მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ ემზადება ორი სცენარისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – ინტერვიუ

16.02.2023 • 7573
„ოცნება“ ემზადება ორი სცენარისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – ინტერვიუ

„გადაიყვანეთ სააკაშვილი, დაასანქცირეთ ივანიშვილი“- ევროპარლამენტმა ეს რეზოლუცია 15 თებერვალს მიიღო. რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

რა იქნება ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს? ამ თემაზე „ბათუმელები“ ღია საზოგადოების ფონდში ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვანო, თუკი „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ევროპარლამენტის ამ რეკომენდაციას და არ გადაიყვანს სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში, როგორი შეიძლება იყოს პასუხი ხელისუფლების ამ ქმედებაზე, რას უნდა ველოდეთ?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს რეზოლუცია სამართლებრივად ნამდვილად არ არის სავალდებულო, იმპერატიული ძალა არ გააჩნია, თუმცა ანგარიშგასაწევია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეკომენდაცია მიღებულია ევროკავშირის იმ ინსტიტუციის მიერ, რომელსაც პირდაპირი წესით ირჩევს ხალხი, ევროკავშირის მოქალაქეები.

შესაბამისად, ეს გარკვეულწილად გამოხატავს იმ განწყობებს, რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ხალხში და ბუნებრივია, ამ რეკომენდაციის უყურადღებობა არ იქნებოდა სწორი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სამართლებრივად სავალდებულო, ამან არ უნდა მისცეს ვინმეს იმის ფიქრის საშუალება, რომ ეს უბრალოდ ფარატინა ქაღალდია. ამან პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა, ნიადაგი და საფუძველი იმისა, რომ სხვა ინსტიტუციებმა გამოიყენონ.

  • პოლონური მედიის ინფორმაციით, სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს საპროტესტო მიმართვა შესაძლოა დაბლოკოს უნგრეთმა. შეცვლის ეს სურათს?

დიახ, მეც ვნახე ეს ინფორმაცია. ბუნებრივია, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესრულებას სჭირდება კონსენსუსი და მხარეები უნდა მივიდნენ გადაკვეთის წერტილამდე. შესაძლოა იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, მათ შორის, იგივე უნგრეთი, რომელიც დაბლოკავს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლოა არ იყო ხელსაყრელი იგივე მმართველი პარტიისთვის.

ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ უნგრეთი ამ როლს შეასრულებს ევროკავშირის შიგნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ მოხერხდება თუნდაც იგივე უნგრეთის გადარწმუნება მყარი არგუმენტებით.

რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს თუ გავიხსენებთ, როცა პირველი პაკეტი შემუშავდა, მაშინაც წინააღმდეგი იყო უნგრეთი ამ სანქციების, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ევროკავშირი უკვე სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს და უნგრეთიც უერთდება ამ სანქციებს.

ასე რომ, იმის მოლოდინი, რომ უნგრეთი მთელი ამ დროის მანძილზე დაბლოკავს ყველაფერს, რაც კი არ იქნება ხელსაყრელი „ქართული ოცნებისთვის“, არა მგონია, იყოს სწორი.

  • ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობა, საქართველოს მთავრობის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების ლაკმუსის ტესტია. თუ ამ ტესტმა საბოლოდ აჩვენა ის, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა ევროპულ ღირებულებებს, რას შეიძლება ველოდეთ?

სხვათა შორის, პირველად ჩნდება ასეთი ჩანაწერი, ასე ვთქვათ, პირდაპირი არტიკულაცია და პირველად ხდება კავშირის გაჩენა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასა და საქართველოს ევროინტეგრაციას შორის.

ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არ არის მარტო 12 პუნქტის შესრულებაზე საუბარი, ეს არის ერთგულება ევროპული ღირებულებების და შეიძლება მარტო 12 პუნქტი არ იყოს განმსაზღვრელი, არამედ ის, თუ რა ტრაექტორიით იმოძრავებს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ მოცემულობაში, რაც სამწუხაროდ გვაქვს, ვფიქრობ, ბევრი სკეპტიკოსი ეყოლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

თუმცა, დრო კიდევ არის დარჩენილი და ამ დროში შესაძლებელია ბევრი რამ გაკეთდეს, შესრულდეს 12 რეკომენდაცია და ის რეპუტაციული ზიანიც გამოსწორდეს, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებში მიადგა.

  •  კალაძე ამბობს, რომ „ჩალის ფასი აქვს“ კანდიდატის სტატუსს, „დაიტოვონ თავისთვის“ და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, არის ეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა? ხომ არსებობს ჩანაწერი, რომ ხელისუფლება ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის?

მე აქ ვხედავ მზადებას ორი სცენარისთვის. ერთი სცენარი იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების და მეორე – კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს კანდიდატის სტატუსს საქართველო, რაც, ბუნებრივია, იქნება წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ ეს სრულად მიაწეროს თავისთავს და თქვას, რომ ის არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას.

იმ შემთხვევაში, თუ იქნება კრახი ამ გზაზე და ვერ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, „ოცნება“ ამზადებს მეორე სცენარს. ამიტომ ის განცხადებები, რომლებიც ახსენეთ და მთელი ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, მათ შორის „ხალხის ძალას“ წინ წამოწევა, თავდასხმები ევროკავშირზე, მის ინსტიტუტებსა და ინდივიდებზე, ბუნებრივია, ემსახურება იმას, რომ გასაღდეს, როგორც ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თითქოს „უბრალოდ, ევროკავშირს არ უნდა საქართველო თავის შემადგენლობაში იხილოს“.

  • „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის შემოტანა ამ მეორე სცენარისთვის სჭირდებათ? თუ ევროკავშირის შანტაჟისთვისაა, საქართველოს სტატუსი რომ არ მიანიჭონ, არ მოითხოვონ სააკაშვილის გადაყვანა, უარი თქვან ივანიშვილის დასანქცირებაზე?

ჯერჯერობით გამიჭირდება ამაზე პირდაპირ რამის თქმა, მაგრამ ეს აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციასთან, კონკრეტულად მეათე რეკომენდაციასთან, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა დონეზე.

ამიტომ, ერთი ხელით, სურვილი გქონდეს ევროკავშირისკენ წახვიდე და მეორე ხელით, ასე ვთქვათ, იღებდე ისეთ კანონებს, რომლებიც უნგრეთსა და რუსეთშია, აბსოლუტურად გამორიცხავს ევროპასთან ინტეგრაციას.

  • აქამდე ივანიშვილი, ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ლავირებდა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ბოლო განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი უკვე ღიად შეუერთდა რუსულ ბანაკს და თუ ეს ასეა, რამ აიძულა ივანიშვილი ეს ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ დაერღვია?

მე მგონი, აქ ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი გახლავთ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის და ის ძლიერი პროტესტი, რომელიც გამოხატა საზოგადოებამ გასულ წელს, ივნისში, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების გამო. ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი ქვეყანაში (დაახლოებით 60 პროცენტია), რომელიც ამბობს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს ქვეყანა, ეს იქნება ხელისუფლების ბრალი.

ამიტომ, გარკვეულწილად ეს არის ის ბასტიონი, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის იქნება შემაკავებელი ფაქტორი, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს ამ მიმართულებით, რომ ამუშავდეს მეორე სცენარი და სხვებზე მოხდეს გადაბრალება, თუ სტატუსი ვერ მივიღეთ.

  • კალაძის ან „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები აჩვენებს, რომ კურსის შეცვლა გადაწყვეტილი აქვს ამ ხელისუფლებას?

ვერ გეტყვით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაშვებაც კი არ მინდა ასეთი რამის. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას ქვეყნისთვის და რამდენი ხნით შეიძლება ჩამოვრჩეთ განვითარების ტემპს.

არც კი მინდა ამის გაფიქრება, რადგან ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა, რომ არ მინდა ასე ხელაღებით ვინმეს დავაბრალო, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი და როგორი განწყობისაც არ უნდა იყოს, რადგან ეს, ფაქტობრივად, სამშობლოს ღალატია.

არ მინდა დავუშვა, რომ შეიძლება ამაზე ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს, რომ საქართველოს განვითარება წარმოიდგინოს რუსეთთან ერთად.

ჩვენ ვნახეთ, როგორი იყო საზოგადოების გამოძახილი, რომელიც გამოიწვია კანდიდატის სტატუსის ვერ მინიჭებამ.

გარდა ამისა, 2024 წელს საქართველო შედის საარჩევნო ციკლში და ეს გადაწყვეტილება უსწრებს წინასაარჩევნო კამპანიას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: