მთავარი,სიახლეები

უკრაინაში მოკლულია დაახლოებით 40-60 ათასი რუსი სამხედრო – ბრიტანეთის დაზვერვა

17.02.2023
უკრაინაში მოკლულია დაახლოებით 40-60 ათასი რუსი სამხედრო – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 17 თებერვლის ანგარიში, რუსეთის სამხედრო დანაკარგებს განიხილავს.

უწყების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორი ძალების სამხედრო ზარალი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სავარაუდოდ, 175-200 ათასს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 40-60 ათასი მოკლულია.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ. უწყება, აქამდე გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც აღნიშნავდა, რომ ახალწვეულები არ იყვნენ სათანადოდ გაწვრთნილები და, შესაბამისად, დიდი იყო დანაკარგებიც.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის სპეციალისტების შეფასებით, თანამედროვე სტანდარტებით, მოკლული სამხედროების დაჭრილებთან თანაფარდობა ძალიან მაღალია. უწყების შეფასებით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს უკიდურესად ელემენტარული სამედიცინო უზრუნველყოფის შედეგია.

ასევე, უწყება თითქმის დარწმუნებულია, რუსეთის ადამიანური ზარალის უდიდესი ნაწილი არტილერიის მიერაა გამოწვეული.

კიდევ ერთი შეფასება რუსეთის სამხედრო ადამიანურ ზარალთან დაკავშირებით, „ვაგნერის“ დაჯგუფებას შეეხება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, „ვაგნერს“ ჰყავს მსჯავრდებულ-ახალწვეულთა დიდი რაოდენობა, რაზეც სავარაუდოდ ადამიანური ზარალის დაახლოებით 50% მოდის.

___

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი, ცოცხალი ძალის სახით, დაახლოებით 141 260 ადამიანია [გასულ დღე-ღამეში +800].

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: