განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ დავრჩი სკოლის მიღმა – მაძიებელი მასწავლებელი სისტემის პირისპირ

18.02.2023 •
როგორ დავრჩი სკოლის მიღმა – მაძიებელი მასწავლებელი სისტემის პირისპირ

გვანცა ბერძენიშვილი ხელოვნებათმცოდნეა. სამი წელი საჯარო სკოლაში იმუშავა, თუმცა მალე მისი მიტოვე მოუწია. გვანცა „ბათუმელებთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც სისტემამ ის სკოლის გარეთ დატოვა.

„მაგისტრატურა 2016 წელს დავასრულე და სკოლაში მუშაობა გადავწყვიტე. თუმცა მითხრეს, რომ ვერ ამიყვანდნენ, თუ მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა არ მექნებოდა ჩაბარებული.

პროფესიული უნარების გამოცდაზე როცა დავაპირე დარეგისტრირება, მითხრეს, რომ ვერ დავრეგისტრირდებოდი, თუ არ ვიყავი საჯარო სკოლის მასწავლებელი. სისტემა შეიცვალა და თუ 2015 წლამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი არ ყოფილხარ, გამოცდაზე ვერ გახვალო“-ამბობს გვანცა.

მისი თქმით, რადგან  პროფესიაში გამოცდების საშუალებით ვერ ახერხებდა დარჩენას, გადაწყვიტა გაევლო მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, რის შემდეგაც ის მიიღებდა უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

„ამიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ოღონდ პირობა იყო ასეთი, რომ იმ ბოლო ორ წელიწადში უნდა გამევლო ეს პროგრამა. სხვა შემთხვევაში სკოლიდან უნდა წამოვსულიყავი.

მოხდა ისე, რომ იმ წელიწადს ბათუმის და თელავის უნივერსიტეტების გარდა, 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღება არცერთმა უნივერსიტეტმა არ გამოაცხადა.

სამინისტროში მითხრეს – „ვიცით ხარვეზია, მაგრამ რა ვქნათ“.

ბოლოს გადავწყვიტე თელავში წავსულიყავი, რადგან იმედი მქონდა რომ ლექციები ან შაბათ-კვირას იქნებოდა ან საღამოს საათებში.  ჩავაბარე გამოცდა და ჩავირიცხე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლექციები ჩასმული იყო 11:00-17:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავდა რომ ან სკოლიდან უნდა წამოვსულიყავი და ისე მევლო ლექციებზე, ან უბრალოდ, ვეღარ ვივლიდი უნივერსიტეტში.

თუ სკოლიდან წამოვიდოდი ხელფასი არ მექნებოდა და შესაბამისად, არც გზის ფული მექნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ სწავლა აღარ გამეგრძელებინა“-გვეუბნება გვანცა.

მეორე წელს, მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა იმავე პროგრამაზე და ერთი სემესტრი გაიარა კიდეც კურსი, თუმცა მოგვიანებით გაიგო რომ სახელწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებდა.

„აღმოჩნდა, რომ რადგან თელავის უნივერსიტეტში ვიყავი ჩარიცხული და იქ მქონდა სახელმწიფო დაფინანსება მოპოვებული, ილიას უნივერსიტეტში ვეღარ მივიღებდი დაფინანსებას. 2 250 ლარი იყო სწავლის გადასახადი, ვერ გადავიხადე, ამიტომ ამ პროგრამის მიტოვებაც მომიწია.

მსგავსი უფასო პროგრამა განათლების სამინისტროსაც აქვს, თუმცა მისი გავლა მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებს შეუძლიათ. ამ დროისთვის კი მე უკვე მომიხდა საჯარო სკოლიდან წამოსვლა. კერძო სკოლაში ვასწავლიდი და ვეღარ ჩავერთე პროგრამაში, რადგან კერძო სკოლის მასწავლებლებს გარკვეული ბარიერები აქვთ“.

გვანცას თქმით, ამ ბარიერებს იწვევდა ის ხშირი სისტემური ცვლილებები, რომელსაც განათლების სამინისტრო როგორც მაძიებლებს, ასევე პრაქტიკოს მასწავლებლებს უქმნიდა წლების განმავლობაში.

„როცა სტატუსი არ გაქვს, ძალიან დაბალ ხელფასს იღებს. მე 13 საათში, 300 ლარს ვიღებდი ხელფასს. ასეთ დროს იძულებული ხარ სხვა სამსახურიც მოძებნო, რომ თავი ირჩინო. ამიტომ ორ სკოლაში ვმუშაობდი და დამატებით მუზეუმშიც, რადგან ხელოვნებათმცოდნე ვარ პროფესიით.

მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წლის განმავლობაში ამ ბარიერების გამო სკოლის მიტოვება მომიხდა და ძალიან დემოტივირებული ვიყავი, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი სკოლაშია და ისევ მინდა ამ სისტემაში დაბრუნება.

თუმცა, ხშირი სისტემური ცვლილებები მაბრკოლებს. ახლა დოქტორანტურაზე ვსწავლობ და იმედი მაქვს რომ ამ სტატუსით მაინც შევძლებ სკოლაში დასაქმებას და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას და კიდევ რაიმე ახალი ბარიერი არ დამხვდება“-ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.

2022 წელს, განათლების სამინისტრომ მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა შეცვალა და სტატუსის ამაღლება საჯარო სკოლაში მომუშავე პედაგოგს საგნის და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების გარეშე არ შეუძლია.

გვანცა ბერძენიშვილი სკოლებში თავად საგნის – „ხელოვნება“ მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზეც საუბრობს. მისი აზრით, როგორც სკოლები ასევე მშობლები, ხელოვნებას როგორც მეორეხარისხოვან საგანს ისე აღიქვამენ.

„ჯერ პრობლემა იყო ის, რომ ტრენინგებზე ისეთი ადამიანები მასწავლიდნენ, რომლებიც არ არიან პრაქტიკოსები. ერთ-ერთმა მითხრა კიდეც, რომ 20 წლის წინ შევედი კლასში და უი, უი, მანდ როგორ შევალ კიდევო.

არც სპეციფიკა იციან, სინამდვილეში რა ხდება გაკვეთილზე და ის, რომ მათი თეორიები ხშირად რეალობას სცდებოდა.

მეორე პრობლემაა ის, რომ ხელოვნება სკოლაში აღიქმება როგორც მეორეხარისხოვანი საგანი და ასეთივე დამოკიდებულება აქვთ მშობლებსაც.

„რა დროს ხელოვნებაა შვილო, მათემატიკა დაწერე“ ან „კარგი რა მოხდა, ხელოვნებაა, დაუწერე ბავშვს ნიშანი, სამაგიეროდ ქართულს სწავლობს საოცრად“ და ასე შემდეგ.

ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რადგან ბავშვს აინტერესებს საგანი და ამ დროს მშობელი მოტივაციას უკლავს.

ცხრილშიც ხელოვნება აუცილებლად მე-6-7 გაკვეთილად უნდა ჩასვან, რადგან მათემატიკას ან ქართულს ხომ არ ჩავსვამთ ასე გვიან, ამ დროს ხომ ბავშვი გადაღლილია თურმე და ხელოვნებაზე შეიძლება იყოს ბავშვი უმოტივაციო, მათემატიკაზე, არა“-გვეუბნება გვანცა.

მისი თქმით, პრობლემაა რესურსების მოძიებაც, რადგან ხელოვნების წიგნები აგებულია მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზე, სკოლა კი შესაბამის რესურს მასწავლებელს არ სთავაზობს.

„ხელოვნება შემოდის მე-5 კლასიდან. სახელმძღვანელოები რაც ვნახე, ძალიან მომწონს, როგორც ვიზუალური მასალა, ასევე ტექსტები. მაგრამ, 45 წუთი ბავშვს ბაროკოს ხელოვნებაზე ვერ ესაუბრები ვიზუალიზაციის გარეშე. გჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიზუალური მასალა.

ასევე, წიგნებში მოცემულია დავალებები კეთებით, რასაც სჭირდება დიდი რესურსი. „გამოჭერი ეს“, „გააკეთე ეს“ და ამ ყველაფერზე ითხოვს კეთებას.

ბოლომდე არც საგნის მნიშვნელობაა გააზრებული. ზოგ ბავშვს ჰგონია, რომ რადგან ხელოვნება ჰქვია საგანს ხატვა უნდა ვასწავლოთ და ამბობს, რომ „მასწავლებელო მე არ ვიცი ხატვა და ვერ ვისწავლი“, ზოგი ფიქრობს, რომ შრომის გაკვეთილია და ხელნაკეთი რამეები უნდა  ვაკეთოთ. სინამდვილეში ხელოვნება სხვა რამეს ითვალისწინებს, რომლის გააზრებაც ბოლომდე არ ხერხდება სკოლებში“-ამბობს გვანცა.

მისი თქმით, საგნის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს ჯერ სისტემის შიგნით და პედაგოგებმაც უნდა შეძლონ, დაანახონ როგორც ბავშვებს ასევე მშობლებსაც თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს საგანი ბავშვის კრიტიკული აზროვნების თუ პიროვნული უნარების განვითარებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: