მთავარი,სიახლეები

3 ახალი ცათამბჯენი ქობულეთის სანაპიროზე – გდგ დამტკიცებულია

18.02.2023 • 2855
3 ახალი ცათამბჯენი ქობულეთის სანაპიროზე – გდგ დამტკიცებულია

ქობულეთის სანაპიროზე, პლაჟის გასწვრივ კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობა დაგეგმეს. ქობულეთის საკრებულომ მერიის ინიცირებით პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] უკვე დაამტკიცა. მშენებლობას შპს „ქობულეთი რიზორთი“ გეგმავს. კომპანიას ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ ტერიტორია, 19 767 კვ. მეტრი აქვს საკუთრებაში დარეგისტრირებული. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპანიამ კ2 კოეფიციენტის 8.0-მდე გაზრდა მოითხოვა და აქ არანაკლებ ორმოცსართულიანი სამი შენობის მშენებლობას გეგმავს, დამხმარე ინფრასტრუქტურით. შენობების ფუნქციური დანიშნულება სასტუმრო კომპლექსია, რომელიც აპარტამენტებსაც მოიცავს.

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ შეიცვლება გარემო სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთის გასწვრივ, ზღვის მეორე ზოლში მდებარე სახლებში მცხოვრებლებისთვის

სამშენებლო მიწის ნაკვეთს ერთი მხრივ ზღვის სანაპირო, მეორე მხარეს კი აღმაშენებლის ქუჩა ესაზღვრება [აღმაშენებლის #285].

პროექტის ეკონომიკური დასაბუთების სუსტ მხარეებში სპეციალისტები წერენ, რომ მშენებლობის შემდეგ მოიმატებს ტრანსპორტის ნაკადი სეზონური დატვირთვის პერიოდში. პრობლემად არის ასევე დასახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის არასაკმარისი სიხშირე.

გდგ დოკუმენტში წარმოდგენილი ესკიზების მიხედვით, პარკინგის მოწყობას ნულოვან სართულზე აპირებენ, თუმცა დაზუსტებით არსადაა მითითებული, პარკინგის რამდენი ადგილია გათვალისწინებული პროექტით.

შენობის ესკიზი – გდგ დოკუმენტში მოცემული ინფორმაციით შენობა მაქსიმუმ 40 სართულიანი იქნება, თუმცა ამ ესკიზის მიხედვით მას ემატება 41- ე ტექნიკური სართული.

მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს 10 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში ის კრედიტორად ფიქსირდება. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა, შპს „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთმა“ კახა კალაძეს 10 მილიონი დოლარი [ეკვივალენტი ლარში] 5 წლის განმავლობაში უნდა გადაუხადოს:

„ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, შპს „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, განახორციელოს შპს „კოლხეთის“ კაპიტალში 100%-იანი წილის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. საფუძველი: 02.12.2019წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

„ქობულეთი რიზორთის“ 100 პროცენტი „ქობულეთი რიზორთ დეველოფმენთს“ ეკუთვნის. ამ კომპანიას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ – თენგიზ წულაია.

გასულ სხდომაზე ქობულეთის საკრებულომ კიდევ ერთი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა – პროექტი მეგობრობის ქუჩაზე სამი საკადასტრო ერთეული გაერთიანებას [N10, N12, N14-ში] და აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.

კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ქობულეთის სანაპიროზე სასტუმრო აქვთ, ასევე განკარგავენ პლაჟსაც საკუთარი ნაკვეთის გასწვრივ გრძელვადიანი იჯარის წესით. პლაჟი გრძელვადიანი იჯარის წესით იმ კომპანიებმაც გაიფორმეს, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ახლა გეგმავენ, ან უკვე წამოწყებული აქვთ მშენებლობა. ვინც პლაჟი ჯერ ვერ გაიფორმა.

ბოლოს, 2022 წლის სექტემბერში 45 306 კვ.მეტრი პლაჟზე 45 წლიანი იჯარით შპს „შავი ზღვის სამოთხემ“ საიჯარო წესით დაირეგისტრირა. კომპანიას აქ მიწის ნაკვეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირობით მიჰყიდეს.

მონიშნულია გაყიდული ნაკვეთი და იჯარის წესით გასხვისებული პლაჟი

ყოველწლიური მოკლევადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე, პლაჟზე კომერციული საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. ქობულეთის სანაპიროზე მათთვის ადგილი თანდათან მცირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: