მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

26 მაისის #13-ში მომხდარი ტრაგედიის ადგილას მემორიალს მოაწყობენ – კონკურსი პროექტზე 

12.10.2022
26 მაისის #13-ში მომხდარი ტრაგედიის ადგილას მემორიალს მოაწყობენ – კონკურსი პროექტზე 

ბათუმში 2021 წელს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მემორიალს მოაწყობენ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მემორიალი რა სახის [ქანდაკება, დაფა, ობელისკი] იქნება და კონკრეტულად რა ადგილზე განთავსდება. თუმცა მერიის სამმართველოს პროექტზე კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს.

„2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისი N13-ში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის [ქანდაკების], ობელისკის, მემორიალური დაფისა ან სხვა მემორიალური ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

საკონკურსო თანხა 15 ათასი ლარია. წინადადებების მიღება  2022 წლის 19 ოქტომბერს დაიწყება და 24 ოქტომბერს დასრულდება.

კონკურსში გამარჯვებულმა მემორიალის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა მოამზადოს.

პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა შეიცავდეს:

  • „განმარტებით ბარათს;
  • არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას;
  • ესკიზს, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით [3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა – შესაძლებელია იყოს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში აგებული და სხვა];
  • გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების სპეციფიკაციებს;
  • ინფორმაციას ადგილმდებარეობისა და ობიექტის პარამეტრების შესახებ;
  • სხვა საჭირო დოკუმენტაციებს.“

ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. ნანგრევებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: