისინი. თუმცა თავად მიიჩნევს, რომ მისი ხელფასი ძალიან დაბალია იმ შრომასთან შედარებით, რასაც მოსწავლეებთან ურთიერთობა მოითხოვს.

ქეთი ღურტის საჯარო სკოლაში 12.5 საათს ასწავლის, ხელფასი კი 500 ლარამდეა.

ქეთი მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის თუ სხვა საგნის ხარისხიანი სწავლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან მოსწავლე-მასწავლებელი.

„მასწავლებლებთან ურთიერთობა მოსწავლეებს ძალიან აკლიათ. მაღალ კლასებს არ ვასწავლი და როცა მათთან ვურთიერთობ, უკვირთ – „ვაიმე, მასწავლებელი შეიძლება მოსწავლეს დაელაპარაკოს?“ ეს კონტაქტიც კი აფერხებს მოსწავლეს.

ერთი სიტყვით, ადგილობრივ მასწავლებლებს ძალიან მშრალი ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებთან. ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა.

თუ განწყობა არ აქვს მოსწავლეს, კარგი დამოკიდებულება არ არის მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, იქ შედეგი ვერ მიიღწევა, ამაში უკვე დავრწმუნდი“, – გვითხრა ქეთიმ.

როგორც ქეთისგან ვიგებთ, ღურტის საჯარო სკოლას კიდევ ერთი ინგლისურის მასწავლებელი ჰყავს, რომელიც სერტიფიცირებულია.

საუბრის ბოლოს, ქეთიმ გვითხრა ისიც, რომ ზამთრის პერიოდში საერთოდ არანაირი აქტივობები არ აქვთ სოფლის სკოლებს. მოსწავლეები უფრო და უფრო ეჯაჭვებიან ტელეფონებს და ძალიან რთული ხდება მათში რაიმეს მიმართ ინტერესის გამოწვევა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 141 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 3 298 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 520 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 2 322 ერთეული [+16]
  • MLRS – 467 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 241 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 298 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 013 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 871 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 187 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 221 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 17 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 385 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 161 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 404 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 901 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 027 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 121 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 429 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში მოკლულია დაახლოებით 40-60 ათასი რუსი სამხედრო – ბრიტანეთის დაზვერვა

ბათუმი-თბილისის მატარებელი შეფერხებით მოძრაობს – რას პასუხობს რკინიგზა

დღეს, 16 თებერვალს, სამგზავრო მატარებელი ბათუმი-თბილისი ერთ საათზე მეტია ხარაგაულთან დგას – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მატარებლის მგზავრებმა მოაწოდეს ინფორმაცია.

საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზებზე დიდთოვლობის და დაბალი ტემპერატურის გამო შეფერხებებია.

„მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის სხვა სახეობების მოძრაობა გარკვეულ მონაკვეთებზე დილიდან შეჩერდა, რკინიგზა არ გაჩერებულა. მცირე შეყოვნებებით სრულდება რეისები, რომ მგზავრთა უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველვყოთ.

მოძრაობა უმოკლეს დროში გაიხსნება სამგზავრო მატარებლისთვისაც და მალე მატარებელი დაიძვრება“ – მოგვწერეს „საქართველოს რკინიგზიდან“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სარკინიგზო რეისი შეფერხებით შესრულდა გუშინაც.

____________

ფოტოზე: ხედი მატარებლის ფანჯრიდან. 16 თებერვალი, 2023 წ.

ბულვართან პარკინგის გარეშე კორპუსების აშენებას მერია ისევ დაეთანხმა

ავტომანქანების ნაკადი და ქაოსური პარკინგი, ტრანსპორტის სადგომად გამოყენებული ტროტუარები და ჩახერგილი ველობილიკები – ბოლო წლებში ბათუმის მთავარი გამოწვევაა. მერია ამ პრობლემის მოგვარებას მოქალაქეებს ბევრჯერ დაჰპირდა. სცადა კიდეც. შეცვალეს მოძრაობის მიმართულებები, დააწესეს საათობრივი პარკინგის გადასახადი, ზოგიერთ ქუჩაზე აყარეს ქვაფენილი, თუმცა უშედეგოდ – არაფერი გამოვიდა.

დიდი ალბათობით არც მომავალში გამოვა, ისევ მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების მიზეზით.

მერიის ინიცირებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმების მიხედვით, ეს პრობლემა მომავალ წლებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უფრო გამწვავდება, რადგან მერია და საკრებულო ერთობლივად აგრძელებენ ისეთი სამშენებლო პროექტების დამტკიცებას, რომლებიც 83 ბინის მშენებლობაზე გათვლილ პროექტში პარკინგისთვის მხოლოდ 20-მდე ადგილს ითვალისწინებს.

13 თებერვალს,  ბოლო სხდომაზე,ბათუმის საკრებულომ, 4 ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. აქედან ორი, ბათუმის ბულვართან ახლოს, რუსთაველის ქუჩის #20-სა და 21-ში ითვალისწინებს მშენებლობას. პროექტების მიხედვით, არც ერთ მათგანს ეზო არ ექნება და კომპანიები სამშენებლო მიწის ნაკვეთს სრულად გამოიყენებენ შენობის განსათავსებლად. 

დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, რუსთაველის #21-ში შპს „გრინკო“ 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. რუსთაველის #21-ში სამშენებლო მიწის ნაკვეთი მოქცეულია რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის. კომპანიამ ზონაში დადგენილისგან განსხვავებული პირობები, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] 8,0-მდე გაზრდა მოითხოვა. 

ცისფრად მოცემულია საპროექტო შენობის მასშტაბი – მარცხნივ ვხედავთ, როგორი სიმაღლე ექნებოდა პროექტს, ის ზონაში დადგენილი პარამეტრების მიხედვით რომ აეშენებინათ. მარჯვნივ კი, როგორ იზრდება პროექტის სიმაღლე კ2 კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში

გდგ დოკუმენტის მიხედვით, 83-ბინიანი ახალი კორპუსის აშენების შემდეგ მთელ კვარტალში იქნება 397 ბინა, სადაც დაახლოებით 993 ადამიანი იცხოვრებს. ამას დაემატება კომერციული ობიექტები [350 კვ. მეტრი]. ავტოსადგომის, სარდაფისა და ტექნიკური სათავსოებისთვის კომპანიამ 797 კვ. მეტრი გაითვალისწინა.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტებით, პროექტი პარკინგისთვის 20 ადგილს ითვალისწინებს შენობის ნულოვან სართულზე და 6 ადგილს გარე პერიმეტრზე – ანუ, 83-ბინიან სახლს, დამატებით კომერციული ფართობებით, პირველ სართულზე მხოლოდ 26 ავტომანქანის ადგილი ექნება. გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანია შიდა პარკინგზე გათვალისწინებული 20 ადგილის გაყიდვას გეგმავს.

გდგ დოკუმენტს თან ახლავს პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია ამ პარკინგის ოცი ადგილის გაყიდვას, ჯამში, 392 000 დოლარად გეგმავს – ერთი ადგილის ფასი 19 600 დოლარია. 

ეს როგორ, ისედაც არ არის პარკინგი? – იკითხეს საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან.

საკრებულოს სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, მამუკა რამიშვილმა საკრებულოს ოპოზიციას უპასუხა, რომ შესაბამისი კვლევები გდგ დოკუმენტებშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანია განაშენიანების ინტენსივობის გაზრდილ და დადგენილ კოეფიციენტებს შორის სხვაობით მიღებული საცხოვრებელი ფართობის 5 პროცენტს ბათუმის მერიას გადასცემს.

გდგ დოკუმენტში სპეციალისტები ადასტურებენ, რომ გეგმარებითი ტერიტორია სატრანსპორტო ნაკადებით დატვირთულ ზონაში მდებარეობს და ახალი კორპუსის მცხოვრებლების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება იქნება საჭირო:

რუსთაველის გამზირი წარმოადგენს საერთო სარგებლობის, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას. მას ალტერნატივა არ აქვს სამშენებლო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში. შესაბამისად, ობიექტიდან გამომავალი და შემავალი ავტომანქანებისთვის საჭიროა მკაცრი საგზაო რეგულაციების დაწესება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონი N1830 – „საგზაო მოძრაობის შესახებ“. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან შესასვლელად ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოუწევს გადაკვეთოს საფეხმავლო ტროტუარი, სადაც ინტენსიურად გადაადგილდებიან ქვეითები, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, როცა ქალაქში მკვეთრად იზრდება ტურისტული ნაკადები. ამიტომ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია მოეწყოს შესაბამისი საგზაო ნიშნები როგორც ავტოტრანსპორტისათვის, ასევე ქვეითთათვის – ნათქვამია გდგ დოკუმენტის სატრანსპორტო საკითხების კვლევის ნაწილში. 

ფაქტობრივად, გდგ დოკუმენტებში წარმოდგენილი კვლევები ადასტურებს, რამდენად მწვავე პრობლემას შექმნის ორი ახალი სამშენებლო პროექტი რუსთაველის ქუჩის ყველაზე დატვირთულ მონაკვეთში, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, როგორც ავტომანქანით გადაადგილებისთვის, ასევე ქვეითებისთვის:

სატრანსპორტო გამტარუნარიანობა გადამკვეთი ქუჩებისა და შუქნიშნების გათვალისწინებით პიკურ პერიოდში [ზაფხულის თვეებში] შეადგენს საშუალოდ 1800 ავტომობილს საათში, დღე-ღამეში საშუალოდ – 25-30 ათას ავტომობილს. შესაბამისად, ობიექტიდან ავტომობილების შესვლა-გამოსვლის მანევრი რიგ შემთხვევებში შეიძლება ტრანსპორტის მოძრაობის დაბრკოლების მიზეზი გახდეს.

პრობლემის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სწორად იქნას დაპროექტებული ტროტუარზე მანქანის შესასვლელი არეალი, რადგანაც ობიექტიდან შესვლა-გამოსვლის დროს ავტომობილს უწევს 90-გრადუსიანი მოხვევის მანევრის შესრულება, ამიტომ გზის მოცემულ არეალში საჭირო იქნება ტროტუარის ჩაჭრა მინიმუმ 6 მეტრის სიგრძეზე, რათა შეძლოს ავტომობილმა გამოსვლა მოცემული გზის პირველ ზოლში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპეციალისტი დასკვნის სახით წერს:

„რუსთაველის ქუჩა N21-ში არსებულ ტერიტორიაზე დაგეგმილია საცხოვრებელი სახლის აშენება 83 მობინადრეზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო სტატისტიკური მონაცემებით მობინადრეთა 20-30 პროცენტი წარმოადგენს ავტომფლობელებს, მოცემულ ობიექტს უნდა გააჩნდეს მიწისქვეშა ავტოსადგომი, რის აუცილებლობაც გამოწვეულია იმით, რომ საკვლევი ობიექტის წინ გამავალ რუსთაველის გამზირზე ავტომობილის დგომა-გაჩერება აკრძალულია და შეუძლებელია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი შეცვლა.“

გდგ დოკუმენტის მიხედვით, რუსთაველის #21-ში ახალ ბინაში მცხოვრებლებს, რომლებიც პარკინგის ადგილის ყიდვას საკუთარი კორპუსის ნულოვან სართულზე ვერ შეძლებენ, ერთადერთი ალტერნატივა რჩებათ და ეს ფასიანი პარკინგია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ადგილებიც, განსაკუთრებით ზაფხულში, ხშირად გადატვირთულია.

როგორც ჩანს, ეს საკითხი მერიაში და საკრებულოში არ აწუხებთ, მით უმეტეს, მშენებელს, რომელსაც პროექტი დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს.

გდგ დოკუმენტში, რომელიც მერიაში და საკრებულოშიც კარგად წაიკითხეს [უნდა წაეკითხათ – ეს მათი მოვალეობაა] წერია:

„საკვლევი ობიექტის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში, გამოყოფილია საერთო სარგებლობის ფასიანი ავტოსადგომები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილებს როგორც ობიექტში მაცხოვრებელ ავტომფლობელებს, ასევე მათ სტუმრებს.“

პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებაში კომპანიამ ძლიერ მხარეებში ზღვის სანაპიროსთან და ზღვისპირა პარკთან სიახლოვე და  საზოგადოებრივ ობიექტებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ჩაწერა, სუსტ მხარეებში – ამორტიზებული შენობები.

რუსთაველის #20-ში კი შპს „ორიქსი“ 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. სასტუმროს პარკინგის ადგილი 17 ავტომანქანისთვის მიწის ქვედა სართულზე აქვს გათვალისწინებული.

სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია სასტუმრო „ინტურისტს“ ესაზღვრება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის რენდერის მიხედვით, რომელიც ზონალური საბჭოს სხდომაზე იყო წარდგენილი, მშენებლობას რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობის ადგილას იგეგმება, სადაც 1840-1921 წლებში ბრიტანეთის საკონსულო ფუნქციონირებდა.

სატრანსპორტო კვლევას შპს „ორიქსის“ მიერ წარდგენილი გდგ დოკუმენტიც ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალისტები არა პარკინგის ადგილებზე, უფრო ბათუმში გარემოს ხმაურით დაბინძურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და წერენ, რომ დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ავტოტრანსპორტია:

„ავტოტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული ხმაური საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, მათ შორის, ბათუმშიც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გეგმარებითი ტერიტორია მდებარეობს სატრანსპორტო ნაკადებით დატვირთულ ზონაში.“

საკრებულოს სხდომას, სადაც გდგ დოკუმენტები დაამტკიცეს, კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე კითხვებით ისინი არავის შეუწუხებია. ოპოზიციის რეპლიკას, რომ განაშენიანების გეგმების დამტკიცება, თუნდაც ამავე დოკუმენტში მოცემული დასკვნების მიხედვით არ შეიძლება, კომპანიის წარმომადგენლებმა რეპლიკით უპასუხეს: „სად წერია.“ მათგან ერთ-ერთი პასუხის გაცემას ცდილობდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ისე დააყენა საკითხი კენჭისყრაზე, პასუხს არ დალოდებია.

„ოცნების“ ფრაქციას კითხვები არ ჰქონია.

განაშენიანების გეგმა ორ ეტაპად მტკიცდება, პირველ ეტაპზე ამტკიცებენ კონცეფციას, შემდეგ კი  – დეტალური განაშენიანების გეგმას. დეტალური განაშენიანების დამტკიცებული გეგმა ნებართვის გაცემის ძირითადი საფუძველია.

„ოცნება“ ემზადება ორი სცენარისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – ინტერვიუ

„გადაიყვანეთ სააკაშვილი, დაასანქცირეთ ივანიშვილი“- ევროპარლამენტმა ეს რეზოლუცია 15 თებერვალს მიიღო. რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

რა იქნება ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს? ამ თემაზე „ბათუმელები“ ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვანო, თუკი „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ევროპარლამენტის ამ რეკომენდაციას და არ გადაიყვანს სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში, როგორი შეიძლება იყოს პასუხი ხელისუფლების ამ ქმედებაზე, რას უნდა ველოდეთ?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს რეზოლუცია სამართლებრივად ნამდვილად არ არის სავალდებულო, იმპერატიული ძალა არ გააჩნია, თუმცა ანგარიშგასაწევია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეკომენდაცია მიღებულია ევროკავშირის იმ ინსტიტუციის მიერ, რომელსაც პირდაპირი წესით ირჩევს ხალხი, ევროკავშირის მოქალაქეები.

შესაბამისად, ეს გარკვეულწილად გამოხატავს იმ განწყობებს, რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ხალხში და ბუნებრივია, ამ რეკომენდაციის უყურადღებობა არ იქნებოდა სწორი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სამართლებრივად სავალდებულო, ამან არ უნდა მისცეს ვინმეს იმის ფიქრის საშუალება, რომ ეს უბრალოდ ფარატინა ქაღალდია. ამან პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა, ნიადაგი და საფუძველი იმისა, რომ სხვა ინსტიტუციებმა გამოიყენონ.

  • პოლონური მედიის ინფორმაციით, სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს საპროტესტო მიმართვა შესაძლოა დაბლოკოს უნგრეთმა. შეცვლის ეს სურათს?

დიახ, მეც ვნახე ეს ინფორმაცია. ბუნებრივია, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესრულებას სჭირდება კონსენსუსი და მხარეები უნდა მივიდნენ გადაკვეთის წერტილამდე. შესაძლოა იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, მათ შორის, იგივე უნგრეთი, რომელიც დაბლოკავს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლოა არ იყო ხელსაყრელი იგივე მმართველი პარტიისთვის.

ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ უნგრეთი ამ როლს შეასრულებს ევროკავშირის შიგნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ მოხერხდება თუნდაც იგივე უნგრეთის გადარწმუნება მყარი არგუმენტებით.

რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს თუ გავიხსენებთ, როცა პირველი პაკეტი შემუშავდა, მაშინაც წინააღმდეგი იყო უნგრეთი ამ სანქციების, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ევროკავშირი უკვე სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს და უნგრეთიც უერთდება ამ სანქციებს.

ასე რომ, იმის მოლოდინი, რომ უნგრეთი მთელი ამ დროის მანძილზე დაბლოკავს ყველაფერს, რაც კი არ იქნება ხელსაყრელი „ქართული ოცნებისთვის“, არა მგონია, იყოს სწორი.

  • ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობა, საქართველოს მთავრობის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების ლაკმუსის ტესტია. თუ ამ ტესტმა საბოლოდ აჩვენა ის, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა ევროპულ ღირებულებებს, რას შეიძლება ველოდეთ?

სხვათა შორის, პირველად ჩნდება ასეთი ჩანაწერი, ასე ვთქვათ, პირდაპირი არტიკულაცია და პირველად ხდება კავშირის გაჩენა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასა და საქართველოს ევროინტეგრაციას შორის.

ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არ არის მარტო 12 პუნქტის შესრულებაზე საუბარი, ეს არის ერთგულება ევროპული ღირებულებების და შეიძლება მარტო 12 პუნქტი არ იყოს განმსაზღვრელი, არამედ ის, თუ რა ტრაექტორიით იმოძრავებს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ მოცემულობაში, რაც სამწუხაროდ გვაქვს, ვფიქრობ, ბევრი სკეპტიკოსი ეყოლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

თუმცა, დრო კიდევ არის დარჩენილი და ამ დროში შესაძლებელია ბევრი რამ გაკეთდეს, შესრულდეს 12 რეკომენდაცია და ის რეპუტაციული ზიანიც გამოსწორდეს, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებში მიადგა.

  •  კალაძე ამბობს, რომ „ჩალის ფასი აქვს“ კანდიდატის სტატუსს, „დაიტოვონ თავისთვის“ და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, არის ეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა? ხომ არსებობს ჩანაწერი, რომ ხელისუფლება ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის?

მე აქ ვხედავ მზადებას ორი სცენარისთვის. ერთი სცენარი იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების და მეორე – კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს კანდიდატის სტატუსს საქართველო, რაც, ბუნებრივია, იქნება წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ ეს სრულად მიაწეროს თავისთავს და თქვას, რომ ის არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას.

იმ შემთხვევაში, თუ იქნება კრახი ამ გზაზე და ვერ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, „ოცნება“ ამზადებს მეორე სცენარს. ამიტომ ის განცხადებები, რომლებიც ახსენეთ და მთელი ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, მათ შორის „ხალხის ძალას“ წინ წამოწევა, თავდასხმები ევროკავშირზე, მის ინსტიტუტებსა და ინდივიდებზე, ბუნებრივია, ემსახურება იმას, რომ გასაღდეს, როგორც ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თითქოს „უბრალოდ, ევროკავშირს არ უნდა საქართველო თავის შემადგენლობაში იხილოს“.

  • „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის შემოტანა ამ მეორე სცენარისთვის სჭირდებათ? თუ ევროკავშირის შანტაჟისთვისაა, საქართველოს სტატუსი რომ არ მიანიჭონ, არ მოითხოვონ სააკაშვილის გადაყვანა, უარი თქვან ივანიშვილის დასანქცირებაზე?

ჯერჯერობით გამიჭირდება ამაზე პირდაპირ რამის თქმა, მაგრამ ეს აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციასთან, კონკრეტულად მეათე რეკომენდაციასთან, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა დონეზე.

ამიტომ, ერთი ხელით, სურვილი გქონდეს ევროკავშირისკენ წახვიდე და მეორე ხელით, ასე ვთქვათ, იღებდე ისეთ კანონებს, რომლებიც უნგრეთსა და რუსეთშია, აბსოლუტურად გამორიცხავს ევროპასთან ინტეგრაციას.

  • აქამდე ივანიშვილი, ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ლავირებდა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ბოლო განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი უკვე ღიად შეუერთდა რუსულ ბანაკს და თუ ეს ასეა, რამ აიძულა ივანიშვილი ეს ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ დაერღვია?

მე მგონი, აქ ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი გახლავთ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის და ის ძლიერი პროტესტი, რომელიც გამოხატა საზოგადოებამ გასულ წელს, ივნისში, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების გამო. ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი ქვეყანაში (დაახლოებით 60 პროცენტია), რომელიც ამბობს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს ქვეყანა, ეს იქნება ხელისუფლების ბრალი.

ამიტომ, გარკვეულწილად ეს არის ის ბასტიონი, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის იქნება შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს ამ მიმართულებით, რომ ამუშავდეს მეორე სცენარი და სხვებზე მოხდეს გადაბრალება, თუ სტატუსი ვერ მივიღეთ.

  • კალაძის ან „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები აჩვენებს, რომ კურსის შეცვლა გადაწყვეტილი აქვს ამ ხელისუფლებას?

ვერ გეტყვით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაშვებაც კი არ მინდა ასეთი რამის. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას ქვეყნისთვის და რამდენი ხნით შეიძლება ჩამოვრჩეთ განვითარების ტემპს.

არც კი მინდა ამის გაფიქრება, რადგან ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა, რომ არ მინდა ასე ხელაღებით ვინმეს დავაბრალო, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი და როგორი განწყობისაც არ უნდა იყოს, რადგან ეს, ფაქტობრივად, სამშობლოს ღალატია.

არ მინდა დავუშვა, რომ შეიძლება ამაზე ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს, რომ საქართველოს განვითარება წარმოიდგინოს რუსეთთან ერთად.

ჩვენ ვნახეთ, როგორი იყო საზოგადოების გამოძახილი, რომელიც გამოიწვია კანდიდატის სტატუსის ვერ მინიჭებამ.

გარდა ამისა, 2024 წელს საქართველო შედის საარჩევნო ციკლში და ეს გადაწყვეტილება უსწრებს წინასაარჩევნო კამპანიას.

სანიტრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 150 ლარია

საქართველოში სანიტრებისა და ბებიაქალების ხელფასი 135-დან 250 ლარამდე მერყეობს. თბილისიდან რაც უფრო შორსაა რეგიონი, მით უფრო დაბალია ხელფასი. რეფორმა, რომელიც სულ ახლახან ჯანდაცვის სამინისტრომ, ექთნებისა და პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო და რომელიც მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესებას მოიცავდა, უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია.

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირმა – „სოლიდარობის ქსელმა“ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა, რომ დაწესდეს მინიმალური ხელფასის სტანდარტი ექთნებისა და ექიმების გარდა სანიტრებისთვის, ბებიაქალებისთვის, ლაბორანტებისთვის, უმცროსი ექიმებისა და ექთნებისთვის. „140 და 150-ლარიანი ანაზღაურება, რომელიც ქვეყანაში არსებულ საარსებო მინიმუმზე (253.5 ლარი) დაბალია – ვერ ჩაითვლება ხელფასად“.

რეზო კარანაძე

„სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ეს პერსონალიც, ისევე როგორც ექთნები, საქართველოში დეფიციტურია, მთავარი გამოწვევა – მიზერული ხელფასებია.

„სანიტრების ხელფასები კატასტროფულად დაბალია, რეგიონში საშუალოდ 120-170 ლარი გამოდის. 150 ლარამდე აქვთ გურიაში, ჩოხატაურში; იმერეთში, ტყიბულის კლინიკაში – 135 ლარი. თბილისში სანიტრების ანაზღაურება დაახლოებით 180-250 ლარია.

ბებიაქალის ხელფასი ტყიბულში იყო 140 ლარი, თბილისში ხელზე – 242 ლარი. ამ ხელფასზე ვინ უნდა იცხოვროს, წარმოგიდგენიათ?“ – ამბობს რევაზ კარანაძე. – ყველაფერთან ერთად ხდება ამ დანაშაულებრივად დაბალი ხელფასების დაგვიანება, უგვიანებენ ჩარიცხვას“.

ქეთინო სალთხუციშვილი ჩოხატაურის კლინიკა „მედალფაში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს სანიტრად. ამბობს, რომ მისი და მისი თანამშრომლების სამიზნე მთავრობაა.

„ყველამ კარგად იცის, თუ რა მძიმე სიტუაციაა რეანიმაციაში, აქ არის ცხელი წერტილი; 3 და 4-აპარატიანი [შეერთებული] პაციენტი რომ ერთ ცვლაში გეყოლება – ყველას მომსახურება, ყველას ყურადღება სჭირდება; 24 საათის განმავლობაში ერთხელ ვერ მოვხრი ფეხს, ანაზღაურება კი ასეთი დაბალია.

ვის მოუვიდა აზრად, რომ კლინიკაში შევიდეს, ექიმს და ექთანს ხელფასი მოემატოსო ითქვა და იქ სანიტარი არ ახსენეს საერთოდ. ეს მაოცებს ძალიან. სადმე შეიძლება არსებობდეს კლინიკა ან რამე დაწესებულება და არ ჰყავდეს სანიტარი, დამლაგებელი, დამსუფთავებელი? რატომ ვერ დაინახეს ჩვენი შრომა, გაოცებული ვარ და ამან ამოგვაღებინა ჩვენ ყველას ხმა“, – ამბობს ის. 

ქეთინო სალთხუციშვილი სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ დაბალი ანაზღაურების გამო მეორე სამსახურის შეთავსებაც უწევს. 

„140 ლარი დღესდღეობით თქვენც კარგად იცით, რომელიმე ოჯახს თუ ეყოფა. მე სოციალურად დაუცველი ვარ, სიღარიბის კი არა, უკვე სიღატაკის ზღვარზე ვართ, დედამთილი ლოგინად მყავს, მეუღლე გარდაცვლილია, ასეთი პრობლემური ოჯახი რომ მაქვს, ვმუშაობ მეორე ადგილზეც დატვირთვით. აქ ვარ დილიდან მეორე დილამდე მორიგეობაში, მორიგეობას რომ მოვრჩები, გადმოვდივარ მეორე ადგილზე და 5 საათამდე იქ ვშრომობ, რომ რაღაცას მოვუყარო თავი.

მინდა, რომ ჩემი ხმა ყველა სანიტრის, ყველა ჩემნაირი ადამიანის ყურამდე მივიდეს, ვისი შრომაც დაუფასებელია. ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა და ერთმანეთის გვერდში დავდგეთ, მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ადრესატამდე და დაფასდეს ჩვენი შრომა“.

ქეთინო ამბობს, რომ მისი, როგორც სანიტრის ხელფასი, მაქსიმუმ 160 ლარი გამოდის:

„ჩვენ, პირადად, რომ ვთქვათ, რომ სტაბილური ხელფასი გვქონდეს, ასე არ არის, აქ არის მორიგეობა, ყველა მეოთხე დღეს ვართ. ანაზღაურება ხან 140 ლარია, ხან – 147, ხან 150 ლარი. არ ვიცი, რატომ არის, რომ სანიტრების ხელფასებზე ისახება პაციენტის ყოფნა-არყოფნა. მე ვარ დამლაგებელი, სანიტარი, პაციენტის ყოფნა-არყოფნაზე რატომ უნდა იყოს ეს დამოკიდებული, მე საქმე არასდროს არ მელევა. 160 ლარზე მეტი ნამდვილად არ არის ჩვენი ანაზღაურება.

ის კი არა, იყო პერიოდი, ყანაში დავდოდი, ყანის ტეხვაზე, თხილის აკრეფა იყო თუ რა იყო, ყველაფერზე დავდიოდი და ვწვალობდი, რა მექნა, არანაირ შრომას არ ვთაკილობდი“.

რევაზ კარანაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მოლოდინში სანიტრები ნელ-ნელა ერთიანდებიან, „მათ სტიმული მისცა ექთნების ბრძოლამ და მიღწეულმა შედეგმა, რომელიც საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. 

თუ კერძო კლინიკებზე არ განხორციელდება რაიმე რეგულირება და მიშვებული იქნება, თუ რაიმე სტანდარტი არ იქნება მიცემული – ასე გაგრძელდება. კეთილი ნებით არავინ არასოდეს მოამატებს ხელფასს, მართლა მძიმე მდგომარეობაში არიან ახლა ეს ადამიანები, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე“, – ამბობს რევაზ კარანაძე.

___

მთავარი ფოტო პროფკავშირები – ლანჩხუთის „მედალფას“ თანამშრომლები

„ისრაელი უკრაინის გვერდითაა“ – კიევში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

დღეს, 16 თებერვალს, კიევში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი ჩავიდა. კოენი ისრაელის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ.

კოენი ტვიტერზე წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას. მისივე თქმით, იგი დღეს კიევში ისრაელის საელჩოს გახსნის, ჩავა ბუჩაში და მოინახულებს ბაბი იარს.

„მოვედი, რომ გითხრათ: ისრაელი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდითაა ამ რთულ დროს“ – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე.

ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები გაუგზავნა. ისრაელი უკრაინას, თხოვნის მიუხედავად, იარაღით არ დახმარებია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს თითქმის ერთი წლის წინ, 2022 წლის მარტში მიმართა და უთხრა, რომ „გულგრილობა კლავს“:

„ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს მსოფლიოში, ეძებს ადგილს, ისევე, როგორც თქვენ ადრე… ეძებენ უსაფრთხოებას, ცდილობენ ცოცხალი გადარჩნენ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ.

დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენ ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ველოდებით თქვენ დახმარებას, როცა სხვა ქვეყნები გვეხმარებიან? რატომ არ არის ისრაელის დახმარება… რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? მედიაცია მხარის არჩევის გარეშე? დაგიტოვებთ ამ კითხვებს პასუხის გასაცემად, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს“ – განაცხადა მაშინ ზელენსკიმ.

_____________

ფოტოზე: ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაბი იართან, „ცრემლების კედელთან“. ფოტო: Itamar Eichner/twitter

რუსული ბომბდამშენები ძირითადად დაპყრობილ ტერიტორიებზე მოქმედებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 16 თებერვლის ანგარიში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აქტივობას მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, ოკუპანტი ქვეყნის საჰაერო ძალები კვლავაც იმავე რაოდენობის საფრენ აპარატებს იყენებს უკრაინის ოპერაციებში, რამდენსაც მრავალი თვის განმავლობაში იყენებდა.

თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში, რამდენიმეკვირიანი შედარებით დაბალი აქტივობის შემდეგ, გაფრენების რაოდენობა გაიზარდა.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემების თანახმად, რუსეთის საჰაერო აქტივობა ახლა 2022 წლის ზაფხულის შემდგომ დაფიქსირებულ ყოველდღიურ საშუალო რაოდენობასთანაა მიახლოებული.

საერთო ჯამში, უწყების ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის საჰაერო ძალები კვლავაც მნიშვნელოვნად შეზღუდულ როლს ასრულებენ ომში, რადგანაც უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუდმივად დიდ საფრთხეს უქმნის მათ ჰაერში. საჰაერო თავდასხმების რისკების გამო ასევე გაფანტულია რუსეთის საჰაერო ბაზებიც.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიში იუწყება, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები მოქმედებენ თითქმის ექსკლუზიურად, მხოლოდ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე. ეს მათ ხელს უშლის ეფექტურად შეასრულონ მთავარი დამრტყმელი როლი.

საბოლოოდ, ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ოპერაციების დრამატული გაფართოებისთვის ემზადებოდეს. უწყების შეფასებით, ამჟამად ბრძოლის ველზე არსებულ პირობებში მოსალოდნელია, რომ მას თვითმფრინავების არამდგრადი დანაკარგები მიადგება.

რა იწვევს პროსტატიტს და როგორ მკურნალობენ – ინტერვიუ უროლოგთან

პროსტატიტი, იგივე პროსტატის ჯირკვლის ანთება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური მდგომარეობაა. პროსტატიტი ხშირად იწვევს მტკივნეულ ან გაძნელებულ შარდვას, ასევე, ტკივილს საზარდულის, მენჯის არეში ან სასქესო ორგანოებში. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ლომაძე „ბათუმელებთან“ პროსტატიტის გამომწვევ მიზეზებსა და ამ მხრივ არსებულ რეკომენდაციებზე საუბრობს.

  • ბატონო გელა, რა არის პროსტატიტი?

პროსტატა არის წინამდებარე ჯირკვალი, რომელსაც აქვს როგორც ენდოკრინული, ისე ეგზოგენური ფუნქცია, ის გამოიმუშავებს ე.წ. პროსტატის წვენს, რომელიც წარმოადგენს საკვებს სპერმატოზოიდებისთვის. პროსტატის ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ, საშარდე მილის დასაწყის ნაწილში, სათესლე პარკებთან ძალიან ახლოს.

პროსტატიტი კი არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება.  მისი განვითარების 400-მდე მიზეზი არსებობს. მათგან ყველაზე ხშირია ინფექციური დაავადებები – ვენერული და არავენერული, ასევე, ტემპერატურული რეჟიმების ცვლილება.

მაგალითად, პროსტატიტი შეიძლება განვითარდეს გაციების ფონზეც. შესაძლებელია პროსტატის ჯირკვალში ამა თუ იმ მიზეზის გამო განვითარებულმა სისხლის მიმოქცევის მოშლამ ხელი შეუწყოს პროსტატიტის განვითარებას და ძალიან ხშირად სწორედ ასე იწყება ეს პროცესი: მაგალითად, [ხშირი და მაღალი ინტენსივობის] ვიბრაციის შედეგად ქვემო კიდურებსა და პროსტატის ჯირკვალში ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა, რის შედეგადაც ვითარდება პროსტატის დაავადებები, შემდეგ ამას თან ერთვის ინფექცია და იწყება პროსტატის ინფექციური დაავადება.

  • აქ ალბათ სხვადასხვა სამუშაო ადგილზე არსებული მექანიკური ვიბრაცია იგულისხმება? 

დიახ, სისხლის მიმოქცევის მოშლა ხშირად უკავშირდება სამუშო ადგილს. ეს არის მექანიკური ვიბრაცია, როგორიც არის, მაგალითად, გემზე. შესაბამისად, ვიბრაციული დაზიანების გამო სისხლის მიმოქცევის მოშლა შესაძლოა განვითარდეს მეზღვაურებში. ასევე, ხშირია მფრინავებში, განსაკუთრებით სამხედრო მფრინავებში, როდესაც ხშირია წნევის სწრაფი ცვლილებები; აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ისეთი პროფესიები, რომლებიც მოიცავს ისეთ მძიმე ტექნიკაზე მუშაობას, როგორიცაა: ტრაქტორი, ბულდოზერი, ექსკავატორი… აქაც მაღალია მექანიკური ვიბრაციის ფაქტორი.

სამუშაო გარემოზე საუბრისას შეგვიძლია ვახსენოთ საოფისე სამსახურებიც, რადგან სამუშაო, სადაც საათობით უწევს ადამიანს ჯდომა, ასევე საზიანოა. პროსტატა არის ძალიან ნაზი ორგანო, სადაც ძალიან ადვილად ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა.

  • ველოსიპედის ტარებასთან დაკავშირებით არის სხვადასხვა მოსაზრება. რეალურად, საზიანო შეიძლება იყოს თუ არა?

ნამდვილად ასეა. ველოსიპედი შესაძლოა საზიანო იყოს, რადგან ქვემო კიდურებით მუშაობა ველოსიპედზე ჯდომის დროს იწვევს სისხლსავსეობას მენჯის ღრუში, ქვემო კიდურებში, სადაც იწვევს ვენურ კაპილარებში წნევის მატებას და იმავე მექანიზმით ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა პროსტატის ჯირკვალში, შესაბამისად, უკვე  ქვეითდება ფუნქცია.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ არ არის საუბარი ველოსიპედით სეირნობასა და ზომიერ გამოყენებაზე; საზიანოა ველოსიპედის, ასე ვთქვათ, ბოროტად გამოყენება, ეს უფრო სწორი განსაზღვრება იქნებოდა.

cyclinguk.org: არსებობს სუსტი მტკიცებულება, რომ ველოსიპედის ტარების შედეგად მიღებულმა ტრავმამ შეიძლება გააღიზიანოს პროსტატის ჯირკვალი ან/და შესაძლოა გამოიწვიოს პროსტატიტი. ველოსიპედისტების მხოლოდ მცირე რაოდენობა ავადდება პროსტატიტით ველოსიპედის ტარების შედეგად.

მიზანშეწონილია გამოიყენოთ ველოსიპედის ისეთი სკამები, რომლებიც მიზნად ისახავს პერინეუმზე ან საზარდულის მიდამოზე ზეწოლის შემსუბუქებას. მაგალითად, სკამები, რომლებზეც ამოჭრილია ღარები და ხვრელები;  ამოჭრილია ხვრელები და აქვს ამონაკვეთი უკანა მხარეს; ასევე, „გაყოფილი სკამები”, რომლებსაც აქვთ ორი განყოფილება და არ აქვთ ცენტრალური ტერიტორია და უცხვირო სკამები.

  • რა მიიჩნევა პროსტატიტის რისკფაქტორებად?

პროსტატის დაავადებები, როგორც წესი, შრომისუნარიანი მოსახლეობის ანუ ახალგაზრდა ასაკის კაცებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ისეთ სამსახურებში, სადაც არის მექანიკური ვიბრაცია, მუშაობენ გარეთ, სიცივეში და ასე შემდეგ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ვენერული გენეზის ინფექციის არსებობა, არასწორად ან საერთოდ არნამკურნალევი შემთხვევა იწვევს პროსტატის პრობლემებს.

არის ასევე ვირუსული დაავადებები, რომლებიც ხშირად აზიანებს პროსტატას და არის კიდევ ალკოჰოლური პროსტატიტი, შესაბამისად, ალკოჰოლის მოხმარებაც ერთ-ერთი რისკფაქტორია.

  • რა სიმპტომები ახასიათებს პროსტატიტს?

საერთოდ, ჩივილები არის დიზორიული [შარდვასთან დაკავშირებული] მოვლენები. ეს არის ხშირი, მტკივნეული, ნაწყვეტ-ნაწყვეტ შარდვა, შარდის შეუკავებლობა, იმპერატიული [გადაუდებელი, მოუთმენელი] მოთხოვნა მოშარდვაზე, იმიტომ, რომ პროსტატა ძალიან ახლოსაა შარდის ბუშტის ყელთან, რომელიც ასევე ჩაერთვება ხოლმე ანთებით პროცესში. ამიტომ არის, რომ ძირითადად შარდის ბუშტთან დაკავშირებული ჩივილებით მოდიან პაციენტები ჩვენთან.

მეორე ხშირი მიზეზი მომართვიანობისა ფერტილურობის დარღვევა ანუ უნაყოფობაა.

ასევე ხშირი მიზეზია ტკივილი ბოქვენის უკანა ნაწილში, რომელიც, ასე თუ ისე, ცოტათი დაკავშირებულია მოშარდვის აქტთან ან შარდის ბუშტის არსებობასთან; შემაწუხებელი ტკივილი ახასიათებს წელის არეშიც.

Mayoclinic: პროსტატიტის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების ტიპის მიხედვით. ისინი შეიძლება მოიცავდეს: ტკივილს ან წვის შეგრძნებას შარდვისას (დიზურია); შარდვის გაძნელებას – წვეთოვანი შარდვა; ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამით (ნოქტურია); შარდვის გადაუდებელ საჭიროებას; სისხლს შარდში; ტკივილს მუცლის, საზარდულის ან წელის არეში; ტკივილს პერინეუმის არეში; პენისის ან სათესლე ჯირკვლის ტკივილს ან დისკომფორტს; მტკივნეულ ეაკულაციას; ცხელებას, შემცივნებას, კუნთების ტკივილს და გრიპის მსგავს სხვა სიმპტომებს (მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის დროს).

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას?

ეს არის დიზურია – ანუ მტკივნეული შარდვა, შარდვის გაძნელება, როცა არ იცლება ბოლომდე შარდის ბუშტი, ნარჩენი შარდის არსებობა კი იწვევს უკვე ზემო საშარდე გზებზე გართულებებს; ასევე, თუ არსებობს ინფექციის ფაქტორიც, რა თქმა უნდა, ესეც პრობლემას ქმნის, იწყება სათესლე პარკის ანთება, ეს ანთება შეიძლება მოხდეს სათესლე ჯირკვლებში და ა.შ.

გართულებები საკმაოდ ბევრია და მათი განვითარების შანსი მაღალია გარკვეული პირობების დროს. პირველ რიგში, ეს არის იმუნიტეტის დაქვეითება, რომელიც შეიძლება განვითარდეს იგივე გაციების შედეგად, ან რაიმე სხვა დაავადების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ფონზე. საკმაოდ ხშირად არის ასეთი გართულებები, როგორიცაა, მაგალითად, ჩირქოვანი პროსტატიტი.

Mayoclinic: ქრონიკული პროსტატიტის/მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის გართულებები შეიძლება მოიცავდეს: შფოთვასა და დეპრესიას; სექსუალურ დისფუნქციას – ისეთს, როგორიცაა ერექციის მიღებისა და შენარჩუნების შეუძლებლობა (ერექციული დისფუნქცია); ასევე ცვლილებებს სპერმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.

  • როგორია მკურნალობა?

მეთოდები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის და რა წარმოშობის პროსტატის დაავადებაა, რადგან ეს დაავადება შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური. მკურნალობაში ერთვება სისხლის მიმოქცევის – მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საშუალება, ხდება იმუნოსტიმულაცია, შემდგომ, ინფექციური აგენტის შემთხვევაში, გამომწვევი აგენტის იდენტიფიკაცია და ანტიბაქტერიული მკურნალობა.

ეს არის კომპლექსური მკურნალობა, რადგან მარტო ანტიბიოტიკის გარკვეული პერიოდის მიღებით პრობლემა არ გვარდება და შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ეს კი შესაძლოა დამთავრდეს ერექციული დისფუნქციით, რომელიც პროსტატის დაავადების ერთ-ერთი გართულებაა, მოშარდვის აქტის პრობლემებთან ერთად.

არ არსებობს აქსიომა, რომ პროსტატის ანთების დროს უნდა დაინიშნოს გარკვეული მედიკამენტები, ეს დგინდება ანალიზების პასუხის საფუძველზე.

მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად, რა თქმა უნდა, საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი – უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლური სასმელების მიღება, რაც იწვევს პროსტატის გაღიზიანებას, მწარე საკვები – რაც ასევე აღიზიანებს შარდსასქესო სისტემას, უნდა მოვერიდოთ ვირუსულ ინფექციებს, გაციებას, წვიმაში დასველებას, ანუ ყველაფერს, რაც იწვევს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაწევის დაქვეითებას, თავს უნდა მოვუაროთ, მოკლედ.

მკურნალობის დამთავრების შემდეგ, ცხადია, საჭიროა საკონტროლო ანალიზები, რომლებიც განმეორებით კეთდება გარკვეული პერიოდის შემდეგ და ის გამაღიზიანებელი ფაქტორები, რაც იწვევს წინამდებარე ჯირკვლის გაღიზიანებას, ასევე უნდა გამოირიცხოს საკმაოდ დიდი პერიოდით, მინიმუმ 6 თვით მაინც.

36 ათასზე მეტი დაღუპული – მიწისძვრის მსხვერპლი თურქეთში

16 თებერვლის ოფიციალური ინფორმაციით, მინიმუმ 36 187 ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ადგილზე 253 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ამ დროისთვის სულ მცირე 216 347 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

___________________

ფოტოზე: ქალი სახლის ნანგრევების წინ, რომლის ქვეშაც მისი ოჯახის წევრები არიან.

ფოტო: EPA-EFE/SEDAT SUNA

Exit mobile version