ჩავიკეტეთ, სიცოცხლის რისკის ფასად დავდივარ სკოლაში – მასწავლებელი სოფელ ძმუისიდან

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელი ძმუისი ჩაკეტილია, სოფელში არ არის მისასვლელი გზა, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ბათუმელებს“ ამ სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლაურა გოტიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, სოფელში ვერც სასწრაფო დახმარების ავტომანქანა მიდის, არც აფთიაქია და სურსათის რესურსიც იწურება.

„თოვლი არის ძალიან დიდი, ორი კვირა თოვდა, ახლა წვიმს, რაც აუარესებს მდგომარეობას, რადგან ღამით ყინვაა და გზებზე გადაადგილება შეუძლებელია.

ყველაზე მაღალი გამავლობის მანქანას მინდოდა რომ გავყოლოდი ქალაქამდე, მაგრამ მოვსრიალდით და ლამის ხეობაში გადავცვივდით. ხელით ვწმინდეთ გზა და ისე გამოვბრუნდით უკან“ – გვეუბნება ლაურა.

მისი თქმით, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსაც უჭირთ სკოლაში სიარული.

მოსწავლე ცხენით მიდის სკოლაში

„ბავშვები მანქანას დაჰყავს ხოლმე, მაგრამ ახლა ვეღარ გადაადგილდება. რამდენიმე ბავშვმა მაინც შეძლო მოსვლა, მაგრამ სულ სველი ვიყავით მასწავლებლებიც და ბავშვებიც. ორი წყვილი ტანსაცმელი დაგვაქვს ხოლმე, რომ გამოვიცვალოთ, მაგრამ დღეს ორივე დამისველდა.

სკოლამდე მგლის ნაკვალევს მოვყვებოდი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დავდივარ სკოლაში, რომ ბავშვებს ვასწავლო.

გზაზე გადაადგილება სახიფათოა მანქანითაც, როდის რომელ კლდეზე გადავვარდებით, არ ვიცით. თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს.

მერიას დავურეკეთ და გვიპასუხეს ორმაგი ხარჯია, გადაიღებს თოვლი და მერე მოვალთო“.

არც აფთიაქია სოფელში, მძიმე ავადმყოფი გვყავს და სასწრაფო ვერ მოდის, არც მაღაზიაა, საჭმელი რომ გამოგველიოს, ვერაფერს ვიზამთ. ტკბილეულს თუ იყიდი მხოლოდ, მაგრამ რამდენი ხანი უნდა ჭამო ტკბილეული“ – ამბობს ლაურა გოტიაშვილი.

ლაურას თქმით, გზები მოყინულია, თოვლის საფარი – სველი და მძიმე

მისი თქმით, ამ სოფელში ოთხი წელია რაც მუშაობს და ყოველთვის მსგავსი ვითარებაა. „თუ ვინმე არ გარდაიცვალა, ისე არ მოდიან გზის გასაწმენდად. ტრაქტორისტს რომ დავურეკე, მითხრა, მე თვითონ გადავვარდი გზიდან და ტრაქტორამდე ვეღარ მივდივარო.

ხიდზე ხეებია ჩამოწოლილი და ძლივს ვახერხებდით გადმოსვლას“ – გვეუბნება ლაურა.

„როცა ამ გზაში ჩავკვდები, არც გმირის ძახილი მიშველის, არც იმის, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ.

ყინვისგან ვკვდები აქ, მე მგონია, რომ სახელმწიფოს უკეთესს მომავალზე ვზრუნავ და თურმე თქვენ ხარჯის გაწევა არ გინდათ. სირცხვილია, ხალხო…“- ეს ტექსტი ლაურამ ფეისბუქზეც დაწერა და ტყიბულის მუნიციპალიტეტი მონიშნა.

„გნიშნავთ იმიტომ, რომ გაიგოთ, რა გაუსაძლისი გახდა უკვე ამ სოფელში მუშაობა, არსებობა და ყველაფერი. არავინ თქვას, რომ ვინმესთვის პრიორიტეტია სოფლის გადარჩენა დაცარიელებისგან“ – წერს ლაურა.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ტყიბულის მერიას დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

„გამოფინეთ უკრაინის დროშა სახლებზე” -24 თებერვალს ბათუმში დაგეგმილი აქციების განრიგი

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე ბათუმში უკრაინელი, ქართველი და ბელორუსი აქტივისტები მასობრივ ღონისძიებებს მართავენ.

დაგეგმილია 2 მშვიდობიანი აქცია და  აუქციონი. ასევე, თავისი მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს უკრაინელების მიმართ – გადმოფინონ დროშები საკუთარი სახლების აივნებზე.

„მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, მოვიდნენ აქციაზე და გვერდში დაუდგენ მოძმე უკრაინელ მეგობრებს. ეს არის საერთო ომი და ამ საერთო ომში უნდა გავიმარჯვოთ. ყველამ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. თხოვნა მექნება, ვისაც საშუალება გაქვთ, საკუთარ სახლებზე გამოფინეთ უკრაინის დროშა და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა,“ – განაცხადა დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, პარტია „ლელოს“ წევრმა გენო თებიძემ.

საორგანიზაციო ჯგუფის პრესკონფერენცია
  • რა იგეგმება ბათუმში 24 თებერვალს

14:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან დაიწყება უკრაინის მხარდასაჭერი აქცია.

აქცია საერთაშორისოა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება. აქციაზე იქნება ფლეშმობი – „უკრაინის რუკა“.

17:00-დან 21:00 საათამდე სასტუმრო Wyndham-ში გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნება უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან ქართველი, უკრაინელი და ბელორუსი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა ნივთები. ასევე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. აუქციონზე მისვლა და ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნივთები ონლაინაც გაიყიდება.

შემოსული თანხა უკრაინაში მებრძოლებს მოხმარდებათ. აუქციონის პარალელურად გაიმართება საქართველოში უკრაინის საელჩოს ნახატების გამოფენა.

24 თებერვლის ღონისძიებების 14:00 საათზე დაგეგმილი აქციის და აუქციონის ორგანიზატორია ორგანიზაცია „ბათუმი უკრაინისთვის”.

18:00 საათისთვის საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“   ევროპის მოედანზე გამართავს დასკვნით აქციას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

„დღეს უკრაინელი ხალხი იბრძვის არამხოლოდ საკუთარი, არამედ – ჩვენი თავისუფლებისთვისა და ევროინტეგრაციისთვისაც,“- წერია აქციის მოსაწვევში.

„არ გადადო“ აქციას უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად მართავს  და მოუწოდებს ყველას, ვინც ბათუმში იმყოფება, გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს უკრაინას.

19:00 საათზე კინოთეატრ „აპოლოში“ დაგეგმილია მანტას კვედარავიჩიუსის დოკუმენტური ფილმის „მარიუპოლის“ ჩვენება. დასწრება თავისუფალია.

ფილმი რუსეთის მხრიდან ქალაქზე თავდასხმის პირველ დღეებს, ბომბების ცვენის პარალელურად ადამიანების ყოფას გადმოსცემს. ფილმის ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი გასულ წელს მარტის მიწურულს რუსმა სამხედროებმა მოკლეს მარიუპოლში.

„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას

კრემლი აპირებდა ბელარუსის კანონმდებლობის ადაპტირებას რუსულთან, რომ ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკა რუსეთის ინტერესების მიხედვით ემართა; ასევე გეგმავდა გაეზარდა სამხედროების ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე და მიეღწია იმისთვის, რომ რუსული ენა ყოფილიყო ბელარუსულთან მიმართებაში უპირატესი; ასევე დაერიგებინა ბელარუსებისთვის რუსეთის მოქალაქეობა. ყველა ამ მიზნის მიღწევა კი დაგეგმილი იყო ცხრა წლის განმავლობაში – 2030 წლისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ „დოსიე“ აქვეყნებს, რომელმაც შეისწავლა რუსეთში რა სტრატეგია ჰქონდათ ბელარუსის ინტეგრაციისთვის. სტრატეგია შეიმუშავეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის შიდა დაზვერვის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად.

საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არაკომერციული პროექტია.

როგორც „დოსიემ“ გაარკვია, მოკავშირე სახელმწიფოების შესაქმნელად აქტიური მუშაობის ფონზე, კრემლმა შეიმუშავა ბელარუსის შთანთქმის სტრატეგია, რაც ქვეყანას სუვერენიტეტის დაკარგვასა და (პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სამხედრო თანამშრომლობაში) რუსეთის ხელისუფლებაზე დაქვემდებარების საფრთხეს შეუქმნიდა.

სტრატეგიაზე მუშაობდნენ 2021 წელს – იმავე პერიოდში, როდესაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შესაჭრელად აწყობდა გეგმებს. რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინაში წარმატების ტალღასთან ერთად, მთავრობის შეცვლას და ბელარუსის საბოლოოდ ჩაყლაპვასაც აპირებდა, მიიჩნევს გამოძიებაში ჩართული ერთ-ერთი გამოცემის წყარო დაზვერვიდან.

რა არის მოკავშირე სახელმწიფო?

დოსიე“ წერს, რომ ხელშეკრულება მოკავშირე სახელმწიფოს შესახებ 1990-იანი წლების ბოლოდან არსებობს. ლუკაშენკომ იგი ჯერ კიდევ ელცინთან გააფორმა. თუმცა, ამან მაინც არ გამოიწვია სრული პოლიტიკური ინტეგრაცია, ამ საკითხზე მოლაპარაკებები კი 20 წელზე მეტი გრძელდება.

„დოსიეს“ მიერ შესწავლილ დოკუმენტის სახელწოდებაა „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები ბელარუსის მიმართულებით“. „დოსიეს“ გუნდის თქმით, სწორედ ამ დოკუმენტის წყალობით არის ცნობილი, რომ კრემლის გლობალური მიზნებია რუსული ენის უპირატესობის დაწესება ბელარუსულთან მიმართებაში, ბელარუსის კანონმდებლობის კორექტირება რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად და ბელარუსის სოციალურ-პოლიტიკური, სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრების დაქვემდებარება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ სფეროების ირგვლივ შემუშავებული აქვს მთელი სტრატეგია. თითოეული მიზანი გადანაწილებულია სხვადასხვა ვადაზე – 2022, 2025 და 2030 წლამდე.

„მოკავშირე სახელმწიფო საფრთხეს უქმნის ბელარუს ხალხს და ბელარუსის სახელმწიფოებრიობას. ეს არ არის თანასწორთა კავშირი – ეს არის რუსეთის მიერ ბელარუსის შთანთქმის საგზაო რუკა. მოკავშირე სახელმწიფოში რუსეთთან ბელარუსი კარგავს სუვერენიტეტის ნიშნებს და ხდება სხვისი პოლიტიკის პასიური სტატისტი. მოკავშირე სახელმწიფო არის შირმა რუსეთისთვის, რომ დაამყაროს კონტროლი ბელარუსზე“ – თქვა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

მის ნათქვამს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დოკუმენტი ადასტურებს – მოკავშირე სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც პუტინმა დაამტკიცა ლუკაშენკოსთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი დავალებების ნაწილია.

სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ჰარმონიზაციის გარდა, 2030 წლამდე რუსეთი გეგმავს კონტროლი დაამყაროს ბელარუსის სამხედრო-პოლიტიკურ სექტორში. რუსული დაზვერვის ამოცანები მოიცავს „ნაციონალისტური და პროდასავლური“ ძალების გავლენის შეზღუდვას და ბელარუსის კონსტიტუციის რეფორმირების დასრულებას, რუსეთის ფედერაციის ინტერესების გათვალისწინებით; სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებში, ასევე მოსახლეობაში პრორუსული განწყობების გამყარებას.

„სტრატეგიული მიზნების“ თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს ბელარუსის საინფორმაციო სივრცე ამ ათწლეულის ბოლომდე სრულად გააკონტროლოს. ისინი ამას გააკეთებენ ბელარუსში რუსული მედიის რაოდენობის გაზრდით და მოსახლეობაში რუსული ინფორმაციის გავლენის გაძლიერებით. ხოლო პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში, კრემლი აპირებს შექმნას „პრო-რუსული გავლენის ჯგუფები“.

რუსეთი ასევე აპირებს გაამარტივოს ბელარუსის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემის პროცედურა, „იმისთვის, რომ შექმნან რუსების ფენა, რომლებიც დაინტერესებული არიან ინტეგრაციით და ბიზნეს წრეები, რომლებიც ორიენტირდებიან რუსეთის ბაზარზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ჟურნალისტების თქმით, უკრაინაში ომმა შეანელა ამ გეგმის განხორციელება, მაგრამ არ შეუჩერებია. წყაროს განმარტებით, „ბელარუსზე სრული კონტროლის მისაღწევად გრძელვადიანი მიზანი ჯერ კიდევ ძალაშია“.

მიზნების გარდა, დოკუმენტი ასევე აღწერს, რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს ბელარუსში რუსეთის გეგმებს.

ვინ შეიმუშავა ეს სტრატეგია? „დოსიეს“ ცნობით, ევროპის მიმართულებით არსებული ახლო საზღვარგარეთული ქვეყნები ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალურ დეპარტამენტს – სასაზღვრო თანამშრომლობის საპრეზიდენტო ოფისს. იგი ერევა ბელარუსის, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნების პოლიტიკაში.

კაცს ცოლ-შვილის და დედის მოკვლით ემუქრებოდნენ და 20 000 ლარს სთხოვდნენ – დააკავეს 4 პირი

შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – ა.ჩ.-მ [(მეტსახელად „ბუფალო“) და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი – პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.

ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“) მართავდა.

გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე.

მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.

ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა“ – აცხადებს შსს.

პოლიციის ინფორმაციით, „მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.“

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით “მარიხუანა”.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„უცხოური გავლენის“ პროექტები აჭარაში – წყალი, კანალიზაცია, ავტობუსი, სახანძრო კიბე

სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ბათუმში, ათ წელზე მეტია ეტაპობრივად ხორციელდება, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს. გარდა ძველი და მწყობრიდან გამოსული სისტემის სრულად ახლით ჩანაცვლებისა, ამ პროექტის ფარგლებში დააფინანსეს და ააშენეს გამწმენდი ნაგებობებიც.

თითოეული ფაზის განხორციელებისთვის მილიონობით ევრო დაიხარჯა.

პროექტის მეხუთე ფაზის დაწყების შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, გასული წლის მეორე ნახევარში ამცნო საზოგადოებას.

„გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KfW] შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები. შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოიყოფა 53 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხი, ხოლო 2 მილიონი ევრო – გრანტი“.

ამას დაემატება 25 მილიონი ევრო, როგორც თანადაფინანსება ბათუმის ბიუჯეტიდან.

ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე

გარდა ამისა, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 10 მილიონი ევრო, გრანტი, დაიხარჯება პროექტში, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირი აფინანსებენ. ამ პროექტის ფარგლებში აჭარის დაბებსა და სოფლებში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები უნდა მოეწყოს გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით.

ბათუმში სტანდარტული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის აჭარის მთავრობამ 7 მილიონი ევრო მიიღო. აქედან  3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ახალი ნაგავსაყარი / ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან ახალი ნაგავსაყარის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება, რომელიც მდინარე ჭოროხის პირას წლებია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ გამოყოფილი 1,5 მილიონი ევრო დაიხარჯა ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. ტექნიკური აღჭურვილობა კი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, ბათუმი 7 მილიონ 500 ათას ევროს მიიღებს გრანტის სახით.

„აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდის მიერ გამოყოფილი 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტი დაიხარჯა ბათუმში ელექტროავტობუსების შესაძენად.

გასულ წლებში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის [EBRD] დაბალპროცენტიანი სესხით შეისყიდა ასევე ბათუმის მერიამ ლურჯი ავტობუსები.

2020 წელს ბათუმის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან [GIZ] გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმში, საპილოტე ტერიტორიაზე საპარკინგე პოტენციალის კვლევაზე  დაიწყო მუშაობა.

პროექტი ხორციელდება რეგიონულ პროგრამასთან „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში” (Mobility4Cities) თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იწყება ტყის მდგრადი მართვის პროექტი, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ და რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 7,4 მლნ ევროს. პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი აერთიანებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისს, ორგანიზაცია HessenForst-ს.

77 ათას 235 აშშ დოლარი გრანტით შეიძინა ქედის მუნიციპალიტეტმა ელექტრომიკროავტობუსი. ეს გრანტი იაპონიის საელჩომ გამოყო. ამავე საელჩომ ბათუმს 140 ათას ევროს ღირებულების 40 მეტრი სიმაღლის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეუძინა.

სახანძრო მანქანა, რომელიც ბათუმს იაპონიის საელჩომ გადმოსცა

რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს

ხელისუფლება აპირებს მიიღოს კანონი ჟურნალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების და ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, ვისაც დასავლური ფონდები ფინანსურად ეხმარებიან. როგორ აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის მოტყუებას და როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ თავი რუსული კანონისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო უჩა, „ქართული ოცნება“ ღიად არ ამბობს, რომ არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორ ახერხებს ის ამას?

ამ ხელისუფლებას კარგად ესმის მოსახლეობის განწყობა, იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და იცის რა არის პოპულარული თემა. ამიტომ პირდაპირ ვერ გამოდის ამ იდეის წინააღმდეგ, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოუსპოს ევროპული მომავალი და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ხელისუფლების ნაბიჯები.

მათ შორის ბოლო გადაწყვეტილება – „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შემოღებაზე, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. გასულ წელსაც სპეციალურად დააპატიმრა ხელისუფლებამ [ნიკა] გვარამია, რომ საქართველოს რაც შეიძლება დასცილებოდა ევროპული პერსპექტივა.

ხელისუფლება ყოველ ჯერზე ცდილობს ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ უფრო მეტად გააღიზიანოს ევროკავშირი და ხელი შეუშალოს საქართველოს ასოცირებას ევროკავშირში.

  • საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ ჩუმად არის, ვერ აცნობიერებს „ქართული ოცნების“ რეალურ ჩანაფიქრს?

„ქართული ოცნება“ არ არის ახალი ორგანიზაცია, ხალხს ახსოვს ვიზალიბერალიზაციის პერიოდი, რომელსაც აკავშირებს ამ ხელისუფლებასთან და ასე უცებ ბევრს უჭირს გადართვა და იმის გააზრება, რასაც დღეს აკეთებს ხელისუფლება.

მაგრამ რეალური ძალაუფლება არ არის არც მთავრობაში, არც პარლამენტში და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა – გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად არის მკვდარი.

  • ხალხს სურს, რომ ევროკავშირში შევიდეთ და ამის დასტური იყო ზაფხულის მასობრივი აქციაც. თუმცა 12 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიის დევნა, შექმნას თავისუფალი გარემო და მოქალაქეები ჩართოს ყველა პროცესში. „ოცნება“ კი საპირისპიროს აკეთებს და იღებს რუსულ კანონს. ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ საზოგადოება გაბრაზდეს? ეს კანონი ხომ რეალურად ყველას წინააღმდეგაა.

სამწუხაროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, თუ რა დგას ამ კანონის უკან, რა შეზღუდვებს მოიტანს და ვისთვის. ვფიქრობ, პროპაგანდაც თავის შედეგს გვაძლევს.

ეს კანონი რომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და ევროკომისიის რეკომენდაციებს, ცალსახაა, რადგან ევროპის არც ერთ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. პირიქით, ამიტომ ეს არის ანტიევროპული კანონი. ხელისუფლება კი პროპაგანდის გამოყენებით ცდილობს არ მივიდეს ამ კანონის რეალური შინაარსი მოსახლეობამდე.

ეს კანონი თავისთავად არის დისკრიმინაციული და არა მარტო გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, არღვევს ადამიანის უფლებებს, პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების უფლებას და ასე შემდეგ.

  • ქართული სახელმწიფოს შექმნის დღიდან ეხმარება დასავლეთი ჩვენს ქვეყანას, დასავლური გრანტებით შენდება გზები, სკოლები, ინფრასტრუქტურა. „ქართული ოცნება“ ერთი ხელით იღებს ამ დახმარებას, მეორე მხრივ კი იმათ დევნას იწყებს, ვინც ასევე იღებს დასავლურ დახმარებას, თუმცა კრიტიკულად არის განწყობილი მის მიმართ. რამდენად ახერხებს ამის გააზრებას ხალხი?  

რა თქმა უნდა, ამას არავინ დაუჯერებს ხელისუფლებას, მოსახლეობა გაერკვევა ამაშიც, თუმცა ხელისუფლება ცდილობს დრო მოიგოს და მოკლე ვადებში გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

ამ კანონის ინიცირება პრაქტიკულად არის შურისძიება მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რადგან ისინი თვალს არ ხუჭავენ კორუფციის, ძალადობის ფაქტებზე, აქტიურად იცავენ ადამიანების უფლებებს.

მხოლოდ მედიის დაფინანსება შემოდის უცხოეთიდან? წესით, უცხოური გავლენა აქვს ოლიგარქს ხომ, რომელსაც ბიზნესი აქვს უცხოეთში და ამ კანონით მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა გამოცხადდეს უცხო ქვეყნის აგენტად, რადგან იქიდან აფინანსებს გარკვეულ ძალებს, პოლიტიკურ თუ სხვა ორგანიზაციებს.

მედიას და არასამთავრობო სექტორს იმიტომ წერენ კანონში, რომ ხელისუფლებას პირდაპირ სურს ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანიის დაწყება, სურს მოხდეს მათი დისკრედიტაცია რომ ვერ შეძლონ მუშაობის გაგრძელება, ქვეყანაში შეიქმნას გარემო, სადაც ისინი იძულებული იქნებიან შეწყვიტონ მუშაობა, რადგან ეს იქნება მათთვის ღირსების შემლახავი და შეიქმნება ძალადობრივი გარემო ამ ორგანიზაციებისთვის თუნდაც იმის გამო, რომ მათ ხელისუფლება უწოდებს აგენტებს.

  • ამ შემთხვევაში ხომ ნებისმიერი მოქალაქე რჩება დაუცველი, რადგან სწორედ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ ჩაგრული მოქალაქეების, ჯგუფების ინტერესებს სასამართლოშიც და სხვაგანაც. ეს არ იცის ხალხმა?

რა თქმა უნდა, აქ საუბარია ათიათასობით ადამიანზე, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ იღებენ დასავლურ დახმარებას და ეს ყველაფერი სწორედ ამ მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და მათ განვითარებისკენ არის მიმართული.

რეალურად, ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს დევნის, რომლებსაც სჭირდება გარკვეული სოციალური პრობლემების მოგვარება, უფლებების აღდგენა.

ამ კანონით ხელისუფლება ყოფს საკუთარ მოქალაქეებს ორ ნაწილად – მის მომხრეებად და აგენტებად. ეს არის სწორედ ბოლშევიკური მეთოდი, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებობდა, რასაც მოჰყვა რეპრესიები 30-იან წლებში და ის, რაც დღეს ხდება რუსეთში, ბელარუსში – სახელმწიფოს მიერ თავისუფალი საზოგადოების დევნა.

  • კობახიძე ქვეყნიდან მიგრაციის გაზრდას ვიზალიბერალიზაციას აბრალებს და არა ვთქვათ იმას, რომ ხელისუფლებამ არ შექმნა სამუშაო ადგილები და გააღარიბა მოსახლეობა. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ათასობით მოქალაქე დარჩება უმუშევარი და ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება მიგრაცია ქვეყნიდან. ეს საფრთხე როგორ შეიძლება დავანახოთ მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს მას?

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე კამპანიას დავიწყებთ, რომ მოსახლეობასაც ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება, რომელიც წესით უნდა აგვარებდეს ქვეყანაში პრობლემებს, სინამდვილეში მოგონილი მიზეზით უქმნის ადამიანებს პრობლემებს და მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის განვითარებაში, მათ დევნას იწყებს.

კანონი, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება ყველას, შეუძლებელია ათასობით ადამიანის გამოცხადება აგენტად, მაგრამ გაძლიერდება ის, რაც ახლა ხდება – შერჩევითი სამართლის გამოყენება, რეპრესიები, პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის, სამოქალაქო აქტივისტების დევნა. ისედაც გამკაცრებულია ხომ კანონი, გაორმაგებულია ჯარიმები, წახალისებულია ულტრა-მემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფები და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ასეთი ჯგუფების გასანეიტრალებლად. დღემდე არ არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და ამ ჯგუფების დაფინანსებით ხელისუფლება არასდროს დაინტერესებულა, მაშინ როცა არსებობს ეჭვი, რომ სწორედ რუსეთიდან ფინანსდებიან ისინი.

ხელისუფლება ცდილობს ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ ევროპამ საბოლოოდ უარი თქვას საქართველოსთან ურთიერთობაზე. ასეთი ნაბიჯია სწორედ რუსული კანონი, შემდეგ იქნება ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რაც დააზიანებს მოსახლეობას.

ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა გააქტიურდა რუსეთის ხელისუფლებასთან კულუარული მოლაპარაკებები, რუსეთი ღიად აქებს „ქართულ ოცნებას“ და ამბობს, რომ სურთ სავიზო რეჟიმის გადახედვა.

ეს არის იმის შედეგი, რომ ევროპის მოთხოვნებს საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს და სურს იქეთ დაადანაშაულოს ევროპა.

  • როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი, რა უნდა იყოს საზოგადოების შემხვედრი ნაბიჯი და რა დროში?

ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს ბრძოლა სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ევროპასა და ამერიკაში, თუნდაც იმაზე, რომ დასანქცირდნენ ის პარლამენტარები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ კანონის მიღებას. სანქციები უნდა გავრცელდეს მათი ოჯახის წევრებზეც, რადგან მათ ვერ უნდა ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც მოაქვს დასავლეთთან, ევროპასთან ინტეგრაციას.

ეს პარლამენტარები ცდილობენ მოუსპონ საქართველოს ევროპული მომავალი და მოგონილი საბაბით მიიღონ ანტიევროპული გადაწყვეტილებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, მაქსიმალურად მკაცრი პოლიტიკა უნდა გატარდეს მათ მიმართ.

ასევე უნდა მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირება ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ხელისუფლების მიერ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება და რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი და არა ერთი პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილება.

ამ პოლიტიკის მიზანია საქართველო ცხოვრობდეს კორუფციაში, ძალადობაში, ნეპოტიზმში და ჰქონდეს შერჩევითი სამართალი, რომ არავის ჰქონდეს შესაძლებლობა იფიქროს ქვეყნის განვითარებაზე, რომ საქართველო დააშოროს ევროპასთან ინტეგრაცია. ეს არის სწორედ რუსული გეგმა.

  • ხალხის ნაწილი ფეისბუკზე წერს, რომ მასობრივი პროტესტის დრო დადგა. თქვენ თუ ხედავთ ამის საჭიროებას?

ხალხის გამოსვლა და აქტიურობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ჩვენ აუცილებლად მივალთ აქამდე, რადგან სხვა გზას ხელისუფლება აღარ ტოვებს. გარდა იმისა, რომ სპობს ყველა მექანიზმს, ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ ადამიანებმა იმუშაონ, იბრძოლონ იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა დააბრუნოს საბჭოთა, რუსულ სივრცეში. ჩვენ სხვა გზა პრაქტიკულად აღარ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ყველა ძალის გამოყენებით შევძლოთ საზოგადოებრივი ძალების მობილიზება.

აქციებით, გამოსვლებით უნდა დავიწყოთ ამ პროცესების წინააღმდეგ ბრძოლა, სხვანაირად საქართველო გაქრება და იქნება რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ნაწილი.

„აგენტების“ სცენარი დაწერილია რუსეთში და ის მეთოდები, რომელსაც ხელისუფლება იყენებს არის რუსული პროპაგანდის ტიპური ინსტრუმენტები – ხელისუფლება რეალურად ახორციელებს პუტინის გეგმას საქართველოს ტერიტორიაზე.

  • როგორ ფიქრობთ, თუ ხელისუფლება დაიწყებს მედიის და საკუთარი მოქალაქეების დევნას, ასეთ სახელმწიფოსთან დასავლეთი გააგრძელებს თანამშრომლობას?

ვფიქრობ, ხელისუფლებამ წითელი ხაზი უკვე გადალახა. მან ვერ გათვალა, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მედია ასე მარტივად ვერ გაქრება საქართველოში. ხელისუფლებას გაუჭირდება ამ ბრძოლაში შესვლა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილია მიბმული ევროპასთან, დასავლეთთან და უცხოეთიდან შემოსულ დახმარებასთან, საგანმანათლებლო თუ სხვა პროგრამებთან. ნამდვილად არ იქნება მარტივი საქართველოში ასეთი კანონის ამუშავება.

ვფიქრობ, ხალხი იმაზეც მეტად გაბრაზდება, ვიდრე ეს იყო ზაფხულში, რადგან არავის, არცერთ ხელისუფლებას არ გაუბედია, კომუნისტური ხელისუფლების შემდეგ ის, რაც გაბედა „ქართულმა ოცნებამ“. პრაქტიკულად ეს არის სილა, რომელიც გააწნა მოსახლეობას, საზოგადოებას. ვფიქრობ ამ სილას ყველა მალე იგრძნობს და დაიწყება პროტესტი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 22 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 145 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 620]
  • ტანკი – 3 334 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 569 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 2 345 ერთეული [+7]
  • MLRS – 471 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 243 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 299 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 026 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 212 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 226 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 22 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 386 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 213 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 979 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 037 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 179 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 494 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პუტინი საუბრობს მძიმე დროზე და იმაზე, რომ რუსეთში ყველაფერი მშვენივრადაა – ბრიტანეთის დაზვერვა

დღეს ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი აკავებს – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ომის შიშის გამო მოსახლეობის ნაწილი მზადაა ამ ეტაპზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს აქვს მოთმინების ფიალა,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც ვესაუბრეთ ხალხის პროტესტზე: როდის შეიძლება მოქალაქეებმა გავლენა იქონიონ პროცესზე, როცა ლიდერები არ არიან, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს?

„ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ხელისუფლებას, არის საზოგადოებრივი აზრი. ეს გავლენა რომ არ იყოს, ხელისუფლების განცხადებები კიდევ უფრო ხისტი იქნებოდა,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლიტოლოგი. კორნელი კაკაჩიას აზრით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპოზიციისგან ველის მოსუფთავების შემდეგ, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მარგინალიზებას ცდილობს, 2024 წლის არჩევნებზე „გამარჯვება გარანტირებული რომ ჰქონდეს“.

„პრობლემა ჯერ კიდევ ისაა, რომ ამომრჩეველი ვერ ხედავს ალტერნატიულ ძალას პოლიტიკურ ველზე. ხელისუფლება ამიტომაც უტევს ახლა სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს ალტერნატივა შესაძლოა სამოქალაქო მოძრაობიდან წამოვიდეს…“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

„ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია.

  • ბატონო კორნელი, თქვენი დაკვირვებით, როგორია ხალხის რეაქცია, როცა ნებისმიერი გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით 80 % ირჩევს ევროპულ პერსპექტივას, ხელისუფლება კი, რუსული კანონის მისაღებად ემზადება? 

ჯერ ახალი ამბავია კანონპროექტის საკითხი და ბევრისთვის უცნობია შედეგები, რასაც ის გამოიწვევს. რეალობა არის ის, რომ თუ ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით ავტორიტარულ ტენდენციებზე, ამ კანონის მიღების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ახდენს. ბუნებრივია, თავისი შედეგების გათვალისწინებით.

ხელისუფლებამ შეძლო პოლიტიკური ოპოზიციის მეტ-ნაკლებად მარგინალიზება, პრაქტიკულად ეს ველი მოსუფთავებული აქვს. ამ ეტაპზე კი, მისთვის, რასაც შეეძლო პრობლემის შექმნა, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ სეგმენტის მარგინალიზაციაც მოახდინოს და განსაკუთრებით რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მას საზოგადოების თვალში, თორემ გასაგებია, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არავინ არის. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ 2024 წელს მეტოქე არ ჰყავდეს და გარანტირებული ჰქონდეს გამარჯვება.

ამ ახალი კანონპროექტის მიღებით, ხელისუფლება იღებს მოწინააღმდეგედ მედიას და სამოქალაქო სექტორს და ამას გარდა ასეულობით ოჯახს, რომელიც ბენეფიციარი იყო სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ალბათ არ დარეგისტრირდება, ზოგი საერთოდ შეწყვეტს საქმიანობას და ასე შემდეგ.

ამავდროულად, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ადამიანებს აქვთ ომის შიში, მათთვის სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და ხელისუფლებამ ეს კარგად იცის. ის ოპოზიციისგან განსხვავებით, ახერხებს ჩაატაროს კვლევები და მათზე დაყრდნობით იმოქმედოს.  კვლევებით კი ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილი მზადაა ამ ეტაპზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს აქვს მოთმინების ფიალა.

  • როდის შეიძლება აივსოს „მოთმინების ფიალა“? აქამდე თუ ხელისუფლებისგან ვისმენდით ანტიდასავლურ გზავნილებს, ამჯერად უკვე მკაფიოა, რომ იგი მუშაობს ხალხის საპირისპიროდ, საქართველოსთვის სტატუსი მინიჭება რომ ვერ მოხერხდეს. 

უსაფრთხოების რისკი, რომელიც არის დაკავშირებული რუსეთთან, დღეს აჭარბებს ყველა იმ ნეგატიურ საკითხს, რის გამოც ხალხს შეიძლება მოთმინების ფიალა აევსოს.

რამდენიმე ფაქტორია: გააჩნია, როგორ დასრულდება ომი. აქტუალურია სოციალურ-ეკონომიკური საკითხები – ყოველ მეოთხე, თუ მეხუთე ადამიანს საზღვარგარეთ სურს წასვლა, ფასები იზრდება… ამ ყველაფრის შედეგი იქნება ალბათ მომავალი წლის არჩევნები, სადაც ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, როგორ აფასებს ხელისუფლების საქმიანობას.

პრობლემა ჯერ კიდევ ისაა, რომ ამომრჩეველი ვერ ხედავს ალტერნატიულ ძალას პოლიტიკურ ველზე. ხელისუფლება ამიტომაც უტევს ახლა სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს ალტერნატივა შესაძლოა სამოქალაქო მოძრაობიდან წამოვიდეს…

კორნელი კაკაჩია
  • ალტერნატივის დანახვის და ლიდერის გარეშე, რამდენად შეიძლება მოსახლეობამ პროტესტი გამოხატოს ისე, რომ გავლენა მოახდინოს პროცესზე? 

შესაძლოა, ეს მოხდეს მოულოდნელად – საქართველო ძალიან ემოციური ქვეყანაა. ჩვენთან პატარა მუხტმა შესაძლოა შექმნას დაუგეგმავად და მოულოდნელად საპროტესტო ტალღა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, გავრილოვის შემთხვევაში. ასე რომ, მთლად დალხინებული არ ვიქნებოდი ხელისუფლების ადგილას, მით უმეტეს, ამ მძიმე მოცემულობის ფონზე, რაც არის ახლა საქართველოში.

  • გამოცდილების გათვალისწინებით უშვებთ, რომ მოქალაქეებმა ლიდერის გარეშეც გამოხატონ პროტესტი, როცა ხედავენ, რომ კარგავენ ევროპული განვითარების შესაძლებლობას? 

ჩემი აზრით, ეს დამოკიდებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესზე: ქვეყანა მიიღებს თუ ვერა სტატუსს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა – CRRC-საქართველომ წარმოადგინა კვლევის შედეგები, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის ომი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

CRRC-საქართველოს კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 30 % ამბობს, რომ საქართველომ უნდა დათმოს პროდასავლური ორიენტაცია, თუ ეს რუსეთთან ომს აგვარიდებს. იგივე პოზიციას იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერებიდან 26 %, ხოლო მიუმხრობელი ამომრჩევლების 16 %

რეალურად ამ შიშს იყენებს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. კვლევა აჩვენებს, რომ ვიდრე არ დასრულდება ომი, მოსახლეობის ნაწილი ამჯობინებს სტაბილურობის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი არ არის.

  • გამოდის, რომ „ოცნება“ დებს ერთგვარ ფსონს იმაზე, რომ ომს რუსეთი მოიგებს? 

დიახ. თუ უკრაინის გამარჯვებით დასრულდა ომი, მაშინ სერიოზული პრობლემები ექნება ხელისუფლებას საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, თუ უკრაინა მიიღეს ნატოში, საქართველო – არა.

  • თქვენი დაკვირვებით, როგორ მართავს „ქართული ოცნება“ ბრაზს, რომელიც პერიოდულად ჩნდება ხალხში სხვადასხვა საკითხის გარშემო? 

საკმაოდ კარგად მართავს, მათ შესწავლილი აქვთ საზოგადოებრივი აზრი და ამიტომაც უკვეთენ კვლევებს.

ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ხელისუფლებას, არის საზოგადოებრივი აზრი. ეს გავლენა რომ არ იყოს, ხელისუფლების განცხადებები კიდევ უფრო ხისტი იქნებოდა.

ამ მოცემულობაში არაა გამორიცხული, გააქტიურდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები, ან ახალი პარტია შეიქმნას, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევი ჩანს. თუ ხალხმა ჩათვალა, რომ საფრთხის წინაშეა მათი თავისუფლება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ამან შეიძლება შეცვალოს სიტუაცია.

  • თქვენი აზრით, ხალხისთვის აშკარად ჯერ არ ჩანს, რომ ეს საფრთხე არსებობს?

ეს ახლაც საგრძნობია ადამიანებისთვის, მაგრამ მას ჯერ კიდევ უსაფრთხოების საკითხი სჯობნის.

დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ისიც, რომ იდეების ნაკლებობაა – ახალი იდეა სჭირდება ხალხს. ეს ძველი, გაცვეთილი იდეები, რაზეც მუშაობენ ოპოზიციის ლიდერები და ოპოზიციური ტელევიზიები, არ მუშაობს. ახალი ტიპის მიდგომებია საჭირო, ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე.

ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა

ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე ვრცელდება. ვიდეომასალაში ასევე ჩანს გზაზე გადავარდნილი ტრაილერი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა.

დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე ჯგუფი გავიდა და დეტალური ინფორმაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

განახლება: 22 თებერვალს გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ „ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.“

დაზიანებული ხიდი რიონზე / ფოტო: გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი 4 მონაკვეთად [ლოტად] შენდება.

  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 4] ღირებულება 113 მილიონი ლარია [სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს [ეს გზა ლანჩხუთში, სოფლებს – ხაჯალიასა და გრიგოლეთს [სუფსა] შორის გადის და გაიხსნა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში].
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 3] – ლანჩხუთსა და ხაჯალიას შორის მონაკვეთი. დეპარტამენტმა 2022 წლის სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებული, რომელმაც ეს მონაკვეთი უნდა ააშენოს, უკვე გამოვლენილია.
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 2] მონაკვეთი გახსნილია ჯაპანასა და ლანჩხუთს შორის. პროექტის ღირებულება – 253 979 678 ლარი.
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 1] მონაკვეთზე [სადაც დღეს ხიდი დაზიანდა] სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილი იყო 2022 წელს, თუმცა ვერ დასრულდა; სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს – 72 408 171 ლარს; დეპარტამენტის ინფორმაციით, დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ლოტი 1-ის მშენებლობაზე დეპარტამენტმა ხელშეკრულებები თავის დროზე ორ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან შეწყვიტა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით უნდა დასრულდეს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები „სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა“.

ამ თემაზე ვრცლად: 

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში

საპარლამენტო უმრავლესობა რუსული კანონის მიღებას გეგმავს. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობენ ან დაფინანსებას იღებენ უცხოური ორგანიზაციებიდან, „უცხოური ძალის“ ან/და „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არაერთი მაღალჩინოსანი თუ რიგითი თანამშრომელია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, უცხოური დაფინანსებით სწავლობდნენ ან ისეთ პროექტებში იყვნენ ჩართულები, რომლებიც საერთაშორისო დონორებისგან ფინანსდებოდა.

1.თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია. მას განათლება ევროპასა და ამერიკაში აქვს მიღებული.

თორნიკე რიჟვაძის განათლებაში ფული აქვს დახარჯული როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე დიდ ბრიტანეთს. ხოლო ხელფასის სახით ანაზღაურება მიღებული აქვს ისეთი მსხვილი დონორებისგან, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც აჭარის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, თორნიკე რიჟვაძე 2006-2007 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიატი. ამ პროგრამის წყალობით საშუალო სკოლა კალიფორნიაში, პასო რობლეში დაამთავრა.

2012-13 წლებში მოიპოვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდია და სწავლობდა ლონდონში, სიტის უნივერსიტეტში.

2007–2013 წლებში თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამის ფარგლებში მუშაობდა და დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი შედიოდა მის მოვალეობაში.

2010-2011 წლებში კი გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორად.

2. ჯაბა ფუტკარაძე

დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში აქვს განათლება მიღებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს.

2011-2013 წლებში ჯაბა ფუტკარაძე მაგისტრატურაზე სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში. 2014-2018 წლებში კი დოქტორანტურა გაიარა პოლონეთში, ვარშავის ეკონომიკის სკოლაში (SGH).

3. ნინო ნიჟარაძე

USAID-ის პროექტში აქვს ნამუშევარი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს. კერძოდ, ის 2008 – 2011 წლებში იყო სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია (MSCI, USAID) პროექტის „ტუბერკულოზის მართვა და კოორდინაცია“ კოორდინატორი.

4. ტიტე აროშიძე

საერთაშორისო ფონდებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში აქვს ნამუშევარი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ტიტე აროშიძეს.

ტიტე აროშიძე 2004-2005 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი.

2015-2017 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ხელმძღვანელი. პროექტი ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული.

2017-2019 წლებში ამავე არასამთავრობო ორგანიზაციაში ტიტე აროშიძე ევროკავშირის პროექტ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მთავარი ასისტენტი იყო.

5. ვლადიმერ მგალობლიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა დაფუძნებული ვლადიმერ მგალობლიშვილს, უმაღლესი საბჭოს წევრს, მმართველი პარტიიდან.

2009-2012 წლებში ვლადიმერ მგალობლიშვილი იყო „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის და თავისუფლებებისათვის“ თავმჯდომარე.

საჯაროდ გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ვლადიმერ მგალობლიშვილი 2011-2012 წლებში იყო პროექტ „სამოქალაქო აქტივობის კლუბის“ დირექტორი. ეს პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“, იგივე სოროსის ფონდის დაფინანსებული იყო.

ბიოგრაფიაში ვლადიმერ მგალობლიშვილს კიდევ 3 პროექტი აქვს მითითებული, რომელსაც „ევროპის კავშირის“ დაფინანსებით ახორციელებდა.

მგალობლიშვილის ბიოგრაფიის თანახმად, არაერთ ტრენინგში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის მიერ იყო დაფინანსებული და ორგანიზებული.

რა ხდება

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

ის, რასაც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები “გამჭვირვალობის” საჭიროებით ხსნიან, გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტი არ ეხება მთავრობას, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამში, 2.8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღო უცხოეთიდან. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული “აღიაროს”, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ბათუმში #1 პოლიკლინიკას ახალი შენობა ექნება

ბათუმში სამ სამედიცინო დაწესებულებას – ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის N1 პოლიკლინიკას და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ. ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა.

სამივე შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია.

იანვრის თვეში „ბათუმელებმა“ დაწერა სასწრაფო დახმარების ახალი შენობის პროექტის შესახებ, რომელიც ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ადგილას აშენდება.

ამავე ტერიტორიაზე, ტბელ აბუსერიძის 2 ნომერში, მდებარეობს ბათუმის #1 პოლიკლინიკა, რომელსაც, როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, ახალი შენობა ექნება.

„ბათუმის I პოლიკლინიკას, სადაც ყველაზე მეტი ბენეფიციარი იღებს მომსახურებას, შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ პოლიკლინიკის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ამ პროექტის ფარგლებში 50 000-ზე მეტ ჩვენს თანაქალაქელს და მოქალაქეს გაუუმჯობესდება როგორც პირობები, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს სამედიცინო სერვისების განვითარება და მათი გაუმჯობესება“,  – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პირველი პოლიკლინიკაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე აშენდება. პოლიკლინიკა ამ ტერიტორიაზე ცალკე შენობად განთავსდება თუ ერთიან კონცეფციაში მოიაზრება, ჯერჯერობით, უცნობია.

რაც შეეხება ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, იგი ამჟამად თაბუკაშვილის 17 ნომერში მდებარეობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტუბერკულოზის ცენტრი ინფექციური საავადმყოფოს შენობაში განთავსდება, რომელიც ჯემალ ქათამაძის 11 ნომერში მდებარეობს და რომელსაც ასევე რემონტი ჩაუტარდება.

„ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟის და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობაზე“ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.

რა ვადებში იგეგმება ინფექციური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია და ტუბერკულოზის ცენტრის მიერთება, ჯერ არ არის ცნობილი.

ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – PHR

საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო დები, რომლებიც ბავშვობაში, ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR – იცავს.

„ეკა* 31 წლის არის. დაახლოებით 7 წლის იყო, როდესაც მის მიმართ ბიძამ სექსუალური ძალადობა დაიწყო. ეკას მიმართ სექსუალური ძალადობა ხშირად ხდებოდა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

მარიამი* დღეს 24 წლისაა.  მის მიმართ გაუპატიურება დაახლოებით 14 წლის წინ მოხდა, იგი  ბიძის მხრიდან ძალადობას სისტემატურად, წლების განმავლობაში განიცდიდა“ – წერს PHR-ი.

ორგანიზაციის განმარტებით, ეკა და მარიამი ბავშვობის ასაკში ვერ აცნობიერებდნენ, რომ ბიძის ქცევა სექსუალური ძალადობა იყო. მათ არც სკოლაში ასწავლეს სექსუალური ძალადობის შესახებ.  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  იმ ასაკში ეკაც და მარიამიც განეკუთვნებოდნენ მოწყვლად ჯგუფს, რომლებსაც ასაკის გათვალისწინებით ხელი არ მიუწვდებოდათ იმ ცოდნაზე და გამოცდილებაზე, რაც მისცემდათ ქმედებების გაცნობიერების საშუალებას და რითაც შექმნილ სიტუაციაში თავს დაიცავდნენ.

„ეკამ და მარიამმა თავიანთი უფლებების დასაცავად ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ძალადობიდან რამდენიმე წელია გასული, შესაძლებელი გახდა მტკიცებულებების შეგროვება.

2023 წლის 1-ელ თებერვალს პროკურორმა დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატის მოთხოვნა ეკას და მარიამის დაზარალებულად ცნობის შესახებ. გამოძიების ამოწურვისთანავე, PHR მოძალადის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას მოითხოვს“ – წერს PHR.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ბავშვების ინფორმირებას სექსუალური ძალადობის შესახებ.

„შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 9 ივლისს PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ბავშვის ასაკის შესაბამისი, ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანისა და სწავლების შესახებ“ – წერს ორგანიზაცია.

ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ისაუბრა რუსული კანონის – უცხოეთის გავლენის აგენტების საფრთხეებზე და განაცხადა, რომ კანონი მიმართულია არა გამჭვირვალობისკენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებისკენ.

შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 10 წელზე მეტი მუშაობდა.

„ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს. იმ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება ვიდრე ის, რასაც „ქართულ ოცნებაში“ გადმობარგების შემდეგ გააკეთებთ.

ოჩიგავას საქმეზე რომ ლაპარაკობდით აქ, შემთხვევით ხომ არ მოგიკითხავთ ვინ მუშაობდა, ვინ მოიგო, ისევე როგორც ნაწამები პატიმრების და დაჩაგრული ადამიანების საქმეებზე წლების განმავლობაში? ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, ვისაც ახლა თქვენ უპირებთ უცხო ქვეყნის აგენტები დაარქვათ და შემდეგ ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი „ტიტუშკები“. აი ეს არის სცენარი.

ოჩიგავას ინტერესებს იცავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად.

თქვენ ბატონო შალვა, ძალიან კარგად იცით, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები, მოქალაქეები იღებენ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან და რომლებისგანაც თქვენ ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხებს და იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, განათლებას, ჯანდაცვას, გელათის რეაბილიტაციას და ასე შემდეგ, ეს თანხები იხარჯება გამჭვირვალედ და როგორც დონორები, ასევე სახელმწიფო სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგან მოდის ეს თანხები.

შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის, ეს არის სირცხვილი“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ კანონის შემოღება მიმართულია არა გამჭვირვალობისკენ, არამედ იქითკენ, რომ ქვეყანაში გააუქმოს სამოქალაქო საზოგადოება.

„ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი, რადგან ჩვენ ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მან ამავე სხდომაზე კითხვა დაუსვა პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ რატომ არ იმყოფება საქართველოს დელეგაცია ახლა უკრაინაში, სადაც გლობალური უსაფრთხოების ლიდერები იკრიბებიან და რატომ თქვა უარი პარლამენტმა კიევში ვიზიტზე.

 

როდის გამოიდარებს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 თებერვლის 21 საათიდან 22 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა.

აჭარის მთებში მოსალოდნელია თოვა.

იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1- 6 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 23 თებერვალს აჭარაში შენარჩუნებული იქნება წვიმა, მთაში – თოვა. 24 თებერვალს, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

თურქეთში გუშინ მომხდარ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 213 – დაშავდა

20 თებერვალს, საღამოს, თურქეთში, ჰატაის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა – ამის შესახებ თურქული მედია წერს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.

მინისტრის თქმით, ამავე დროს, სამ ობიექტზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაახლოებით 20:04 საათზე მოხდა და მას სამი წუთის შემდეგ 5,8 მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა.

ორი ახალი მიწისძვრა გუშინ იმავე პროვინციაში მოხდა, სადაც ორი კვირის წინ 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

___________________

ფოტოზე: ჰატაი, 20 თებერვალი. ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

დიზელის სინჯებში დარღვეულია გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ცნობით, საქართველოში 29 ავტოგასამართ სადგურზე დიზელის საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლენილა საავტომობილო ბენზინის სინჯებში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა 3 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.

 

m²-ს მეზღვაურებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

m²-ში მეზღვაურებისთვის სპეციალური შეთავაზება დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, m² Highlight-ის პროექტში მომგებიანი პირობებით ისარგებლონ და შეიძინონ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სახლი.

აქციის ფარგლებში, მეზღვაურები ისარგებლებენ 0%-იანი შიდა განვადებით, სახლის შეძენისას გადაიხდიან ღირებულების მხოლოდ 10%-ს, მშენებლობის დასრულებამდე, ეტაპობრივად დაფარავენ ღირებულების 80%-ს, დასრულებისას კი, – 10%-ს.

აქცია ძალაშია 2023 წლის 20 თებერვლიდან 15 მარტამდე.

m² Highlight 36 და 26 სართულიან, გამორჩეული დიზაინის მქონე ორ შუშის ნაგებობას გააერთიანებს. მაცხოვრებლებს აქ დახვდებათ სახლების მრავალფეროვანი არჩევანი, ხედები თბილისზე, საერთო სამუშაო სივრცე, საოფისე და კომერციული ფართები, მიწისქვეშა ავტოსადგომები.

პროექტი თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, m² -ის ინოვაციური უბნის – m3 საბურთალოს მიმდებარედ აშენდება და ამ უბანს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

სპეციალური შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია m²-ის ცხელ ხაზზე – (032) 2 444 111, ასევე ვებ-გვერდზე –  www.m2.ge. უცხოეთიდან Viber | WhatsApp-ით, ნომერზე – (+995) 577 35 77 33.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – მიმართვა ხელისუფლებას

საქართველოში მოქმედი 260 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ათობით ადამიანი ერთობლივ მიმართვას აქვეყნებს. მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი, რუსული კანონი.

მიმართვის ტექსტს, რომელსაც ხელს 260 ორგანიზაცია აწერს, „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები;

დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს;

არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.

რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე“.

კანონზე ხელმომწერი ორგანიზაციები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

[red_box]კანონპროექტის შესახებ[/red_box]

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

ის, რასაც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები “გამჭვირვალობის” საჭიროებით ხსნიან, გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტი არ ეხება მთავრობას, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამში, 2.8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღო უცხოეთიდან. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული “აღიაროს”, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 144 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 760]
  • ტანკი – 3 326 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 6 562 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 2 338 ერთეული [+4]
  • MLRS – 471 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 243 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 299 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 023 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 210 ერთეული [+1]
  • სპეცტექნიკა – 226 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 21 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 386 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 203 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 037 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 171 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 472 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გუშინ, 20 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. ბაიდენის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში უკავშირდება 24 თებერვალს, ერთი წლის თავს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.

სანამ ტრაქტორი ჩვენთან მოვა, მოვა მაისიც – თოვლში ჩაკეტილი ოჯახი

62 წლის შუშანა ბოლქვაძეს და მის მეუღლეს გასულ ზაფხულს ნეგოს შეგროვებისას შევხვდი.

შუშანა ქმართან ერთად ხულოს სოფელ კორტოხში ცხოვრობს. დღეს, ნაშუადღევს, დამირეკა: „გზა ჩაკეტილია, ტელევიზორმა სიხშირე დაკარგა. თითქოს გარე სამყაროს ვიყოთ მოწყვეტილები”. კითხვები ჰქონდა. აინტერესებდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, თურქეთში კიდევ ხომ არ გაზრდილა მიწისძვრისგან დაღუპულთა რიცხვი და ა.შ.

როგორც შუშანამ გვითხრა, ცოლ-ქმარი 110 წლის წინ აშენებულ, ავარიულ სახლში ცხოვრობს და კორტოხში მათი უბანი ყველაზე მეტადაა მოშორებული სოფლის ცენტრს. ამ უბანს მხოლოდ 5 ოჯახი შემორჩენია, 60-დან 90 წლამდე ასაკის მცხოვრებლებით.

შუშანა გვიყვება, რომ მათ უბანში გზები გაუწმენდავია, თოვლის საფარი კი იმდენად მაღალია, უახლოეს მანძილზე მცხოვრებმა ოჯახებმაც კი დაკარგეს ერთმანეთთან კონტაქტი.

„ეს სახლი ძველთაძველია. ფანჯრის კარები ღია მაქვს. სახლი და ბოსელი მორყეულია. უცებ ქარი აქროლდეს, რამე რომ იყოს, გამზადებული მაქვს პლედებიც. თბილად რომ მოიფარო და ფანჯრიდან თოვლზე გადახვიდე უცებ.

სახლის წინა შემოსასვლელი აივნის სიმაღლე 5 მეტრია და თოვლშია ჩაფლული. ვფიქრობთ, რომ ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, თოვლის სიმაღლე ოთხ მეტრამდე მაინც იქნება. ისე ვართ ჩამწყვდეულები ეს ხუთი ოჯახი, ვერ მივდივართ ერთმანეთთან.

ირგვლივ არავის ტელეფონის ნომერიც არ მაქვს. თუ გარეთ გამოიხედავენ და გახმაურდებიან, ეგაა, მაგრამ გამომსვლელიც არავინაა. ყველა თავისთვისაა, ოჯახის წევრები ჰყავთ შეუძლოდ და უვლიან.

არ ვიცით როდის გაიწმინდება გზები ჩვენთან. ჩავიკეტეთ. ზოგს წყალი არ აქვს, ზოგს გზა… კი, გავუძლებთ ყველაფერს, მაგრამ რატომ? ტელევიზორიც აღარ იჭერს, გაითიშა. გზას თუ არ გათხრიან, ოდესმე გაშრება ეს თოვლიც. ჩვენ აქ ვართ. არსად მივდივართ. სად უნდა წავიდეთ?

გასულ წელსაც სანამ არ გამოიდარა და არ დათბა, ტრაქტორი ვერ მოვიდა. ეს ტრაქტორიც ძველია, ძალიან დიდი ხნის. ტრაქტორის მძღოლმა რა უნდა ქნას? მთავრობამ უნდა მისცეს საწვავი, ნაწილი, რომ ჩვენამდეც მოვიდეს. ხან ის ნაწილი გაუფუჭდა, ხან ეს ნაწილი. ძალიან მაღლა ვცხოვრობთ, ტრაქტორსაც ხომ ზურგით ვერ ამოვიყვანთ? თუ გზას გაწმენდენ, მადლობას ვიტყვით.

ერთი ტრაქტორია გამოყოფილი პაქსაძეებისთვის, გელაძეებისთვის, კორტოხისთვის და სხვა სოფლებისთვისაც. სანამ აქ, ჩვენთან მოვა, მოვა მაისიც და ისედაც გადნება თოვლი, ხომ მიმიხვდით? ჩვენ ახლა გვინდა ყურადღება, ახლა ვართ დამწყვდეულები. ახლა გვჭირდება გზებიც, რომ თუ რაიმე შემოგველევა, მოვიტანოთ. ჩვენ, ხანდაზმულები, ვერსად წავალთ, მაგრამ, ხომ უნდა შევძლოთ ვინმეს ვთხოვოთ?

ვერსად მივდივართ და ვერაფერი მოგვაქვს, ვერც მედიკამენტები.

პაქსაძეების ხიდამდე რომ მოვიდეს სასწრაფო დახმარების მანქანა, აქამდე მაინც ვერ ამოვა“, – გვიყვება შუშანა. მეუღლის ნათქვამს ადასტურებს თემურიც, მობილურში მესმის მისი ხმა – „ნამდვილად ასეა, როგორ ამოვა?“.

ქალის თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა არც ერთხელ უგრძნიათ და არც ახლა აქვთ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

შუშანამ და თემურმა ზამთრისთვის 4 ტომარა ფქვილისა და 1 ტომარა შაქრის შეძენა მოახერხეს. შუშანას თქმით, გასულ წელს კარტოფილისგან თითქმის არ ჰქონიათ შემოსავალი, პენსიიდან კი უფრო მეტი თანხის დაზოგვა, სხვა პროდუქტების მოსამარაგებლად, ვერ შეძლეს.

„შემოდგომაზე 95 ლარი ფქვილში, 145 ლარი კი – 1 ტომარა შაქარში გადავიხადეთ.

ახლა არ ვიცი რა ღირს, მაგრამ ეს ფასებიც გაზრდილი იყო წინა წლებთან შედარებით.

ფქვილი, მარილი, ასანთი, საპონი… ყველაფერი ძვირია.

პროდუქტებისთვის როცა გზა იქნება, გავალთ ხულოში, ან ბათუმში, რაღაც იქნება… ან ფულს გავატანთ და ვინმეს მოვატანინებთ, რა ვიცი, ასეთ პრობლემებში ვართ.

ამ წუთში ჩვენთან არც მაღაზიაა, საერთოდ არაფერი, წვრილმანები რომ შევიძინოთ.

სექტემბერში მოვიტანეთ 4 ტომარა ფქვილი. მხოლოდ ორნი ვართ და გვეყოფა, მაგრამ რა ვიცი. თუ გაგვიჭირდება, ზურგით მოვიტანთ, ამის გამოცდილება გვაქვს. პაქსაძეების ხიდიდან ზურგზე მოკიდებული ტომრებით მოვიტანეთ თითო ვედრო ფქვილი მე, ჩემმა ქმარმა და შვილებმა. ფქვილი მეზობელი სოფლიდანაც გვაქვს ზურგით გამოტანილი წვიმაში, ქარში“, – იხსენებს ქალი.

შუშანა და თემური 2 ძროხას უვლიან. ქალმა გვითხრა, რომ ამ პერიოდში ძროხებს  რძე უშრებათ და მცირე რაოდენობის რძის ნაწარმიც არ აქვთ გასაყიდი, მაგრამ რომც ჰქონდეთ, ისედაც ვერსად წაიღებდნენ- „ადრე სულ ციგით დაგვქონდა. ახლა ამის ძალაც აღარ გვაქვს”.

_____________________

ვაგროვებთ და ვაბარებთ ნეგოს – რეპორტაჟი ხულოს მთებიდან

თურქეთში 6.4 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ჰატაის პროვინციაში

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით,  დღეს, 20 თებერვალს, საღამოს, თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრისგან დაზარალებულ ჰატაის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 წუთზე მოხდა.

ასევე დღეს, საღამოს, 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სამანდაგშიც.

ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

___________

ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK

 

ხალხის ზეწოლის გარეშე „ოცნება“ პუტინის რუსეთში შეგვათრევს – რაში ხედავს ოპოზიცია გამოსავალს

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 პირობა უნდა შეასრულოს, ერთ-ერთია მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა.

„ქართული ოცნება“ კი ამის საპირისპირო ნაბიჯს დგამს და აპირებს, რომ ქვეყანაში რუსული კანონი შემოიტანოს, რომლის მიხედვითაც ყველა მედია ორგანიზაცია, ვინც კი ამერიკული და ევროპული დონორებისგან იღებს ფინანსურ დახმარებას, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალ მედია და სამოქალაქო ორგანიზაციებს.

„ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება თავისი განცხადებებით დასავლეთს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რას აპირებს ამ პროცესების საწინააღმდეგოდ პოლიტიკური ოპოზიცია და შესწევს თუ არა ძალა, შეაჩეროს პუტინის რეჟიმის გავლენა საქართველოში ხალხის ჩართულობით?

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი აჭარაში, თემურ გორგაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ შეჩერების ერთადერთი გზა რევოლუციაა.

„რევოლუციის გარდა ამათ არაფერი უშველის. როგორც კი საკმარისი ადამიანები იქნებიან ამისთვის მზად, მაშინვე ვაპირებთ, რომ რომელიმე შენობა დავაპიკეტიროთ“, – ამბობს თემურ გორგაძე.

როგორ მუშაობთ მოქალაქეებთან? – ვკითხეთ მას. თემურ გორგაძის თქმით, ისინი ეკონტაქტებიან ადამიანებს, ვინც საქართველოს მომავალს ევროკავშირში ხედავს.

„ვცდილობთ გავაერთიანოთ დასავლეთის მომხრე და რუსეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიები და ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც არ სურს სიბნელეში ცხოვრება.

მისი თქმით, 24 თებერვალს დაგეგმილია აქცია, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, სადაც ასევე დაელაპარაკებიან ადამიანებს იმ საფრთხეებზე, რაც ელოდება ქვეყანას „ქართული ოცნებისგან“.

„ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ თუ ვინმეს რაიმე გაუკეთებია აქამდე, იქნება ეს ხალხის დაორგანიზება თუ საპროტესტო აქცია, ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით ყოველთვის.

ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ და ვწვალობთ, რომ რაიმე გავაგებინოთ ადამიანებს.

პრობლემაა ისიც, რომ ოპოზიციად წოდებული ადამიანები თამაშობენ და ყველა, ვინც პარლამენტშია, თამაშობს ოპოზიციის როლს“, – გვეუბნება თემურ გორგაძე.

მისი თქმით, ისინი კვლავ შეეცდებიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გააგრძელონ ბრძოლა.

„ქართული ოცნების“ ხელით, საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარების შეჩერების სხვა მექანიზმს ხედავს პარტია „ხალხისთვის“ ხელმძღვანელო ანა დოლიძე.

მისი აზრით, შესაძლებელია ერთ-ერთი ფორმა იყოს საპროტესტო აქციებიც, თუმცა ამას ოპოზიცია იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ გამოვა თავის მართლების პოზიციიდან და ხალხთან საუბარს დაიწყებს.

„მე როგორც შევამჩნიე, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა არის შემდეგნაირი, რომ შემდეგი ერთი წელი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაქსიმალურად აწარმოოს ანტიევროპული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის შიგნით, რომ შეცვალოს მოსახლეობის აზრი.

თუ დღეს მოსახლეობის 90 პროცენტს აქვს პროევროპული განწყობა, ნელ-ნელა, ეს განწყობები შეცვალოს“, – ამბობს ანა დოლიძე. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის „ფორმალური შეხვედრები“, რომელსაც ღარიბაშვილი აწარმოებს ევროკავშირის ლიდერებთან, „შინაარსობრივი პროგრესის გარეშე, ფორმალურად, დროის გაყვანის მიზნით“, – ამბობს ანა დილიძე.

მისი აზრით, ოპოზიციის მიზანია „ქართული ოცნების“ ამ გეგმას დაუპირისპიროს ადეკვატური საინფორმაციო კამპანია.

„ჩვენ უნდა გვქონდეს საუბარი ხალხთან, ოღონდ ამ კამპანიის არსი თავის მართლება კი არ უნდა იყოს, რომ „ჩვენ არ ვართ ომის პარტია“ და ასე შემდეგ, ოპოზიციას უნდა ეჭიროს დროშა, რომ ევროკავშირი არის კეთილდღეობა და „ოცნება“ არის გაჭირვება, ჭაობი და სიდუხჭირე საქართველოს მოქალაქისთვის.

თუ ასე არ მოვიმოქმედებთ, გაიმარჯვებს ხელისუფლება, რადგან დღეს ოპოზიცია არასწორად თამაშობს. სინამდვილეში, აქცენტი უნდა იყოს მთავარ საკითხზე – ევროკავშირი არის კეთილდღეობა, „ქართულ ოცნებას“ კეთილდღეობა თავისი ხალხისთვის არ უნდა.

ასევე, გადავავლოთ თვალი რა ხდება ქვეყნის შიგნით, რატომ გარბის ხალხი ევროკავშირის ქვეყნებში – იმიტომ, რომ საშოვარი და სარჩო არ აქვს ამ ქვეყანაში. ოპოზიციას უნდა გქონდეს შეხება ხალხთან, რომ შემდეგ მათ თანაგიგრძნონ და გაიზიარონ ის დღის წესრიგი, რომელსაც შენ სთავაზობ, როგორც პარტია“, – ამბობს ანა დოლიძე.

მისი თქმით, რუსული კანონის შემოტანა ნამდვილად საფრთხეა ქვეყნისთვის, რომელიც ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენოს სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისთვის, რომ დაათმობინოს ჯერ ომბუდსმენი, შემდეგ კი არჩევნები.

„თუ შევხედავთ იმას, არ უნდა დაგვავიწყდეს რა მოხდა ამ კანონის შემდეგ ავტორიტარულ ქვეყნებში – რუსეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც საერთოდ გაუშვეს საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნების დროს.

ამ სიტუაციაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველი – განმარტება ხალხისთვის, რომ ენჯეოებს კი არ ავიწროებს ხელისუფლება, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ფუნქციონირებას, რადგან, როგორც ვიცით, საქართველოს ბიუჯეტი პირდაპირ იღებს დახმარებას ევროკავშირიდან, მსოფლიო ბანკიდან, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ გავისტუმრებთ საბიუჯეტო ვალებს.

ანუ ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ესენი ამას გააკეთებენ.

ამას აკეთებს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ჩამოეხსნას დასავლეთთან დამოკიდებულებას და რუსეთთან გაიმყაროს ზურგი. პარალელურად, შეხედოს რა მოხდება უკრაინის ომის შემდეგ“, – ამბობს ანა დოლიძე.

მისი აზრით, საზოგადოება მაშინ გაჰყვება ოპოზიციას, თუ ის ხალხის პრობლემებზე საუბარს მოახერხებს.

„მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ ხალხთან იმ საკითხებზე, რომელიც ადარდებს ხალხს. მაგალითად, რამდენიმე დღეა სიცივეში გაყინული დგანან „საირმეს“ თანამშრომლები და ხელფასი არ მიუღიათ, რადგან გაიფიცნენ.

ცოტა ხნის წინ გაიფიცა „გლოვო“, ეს მიუთითებს, რომ ხალხს ადარდებს ფასები, ხელფასები და ეს საკითხი თან პირდაპირ უკავშირდება ევროპას. ამაზე უნდა ვესაუბროთ, ჩემი აზრით ამაშია გამოსავალი“, – ამბობს ანა.

მისი აზრით, შემზადების გარეშე მასობრივი პროტესტი ვერ მიიღწევა და არც ამის დაანონსებაა რაციონალური.

„მგელი, მგელიო“, ხომ გაგიგიათ, არა? ამით გაუფასურდება ეს ტერმინი, რადგან მასობრივი პროტესტი ხალხთან მუშაობის გარეშე არ ხდება. ამას სჭირდება მუშაობა, მზად რომ იყოს ხალხი და საპროტესტოდ გამოვიდეს“.

თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მასობრივი პროტესტიც შედგეს.

„ევროკავშირის პერსპექტივას რომ ვკარგავთ, ეს ცალსახად არის მგრძნობიარე თემა ხალხისთვის. თუ ამას დავუკავშირებთ იმას, რომ რეალურად ჩვენი რეკოლონიზაცია მიდის, ამ ყველაფერს სჭირდება გამათავისუფლებელი მოძრაობა და ეს მოძრაობა რომ გამოიწვიო, უნდა იმუშაო ხალხთან.

ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაწესებულებას ხელფასი არ გადაურიცხა, რატომ? თუ კორუფცია არ არის. აუტისტი ბავშვები სერვისების გარეშე დარჩნენ, რამდენი ხანია ქალთა მიმართ ძალადობის კანონის გამკაცრებას ითხოვენ და ასეთ თემებზე არ საუბრობენ ხალხთან.

წლის ბოლოს კი, როცა დადგება ანგარიშის დრო და ჩვენ მოვთხოვთ მათ პასუხს, რატომ დადიოდნენ ხალხის ფულით მიუნხენში, რატომ ხვდებოდა ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს და რატომ არ დადგა შედეგი, ეს იქნება წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებას ვაჩვენებთ“, – ამბობს ანა დოლიძე.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ისინი გამოსავალს მასობრივ და პერმანენტულ პროტესტში ხედავენ.

„ფაქტია, რომ ხელისუფლება არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც რეალურად ჩვენ გვჭირდება და არა მათ. ვხედავთ, რომ ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ.

ომბუდსმენის არჩევნებზე კანონი შეცვალეს და პროცესი ჩიხში შევიდა, პარლამენტში კითხვას ვერ დასვამს თურმე ჟურნალისტი, შემოაქვთ რუსული კანონი და ყველაფერი კეთდება უკუღმა.

როგორ შევაჩეროთ ეს? – ამის უნივერსალური რეცეპტი არის ერთი, დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე და მეორე, ზეწოლა ქართველი ხალხის მხრიდანაც, როცა სენდვიჩის ეფექტს ვიღებთ. რაც იყო უკრაინაში, რაც მივიღეთ შევარდნაძის და აბაშიძის შემთხვევაში და დღესაც ვართ უკვე ამ ეტაპზე.

ასევე, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ყველგან, უნდა შეექმნას დისკომფორტი ყველას, ვინც ამ ხელისუფლებას ემსახურება, აუცილებლად უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა და არ უნდა ვისხდეთ კაბინეტებში, რადგან თუ ხელებს ჩამოვუშვებთ და მხოლოდ დასავლეთის იმედზე ვიქნებით, აუცილებლად შეგვათრევს „ქართული ოცნება“ იმ ჭაობში, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია, რასაც კადიროვის რუსეთი ჰქვია“, – ამბობს ლევან ანთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ენმ-დან.

მისი აზრით, დღეს ყველა უნდა გამოვიდეს პარტიული ჩარჩოებიდან და ერთიანი მიზნისთვის იბრძოლოს.

„არ აქვს მნიშვნელობა პარტიულია, არ არის პარტიული, მოსწონს სააკაშვილი თუ არ მოსწონს, ყველამ უნდა გავაღოთ კარები და ვიბრძოლოთ, რადგან ფაქტია, რომ ხელისუფლება არც სააკაშვილის გადაყვანას აპირებს, რომლის სიცოცხლეც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ხვალინდელ დღესთან და არც 12 პუნქტის შესრულებას. ჩარჩო არის ერთი – ჩვენი კუთვნილი ადგილი უნდა დავიკავოთ ევროპაში და არა ჭაობში, რომელსაც რუსეთი ჰქვია“, – ამბობს ლევან ანთაძე.

საქართველოში ნორმაზე მეტ მარილს მოვიხმართ – რა საფრთხეს უქმნის ეს ჯანმრთელობას

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 მგ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ დოზას – 5 მგ დღეში.

ბევრი მარილის მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორია.

ჯანმო სპეციალურ განცხადებაში იუწყება, რომ საქართველოში არაგადამდები დაავადებების, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარების შემცირება და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა.

„უახლესი მტკიცებულებების თანახმად, მარილის მოხმარების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე მაღალი უკუგება. საქართველოში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამ ინიციატივას შეუძლია გადაარჩინოს 10 000-მდე სიცოცხლე, ხოლო ეკონომიკური მოგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 19.6 ლარია“ – განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.

NCDC: მარილის მოხმარების მცირედ შემცირებაც კი უდიდეს სარგებელს მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, მარილის დღიური დოზის 5 გრამამდე შემცირება გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას იმ დონემდე, რომლის დახმარებითაც ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა 24%-ით, ხოლო გულის კორონარულ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა  18%-ით შემცირდება.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ მარილის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ის პრობლემა, რომელსაც იწვევს მაღალი წნევა, მათ შორის: გულის დაავადება, ინსულტი და თირკმელების დაავადება.  ექიმის განმარტებით, ამის მიზეზია მარილის თვისება, შეაკავოს ორგანიზმში წყალი, რაც ზრდის სისხლძარღვების კედლებზე წნევას, რაც, თავის მხრივ, ხდება არტერიული წნევის გაზრდის მიზეზი.

ექიმი ასევე განმარტავს, რომ მარილის ზომიერი მიღება აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში, მარილი დაწესებული ნორმის ფარგლებშიც საზიანოა ორგანიზმისთვის.

„მარილი შეიცავს ნატრიუმს და მონაწილეობს ორგანიზმის ნატრიუმისა და კალიუმის ცვლაში, ამრიგად ის, მცირე რაოდენობით, აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა არსებობს მთელი რიგი პათოლოგიები, როდესაც ადამიანმა მარილი დაწესებულ ნორმაზე ნაკლები უნდა მიიღოს, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევის, თირკმლის და კარდიოლოგიური დაავადებების დროს” – ამბობს ინგა შავაძე.

NCDC: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია დღეში არა უმეტეს 5 გრამი მარილის მოხმარება, ჩვენს მოსახლეობაში 18–69 წწ ასაკის მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების მაჩვენებელი 8,5 გრამია – ქალებში 7,4 გრამი, მამაკაცებში – 9,7 გრამი. წყარო: არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევა –STEPs. 2016 წ. 

მიიჩნევა, რომ მარილის ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა ზღვის მარილი, ვარდისფერი მარილი და სხვა, არის სუფრის მარილზე უფრო ჯანსაღი ვარიანტი, რის გამოც ბევრს სჯერა, რომ მარილის ამ ფორმით გამოყენება არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მარილი მარილია, შეიცავს ნატრიუმს და ამიტომ ყველანაირ მარილს აქვს ნეგატიური გავლენა არტერიულ წნევაზე.

ჯანმოს ცნობით, ბავშვობაში მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატებას იწვევს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის მოგვიანებით, კერძოდ, მოზრდილებსა და ასაკოვანებში იზრდება ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი.

ინგა შავაძე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, მშობლებმა თავიდანვე უნდა გაითვალისწინონ რაციონში მარილის ნორმალიზება ბავშვებისთვის, და ამ გზით ჩამოუყალიბონ ბავშვებს მარილის ზომიერად მოხმარების ჩვევა. მისვე თქმით, ყველაზე სწორი იქნება, თუ ბავშვებს თავიდანვე არ მივაჩვევთ მარილიანის ჭამას.

ასაკი მარილის მაქსიმალური დოზა
0-6 თვე <1გრ / დღეში
6-12 თვე 1გრ / დღეში
1-3 წელი 2გრ / დღეში
4-6 წელი 3გრ / დღეში
7-10 წელი და ზევით 5გრ / დღეში

„მსოფლიო აქტივობა მარილი და ჯანმრთელობა“ (World Action on Salt and Health – WASH) 

ჰიპერტენზიასთან ბრძოლის ბრიტანული ორგანიზაცია blood pressure uk-ის რეკომენდაციით, საკვების გასაგემრიელებლად, მარილის ნაცვლად სასურველია გამოიყენოთ: ახალი ან ხმელი მწვანილი; ხახვი; ნიორი; წიწაკა; ჯანჯაფილი; დარიჩინი; ლიმონის წვენი; წიწაკა; ძმარი; წითელი ან თეთრი ღვინო, სიდრი ან ლუდი.

ასევე, რეკომენდებულია მაქსიმალურად შეამციროთ ისეთი მარილიანი სოუსების გამოყენება, როგორიცაა სოიას სოუსი, კეტჩუპი და სალათის შესაკმაზი სოუსები; შეამოწმეთ ეტიკეტები საკვების შეძენისას. მარილის შემცველობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა მზა პროდუქციაში.
ჯანმოს საქართველოს ოფისის ცნობით, საქართველო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწყებენ დიალოგს მარილის შემცირების სტრატეგიებზე.

„როცა მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში“ – როგორ ეხმარებიან NGO-ები ხალხს

„იმ დღიდან, როცა ამ მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში. იცოდნენ, რომ კანონიერად ვითხოვდი მიწის რეგისტრაციას.

საია რომ არ ყოფილიყო, მე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. რამდენი უნდა მევლო იქეთ-აქეთ, ხანშიშესული ადამიანი ვარ?!“ – 80 წლის შოთა დევაძე ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანიდან, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა.

საია სახელმწიფოს მიერ დაჩაგრულ ათობით ადამიანს ეხმარება ყოველდღიურად.

დაფინანსება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი საქართველოში იღებს, პროექტების საშუალებით აღწევს რიგით მოქალაქეებამდე. არასამთავრობოები იცავენ მოქალაქეების წართმეულ საკუთრების უფლებას, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს ეხმარებიან შრომითი დავების მოგებაში და შელახული უფლებების აღდგენაში.

ამ სტატიაში მოგიყვებით ორ არასამთავრობო ორგანზიაციაზე – საიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე“, რომლებიც წლებია აჭარის რეგიონშიც მუშაობენ და ადამიანის უფლებებს იცავენ.

„ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში რომ ავიდეთ, იქ ყველა გეტყვით, რომ მათ სკოლაში კომპიუტერული კლასი გაკეთდა ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, სამოქალაქო საბჭოების ადვოკატირების შედეგად.

ვაიოში რომ მიხვიდეთ, იქაც გეტყვიან ადამიანები, რომ სკოლისთვის ახალი ინვენტარი, სპორტული მოედანი, ჯერ კიდევ 2019 წლიდან სპორტული აღჭურვილობა, რომელიც გოგონათა ჩოგბურთის გუნდს ვუყიდეთ, ზოგადად სკოლის რემონტის პროექტი არის სამოქალაქო საბჭოების ადვოკატირების შედეგი,“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ [TI] სამოქალაქო საბჭოებისა და ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გვიყვება.

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ბათუმის ოფისის კოორდინატორი

რას საქმიანობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

ორგანიზაცია სამართლებრივი კუთხით:

  • ეხმარება მოქალაქეებს, როცა სახელმწიფო ექსპროპრიაციით ართმევს მათ მიწას
  • ეხმარება საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ან სხვა ნიშნით განთავისუფლებულ პირებს

ორგანიზაციას აქვს ანტიკორუფციული მიმართულება

  • ავლენს კორუფციაში ჩართულ საჯარო მოხელეებს
  • აკონტროლებს სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურებს – რამდენად მიზნობრივად ხარჯავენ უწყებები ხალხისგან გადასახადების სახით აკრეფილ ფულს
  • აკონტროლებს ხომ არ არგებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები ცალკეულ კომპანიებს სატენდერო პირობებს

TI-ის ასევე აქვს სამოქალაქო საბჭოები, რომელთა წევრი მოქალაქეები თავიანთ თემში არსებული პრობლემების მოგვარებაში არიან ჩართულნი.

"გამჭვირვალობას" ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან ჩემი დაცვისას -   მოქალაქე რომელმაც სამსახური დაკარგა

როგორ იცავს საია მოქალაქეთა უფლებებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 1994 წლის სექტემბერში დაარსდა, აჭარის ფილიალი კი – 1995 წლის ოქტომბერში.

„ამ დროისათვის ის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო რეგიონში, რომელმაც შეძლო დაპირისპირებოდა  აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში 90-იან წლებში ჩამოყალიბებულ  რეჟიმს. საია არის ორგანიზაცია, რომლის გარეშეც ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატიული პროგრესი ვერ წარმომიდგენია. 1994 წლიდან დაუღალავად ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას როგორც ინდივიდების, ასევე ინსტიტუტების დონზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე.

პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

საიას საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საია იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, საია იცავს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს, საია იცავს უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს, საია მიჰყვება თავის ბენეფიციარებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

მაკა მალაყმაძემ საიას იურიდიული დახმარებისთვის მიაკითხა. მაკას განქორწინება სურდა და შვილისთვის ალიმენტის დანიშვნა.

„კერძო ადვოკატთან მისასვლელი ფული არ მქონდა. საია რომ არ დამდგომოდა გვერდში, ჩემს შვილს ალიმენტს ვერ დავუნიშნავდი,“ – ამბობს მაკა მალაყმაძე საიას მიერ მისთვის გაწეული დახმარების შესახებ.

საიას ათობით საქმე აქვს მოგებული, რომლებიც უშუალოდ ალიმენტის დაკისრებას ეხებოდა.

როგორც აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ამბობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად დაახლოებით 25 ათასზე მეტ ადამიანს უწევს სამართლებრივ დახმარებას.

„2000-ზე მეტ სამართლებრივ დოკუმენტს ვამზადებთ წლის განმავლობაში,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

მისი თქმით, საია არის ყველგან, სადაც ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საფრთხე ექმნება.

მოქალაქეები არასამთავრობო სექტორს ყველაზე ხშირად საკუთრების უფლების დასაცავად მიმართავენ.

80 წლის კაცმა 2-ჯერ მოიგო სასამართლო, მაგრამ ბათუმის მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

77 წლის ნოდარ აბაშიძე 2009 წლიდან იბრძვის ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად. მოქალაქემ სასამართლო დავა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ამ ტერიტორიას  კურორტის სტატუსი არ ჰქონდა. ნოდარ აბაშიძის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და მისი იურისტები იცავენ.

„ეს არის განსაკუთრებული საქმე. მაგალითი, როდესაც მოქალაქე არ ნებდება და საკუთრების უფლების დასაცავად იბრძვის,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. იურისტის თქმით, ის დავები, რომლებიც ორგანიზაციას აქვს აღებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცეს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს.

ანა ბერძენიშვილი ხაზს უსვამს იმ საკითხს, რომ ხშირად, რამდენიმე სასამართლოს მოგების მიუხედავად, სახელმწიფო ორგანოები არ აღასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოქალაქეებს თავიდან, იმავე წრეზე უწევთ წასვლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა იქნება, საია თუ კერძო ადვოკატები, ყველას გვიხარია საქმის მოგება. არაფერი შეედრება იმ მოქალაქის სიხარულს, განცდას და მადლიერებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად საბოლოო გამარჯვებას აღწევს. ვერცერთი დაუმსახურებელი კრიტიკა, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენი ორგანიზაციისაკენ მომართული, ამ სიხარულს ვერ გადაწონის“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ანა ბერძენიშვილი,„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი

ხელისუფლების თავდასხმა არასამთავრობოებზე

„შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებადაცვითი ორგანიზაციების შევიწროება“ – გასული წლის სექტემბერში 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართვა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, შეეწყვიტა სექტორზე თავდასხმა.

ასევე მიუთითა, რომ თავდასხმის ნაცვლად, პირიქით, ხელი შეეწყო სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისათვის და უზრუნველეყო უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, საქმიანობის გასაგრძელებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციებს თავს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ესხმოდნენ. მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გასულ წელს ამტკიცებდა, რომ „მდიდარი“ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მათ შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კი მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც თავიანთ თავს „ხალხის ძალას“ უწოდებენ, აპირებენ პარლამენტში დაარეგისტრირონ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ. ეს კანონი შეეხება როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას. შესაბამისად, მთელ საზოგადოებას.

სახელისუფლებო რიტორიკის მიუხედავად, ერთი რამ ფაქტია. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ რიგითი ადამიანების უფლებებს, ეხმარებიან მათ სასამართლოებში, მოქალაქეები NGO სექტორის მხარდაჭერით იგებენ დავებს და იღდგენენ შელახულ უფლებებს.

დაფინანსება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა დონორიდან იღებენ, არაპირდაპირად იხარჯება საქართველოს რიგით მოქალაქეებზე. მაგალითისთვის, როდესაც მოქალაქე რომელიმე NGO ორგანიზაციას მიმართავს, ის კონსულტაციას და დახმარებას ამ ორგანიზაციისგან უფასოდ იღებს.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე საუბრობს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებზე. ის ამბობს, რომ იმის ნაცვლად, ხელისუფლება თანამშრომლობდეს არასამთავრობო სექტორთან და ერთად აკეთებდნენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს, თავს ესხმის სექტორს და მის დისკრედიტაციას ცდილობს.

„რეალურად, სახელმწიფოს და ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ინტერესი. ავიღოთ, მაგალითად, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემა. ჩვენ ვამბობთ – მართლმსაჯულებაში არის პრობლემა. ნორმალურ სახელმწიფოში პირიქით მოხდებოდა – როდესაც ანგარიში გამოქვეყნდებოდა, ერთობლივად დაიწყებოდა ამაზე მუშაობა. ჩვენ ვწერთ კლანურ მმართველობაზე, გაჭიანურებულ საქმეებზე – ამას ყველა ხედავს. მაგალთად, ალიმენტზე დავა როგორი საქმეა ხომ, როგორ უფლებას ეხება. ალიმენტზე დავობ და ამ დროს ორი წლის განმავლობაში შეიძლება პროცესი არ ჩაინიშნოს საერთოდ,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

„ხელისუფლებისგან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არ ველოდებით ლოლიავს და შექებას. ეს არც გვჭირდება. მათ აქვთ საკუთარი გეგმა, ჩვენ გვაქვს მოქალაქეების დახმარების საკუთარი დღის წესრიგი,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ბათუმის ოფისის კოორდინატორი.

მალხაზ ჭკადუა იმ პროექტის შესახებ გვიყვება, რომელიც მათმა ორგანიზაციამ განახორციელა და რომლის წყალობითაც, მაგალითად, სოფელ ვაიოში შიდა გზები დაიგო, სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა და საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა.

„ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებასაც დავანახოთ, რომ არასამთავრობო სექტორი არ არის მტერი ან უცხოური გავლენის აგენტი ან რაღაცა გაურკვეველი, მეტაფიზიკური ძალების წარმომადგენელი. არამედ, ეს არის ადამიანთა ერთიანობა, რომელიც ცდილობს კონკრეტული საზოგადოებრივი სიკეთე მოიტანოს ადგილებზე.

არაფერს არ ვლაპარაკობ ათასობით ისეთ მოქალაქეზე, რომლებსაც სასამართლო პროცესები მოუგიათ ჩვენი დახმარებით, რომელთაც საკუთარი უფლებები დაუცავთ შრომით დავებში, აღდგენილან, განაცდური მიუღიათ.

ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ბოლო, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, მათ შორის, ზოგიერთ საჯარო მოხელეს გადაუდგამს ჩვენიდან, რომ იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ სამართლის ძიებაში. ეს არის ის ჯაჭვი და ის პროცესი, რომლის გარეშეც დემოკრატია არ არსებობს,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

 

114 ათასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს ნანგრევებიდან თურქეთში მიწისძვრის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 114 834 ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა შეძლეს.

ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, 20 თებერვალს, ჰატაის პროვინციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურქეთის სამხრეთში მიწისძვრების შედეგად 118 ათასი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა და დანგრევას ექვემდებარება.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მიწისძვრის ზონაში სულ 1 მილიონ 684 ათასი მოქალაქე დაკმაყოფილდა თავშესაფრით.

ერდოღანის თქმით, პირველ ეტაპზე, დაზარალებულ პროვინციებში ექსპლუატაციაში 100 000 საკონტეინერო სახლი შევა, აქედან 65 000 მონტაჟის ეტაპზეა. საჭიროების შემთხვევაში, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს 200 ათასამდე.

დღეს ერდოღანმა თქმა, რომ მიწისძვრით დაზარალებულები 1 წლის განმავლობაში ახალ სახლებში გადავლენ.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 ათასს გადააჭარბა.

_________________

მიწისძვრა თურქეთში. ფოტო: EPA-EFE/SEDAT SUNA

 

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.

აღნიშნული ჯილდო თიბისის მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. 2022 წელს თიბისი მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტრანზაქციის მონაწილე იყო, რომელიც EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერითა და FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელდა.

ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი – 48%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.

„საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ვაჭრობის დაფინანსების ისეთ გადაწყვეტებზე, რომლებიც ვაჭრობის პროცესსა და მომარაგების ჯაჭვს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ახლა მსოფლიოში გეოპოლიტიკური გამოწვევები დგას. სწორედ ამიტომ, კლიენტები ჩვენგან – მათი პარტნიორი ბანკებისგან, დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ელიან. Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება, ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე არა მარტო ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს, არამედ ადასტურებს, რომ ნებისმიერ რეალობაში პარტნიორების სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

2022 წელს თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა:

თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში – ყველაზე აქტიურ ბანკად, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) – ყველაზე სწრაფად მზარდ და საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად, ჟურნალმა Euromoney – საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად, ბრიტანულმა BCR publishing-მა კი, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა.

ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალურმა წარმომადგენლობითმა ორგანომ (FCI), თიბისისა და Armswissbank-ის, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებული საერთაშორისო ტრანზაქცია, 2022 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანზაქციად დაასახელა და მე-4 საპრიზო ადგილი მიანიჭა.

შეზღუდვები ქედა-ხულო-გოდერძის გზაზე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ88 [ქედა-ხულო] მონაკვეთზე:

  • აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა,
  • ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია [20 თებერვლის 16:00 საათიდან].

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ88-კმ106 [ხულო-კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – აცხადებს დეპარტამენტი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი / ხიჭაური/შუახევი/ 17.02.2023

„გადაარჩინე მიშა“ – აქცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან

დღეს, 20 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან,  საპროტესტო აქციას მართავს.

აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან

აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნაა.

აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან
აქცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან

გარდა ამისა, ორგანიზატორების თქმით, ეს აქცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად იმართება.

„როგორც ვიცით, ფეიგინმა და არესტოვიჩმა დააანონსეს სოლიდარობის აქცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და ბევრ ქვეყანაში გაიმართება“ – ამბობს ლევან ანთაძე,

მთავრობის სახლის შესასვლელი პოლიციას აქვს ჩაკეტილი, ასევე, შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში.

აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან

თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებმაც სახლი უკანონოდ აიშენეს – „გამჭვირვალობის“ კვლევა

უკანონო მშენებლობით ვერც ბათუმში და ვერც სხვა მუნიციპალიტეტში ვერავის გააკვირვებ. არც ისაა გასაკვირი, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომლის კომპეტენციაც უკანონო მშენებლობაზე კანონით დადგენილი რეაგირებაა, უკანონო მშენებლობას აუარ-ჩაუაროს ისე, რომ  ვერაფერი დაინახოს.  მით უმეტეს, თუ თანამდებობის პირი ხარ და გავლენაც გაქვს.

დაიწყებ, ააშენებ, მოაპირკეთებ, დაასრულებ და შესაძლოა სასტუმროს გახსნაც მოასწრო მანამდე, ვიდრე დაინახავს ის, ვისაც შენი კონტროლი ასევე თავის მოვალეობად მიაჩნია და ბიუჯეტით დაფინანსებულ ზედამხედველზე მეტი მონდომებით ცდილობს თავისი მოვალეობის კარგად შესრულებას.

აჭარის მუნიციპალიტეტებში კანონის გვერდის ავლით მშენებლობაზე კვლევა „გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ ქედაში, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სახლი უკანონოდ აიშენა.

მინისტრის მოადგილის ახალაშენებული სახლი სოფელ არსენაულში, ქედის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს მდებარეობს. მიუხედავად ამისა, ქედის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც უკანონო მშენებლობების კონტროლი ევალება, მინისტრის მოადგილის კუთვნილ მიწაზე უკანონო სამშენებლო პროცესი ვერ შენიშნა.

ფოტო: „გამჭვირვალობა – საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მინისტრის მოადგილის სახლის მშენებლობის ნებართვა ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2022 წლის 7 სექტემბერს გამოითხოვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მოგვიანებით, 21 სექტემბერს, ორგანიზაციამ იმავე მერიისგან გამოითხოვა ქედის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რომან დავითაძის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც კანონით განსაზღვრულ ვადაში მიიღო:

„გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქედის მერია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებულ ინფორმაციას საგანგებოდ არ ასაჯაროებდა, რითაც არღვევდა კანონის მოთხოვნებს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს.“

2022 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნაკაშიძემ სახლის სარემონტო სამუშაოებზე 2021 წელს 18,000 ლარი დახარჯა.

ედუარდ ნაკაშიძე პირველი თანამდებობის პირი არ არის, ვინც სახლი უკანონოდ, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების გარეშე აიშენა.

სახლი უკანონოდ აიშენა ასევე ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ ის უსამსახუროდ არ დატოვა და განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს.

უკანონოდ აიშენა სახლი ხელვაჩაურის ახალარჩეულმა მერმა, ზაზა დიასამიძემაც.

ასევე, მშენებარე კორპუსს ორი სართული უკანონოდ დააშენა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გიორგი მანველიძის რძლის კომპანიამ. 

ჯუმბერ ვარდმანიძის სახლი
  • „ხულო ინნ“ – აჭარის მთავრობის აპარატის მაღალჩინოსნის, ლაშა ბოლქვაძის ოჯახის სასტუმრო

„გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, აჭარის მთავრობის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ლაშა ბოლქვაძის მამამ, ტარიელ ბოლქვაძემ, სასტუმრო „ხულო ინნ“-ის მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 7 სექტემბერს მიიღო – ამ დროს მშენებლობა უკვე დასრულებული იყო და მიმდინარეობდა ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.

სასტუმრო ხულოს ცენტრთან ახლოს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზისპირას მდებარეობს. მიწის ნაკვეთს, რომელზეც სასტუმრო აშენდა, ტარიელ ბოლქვაძე 2011 წლიდან ფლობს.

მიწის ნაკვეთის მიმდებარედ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი [5 000 კვ.მ.] ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ ტარიელ ბოლქვაძეს 2020 წელს შენობა-ნაგებობასთან ერთად საკუთრებაში დაურეგისტრირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მანამდე ბოლქვაძე ამ ტერიტორიას თვითნებურად იკავებდა.

Google Earth-ის საარქივო მონაცემებით, ტარიელ ბოლქვაძემ 2015 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უნებართვოდ აწარმოა. მაშინ მისი შვილი, ლაშა ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

ლაშა ბოლქვაძე 2014-2018 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის პირველი მოადგილე იყო, 2018-2019 წლებში იგი აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული შპს Goderdzi Resort-ის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსია.

ფოტო: „გამჭვირვალობა – საქართველო“
  • სატყეო სააგენტოს უფროსის მეუღლის სავარაუდო უნებართვო მშენებლობა

„გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, თამილა დუმბაძემ, რომელიც სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის, თემურ ყურშუბაძის მეუღლეა, 2020 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში საკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სავარაუდოდ, უკანონოდ 2 ახალი შენობა-ნაგებობა ააშენა და არსებულ 2 შენობა-ნაგებობაზე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სავარაუდოდ, უნებართვოდ აწარმოა.

ამ ფაქტებს ადასტურებს საკადასტრო რუკის მონაცემები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, კერძოდ, 2020 წლის 26 აგვისტოს ამონაწერში ჩანს 2 შენობა-ნაგებობა, საერთო ფართობით 219,3 კვ.მ. [#1 – 214,8 კვ.მ და #2 – 4,5 კვ.მ], ხოლო 2020 წლის 3 სექტემბრის ამონაწერში – 4 შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 330,37 კვ.მ. [#1 – 251,25 კვ.მ, #2 – 49,37 კვ.მ, #3 – 9,6 კვ.მ და #4 – 20,15 კვ.მ].

„აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციების მოწოდების მიზნით 2022 წლის 21 სექტემბერს მივმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას. პასუხი დღემდე არ მიგვიღია, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ მასზე მუნიციპალიტეტიდან ნებართვა შესაძლოა გაცემული არ იყოს“ – წერს „გამჭვირვალობა“.

  • ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის მეუღლის სავარაუდო უნებართვო მშენებლობები 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის მეუღლემ, ირმა გოგიტიძემ, 2020 წელს ქობულეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა #224-ის მიმდებარედ, სავარაუდოდ, უკანონოდ აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, საცხოვრებელ სახლს დააშენა სართულები, რითაც მისი საერთო ფართობი 5-ჯერ გაიზარდა.

ამ ფაქტს ადასტურებს საკადასტრო რუკის მონაცემები და დავით მჭედლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები: 2020 წლის 23 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში ამ საცხოვრებელი სახლის საერთო ფართად მითითებულია 600 კვ.მ, ხოლო 2021 წლის 28 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია 3023,3 კვ.მ.

აღნიშნულ სახლში განთავსებულია საოჯახო სასტუმრო.

ფოტო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

„დავით მჭედლიშვილის და მისი ოჯახის წევრების უკანონო მშენებლობებზე 2021 წელს გაზეთი „ბათუმელები“ წერდა. დავინტერესდით, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა თუ დააჯარიმა ისინი უკანონო მშენებლობის გამო ან/და მხილების შემდეგ მჭედლიშვილის მეუღლემ თუ მიმართა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ნებართვის ასაღებად.

საჯარო ინფორმაცია მერიისგან 2022 წლის 16 სექტემბერს გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო უკვე მივმართეთ სასამართლოს.“ – წერს „გამჭვირვალობა“ კვლევაში.

მჭედლიშვილის სასტუმრო

დღეს განვაცხადებ საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე – ბაიდენი

დღეს, 20 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. ბაიდენის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში უკავშირდება 24 თებერვალს, ერთი წლის თავს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.

ბაიდენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ უკრაინას აშშ ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ემზადება რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის წლისთავისთვის, მე კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩვენი ურყევი და დაუღალავი მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თითქმის ერთი წლის წინ, როდესაც პუტინმა თავდასხმა დაიწყო, იგი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, ხოლო დასავლეთი – დაყოფილი. მას ეგონა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის მწარედ ცდებოდა.

დღეს მე კიევში ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის.

დღეს განვაცხადებ უკრაინელების საჰაერო დაბომბვისგან დასაცავად საჭირო, კრიტიკული აღჭურვილობის მორიგი მიწოდების შესახებ, მათ შორის, საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით.

და ასევე გაცნობებთ, რომ ამ კვირის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დამატებით პაკეტს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ ან დაეხმარონ რუსეთს ომის მომარაგებაში.

გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

მე ასევე მოუთმენლად ველი პოლონეთში გამგზავრებას, რათა შევხვდე პრეზიდენტ დუდას და ჩვენი აღმოსავლეთის ფლანგის მოკავშირეების ლიდერებს და ასევე მოვახსენო იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებს შეერთებული შტატები მსოფლიოს გაერთიანებას უკრაინის ხალხისა და გაეროს კონვენციაში აღნიშნული ძირითადი ღირებულებების – ადამიანის უფლებებისა და ღირსების მხარდასაჭერად, რომლებიც მსოფლიოში ყველას გვაერთიანებს“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

რუსულმა „ელიტურმა“ ბრიგადებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 თებერვლის ანგარიში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევითი ოპერაციების მიმართულებებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთი აგრძელებს ვუჰლედარის, კრემენნაიასა და ბახმუტის მიმართულებით შეტევას.

უწყება აღნიშნავს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, დანაკარგები კვლავაც მაღალია, განსაკუთრებით კი ბახმუტსა და ვუჰლედარში. უფრო კონკრეტულად კი, რუსულმა „ელიტურმა“ 155-ე და მე-40 საზღვაო ქვეითთა ბრიგადებმა ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადეს ვუჰლედარში და ახლა, სავარაუდოდ, ბრძოლისუუნაროები არიან.

როგორც ბრიტანელი ექსპერტები აფასებენ, რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშაა, რაც უკრაინაში შეჭრის წლისთავის მოახლოებასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, უწყება ვარაუდობს, რომ შესაძლოა რუსეთმა ბახმუტის აღება გამოაცხადოს წლისთავთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, თუ რა რეალობა იქნება ბრძოლის ველზე.

„თუ რუსეთის საგაზაფხულო შეტევას შედეგი არ ექნება, რუს მეთაურებს შორის დაძაბულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზარდება” – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 თებერვლის ანგარიშში.

უწყება 19 თებერვალს უკრაინის საჰაერო სივრცეში „საჰაერო ბუშტების“ აღმოჩენის შესახებ წერდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მსგავსი საფრენი ობიექტები რუსეთს ეკუთვნის და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. მათ შორის ერთ-ერთი „ბუშტი“ 15 თებერვალს კიევის ცაზეც შენიშნეს და ჩამოაგდეს.

ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ 14 თებერვალს „ბუშტის ფორმის“ მფრინავი ობიექტი მოლდოვის ცაზე აღმოჩნდა, რასაც მოლდოვის ცის დროებით დაკეტვა მოჰყვა. უწყება ვარაუდობს, რომ ეს უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული და გზას აცდენილი სადაზვერვო მფრინავი ობიექტი იყო.

დაზვერვის ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული საჰაერი ბუშტები, სავარაუდოდ, წარმოადგენს რუსეთის ახალ ტაქტიკას, მოიპოვოს ინფორმაცია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ და აიძულონ უკრაინა დახარჯოს რაკეტებისა და საბრძოლო მასალის ძვირფასი მარაგი.

აშშ-ის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

დღეს, 20 თებერვალს, უკრაინის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდა.

ვიზიტის პირველ კადრებს უკრაინული მედია ავრცელებს.

დღეს დილიდან უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევში დასავლეთიდან მნიშვნელოვანი პირების ვიზიტს ელოდნენ. გადაიკეტა უკრაინის დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი მელნიკმა ტელეეთერში დღეს მიანიშნა უკრაინის ერთ-ერთი „მთავარი“ დასავლელი პარტნიორის კიევის მოსალოდნელ ვიზიტზე.

უკრაინული მედიის ცნობით, 2008 წლის შემდეგ ეს აშშ-ს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია კიევში.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთში უნდა ჩასულიყო.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 11 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი უკავშირდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავს.

თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა

20 თებერვლის მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას 41,020 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან სტიქიის ზონაში მაშველები დღესაც მუშაობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ადგილზე სულ 19 436 ადგილობრივი და საერთაშორისო მაშველი მუშაობს.

სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 460 900-ზე მეტი ადამიანი.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომელთა ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარაშის პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთის ათ პროვინციაში 84 726 შენობა დაინგრა ან დაზიანდა.

_______________

ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

„ვფიქრობდი, რომ ბოლოჯერ ვხედავდი“ – დუდა რუსეთის თავდასხმის წინ ზელენსკისთან შეხვედრაზე

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, უკრაინელ ჟურნალისტებთან ახლახან რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ზელენსკისთან დაკავშირებულ თავისი შიშებზე ისაუბრა. დუდას თქმით, მას ეშინოდა, რომ 2022 წლის 23 თებერვალს ზელენსკისთან შეხვედრა ბოლო იქნებოდა.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავინ იცოდა რა მოხდებოდა და სადამდე წავიდოდა მოსკოვი.

ანჯეი დუდამ ახლახან ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ჩავიდა უკრაინაში 2022 წლის 23 თებერვალს. მან აღნიშნა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად სურდა უკრაინისადმი ღია მხარდაჭერა გამოეხატა.

„23 თებერვალს მე კიევში წავედი პრეზიდენტ გიტანოს ნაუსედასთან ერთად, რათა გვეჩვენებინა, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, – თქვა დუდამ ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, მაშინ ის შიშობდა, რომ ზელენსკის ბოლოჯერ ხედავდა.

„ვაღიარებ, ვფიქრობდი, რომ შეიძლება მას ბოლოჯერ ვხედავდი. შიშმა ამიტანა, როცა ჩვენ მას ვემშვიდობებოდით. სწორედ მაშინ მან თავად თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ჩვენი ბოლო შეხვედრა. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, როდესაც ჩვენ აპრილში ისევ შევხვდით ერთმანეთს.

მაშინ ჩვენ გვეშინოდა, რადგან მან თქვა, რომ არ წავა კიევიდან, არ დატოვებს უკრაინას და ბოლომდე აქ იქნება. არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. არავინ იცოდა, რა მასშტაბის იქნებოდა რუსული აგრესია, ამიტომ ჩვენი შიშები მართლაც დიდი იყო. თუმცა იმ მომენტში ჩვენ მასთან ერთად გვინდოდა ყოფნა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინა დღეს, 2022 წლის 23 თებერვალს, პოლონეთის და ლიეტუვას პრეზიდენტები – ანჯეი დუდა და გიტანოს ნაუსედა კიევში ჩავიდნენ და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ხელი მოაწერეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას, ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გასცემდნენ პასუხს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ფსევდორესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარებას.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 20 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 143 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 820]
  • ტანკი – 3 316 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 6 553 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 334 ერთეული [+7]
  • MLRS – 471 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 243 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 299 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 018 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 209 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 225 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 20 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 386 თვითმფრინავი
  • 210 ვერტმფრენი
  • 3 193 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 945 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 031 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 157 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 465 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

დღეს, 20 თებერვალს, უკრაინის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავიდა.

 

[yellow_box]რუსულმა „ელიტურმა“ ბრიგადებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

როგორც ახლა ომობენ რუსები, ისინი ბახმუტს ვერ გასცდებიან – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

3 330 მოსწავლე ოჯახთან ერთად უცხოეთში წავიდა – ორი წლის მონაცემი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2021-2022 წლებში საქართველოში 3 330-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა.

კვლევის მიხედვით, ამავე წლებში სწავლის შეწყვეტის საერთო შემთხვევების 34.9 პროცენტი დაფიქსირდა დაწყებით საფეხურზე, მაშინ, როდესაც 2013 წელს ამავე საფეხურზე სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 12,5 პროცენტი იყო.

კვლევაში მოცემულია სწავლის შეწყვეტის ათწლიანი დინამიკა.

 

სწავლის შეწყვეტის დინამიკა წლების მიხედვით.
ინფოგრაფიკა კვლევიდან

„2013-2022 წლების დინამიკაში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი გაზრდილია დაწყებით საფეხურზე არა მხოლოდ საფეხურებრივ ჭრილში, არამედ რაოდენობრივი თვალსაზრისითაც.

სწავლის შეწყვეტის გაზრდილი მონაცემების მთავარი მიზეზი 2021-2022 აკადემიურ წელს საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრებაა (2020-2021 აკადემიური წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).

2020 წლიდან საშუალო საფეხურის ინტეგრირებული პროგრამების ამუშავების მიუხედავად, 2021 და 2022 წლებში მკვეთრი ზრდა სკოლიდან პროფესიულ სასწავლებლებში გადასვლის თვალსაზრისით არ ფიქსირდება.

საშუალო სკოლის დასრულების, შესაბამისად, სწავლის შეწყვეტისა და სკოლის ვერ დასრულების მაჩვენებელი განპირობებულია მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით, მისი ტერიტორიული და გეოგრაფიული განსახლებით, ეთნიკური წარმომავლობით“, – წერია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ოჯახებიდან სკოლას ასრულებს 43%, საქალაქო დასახლებიდან – 74%, სასოფლო დასახლებიდან 50%, ქართულენოვანი სკოლებიდან 69%, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიდან 33 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, 2015-2022 წლებში სკოლა ვერ დაასრულა 61 785-მა მოსწავლემ, 2021-2022 წლებში კი სკოლა მიატოვა 8 846-მა მოსწავლემ სხვადასხვა მიზეზით.

მოსწავლეთა 1.2-მა პროცენტმა სწავლა მიატოვა მუშაობის დაწყების გამო.

გასულ წელს სკოლის მიტოვების მაჩვენებელი გაზრდილია მშობლების მიერ დაწერილი განცხადების მიზეზითაც, წინა აკადემიურ წელთან შედარებით.

სკოლის დასრულების მაჩვენებელი მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის, ტერიტორიული და გეოგრაფიული განსახლების ტიპის და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. /ინფოგრაფიკა კვლევიდან.
Exit mobile version