ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელახალი კონკურსი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებული მემორიალის პროექტზე

19.02.2023 •
ხელახალი კონკურსი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებული მემორიალის პროექტზე

ბათუმში, 26 მაისის N13-ში, მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მონუმენტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი მერიის სამმართველომ შეწყვიტა და ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი კონცეფციები არ არის თანხვედრაში შემსყიდველი ორგანიზაციის ხედვასთან“.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში ორი ინდმეწარმე მონაწილეობდა: ხვიჩა აშორდია და გრეტა კორთხონჯია.

ხვიჩა აშორდიას [მარცხნივ] და გრეტა კორთხონჯიას [მარჯვნივ] მიერ კონკურსში წარმოდგენილი კონცეფციები, რომლებიც მერიის სამმართველოს საკონკურსო კომისიამ დაიწუნა.

ამონარიდი კონკურსის შეწყვეტის ოქმიდან

კონკურსი, რომელიც სამმართველომ შეწყვიტა, 15 000 ლარით იყო გამოცხადებული [შეწყვეტილი კონკურსის შესახებ ნახეთ ამ ბმულზე]. შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას კი, კონკურსში მონაწილეები სამმართველოს 15 ათას [ხვიჩა აშორდია] და 14 400 [გრეტა კორთხონჯია] ლარად სთავაზობდნენ.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხელახალი კონკურსი [2021 წლის 8 ოქტომბერს ქ. ბათუმში 26 მაისი N13-ში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა ან სხვა მემორიალური ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე] ამჯერად 12 ათას 711 ლარით გამოაცხადა [დღგ-ს გარეშე].

წინადადებების მიღება 2023 წლის 24 თებერვალს დაიწყება და 1-ელ მარტს დასრულდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით:

  • „ესკიზური პროექტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ღირებულებებს, უნდა ეძღვნებოდეს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას.
  • ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა გაეწიოს მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებს (არსებობის შემთხვევაში);
  • ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ არქიტექტურული სინთეზის საშუალებით, კომპოზიციური და არქიტექტურული თვალსაზრისით უნდა პასუხობდეს საკონკურსო პირობებს, მთავარ იდეას და თანხვედრაში მოდიოდეს გარემოსთან.
  • „მიმწოდებელმა“ (გამარჯვებული პრეტენდენტი) უნდა წარმოადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს:
  • განმარტებით ბარათს; არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტო მასალას; ესკიზს, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით (3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (შესაძლებელია იყოს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში აგებული) და სხვა); გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების სპეციფიკაციებს; ინფორმაციას ადგილმდებარეობის შესახებ; ინფორმაციას ობიექტის პარამეტრების შესახებ; სხვა საჭირო დოკუმენტაციებს…“

ბათუმში რამდენიმე მისამართზე ავარიული სახლების დემონტაჟსა და ახალი კორპუსების მშენებლობაზე მერიის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „ანაგთან“ 2023 წლის 16 თებერვალს გააფორმა.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში „ანაგი“ ახალ, 8-სართულიან კორპუსს 26 მაისის ქუჩა N13-შიც ააშენებს.

სახელშეკრულებო თანხა მთლიანობაში 78 267 485 ლარია [„რომელიც მოიცავს, როგორც შესასყიდი ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს“.]

ამ თემაზე:

ბათუმის მერიის 78 მილიონიან ტენდერში „ანაგმა“ გაიმარჯვა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: