მთავარი,სიახლეები

როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

17.02.2023 • 1225
როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ბინოკლი გვაქვს და შუბლი მოვიჩრდილოთ“, – გადამდგარი გენერალ-მაიორი გვიხსნის, როგორ არის საჭირო თვალთვალი, შავი ზღვის სანაპიროსთან მორიგი ნაღმი რომ არ აფეთქდეს.

ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ, პირველ რიგში, იმის გაცნობიერება გვჭირდება ყველას, რომ ჩვენ მეზობლად, შავი ზღვის რეგიონში ომია. სპეციალისტი შესაბამის სამსახურებს ურჩევს, მუდმივად დააკვირდნენ ზღვას.

გადამდგარი გენერალი კი, ისევ აქტიურად აკვირდება საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში. „როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან… უკრაინა ახერხებს წარმატებით თავდაცვას“, – თავის შეფასებებს გვიზიარებს ვახტანგ კაპანაძე. მას პრიგოჟინის შოიგუსთან დაპირისპირებაზეც ვკითხეთ. გადამდგარი გენერალი ფიქრობს, რომ პუტინი დიქტატორის პრინციპებს მიჰყვება:

„დიქტატორების თვისებაა: ხან ერთს უნდა მიემხრო, ხან – მეორეს. ახლა პუტინის ამოცანაა, ბალანსი შეინარჩუნოს ამ დაპირისპირებაში… მე არა მგონია, რომ პუტინს ჰქონდეს იმედი დარჩენილი, რომ ის მოიგებს ამ ომს. მას უნდა, რომ დაამთავროს ომი პოზიტივით და არა დამარცხებული მთავარსარდლის პოზიციით,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, პუტინი მაქსიმალურად ეცდება ომი გააჭიანუროს და მომგებიანი პოზიციებით მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, უკრაინა კი, გაზაფხულზე გამოაჩენს გარდატეხის ნიშნებს.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, ნაღმზე მინდა გკითხოთ, რაც ბათუმის სანაპიროსთან აფეთქდა. შსს-მ განაღმვითი სამუშაოების ჩატარებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენების ამოღების შესახებ განცხადების გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ: „რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც…“ თქვენი ვერსიით, საიდან მოხვდა ნაღმი ბათუმის სანაპიროზე?

უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ შავი ზღვის რეგიონში ომია. რაკეტის ნამსხვრევების ნაწილი, მაგალითად, ცვივა მოლდოვას, ასევე ბელარუსის ტერიტორიაზე. მსგავსი ნაღმები აღმოჩენილია რუმინეთთან, ბულგარეთთან, თურქეთთან.

ზღვაზე ცირკულირებს ჰაერის მასები, ხოლო ეს მოტივტივე ნაღმია. აჟიოტაჟის შექმნა არ არის საჭირო. ყურადღების გამახვილება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო: არ მოკიდონ უცხო სხეულს ხელი, არ გამოათრიონ ზღვიდან ეს ლითონის მოტივტივე სხეულები.

ჩემი აზრით, სანაპიროზე ზღუდეების და ბარიერების მოწყობა არ იქნება ეფექტური, ან საინფორმაციო დაფის ჩარჭობა, რომ ნაღმს ხელი არ მოკიდონ და ასე შემდეგ. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გააფრთხილონ კაპიტნები, ლოცმანები, რომლებიც გადიან ზღვაში და შემოჰყავთ გემები, რომ ასეთი სახის საფრთხეა და ყურადღებით იყვნენ. უნდა გაძლიერდეს სანაპირო ზოლის და ტერიტორიული წყლის მონიტორინგი.

  • რამდენად გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და მონიტორინგის სისტემა, რომ ასეთი ნაღმები დროულად დაფიქსირდეს? 

ბინოკლი გვაქვს და შუბლი, რომ მოვიჩრდილოთ… ეს არაა ქვეითსაწინააღმდეგო, ან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, მიწაში არაა ჩაფლული, მოტივტივე სხეულია, თანაც, პატარა არაა. ამის დანახვას არ სჭირდება საგანგებო ხელსაწყოები. რკინის დიდი ბურთია რქებით, სხვა რა უნდა იყოს?

თვალთვალი ამ დროს შესაძლებელია უპილოტო ხელსაწყოდან, ან საფრენი აპარატით, კატერით, რომელიც არაა აუცილებელი რეზინის იყოს. ეს არ არის ასევე მაგნიტური ნაღმი. ეს გალვანურ-დარტყმითი მოქმედების, მცირე ზომის, დესანტსაწინააღმდეგო ნაღმია.

  • რა ხდება ამჯერად უკრაინის ფრონტი ხაზზე? ბრიტანული დაზვერვის დაკვირვებით: „რუსულ ძალებს მიღებული აქვთ უმრავლეს სექტორში წინსვლის ბრძანება, თუმცა ამას ვერ ახერხებენ“.

დიდი ცვლილება არ არის, იგივე ტემპით მიმდინარეობს ბრძოლა, რაც იყო ბოლო პერიოდში. რუსებს აქვთ მცირედი წარმატებები კრემენაიასთან ძირითადად, ასევე ბახმუტის ჩრდილოეთით აიღეს ერთი პატარა სოფელი…

დიდი დანაკარგებით მიდის დაპირისპირება, ეს არის დაპირისპირება – გამოფიტვა.

  • რას აჩვენებს თქვენთვის დაპირისპირების ეს ტემპი? რუსების ამოცანა ამ ეტაპზე დონბასის საზღვრებზე გასვლაა, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. რუსებს ძალა აღარ აქვთ და გამოიფიტნენ, თუ უკრაინელების თავდაცვა გაძლიერდა? 

ამ ტემპით და შესაძლებლობით რუსებს შეუძლიათ მხოლოდ ბახმუტის აღება. ამ ტემპით სხვა ვერაფერს შეძლებენ, თუ რამე გარდატეხა არ შემოიტანეს, ეს შეიძლება იყოს: შეიარაღება, ან ძალების კონცენტრაცია, ან მეთოდი. როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან.

უკრაინა ახერხებს წარმატებით თავდაცვას და რუსებსაც დიდი შემართება არ აქვთ. რუსები მხოლოდ ხალხის როტაციას ახერხებენ, მათ შეიარაღებაზეც გარკვეული შეზღუდვა აქვთ. უკრაინელები რომ კარგად იცავენ თავს, ეს ნათელია.

გარდა ამისა, ეს ტერიტორია [სადაც ახლა ბრძოლები მიდის] ძალიან კარგად არის დაცვისთვის მომზადებული. ნახავდით, პრიგოჟინიც ამბობდა, ყველა ბოსტანში თავდაცვითი ზღუდეებია მოწყობილიო.

  • პრიგოჟინმა თქვა ასევე, რომ ბახმუტს მარტ-აპრილისთვის აიღებენ, დაახლოებით მაგ დროისთვის ელოდება უკრაინა დასავლეთის შეიარაღებას. ვის რა შანსები ექნება გაზაფხულზე?

ტენდენცია ისე მიდის, რომ პრიგოჟინს სულ არ შეეკითხონ შეიძლება, ისე გაიყვანონ საერთოდ ბახმუტიდან, სხვაგან გადაისროლონ „ვაგნერი“ და სხვა სახაზო ნაწილებმა გააგრძელონ შეტევა. ჩანს უკვე აშკარა დაპირისპირება პრიგოჟინსა და გენშტაბს შორის.

რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, რაც უფრო სწრაფად მიიღებს უკრაინა იარაღს, უკეთესია. თუმცა მე კიდევ ერთხელ იმას ვიტყვი, რომ ეს შეიარაღება დაცვითი ამოცანებისთვის არ უნდა მიმართოს უკრაინამ. უკრაინელებმა ეს იარაღი უნდა შეაგროვონ და მოემზადონ კონტრდარტყმისთვის.

  • თქვენ ელოდით გაზაფხულზე ომის გარდატეხის ნიშნებს. როგორ ფიქრობთ, მოესწრება? 

ალბათ ვერა. ამ ტემპებით ვერ მოესწრება და ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით… თქვენთან ინტერვიუებში ყოველთვის ხაზს ვუსვამდი „ნიშნებს“ და არა უშუალოდ „გარდატეხას“. გარდატეხის ნიშნები კი, გამოჩნდება გაზაფხულზე.

  • ისევ პრიგოჟინს რომ დავუბრუნდეთ – უკრაინის ინფორმაციით, რუსეთი „ვაგნერს“ შეიარაღებას აღარ აწვდის. ვიდეოც გავრცელდა, სადაც ნიღბიანი სამხედროები ამბობენ, რომ წარმოადგენენ „ვაგნერს“ და ასახელებენ კონკრეტულ შეიარაღებას, რაც უკვე აღარ აქვთ, მაგალითად ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ იარაღის მოწოდების თხოვნით. ეს რას ნიშნავს?

ეს აჩვენებს ამ შიდა დაპირისპირებას. „ვაგნერმა“ რეალურად ძალიან ბევრი აიღო თავის თავზე. გენშტაბს კი, გამარჯვებულის გვირგვინის მიცემა მისთვის ნამდვილად არ უნდა. აშკარად ჩანს რუსეთის გენშტაბის მცდელობა, მაქსიმალურად შეამცირონ „ვაგნერის“ როლი და თავის თავს მიაწერონ წარმატებები. „სამეფო კარის თამაშებია“ მოკლედ ეს ამბავი.

  • პუტინს რატომ აწყობს ამ ეტაპზე ისევ შოიგუს გაუწიოს ანგარიში? 

ეს დიქტატორების თვისებაა: ხან ერთს უნდა მიემხრო, ხან – მეორეს. ახლა პუტინის ამოცანაა, ბალანსი შეინარჩუნოს ამ დაპირისპირებაში.

  • წინა თვეებთან შედარებით, უკრაინა თითქმის 2-3-ჯერ მეტი მოკლული რუსი ჯარისკაცის შესახებ ავრცელებს მონაცემებს. სავარაუდოდ იგივე ხდება უკრაინის მხარესაც. რატომ გაიზარდა ადამიანური მსხვერპლი ბოლო პერიოდში?

იმიტომ, რომ ეს არის სტაციონარული, მეორე თაობის ომი. ბრძოლა მიმდინარეობს სანგრებში და ბომბავენ ერთმანეთს. ეს არ არის არც მობილური თავდაცვა, არც სწრაფი გადაადგილება, ეს არის ამ ტერიტორიების მიწასთან გასწორება. ამ შემთხვევაში ჯარისკაცი არის უძრავი სამიზნე.

გეტყოდით ისევ, რომ ბახმუტის დაცვა უკრაინისთვის მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სამხედროებისთვის ეს გარკვეული საკითხია, რომ ბახმუტი არ ღირს ამდენი რესურსის დაკარგვის ფასი.

  • აუბარია F-16 მოდელის ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემაზე. რამდენად შეცვლის ეს ძალთა ბალანსს? 

ეს მულტიფუნქციური გამანადგურებელია და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეცვლის ბრძოლის სახეს. ტანკებს და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს თუ მიიღებს უკრაინა შეტევისთვის, მას ჰაერიდან მხარდაჭერა სჭირდება და ეს F-16 არის მრავალფუნქციური თვითმფრინავი, გამანადგურებელი.  შეიძლება მისი გამოყენება, როგორც ბომბდამშენად, ისე გამანადგურებლად, მოიერიშედ და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგ.

  • რამდენად შეიძლება გახდეს რუსეთის დასუსტების საფუძველი სამხედრო ინდუსტრია? პუტინმა პრემიერ მანტუროვს, რომელიც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაზეა პასუხისმგებელი, საჯაროდ მოუწოდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უკეთესი მხარდაჭერისკენ და იქვე მკაცრად გააკრიტიკა „სულელობისთვის“. 

რუსებს რომ უჭირთ სამხედრო ინდუსტრია, ეგ ფაქტია და ვერ აწარმოებენ იმ რაოდენობით, რა მოთხოვნაც  არის. ეს ფაქტი მიმოწერებითაც რამდენჯერმე გამომზეურდა – ჩანს, რომ მოთხოვნები არ სრულდება საბრძოლო ტექნიკის წარმოებასთან დაკავშირებით.

  • რუსული საბრძოლო თვითმფრინავები მოქმედებენ თითქმის ექსკლუზიურად, მხოლოდ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე. ეს მათ ხელს უშლის ეფექტურად შეასრულონ მთავარი დამრტყმელი როლი,“ – ესეც ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაა, რაც 16 თებერვალს გაავრცელეს. რას აჩვენებს ეს? 

იმას, რომ უკრაინის საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ძალიან ეფექტურად მუშაობენ.

რუსებმა  ბრძოლის დაწყებიდან ამ დრომდე, ვერ მოახერხეს ჰაერში ბატონობა. რუსებისთვის ნამდვილად არ არის უკრაინის ზეცაში ბატონობა ტიპური, ამიტომაც იყენებენ რაკეტებს, მაგალითად.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: როცა პუტინი ხედავს დღეს არსებულ ვითარებას და იცის თავისი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური დანაკარგები, რის საფუძველზე ფიქრობს, რომ ამ ომში გაიმარჯვებს? აქამდე იყო ვერსია, რომ ზამთარში განსაკუთრებით გაუჭირდებოდა უშუქოდ დატოვებულ უკრაინელებს და ისინი თავად მოითხოვდნენ ომის შეწყვეტას, ან ევროპა დაიხევდა უკან. ზამთარი თითქმის გადავლილია, ევროპაც შეუვალი…

პუტინი ყველანაირად ეცდება, რომ გააჭიანუროს ეს ომი, იგი ეცდება, მივიდეს მეორე ზამთრამდეც.

რუსეთი ეცდება, რომ მაქსიმალურად მეტი ტერიტორია დაიკავოს და მისი დაცვა შეძლოს, რომ ძლიერი პოზიციებით მოხვდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

არა მგონია პუტინს ჰქონდეს იმედი დარჩენილი, რომ ის მოიგებს ამ ომს. მას უნდა, რომ დაამთავროს ომი პოზიტივით და არა დამარცხებული მთავარსარდლის პოზიციით.

გაჭიანურება პუტინს სხვა მიზეზითაც აწყობს: მოსახლეობის გადაღლის გარდა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არჩევნები იწყება. რომელი ხელისუფლება მოვა? მოსახლეობას თუ გაუჭირდა, იქნებ ხელისუფლებას ძალა დაატანონ – ეს გათვლები აქვს პუტინს.

  • რა მოცემულობით ხვდებიან 24 თებერვალს მხარეები: რუსები ვეღარ ახერხებენ იერიშს, თუმცა შესაძლოა დაიცვან დაკავებული ტერიტორია, ხოლო უკრაინა ახერხებს წარმატებით თავდაცვას და ელის დასავლეთიდან აღჭურვილობას კონტრშეტევისთვის, ასეა? 

ასე და აქ შეგიძლიათ დაამატოთ მხოლოდ ერიხ მარია რემარკის რომანის სათაური – „დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშე“. დღევანდელი მოცემულობა და ომის გაჭიანურება აბსოლუტურად ჰგავს პირველ მსოფლიო ომს სატრანშეო დაპირისპირებით, არტილერიის მასიური გამოყენებით…

გადაბეჭდვის წესი


ასევე: