მთავარი,სიახლეები

თურქეთში 14 წლის ბიჭი ნანგრევებიდან გამოიყვანეს მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ

17.02.2023
თურქეთში 14 წლის ბიჭი ნანგრევებიდან გამოიყვანეს მიწისძვრიდან 260 საათის შემდეგ

თურქეთში, ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 14 წლის ბიჭი ცოცხალი გამოიყვანეს.

ერზრუმელმა მაშველებმა, რომლებიც დანგრეულ შენობასთან მუშაობდნენ, სააგენტო „ანადოლუს“ უთხრეს, რომ ადგილზე უკვე მძიმე ტექნიკით მუშაობდნენ, მაგრამ ყურს უგდებდნენ ყველა ხმას ნანგრევებიდან. სწორედ ამ დროს გაიგონეს მათ ბიჭის ხმა.

„ნანგრევებში გავთხარეთ გვირაბი და შევძვერით. ბავშვს ჯერ სუნთქვის საშუალება მივეცით, შემდეგ კი გამოვიყვანეთ“ – უამბო ჟურნალისტებს ენგინ ბაირაკმა, ერზერუმის სამაშველო სამსახურიდან.

მაშველები ამბობენ, რომ ბავშვი მოსახერხებელ მდგომარეობაში იპოვეს და მას შესამჩნევი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 14 წლის ბიჭი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან 12 დღე გავიდა, მაშველებს ჯერ ისევ გამოჰყავთ ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო ცნობებით, დაიღუპა მინიმუმ 36 187 ადამიანი.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ადგილზე 253 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ამ დროისთვის სულ მცირე 216 347 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

________________

ფოტო: „ანადოლუ“/aa.com.tr

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: