მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს პროსტატიტს და როგორ მკურნალობენ – ინტერვიუ უროლოგთან

16.02.2023 • 2809
რა იწვევს პროსტატიტს და როგორ მკურნალობენ – ინტერვიუ უროლოგთან

პროსტატიტი, იგივე პროსტატის ჯირკვლის ანთება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური მდგომარეობაა. პროსტატიტი ხშირად იწვევს მტკივნეულ ან გაძნელებულ შარდვას, ასევე, ტკივილს საზარდულის, მენჯის არეში ან სასქესო ორგანოებში. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ლომაძე „ბათუმელებთან“ პროსტატიტის გამომწვევ მიზეზებსა და ამ მხრივ არსებულ რეკომენდაციებზე საუბრობს.

  • ბატონო გელა, რა არის პროსტატიტი?

პროსტატა არის წინამდებარე ჯირკვალი, რომელსაც აქვს როგორც ენდოკრინული, ისე ეგზოგენური ფუნქცია, ის გამოიმუშავებს ე.წ. პროსტატის წვენს, რომელიც წარმოადგენს საკვებს სპერმატოზოიდებისთვის. პროსტატის ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ, საშარდე მილის დასაწყის ნაწილში, სათესლე პარკებთან ძალიან ახლოს.

პროსტატიტი კი არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება.  მისი განვითარების 400-მდე მიზეზი არსებობს. მათგან ყველაზე ხშირია ინფექციური დაავადებები – ვენერული და არავენერული, ასევე, ტემპერატურული რეჟიმების ცვლილება.

მაგალითად, პროსტატიტი შეიძლება განვითარდეს გაციების ფონზეც. შესაძლებელია პროსტატის ჯირკვალში ამა თუ იმ მიზეზის გამო განვითარებულმა სისხლის მიმოქცევის მოშლამ ხელი შეუწყოს პროსტატიტის განვითარებას და ძალიან ხშირად სწორედ ასე იწყება ეს პროცესი: მაგალითად, [ხშირი და მაღალი ინტენსივობის] ვიბრაციის შედეგად ქვემო კიდურებსა და პროსტატის ჯირკვალში ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა, რის შედეგადაც ვითარდება პროსტატის დაავადებები, შემდეგ ამას თან ერთვის ინფექცია და იწყება პროსტატის ინფექციური დაავადება.

  • აქ ალბათ სხვადასხვა სამუშაო ადგილზე არსებული მექანიკური ვიბრაცია იგულისხმება? 

დიახ, სისხლის მიმოქცევის მოშლა ხშირად უკავშირდება სამუშო ადგილს. ეს არის მექანიკური ვიბრაცია, როგორიც არის, მაგალითად, გემზე. შესაბამისად, ვიბრაციული დაზიანების გამო სისხლის მიმოქცევის მოშლა შესაძლოა განვითარდეს მეზღვაურებში. ასევე, ხშირია მფრინავებში, განსაკუთრებით სამხედრო მფრინავებში, როდესაც ხშირია წნევის სწრაფი ცვლილებები; აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ისეთი პროფესიები, რომლებიც მოიცავს ისეთ მძიმე ტექნიკაზე მუშაობას, როგორიცაა: ტრაქტორი, ბულდოზერი, ექსკავატორი… აქაც მაღალია მექანიკური ვიბრაციის ფაქტორი.

სამუშაო გარემოზე საუბრისას შეგვიძლია ვახსენოთ საოფისე სამსახურებიც, რადგან სამუშაო, სადაც საათობით უწევს ადამიანს ჯდომა, ასევე საზიანოა. პროსტატა არის ძალიან ნაზი ორგანო, სადაც ძალიან ადვილად ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა.

  • ველოსიპედის ტარებასთან დაკავშირებით არის სხვადასხვა მოსაზრება. რეალურად, საზიანო შეიძლება იყოს თუ არა?

ნამდვილად ასეა. ველოსიპედი შესაძლოა საზიანო იყოს, რადგან ქვემო კიდურებით მუშაობა ველოსიპედზე ჯდომის დროს იწვევს სისხლსავსეობას მენჯის ღრუში, ქვემო კიდურებში, სადაც იწვევს ვენურ კაპილარებში წნევის მატებას და იმავე მექანიზმით ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა პროსტატის ჯირკვალში, შესაბამისად, უკვე  ქვეითდება ფუნქცია.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ არ არის საუბარი ველოსიპედით სეირნობასა და ზომიერ გამოყენებაზე; საზიანოა ველოსიპედის, ასე ვთქვათ, ბოროტად გამოყენება, ეს უფრო სწორი განსაზღვრება იქნებოდა.

cyclinguk.org: არსებობს სუსტი მტკიცებულება, რომ ველოსიპედის ტარების შედეგად მიღებულმა ტრავმამ შეიძლება გააღიზიანოს პროსტატის ჯირკვალი ან/და შესაძლოა გამოიწვიოს პროსტატიტი. ველოსიპედისტების მხოლოდ მცირე რაოდენობა ავადდება პროსტატიტით ველოსიპედის ტარების შედეგად.

მიზანშეწონილია გამოიყენოთ ველოსიპედის ისეთი სკამები, რომლებიც მიზნად ისახავს პერინეუმზე ან საზარდულის მიდამოზე ზეწოლის შემსუბუქებას. მაგალითად, სკამები, რომლებზეც ამოჭრილია ღარები და ხვრელები;  ამოჭრილია ხვრელები და აქვს ამონაკვეთი უკანა მხარეს; ასევე, „გაყოფილი სკამები”, რომლებსაც აქვთ ორი განყოფილება და არ აქვთ ცენტრალური ტერიტორია და უცხვირო სკამები.

  • რა მიიჩნევა პროსტატიტის რისკფაქტორებად?

პროსტატის დაავადებები, როგორც წესი, შრომისუნარიანი მოსახლეობის ანუ ახალგაზრდა ასაკის კაცებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ისეთ სამსახურებში, სადაც არის მექანიკური ვიბრაცია, მუშაობენ გარეთ, სიცივეში და ასე შემდეგ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ვენერული გენეზის ინფექციის არსებობა, არასწორად ან საერთოდ არნამკურნალევი შემთხვევა იწვევს პროსტატის პრობლემებს.

არის ასევე ვირუსული დაავადებები, რომლებიც ხშირად აზიანებს პროსტატას და არის კიდევ ალკოჰოლური პროსტატიტი, შესაბამისად, ალკოჰოლის მოხმარებაც ერთ-ერთი რისკფაქტორია.

  • რა სიმპტომები ახასიათებს პროსტატიტს?

საერთოდ, ჩივილები არის დიზორიული [შარდვასთან დაკავშირებული] მოვლენები. ეს არის ხშირი, მტკივნეული, ნაწყვეტ-ნაწყვეტ შარდვა, შარდის შეუკავებლობა, იმპერატიული [გადაუდებელი, მოუთმენელი] მოთხოვნა მოშარდვაზე, იმიტომ, რომ პროსტატა ძალიან ახლოსაა შარდის ბუშტის ყელთან, რომელიც ასევე ჩაერთვება ხოლმე ანთებით პროცესში. ამიტომ არის, რომ ძირითადად შარდის ბუშტთან დაკავშირებული ჩივილებით მოდიან პაციენტები ჩვენთან.

მეორე ხშირი მიზეზი მომართვიანობისა ფერტილურობის დარღვევა ანუ უნაყოფობაა.

ასევე ხშირი მიზეზია ტკივილი ბოქვენის უკანა ნაწილში, რომელიც, ასე თუ ისე, ცოტათი დაკავშირებულია მოშარდვის აქტთან ან შარდის ბუშტის არსებობასთან; შემაწუხებელი ტკივილი ახასიათებს წელის არეშიც.

Mayoclinic: პროსტატიტის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების ტიპის მიხედვით. ისინი შეიძლება მოიცავდეს: ტკივილს ან წვის შეგრძნებას შარდვისას (დიზურია); შარდვის გაძნელებას – წვეთოვანი შარდვა; ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამით (ნოქტურია); შარდვის გადაუდებელ საჭიროებას; სისხლს შარდში; ტკივილს მუცლის, საზარდულის ან წელის არეში; ტკივილს პერინეუმის არეში; პენისის ან სათესლე ჯირკვლის ტკივილს ან დისკომფორტს; მტკივნეულ ეაკულაციას; ცხელებას, შემცივნებას, კუნთების ტკივილს და გრიპის მსგავს სხვა სიმპტომებს (მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის დროს).

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას?

ეს არის დიზურია – ანუ მტკივნეული შარდვა, შარდვის გაძნელება, როცა არ იცლება ბოლომდე შარდის ბუშტი, ნარჩენი შარდის არსებობა კი იწვევს უკვე ზემო საშარდე გზებზე გართულებებს; ასევე, თუ არსებობს ინფექციის ფაქტორიც, რა თქმა უნდა, ესეც პრობლემას ქმნის, იწყება სათესლე პარკის ანთება, ეს ანთება შეიძლება მოხდეს სათესლე ჯირკვლებში და ა.შ.

გართულებები საკმაოდ ბევრია და მათი განვითარების შანსი მაღალია გარკვეული პირობების დროს. პირველ რიგში, ეს არის იმუნიტეტის დაქვეითება, რომელიც შეიძლება განვითარდეს იგივე გაციების შედეგად, ან რაიმე სხვა დაავადების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ფონზე. საკმაოდ ხშირად არის ასეთი გართულებები, როგორიცაა, მაგალითად, ჩირქოვანი პროსტატიტი.

Mayoclinic: ქრონიკული პროსტატიტის/მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის გართულებები შეიძლება მოიცავდეს: შფოთვასა და დეპრესიას; სექსუალურ დისფუნქციას – ისეთს, როგორიცაა ერექციის მიღებისა და შენარჩუნების შეუძლებლობა (ერექციული დისფუნქცია); ასევე ცვლილებებს სპერმაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.

  • როგორია მკურნალობა?

მეთოდები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის და რა წარმოშობის პროსტატის დაავადებაა, რადგან ეს დაავადება შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური. მკურნალობაში ერთვება სისხლის მიმოქცევის – მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საშუალება, ხდება იმუნოსტიმულაცია, შემდგომ, ინფექციური აგენტის შემთხვევაში, გამომწვევი აგენტის იდენტიფიკაცია და ანტიბაქტერიული მკურნალობა.

ეს არის კომპლექსური მკურნალობა, რადგან მარტო ანტიბიოტიკის გარკვეული პერიოდის მიღებით პრობლემა არ გვარდება და შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ეს კი შესაძლოა დამთავრდეს ერექციული დისფუნქციით, რომელიც პროსტატის დაავადების ერთ-ერთი გართულებაა, მოშარდვის აქტის პრობლემებთან ერთად.

არ არსებობს აქსიომა, რომ პროსტატის ანთების დროს უნდა დაინიშნოს გარკვეული მედიკამენტები, ეს დგინდება ანალიზების პასუხის საფუძველზე.

მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად, რა თქმა უნდა, საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი – უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლური სასმელების მიღება, რაც იწვევს პროსტატის გაღიზიანებას, მწარე საკვები – რაც ასევე აღიზიანებს შარდსასქესო სისტემას, უნდა მოვერიდოთ ვირუსულ ინფექციებს, გაციებას, წვიმაში დასველებას, ანუ ყველაფერს, რაც იწვევს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაწევის დაქვეითებას, თავს უნდა მოვუაროთ, მოკლედ.

მკურნალობის დამთავრების შემდეგ, ცხადია, საჭიროა საკონტროლო ანალიზები, რომლებიც განმეორებით კეთდება გარკვეული პერიოდის შემდეგ და ის გამაღიზიანებელი ფაქტორები, რაც იწვევს წინამდებარე ჯირკვლის გაღიზიანებას, ასევე უნდა გამოირიცხოს საკმაოდ დიდი პერიოდით, მინიმუმ 6 თვით მაინც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: