მთავარი,სიახლეები

1 სემესტრი ანბანს ვსწავლობდით და სწორად კითხვას – ინგლისური ენის პედაგოგი ხულოდან

17.02.2023 • 2347
1 სემესტრი ანბანს ვსწავლობდით და სწორად კითხვას – ინგლისური ენის პედაგოგი ხულოდან

26 წლის ქეთი მელაძე ხულოს სოფელ ღურტის საჯარო სკოლაში მეორე წელია, რაც ინგლისურ ენას ასწავლის I-VII კლასის მოსწავლეებს.

ქეთი გვიზიარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ხშირი კომუნიკაცია და რა გამოცდილება დააგროვა, როგორც მასწავლებელმა.

„მთელი ერთი სემესტრი გავლიეთ იმაში, რომ გვესწავლა ანბანი და ასოების სწორად კითხვა. დამატებით გაკვეთილებზე ვრჩებოდით სკოლაში, ვიდეოზარებით ვერთვებოდით. ეს იყო რაღაც კატასტროფა. მოსწავლეების ცოდნის დონე საერთოდ ნულს ქვემოთ იყო. არ იცოდნენ, რა როგორ იკითხებოდა და საერთოდ რასთან ჰქონდათ საქმე. მადლობა მოსწავლეებს და მათ მშობლებს.

მათი ჩართულობით ნელ-ნელა ამოვქაჩეთ და უკვე მეორე სემესტრიდან პროგრამულ სწავლებას შევუდექით. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ გაცილებით წინსვლა გვაქვს“, – გვიყვება ქეთი.

ქეთი მეცხრე კლასში იყო, როცა ინგლისური ენის მასწავლებლობა გადაწყვიტა. მან ქვემო ვაშლოვნის სკოლა დაამთავრა. აქ ქეთის მეცხრე კლასიდან ინგლისური ენის ახალი მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც დღემდე მისთვის განსაკუთრებულ პედაგოგად რჩება – „გამორჩეული მასწავლებელი იყო ცოდნის გაზიარების თუ, ზოგადად, ურთიერთობის კუთხით“.

სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ქეთი რეპეტიტორი იყო.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ მასწავლებლობა ყოველთვის უნდოდა, კარგად ესმოდა რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა და ამიტომ ამ პასუხისმგებლობის აღება უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ვერ გაბედა: ზოგადად, მასწავლებლობა და მით უმეტეს, ახალგაზრდა მასწავლებლობა, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ბევრი რამ არ იცი, რისი სწავლაც გიწევს.

ქეთი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე ბსუ-ში სწავლობდა. მას ახლა მაძიებელი მასწავლებლის სტატუსი აქვს და სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარებას ზაფხულში აპირებს – „აუცილებლად ჩავაბარებ, დარწმუნებული ვარ“.

ქეთი სხვა მაძიებელ მასწავლებლებს არ იცნობს და არ იცის, რას ფიქრობენ ისინი. თუმცა თავად მიიჩნევს, რომ მისი ხელფასი ძალიან დაბალია იმ შრომასთან შედარებით, რასაც მოსწავლეებთან ურთიერთობა მოითხოვს.

ქეთი ღურტის საჯარო სკოლაში 12.5 საათს ასწავლის, ხელფასი კი 500 ლარამდეა.

ქეთი მიიჩნევს, რომ ინგლისური ენის თუ სხვა საგნის ხარისხიანი სწავლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან მოსწავლე-მასწავლებელი.

„მასწავლებლებთან ურთიერთობა მოსწავლეებს ძალიან აკლიათ. მაღალ კლასებს არ ვასწავლი და როცა მათთან ვურთიერთობ, უკვირთ – „ვაიმე, მასწავლებელი შეიძლება მოსწავლეს დაელაპარაკოს?“ ეს კონტაქტიც კი აფერხებს მოსწავლეს.

ერთი სიტყვით, ადგილობრივ მასწავლებლებს ძალიან მშრალი ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებთან. ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა.

თუ განწყობა არ აქვს მოსწავლეს, კარგი დამოკიდებულება არ არის მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, იქ შედეგი ვერ მიიღწევა, ამაში უკვე დავრწმუნდი“, – გვითხრა ქეთიმ.

როგორც ქეთისგან ვიგებთ, ღურტის საჯარო სკოლას კიდევ ერთი ინგლისურის მასწავლებელი ჰყავს, რომელიც სერტიფიცირებულია.

საუბრის ბოლოს, ქეთიმ გვითხრა ისიც, რომ ზამთრის პერიოდში საერთოდ არანაირი აქტივობები არ აქვთ სოფლის სკოლებს. მოსწავლეები უფრო და უფრო ეჯაჭვებიან ტელეფონებს და ძალიან რთული ხდება მათში რაიმეს მიმართ ინტერესის გამოწვევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: