მთავარი,სიახლეები

„მოდი ნუ ვიტყვით, რომ ომის იდეა მიუღებელია კირილ“ – მობილიზაციას გამოქცეული ცოლ-ქმარი

19.02.2023 • 13857
„მოდი ნუ ვიტყვით, რომ ომის იდეა მიუღებელია კირილ“ – მობილიზაციას გამოქცეული ცოლ-ქმარი

2022 წელს რუსეთიდან 1 მილიონ 400 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაიწყეს ინტენსიურად შემოსვლა, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაეხა უკრაინას.

რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა ზაფხულსა და შემოდგომაზე: ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებამდე და მას შემდეგაც.

პირად საუბრებში რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ უმრავლესობა სწორედ მობილიზაციის გამო ტოვებს ქვეყანას. წამოსვლის მიზეზად ასახელებენ ასევე დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედებას და რეპრესიულ სისტემას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.

ოლგა კ და კირილ მ. ბათუმში გასული წლის შემოდგომაზე ჩამოვიდნენ. მოსკოვში დატოვეს მშობლები, ბებია და ბაბუა. დაკეტეს ოროთახიანი ბინა და ჯერ თურქეთში, მერე საქართველოში წამოვიდნენ.

„მე არ მინდოდა ომში წასვლა. ამ ომის იდეა ჩემთვის მიუღებელია და ქვეყნის დატოვება გადავწყვიტე ოჯახით. მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ჩამოვედი“, – ამბობს კირილი.

„მოდი ნუ ვიტყვით, რომ ომის იდეა მიუღებელია კირილ, ჩვენ ხომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას ვაპირებთ? ვთქვათ, რომ უბრალოდ ნეიტრალურები ვართ და არავის ვემხრობით“, – ეუბნება ოლგა კირილს.

ოლგა საუბრობს, თუ როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი ბათუმში. როგორ წამოვიდნენ რუსეთიდან, რა მდგომარეობა დახვდათ საქართველოში და რას აპირებენ მომავალში.

„ბათუმში ბინის დაქირავება ძალიან გაგვიჭირდა. აქ გაცილებით ძვირია ბინის დაქირავება, ვიდრე მოსკოვში და, ზოგადად, რუსეთში. ჩვენ მიჩვეულები ვართ კაფეში საუზმეს დილაობით, სადილს ვიძახებთ ხოლმე რესტორნიდან. აქ უკვე ვერ ვაძლევთ თავს ამის უფლებას ხშირად.

ძალიან გვიყვარს სუში. მოსკოვში ხშირად ვიძახებდით და ჩვეულებრივი ფასი ჰქონდა. აქ ეს დელიკატესად ითვლება. ვეღარ ვყიდულობთ ჩვენ საყვარელ როლებს. ვეღარც პიცას ვიძახებთ ხშირად, ძალიან ძვირია აქ.

500 დოლარი რომ ღირს ბინა ყოველთვიურად, იქ ცუდი პირობებია, ამიტომ იძულებულები გავხდით 850 დოლარიანი მოგვეძებნა, მცირე კომფორტით. ესეც პატარა ბინაა, მისაღები ოთახი სამზარეულოთი და საძინებლით, გათბობის გარეშე. ვიყიდეთ სპირალიანი გამათბობელი და ასე ვთბებით“, – ამბობს ოლგა

კირილი გვეუბნება, რომ ორი ბავშვისგან ერთ-ერთი, სკოლის მოსწავლე, ონლაინგაკვეთილების საშუალებით სწავლობს. მისივე თქმით, ეს რუსეთში პანდემიის დროსაც ასე იყო.

წყვილმა მეორე, სკოლამდელი ასაკის შვილი ბათუმში ბავშვთა რუსულენოვან ცენტრში მიიყვანა.

„ძალიან ბევრია ბათუმში ბავშვთა ცენტრი რუსულენოვანებისთვის, ეს იგივე საბავშვო ბაღია, ოღონდ ასე ჰქვია. ბევრი ხალხი ჩამოვიდა რუსეთიდან და ამის საჭიროება ნამდვილად დგას. ბავშვები ხომ უნდა წავიყვანოთ სადმე. თან ადამიანებს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა მიეცათ. მცირე ბიზნესის დაწყება საქართველოში ძალიან მარტივია, მოგების მხოლოდ 1%-ს იხდი საქართველოს ბიუჯეტში და მოგებაც დიდი გაქვს. ბავშვთა რუსულენოვანი ცენტრების დიდი არჩევანია თბილისშიც და ბათუმშიც. რუსეთის ბევრ დიდ ქალაქშიც კი არ არის ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი“, – ამბობს ოლგა.

მის მეუღლეს, კირილს ვეკითხებით, რა შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ რუსეთში:

„როცა კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე მოილაპარაკებს მაშინ დავბრუნდებით. ვისურვებდით, რომ შედგეს მოლაპარაკება და ომი დამთავრდეს, რომ უკან დაბრუნება შევძლოთ.

თუმცა დიდი საფრთხეა წინ, საუბრობენ იმაზე, რომ ომის დროს ვინც დატოვა რუსეთი, განსაკუთრებით მობილიზაციის შემდეგ, მათ შესაძლოა ქონებაც ჩამოართვან“, – ამბობს კირილი.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ძალიან უჭირთ შენგენის ვიზის მიღება და ევროპის ქვეყნებში წასვლა.

„ბევრი ვიცი ჩემს ნაცნობებს შორის, ვისაც შენგენის ვიზა ჰქონდა, მაგრამ მაინც უკან გამოაბრუნეს. ბევრს თავად არც უნდა ევროპაში წასვლა, იქ დამკვიდრება რთულია, ბევრ წინაღობას გიქმნიან. რთულია მაგალითად ბინადრობის უფლების მოპოვება, ამისთვის ბევრი პირობა უნდა დააკმაყოფილო. ბინადრობის უფლების გარეშე ბევრ ევროპულ ქვეყანაში საბანკო ბარათს ვერ აიღებ, ჩვენი, რუსული ბარათები კი დაბლოკილია. გარდა ამისა, გრჩება განცდა, რომ რუსების დანახვა ევროპაში არ უხარიათ და რთულია ასეთ გარემოში ცხოვრება.

საქართველოში აგრესია და რუსოფობია არ გვიგრძნია, პირიქით“, – ამბობს კირილი.

იცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსული ჯარების მიერაა ოკუპირებული და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია?“ – ვეკითხებით კირილს.

„არა, ამის შესახებ არაფერი მსმენია. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ ესე იგი მადლობა უნდა ვუთხრათ ქართველებს, რომ აქედან არ გვყრიან“, – ამბობს კირილი.

2022 წლის ოქტომბერში შს სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში იმ დროისთვის იმყოფებოდა რუსეთის 112 733 მოქალაქე. ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია, ეს რიცხვი სავარაუდოდ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, სამინისტრო კი საქართველოში ახლა მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა [რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ, მესამედზე მეტი].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: