განათლება,მთავარი,სიახლეები

რაც არ უნდა ჩამორჩენილი იყოს მოსწავლე, არ დატოვოთ შემკობის გარეშე – შალვა ამონაშვილი

18.02.2023 •
რაც არ უნდა ჩამორჩენილი იყოს მოსწავლე, არ დატოვოთ შემკობის გარეშე – შალვა ამონაშვილი

დღეს, 18 თებერვალს, ცნობილი პედაგოგი, ე.წ. ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი შალვა ამონაშვილი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

შალვა ამონაშვილმა სტუდენტებთან მასწავლებლის როლსა და განათლების არსზე საკუთარი მასწავლებლის მაგალითზე ისაუბრა.

ამონაშვილის თქმით, მის ცხოვრებაში ბევრი მასწავლებელი იყო, თუმცა ვარვარო ვარდიაშვილი იყო ერთადერთი, ვინც ის შენიშნა და ცხოვრება შეუცვალა:

„ზოგი მოვიდა, მიგვანგრია-მოგვანგრია და წავიდა, არ ვიცი ვინ აგვაწყო და ვინ დაგვშალა, მაგრამ იყო ერთი მასწავლებელი, რომელსაც ყოველთვის მინდა, რომ მუხლი მოვუყარო. ქალბატონი ვარვარო, რომელსაც დეიდა ვაროს ვეძახდით სკოლაში. მე ვასწავლი იმას, რაც მისგან ამოვკრიბე“.

შალვა ამონაშვილის თქმით, ვარვაროს ანტონიმი მისი ყოფილი რუსულის მასწავლებელი იყო, რომელიც ყოველთვის უწერდა ორიანს და ეუბნებოდა, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა:

„სკოლაში არ ვიცოდი რუსული, არც მაშინ, როცა ასპირანტი გავხდი და რუსულად წიგნები უნდა მეკითხა. დღესაც არ ვიცი.

უმაღლესში რომ ჩავაბარე, 6 თვეში ვისწავლე სპარსული და როგორ ფიქრობთ, რუსულის სწავლა გამიჭირდებოდა? მაგრამ ასეა, თუ მასწავლებელი და მოსწავლე არ გადაეჭდნენ ერთმანეთს, ერთს სწავლა გაუჭირდება და მეორეს კიდევ – სწავლება. ერთი არ გაიზრდება და მეორე ვერ გაზრდის“.

მისი თქმით, საბჭოთა სკოლაში არც ლიტერატურას ასწავლიდნენ ბავშვებს და არც უცხო ენას.

„ინგლისურის სწავლება წაშლილი იყო, ჯვარი იყო დასმული, ასეთი იყო საბჭოთა სკოლა. უცხო ენა ისე უნდა ესწავლებინათ, რომ ბავშვებს არ ესწავლათ, პოლიტიკა იყო ასეთი. ამიტომ ინგლისურს კი „ვსწავლობდით“, მაგრამ ქართულად. წარმოიდგინეთ ხომ, ქართულად ნასწავლი ინგლისური.

ლიტერატურასაც ისე ასწავლიდნენ ბავშვებს, რომ არ უყვარდათ. რაღაც რომანებს, ლექსებს ვიზეპირებდით, მხოლოდ იმისთვის, რომ გამოცდები ჩაგვებარებინა და ნიშნები მიგვეღო.

ვარვარო მასწავლებელმა კი ისე წაგვიკითხა ლექსი გაკვეთილზე, ტანზე ბუსუსები მაყრიდა. ასეთი კითხვა, ასეთი შთაგონებული, არ მომისმენია არსად. ლიტერატურის მასწავლებელსაც კი არ წაუკითხავს ასეთი განცდით, არასდროს“ – უთხრა სტუდენტებს შალვა ამონაშვილმა.

მისი თქმით, მასწავლებელსა და მოსწავლის ურთიერთობაში გადამწყვეტია  ნდობა და ბავშვის აღიარება, მისი პიროვნებად დანახვა.

„სხვებისთვის მე ვიყავი დაკარგული ბავშვი, ვარვაროსთვის კი ნაპოვნივით ვიყავი. მე-6 კლასში ისე მოვედი, ხუთიანი არ ვიცოდი არ იყო, ის იყო პირველი, ვინც ხუთიანი დამიწერა. არ ვიცი, მან მართალი ხუთიანი დამიწერა, თუ უნდოდა რაღაცით შევემზადებინე.

თუ ბავშვის გადარჩენა გინდათ და ბევრჯერ გექნებათ ამის აუცილებლობა, თუ მართლა მასწავლებელი ხარ, უნდა შეამზადო ბავშვი გადასარჩენად. რომ გამოგყვეს, ამისთვის აუცილებელია გენდოს.

აჩუქეთ ბავშვს ნიშანი, რატომ ხართ ასე ჩაბღაუჭებული და მისხალივით წონით სასწორზე. ყოველთვის იმოქმედეთ ბავშვის სასარგებლოდ, ბავშვი გაახარეთ, ფრთები შეასხით, დაუმტკიცეთ, რომ შეუძლია უფრო მეტი.

არცერთი ბავშვი, რაც არ უნდა ჩამორჩენილი იყოს, არ დატოვოთ შემკობის გარეშე, იმიტომ, რომ მე ვიყავი ჩამორჩენილი ბავშვი და ვარვარო მასწავლებელმა დამიბრუნა ჩემი თავის რწმენა“ – უთხრა ამონაშვილმა სტუდენტებს.

მისი თქმით, ბავშვი სწავლა და ცოდნა კი არ არის, არამედ ადამიანი და „რად უნდა ადამიანს ცოდნა, თუ არ აგრძნობინებთ ბავშვს, რომ ის რაღაცად ფასობს და უიმისოდ თქვენი ცხოვრება ღარიბდება. თუ ეს ასე არ იქნება, ბავშვი თქვენ არ შეგიყვარებთ და თუ არ შეგიყვარათ, სწავლას რა ფასი აქვს.

გაიხსენეთ მასწავლებლები, რომლებიც არ გიყვარდათ, გაიხსენეთ, რა დღეში იყავით მათ გაკვეთილებზე, ან მათი საშინაო დავალებები როგორი იყო თქვენთვის, მაგრამ ვარვარას საშინაო დავალებას როგორ არ გავაკეთებდი? რომ არ მოეცა დავალება, თვითონ გამოვიგონებდი, რომ მეთქვა – მე ეს გავაკეთე – მეთქი.

დღესაც ბევრია სკოლაში ოროსანი და სამოსანი მასწავლებელი და რა გაკვეთილები უნდა ჩაატარონ მათ? თქვენც ასეთი მასწავლებლები გინდათ გაამრავლოთ? თუკი თქვენც იქნებით ოროსნები, რა გამოვა თქვენგან?! ასეთები ხომ ისედაც ბევრნი არიან.

ამიტომ, თუ არ გრძნობთ ბავშვის სიყვარულს, არ მიაკითხოთ სკოლის კარებს. გაიტანჯებით და მათაც გატანჯავთ“- მიმართა სტუდენტებს შალვა ამონაშვილმა.

მისი თქმით, მასწავლებლის საქციელი, რომელიც ცდილობს გაიცნოს ბავშვი, ჩახედოს მის პირად საქმეს, გაიგოს სახელი და გვარი წინასწარ, თუნდაც წერილი მიწეროს სწავლის დაწყებამდე და უთხრას, როგორ ელოდება მას სკოლაში, არის ჰუმანური პედაგოგიკის ნაწილი.

მაგრამ ავტორიტარულია განათლება, თუკი მასწავლებელი ამბობს – „ეგღა მაკლია, მის სურათებს ვუჩიჩინო, მისი დაბადების დღე გავიგო, ეს სტანდარტებში არ წერია, არ არის მოთხოვნა და რატომ უნდა ვაკეთო“.

მან სტუდენტებს ასევე ურჩია, იმ მასწავლებლებზეც დაეწერათ, ვინც სკოლაში უყვარდათ და ეფიქრათ იმაზე, თუ რატომ უყვარდათ ეს მასწავლებლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: